ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „მიქელაძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „მიქელაძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“
დოკუმენტის ნომერი 54217/16
დოკუმენტის მიმღები ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
მიღების თარიღი 16/02/2022
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/04/2022
სარეგისტრაციო კოდი
54217/16
16/02/2022
ვებგვერდი, 21/04/2022
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „მიქელაძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
 

 

საქმე „მიქელაძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“

(საჩივარი №54217/16)

 

 

 

 

 მეხუთე სექციის

გადაწყვეტილება


 

მე-3 მუხლი (პროცედურული) • მე-14 მუხლი • დისკრიმინაცია რელიგიის საფუძველზე • ოთხი მომჩივნის საჩივრის – რომლებიც მიეკუთვნებიან მუსლიმურ უმცირესობებს – არაეფექტური გამოძიება პოლიციის მიერ ძალის გადამეტებასა და დისკრიმინაციული ენის გამოყენებასთან დაკავშირებით მათი დაპატიმრებისა და თავდაპირველი დაკავების დროს

მე-3 მუხლი (არსებითი) • მე-14 მუხლი • არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობა • პირველი მომჩივნის მიღებული დაზიანებების დამაკმაყოფილებელი ახსნა-განმარტების არარსებობა • მის მიმართ ძალის გამოყენება არ იქნა მიჩნეული კანონიერად და მკაცრად აუცილებლად • არ არსებობს მტკიცებულება დანარჩენი მომჩივნების მიმართ ცუდად მოპყრობის შესახებ • „გონივრულ ეჭვს მიღმა“ დისკრიმინაციულ მოპყრობასთან დაკავშირებით მტკიცებულებების არარსებობა

 

 

სტრასბურგი

2021 წლის 16 ნოემბერი

საბოლოო გახდა

16/02/2022

 

ეს გადაწყვეტილება საბოლოო გახდა კონვენციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად. ის შეიძლება დაექვემდებაროს რედაქციულ შესწორებას.

 

საქმეზე „მიქელაძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (მეხუთე სექცია) პალატამ, შემდეგი შემადგენლობით:

          სიოფრა ო’ლირი, თავმჯდომარე,
განნა იუდკივსკა,
სტეფანი მოურუ-ვიკსტრომი,
ლეტიფ ჰუსეინოვი,
ლადო ჭანტურია,
ივანა ჯელიჩი,
არნფინ ბარდსენი, მოსამართლეები,
და ვიქტორ სოლოვეიჩიკი, სექციის განმწესრიგებელი,

გაითვალისწინა რა:

საქართველოს ოთხი მოქალაქის, ბ-ნ თეიმურაზ მიქელაძის (შემდგომში „პირველი მომჩივანი“), ბ-ნ ოთარ მიქელაძის (შემდგომში „მეორე მომჩივანი“), ბ-ნ მალხაზ ბერიძისა (შემდგომში „მესამე მომჩივანი“) და ბ-ნ გოჩა ბერიძის მიერ (შემდგომში „მეოთხე მომჩივანი“) ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის (შემდგომში „კონვენცია“) 34-ე მუხლის შესაბამისად საქართველოს წინააღმდეგ 2016 წლის 10 სექტემბერს სასამართლოში შეტანილი საჩივარი (N 54217/16);

საჩივრის შესახებ საქართველოს მთავრობისათვის (შემდგომში „საქართველოს მთავრობა“) უწყების გადაწყვეტილება;

გადაწყვეტილება საჩივრისთვის პრიორიტეტის მინიჭების შესახებ (სასამართლო რეგლამენტის 41-ე წესი);

მხარეთა დაკვირვებები;

2021 წლის 12 ოქტომბრის დახურული თათბირის შემდეგ

გამოიტანა შემდეგი გადაწყვეტილება, რომელიც იმავე დღეს იქნა მიღებული:

შესავალი

1 . წინამდებარე საქმე ძირითადად ეხება მომჩივნების საჩივარს, რომ პოლიციამ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მათ დაპატიმრებისა და დაკავების დროს, იყენებდა რა დისკრიმინაციულ შეურაცხყოფას და რომ მათი საჩივრის სისხლის სამართლის გამოძიება იყო არაეფექტური, კონვენციის მე-3 და მე-14 მუხლების დარღვევით.

ფაქტობრივი გარემოებები

2 . მომჩივნები არიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც მიეკუთვნებიან მუსლიმურ უმცირესობას. მათი მონაცემები წარმოდგენილია დანართში. მომჩივნებს წარმოადგენდნენ ქ-ნი თ. მიქელაძე და ქ-ნი მ. ბეგაძე, ადვოკატები, რომლებიც საქმიანობას ახორციელებენ თბილისში და ბ-ნი პ. ლიჩი, ქ-ნი ჯ. გავრონი და ქ-ნი ჯ. სოიერი, ადვოკატები, რომლებიც საქმიანობენ ლონდონში.

3 . მთავრობას წარმოადგენდა სახელმწიფო წარმომადგენელი იუსტიციის სამინისტროდან, ბ-ნი ბ. ძამაშვილი.

4 . მხარეთა მიერ წარმოდგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები შეიძლება შეჯამდეს შემდეგნაირად.

I.          მომჩივნების დაპატიმრება და დაკავება 2014 წლის 22 ოქტომბერს

A.           2014 წლის 22 ოქტომბერს სოფელ მოხეში განვითარებული მოვლენები და მომჩივნების დაპატიმრება

5 . 2014 წლის ზაფხულში ადიგენის მუნიციპალიტეტის მუსლიმ თემსა და ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოებს შორის გაიმართა რამდენიმე მოლაპარაკება სოფელ მოხეში ძველი შენობის (შემდგომში „სადავო შენობა“) სტატუსის შესახებ, რომლის შესახებაც ზემოხსენებულთაგან პირველი ამტკიცებდა, რომ ეს უძველესი მეჩეთი იყო. საბოლოოდ, მუნიციპალურმა ხელისუფლების ორგანოებმა შენობის რეკონსტრუქცია და საჯარო ბიბლიოთეკად გადაკეთება გადაწყვიტა.

6 . 2014 წლის 22 ოქტომბერს მუნიციპალიტეტის მიერ შენობის რეკონსტრუქციის განსახორციელებლად არჩეული კომპანიის წარმომადგენელმა პოლიციას წერილობით შეატყობინა, რომ კომპანიამ სცადა სამუშაოების დაწყება 2014 წლის 18 ოქტომბერს, მაგრამ ვერ შეძლო ადგილობრივი მუსლიმი თემის მტრული დამოკიდებულების გამო. შედეგად პოლიციისგან მოითხოვა სამუშაოს მშვიდობიანი განხორციელების უზრუნველყოფა, რომლის დაწყება დაგეგმილი იყო იმავე დღეს.

7 . საქმის მასალების თანახმად, 2014 წლის 22 ოქტომბერს, დაახლოებით დილის 10 საათისთვის, სარეკონსტრუქციო სამუშაოების დაწყებისას სადავო შენობის გარშემო სამოციდან ასამდე პოლიციელი და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის რამდენიმე წარმომადგენელი შეიკრიბა. ადგილობრივი მუსლიმი თემის წევრები, ორმოცდაათიდან ასამდე ადგილობრივი მცხოვრები ასევე შეიკრიბა სამუშაოების მიმდინარეობის ადგილზე, სადავო შენობის ბიბლიოთეკად გარდაქმნის გასაპროტესტებლად. პოლიციამ მოახდინა კორდონის ფორმირება, რომელმაც განაცალკევა მოპროტესტეები ადგილობრივი თანამდებობის პირებისა და სადავო შენობისგან. რამდენიმე ადგილობრივი მართლმადიდებელი მცხოვრები ასევე შეიკრიბა ახლომახლო, მაგრამ პროტესტში პირადად მონაწილეობის გარეშე (იხ. პარაგრაფი 19 ქვემოთ). პირველი მომჩივანი, მუნიციპალიტეტის მიერ ადგილობრივი თემის წარმომადგენლად დანიშნული სოფლის რწმუნებული, მივიდა სადავო შენობასთან, თავის მამასთან, მეორე მომჩივანთან, ერთად. მესამე მომჩივანი შეკრებას შეუერთდა მეზობელი სოფლიდან. მეოთხე მომჩივანი მუშაობდა მახლობლად მდებარე სკოლაში და როგორც ჩანს, ჩაერთო მოვლენებში, რომლებიც განვითარდა მისი სკოლის შენობიდან გამოსვლის შემდეგ. ეს მოვლენები, რომლებსაც მოჰყვა მომჩივნების დაპატიმრება, რჩება სადავოდ მხარეთა შორის და წარმოადგენდა სამი სხვადასხვა გამოძიების საგანს (იხ. პარაგრაფები 17-37 ქვემოთ). აღნიშნულ მოვლენებს ფართოდ აშუქებდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებები. ამ მოვლენებმა ასევე მიიპყრო საქართველოს სახალხო დამცველისა და „ჰუმან რაითს ვოჩის“ ყურადღება (იხ. პარაგრაფები 42-43 ქვემოთ).

8 . მოვლენათა განვითარების მომჩივნების ვერსიის თანახმად, პოლიციამ გამოიყენა გადამეტებული ძალა დაპატიმრების დროს და მომჩივნებსა და სხვა მოპროტესტეებს შეურაცხმყოფლად უყვიროდა, ეძახდა მათ (მათ შორის) „თათარებს“ – ტერმინს, რომელიც მომჩივნების მტკიცებით იყო წარმოთქმული, როგორც შეურაცხმყოფელი გამოთქმა, რომელიც, მათი მტკიცებით, მიუთითებდა იმაზე, რომ მათი მუსლიმური რწმენა შეუთავსებელი იყო მათ ქართველობასთან. როგორც ამტკიცებენ, სავარაუდო ძალადობა პოლიციის განყოფილებაშიც გაგრძელდა.

9 . მოვლენების განვითარების მთავრობისეული ვერსიის თანახმად, მომჩივნები და სხვა პირები ფიზიკური ძალადობითა და სიტყვიერი შეურაცხყოფით ცდილობდნენ პოლიციის კორდონის გარღვევას, სადავო შენობის დაკავების მიზნით. მომჩივნები დააპატიმრეს პოლიციის კანონიერი ბრძანებისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის; პოლიციას არ გამოუყენებია არც გადამეტებული ძალა და არც დამამცირებელი გამონათქვამები.

10 . 2014 წლის 22 ოქტომბრის მოვლენების შემდეგ ჯამში თოთხმეტი პირი დააპატიმრეს. პირველი სამი მომჩივანი დააპატიმრეს პოლიციის კანონიერი ბრძანებებისადმი წინააღმდეგობის გაწევისთვის, სისხლის სამართლის დანაშაულის ბრალდებით (იხ. პარაგრაფი 38 ქვემოთ). დანარჩენი თერთმეტი პირი, მათ შორის, მეოთხე მომჩივანი, დააპატიმრეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ბრალდებით, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი ბრძანებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით (იხ. პარაგრაფი 17 ქვემოთ).

11 . 2014 წლის 23 ოქტომბერს პირველი სამი მომჩივანი გაათავისუფლეს პროკურორის ბრძანების საფუძველზე, იმ საფუძვლით, რომ მათი დაკავება აუცილებელი არ იყო მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმისწარმოებისთვის. იმ დღეს მეოთხე მომჩივანიც გაათავისუფლეს სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელიც მის წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისწარმოების ნაწილი იყო (იხ. პარაგრაფი 17 ქვემოთ).

B.     მომჩივნების ჯანმრთელობის მდგომარეობა

12 . 2014 წლის 22 ოქტომბრით დათარიღებული დაპატიმრებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, რომელიც გაიცა პირველი მომჩივნის მიმართ და ხელმოწერილი იყო მის მიერ, ის დააკავეს 14:47 საათზე, აღნიშნულ დღეს და მიიყვანეს ადიგენის პოლიციის განყოფილებაში. ოქმში, რომელიც შეადგინა პოლიციელმა ბ.ა.-მ, აღნიშნულია, რომ პირველ მომჩივანს აღენიშნებოდა სიწითლე მარცხენა თვალის ირგვლივ, ექსკორაცია ერთ მაჯაზე და კოპი თავზე, რომ მან განმარტა, რომ ეს დაზიანებები მიღებული იყო მისი დაპატიმრებისას და რომ მან უარი თქვა რაიმე სახის სამედიცინო დახმარებაზე.

13 . იმავე საღამოს, 21:20 საათზე პირველი მომჩივანი უჩიოდა თავის ტკივილს, დეზორიენტაციასა და ტკივილს ზედა კიდურებში. პარამედიკოსმა მას ტკივილგამაყუჩებლები მისცა. სამოქალაქო სამედიცინო კლინიკის მიერ გაცემული სამედიცინო ჩანაწერის თანახმად, სადაც პირველი მომჩივანი მიიყვანეს მალევე, პარამედიკოსის ვიზიტის შემდეგ, პირველი მომჩივანი გასინჯა ქირურგმა, რომელმაც გაითვალისწინა მისი ჩივილი კისრის არეში ტკივილის შესახებ და შეამჩნია ჰემატომის არსებობა მარცხენა თვალის ირგვლივ. ექიმმა აღნიშნა, რომ პაციენტმა „ვერ განმარტა, თუ რამ გამოიწვია დაზიანებები“. ამავე კლინიკის ნევროპათოლოგმა აღნიშნა პირველი მომჩივნის დაზიანებები და ჩივილები ტკივილთან დაკავშირებით და დასძინა, რომ პირველმა მომჩივანმა განმარტა, რომ მან დაზიანებები მიიღო „დაცემის შედეგად“.

14 . 23:30 საათზე პირველი მომჩივანი მოათავსეს დროებითი მოთავსების იზოლატორში და გასინჯა ექიმმა. დაპატიმრებისა და პირადი ჩხრეკის ოქმში დაფიქსირებული დაზიანებები ჩაწერილი იქნა შესაბამის რეესტრში, შენიშვნის თანხლებით, რომ პირველ მომჩივანს არ გამოუთქვამს რაიმე პრეტენზია, ამტკიცებდა რა, რომ მისი დაზიანებები დაკავების დროს პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის შედეგი იყო.

15 . მეორე მომჩივნის მიერ ხელმოწერილ დაპატიმრებისა და ჩხრეკის ოქმში მითითებული დაპატიმრების დრო და გარემოებები ემთხვევა პირველი მომჩივნის დაპატიმრების დროსა და გარემოებებს (იხ. პარაგრაფი 12 ზემოთ). ოქმში ფიზიკური დაზიანებები არ იყო დაფიქსირებული, მაგრამ მასში აღნიშნული იყო, რომ მეორე მომჩივანმა, მისივე მოთხოვნით, მიიღო პარამედიკოსის დახმარება. მეორე დილით ის აშკარად უჩიოდა სუნთქვის გაძნელებას, ემოციურ არასტაბილურობასა და შფოთვას. დროებითი მოთავსების იზოლატორის მორიგე ექიმმა მას მედიკამენტები მისცა.

16 . მესამე და მეოთხე მომჩივნების დაპატიმრებისა და შემდგომი დაკავების შესახებ მათ მიერ სათანადოდ ხელმოწერილ დოკუმენტებში არ იყო აღნიშნული დაზიანების რაიმე ნიშნები (გარდა მესამე მომჩივნის მარცხენა ცერა თითზე სამი დღის წინანდელი ექსკორაციისა) ან სხვა დისტრესი. ეს დოკუმენტები მიუთითებდა, რომ მესამე და მეოთხე მომჩივანს არ გამოუთქვამს რაიმე პრეტენზია.

II.       2014 წლის 22 ოქტომბრის მოვლენების გამოძიება

A.           ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისწარმოება მეოთხე მომჩივანთან დაკავშირებით

17 . 2014 წლის 23 ოქტომბერს პირველი ინსტანციის სასამართლომ მეოთხე მომჩივანი და ათი სხვა დაპატიმრებული პირი (ტ.ი., რ.ი., ნ.ი., ტ.გ., ა.ი., ზ.ვ., ბ.გ., მ.ვ., ჯ.მ. და მ.ი.) დამნაშავედ ცნო წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის მიერ გაცემული კანონიერი ბრძანებისთვის წინააღმდეგობის გაწევაში (იხ. პარაგრაფი 40 ქვემოთ), ამ ბრალდებებთან დაკავშირებით შესაბამისი პირების ინდივიდუალური პასუხისმგებლობის საკითხის დეტალურად განხილვის გარეშე. თითოეული მათგანი დაჯარიმდა 250 ლარით (დაახლოებით 112 ევრო იმ დროისთვის) და სასამართლომ ბრძანა მათი პატიმრობიდან გათავისუფლება. მეოთხე მომჩივნის მომდევნო სააპელაციო საჩივარი, რომელშიც ის, მათ შორის, აცხადებდა, რომ სასამართლომ არასათანადოდ უგულებელყო თვითმხილველთა განცხადებები პოლიციის მიერ მათი დაპატიმრების დროს გამოყენებული შეურაცხმყოფელი და დისკრიმინაციული ენისა და გადამეტებული ძალის შესახებ, თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა, როგორც დაუსაბუთებელი. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოო იყო.

B.           სისხლის სამართლის გამოძიება პირველი, მეორე და მესამე მომჩივნის მიმართ

18 . 2014 წლის 22 ოქტომბერს სისხლის სამართლის გამოძიება N 012221014001 დაიწყო პირველი სამი მომჩივნის მიმართ, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ძალისხმევისთვის ხელის შეშლის მიზნით, მათ მიერ პოლიციელებისთვის სავარაუდო წინააღმდეგობის გაწევასთან დაკავშირებით.

19 . 2014 წლის 22 და 23 ოქტომბერს ადიგენის პოლიციის გამომძიებლებმა, მათ შორის, მომჩივნების დაპატიმრებასა და დაკავებაში მონაწილე პირებმა, დაკითხეს შვიდი თვითმხილველი, როგორც ჩანს, სოფლის მართლმადიდებელი ქრისტიანული თემის წარმომადგენლები (იხ. პარაგრაფი 7 ზემოთ). ამ მოწმეების თანახმად, 2014 წლის 22 ოქტომბერს სადავო შენობასთან შეკრებილი სოფლის მუსლიმი მოსახლეობა ფიზიკურად და სიტყვიერად გააგრესიულდა პოლიციელებისგან სიმშვიდისკენ მოწოდების საპირისპიროდ და ცდილობდა პოლიციელების მიერ შექმნილი კორდონის გარღვევას, რათა ხელი შეეშალა აღნიშნულ შენობაში სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელებისთვის. მეორე მომჩივანი დააპატიმრეს პოლიციისათვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების შემდეგ. ასევე, პირველი მომჩივანი იმიტომაც დააპატიმრეს, რომ მან ჩაამტვრია პოლიციის იმ მანქანის საქარე მინა, რომელსაც მეორე მომჩივანი პოლიციის განყოფილებაში მიჰყავდა. შემდეგ გააგრესიულდა მესამე მომჩივანი და მან სცადა, ხელი შეეშალა პირველი ორი მომჩივნის დაპატიმრებისთვის. შედეგად, ისიც დააპატიმრეს. არ დაზიანებულან არც პოლიციელები და არც მოპროტესტეები.

20 . 2014 წლის 23 ოქტომბერს გ.პ.-მ, ადიგენის პოლიციის განყოფილების გამომძიებელმა (რომელიც მოგვიანებით პირველმა მომჩივანმა ამოიცნო როგორც ერთ-ერთი იმ ორი პოლიციელიდან, რომელიც სავარაუდოდ მონაწილეობდა მის მიმართ ცუდ მოპყრობაში – იხ. პარაგრაფი 24 ქვემოთ) ექსპერტის დახმარებით შეამოწმა ტერიტორია, სადაც მომჩივნები დააპატიმრეს და პოლიციის მანქანა, რომელსაც პოლიციელი ბ.ა. მართავდა. (პირველი მომჩივნის მიერ იდენტიფიცირებულ მეორე პოლიციელთან დაკავშირებით იხილეთ პარაგრაფი 24 ქვემოთ). შესაბამისი ოქმების თანახმად, პოლიციის ავტომობილს ჩამტვრეული ჰქონდა წინა ბამპერი, დაზიანებული ჰქონდა წინა საქარე მინა და ერთი გვერდითი ფანჯარა, ჩამტვრეული ჰქონდა უკანა მარჯვენა კარის ფანჯარა, შეზნექილი ჰქონდა უკანა მარჯვენა კარი და მოტეხილი ჰქონდა მარჯვე ნა სარკე. ასევე ამოღებული იქნა ქვა (რომელზეც შერჩენილი იყო შუშის ნამსხვრევები), ფრთის გატეხილი სარკე და მანქანის ფანჯრის ნამსხვრევები. ექსპერტიზის შეფასებით, მიყენებული ზარალის ოდენობა 1100 ლარით (დაახლოებით 594 ევრო იმ დროისთვის) განისაზღვრა.

21 . 2014 წლის 24-25 და 30-31 ოქტომბერსა და 1 ნოემბერს ადიგენის პოლიციის გამომძიებლებმა, მათ შორის, გ.პ.-მ, დაკითხეს 2014 წლის 22 ოქტომბრის მოვლენებში მონაწილე თექვსმეტი პოლიციელი. ბ.ა. დაკითხა გ.პ.-მ. პოლიციელების სიტყვების თანახმად, სოფლის მუსლიმი მოსახლეობა ცდილობდა, განსაკუთრებულად აგრესიული ქცევისა და ლანძღვის გამოყენებით, ძალის გამოყენებით შესულიყო სადავო შენობაში. მეორე მომჩივანმა მოუწოდა შეკრებილ ხალხს, ძალადობრივად გაერღვიათ პოლიციის კორდონი და დაეკავებინათ შენობა, ის ხელებს ურტყამდა კორდონში მდგომ პოლიციელებს მათი გარღვევის მცდელობისას და ლანძღავდა მათ ამავდროულად. გადაწყდა მისი დაპატიმრება. ის ჩასვეს მანქანაში, რომელსაც ბ.ა. მართავდა. ამ დაპატიმრების დანახვისას პირველმა მომჩივანმა ესროლა ქვა პოლიციის მანქანას და შემდეგ ჩაარტყა საქარე მინას ქვა და დააზიანა მანქანა. შედეგად ის დააპატიმრეს. პირველი ორი მომჩივანი, რომელთაც შეუერთდა მესამე მომჩივანი, აგრესიულად შეეწინააღმდეგა დაპატიმრებას. პოლიციელებმა აღნიშნეს, რომ მათ არ გამოუყენებიათ გადამეტებული ძალა ან შეურაცხმყოფელი გამოთქმები და გაიმეორეს, რომ ყველა მათგანს ეცვა ფორმის ტანსაცმელი. პოლიციელები აცხადებდნენ, რომ არ მიუღიათ რაიმე სახის დაზიანებები და ამიტომ არ სჭირდებოდათ სამედიცინო შემოწმების გავლა.

22 . 2014 წლის 5 ნოემბერს პირველმა სამმა მომჩივანმა და შვიდმა სხვა პირმა (ტ.ი., ბ.გ., ნ.ი., ტ.გ., ჯ.მ., მ.ი. და ზ.მ.) იჩივლა მთავარ პროკურატურაში პოლიციის მხრიდან დამამცირებელი ენის გამოყენების (მიუთითებდნენ ადგილზე შეკრებილი მუსლიმი მოსახლეობის მიმართ სავარაუდოდ დამამცირებელი ტერმინის – „თათარი“ – გამოყენებაზე და მათი მისამართით გინებაზე; ამისთვის იხილეთ პარაგრაფი 8 ზემოთ) და ასევე გადამეტებული ძალის გამოყენების გამო, როგორც მათი დაპატიმრების დროს, ასევე პოლიციის განყოფილებაში, 2014 წლის 22 ოქტომბერს. საჩივრის თანახმად, მეორე მომჩივანი დააპატიმრეს საპატიო მიზეზის გარეშე, ხოლო ჟურნალისტებთან პოლიციის მანქანიდან დაკავშირების მცდელობისას ის შეაკავეს ფიზიკურად, როდესაც მაჯა გადაუგრიხეს და ძალდატანებით წაართვეს ტელეფონი. რაც შეეხება პირველ მომჩივანს, ის მიუახლოვდა მანქანას, რათა ხელი შეეშალა მისთვის, რომ გაევლო შეკრებილ მოსახლეობაში, რომელიც მას გზას უღობავდა. იმის გათვალისწინებით, რომ ერთი მამაკაცი მიწაზე დაეცა, ხოლო მანქანას გაჩერების ნიშნები არ ეტყობოდა, პირველმა მომჩივანმა ფეხი დაარტყა მანქანას. ამის მერე პირველ მომჩივანს სასტიკად სცემეს და დააპატიმრეს ის. მას ასევე მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა პოლიციის განყოფილებაში. მესამე მომჩივანი ჩიოდა, რომ ის ცდილობდა დაცემული პირის დახმარებას, როდესაც დაახლოებით შვიდი პოლიციელი მიუახლოვდა მას და დაიწყეს მისი ცემა. აღნიშნული გრძელდებოდა დაახლოებით ათი წუთის განმავლობაში და გაგრძელდა მისი დაპატიმრების შემდეგაც პოლიციის მანქანაში. ამტკიცებდნენ, რომ პოლიცია მუქარის გამოყენებით ცდილობდა დაკავებული პირების დარწმუნებას, რომ მათ ხელი მოეწერათ შესაბამისი დაპატიმრებისა და დაკავების ოქმებისთვის და იყენებდნენ დამამცირებელ და შეურაცხმყოფელ ენას დაკავებულების რელიგიის მიმართ. მოთხოვნილი იყო, რომ აღნიშნულ საჩივრებზე სისხლის სამართლის გამოძიება დაეწყო და განეხორციელებინა პროკურატურას და არა მოვლენებში მონაწილე პოლიციას. საჩივრებს თან ახლდა აღნიშნული პირების მიერ ხელმოწერილი განცხადებები, რომლებიც ჩაწერილი ჰქონდა მათ წარმომადგენელ ორგანიზაციას.

23 . 2014 წლის 17-19 ნოემბერს ადიგენის პოლიციის განყოფილების გამომძიებელმა დაკითხა ზემოაღნიშნული პირები, გარდა სამი მომჩივნისა. შვიდი პირი გააფრთხილეს, რომ შეიძლებოდა დაჰკისრებოდათ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, თუ ისინი ჩვენების მიცემაზე განაცხადებდნენ უარს, ან მისცემდნენ არაჭეშმარიტ ან წინააღმდეგობრივ ჩვენებებს (იხ. პარაგრაფი 39 ქვემოთ). ნაბეჭდი სახით წარმოდგენილი და შესაბამისი პირების მიერ სათანადოდ ხელმოწერილი მოწმის ჩვენებების თანახმად, მათ არ ისურვეს, რომ ადვოკატი დასწრებოდა პროცედურას. ამგვარად დაკითხულმა ყველა მოწმემ აღნიშნა, რომ მათ პირადად არ განუცდიათ ან არ შესწრებიან რაიმე ფიზიკურ ან სიტყვიერ შეურაცხყოფას პოლიციის მხრიდან 2014 წლის 22 ოქტომბერს დაპატიმრების დროს, ან პოლიციის განყოფილებაში და რომ მოვლენების ადგილზე შეკრებილი მოსახლეობა ცდილობდა პოლიციის კორდონის გარღვევას. მოწმეებმა განაცხადეს, რომ ისინი „არ დაემორჩილნენ პოლიციის კანონიერ ბრძანებებს“ უკან დახევის შესახებ და ამიტომ დააპატიმრეს. რაც შეეხება 2014 წლის 5 ნოემბერს წარდგენილ ადრინდელ განცხადებებს (იხ. წინა პარაგრაფი), მათ განაცხადეს, რომ კარნახობდნენ რა თავიანთ განმარტებებს თავიანთ წარმომადგენლებს და განუმარტეს რა ამ უკანასკნელთ, რომ მათ მხოლოდ სმენიათ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ინციდენტების შესახებ, მათ ხელი მოაწერეს შედეგად მიღებულ წერილობით განცხადებებს შინაარსის წაკითხვის გარეშე, სჯეროდათ რა, რომ მათ მიერ მიცემული ზეპირი განმარტებების იდენტური იქნებოდა.

24 . 2014 წლის 21-22 ნოემბერს პირველი სამი მომჩივანი დაკითხა ადიგენის პოლიციის განყოფილების გამომძიებელმა მათ მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლის გამოძიებასთან დაკავშირებით. პროცედურას ესწრებოდა მომჩივნების ადვოკატი. მომჩივნებმა ძირითადად გაიმეორეს საჩივრები, რომლებიც მათ შეიტანეს 2014 წლის 5 ნოემბერს (იხ. პარაგრაფი 22 ზემოთ). პირველმა მომჩივანმა დაამატა, რომ პოლიციის განყოფილებაში ის გაიყვანეს ცალკე ოთახში და მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს პოლიციელებმა გ.პ.-მ და ბ.ა.-მ, ასევე მისთვის უცნობმა მესამე პოლიციელმა, რომელმაც მას თავში ჩაარტყა. მეორე მომჩივანი ამტკიცებდა, რომ მისი დაპატიმრების მიზეზი იყო პოლიციისთვის ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების შეხსენება. პოლიციის მანქანაში ყოფნისას ბ.ა.-მ სხვა პოლიციელებს დაავალა მისთვის ტელეფონის ჩამორთმევა, უთხრა რა მათ, მეორე მომჩივნის თანახმად, „წაართვით ტელეფონი, მაგისი თათარი დედაც ...[გინება]“. ფიზიკურად დაკავებისას მას სუნთქვა გაუჭირდა და ფეხის დარტყმით ჩაამტვრია გვერდითი ფანჯარა. პოლიციის განყოფილებაში მისი ვაჟი ხელბორკილდადებული იდგა კედლისკენ პირით შებრუნებული, ხოლო გ.პ.-მ ჩაარტყა მას და უთხრა: „ახლა ჩვენ შენ მოგივლით“ და გაიყვანა ის ცალკე ოთახში. აღნიშნული ოთახიდან გამოდიოდა ხმაური, მათ შორის, ისმოდა პირველი მომჩივნის ხმა, რომელიც სთხოვდა პოლიციელებს, არ მოეკლათ ის, რაზეც საპასუხოდ რელიგიური ხასიათის დამამცირებელი ფრაზები გაისმა. მოგვიანებით მან დაინახა მისი ვაჟის დაზიანებები. მისი ვაჟის მიმართ მოპყრობის ყურებამ მეორე მომჩივანს ტანჯვა მიაყენა, რასაც შედეგად მოჰყვა მისი არტერიული წნევის მატება და გამოიძახეს პარამედიკოსები. მესამე მომჩივანმა განაცხადა, რომ როდესაც ის ცდილობდა, დახმარებოდა სოფლის სხვა მცხოვრებს ფეხზე წამოდგომაში, როცა ამ უკანასკნელს მიათრევდა პოლიციელი, ის ასევე დააპატიმრა დაახლოებით შვიდმა პოლიციელმა, რომლებმაც დაიწყეს მისი ცემა, ურტყამდნენ რა სახესა და სხეულზე. მან ვერ შეძლო ვერცერთი პოლიციელის იდენტიფიცირება. მიუხედავად იმისა, რომ მას პირადად არ დასხმიან თავს პოლიციის განყოფილებაში, სადაც ხელბორკილებით იდგა „კედლისკენ მიბრუნებული“, მას სხვა ოთახიდან შემოესმა პირველი მომჩივნის ხმა, რომელიც ვიღაცას უყვიროდა, არ მოეკლათ ის; მან განაცხადა, რომ მასთან პირისპირ შეხვედრის შემთხვევაში შეძლებდა, ამოეცნო ერთ-ერთი პოლიციელი, ვინც პოლიციის განყოფილებაში დაკავებულები შეურაცხმყოფლად „თათრებად“ მოიხსენია.

25 . როგორც ჩანს, 2015 წელს კიდევ რამდენიმე საგამოძიებო ღონისძიება ჩატარდა. სადავო შენობის რემონტში მონაწილე მუშებმა განაცხადეს, რომ სადავო შენობასთან შეკრებილი მუსლიმი მოსახლეობა აგრესიულად იქცეოდა პოლიციის მიმართ, რომელიც ცდილობდა მშვიდობის შენარჩუნებას. ექიმებმა, რომლებიც აკვირდებოდნენ მომჩივნებს, როდესაც ისინი დაუშვეს დროებითი მოთავსების იზოლატორში, განაცხადეს, რომ არცერთ მომჩივანს არ ჰქონია რაიმე პრეტენზია პოლიციასთან დაკავშირებით, პირველმა მომჩივანმა კი მისი დაზიანებები ახსნა, როგორც პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის შედეგად მიღებული. როგორც საქმის მასალებიდან ჩანს, 2021 წლის სხვადასხვა თარიღში ხელახლა დაიკითხა სხვადასხვა მოწმე. როგორც ჩანს, რაიმე ახალი ინფორმაცია არ გამოაშკარავებულა.

26 . პირველი სამი მომჩივნის წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

C.    სისხლის სამართლის გამოძიება ოთხი მომჩივნის მიმართ ცუდ მოპყრობასთან დაკავშირებულ ბრალდებებთან დაკავშირებით

27 . 2014 წლის 2 დეკემბერს რაიონულმა პროკურორმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ განეცალკევებინა სისხლის სამართლის საქმე N 012221014001 ორ საქმისწარმოებად: გაეგრძელებინა არსებული გამოძიება, მომჩივნების მიერ პოლიციის მიმართ სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულის შესახებ და გაეხსნა ახალი საქმე N 013021214003, პოლიციის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტებასთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის (იხ. პარაგრაფი 38 ქვემოთ) შესაბამისად.

28 . 2014 წლის 17 დეკემბერს მეოთხე მომჩივნის ხელმოწერილი საჩივარი გაეგზავნა რაიონულ პროკურორს. ამ დოკუმენტის თანახმად, მეოთხე მომჩივანი მუშაობდა ბიბლიოთეკარად სოფელ მოხის საჯარო სკოლაში. 2014 წლის 22 ოქტომბერს, დაახლოებით 14:00 საათზე მან დატოვა სადავო შენობის მახლობლად მდებარე სკოლის შენობა და ჰკითხა ადგილობრივ მუსლიმ მოსახლეობას, თუ რატომ დააპატიმრეს მეორე მომჩივანი. მალევე მას უკნიდან მიუახლოვდა ოთხი პოლიციელი და დაახლოებით ერთი წუთის განმავლობაში სცემდნენ, ხოლო ზოგი პოლიციელი კი შეურაცხმყოფლად ყვირილით ილანძღებოდა. ის დააპატიმრეს და წაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში. შემდგომში პირადად მის მიმართ არავითარ ცუდ მოპყრობას არ ჰქონია ადგილი, მაგრამ მან დაინახა, რომ პირველი მომჩივანი პოლიციის განყოფილებაში ცალკე ოთახში გაიყვანეს და შემდეგ მოესმა ხმაური და ყვირილი, რაც, როგორც ის მიხვდა, გამოწვეული იყო პირველი მომჩივნის ცემით. მეოთხე მომჩივნის თანახმად, მან ასევე იძულებით მოაწერა ხელი მისი დაპატიმრების ოქმს, ხოლო შემდგომში მას აღენიშნებოდა ფიზიკური დაზიანებების ნიშნები ზურგზე და განიცდიდა ტკივილს, რაც გაგრძელდა ორი დღის განმავლობაში; მან განაცხადა, რომ არ იცოდა, თუ რატომ არ აისახა ეს დაზიანებები სამედიცინო დოკუმენტაციაში.

29 . 2014 წლის 17-დან 26 დეკემბრის ჩათვლით პროკურორმა დაკითხა პირები, რომლებიც ბრალდებული იყვნენ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისწარმოების ნაწილში (მეოთხე მომჩივნის გამოკლებით – იხ. პარაგრაფი 17 ზემოთ), ზოგიერთი მათგანი, როგორც ასევე ჩანს, დაიკითხა პირველი სამი მომჩივნის მიმართ სისხლის სამართლის საქმისწარმოების ფარგლებში (იხ. პარაგრაფები 22 და 23 ზემოთ). ამ პირთა უმრავლესობამ აღნიშნა, რომ დაპატიმრებების დროს მათ პირადად გაიგონეს გამოთქმები, როგორიცაა – „თქვენი თათარი დედები [გინება]“ – მაგრამ ზუსტად არ დაუნახავთ, თუ ვინ წარმოთქვა აღნიშნული სიტყვები. მ.ი.-მ, ტ.გ.-მ და ა.ი.-მ განაცხადეს, რომ პოლიციის განყოფილებაში გაგრძელდა დამამცირებელი გამონათქვამები და რომ ისინი თავს შეურაცხყოფილად გრძნობდნენ ამის გამო. გარდა ამისა, მ.ი.-მ განაცხადა, რომ ის მიიყვანეს პოლიციის მანქანასთან, პოლიციელის მიერ ყელზე ხელწაჭერილი, მიუხედავად იმისა, რომ ის დიდ წინააღმდეგობას არ უწევდა და რომ მან ყველა ეს ბრალდება გააჟღერა პირველი ინსტანციის სასამართლოში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოების დროს. რ.ი-მ განაცხადა, რომ მეორე მომჩივანი მშვიდად ესაუბრებოდა პოლიციელებს, როდესაც მოულოდნელად ვიღაცამ თქვა, რომ ის ძალიან ბევრს ლაპარაკობდა და უნდა დაეპატიმრებინათ. ამან გაამწვავა დაძაბულობა ადგილზე. ერთმა მოწმემ აღნიშნა, რომ დაინახა მეოთხე მომჩივანი დახეული ტანსაცმლით, სხვამ კი აღნიშნა, რომ გაიგო, რომ მესამე მომჩივანს სცემეს. აღინიშნა, რომ პირველი მომჩივნის მიერ პოლიციის მანქანისთვის ქვის სროლამ გააღიზიანა პოლიციელები, რომლებმაც მას ადგილზე დაუწყეს ცემა დამამცირებელი სიტყვების გამოყენების თანხლებით. ჯ.მ.-მ განაცხადა, რომ მან სცადა პროტესტის ფოტოებისა და ვიდეოების გადაღება, მაგრამ მას პოლიციელმა უბრძანა, რომ შეეწყვიტა გადაღება.

30 . ოთხმა მოწმემ (მ.ი., ტ.გ., ა.ი. და რ.ი.) აღნიშნა, რომ პოლიციის განყოფილების ცალკე ოთახში ყოფნისას გაიგონეს პირველი მომჩივნის ყვირილი; ისინი დარწმუნებული იყვნენ, რომ ყვირილი ისმოდა მისი ცემის გამო. ერთმა მოწმემ (ზ.ვ.) განაცხადა, რომ პირველი მომჩივანი გადაიყვანეს პოლიციის განყოფილების სხვა ოთახში, ხოლო მოგვიანებით გამოჩნდა წითელი სახით, რაც ტოვებდა ისეთ შთაბეჭდილებას, რომ ის ნაცემი იყო, მაგრამ აღნიშნა, რომ მას არ გაუგია იმ ოთახიდან პირველი მომჩივნის ყვირილის ხმა. მ.ი.-მ და ა.ი.-მ ასევე აღნიშნეს, რომ პირველი მომჩივნის სახე უკვე გაწითლებული იყო, მათ შორის, თვალის ირგვლივ, როცა ის პოლიციის მანქანაში მოათავსეს დაპატიმრების დროს. კიდევ ერთმა მოწმემ (ჯ.მ.) აღნიშნა, რომ პოლიციის განყოფილებაში ცოტა მოგვიანებით მივიდა და შენიშნა პირველი მომჩივნის დაწითლებული სახე პოლიციის განყოფილებაში და დარწმუნებული იყო, რომ ეს იყო მისი ცემის ნიშანი.

31 . სამმა მოწმემ (ნ.ი., ბ.გ. და ტ.ი.) განაცხადა, რომ ისინი არ იყვნენ პირველი მომჩივნის ან რომელიმე სხვა პირის ცუდი მოპყრობის მოწმეები და რომ მათ არ გაუგონიათ დამამცირებელი გამოთქმები არცერთი დაპატიმრების დროს ან პოლიციის განყოფილებაში. მ.ვ.-მ უარყო, რომ იყო რომელიმე დაკავებული პირის მიმართ ცუდი ფიზიკური მოპყრობის მოწმე, მაგრამ აღნიშნა, რომ მან გაიგონა შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი გამონათქვამები, რომლებსაც ამბობდნენ პოლიციელები მაშინ, როდესაც ისინი იმყოფებოდნენ შენობაში, მოვლენების განვითარების ცენტრში.

32 . 2015 წლის 22 და 23 იანვარს პროკურორმა დაკითხა ოთხი მომჩივანი თავიანთი ადვოკატების თანდასწრებით. მათ ძირითადად გაიმეორეს მათ მიერ ადრე გაკეთებული განმარტებები (იხ.პარაგრაფები 22, 24 და 28 ზემოთ). პირველმა მომჩივანმა არ ახსენა მესამე პოლიციელი, რომელიც მოხსენიებულია 2014 წლის 21 ნოემბრის განცხადებაში (იხ. პარაგრაფი 24 ზემოთ). მესამე მომჩივანმა განაცხადა, რომ მას სცემეს დაპატიმრების დროს, მაგრამ პოლიციის მანქანაში მხოლოდ სახეში გაარტყეს. მეოთხე მომჩივანმა განაცხადა, რომ მას სცემდნენ ორი ან სამი წუთის განმავლობაში, მაგრამ მას არ შეეძლო დამნაშავეთა იდენტიფიცირება.

33 . 2015 წლის 13 მარტს პირველი მომჩივნის დაზიანებების („სისხლჩაქცევები სხეულის არეში, ექსკორიაციები მარცხენა მაჯაზე, შეშუპებული ადგილი (კოპი) თავზე, ჰემატომა მარცხენა თვალის არეში“) ექსპერტიზა ჩატარდა მისი საქმის მასალებში არსებული დოკუმენტების საფუძველზე (იხ. პარაგრაფები 1214 ზემოთ). ექსპერტის თანახმად, დაზიანებები მიყენებული უნდა ყოფილიყო ბლაგვი საგნით და ცალკე თუ ერთად შეფასებული, იყო მცირე სიმძიმის და არ იწვევდა პირველი მომჩივნის ჯანმრთელობის გაუარესებას.

34 . 2015 წლის ივნისიდან აგვისტომდე პერიოდში პროკურორმა დაკითხა ცხრა დამატებითი მოწმე, რომლებიც იმყოფებოდნენ სადავო შენობაში 2014 წლის 22 ოქტომბერს. მათ განაცხადეს, რომ არც პოლიცია და არც მუსლიმი მოსახლეობა თავდაპირველად არ ყოფილა აგრესიული, მაგრამ მეორე მომჩივნის დაკავებას მოჰყვა გამძაფრებული დაძაბულობა, პირველი მომჩივნის მიერ პოლიციის მანქანის საქარე მინის გატეხა და სხვა პირების დაკავება და მუსლიმი მოსახლეობის მიმართ შეურაცხმყოფელი ფრაზების გამოყენება. ერთმა მოწმემ განაცხადა, რომ მას პოლიციამ ზურგში ჩაარტყა და რომ მან დაინახა, რომ პოლიციელები შეურაცხყოფდნენ და სცემდნენ მეოთხე მომჩივანს მისი დაპატიმრებისას და რომ ეს უკანასკნელი ცდილობდა წინააღმდეგობის გაწევას პოლიციელებისთვის. სხვამ განაცხადა, რომ ის შეესწრო მესამე მომჩივნის დაპატიმრებას და პოლიციელების მხრიდან მის მიმართ ჩადენილ ცუდ ფიზიკურ მოპყრობას. პროკურორმა დაკითხა სხვადასხვა მოწმეები, მათ შორის, ექიმები, პოლიციელები და სხვა პირები, რომლებიც უკვე იყვნენ დაკითხული მომჩივნების მიმართ სისხლის სამართლის გამოძიების ფარგლებში.

35 . როგორც მთავრობის მიერ წარმოდგენილი მასალებიდან ჩანს, 2021 წლის დასაწყისში, სხვადასხვა თარიღში, პროკურორმა ხელახლა დაკითხა თითქმის ყველა მოწმე, რომელმაც მანამდე რამდენჯერმე მისცა ჩვენება. 2021 წლის 13 აპრილს პროკურორმა დაადგინა, რომ საქმის მასალები აჩვენებდა, რომ პოლიციის განყოფილებაში პირველ მომჩივანს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს პოლიციელებმა გ.პ.‑მ და ბ.ა.-მ. რაც შეეხება ცუდ ფიზიკურ მოპყრობას, პროკურორმა დააკონკრეტა, რომ პოლიციელებმა რამდენჯერმე ჩაარტყეს მუშტები და წიხლები პირველ მომჩივანს. არ გაკეთებულა რაიმე განმარტება სიტყვიერ თავდასხმასთან დაკავშირებით, გარდა იმისა, რომ პროკურორმა განაცხადა, რომ პოლიციელებმა შეურაცხყოფა მიაყენეს მომჩივანს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ პროკურორის გადაწყვეტილება მისთვის მსხვერპლის სტატუსის მინიჭების შესახებ ეფუძნებოდა ცუდი მოპყრობის შედეგად მიყენებულ ფიზიკურ დაზიანებებს.

36 . იმავე დღეს, 2021 წლის 13 აპრილს, გ.პ.-სა და ბ.ა.-ს ბრალი წაუყენეს პირველი მომჩივნის მიმართ ძალის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაზე, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3(ბ) ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს (იხ. პარაგრაფი 38 ქვემოთ) წარმოადგენს. ამ დროისთვის ისინი პოლიციაში აღარ მუშაობდნენ. ბრალდებები ეფუძნებოდა მომჩივნების მიერ მიცემულ ჩვენებებს, ჯ.მ.-ს, ზ.ვ.-ს, მ.ი.-ს, თ.გ.-ს, ა.ი.-სა და რ.ი.-ს მიერ მიცემულ მოწმის ჩვენებებს, (იხ. პარაგრაფები 29-30 ზემოთ), პირველი მომჩივნის დაპატიმრებასა და დაკავებასთან დაკავშირებულ მასალას, ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნას და საქმის მასალებში არსებულ სხვა მტკიცებულებებს. ყოფილმა პოლიციელებმა ისარგებლეს დუმილის უფლებით და მათ მიმართ გრძელდება სისხლის სამართლის საქმისწარმოება.

37 . არ ჩანს, რომ რაიმე წინსვლა იქნა მიღწეული დანარჩენი სამი მომჩივნის საჩივრების შესახებ გამოძიებასთან დაკავშირებით.

შესაბამისი სამართლებრივი ჩარჩო

38 . 1999 წლის სისხლის სამართლის კოდექსი, რა რედაქციითაც ის იყო მოცემული შესაბამის დროს, აღიარებდა დისკრიმინაციას რელიგიის საფუძველზე, სხვა საფუძვლებთან ერთად, სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის დამამძიმებელ გარემოებად (მუხლი 53). აღნიშნული კოდექსის შესაბამისად, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რომლის შედეგია ფიზიკური პირების უფლებების არსებითი დარღვევა (მუხლი 333) და ძალადობრივი წინააღმდეგობის გაწევა პოლიციელებისთვის მაშინ, როდესაც ისინი ახორციელებენ საზოგადოებრივი წესრიგის დასამყარებლად მიმართულ ქმედებებს (მუხლი 353) – ორივე წარმოადგენდა სისხლის სამართლის დანაშაულებს.

39 . სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე და 371-ე მუხლები ითვალისწინებდა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ მოწმეებთან დაკავშირებით, რომლებმაც ცრუ ჩვენება მისცეს ან უარი თქვეს ჩვენების მიცემაზე. მუხლი 3711 ითვალისწინებდა ერთიდან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთის სანქციას „მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეშლისთვის“, როდესაც ასეთი ხელშეშლა გამოხატულია არსებითად წინააღმდეგობრივი ჩვენებების მიცემით.

40 . 1984 წლის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლი წვრილმან ხულიგნობას განსაზღვრავდა შემდეგნაირად: „საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და სხვა ამგვარი მოქმედება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგსა და მოქალაქეთა სიმშვიდეს.“ რაც იწვევდა დაჯარიმებას ან/და ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით. აღნიშნული კოდექსის 173-ე მუხლი ითვალისწინებდა, რომ „სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის, ..., კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ან ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება“ – იწვევდა ჯარიმას მინიმუმ 250 ლარის და მაქსიმუმ 2000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

41. 2013 წლის 7 ივლისს იუსტიციის მინისტრის მიერ გამოცემული ბრძანება N 34 არეგულირებდა საკითხებს სისხლის სამართლის საქმეებში საგამოძიებო ქვემდებარეობასთან დაკავშირებით. ბრძანება, რა სახითაც ის ძალაში იყო შესაბამის დროს, ითვალისწინებდა, რომ დანაშაულის გამოძიება, რომელიც შესაძლოა ჩადენილი იყოს, მათ შორის, პოლიციელის მიერ, უნდა დაევალოს პროკურორს.

სხვა შესაბამისი მასალა

42საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში სათაურით „2015 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ მიუთითებდა სოფელ მოხეში მომხდარ ინციდენტზე და აღნიშნავდა, რომ „სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები გაეცნენ 2014 წლის 22 ოქტომბერს დაპატიმრებული აქციის მონაწილეების ფიზიკური დათვალიერების ოქმებს; [ამ ოქმებმა] დაადასტურა ფიზიკური დაზიანების ნიშნების [არსებობა].“ სახალხო დამცველის ანგარიშში ასევე გამოხატულია ზოგადი შეშფოთება „რელიგიური შეუწყნარებლობისა და სიძულვილის საფუძველზე (სავარაუდოდ) ჩადენილ სამართალდარღვევებზე ადეკვატური და ეფექტური რეაგირების“ არარსებობასთან დაკავშირებით.

43 . 2015 წელს „ჰუმან რაითს ვოჩმა“ გამოაქვეყნა თავისი 2014 წლის მსოფლიო ანგარიში. აღნიშნული ანგარიშის შესაბამისი ამონაწერი შემდეგნაირად იკითხება:

„ოქტომბერში პოლიციამ გამოიყენა არაპროპორციული ძალა პატარა სოფელში საპროტესტო აქციის დასაშლელად და დააკავა ყოფილი მეჩეთის ბიბლიოთეკად გადაკეთების შესახებ მთავრობის გეგმის წინააღმდეგ დემონსტრაციაზე გამოსული 14 მონაწილე, სასამართლომ 11 მათგანი 250 ლარით (დაახლოებით $140) დააჯარიმა თითოეული მათგანი წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის ბრძანებების დაუმორჩილებლობისთვის. ხელისუფლების ორგანოებმა ეფექტურად არ გამოიძიეს პოლიციის ქმედება.“

კანონმდებლობა

I.          კონვენციის მე-3 და მე-14 მუხლების სავარაუდო დარღვევა

44 . კონვენციის მე-3 მუხლზე დაყრდნობით, როგორც ცალკე, ისე კონვენციის მე-14 მუხლთან ერთად, მომჩივნები ჩიოდნენ, რომ მათ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს პოლიციელებმა მათი დაპატიმრების ან/და დაკავების დროს; ეს თავდასხმები მოტივირებული იყო ხელისუფლების დისკრიმინაციული დამოკიდებულებით მომჩივნების რელიგიის მიმართ, ხოლო მასთან დაკავშირებული საჩივრების მიმდინარე სისხლის სამართლის გამოძიება იყო არაეფექტური. კონვენციის აღნიშნულ მუხლები იკითხება შემდეგნაირად:

მუხლი 3

„ადამიანის წამება, არაადამიანური თუ დამამცირებელი დასჯა ან მასთან ასეთი მოპყრობა დაუშვებელია“.

მუხლი 14

„ამ კონვენციით გაცხადებული უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობა უზრუნველყოფილია ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, განურჩევლად სქესის, რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებების, ეროვნული თუ სოციალური წარმოშობის, ეროვნული უმცირესობისადმი კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადებისა თუ სხვა ნიშნის განურჩევლად.“

A.    მისაღებობა

1.      მხარეთა წარდგინებები

(a)  მთავრობა

45 . მთავრობამ განაცხადა, რომ მოპყრობის შესახებ საჩივარმა ვერ მიაღწია სიმძიმის მინიმალურ დონეს, რომელიც აუცილებელია კონვენციის მე-3 მუხლის გამოყენებისთვის: კერძოდ, პირველი მომჩივნისთვის მიყენებული დაზიანებები იყო უმნიშვნელო და მიღებული იყო მის მიერ დაპატიმრებისას გაწეული წინააღმდეგობის გამო. რაც შეეხება დანარჩენ სამ მომჩივანს, მიუხედავად ცუდი ფიზიკური მოპყრობის ბრალდებებისა, დაზიანების არსებობის რაიმე მტკიცებულება არ იყო წარმოდგენილი და მათი განმარტებები იყო არათანმიმდევრული.

46 . გარდა ამისა, მთავრობამ განაცხადა, რომ მომჩივნებმა ვერ შეიტანეს საჩივარი სათანადოდ სწრაფად, როგორც ამას მოითხოვს კონვენციის 35-ე მუხლის 1-ელი პუნქტი.

47 . ხელისუფლების ორგანოების სავარაუდო დისკრიმინაციულ დამოკიდებულებებთან დაკავშირებით მთავრობამ განაცხადა, რომ მომჩივნებმა ვერ ამოწურეს სამართლებრივი დაცვის შესაბამისი შიდასამართლებრივი საშუალებები, იმის გათვალისწინებით, რომ მათ ვერ შეიტანეს საჩივარი საქართველოს სახალხო დამცველთან ან/და არ აღძრეს სამოქალაქო სამართალწარმოება ზარალის ასანაზღაურებლად.

(b)   მომჩივნები

48 . მომჩივნებმა განაცხადეს, რომ წინამდებარე საქმეში მიღწეული იყო სიმძიმის მინიმალური დონე და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ყველა მათგანმა განიცადა დამცირება პოლიციელების მიერ მათი დაპატიმრების დროს გადამეტებული ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით, მომჩივნების რელიგიის შესახებ მათ მიერ დისკრიმინაციული ლანძღვის გამოყენების და პოლიციის განყოფილებაში შიშისა და დაშინების ატმოსფეროს გამო. მეორე, მესამე და მეოთხე მომჩივანმა დაამატა, რომ მათ სხეულზე დაზიანებების არარსებობა, არ შეიძლება, განხილული იქნეს, როგორც ტანჯვის არარსებობის მაჩვენებელი.

49 . მომჩივნებმა შემდგომ დასძინეს, რომ ხელისუფლების ორგანოების უწყვეტი მტკიცებების გათვალისწინებით, რომ გამოძიება მათ საქმეზე მიმდინარეობდა, მათი გაკიცხვა არ შეიძლება იმის გამო, რომ ისინი ცდილობდნენ ამ საშუალების გამოყენებას სასამართლოში საჩივრის შეტანამდე.

50 . რაც შეეხება დამატებითი სამართლებრივი დაცვის საშუალებების ამოწურვას მათ საჩივართან დაკავშირებით ხელისუფლების ორგანოების დისკრიმინაციული დამოკიდებულების შესახებ, მომჩივნები აცხადებდნენ, რომ შესაბამისი მოვლენების სისხლის სამართლის გამოძიება წარმოადგენდა ადეკვატურ და საკმარის სამართლებრივი დაცვის საშუალებას.

2.    სასამართლოს შეფასება

51 . რაც შეეხება პრეტენზიას მომჩივნების გულმოდგინებასთან დაკავშირებით მათ მიერ საჩივრების წარდგენისას, სასამართლო ითვალისწინებს მთავრობის განცხადებას საქმის არსებით მხარესთან დაკავშირებით, რომ სისხლის სამართლის გამოძიება, რომლის შედეგს მომჩივნები ელოდნენ წინამდებარე საჩივრის წარდგენამდე, ეფექტური იყო კონვენციის მე-3 მუხლის პროცედურული ასპექტის მნიშვნელობის ფარგლებში (იხ. პარაგრაფი 56 ქვემოთ). სასამართლომ უკვე განიხილა მსგავსი პრეტენზია საქართველოს წინააღმდეგ სხვა საქმეში, მიიჩნია, რომ ის არ იყო თანამიმდევრული და დაადგინა, რომ ამ საქმეში არამართებული იყო მომჩივნების გაკიცხვა მათი მცდელობისთვის, სათანადოდ ამოეწურათ დაცვის შიდასამართლებრივი საშუალებები, რომლებიც არ შეიძლება განხილული იქნეს, როგორც არაეფექტური თავისი არსით (იხ. საქმე „გაბლიშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“, no. 7088/11, §§ 48-51, 2019 წლის 21 თებერვალი, შემდგომი მითითებებით). განსხვავებული დასკვნის გამოტანის მიზეზი არ არსებობს წინამდებარე საქმეში. შესაბამისად, გამოძიებაში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით (იხ. პარაგრაფები 25 და 33-34), მთავრობის პრეტენზია უნდა იქნეს უარყოფილი.

52 . რაც შეეხება პრეტენზიას, რომელიც ეხება მომჩივნების სავარაუდო მარცხს პოლიციის მიერ დისკრიმინაციული მოპყრობის შესახებ მათ საჩივრებთან დაკავშირებით სამართლებრივი დაცვის საშუალებების ამოწურვის შესახებ, სასამართლომ აღნიშნა, რომ ეროვნული ხელისუფლების ორგანოების მიმართ იყო მოლოდინი, სისხლის სამართლის გამოძიების ნაწილში, რომ ისინი განიხილავდნენ ნებისმიერ დისკრიმინაციულ მოტივს, რომელსაც საფუძვლად ედო სავარაუდო ცუდი მოპყრობა (იხ., სხვა წყაროებს შორის, საქმე „ბეღელური საქართველოს წინააღმდეგ“, no. 28490/02, § 141, 2014 წლის 7 ოქტომბერი). ამიტომ, მომჩივნები არ იყვნენ ვალდებული, რომ მოეძიებინათ სამართლებრივი დაცვის სხვა საშუალება (იხ. საქმე „Nicolae Virgiliu Tănase v. Romania“ [GC], no. 41720/13, § 177, 2019 წლის 25 ივნისი). შესაბამისად, სასამართლო უარყოფს პრეტენზიას შეფასების გარეშე, არსებობდა თუ არა რაიმე დამატებითი ეფექტური სამართლებრივი დაცვის საშუალება შესაბამის საჩივრებთან დაკავშირებით.

53 . დაბოლოს, სასამართლო მიიჩნევს, რომ საკითხი, ჰქონდა თუ არა ადგილი არასათანადო მოპყრობას მათ მიმართ, როგორც მომჩივნებმა აღწერეს და იწვევდა თუ არა ეს კონვენციის მე‑3 მუხლის გამოყენებას წინამდებარე საქმის კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, უნდა შეფასდეს მათი საჩივრების არსებითი განხილვით, აღნიშნული დებულების შესაბამისად.

54 . ამიტომ, სასამართლო ასკვნის, რომ საჩივრის ეს ნაწილი, რომელიც ეხება ზემოთ, პარაგრაფში 44 შეჯამებულ საჩივრებს, არ არის აშკარად დაუსაბუთებელი კონვენციის 35-ე მუხლის მე-3(a) პუნქტის მნიშვნელობის ფარგლებში. ასევე არ არის მიუღებელი რომელიმე სხვა საფუძვლით. აქედან გამომდინარე, საჩივარი მისაღებად უნდა გამოცხადდეს.

B.   საქმის არსებითი მხარე

1.   მხარეთა წარდგინებები

55 . მომჩივნებმა გაიმეორეს პარაგრაფში 48 შეჯამებული მათი წარდგინებები. ეროვნულ დონეზე მიცემულ განმარტებებთან ერთად (იხ. პარაგრაფები 22, 24, 28 და 32 ზემოთ) მომჩივნებმა დამატებით გააკეთეს შემდეგი შენიშვნები: (1) პირველმა მომჩივანმა დააკონკრეტა, რომ მას პოლიციის განყოფილებაში სცემდა „დაახლოებით 4-8 პოლიციელი (მათგან ორმა ასევე სცემა მას პროტესტის დროს“; (2) მეორე მომჩივანმა განაცხადა, რომ პოლიციის მანქანაში უსაფრთხოების ღვედი კისერზე ჰქონდა შემოხვეული; და (3) მესამე მომჩივანმა განაცხადა, რომ პოლიციელები მას სცემდნენ „დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში“ მის დაპატიმრებამდე და რომ მას აიძულეს პირით კედლისკენ მდგარიყო ორი საათის განმავლობაში პოლიციის განყოფილებაში. პირველმა, მეორე და მესამე მომჩივანმა ასევე წარადგინა 2016 წლის 8 სექტემბერს – წინამდებარე საჩივრის შეტანამდე ორი დღით ადრე – იმ ფიზიკური პირების მიერ გაკეთებული მოხსენებებს, რომლებიც, როგორც ჩანს, ფსიქიატრებად მუშაობდნენ არასამთავრობო ორგანიზაციაში. დოკუმენტებში გამეორებული იყო აღნიშნული მომჩივნების განმარტება დასკვნის გასაკეთებლად, რომ მათ მიერ აღწერილმა 2014 წლის 22 ოქტომბრის მოვლენებმა გამოიწვია მათი ფსიქოლოგიური ტანჯვა.

56 . ზემოთ, პარაგრაფში 45 შეჯამებულ წარდგინებებთან ერთად მთავრობამ განაცხადა, რომ მომჩივნების განმარტება ისე შეიცვალა ეროვნულ დონეზე და სასამართლოს წინაშე, რომ საჩივარი არათანამიმდევრული გახდა. მათ ასევე ხაზი გაუსვეს იმას, რომ მთლიანად შეასრულეს თავიანთი ვალდებულება კონვენციის მე-3 მუხლის პროცედურული ასპექტის შესაბამისად. კერძოდ, მომჩივნების საჩივრებზე ცალკე სისხლის სამართლის გამოძიების დაწყების გარკვეული დაგვიანების მიუხედავად, მათი ბრალდებები ცუდი მოპყრობის შესახებ სათანადოდ განიხილეს საგამოძიებო ორგანოებმა, რომლებიც პასუხისმგებელი იყვნენ მათ მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზე და პროკურორმა შემდგომ თავიდან განახორციელა ყველა შესაბამისი საგამოძიებო ღონისძიება.

2.    სასამართლოს შეფასება

(a)  საქმის არსი

57 . პოლიციის მხრიდან ცუდი მოპყრობის შესახებ ბრალდების, რომელიც სავარაუდოდ მოტივირებული იყო რელიგიური შეუწყნარებლობით და მასთან დაკავშირებული საჩივრის გათვალისწინებით, რომ სისხლის სამართლის გამოძიების პროცესში ეს ელემენტი ადეკვატურად არ იქნა განხილული, სასამართლო მომჩივნების საჩივრებს განიხილავს კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად, კონვენციის მე-14 მუხლთან ერთობლიობაში. გარდა ამისა, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ დაიწყოს საჩივრის არსებითი მხარის შემოწმება, პირველ რიგში, გამოძიების არაადეკვატურობასთან დაკავშირებული საჩივრის განხილვით და შემდეგ მიუბრუნდეს საკითხს, შეიძლება თუ არა სახელმწიფოს დაეკისროს პასუხისმგებლობა სავარაუდო ცუდი მოპყრობის გამო.

(b)     გამოძიების სავარაუდო არაადეკვატურობა

(i)      ზოგადი პრინციპები

58 . თუ ფიზიკური პირი აყენებს სადავო სარჩელს, რომ მან პოლიციის ან სახელმწიფოს სხვა მსგავსი აგენტების მხრიდან განიცადა მოპყრობა, რომელიც არღვევს მე-3 მუხლს, ეს დებულება, წაკითხული სახელმწიფოს ზოგად ვალდებულებასთან ერთად, კონვენციის 1-ელი მუხლის შესაბამისად, რომ „მაღალი ხელშემკვრელი მხარეები ყველასათვის თავიანთი იურისდიქციის ფარგლებში უზრუნველყოფენ ამ [კონვენციის] I კარში განსაზღვრულ უფლებებსა და თავისუფლებებს“, ირიბად მოითხოვს ეფექტურ ოფიციალურ გამოძიებას (იხ. საქმე „El‑Masri v. the former Yugoslav Republic of Macedonia“ [GC], no. 39630/09, § 182, ECHR 2012). იმისთვის, რომ გამოძიება იყოს „ეფექტური“, ის, პირველ რიგში, უნდა იყოს ადეკვატური;სხვაგვარად რომ ვთქვათ, მისი შედეგი უნდა იყოს ფაქტების დადგენა და იმის განსაზღვრა, გამოყენებული ძალა იყო თუ არა გამართლებული მოცემულ გარემოებებში და მოახდინოს პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირება და – საჭიროების შემთხვევაში – დასჯა (იხ. საქმე „Jeronovičs v. Latvia“ [GC], no. 44898/10, § 103, 2016 წლის 5 ივლისი). ის ასევე უნდა იყოს საკმარისად სრულყოფილი. ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლების ორგანოებმა ყოველთვის უნდა განახორციელონ სერიოზული მცდელობა, რომ გაარკვიონ, თუ რა მოხდა და არ უნდა დაეყრდნონ ნაჩქარევ ან დაუსაბუთებელ დასკვნებს გამოძიების დასასრულებლად ან მათი გადაწყვეტილებების საფუძვლად (იხ. საქმე „Mocanu and Others v. Romania“ [GC], nos. 10865/09 და 2 სხვა, § 325, ECHR 2014 (ამონაწერები)). გამოძიების ნებისმიერი ხარვეზი, რომელიც ძირს უთხრის მის უნარს, დაადგინოს დაზიანებების მიზეზი ან პასუხისმგებელი პირების ვინაობა, ქმნის ამ სტანდარტის დარღვევის საფრთხეს (იხ. El‑Masri-ს საქმე, ციტირებული ზემოთ, § 183 და საქმე „Bouyid v. Belgium“ [GC], no. 23380/09, § 120, ECHR 2015). ამ კონტექსტში ნაგულისხმევია სისწრაფე და გონივრული დაჩქარების მოთხოვნა (იხ. Bouyid-ის საქმე, ციტირებული ზემოთ, § 121).

59 . გარდა ამისა, იმისთვის, რომ გამოძიება იყოს ეფექტური, ინსტიტუტები და პირები, რომლებიც პასუხისმგებელი არიან მის განხორციელებაზე, უნდა იყვნენ დამოუკიდებელი მათგან, ვის მიმართაც მიმდინარეობს გამოძიება. ეს ნიშნავს არა მხოლოდ რაიმე იერარქიული ან ინსტიტუციური კავშირის არარსებობას, არამედ ასევე პრაქტიკულ დამოუკიდებლობას (იქვე., § 118). დაბოლოს, დაზარალებულს უნდა შეეძლოს გამოძიებაში ეფექტური მონაწილეობა ამა თუ იმ ფორმით (იხ. El‑Masri-ს საქმე, ციტირებული ზემოთ, §§ 184-85).

60 . სავარაუდო ძალადობის შემთხვევების გამოძიებისას, როგორიც არის ცუდი მოპყრობა, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები ვალდებულია, მიმართოს ყველა გონივრულ ზომას, რათა გამოავლინოს შესაძლო დისკრიმინაციული მოტივები, რაც, სასამართლო აღიარებს, რომ რთული ამოცანაა. მოპასუხე სახელმწიფოს ვალდებულება, გამოიძიოს ძალადობრივი აქტის შესაძლო დისკრიმინაციული მოტივები, არის ვალდებულება, გამოიყენოს მაქსიმალური ძალისხმევა და ის არ არის აბსოლუტური. ხელისუფლების ორგანოებმა მოცემულ გარემოებაში უნდა გამოიყენონ ყველა გონივრული საშუალება, რომ შეაგროვონ და დაიცვან მტკიცებულებები, სიმართლის დასადგენად გამოიყენონ ყველა პრაქტიკული შესაძლებლობა და საქმეზე გამოიტანონ სრულად დასაბუთებული, მიუკერძოებელი და ობიექტური გადაწყვეტილებები, ისეთი საეჭვო ფაქტების მიჩქმალვის გარეშე, რომლებიც მიუთითებს ძალადობის, მაგალითად, რასობრივი თუ რელიგიური შეუწყნარებლობის, ან გენდერული დისკრიმინაციის საფუძველზე ჩადენაზე (იხ., სხვა წყაროებს შორის, საქმე „იდენტობა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“, no. 73235/12, § 67, 2015 წლის 12 მაისი, შემდგომი მითითებებით). დისკრიმინაციული განზრახვით ჩადენილი ძალადობისა და სისასტიკის ფაქტების მიმართ ისეთივე დამოკიდებულება, როგორიც იმ საქმეებთან, რომლებიც დისკრიმინაციულ ქვეტექსტს არ შეიცავს, იქნებოდა თვალის დახუჭვა იმ ქმედებების სპეციფიკური ხასიათის მიმართ, რომლებიც განსაკუთრებით არღვევს ადამიანის ძირითად უფლებებს. არსებითად განსხვავებული მდგომარეობების მართვის გზებთან მიმართებით განსხვავების ვერგაკეთება შეიძლება წარმოადგენდეს გაუმართლებელ მოპყრობას, რომელიც შეუთავსებელია კონვენციის მე-14 მუხლთან (იხ., მაგალითად, ბეღელურის საქმე, ციტირებული ზემოთ § 173 და საქმე „Sabalić v. Croatia“, no. 50231/13, § 94, 2021 წლის 14 იანვარი) .

(ii)   აღნიშნული პრინციპების გამოყენება წინამდებარე საქმეში

61 . სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივნების საჩივრები ეხებოდა სადავო შენობის მახლობლად მათ დაპატიმრებას და ასევე მათ თავდაპირველ დაკავებას პოლიციის განყოფილებაში. პირველმა სამმა მომჩივანმა თავისი შესაბამისი საჩივარი პროკურატურაში 2014 წლის 5 ნოემბერს შეიტანა – მოვლენებიდან ორი კვირის შემდეგ (იხ. პარაგრაფი 22 ზემოთ). რაც შეეხება მეოთხე მომჩივანს, ის აშკარად წარუმატებლად ჩიოდა ცუდ მოპყრობასთან დაკავშირებით, ადმინისტრაციული სამარ თალდარღვევის საქმისწარმოებისას, რომელიც მის წინააღმდეგ აღიძრა სადავო მოვლენების მომდევნო დღეს (იხ.პარაგრაფი 17 ზემოთ); მოგვიანებით (2014 წლის17 დეკემბერს) ის შეუერთდა პირველი სამი მომჩივნის მიერ წარდგენილ საჩივრებს (იხ.პარაგრაფი 28 ზემოთ).

62 . მაშინ, როცა პირველი მომჩივნის საჩივარი გამყარებული იყო სამედიცინო მტკიცებულებით, რომელიც მიუთითებდა ფიზიკური დაზიანებების არსებობას (იხ. პარაგრაფები 12 - 14 ზემოთ), ხოლო მეორე მომჩივნის სამედიცინო დოკუმენტებში ჩაწერილი იყო, რომ ის თავს კარგად არ გრძნობდა დაკავებისას (იხ. პარაგრაფი  15 ზემოთ), დანარჩენ ორ მომჩივანს არ აღენიშნებოდა დაზიანებების ნიშნები (იხ. პარაგრაფი  16 ზემოთ). სასამართლო ითვალისწინებს 2016 წლის 8 სექტემბერს, გასაჩივრებული მოვლენებიდან თითქმის ორი წლის შემდეგ და წინამდებარე საჩივრის შეტანამდე სულ რაღაც ორი დღით ადრე გაკეთებულ მოხსენებებს (იხ. პარაგრაფი  55 ზემოთ). ეს მოხსენებები უბრალოდ იმეორებდა მომჩივნების განმარტებას და უფრო მეტიც, არ იყო წარდგენილი რომელიმე ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოში. ამიტომ, სასამართლოს არ შეუძლია რაიმე დამამტკიცებელი ღირებულება მისცეს ასეთ დოკუმენტებს. თუმცა, ვინაიდან შესაბამისი საჩივრები ეხება არა მხოლოდ მომჩივნების დაპატიმრების გარემოებებს, არამედ მათ პოლიციის განყოფილებაში დაკავებას და პოლიციელების მიერ რელიგიურად მოტივირებული დამამცირებელი შეურაცხყოფის სავარაუდო უწყვეტ გამოყენებას (იხ. პარაგრაფები  8 , 24 და 28 - 29 ზემოთ) და აღნიშნულ პოლიციის განყოფილებაში პირველი მომჩივნის მიმართ სავარაუდო ცუდ ფიზიკურ მოპყრობას, რაც სავარაუდოდ ქმნიდა დაშინებისა და შიშის ატმოსფეროს მაშინ, როცა ოთხივე მომჩივანი იმყოფებოდა ხელისუფლების ორგანოების სრული კონტროლის ქვეშ, ასეთი საჩივრები, ნაწილობრივ მაინც, განმტკიცებული იყო მოწმეების ჩვენებებით (იხ. პარაგრაფები  22 და 29 - 30 ზემოთ). იმის გათვალისწინებით, რომ მე-3 მუხლი არ შემოიფარგლება ცუდი ფიზიკური მოპყრობის აქტებით, არამედ ასევე მოიცავს ფსიქოლოგიური ტანჯვის მიყენებასაც (იხ., სხვა წყაროებს შორის, საქმე „აღდგომელაშვილი და ჯაფარიძე საქართველოს წინააღმდეგ“, no. 7224/11, § 42, 2020 წლის 8 ოქტომბერი, შემდგომი მითითებებით), ასეთ გარემოებებს შეეძლო სიმძიმის ზღვრის მიღწევა კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად. ამდენად, მომჩივნების ბრალდებებმა ერთობლიობაში და წინამდებარე საქმის გარემოებებში შეადგინა დასაბუთებული საჩივარი ცუდი მოპყრობის შესახებ,რაც, კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად, აღებული ცალკე და კონვენციის მე-14 მუხლთან ერთობლიობაში, იწვევს ხელისუფლების ორგანოების პროცედურულ ვალდებულებას, ჩაატარონ ეფექტური გამოძიება.

63 . რაც შეეხება იმას, იყო თუ არა გამოძიება ფაქტობრივად ეფექტური, სასამართლო აღნიშნავს, რომ ხელისუფლების ორგანოებმა გადადგეს პირველი აუცილებელი ნაბიჯი, როდესაც გააკეთეს ჩანაწერი მომჩივნების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მათი პატიმრობაში ყოფნისას (იხ. პარაგრაფები 12-16 ზემოთ).

64 . რაც შეეხება მომდევნო ნაბიჯებს, სასამართლო, პირველ რიგში, აღნიშნავს, რომ პირველი მომჩივნის სხეულზე დაზიანებების უდავო არსებობა საკმარისი იყო იმისთვის, რომ გამოეწვია ადგილობრივი ორგანოების ვალდებულება, გამოეძიებინათ ასეთი დაზიანებების წარმოშობა საკუთარი ინიციატივით (იხ. საქმე „იეჰოვას მოწმეების გლდანის მრევლის წევრები და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“, no. 71156/01, § 97, 2007 წლის 3 მაისი). იმის დაშვებითაც კი, რომ პირველი მომჩივნის სავარაუდო უარს სამედიცინო შემოწმებაზე ან ხელისუფლების ორგანოებთან თანამშრომლობაზე (იხ. პარაგრაფი 12 ზემოთ) შეიძლება შეექმნა თავდაპირველი სირთულე, ხელისუფლების ორგანოების ვალდებულება, ჩაეტარებინათ ეფექტური სისხლის სამართლის გამოძიება ცუდი მოპყრობის ბრალდებებთან დაკავშირებით, წარმოიქმნა ყველაზე გვიან, იმ მომენტში, როდესაც პირველმა სამმა მომჩივანმა 2014 წლის 5 ნოემბერს წარადგინა საჩივრები ინსტიტუციურად დამოუკიდებელი პროკურორის მიერ გამოძიების ჩატარების შესახებ (იხ. პარაგრაფი 22 ზემოთ).

65 . რამდენადაც მთავრობა ამტკიცებს, რომ გამოძიება პირველი სამი მომჩივნის წინააღმდეგ, რომელიც დაუყოვნებლივ დაიწყო (იხ.პარაგრაფი 18 ზემოთ), წარმოადგენდა ეფექტურ ფორუმს მათი საჩივრებისთვის ცუდი მოპყრობის შესახებ, სასამართლო აღნიშნავს, რომ აღნიშნულ გამოძიებას ატარებდნენ იმავე პოლიციის განყოფილების თანამშრომლები, რომლის წინააღმდეგაც იყო გაკეთებული მომჩივნების საჩივრები. ასეთი გამოძიება არც ინსტიტუციურად და არც პრაქტიკულად არ იყო დამოუკიდებელი.(იხ. ზემოთ ციტირებული, El‑Masri-სა, § 184 და Bouyid-ის, § 118, საქმეები). უფრო მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ შიდა რეგულაცია ითვალისწინებს, რომ იმ დანაშაულის გამოძიება, რომელიც შესაძლოა ჩაიდინა, მათ შორის, პოლიციელმა, უნდა დაევალოს შესაბამის პროკურორს (იხ. პარაგრაფი 41 ზემოთ), სწორედ ადიგენის პოლიციის განყოფილების გამომძიებლებმა დაკითხეს ის ფიზიკური პირები, რომლებიც მომჩივნებმა დაასახელეს მათ მიმართ განხორციელებული სავარაუდო ცუდი მოპყრობის თვითმხილველებად (იხ. პარაგრაფი 23 ზემოთ). ეს მოწმეები, რომელთა უმრავლესობას თავად წაუყენეს ბრალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოების ნაწილში (იხ. პარაგრაფი 17 ზემოთ), დაიკითხნენ მათი ადვოკატის დასწრების გარეშე. მათ უკან წაიღეს მათ მიერ ადრე მიცემული, ხელმოწერილი და მომჩივანთა წარმომადგენლების მიერ მოპოვებული ჩვენებები და მათ დაემუქრნენ სისხლისსამართლებრივი დევნით, თუ ისინი რაიმე სახით შეცვლიდნენ მათ მიერ მიცემულ განმარტებებს მომავალში (იხ. პარაგრაფები 22-23 და 39 ზემოთ). ასეთი მნიშვნელოვანი საგამოძიებო ღონისძიების განხორციელება ხელისუფლების ორგანოების მიერ, რომლებიც ოდნავადაც არ აკმაყოფილებდნენ დამოუკიდებლობის მოთხოვნას, იყო ნაბიჯი, რომელმაც ძირი გამოუთხარა პირველი სამი მომჩივნის საჩივრების ნებისმიერი შემდგომი დამოუკიდებელი სისხლის სამართლის გამოძიების ეფექტურობას.

66 . სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის გამოძიების ფარგლები ყველა მომჩივნის საჩივარზე შეზღუდული რჩებოდა, როგორც არსებითად, ისე პერსონალური თვალსაზრისით, 2014 წლის დეკემბრის შემდეგაც, როდესაც პროკურორმა დაიწყო ცალკე გამოძიება და მეოთხე მომჩივანმა შეიტანა საჩივარი (იხ. პარაგრაფები 27-28 ზემოთ): როგორც ჩანს, ის არ ეხებოდა მათი დაპატიმრების ეპიზოდს ან მეორე, მესამე და მეოთხე მომჩივნების ბრალდებებს (იხ., მაგალითად, პარაგრაფები 35-36 ზემოთ). გარდა ამისა, სასამართლოს ხელთ არსებული მასალა აჩვენებს, რომ 2015 წლის აგვისტოს შემდეგ იყო ხანგრძლივი უმოქმედობის პერიოდი და გამოძიება განახლდა 2021 წელს, იმ დროს, როდესაც უფრო რთული იქნებოდა ყველა მტკიცებულების შეგროვება, რადგან დროის გასვლის შემდეგ ეფექტური გამოძიების ჩატარების პერსპექტივები სულ უფრო და უფრო მცირდება (იხ. პარაგრაფები 34-35 ზემოთ; იხ., ასევე, შესაბამისი ცვლილებების გათვალისწინებით, საქმე „Zubkova v. Ukraine“, no. 36660/08, § 41, 2013 წლის 17 ოქტომბერი, ბოლოში).

67 . სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ მიუხედავად მომჩივნების არაერთგზის საჩივრებისა პოლიციის მიერ დამამცირებელი ენის გამოყენების შესახებ, როგორც მათი დაკავების დროს, ასევე პოლიციის განყოფილებაში და იმ ფაქტისა, რომ ეროვნული კანონმდებლობა ითვალისწინებდა, რომ რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია უნდა განიხილებოდეს, როგორც მიკერძოების მოტივი და დანაშაულის ჩადენის დამამძიმებელი გარემოება (იხ. პარაგრაფი 38 ზემოთ), სისხლის სამართლის გამოძიებამ ვერ შეძლო განეხილა ასეთი ბრალდებები. პროკურატურის 2021 წლის გადაწყვეტილებაში, რომლითაც ბრალი ედებოდა მოვლენებში მონაწილე პოლიციელებს, ხაზგასმული იყო სავარაუდო ძალადობის ფიზიკური ელემენტი და ამავდროულად სრულიად უგულებელყოფილი იყო, როგორც პირველი მომჩივნის, ასევე ზოგიერთი მოწმის მიერ, რომელთა განმარტებებსაც როგორც ჩანს, დაეყრდნო პროკურორი, გაკეთებული საჩივრები პოლიციის მიერ გამოყენებული დამამცირებელი ენისა და მასთან დაკავშირებული ფსიქოლოგიური ტანჯვის შესახებ (იხ. პარაგრაფები 35-36 ზემოთ). შესაბამისად, ეროვნულმა ხელისუფლების ორგანოებმა ვერ შეძლეს თავიანთი მოვალეობის შესრულება, გადაედგათ ყველა გონივრული ნაბიჯი რაიმე შესაძლო რელიგიური მოტივის გამოსაძიებლად და დაედგინათ, შეიძლება თუ არა, რომ რელიგიურ ცრურწმენას ეთამაშა როლი გასაჩივრებულ მოვლენებში, როგორც ეს მოთხოვნილია კონვენციის შესაბამისად (იხ. პარაგრაფი 60 ზემოთ).

68 . დაბოლოს, დღემდე, ანუ დაწყებიდან თითქმის შვიდი წლის შემდეგ, გამოძიებას პოლიციის მხრიდან სავარაუდო ძალადობის შესახებ რაიმე დასკვნითი შედეგი არ გამოუღია. ასეთი დამაბრკოლებელი შეფერხება, რომლის მიზეზის შესახებ რაიმე ახსნა-განმარტება არ არის წარმოდგენილი, თავისთავად შეუთავსებელია სახელმწიფოს მიერ ეფექტური გამოძიების ჩატარების ვალდებულებასთან კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად (იხ. საქმე „გოგუაძე საქართველოს წინააღმდეგ“ [Committee], no. 40009/12, § 52, 2019 წლის 27 ივნისი; საქმე „გოგალაძე საქართველოს წინააღმდეგ“, no. 8971/10, § 54, 2019 წლის 18 ივლისი; და აღდგომელაშვილისა და ჯაფარიძის საქმე, ციტირებული ზემოთ, § 39). როგორც სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა წინა შემთხვევებში, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება არსებობდეს დაბრკოლებები ან სირთულეები, რომლებიც ხელს უშლის გამოძიების მიმდინარეობას კონკრეტულ გარემოებებში, ხელისუფლების ორგანოების მხრიდან სწრაფი რეაგირება ცუდი მოპყრობის შესახებ ბრალდებების გამოძიებისას შეიძლება ზოგადად ჩაითვალოს მნიშვნელოვნად, მათ მიერ კანონის უზენაესობის დაცვის მიმართ საზოგადოების ნდობის შესანარჩუნებლად და მართლსაწინააღმდეგო ქმედებებში საიდუმლო მორიგების ან მართლსაწინააღმდეგო ქმედებების მიმღებლობის ყოველგვარი ნიშნის აღსაკვეთად (იხ. Bouyid-ის საქმე, ციტირებული ზემოთ, § 133 და საქმე „კეკელიძე საქართველოს წინააღმდეგ“ [Committee], no. 2316/09, § 31, 2019 წლის 17 იანვარი). ამასთან დაკავშირებით, სასამართლო იმეორებს, რომ დაგვიანებული მართლმსაჯულება ხშირად არის მართლმსაჯულების უარყოფა, რადგან უმოქმედობის არაგონივრული პერიოდების არსებობა და ხელისუფლების ორგანოების მხრიდან საქმისწარმოების დროს გულმოდგინების ნაკლებობა გამოძიებას ხდის არაეფექტურს, განურჩევლად მისი საბოლოო შედეგისა (იხ., შესაბამისი ცვლილებების გათვალისწინებით, საქმე „შავაძე საქართველოს წინააღმდეგ“, no. 72080/12, § 36, 2020 წლის 19 ნოემბერი; იხ., ასევე, საქმე „X and Others v. Bulgaria“ [GC], no. 22457/16, § 188, 2021 წლის 2 თებერვალი).

69 . ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო ადგენს, რომ ოთხივე მომჩივნის მიმართ ადგილი ჰქონდა მე-3 მუხლის დარღვევას, მისი საპროცესო ასპექტის შესაბამისად, ცალკე აღებული და ასევე კონვენციის მე-14 მუხლთან ერთობლიობაში.

(c)       სავარაუდო ცუდი მოპყრობა

(i)        ზოგადი პრინციპები

70 . შესაბამისი ზოგადი პრინციპები შეჯამებულია Bouyid-ის საქმეში (ციტირებული ზემოთ, §§ 8190) და საქმეში „Yusiv v. Lithuania“ (no. 55894/13, §§ 53-56, 2016 წლის 4 ოქტომბერი). მოვლენების შესახებ ურთიერთსაპირისპირო განმარტებების კონტექსტში გამოყენებული პრინციპები შეჯამებულია საქმეში „Creangă v. Romania“ ([GC], no. 29226/03, §§ 88-89, 2012 წლის 23 თებერვალი) და El-Masri -ის საქმეში (ციტირებული ზემოთ, §§ 151-52).

(ii)    აღნიშნული პრინციპების გამოყენება წინამდებარე საქმეში

71 . უბრუნდება რა წინამდებარე საქმის გარემოებებს, სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივნების ბრალდებებს მთავრობა უპირისპირდება ყველა კუთხით, გარდა ამისა, აღნიშნავს მათ სავარაუდო არათანმიმდევრულობას (იხ. პარაგრაფები 45 და 56 ზემოთ).

72 . სასამართლო თანხმდება, რომ არათანმიმდევრულობამ და მოვლენების ვერსიების ცვლილებებმა შეიძლება მიგვიყვანოს დასკვნამდე, რომ გაკეთებული მტკიცებები არასანდოა. წინამდებარე საქმეში მომჩივნების განმარტებები, რომლებიც გაკეთებული იქნა დროის სხვადასხვა მომენტში, ასახავდა გარკვეულ ვარიაციას სავარაუდო ცუდი მოპყრობის ხანგრძლივობასა და სპეციფიკასთან მიმართებით. აღსანიშნავია, რომ პირველმა მომჩივანმა არ შეინარჩუნა უცვლელად თავისი თავდაპირველი განცხადება მესამე პოლიციელის ყოფნის შესახებ ოთახში, სადაც მას სავარაუდოდ ცუდად მოეპყრნენ (შეადარეთ პარაგრაფები 24 და 32 ზემოთ); მეორე მომჩივანმა პირველად 2014 წლის ნოემბერში აღნიშნა, რომ მას პოლიციის მანქანაში რელიგიური ნიშნით შეურაცხყოფა მიაყენა ბ.ა.-მ და რომ ვერ სუნთქავდა მის შესაკავებლად გამოყენებული სავარაუდოდ გადამეტებული ძალის გამო (შეადარეთ პარაგრაფები 22 და 24 ზემოთ); მესამე მომჩივნის 2015 წლის იანვრის განცხადებაში სავარაუდო ცუდი ფიზიკური მოპყრობა აღწერილი იყო როგორც სილის გაწვნა და არა მანქანაში ცემა (შეადარეთ პარაგრაფები 24 და 32 ზემოთ ); ხოლო მეოთხე მომჩივანი თავდაპირველად ჩიოდა სავარაუდო ცუდი მოპყრობის შესახებ, რომელიც გაგრძელდა ერთი წუთის განმავლობაში, ხოლო მოგვიანებით მან განაცხადა, რომ აღნიშნული ცუდი მოპყრობა შესაძლებელია გაგრძელებულიყო ორი ან სამი წუთი (შეადარეთ პარაგრაფები 28 და 32 ზემოთ). გარდა ამისა, სასამართლოს წინაშე წარდგენილ მასალებში პირველმა მომჩივანმა აღნიშნა, რომ პოლიციის განყოფილებაში მის მიმართ სავარაუდო ცუდ მოპყრობაში ორზე მეტი პოლიციელი მონაწილეობდა, მეორე მომჩივანმა აღნიშნა, რომ პოლიციის მანქანაში უსაფრთხოების ღვედი ჰქონდა მოხვეული კისერზე და მესამე მომჩივანმა განაცხადა, რომ მის მიმართ სავარაუდო ცუდი მოპყრობა გაგრძელდა ათი წუთი და დასძინა, რომ მას პოლიციის განყოფილებაში ორი საათის განმავლობაში აიძულებდნენ კედლისკენ პირით მდგარიყო (იხ. პარაგრაფი 55 ზემოთ). ამ ვარიაციების ყურადღებით შესწავლის შემდეგ სასამართლო არ თვლის, რომ ისინი ისეთი ხასიათის იყო, რომ შეერყია მომჩივნების საჩივრების ზოგადი თანმიმდევრულობას და ძირითადი შინაარსი პოლიციის მიერ დაპატიმრებების დროს და პოლიციის განყოფილებაში გადამეტებული ძალისა და დისკრიმინაციული ენის გამოყენების შესახებ.

73 . რაც შეეხება პირველი მომჩივნის პრეტენზიებს ცუდი ფიზიკური მოპყრობის შესახებ, ისინი განმტკიცებული იყო მტკიცებულებით, რომელიც აჩვენებდა დაზიანების ნიშნებს (იხ. პარაგრაფები  12 - 14 ზემოთ). მაშინაც კი, თუ ეს დაზიანებები მიჩნეული იქნებოდა „მცირე“ დაზიანებებად (იხ. პარაგრაფი  33 ზემოთ), უდავოა, რომ პირველ მომჩივანს აღნიშნული დაზიანებები მიღებული უნდა ჰქონოდა ხელისუფლების ორგანოებთან კონტაქტის დროს – ან დაპატიმრებისას, ან შემდგომ, პოლიციის განყოფილებაში (იხ. პარაგრაფები  35 - 36 და 45 ზემოთ). ამიტომ, აღნიშნულთან დაკავშირებით დამაჯერებელი ახსნა-განმარტების მიწოდების ტვირთი დაეკისრა ხელისუფლებას.

74 . თუმცა, მთავრობის ახსნა-განმარტება გვთავაზობს, რომ პირველი მომჩივანი დაშავდა პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის შედეგად (იხ. პარაგრაფები  45 და 56 ზემოთ), რაც აშკარად გულისხმობს, რომ პოლიციამ გამოიყენა აუცილებელი ფიზიკური ძალა პირველი მომჩივნის შესაკავებლად ან/და დასაპატიმრებლად, საგამოძიებო ორგანოებს ევალებოდათ, დაედგინათ ასეთი დაზიანებების მიყენების მექანიზმი ან/და შეკავების მეთოდი და ძალა, რამაც გამოიწვია დაზიანებები, თუ მათი მიზეზი მართლაც იყო პირველი მომჩივნის დასაპატიმრებლად და მისი დაპატიმრებისას გაწეული წინააღმდეგობის დასაძლევად გამოყენებული ძალა, როგორც ამას მთავრობა ამტკიცებს. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს მტკიცებულება, რომ პოლიციის მანქანა დაზიანდა მოვლენების დროს, რამაც გამოიწვია პირველი მომჩივნის დაპატიმრება, როგორც ჩანს, არანაირი დაზიანება არ მიუღია არცერთ პოლიციელს, რომელმაც ის დააპატიმრა (იხ. პარაგრაფები  20 და 21 ზემოთ; შეადარეთ და შეაპირისპირეთ, საქმე „Iljina and Sarulienė v. Lithuania“, no. 32293/05, § 50, 2011წლის 15 მარტი, ბოლოში და გაბლიშვილისა და სხვების საქმე, ციტირებული ზემოთ, §§ 62-63). ვერც პოლიციელებისთვის სავარაუდო წინააღმდეგობის გაწევის შესახებ სისხლის სამართლის გამოძიება მივიდა რაიმე დასკვნამდე ამასთან დაკავშირებით (იხ. პარაგრაფი  26 ზემოთ; ასევე შეადარეთ, საქმე „Spinov v. Ukraine“, no. 34331/03, §§ 49-51, 2008 წლის 27 ნოემბერი).

75 . ასეთ გარემოებებში სასამართლო მიიჩნევს, რომ მთავრობას არ გაუკეთებია დამაკმაყოფილებელი ახსნა-განმარტება პირველი მომჩივნის დაზიანებების წყაროს შესახებ და ამდენად, არ უჩვენებია, რომ პირველი მომჩივნის მიმართ ძალის გამოყენება იყო კანონიერი და მკაცრად აუცილებელი და რომ მისი დაზიანებები იყო გამოწვეული სხვა მიზეზით და არა პოლიცის მიერ ცუდი მოპყრობის შედეგად (იხ. საქმე „Sadkov v. Ukraine“, no. 21987/05, § 101, 2017 წლის 6 ივლისი; ასევე იხ. Yusiv-ის საქმე, ციტირებული ზემოთ, § 59 და საქმე „მიქიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“, no. 18996/06, § 76, 2012 წლის 9 ოქტომბერი). შესაბამისად, სასამართლო ადგენს, რომ დაირღვა კონვენციის მე-3 მუხლის არსებითი ასპექტი პირველი მომჩივნისადმი მიყენებულ დაზიანებებთან დაკავშირებით.

76 . თუმცა, რაც შეეხება პირველი მომჩივნის პრეტენზიას პოლიციის მხრიდან დისკრიმინაციული ენის გამოყენებასთან დაკავშირებით, ზოგიერთმა მოწმემ უარყო, რომ აღნიშნული ხდებოდა დაპატიმრების დროს (იხ. პარაგრაფი  19 ზემოთ), მაშინ, როცა სხვებმა დაადასტურეს, რომ ამას ადგილი ჰქონდა (იხ. პარაგრაფი 34 ზემოთ). ანალოგიურად, რამდენიმე მოწმემ აღნიშნა, რომ პოლიციის განყოფილებაში წარმოითქვა დისკრიმინაციული შეურაცხყოფები (იხ. პარაგრაფები  29 - 30 ზემოთ), მაგრამ სხვებმა ეს სრულიად უარყვეს (იხ.პარაგრაფი  31 ზემოთ). მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ დაადგინა, რომ ეროვნული ორგანოების მიერ ამ საჩივრის არგანხილვა, რომელიც, სულ მცირე, სადავო იყო, არღვევდა მათ პროცედურულ ვალდებულებებს კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად, კონვენციის მე-14 მუხლთან ერთობლიობაში (იხ. პარაგრაფები  66 - 69 ზემოთ), საქმის მასალები არ აძლევს სასამართლოს იმის დაშვების საშუალებას, რომ არსებობს მტკიცებულება პოლიციის მიერ დისკრიმინაციული მოპყრობის შესახებ გონივრულ ეჭვს მიღმა, მე-14 მუხლის საპირისპიროდ, კონვენციის მე-3 მუხლის არსებით ასპექტთან ერთობლიობაში.

77 . რაც შეეხება დანარჩენ მომჩივნებს და მათ ბრალდებებს ცუდი ფიზიკური მოპყრობის შესახებ, სასამართლო აღნიშნავს, რომ არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე სამედიცინო მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს დაზიანებების არსებობას, ხოლო მოწმის ჩვენებები, რომლებიც ეხებოდა მათ ბრალდებებს, შეიცავდა ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებებს (შეადარეთ, მაგალითად, პარაგრაფები  19 , 29 - 31 და  34 ზემოთ). გარდა ამისა, რაც შეეხება პოლიციის მიერ დისკრიმინაციული ენის სავარაუდო გამოყენებას და საჩივარს, რომ სამი მომჩივანი შეესწრო პოლიციის განყოფილებაში პირველი მომჩივნის მიმართ ცუდ მოპყრობას, სასამართლო მიიჩნევს, რომ მის ხელთ არსებული მტკიცებულებები არასაკმარისია, გონივრულ ეჭვის მიღმა დასამტკიცებლად, რომ ასეთი მოპყრობა განხორციელდა სამი მომჩივნის მიმართ მათ მიერ აღწერილ გარემოებებში (იხ. პარაგრაფები  73 76  ზემოთ). თუმცა, აუცილებელია ხაზგასმა, რომ ის ფაქტი, რომ სასამართლომ ვერ შეძლო გამოეტანა დასკვნა იმასთან დაკავშირებით, ეწინააღმდეგებოდა თუ არა სამი მომჩივნის მიმართ მოპყრობა მათი დაპატიმრებისა და შემდგომი დაკავების დროს პოლიციის განყოფილებაში კონვენციის მე-3 მუხლს, ცალკე აღებულს ან კონვენციის მე-14 მუხლთან ერთობლიობაში, დიდწილად გამომდინარეობს ადგილობრივი ორგანოების მიერ შესაბამისი ბრალდებების ეფექტურად ვერგამოძიებიდან, რაც – როგორც სასამართლომ ზემოთ უკვე დაადგინა – წარმოადგენდა მათი პროცედურული ვალდებულებების დარღვევას ამ დებულებების შესაბამისად (იხ. პარაგრაფები  61 - 69 ზემოთ).

78 . ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ასკვნის, რომ რაც შეეხება კონვენციის მე-3 მუხლის არსებით ასპექტს, ადგილი ჰქონდა ამ დებულების დარღვევას, ცალკე აღებულს, პირველ მომჩივანთან დაკავშირებით, ხოლო აღნიშნული დებულება არ დარღვეულა, არც ცალკე აღებული და არც კონვენციის მე-14 მუხლთან ერთობლიობაში, დანარჩენ სამ მომჩივანთან მიმართებით.

II.       კონვენციის სხვა სავარაუდო დარღვევები

79 . იმავე ფაქტებზე დაყრდნობით მომჩივნებმა ასევე განაცხადეს, რომ მათი უფლებები დაირღვა კონვენციის მე-8, მე-11 და მე-13 მუხლების შესაბამისად.

80 . თუმცა, საქმის ფაქტობრივი გარემოებების, მხარეთა წარდგინებებისა და კონვენციის მე-3 და მე-14 მუხლებთან დაკავშირებული შედეგების გათვალისწინებით (იხ. პარაგრაფები 56-78 ზემოთ) სასამართლო მიიჩნევს, რომ მან შეისწავლა წინამდებარე საჩივარში წამოჭრილი ძირითადი სამართლებრივი საკითხები და რომ არ არის საჭირო ცალკე გადაწყვეტილების გამოტანა დანარჩენი საჩივრების მისაღებობისა და არსებითი მხარის შესახებ (იხ., სხვა წყაროებს შორის, საქმე „Centre for Legal Resources on behalf of Valentin Câmpeanu v. Romania“ [GC], no. 47848/08, § 156, ECHR 2014, შემდგომი მითითებებით).

III.    კონვენციის 41-ე მუხლის გამოყენება

81 . კონვენციის 41-ე მუხლი ითვალისწინებს:

„თუ სასამართლო დაასკვნის, რომ დაირღვა კონვენციით ან მისი ოქმებით გათვალისწინებული უფლება, ხოლო შესაბამისი მაღალი ხელშემკვრელი მხარის შიდა სამართალი დარღვევის მხოლოდ ნაწილობრივი გამოსწორების შესაძლებლობას იძლევა, საჭიროების შემთხვევაში, სასამართლო დაზარალებულ მხარეს სამართლიან დაკმაყოფილებას მიაკუთვნებს.“

A.      ზიანი

82 . მეოთხე მომჩივანმა მოითხოვა 110 ევრო მატერიალურ ზიანთან დაკავშირებით, რომელიც წარმოიქმნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისწარმოებისას მისთვის დაკისრებული ჯარიმის შედეგად. მორალურ ზიანთან დაკავშირებით ოთხივე მომჩივანი მოითხოვდა, რომ სასამართლოს განესაზღვრა მისი ოდენობა.

83 . მთავრობამ განაცხადა, რომ მოთხოვნილი თანხის მინიჭების საფუძვლები არ არსებობდა.

84 . სასამართლომ ვერ დაადგინა რაიმე მიზეზობრივი კავშირი აღმოჩენილ დარღვევასა და სავარაუდო მატერიალურ ზიანს შორის; აქედან გამომდინარე, ის უარყოფს ამ მოთხოვნას. ამის საპირისპიროდ, აღმოჩენილი დარღვევების ხასიათის გათვალისწინებით და სამართლიან საფუძველზე გადაწყვეტილების გამოტანით, ის მორალურ ზიანთან დაკავშირებით ანიჭებს პირველ მომჩივანს 3900 ევროს, აღნიშნულ თანხას უნდა დაემატოს ნებისმიერი გადასახადი, რაც შესაძლოა დაეკისროს მომჩივანს, ხოლო დანარჩენ მომჩივნებს – თითოეულს 1800 ევროს და აღნიშნულ თანხას უნდა დაემატოს ნებისმიერი გადასახადი, რაც შესაძლოა დაეკისროთ მომჩივნებს.

B.           ხარჯები და დანახარჯები

85 . მომჩივნებმა მოითხოვეს 8,775 გირვანქა სტერლინგი მათი ორი ადვოკატის სასამართლოში წარმომადგენლობის ხარჯებთან დაკავშირებით, რომლებიც მოღვაწეობენ ლონდონში (იხ. პარაგრაფი 2 ზემოთ) და ამ მოთხოვნის გასამყარებლად წარადგინეს ამ ადვოკატების მიერ 2017 წლის 10 აპრილს მომზადებული, ნამუშევარი საათების აღრიცხვის ცხრილები. მომჩივნებმა დამატებით მოითხოვეს 210.70 გირვანქა სტერლინგი სხვადასხვა ადმინისტრაციულ ხარჯებთან დაკავშირებით და 2,801.6 გირვანქა სტერლინგი, 269.82 ევრო და 3,053.61 აშშ დოლარი იმავე ადვოკატების მიერ თარგმანისთვის გაწეული ხარჯებისთვის. ამასთან დაკავშირებით მათ წარადგინეს თარჯიმნების მიერ ხელმოწერილი ანგარიშფაქტურების ასლები.

86 . მთავრობამ განაცხადა, რომ მოთხოვნები იყო დაუსაბუთებელი და გადაჭარბებული.

87 . სასამართლო აღნიშნავს, რომ წარმომადგენლის საფასური ფაქტობრივად წარმოიქმნება, თუ მომჩივანმა გადაიხადა ან ვალდებულია გადაიხადოს აღნიშნული საფასური. შესაბამისად, უსასყიდლოდ მოქმედი წარმომადგენლის მომსახურების საფასური, ფაქტობრივად, გაწეული არ არის. სხვაგვარი ვითარებაა იმ წარმომადგენლის მომსახურების საფასურის შემთხვევაში, რომელსაც, თუმცა არ უთქვამს უარი მომსახურების საფასურის აღებაზე, მაგრამ უბრალოდ არაფერი მოუმოქმედებია მის გადახდასთან დაკავშირებით ან გადაავადა ის. პირობითი ხარჯების შესახებ შეთანხმების საფუძველზე წარმომადგენლისთვის გადასახდელი საფასური ფაქტობრივად გაწეულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს შეთანხმება ექვემდებარება აღსრულებას შესაბამის იურისდიქციაში (იხ. საქმე „მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ [GC], no. 72508/13, § 371, 2017 წლის 28 ნოემბერი). წინამდებარე საქმეში მომჩივნებს არ წარმოუდგენიათ დოკუმენტები, რომლებიც აჩვენებდა, რომ მათ გადაიხადეს ან ჰქონდათ კანონიერი ვალდებულება, რომ გადაეხადათ ან დაეფარათ მათი ბრიტანელი წარმომადგენლების მიერ დაკისრებული ხარჯები. ასეთი დოკუმენტების არარსებობის შემთხვევაში, სასამართლო ვერ პოულობს საფუძველს, რომელზე დაყრდნობითაც დაუშვებს, რომ მომჩივნების მიერ მოთხოვნილი ხარჯები და დანახარჯები ფაქტობრივად იყო გაწეული (იქვე., §§ 361-62, 364-65 და 372‑73; იხ., ასევე, საქმე „ვაზაგაშვილი და შანავა საქართველოს წინააღმდეგ“, no. 50375/07, §§ 105-108, 2019 წლის 18 ივლისი და აღდგომელაშვილისა და ჯაფარიძის საქმე, ციტირებული ზემოთ, § 61).

88 . აქედან გამომდინარე, მოთხოვნა უნდა იქნეს უარყოფილი.

C.           საურავი

89 . სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ საურავის განაკვეთი განისაზღვროს ევროპის ცენტრალური ბანკის ზღვრული სასესხო განაკვეთით, რომელსაც უნდა დაემატოს სამი საპროცენტო პუნქტი.

ამ მოტივით, სასამართლო ერთსულოვნად

1.      აცხადებს მისაღებად საჩივრებს კონვენციის მე-3 და მე-14 მუხლის შესაბამისად;

2.      ადგენს , რომ ყველა მომჩივანთან მიმართებით ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-3 მუხლის პროცედურული ასპექტის, ცალკე აღებული და ასევე მე-14 მუხლთან ერთობლიობაში, დარღვევას,

3.      ადგენს , რომ პირველი მომჩივნის მიმართ დაირღვა კონვენციის მე-3 მუხლის არსებითი ასპექტი;

4.      ადგენს , რომ არ მომხდარა პირველი მომჩივნის მიმართ კონვენციის მე-14 მუხლის დარღვევა, აღებულის მე-3 მუხლის არსებით ასპექტთან ერთობლიობაში;

5.      ადგენს , რომ დანარჩენ სამ მომჩივანთან მიმართებით ადგილი არ ჰქონია მე-3 მუხლის არსებითი ასპექტის დარღვევას, აღებული როგორც ცალკე, ასევე კონვენციის მე-14 მუხლთან ერთობლიობაში;

6.      ადგენს , რომ არ არსებობს საჭიროება, შეისწავლოს მომჩივნების საჩივრების მისაღებობა და არსებითი მხარე კონვენციის მე-8, მე-11 და მე-13 მუხლების შესაბამისად.

7.      ადგენს,

(a)              რომ კონვენციის 44ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღიდან სამი თვის განმავლობაში მოპასუხე სახელმწიფომ უნდა გადაუხადოს მომჩივნებს შემდეგი თანხები მორალურ ზიანთან დაკავშირებით, რასაც უნდა დაემატოს ნებისმიერი გადასახადი, რაც შესაძლოა დაეკისროს მომჩივნებს, რომელიც უნდა დაკონვერტირდეს მოპასუხე სახელმწიფოს ეროვნულ ვალუტაში გადახდის დღეს არსებული კურსით:

(i) პირველ მომჩივანს – 3,900 (სამიათას ცხრაასი) ევრო, დამატებული ნებისმიერი გადასახადი, რომელიც შეიძლება დაეკისროს მომჩივანს;

(ii) დანარჩენი მომჩივნებიდან თითოეულს – 1,800 (ათას რვაასი) ევრო, დამატებული ნებისმიერი გადასახადი, რომელიც შეიძლება დაეკისროს მომჩივნებს;

(b)              რომ ზემოთ აღნიშნული სამთვიანი ვადის ამოწურვიდან გადახდის განხორციელებამდე, ზემოხსენებულ გადასახდელ თანხას დაერიცხება მარტივი პროცენტი იმ განაკვეთით, რომელიც შეესაბამება საჯარიმო პერიოდში მოქმედ, ევროპის ცენტრალური ბანკის ზღვრულ სასესხო განაკვეთს, რომელსაც დაემატება სამი საპროცენტო პუნქტი;

8.      უარყოფს მომჩივნების მოთხოვნას სამართლიანი დაკმაყოფილების დანარჩენ ნაწილში.

შესრულებულია ინგლისურ ენაზე და მხარეებს წერილობით ეცნობათ 2021 წლის 16 ნოემბერს, სასამართლოს რეგლამენტის 77-ე წესის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად.

 

ვიქტორ სოლოვეიჩიკი

სექციის განმწესრიგებელი

   სიოფრა ო’ლირი
   თავმჯდომარე

 

 

დანართი

მომჩივნების სია:

 

მომჩივნის სახელი

დაბადების წელი

მოქალაქეობა

საცხოვრებელი ადგილი

1

თეიმურაზ მიქელაძე

1980

ქართველი

სოფელი მოხე, ადიგენის მუნიციპალიტეტი

2

ოთარ მიქელაძე

1957

ქართველი

სოფელი მოხე, ადიგენის მუნიციპალიტეტი

3

მალხაზ ბერიძე

1990

ქართველი

სოფელი დერცელი, ადიგენის მუნიციპალიტეტი

4

გოჩა ბერიძე

1988

ქართველი

სოფელი მოხე, ადიგენის მუნიციპალიტეტი