ლევან დარსალია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

ლევან დარსალია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ნომერი 2/2/1506
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
მიღების თარიღი 13/04/2022
დოკუმენტის ტიპი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/04/2022
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.016685
2/2/1506
13/04/2022
ვებგვერდი, 15/04/2022
000000000.00.000.016685
ლევან დარსალია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

 

აქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს

მეორე კოლეგიის

გადაწყვეტილება №2/2/1506

2022 წლის 13 აპრილი

ქ. ბათუმი

 

კოლეგიის შემადგენლობა:

მანანა კობახიძე – სხდომის თავმჯდომარე;

ირინე იმერლიშვილი – წევრი;

ხვიჩა კიკილაშვილი წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;

თეიმურაზ ტუღუში წევრი.

სხდომის მდივანი: ნათია ებრალიძე.

საქმის დასახელება: ლევან დარსალია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

საქმის განხილვის მონაწილეები: მოსარჩელე მხარის წარმომადგენელი – ზურაბ ჯანაშია; მოპასუხე მხარის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები – ქრისტინე კუპრავა, რუსუდან მუმლაური, ლევან ღავთაძე და ნინო შარმანაშვილი.

I
აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 27 მაისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1506) მომართა ლევან დარსალიამ. კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2020 წლის 29 მაისს. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2021 წლის 22 აპრილს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 22 აპრილის №2/4/1506 საოქმო ჩანაწერით, კონსტიტუციური სარჩელი ნაწილობრივ იქნა მიღებულ არსებითად განსახილველად. საქმის არსებითი განხილვა, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2022 წლის 3 თებერვალს.

2. №1506 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი, მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 311 მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.

3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს პირის სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებაში ექსპერტიზის მიზნით მოთავსების წესს იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ დანაშაულის ჩადენის მომენტში ან მის შემდგომ ბრალდებული იყო შეურაცხი და პირის იზოლირებას საჯარო უსაფრთხოების ინტერესი მოითხოვს. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის მე-2 წინადადების თანახმად, პირის სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსების შესახებ პროკურორისა და ადვოკატის „შუამდგომლობა განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე, 48 საათის განმავლობაში, ხოლო მიღებული გადაწყვეტილება არ საჩივრდება“.

4. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით განმტკიცებულია სასამართლოსადმი მიმართვის, საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება.

5. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელე არის ბრალდებული სისხლის სამართლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდების მხარემ მოითხოვა ბრალდებულის სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებაში ექსპერტიზისთვის განთავსება, რათა გამორკვეულიყო, იყო თუ არა იგი დანაშაულის ჩადენის დროს შეურაცხი. საქმის განმხილველმა სასამართლომ დააკმაყოფილა მითითებული შუამდგომლობა. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ სასამართლომ ისე მოათავსა ბრალდებული არაუმეტეს 20 დღის ვადით სამედიცინო დაწესებულებაში, რომ არ ჩაუტარებია ზეპირი მოსმენა. ამასთან, მას, სადავო ნორმის თანახმად, შეეზღუდა სასამართლოს განჩინების გასაჩივრების შესაძლებლობა.

6. მოსარჩელის განმარტებით, ბრალდებულის სამედიცინო დაწესებულებაში ექსპერტიზისთვის მოთავსების მოთხოვნისას სადავო ნორმა გამორიცხავს, ერთი მხრივ, შუამდგომლობის ზეპირი მოსმენით განხილვას, ხოლო, მეორე მხრივ, სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრებას. შესაბამისად, თუ ბრალდების მხარე ითხოვს შუამდგომლობით ბრალდებულის სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებას, დაცვის მხარეს ერთმევა ყოველგვარი შესაძლებლობა, ზეპირი განხილვის ფორმატში გამოთქვას პოზიცია პროკურორის შუამდგომლობაზე და სასამართლოს წარუდგინოს სათანადო მტკიცებულებები, რათა დაასაბუთოს, რომ არ არსებობს, შერაცხადობის საკითხის დადგენის მიზნით, პირის სამედიცინო დაწესებულებაში არანებაყოფლობითი მოთავსების საჭიროება. შემდეგ კი გაასაჩივროს მიღებული განჩინება.

7. კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებაში იძულებით მოთავსება ბრალდებულმა მწვავედ განიცადა, რადგან წარსულში ის არანებაყოფლობით უკვე იმყოფებოდა ანალოგიურ სტაციონარში ექსპერტიზისთვის, რა პერიოდშიც მისი მდგომარეობა იყო სტრესული. გარდა ამისა, მოსარჩელემ ყურადღება გაამახვილა გასაჩივრებული ნორმით გათვალისწინებული ღონისძიების ფარგლებში ფიზიკური თავისუფლების შეზღუდვის ხანგრძლივობაზე. შესაბამისად, მოსარჩელე მხარე აპელირებს, რომ პირის თავისუფლების ამგვარი შეზღუდვა, იძულებით სამედიცინო დაწესებულებაში ექსპერტიზისთვის მოთავსება არის მნიშვნელოვანი ჩარევა მის უფლებებში. ამდენად, სახეზეა ის ინტერესი, რომელიც დაცული უნდა იქნეს სამართლიანი სასამართლოს გზით, თუმცა ბრალდებულს ეზღუდება საპროცესო შესაძლებლობები, კერძოდ, სასამართლო საკითხს არ განიხილავს ზეპირი მოსმენის ფორმატში და, ამავდროულად, პირს არ შეუძლია, ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივროს სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება, რითაც თავიდან აირიდებდა შეცდომის დაშვებისა და კანონის არასწორად გამოყენების რისკებს. სამართლიანი სასამართლოს უფლების ამგვარი შეზღუდვა კი ვერ აკმაყოფილებს თანაზომიერების პრინციპის კონსტიტუციურ მოთხოვნებს.

8. სარჩელის არსებითი განხილვის სხდომაზე მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის შესახებ დააზუსტა, რომ სადავო ნორმით გათვალისწინებული საკითხის განხილვის დროს არ არის აუცილებელი, რომ ყველა შემთხვევაში ჩატარდეს ზეპირი მოსმენა. ამ მხრივ, საკმარისი პირობა იქნებოდა, რომ ზოგადი წესით განსაზღვრული იყოს საკითხის ზეპირი მოსმენით განხილვა, ამავდროულად, მოსამართლეს ჰქონდეს დისკრეციული უფლებამოსილება, გამონაკლის შემთხვევაში, თავად გადაწყვიტოს და შუამდგომლობა განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე. თუმცა ასეთ შემთხვევაში აუცილებელია, არსებობდეს საკანონმდებლო მექანიზმი, რომლის თანახმად მოხდება მეორე მხარის ინფორმირება, რომ მიმდინარეობს შუამდგომლობის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა.

9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტს.

10. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოპასუხე მხარემ ცნო კონსტიტუციური სარჩელი. კერძოდ, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლების განმარტებით, სადავო ნორმასთან დაკავშირებით, არსებობს, ერთი მხრივ, ზეპირი მოსმენის გარეშე საკითხის გადაწყვეტის და, მეორე მხრივ, გასაჩივრების შესაძლებლობის არარსებობის პრობლემატიკა. სადავო ნორმის კონსტიტუციურობაზე მსჯელობისას მოპასუხე მხარემ აღნიშნა, რომ გასაჩივრებული ნორმის ლეგიტიმური მიზნები არის პროცესის ეკონომიურობა და მართლმსაჯულების ეფექტური განხორციელება, რაც მოიცავს სასამართლოს გადატვირთულობისგან დაცვასაც. მხარის პოზიციით, სადავო ნორმა აგრეთვე აკმაყოფილებს გამოსადეგობისა და აუცილებლობის კრიტერიუმებს, როგორც ზეპირი მოსმენის, ისე გასაჩივრების შესაძლებლობის არარსებობის კონტექსტში. თუმცა ვიწრო პროპორციულობის ნაწილში, მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა ყურადღება გაამახვილა პირის უფლებრივ სფეროში ინტენსიურ ჩარევაზე და მიუთითა, რომ კერძო ინტერესი გადაწონის საჯაროს.

11. მოპასუხე მხარემ მიუთითა, რომ ბრალდებულის სამედიცინო დაწესებულებაში ექსპერტიზისთვის მოთავსების შესახებ საკითხის გადაწყვეტა, ყოველ შემთხვევაში, უნდა განხორციელდეს ზეპირი მოსმენის ფორმატში, რადგან აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება, თითოეულ შემთხვევაში, საჭიროებს ფაქტების გამოკვლევას, აგრეთვე სადავო ნორმით ხდება მოსარჩელის სამართლებრივ ინტერესებში, უპირველეს ყოვლისა, ფიზიკური თავისუფლების უფლებაში ინტენსიური ჩარევა. ამდენად, მოპასუხე მხარის პოზიციით, საკითხის გადაწყვეტა ყოველ ცალკეულ შემთხვევაში, საჭიროებს ზეპირი მოსმენით განხილვას და ორმაგ სასამართლო კონტროლს ანუ გასაჩივრების უფლებას, რასაც სადავო ნორმა ზღუდავს.

II
სამოტივაციო ნაწილი

1. განსახილველ საქმეზე გასაჩივრებულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-2 წინადადება. მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის გასაჩივრებული ნორმით დადგენილ რეგულირებას, რომლის თანახმად, პირის სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებაში საექსპერტო გამოკვლევის მიზნით მოთავსების შესახებ შუამდგომლობა განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე, ხოლო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება არ საჩივრდება, რაც, მოსარჩელის აზრით, არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულ უფლებას სამართლიან სასამართლოზე.

2.  საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოპასუხე მხარემ მთლიანად ცნო კონსტიტუციური სარჩელი. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მოპასუხე უფლებამოსილია, საკონსტიტუციო სამართალწარმოების ნებისმიერ სტადიაზე მთლიანად ან ნაწილობრივ ცნოს კონსტიტუციური სარჩელი. იმავდროულად, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა არ იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების პროცესში მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა არ წარმოადგენს სასარჩელო მოთხოვნის ავტომატურად დაკმაყოფილების საფუძველს. შესაბამისად, ...საკონსტიტუციო სასამართლო ვალდებულია, გააგრძელოს საკონსტიტუციო სამართალწარმოება და გადაწყვიტოს სადავო ნორმის კონსტიტუციურობის საკითხი“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 14 დეკემბრის №1/5/505 განჩინება საქმეზე „მოლდოვის მოქალაქე მარიანა კიკუ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-8).

3. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოპასუხე მხარის მიერ კონსტიტუციური სარჩელის მთლიანად ცნობის მიუხედავად, განსახილველი დავის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გამოარკვიოს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტით დაცულ უფლებასთან მიმართებით, ერთი მხრივ, პირის სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებაში ექსპერტიზისთვის განთავსების შესახებ შუამდგომლობის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის და მეორე მხრივ, ამ შუამდგომლობაზე მიღებული განჩინების ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრების შეუძლებლობის კონსტიტუციურობა.

1.  საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის დაცული სფერო

4. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს, რომ „ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება ადგენს სამართლიანი სასამართლოს უფლებას.

5. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, სამართლიანი სასამართლოს უფლება არის ინსტრუმენტული ხასიათის და მისი მიზანია ადამიანის უფლებების და კანონიერი ინტერესების სასამართლოს გზით ეფექტური დაცვის შესაძლებლობის უზრუნველყოფა. „სამართლიანი სასამართლოს უფლება, როგორც სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის განხორციელების ერთგვარი საზომი, გულისხმობს ყველა იმ სიკეთის სასამართლოში დაცვის შესაძლებლობას, რომელიც თავისი არსით უფლებას წარმოადგენს. ამა თუ იმ უფლებით სრულად სარგებლობის უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანესი გარანტია ზუსტად მისი სასამართლოში დაცვის შესაძლებლობაა. თუკი არ იქნება უფლების დარღვევის თავიდან აცილების ან დარღვეული უფლების აღდგენის შესაძლებლობა, სამართლებრივი ბერკეტი, თავად უფლებით სარგებლობა დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის №3/1/466 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-14).

6.  საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით დაცული სამართლიანი სასამართლოს უფლება „არაერთი უფლებრივი კომპონენტისგან შედგება, რომელთა ერთობლიობამაც უნდა უზრუნველყოს, ერთი მხრივ, ადამიანების რეალური შესაძლებლობა, სრულყოფილად და ადეკვატურად დაიცვან, აღიდგინონ საკუთარი უფლებები, ხოლო, მეორე მხრივ, სახელმწიფოს მიერ ადამიანის უფლება თავისუფლებებში ჩარევისას, დაიცვას ადამიანი სახელმწიფოს თვითნებობისაგან“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 23 მაისის №3/2/574 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-59).

7. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „საქმის ზეპირი მოსმენით განხილვა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული სამართლიანი სასამართლოს უფლების შემადგენელი უფლებრივი კომპონენტია. იგი ხელს უწყობს საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებას და, ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვნად უზრუნველყოფს სამართლიანი სასამართლოს უფლების ეფექტურად განხორციელებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 15 ივლისის №2/2/1428 გადაწყვეტილება საქმეზე „კობა თოდუა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-10). საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის მნიშვნელობაზე მსჯელობისას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „მხარის მიერ საკუთარი მოსაზრებების წარდგენის უფლება ხელს უწყობს გადაწყვეტილების დასაბუთებულობას, აძლიერებს მომავალში მხარის გასაჩივრების უფლების რეალიზაციის შესაძლებლობას და ამცირებს გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი საფუძვლების დაუსაბუთებლობის ან/და უკანონობის არსებობას/არსებობის ალბათობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 27 თებერვლის №2/2/558 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ილია ჭანტურაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41).

8. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული უფლებრივი კომპონენტები „მოიცავს არა მარტო პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის განხილვას, არამედ ზემდგომ ინსტანციებში საჩივრის შეტანის უფლებასაც“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2005 წლის 17 მარტის №2/3/286 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქე ოლეგ სვინტრაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3). ამდენად, პირის უფლება გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება არის კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული კიდევ ერთი დამოუკიდებელი უფლებრივი კომპონენტი, რომელიც „ასრულებს პრევენციულ ფუნქციას და, ერთი მხრივ, წარმოადგენს უფლების დაცვის ეფექტურ მექანიზმს და უზრუნველყოფს შესაძლო შეცდომების თავიდან აცილებას, ხოლო, მეორე მხრივ, ქმნის დაშვებული შეცდომების გამოსწორების შესაძლებლობას. ამასთანავე, გასაჩივრების უფლების სრულყოფილი რეალიზაცია ხელს უწყობს ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებას და მნიშვნელოვან როლს ასრულებს სამართლებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფაში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის №3/3/601 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 546-ე მუხლის და ამავე კოდექსის 518-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობის თაობაზე“, II-8).

2. სადავო ნორმის შინაარსის, შესაფასებელი მოცემულობის და უფლების შეზღუდვის იდენტიფიცირება

9. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია პირის სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსების ზოგადი წესი. კერძოდ, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი და საჯარო უსაფრთხოების ინტერესები მოითხოვს ბრალდებულის სამედიცინო დაწესებულებაში იზოლირებას, რათა საექსპერტო გამოკვლევის შედეგად გამოირკვეს, იგი დანაშაულის ჩადენისას იყო თუ არა ან მისი ჩადენის შემდეგ გახდა თუ არა შეურაცხი, პროკურორის ან ადვოკატის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლო იღებს, საექსპერტო გამოკვლევის მიზნით, პირის სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსების თაობაზე განჩინებას. სადავო ნორმის ფორმულირება მიუთითებს, რომ საქმის განმხილველი სასამართლოს მიერ შუამდგომლობა ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილება, ხოლო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება არ საჩივრდება ზემდგომ ინსტანციაში.

10. №1506 კონსტიტუციურ სარჩელზე თანდართული მასალებიდანაც ირკვევა, რომ მოსარჩელის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, პროკურორმა მოითხოვა ბრალდებულის სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებაში ექსპერტიზისთვის არანებაყოფლობით განთავსება, რათა გამორკვეულიყო, იყო თუ არა იგი შეურაცხი დანაშაულის ჩადენის დროს. საქმის განმხილველმა პირველი ინსტანციის სასამართლომ, თავის მხრივ, იხელმძღვანელა სადავო ნორმით და ბრალდებულის სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებაში განთავსების შესახებ შუამდგომლობა განიხილა ზეპირი მოსმენის გარეშე, ხოლო მიღებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილში მიუთითა, რომ განჩინება იყო საბოლოო და არ საჩივრდებოდა.

11. სადავო ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ პირის სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსება არის სპეციალური საპროცესო იძულების ღონისძიება, რომლისთვისაც გათვალისწინებულია სასამართლოს ex ante კონტროლი და რომლის სპეციალური მიზანია საექსპერტო გამოკვლევის ჩატარება, რათა გამოირკვეს ბრალდებულის შერაცხადობა დანაშაულის ჩადენის მომენტში ან ჩადენის შემდეგ. თავის მხრივ, ბრალდებულის შერაცხადობას აქვს უშუალო გავლენა მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის მიმდინარეობაზე, რადგან სსსკ-ის 191-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ დადგინდა, რომ ბრალდებული დანაშაულის ჩადენისას შეურაცხი იყო, სასამართლო მხარის შუამდგომლობით, შეწყვეტს მის მიმართ სისხლისსამართლებრივ დევნას. შესაბამისად, ბრალდებულის სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებაში ექსპერტიზისთვის მოთავსება და, პრაქტიკულად, მისთვის ფიზიკური თავისუფლების დროებით შეზღუდვა, უპირველეს ყოვლისა, განპირობებულია გამოძიების ინტერესებით.

12. სადავო ნორმის სიტყვასიტყვითი განმარტება და საქმის განმხილველი სასამართლოს რელევანტური პრაქტიკა ცხადყოფს, რომ სასამართლოს არ აქვს შესაძლებლობა, პირის სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებაში განთავსების შესახებ შუამდგომლობა განიხილოს ზეპირი მოსმენის ფორმატში. ამდენად, ამგვარი შუამდგომლობა, ნორმის ბლანკეტური მოთხოვნებიდან გამომდინარე, ყოველ ჯერზე განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე. შესაბამისად, სასამართლოს მიერ შუამდგომლობის განხილვისას უშუალო მონაწილეობას ვერ იღებს ვერც ბრალდების და ვერც დაცვის მხარე, მიუხედავად იმისა, თუ რომელი იქნება შუამდგომლობის ავტორი. ხოლო შუამდგომლობის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება არ საჩივრდება ზემდგომ ინსტანციაში.

13. როგორც აღინიშნა, საქმის ზეპირი მოსმენით განხილვა და გასაჩივრების უფლება სამართლიანი სასამართლოს უფლების მნიშვნელოვანი უფლებრივი კომპონენტებია. სადავო ნორმა კი აბსოლუტურად გამორიცხავს როგორც პირის შესაძლებლობას, სურვილის შემთხვევაში, მოითხოვოს მისი საჯარო სამედიცინო დაწესებულებაში ექსპერტიზისთვის განთავსების შესახებ შუამდგომლობის ზეპირი განხილვა, ასევე სასამართლოს დისკრეციულ უფლებამოსილებას, აღნიშნული შუამდგომლობის განხილვა ჩაატაროს ზეპირად. გასაჩივრებული ნორმა აგრეთვე ზღუდავს მითითებულ შუამდგომლობაზე მიღებული იმ განჩინების გასაჩივრების შესაძლებლობას, რომელიც შეიძლება ზღუდავდეს ბრალდებულის მნიშვნელოვან სამართლებრივ ინტერესებს. აქედან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ხდება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული სამართლიანი სასამართლოს უფლების შეზღუდვა.

14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ცხადია, რომ მოცემული კონსტიტუციური დავის გადაწყვეტა მოითხოვს განსხვავებული სამართლებრივი პრობლემების გამოკვლევას და მათი შესაბამისობის დადგენას სხვადასხვა შინაარსის მქონე უფლებრივ კომპონენტთან მიმართებით. ამდენად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ სადავო ნორმიდან მომდინარე თითოეული საკითხის კონსტიტუციურობა ცალ-ცალკე უნდა შეაფასოს.

3.  უფლების შეზღუდვის გამართლება

3.1. ზოგადი პრინციპები/შეფასების ტესტი

15. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება არის უდავოდ დიდი მნიშვნელობის, ის არ არის აბსოლუტური ხასიათის. სასამართლოს განმარტებით, „სასამართლოსადმი მიმართვის უფლება ვერ იქნება გაგებული აბსოლუტური სახით, პროცესუალურ-სამართლებრივი წესრიგის გარეშე, რაც უფლების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება №1/3/161 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები ოლღა სუმბათაშვილი და იგორ ხაპროვი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). სასამართლოსადმი მიმართვის უფლება „შეიძლება შეიზღუდოს გარკვეული პირობებით, რაც გამართლებული იქნება დემოკრატიულ საზოგადოებაში ლეგიტიმური საჯარო ინტერესით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება №1/466 საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-15).

16. თავის მხრივ, საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნა არ არის, რომ სასამართლოში აბსოლუტურად ყველა საკითხი ზეპირი მოსმენით იყოს განხილული. ამდენად, შეზღუდვას ექვემდებარება სამართლიანი სასამართლოს უფლების ისეთი უფლებრივი კომპონენტიც, როგორიცაა საქმის განხილვა ზეპირი მოსმენით. დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „მიუხედავად იმისა, რომ საქმის ზეპირი განხილვა ... სამართლიანი სასამართლოს უფლების მნიშვნელოვანი უფლებრივი კომპონენტია, ზეპირი მოსმენის გარეშე საკითხის განხილვა/გადაწყვეტა თავისთავად და ყოველთვის არ ნიშნავს სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 23 მაისის №3/2/574 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-65).

17. კონსტიტუციური უფლების შეზღუდვის დროს კი აუცილებელია, დაცული იყოს თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნები. „უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია, ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-60).

3.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-2 წინადადების სიტყვების „შუამდგომლობა განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით

3.2.1. ლეგიტიმური მიზანი

18.  საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, იმისათვის, რათა გასაჩივრებული საკანონმდებლო ღონისძიება შეესაბამებოდეს თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნებს, პირველ რიგში, აუცილებელია, იგი ემსახურებოდეს ღირებული საჯარო ლეგიტიმური მიზნის მიღწევას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „ლეგიტიმური მიზნის არარსებობის პირობებში, ადამიანის უფლებაში ნებისმიერი ჩარევა თვითნებურ ხასიათს ატარებს და უფლების შეზღუდვა საფუძველშივე გაუმართლებელი, არაკონსტიტუციურია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის №3/1/531 გადაწყვეტილება „ისრაელის მოქალაქეები თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-15). ამდენად, განსახილველი კონსტიტუციური საკითხის გადაწყვეტისას, უპირველეს ყოვლისა, უნდა დადგინდეს, რა ლეგიტიმური საჯარო მიზნის მიღწევას ემსახურება პირის სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებაში ექსპერტიზისთვის განთავსების შესახებ შუამდგომლობის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა.

19. №1506 კონსტიტუციური სარჩელის არსებითი განხილვის სხდომაზე, მოპასუხე მხარის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლებმა ცნეს კონსტიტუციური სარჩელი. თუმცა, ამავდროულად, დაასახელეს სადავო ნორმით დადგენილი შეზღუდვის შესაძლო ლეგიტიმური მიზნები. კერძოდ, მართლმსაჯულების ეფექტიანი განხორციელება და პროცესის ეკონომიურობა.

20.  საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკა მიუთითებს, რომ „საქმეზე ზეპირი მოსმენის გამართვა, როგორც მინიმუმ, თავის თავში გულისხმობს სასამართლოში სხდომის ჩატარებას და სასამართლო პროცესზე მხარის/მხარეების მოწვევას. აღნიშნული, თავის მხრივ, დაკავშირებულია მოსამართლის საქმის განხილვის პროცესში უშუალო მონაწილეობასთან, აგრეთვე, ორგანიზაციული თვალსაზრისით, სასამართლოში სხდომის დარბაზის გამოყოფასთან და როგორც უშუალოდ პროცესის მონაწილეების, ისე ამ პროცესის კანონით განსაზღვრულ მიმდინარეობაზე პასუხისმგებელი შესაბამისი პირების მობილიზებასთან. ეს ყოველივე, ერთი მხრივ, ზრდის სასამართლოს/მოსამართლის დატვირთვას, ხოლო, მეორე მხრივ, სახელმწიფოს მხრიდან მოითხოვს, დამატებითი ორგანიზაციული, ადამიანური და მატერიალური რესურსის გამოყოფას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 15 ივლისის №2/2/1428 გადაწყვეტილება საქმეზე „კობა თოდუა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-27).

21. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა, რომელიც გამორიცხავს ექსპერტიზის მიზნით ბრალდებულის სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებაში განთავსების შესახებ შუამდგომლობის ზეპირი მოსმენით განხილვას, მიმართულია, ერთი მხრივ, სასამართლო სისტემის განტვირთვისკენ და, მეორე მხრივ, ზეპირი მოსმენის გამართვისთვის საჭირო ორგანიზაციული, ადამიანური, თუ მატერიალური რესურსის დაზოგვისკენ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად კი, სასამართლოს გადატვირთვის პრევენცია და პროცესის ეკონომიურობის უზრუნველყოფა ღირებული საჯარო ლეგიტიმური მიზნებია, რომელთა მისაღწევადაც შეიძლება, შეიზღუდოს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის უფლება.

3.2.2.  გამოსადეგობა და აუცილებლობა

22. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკით, საჯარო ლეგიტიმური მიზნის არსებობა, თავისთავადად, არ არის საკმარისი უფლებაშემზღუდველი რეგულაციის კონსტიტუციურად მიჩნევისათვის. იმისთვის, რომ სადავო ნორმით განსაზღვრული შეზღუდვა თანაზომიერების კონსტიტუციურ პრინციპთან შესაბამისად ჩაითვალოს, იგი ასევე უნდა აკმაყოფილებდეს გამოსადეგობის და აუცილებლობის კრიტერიუმებს.

23. კონსტიტუციური უფლების მზღუდავი სადავო რეგულირების გამოსადეგობაზე მსჯელობისას საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, რამდენად არსებობს ლოგიკური კავშირი „დასახელებულ ლეგიტიმურ მიზანსა და სადავო ნორმებით დადგენილ უფლების შეზღუდვის ფორმას შორის – რამდენად იძლევა სადავო ნორმები დასახელებული ლეგიტიმური მიზნის მიღწევის შესაძლებლობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 მაისის №3/3/600 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახა კუკავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-48).

24. ამავდროულად, „გამოსადეგობასთან ერთად შემზღუდველი ღონისძიება უნდა წარმოადგენდეს შეზღუდვის აუცილებელ (ყველაზე ნაკლებად მზღუდველ) საშუალებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის №3/4/550 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნოდარ დვალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-26). თანაზომიერების კონსტიტუციური პრინციპის მოთხოვნაა, რომ არ არსებობდეს დასახელებული ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად სხვა უფრო ნაკლებად შემზღუდველი საშუალება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მიიჩნევა, რომ სადავო რეგულირება იმაზე მეტად ზღუდავს უფლებას, ვიდრე ობიექტურად აუცილებელია ლეგიტიმური მიზნის რეალიზაციისათვის, რაც თანაზომიერების პრინციპის საწინააღმდეგოა (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 12 ნოემბრის №1/2/1475 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს ბექანასი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-20).

25. განსახილველი დავის ფარგლებში გასაჩივრებული ნორმა, როგორც აღინიშნა, გამორიცხავს ბრალდებულის სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებაში განთავსების შესახებ შუამდგომლობის ზეპირი მოსმენით განხილვას. საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა კი ამარტივებს სამართალწარმოების პროცედურას და ამცირებს დახარჯულ დროსა და რესურსს. ამდენად, ცალკეულ ნორმატიულ წესს, რომელიც გამორიცხავს ზეპირი მოსმენით განხილვას, a priori ექნება უშუალო გავლენა სასამართლო სისტემის ეკონომიურობასა და განტვირთვაზე. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებასაც, რომ სსსკ-ის 180-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ბრალდების მხარესა და ადვოკატს უფლება აქვთ, სხვადასხვა არგუმენტაციასა და მტკიცებულებებზე დაყრდნობით, განუსაზღვრელი რაოდენობითა და სიხშირით მიმართონ სასამართლოს შუამდგომლობით, ბრალდებულის სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებაში ექსპერტიზის მიზნით განთავსების თაობაზე. გონივრულია დაშვება, რომ კანონმდებლის მიერ შერჩეული მოდელის პირობებში იკლებს ამგვარი შუამდგომლობების განხილვაზე დახარჯული დრო და რესურსი. შესაბამისად, შუამდგომლობების ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა არის მექანიზმი, რომელიც ამცირებს სასამართლოს გადატვირთვის შესაძლო რისკებს.

26. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმით გათვალისწინებული შეზღუდვა უნდა ჩაითვალოს დასახელებული ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად გამოსადეგ საშუალებად. შუამდგომლობის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა, მოითხოვს ნაკლები ადამიანური თუ მატერიალური რესურსის გამოყენებას და, შესაბამისად, ხელს უწყობს მართლმსაჯულების ეფექტიან განხორციელებასა და პროცესის ეკონომიურობას, ამავე დროს, არ იკვეთება უფლების უფრო ნაკლებად მზღუდავი სხვა სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც იმავე ეფექტურობით უზრუნველყოფდა ლეგიტიმური მიზნების მიღწევას. შესაბამისად, სადავო რეგულირება აკმაყოფილებს თანაზომიერების პრინციპის გამოსადეგობისა და აუცილებლობის კრიტერიუმებს.

3.2.3. პროპორციულობა ვიწრო გაგებით

27. უფლებაშემზღუდველი ნორმატიული წესის კონსტიტუციის მოთხოვნებთან შესაბამისად მიჩნევისათვის, საკონსტიტუციო სასამართლომ აგრეთვე უნდა გამოარკვიოს, სადავო ნორმით დადგენილი რეგულირების ფარგლებში დაცული ინტერესი, საკუთარი მნიშვნელობით, აღემატება თუ არა შეზღუდულ ინტერესს. ამ ეტაპზე უნდა გაანალიზდეს, რამდენადაა დაცული პროპორციულობა ვიწრო გაგებით (stricto sensu), რომლის მოთხოვნაა „უფლების შეზღუდვისას კანონმდებელმა დაადგინოს სამართლიანი ბალანსი შეზღუდულ და დაცულ ინტერესებს შორის“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის №3/4/550 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნოდარ დვალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-43). განსახილველ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, ერთ მხარეს არის ღირებული საჯარო ინტერესი მართლმსაჯულების ეფექტიან განხორციელებასა და პროცესის ეკონომიურობაზე, ხოლო მეორე მხარეს კონკრეტული პირის უფლება, სასამართლოში მის ინტერესებთან დაკავშირებული საკითხები განიხილონ ზეპირი მოსმენით.

28. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა მიუთითებს, რომ „პროცესის ეკონომიურობა, ისევე, როგორც არდაშვება სასამართლოს ხელოვნური გადატვირთვისა, რაც, საბოლოო ჯამში, ნეგატიურ გავლენას ახდენს მართლმსაჯულების ხარისხზე, უმნიშვნელოვანესი ლეგიტიმური მიზნებია, ვინაიდან თითოეული მათგანის დაცვა ასევე სამართლიანი სასამართლოს უფლებით ეფექტურად სარგებლობას ემსახურება. თუმცა ამ ინტერესების დაცვის აუცილებლობა ვერ გაამართლებს ზეპირი მოსმენის გარეშე საქმეთა განხილვას, თუ ამის შედეგი იქნება კონკრეტული პირების უფლებების დარღვევა, უფლებების დაცვის შეუძლებლობა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 23 მაისის №3/2/574 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-90).

29. თავის მხრივ, „სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობა არ წარმოადგენს თვითმიზანს, ის არის მხოლოდ შესაძლებლობა სხვა უფლებების დაცვისა. შესაბამისად, მისი უფლებრივი კომპონენტებიც იმ შემთხვევაში და იმ მოცულობით უნდა გამოიყენებოდეს, რაც ობიექტურად აუცილებელია კონკრეტული უფლების დაცვისთვის/დარღვევის თავიდან აცილებისთვის. მაშასადამე, თითოეული უფლებრივი კომპონენტით სარგებლობა, საბოლოო ჯამში, ემსახურება რა სამართლიანი სასამართლოს უფლებით ეფექტურად სარგებლობას და, შესაბამისად, კონკრეტული უფლებების დაცვას, ამ უფლებრივი კომპონენტების გამოყენებაც არ უნდა იყოს თვითმიზანი. მათი უზრუნველყოფა საჭიროა მაშინ, როდესაც ამას ობიექტურად შეუძლია, გავლენა მოახდინოს სასამართლოს გადაწყვეტილებაზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 23 მაისის №3/2/574 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-66). შესაბამისად, უნდა გამოირკვეს, განსახილველ შემთხვევაში, რამდენად მაღალია ზეპირი მოსმენის ჩატარების ინტერესი.

30. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „როგორც წესი, ზეპირი მოსმენით საქმის განხილვის აუცილებლობა არსებობს პირველი ინსტანციის სასამართლოში, რადგან, ძირითადად, სწორედ ამ ეტაპზე ხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. თუმცა გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს არა იმას, თუ რომელი ინსტანციის სასამართლო იხილავს საქმეს, არამედ რა საკითხებს წყვეტს კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლო“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 23 მაისის №3/2/574 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-76). შესაბამისად, „ზეპირი განხილვის უფლების დაცვის სტანდარტი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული სამართალწარმოების შინაარსზე. იმ შემთხვევაში, როდესაც საქმის განხილვა უკავშირდება ფორმალურ-სამართლებრივი საკითხების დადგენას, ნაკლებია ზეპირი მოსმენის გამართვის ინტერესი. ამ შემთხვევაში მოქმედებს პრინციპი jura novit curia („სასამართლომ იცის კანონი“) და მხარეების მიერ სამართლებრივ გარემოებებზე მითითებას მხოლოდ დამხმარე ფუნქცია აქვს. განსხვავებულია მიდგომა იმ შემთხვევაში, როდესაც სასამართლო წყვეტს როგორც ფორმალურ-სამართლებრივ საკითხებს, ასევე აფასებს ფაქტობრივ გარემოებებს. ფაქტობრივი გარემოებების დადგენის შემთხვევაში, განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება ზეპირი მოსმენის ჩატარებასა და პირისთვის მოსაზრების წარდგენის შესაძლებლობის მინიჭებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 27 თებერვლის №2/2/558 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ილია ჭანტურაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-42).

31. ზეპირი მოსმენით საქმის განხილვის საჭიროებაზე მსჯელობისას, გარდა სამართალწარმოების ბუნებისა, „მხედველობაშია მისაღები იმ უფლებისა თუ სამართლებრივი ინტერესის მნიშვნელობა, რომლის დაცვის შესაძლებლობაც არის შეზღუდული. ცხადია, შეფასების სტანდარტები განსხვავებული იქნება განსხვავებული მნიშვნელობის მქონე სამართლებრივი ინტერესების შემთხვევაში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 27 თებერვლის №2/2/558 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ილია ჭანტურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-10).

32. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, დადგენილი ზოგადი საპროცესოსამართლებრივი სტანდარტის თანახმად, ამა თუ იმ საკითხის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის კონსტიტუციურობის შესაფასებლად, განსაკუთრებულ ყურადღება აქცევს ორ ასპექტს. სასამართლოს მხრიდან საკითხის გადაწყვეტა თვისობრივად მოითხოვს თუ არა ფაქტების გამოკვლევა-დადგენას და რა გავლენა აქვს საკითხის გადაწყვეტას პირის უფლებრივ მდგომარეობაზე. ამდენად, განსახილველი სადავო საკითხის გადასაწყვეტად, უნდა გამოირკვეს, პირის სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებაში ექსპერტიზის მიზნით განთავსების შესახებ შუამდგომლობის განხილვისას, საკითხის განმხილველი სასამართლო აფასებს მხოლოდ ფორმალურ-სამართლებრივ ასპექტებს, თუ ასევე იკვლევს ფაქტობრივ გარემოებებს. ამასთან, რამდენად მნიშვნელოვანია ის უფლება თუ სამართლებრივი ინტერესი, რომლის დაცვის შესაძლებლობასაც ზღუდავს სადავო ნორმა.

33. №1506 კონსტიტუციურ სარჩელზე დართული საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ბრალდების მხარემ პირველი ინსტანციის სასამართლოს წარუდგინა ბრალდებულის სამედიცინო ისტორია და მიუთითა ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ იგი წარსულში ფსიქიატრიულ მკურნალობას გადიოდა საჯარო სამედიცინო დაწესებულებაში. დაცვის მხარემ სადავოდ გახადა აღნიშნული მტკიცებულება, თუმცა, სურვილის მიუხედავად, მას არ მიეცა შესაძლებლობა, ზეპირი მოსმენის ფარგლებში წარედგინა სათანადო პოზიცია და განსხვავებული მტკიცებულებები, რითაც დაასაბუთებდა, რომ არ არსებობდა შერაცხადობის საკითხის დადგენის მიზნით პირის სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებაში არანებაყოფლობითი მოთავსების საჭიროება.

34.  გასაჩივრებული ნორმის ანალიზიდან ირკვევა, რომ იმისთვის, რათა საქმის განმხილველმა პირველი ინსტანციის სასამართლომ გასცეს თანხმობა საპროცესო იძულების ღონისძიების ჩასატარებლად, რაც გულისხმობს ბრალდებულის სამედიცინო დაწესებულებაში ექსპერტიზისთვის განთავსებას, აუცილებელია არსებობდეს დასაბუთებული ვარაუდი, რომელიც უნდა ეფუძნებოდეს სასამართლოსთვის წარდგენილი ფაქტებისა და ინფორმაციის ერთობლიობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „ნიშანდობლივია, რომ დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით რაიმე გარემოებების შეფასება, თავისთავად, მოითხოვს მათი (გარემოებების) დადგენისთვის ფაქტების ან ინფორმაციის ერთობლიობის შეფასებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 23 მაისის №3/2/574 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-79). შესაბამისად, სადავო ნორმით გათვალისწინებული საკითხის გადაწყვეტა პრაქტიკულად მოითხოვს სასამართლოს მიერ არა მხოლოდ ფორმალურ-სამართლებრივი გარემოებების დადგენას, არამედ წარმოდგენილი ფაქტობრივი მტკიცებულებების შესწავლას. გასაჩივრებული ნორმით დადგენილი აბსოლუტური შეზღუდვის ფარგლებში კი, სასამართლოსთვის რთულდება გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევა.

35. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ითვალისწინებს განსახილველი საკითხის გადასაწყვეტად არსებული სამართალწარმოების შინაარსს და მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ნორმით დადგენილი მოწესრიგების ფარგლებში, ერთი მხრივ, თავად მხარეებს ერთმევათ გადაწყვეტილების მიღებაზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობა, რადგან პრაქტიკულად გამოირიცხება შუამდგომლობის ავტორის მოწინააღმდეგე მხარის მიერ მტკიცებულებებისა და არგუმენტაციის წარდგენა. მეორე მხრივ, საქმის განმხილველ სასამართლოს ეზღუდება შესაძლებლობა, რომ მხარეებთან უშუალო კომუნიკაციით შეისწავლოს ბრალდებულის ქცევის ცალკეული სპეციფიკა, ბრალდებულისთვის ფიზიკური თავისუფლების მიზნობრივი შეზღუდვის აუცილებლობა, ასევე, სიღრმისეულად მოიკვლიოს შუამდგომლობის ინიციატორის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და დაადგინოს საქმისთვის რელევანტური ყველა მნიშვნელოვანი გარემოება, რაც დაეხმარება მას სწორი და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებაში.

36. სადავო ნორმით გათვალისწინებული საკითხი, პირის სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებაში განთავსება, გარდა იმისა, რომ საჭიროებს ფაქტობრივი გარემოებების დადგენას, ამავდროულად, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ბრალდებულის უფლებრივ მდგომარეობაზე, რამდენადაც აქვს ინტენსიურად მზღუდავი ბუნება. პირის სამართლებრივი ინტერესის სრულყოფილი შეფასებისთვის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულის სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებაში განთავსება შეიძლება დაკავშირებული იყოს პირის ჯანმრთელობის უფლებაში ინტენსიურ, მათ შორის, მედიკამენტურ-თერაპიულ ჩარევასთან და აგრეთვე თანმდევ განგრძობით ფსიქოლოგიურ სტრესთან. ფსიქიკური ჯანმრთელობის ხელშეუხებლობის უფლება განსაკუთრებით საფრთხის ქვეშ დგება, როდესაც პირის სამედიცინო დაწესებულებაში განთავსება ხდება არანებაყოფლობით, რამდენადაც ასეთ დროს პირი მეტად მოწყვლადია, რაზეც №1506 კონსტიტუციურ სარჩელშიც არის მითითებული.

37. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მხედველობაში ასევე იღებს იმ ფაქტს, რომ ბრალდებულს სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებაში განთავსებით, ეზღუდება ფიზიკური თავისუფლება, რაც, თავისთავად, მიუთითებს უფლების შეზღუდვის ინტენსივობაზე, მიუხედავად იმისა, უშუალოდ რა პერიოდით უწევს პირს დაწესებულებაში ყოფნა. თავის მხრივ, ასევე აღსანიშნავია, რომ სსსკ-ის 181-ე მუხლი ადგენს სამედიცინო დაწესებულებაში პირის ყოფნის ვადებს. კერძოდ, მითითებული მუხლის ანალიზი ცხადყოფს, რომ პირს შეიძლება, ფიზიკური თავისუფლება შეეზღუდოს ხანგრძლივი პერიოდით. თუ ბრალდების მხარეა ინიციატორი, ეს ვადა შეიძლება იყოს 30 დღე, ხოლო, თუ დაცვის მხარე აყენებს შუამდგომლობას, ვადა შეიძლება გაგრძელდეს 2 თვემდე.

38. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირის ინტერესი, არ მოხდეს მისი სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებაში ექსპერტიზის მიზნით განთავსების შესახებ შუამდგომლობის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა, მნიშვნელოვნად აღემატება მართლმსაჯულების ეფექტიანი განხორციელებისა და პროცესის ეკონომიურობის ინტერესებს.

39. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, როდესაც ცალკეული საკითხის გადაწყვეტა ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში საჭიროებს ფაქტების დადგენას და, ამავდროულად, ახდენს მნიშვნელოვან გავლენას იმ პირის სამართლებრივ მდგომარეობაზე, რომლის ინტერესების საწინააღმდეგოდაც არის მიმართული იგი, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნაა, კანონმდებლობა უზრუნველყოფდეს საკითხის განხილვას ზეპირი მოსმენის გზით. ამ მხრივ, მოსარჩელის უფლების შეზღუდვისთვის დამაბალანსებელი მექანიზმი ვერ იქნება მხოლოდ სასამართლოს დისკრეციული უფლებამოსილება, ინდივიდუალურ შემთხვევაში განსაზღვროს, არსებობს თუ არა ზეპირი მოსმენის ჩატარების აუცილებლობა (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 15 ივლისის №2/2/1428 გადაწყვეტილება საქმეზე „კობა თოდუა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-57).

40. მოცემულ შემთხვევაში, საქმის განმხილველი პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ფაქტების მოკვლევის საჭიროებიდან და ბრალდებულის ინტერესებზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენის ალბათობის გათვალისწინებით, აუცილებელია, რომ არა მხოლოდ სასამართლოს ჰქონდეს დისკრეციული უფლებამოსილება, ცალკეულ შემთხვევაში განსაზღვროს, არსებობს თუ არა ზეპირი მოსმენის ჩატარების საჭიროება, არამედ, აგრეთვე აუცილებელია, რომ კანონმდებლობა უზრუნველყოფდეს დაინტერესებული პირის შესაძლებლობას, ისარგებლოს საკითხის ზეპირი მოსმენის გზით განხილვით.

41. ყოველივე ზემოაღნიშნულის საპირისპიროდ, სადავო ნორმა იმგვარად არის ფორმულირებული, რომ გამორიცხავს საქმის განმხილველი სასამართლოს მიერ საკითხის ზეპირი მოსმენით განხილვას. აქედან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსსკ-ის 180-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-2 წინადადების სიტყვები „შუამდგომლობა განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე“ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტს.

 3.3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-2 წინადადების სიტყვების „ხოლო მიღებული გადაწყვეტილება არ საჩივრდება“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით

 3.3.1.  ლეგიტიმური მიზანი

42. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, პირველ რიგში, უნდა დაადგინოს, რა ღირებულ ლეგიტიმურ მიზანს ემსახურება სადავო ნორმით დადგენილი რეგულირება. მოპასუხე მხარის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლებმა სადავო ნორმის სავარაუდო ლეგიტიმურ მიზნებად, როგორც აღინიშნა, დაასახელეს პროცესის ეკონომიურობა და მართლმსაჯულების ეფექტიანი განხორციელება, რაც, მათ შორის, გულისხმობს სასამართლოს გადატვირთვისგან დაცვას. სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, დასახელებული საჯარო მიზნები უნდა ჩაითვალოს ღირებულ ლეგიტიმურ მიზნებად, რომელთა მისაღწევად დასაშვებია სამართლიანი სასამართლოს უფლების და, კერძოდ, გასაჩივრების უფლების თანაზომიერად შეზღუდვა, რადგან „პროცესის ეკონომიურობა და სასამართლოს ხელოვნური გადატვირთვის თავიდან აცილება უმნიშვნელოვანესია მართლმსაჯულების ხარისხის უზრუნველყოფისთვის“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 23 მაისის №3/1/574 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-69).

3.3.2.  გამოსადეგობა და აუცილებლობა

43. იმისთვის, რათა სადავო ნორმით განსაზღვრული შეზღუდვა ჩაითვალოს თანაზომიერების კონსტიტუციურ პრინციპთან შესაბამისად, ღირებული ლეგიტიმური მიზნის არსებობის შესახებ მოთხოვნასთან ერთად, იგი ასევე უნდა აკმაყოფილებდეს გამოსადეგობისა და აუცილებლობის კრიტერიუმებს.

44. გასაჩივრებული ნორმა გამორიცხავს ბრალდებულის სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებაში ექსპერტიზისთვის განთავსების შესახებ შუამდგომლობაზე მიღებული სასამართლო განჩინების ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრების შესაძლებლობას. ამგვარი რეგულირება, ცხადია, ამცირებს ზემდგომი სასამართლოს მიერ განსახილველ საკითხთა რაოდენობას და, შესაბამისად, ხელს უწყობს სასამართლო სისტემის განტვირთვას. თავის მხრივ, განსახილველ საქმეთა შემცირება პირდაპირ აისახება ადამიანური და მატერიალური რესურსების ხარჯვის ინტენსივობაზე. ამავდროულად, არ იკვეთება უფლების უფრო ნაკლებად მზღუდავი სხვა ალტერნატიული სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფდა სასამართლო სისტემის განტვირთვას. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიჩნევს, რომ სადავო რეგულირება აკმაყოფილებს გამოსადეგობისა და აუცილებლობის მოთხოვნებს.

3.3.3. პროპორციულობა ვიწრო გაგებით

45. ვინაიდან სადავო ნორმით დადგენილი უფლების შემზღუდველი მექანიზმი აკმაყოფილებს თანაზომიერების კონსტიტუციური პრინციპის განხილულ კრიტერიუმებს, საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე უნდა შეამოწმოს შეზღუდვის პროპორციულობა ვიწრო გაგებით, ანუ გამოარკვიოს, რამდენად არის დაცული სამართლიანი ბალანსი შეზღუდულ უფლებასა და დაცულ სიკეთეს შორის. განსახილველ შემთხვევაში, ერთ მხარეს არის პირის უფლება, ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება, რასაც უპირისპირდება მართლმსაჯულების ეფექტიანი განხორციელებისა და პროცესის ეკონომიურობის ინტერესი.

46. გასაჩივრების უფლების, როგორც სამართლიანი სასამართლოს მნიშვნელოვანი უფლებრივი კომპონენტის არსსა და ფუნქციაზე მსჯელობისას, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკა მიუთითებს, რომ „პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება ასრულებს პრევენციულ ფუნქციას და, ერთი მხრივ, წარმოადგენს მოსამართლის მხრიდან თვითნებობის თავიდან აცილების მექანიზმს და მოსამართლეს უბიძგებს, თავიდან აიცილოს შესაძლო შეცდომები, ხოლო, მეორე მხრივ, ქმნის დაშვებული შეცდომების გამოსწორების შესაძლებლობას. ამასთანავე, გასაჩივრების უფლების სრულყოფილი რეალიზაცია ხელს უწყობს ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებას და მნიშვნელოვან როლს ასრულებს სამართლებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფაში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 27 თებერვლის №2/2/558 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ილია ჭანტურაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-55).

47. სადავო ნორმის ანალიზიდან და №1506 კონსტიტუციურ სარჩელზე თანდართული მასალებიდან ირკვევა, რომ ბრალდებულის სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებაში განთავსებაზე შუამდგომლობის შესახებ მიღებული განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება. ცალკეული გადაწყვეტილების საბოლოობა, თავისთავად, გამორიცხავს ამ გადაწყვეტილების მცდარობის შემოწმების შესაძლებლობას. თუ არ არსებობს ზემდგომი სასამართლო, არ არსებობს შესაძლებლობა შემოწმდეს მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა. თავის მხრივ, მართლმსაჯულების განხორციელებისას პრაქტიკულად შეუძლებელია ცალკეულ საქმეზე შეცდომის დაშვების რისკის აბსოლუტურად გამორიცხვა, მით უფრო, რომ, როგორც აღინიშნა, განსახილველ შემთხვევაში, მოსამართლეს უწევს არა მხოლოდ სამართლებრივი, არამედ ფაქტობრივი გარემოებების შეფასებაც (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების II-33-34 პარაგრაფები).

48. თავის მხრივ, საკონსტიტუციო სასამართლო ითვალისწინებს პირის უფლებაში ჩარევის ინტენსივობის ხარისხს, რადგან “რაც უფრო ინტენსიურია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებიდან მომდინარე უფლების შეზღუდვა, მით უფრო მაღალია ხსენებული გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრების ინტერესი“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 19 ოქტომბრის №2/7/779 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე დავით მალანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-25). ბრალდებულის სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებაში ექსპერტიზისთვის განთავსება კი, როგორც აღინიშნა, ინტენსიურად ზღუდავს ან მაღალი რისკის ქვეშ აყენებს პირის ინტერესებს. აღნიშნული საპროცესო ღონისძიების რეპრესიული ბუნება ვლინდება როგორც ჯანმრთელობის ხელშეუხებლობის უფლებასთან, ისე ფიზიკური თავისუფლების შეზღუდვასთან მიმართებით (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების II-35-36 პარაგრაფები).

49.  როგორც აღინიშნა, სადავო ნორმით გათვალისწინებული განჩინების მიხედვით, შეიძლება, მოხდეს ადამიანის ფიზიკური თავისუფლების შეზღუდვა ისე, რომ არ არსებობს პირველი ინსტანციის ფარგლებში დაშვებული შესაძლო შეცდომების, მათ შორის, ფაქტობრივი შეფასებების ასპექტში გამოსწორების მექანიზმი. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ სასამართლოს მიერ ფიზიკური თავისუფლების შეზღუდვა იმთავითვე მიუთითებს უფლებაში ჩარევის ინტენსივობაზე, ხოლო „თავისუფლებაშეზღუდული პირის მდგომარეობა არ იცვლება იმის მიხედვით, თავისუფლება შეეზღუდა სასამართლოს განაჩენის, ბრძანების თუ განკარგულების საფუძველზე. ამიტომ მას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, ერთნაირად გაასაჩივროს თავისუფლების შეზღუდვის კანონიერება, მიუხედავად შეზღუდვის საფუძვლისა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2006 წლის 15 დეკემბრის №1/3/393,397 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ონისე მებონია და ვახტანგ მასურაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II).

50.  შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, სადავო ნორმის ფარგლებში, ბრალდებულის მიმართ შეიძლება, გამოყენებული იყოს საპროცესო იძულების ღონისძიება, სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებაში ექსპერტიზისთვის განთავსება, რომელმაც შეიძლება პირის უფლებრივი ინტერესები, მათ შორის, ფიზიკური თავისუფლება ინტენსიურად შეზღუდოს. გასაჩივრებული რეგულირება, თავის მხრივ, ვერ ახდენს პირველი ინსტანციის მოსამართლის მიერ შესაძლო შეცდომების პრევენციას. ამდენად, აშკარაა, რომ მოცემულ შემთხვევაში პირს აქვს შესაბამისი განჩინების გასაჩივრების მომეტებული სამართლებრივი ინტერესი, რომელიც აღემატება პროცესის ეკონომიურობისა და სასამართლოს გადატვირთულობისგან დაცვის ლეგიტიმურ მიზნებს. თუმცა სადავო ნორმა გამორიცხავს ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრებას.

51.  ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ნორმით ირღვევა გონივრული ბალანსი პირის შეზღუდულ უფლებასა და მისაღწევ ლეგიტიმურ საჯარო მიზნებს შორის. ამდენად, გასაჩივრებული ნორმა არაპროპორციულად ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულ უფლებას და, შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-2 წინადადების სიტყვები „ხოლო მიღებული გადაწყვეტილება არ საჩივრდება“ არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი.

III
სარეზოლუციო ნაწილი

საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-5 პუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2, მე-5, მე-8 და მე-11 პუნქტების, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 25-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-6 პუნქტების, 27-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 29-ე მუხლის მე-6 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე და 45-ე მუხლების საფუძველზე,

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ა დ გ ე ნ ს:

1. №1506 კონსტიტუციური სარჩელი („ლევან დარსალია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) დაკმაყოფილდეს და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-2 წინადადების სიტყვები „შუამდგომლობა განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე“ და „ხოლო მიღებული გადაწყვეტილება არ საჩივრდება“ არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

2. არაკონსტიტუციური ნორმები ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი ამ გადაწყვეტილების საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.

3. გადაწყვეტილება ძალაშია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.

4.  გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

5. გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნოს მხარეებს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობას და საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

6. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე და გაეგზავნოს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.

კოლეგიის შემადგენლობა:

მანანა კობახიძე

ირინე იმერლიშვილი

ხვიჩა კიკილაშვილი

თეიმურაზ ტუღუში