„საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ჩვეულებრივი ოპერაციები) (საცხოვრებლად ვარგისი ქალაქების საინვესტიციო პროექტი თანაბარი განვითარებისთვის)“

„საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ჩვეულებრივი ოპერაციები) (საცხოვრებლად ვარგისი ქალაქების საინვესტიციო პროექტი თანაბარი განვითარებისთვის)“
დოკუმენტის ნომერი 1051
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 10/12/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/04/2022
ძალაში შესვლის თარიღი 07/04/2022
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016685
1051
10/12/2021
ვებგვერდი, 18/04/2022
480610000.03.030.016685
„საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ჩვეულებრივი ოპერაციები) (საცხოვრებლად ვარგისი ქალაქების საინვესტიციო პროექტი თანაბარი განვითარებისთვის)“
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
 
 

 

„საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ჩვეულებრივი ოპერაციები) (საცხოვრებლად ვარგისი ქალაქების საინვესტიციო პროექტი თანაბარი განვითარებისთვის)“

სესხის ნომერი 4134-GEO

 

სასესხო შეთანხმება

(ჩვეულებრივი ოპერაციები)

 

(საცხოვრებლად ვარგისი ქალაქების საინვესტიციო  პროექტი თანაბარი განვითარებისთვის)

 

საქართველოსა

 

და

 

აზიის განვითარების ბანკს

 

შორის

 

 

თარიღი 10 დეკემბერი 2021

 

 

GEO 53118

 

სასესხო შეთანხმება

(ჩვეულებრივი ოპერაციები)

სასესხო შეთანხმება დათარიღებული 2021 წლის 10 დეკემბრით  საქართველოსა („მსესხებელი“) და აზიის განვითარების ბანკს (შემდგომში “ADB”) შორის.

 

შეთანხმების თანახმად:

(ა) მსესხებელმა ADB-ს განაცხადით მიმართა სესხის გამოყოფის თაობაზე წინამდებარე სასესხო შეთანხმების 1-ელ განრიგში მითითებული პროექტის მიზნებისთვის;

(ბ) პროექტი განხორციელდება პროექტის განმახორციელებელი სააგენტოების მიერ და პროცესის ზედამხედველობას  უზრუნველყოფენ პროექტის აღმასრულებელი სააგენტოები (როგორც ეს წინამდებარე დოკუმენტში არის განსაზღვრული), და ამ მიზნით, მსესხებელი პროექტის აღმასრულებელი სააგენტოებისთვის ხელმისაწვდომს გახდის სესხის თანხებს, რომლებიც გაიცემა ADB-სთვის დამაკმაყოფილებელი ქვემოთ მოცემული ვადებით და პირობებით; და

(გ) ADB თანახმაა მსესხებელს სესხი მისცეს ADB-ს ჩვეულებრივი კაპიტალური რესურსებიდან იმ ვადებით და პირობებით, რომლებიც მითითებულია წინამდებარე დოკუმენტში და საპროექტო ხელშეკრულებებში (როგორც ეს ქვემოთ არის განსაზღვრული);

ზემოთ ხსენებულის გათვალისწინებით, მხარეები თანხმდებიან შემდეგზე:

 

მუხლი I

სასესხო რეგულაციები; განმარტებანი

პუნქტი 1.01. ADB-ს 2017 წლის 1 იანვრით დათარიღებული ჩვეულებრივი ოპერაციების სასესხო რეგულაციების (შემდგომში „სასესხო რეგულაციები“) ყველა დებულება ვრცელდება წინამდებარე სასესხო შეთანხმებაზე იმავე ძალითა და ეფექტით, როგორც მას ექნებოდა წინამდებარე დოკუმენტში, თუმცა ქვემოთ ჩამოთვლილი ცვლილებების გათვალისწინებით:

(ა) პუნქტი 2.01 (განმარტებები) ქვეპუნქტი (xx) უნდა იქნეს ამოღებული და მომზადდეს შემდეგი რედაქციით:

(xx) “სახელმძღვანელო ტარიფი” ნიშნავს, (i) გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ADB სხვაგვარად განსაზღვრავს ნაწილი 3.02(გ) შესაბამისად, ტარიფი ნებისმიერ სასესხო ვალუტასთან მიმართებით, გარდა ევროსი, LIBOR (ლონდონის ბანკთაშორის შეთავაზების ინდექსი), და ევროსთან, Euribor-თან (ევროს ბანკთაშორის შეთავაზების ინდექსი) მიმართებით; და (ii) თუ განმარტება მოცემულია ნაწილი 3.02(გ) შესაბამისად, ნებისმიერი სხვა სახელმძღვანელო ტარიფი და სასესხო ვალუტასთან დაკავშირებული ტარიფი, რომელსაც ADB გონივრულად განსაზღვრავს და დროულად შეატყობინებს მსესხებელს და გარანტორს.

(ბ) ახალი ქვეპუნქტი 3.02(გ) უნდა დაემატოს ქვეპუნქტი 3.02(ბ)-ს შემდეგ:

ნაწილი 3.02(გ). თუ სესხის ნებისმიერი ოდენობის საპროცენტო განაკვეთის დაანგარიშება ხდება LIBOR ან Euribor საფუძველზე და ADB განსაზღვრავს, რომ (i) აღნიშნული სახელმძღვანელო ტარიფის გამოყენება სამუდამოდ შეწყდა სესხის შესაბამისი ვალუტისთვის ან სახელმძღვანელო ტარიფის განმსაზღვრელი მარეგულირებლის მიერ გავრცელებული საჯარო განცხადების ან საჯარო ინფორმაციის საფუძველზე; ან თუ (ii) ADB-ს აღარ შეუძლია, ან მისთვის კომერციულად მისაღები აღარ არის აღნიშნული სახელმძღვანელო ტარიფის გამოყენება მის აქტივებთან მიმართებით და ვალდებულებების მართვისთვის, მაშინ ADB გამოიყენებს სხვა სახელმძღვანელო ტარიფს სესხის შესაბამისი ვალუტისთვის, მათ შორის სხვა ტარიფს, რომელიც მას მიაჩნია გონივრულად. ADB-მ დროულად უნდა აცნობოს მსესხებელს და გარანტორს მსგავსი ცვლილების შესახებ და სასესხო შეთანხმებაში ცვლილების შეტანის შესახებ, რაც ძალაში შევა შეტყობინების დღეს.

პუნქტი 1.02. წინამდებარე სასესხო შეთანხმებაში გამოყენებულ რამდენიმე ტერმინს, რომელიც განსაზღვრულია სესხის რეგულაციებით ექნება შესაბამისი მნიშვნელობა, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ წინამდებარე შეთანხმებით განმარტებაში ცვლილება არ შევა, ან თუ შინაარსი არ მოითხოვს სხვაგვარად. წინამდებარე სასესხო შეთანხმებაში გამოყენებულ დამატებით ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

(ა) „საკონსულტაციო მომსახურებები“ – ნიშნავს საკონსულტაციო მომსახურებებს, როგორც ეს შესყიდვების რეგულაციებით არის განსაზღვრული და აღწერილია შესყიდვის გეგმაში და რომლებიც დაფინანსდება სესხის თანხიდან;

(ბ) “EARF” – ნიშნავს გარემოს შეფასების და მიმოხილვის ჩარჩო დოკუმენტს, რომელიც მზადდება პროექტისთვის;

(გ) „გარემოს მართვის გეგმა“ ან “EMP” – ნიშნავს გარემოს მართვის გეგმას, რომელიც მომზადებულია ქვეპროექტისთვის, მოიცავს ნებისმიერ განახლებას, რომელიც წარმოადგენს IEE-ს ნაწილს;

(დ) „გარემოს უსაფრთხოება“ – ნიშნავს იმ პრინციპებსა და მოთხოვნებს, რომლებიც აღწერილია ქვემოთ SPS-ს  V თავის 1-ლ დანართში და მე-4 დანართში (შესაბამისობის მიხედვით);

(ე) „ფისკალური წელი“ – ნიშნავს მსესხებლის მიერ ანგარიშგების წელს, რომელიც იწყება 1 იანვარს და სრულდება 31 დეკემბერს, ან ნებისმიერ სხვა პერიოდს, რომელსაც მსესხებელი ADB-ს თანხმობის საფუძველზე განსაზღვრავს ანგარიშგების პერიოდად;

(ვ) “GAP” – ნიშნავს გენდერულ სამოქმედო გეგმას, რომელიც მზადდება პროექტისთვის, მათ შორის ნებისმიერ განახლებას და შეთანხმებას, რომელიც მომზადდება მსესხებელსა და ADB-ს შორის;

(ზ) „საქონელი“ – ნიშნავს აღჭურვილობას და მასალებს, როგორც ეს შესყიდვის გეგმით არის განსაზღვრული და რომლებიც დაფინანსდება სესხის თანხებით, მათ შორის არასაკონსულტაციო მომსახურებები, როგორიცაა: ტრანსპორტირება, დაზღვევა, მონტაჟი,  ექსპლუატაციაში ჩაშვება, ტრენინგი და შიდა ტექნიკური მომსახურება;

(თ) „გარემოს პირველადი შემოწმება“ ან “IEE” – ნიშნავს ქვეპროექტის  გარემოს პირველად შემოწმებას, მათ შორის ნებისმიერ მის განახლებას, რომელიც მომზადდება და წარდგენილი იქნება მსესხებლის მიერ და დადასტურდება ADB-ს მიერ;

(ი) „იძულებითი განსახლების უსაფრთხოების წესები“ – ნიშნავს იმ პრინციპებსა და მოთხოვნებს, რომლებიც აღწერილია ქვემოთ SPS-ს  V თავის 1-ლ დანართში და მე-4 დანართში (შესაბამისობის მიხედვით);

(კ) “IPSAS” – ნიშნავს საერთაშორისო საჯარო სექტორის ანგარიშგების სტანდარტებს, რომლებიც დადგენილია საერთაშორისო საჯარო სექტორის ანგარიშგების სტანდარტების საბჭოს მიერ;

(ლ) “LARF” – ნიშნავს პროექტისთვის მომზადებულ მიწის შესყიდვის და განსახლების ჩარჩო დოკუმენტს, მათ შორის ნებისმიერ მის განახლებას, რომელიც მომზადდება და წარდგენილი იქნება მსესხებლის მიერ და დადასტურდება ADB-ს მიერ;

(მ) “LARP” – ნიშნავს ქვეპროექტისთვის მომზადებულ მიწის შესყიდვის და განსახლების გეგმას, მათ შორის ნებისმიერ მის განახლებას, რომელიც მომზადდება და წარდგენილი იქნება მსესხებლის მიერ და დადასტურდება ADB-ს მიერ;

(ნ) „სესხის თანხების ჩამორიცხვის სახელმძღვანელო“ – ნიშნავს ADB-ის სესხის თანხების ჩამორიცხვის სახელმძღვანელოს (2017 წლის ვერსია, მასში პერიოდულად შეტანილი ცვლილებებით);

(ო) “MDF” – ნიშნავს საჯარო სამართლის იურიდულ პირს (სსიპ) საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს;

(პ) “MRDI” – ნიშნავს მსესხებლის რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს;

(ჟ) „არა-საკონსულტაციო მომსახურებები“ – ნიშნავს არა-საკონსულტაციო მომსახურებებს, რომლებიც აღწერილია შესყიდვების რეგულაციებში და შესყიდვის გეგმაში და რომლებიც დაფინანსდება სესხის თანხის საშუალებით;

(რ) “PAM” – ნიშნავს პროექტის ადმინისტრირების სახელმძღვანელოს, რომელიც დათარიღებულია 2021 წლის 9 სექტემბრით, შეთანხმებულია მსესხებელსა და ADB-ს შორის და ექვემდებარება პერიოდულ განახლებას მსესხებლის და ADB-ს მიერ განხორციელებული ადმინისტრაციული პროცედურების შესაბამისად;

(ს) „შესყიდვების გეგმა“ – ნიშნავს, პროექტის შესყიდვების გეგმას, რომელიც დათარიღებულია 2021 წლის 9 სექტემბრით, შეთანხმებულია მსესხებელსა და ADB-ს შორის და ექვემდებარება განახლებას შესყიდვის პოლიტიკის, შესყიდვის რეგულაციების, და ADB-სთან შეთანხმებული სხვა პირობების საფუძველზე;

(ტ) „შესყიდვების პოლიტიკა“ – ნიშნავს ADB-ს შესყიდვის პოლიტიკას – საქონლის, სამუშაოს, არასაკონსულტაციო და საკონსულტაციო მომსახურებებს (2017, მასში, პერიოდულად შეტანილი ცვლილებებით);

(უ) „შესყიდვების რეგულაციები“ – ნიშნავს ADB-ს მიერ მსესხებლებისთვის დადგენილ შესყიდვების რეგულაციებს – საქონელი, სამუშაოები, არასაკონსულტაციო და საკონსულტაციო მომსახურებები (2017 წლის ვერსია, მასში პერიოდულად შეტანილი ცვლილებებით);

(ფ)   „საპროექტო ხელშეკრულება“ – ნიშნავს თითოეულ საპროექტო შეთანხმებას, რომელიც ფორმდება ADB-ს და MDF-ს შორის რეგიონებისთვის და ADB, TCM და TDF თბილისისთვის და რომელიც ექვემდებარება პერიოდულად შესწორებას და კოლექტიურად მოიხსენება როგორც „საპროექტო ხელშეკრულებები“;

(ქ) „პროექტის აღმასრულებელი სააგენტო“ – სასესხო რეგულაციების მიზნების და მნიშვნელობისთვის, ნიშნავს (i) MRDI ან უფლებამონაცვლეს, რომელიც მისაღებია ADB-თვის და პასუხს აგებს პროექტის შესაბამისი ნაწილის განხორციელებაზე, რომელიც მოიცავს განსაზღვრული ქვეპროექტების განხორციელებას ძირითადად რეგიონებსა და ზოგჯერ ქალაქ თბილისში; და (ii) TCM ან ნებისმიერ უფლებამონაცვლეს, რომელიც მისაღებია ADB-თვის და პასუხისმგებელია პროექტის შესაბამისი ნაწილის განხორციელებაზე, რომელიც მოიცავს განსაზღვრული ქვეპროექტების განხორციელებას თბილისში, ისე როგორც   აღწერილია დეტალურად პროექტის ადმინისტრირების სახელმძღვანელოში, კოლექტიურად მოიხსენება როგორც „პროექტის აღმასრულებელი სააგენტოები“.

(ღ) „პროექტის განმახორციელებელი სააგენტო“ – ნიშნავს (i) MDF ან მის უფლებამონაცვლეს, რომელიც მისაღებია ADB-თვის და პასუხს აგებს რეგიონებში პროექტების განხორციელებაზე; და (ii) TDF ან ნებისმიერ მის უფლებამონაცვლეს, რომელიც მისაღებია ADB-თვის და პასუხს აგებს თბილისში პროექტების განხორციელებაზე, კოლექტიურად მოიხსენება როგორც „პროექტის განმახორციელებელი სააგენტოები“;

(ყ) „რეგიონები“ – ნიშნავს თბილისის გარე ტერიტორიებს;

(შ) “SDDR” – ნიშნავს სოციალური ვალდებულის ანგარიშს, რომელიც მზადდება ქვეპროექტისთვის, მათ შორის ნებისმიერ მის განახლებას, რომელიც მომზადდება და წარდგენილი იქნება მსესხებლის მიერ და დადასტურდება ADB-ს მიერ;

(ჩ) „მომსახურებები“ – ნიშნავს საკონსულტაციო მომსახურებებს და არასაკონსულტაციო მომსახურებებს;

(ც)   “SPS” – ნიშნავს ADB-ს უსაფრთხოების პოლიტიკის დებულებას (2009);

(ძ) “ქვე-პროექტი” – ნიშნავს თითოეულ და ნებისმიერ ქვეპროექტს, რომელიც აღწერილია PAM-ში, ან შეესაბამება პროექტის ფარგლებში დაფინანსებას ქვეპროექტის შერჩევის კრიტერიუმების მიხედვით და PAM-ით განსაზღვრული დამტკიცების პროცედურებს;

(წ) “TCM” – ნიშნავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტს, რომელიც შეიძლება მოიხსენიებოდეს, როგორც თბილისის მუნიციპალიტეტის მერია;

(ჭ) “TDF” – ნიშნავს თბილისის განვითარების ფონდს, არასამეწარმეო არაკომერციულ იურიდიულ პირს (ააიპ); და

(ხ) „სამუშაოები“ – ნიშნავს მშენებლობას ან სამშენებლო სამუშაოებს, რომლებიც განსაზღვრულია შესყიდვების გეგმით და ფინანსდება სესხის თანხებით, მათ შორის არასაკონსულტაციო მომსახურებებს და პროექტთან დაკავშირებულ მომსახურებებს, რომლებიც ხორციელდება ერთი პასუხისმგებლობის ან სამშენებლო შეთანხმების ფარგლებში.

 

მუხლი II

სესხი

პუნქტი 2.01. (ა) ADB თანახმაა მისი ჩვეულებრივი კაპიტალური რესურსიდან მსესხებელს ასესხოს თანხა ას ერთი მილიონი (€101,000,000) ევროს ოდენობით. აღნიშნული თანხა პერიოდულად შეიძლება დაკონვერტირდეს ვალუტის კურსის მიხედვით წინამდებარე სასესხო შეთანხმების პუნქტი 2.06 დებულებების შესაბამისად.

(ბ) სესხის ძირითადი თანხის გადახდის ვადა განისაზღვრება 15 წლით, ხოლო საშეღავათო პერიოდი განსაზღვრულია წინამდებარე პუნქტის (გ) ქვეპუნქტში.

(გ)  ტერმინი „საშეღავათო პერიოდი“, როგორც ეს (ბ) ქვეპუნქტში  არის განსაზღვრული, ნიშნავს პერიოდის სესხის ძირითადი თანხის გადახდის პირველ თარიღამდე, რომელიც განსაზღვრულია წინამდებარე შეთანხმების მე-2 განრიგში, მოცემული ამორტიზაციის გრაფიკით.

პუნქტი 2.02. მსესხებელი ADB-ს გადაუხდის სესხის ძირითადი თანხის პროცენტს, რომელიც გამოითვლება და პერიოდულად შესწორდება თითოეული საპროცენტო პერიოდის შესაბამისად, რომელიც უდრის შემდეგს:

(ა) Euribor;

(ბ) 0.60%, როგორც ეს სასესხო რეგულაციების პუნქტი 3.02-ით არის განსაზღვრული და 0.10% გამოკლებით, როგორც ეს სასესხო რეგულაციების პუნქტი 3.03-ით არის განსაზღვრული; და

(გ) სესხის დაფარვის ვადიანობის პრემია 0.20%, როგორც ეს სასესხო რეგულაციების პუნქტი 3.03-ით არის განსაზღვრული.

პუნქტი 2.03. მსესხებელმა უნდა გადაიხადოს ვალდებულების გადასახადი წელიწადში 0.15% ოდენობით. აღნიშნული გადასახადი გავრცელდება სესხის სრულ ოდენობაზე (დროთა განმავლობაში თანხის კლების შესაბამისად) და გადახდა დაიწყება წინამდებარე შეთანხმების გაფორმებიდან 60 დღის ვადაში.                

პუნქტი 2.04. სესხზე დარიცხული პროცენტი და აღნიშნულ სესხთან დაკავშირებული სხვა გადასახადების გადახდა მოხდება ნახევარ წელიწადში ერთხელ, 15 თებერვალს და 15 აგვისტოს, ყოველ წელიწადს.

პუნქტი 2.05. მსესხებელმა უნდა დაფაროს სესხის ძირი თანხა, რომლის გატანაც ხდება სესხის მომსახურე ანგარიშიდან  წინამდებარე შეთანხმების მე-2 განრიგში მითითებული დებულებების შესაბამისად.

პუნქტი 2.06. (ა) მსესხებელს შეუძლია სესხის მოქმედების ნებისმიერ ეტაპზე მოითხოვოს სესხის კონვერტაციის ქვემოთ ჩამოთვლილი პირობების გამოყენება, რათა  გონივრულად მოხდეს სესხის მართვა:

  1. სესხის ვალუტის ჩანაცვლება დადასტურებული ვალუტით სესხის ძირითადი თანხის მთლიანი ან გარკვეული ნაწილისთვის, მიუხედავად იმისა თანხა გატანილი და/ან ვადაგადაცილებულია თუ არა;
  1. სესხის ძირითადი თანხის გახარჯული და ვადაგადაცილებული სრული ან გარკვეული ნაწილისთვის საპროცენტო განაკვეთის საფუძვლის ცვალებადი ტარიფის ფიქსირებული ტარიფით ჩანაცვლება ან პირიქით; და
  1. სესხის ძირითადი თანხის გახარჯული და ვადაგადაცილებული სრული ან გარკვეული ნაწილისთვის ცვალებადი ტარიფის ზღვრის განსაზღვრა ცვალებადი საპროცენტო განკვეთისთვის მაქსიმალური ზღვრის დაწესებით.

(ბ) წინამდებარე პუნქტის (ა) ქვეპუნქტის შესაბამისად მოთხოვნილი კონვერტაცია, რომელიც მიღებული იქნება ADB-ს მიერ მიჩნეული იქნება „კონვერტაციად“, როგორც ეს სასესხო რეგულაციების პუნქტი 2.01(ვ)-ით არის განსაზღვრული, და იმოქმედებს სესხის რეგულაციების და კონვერტაციის სახელმძღვანელოს V მუხლის პირობების შესაბამისად.

 

მუხლი III

სესხის სახსრების გამოყენება

პუნქტი 3.01. მსესხებელი სესხის თანხებს ხელმისაწვდომს გახდის პროექტის აღმასრულებელი სააგენტოებისთვის იმ ვადებითა და პირობებით, რომლებიც დამაკმაყოფილებელი იქნება ADB-თვის და საშუალებას მისცემს პროექტის აღმასრულებელ სააგენტოებს გამოიყენონ თანხები უშუალო პროექტის მიზნებისთვის, როგორც ეს წინამდებარე შეთანხმებითა და შესაბამისი საპროექტო ხელშეკრულებით იქნება განსაზღვრული.

პუნქტი 3.02. სესხის თანხების გამოყოფა და გამოყენება უნდა მოხდეს წინამდებარე შეთანხმების მე-3 განრიგის შესაბამისად, ასევე განრიგში პერიოდულად შეტანილი ცვლილების შესაბამისად, რაც შეთანხმდება მსესხებელს და ADB-ს შორის.

პუნქტი 3.03.  გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სხვაგვარი შეთანხმება იქნება მიღწეული ADB-სთან, მსესხებელმა უნდა შეიძინოს ან ხელი შეუწყოს იმ პროდუქციის შეძენას, რომლისთვისაც თანხები გამოყოფილი იქნება სესხიდან. აღნიშნული შესყიდვა უნდა განხორციელდეს წინამდებარე სასესხო შეთანხმების მე-4 განრიგში მოცემული დებულებების შესაბამისად.

პუნქტი 3.04. სასესხო რეგულაციების პუნქტი 9.02 მიზნებისთვის სესხის დახურვის თარიღი იქნება 2028 წლის 30 ივნისი, ან ნებისმიერი სხვა თარიღი, რომელიც შეიძლება პერიოდულად შეიცვალოს და განისაზღვროს მსესხებელსა და ADB-ს შორის შეთანხმების საფუძველზე.

 

მუხლი IV

განსაკუთრებული პირობები

პუნქტი 4.01. პროექტის განხორციელების და პროექტის ნაგებობების ექსპლუატაციის დროს მსესხებელმა უნდა შეასრულოს ან ხელი უნდა შეუწყოს ყველა იმ ვალდებულების შესრულებას, რომელიც გათვალისწინებულია წინამდებარე შეთანხმების მე-4 განრიგით და საპროექტო ხელშეკრულებით.

პუნქტი 4.02. (ა) მსესხებელმა, პროექტის აღმასრულებელი ან/და განმახორციელებელი სააგენტოების საშუალებით უნდა (i) აწარმოოს ცალკე ანგარიშები და ჩანაწერები პროექტისთვის; (ii) მოამზადოს პროექტის ყოველწლიური ფინანსური ანგარიშგება ADB-ს ფინანსური ანგარიშგების სტანდარტების შესაბამისად; (iii) უზრუნველყოს აღნიშნული ფინანსური ანგარიშების ყოველწლიური აუდიტის ჩატარება დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ, რომლის კვალიფიკაცია, გამოცდილება და ტექნიკური დავალება მისაღები იქნება ADB-სთვის; (iv) აუდიტის ფარგლებში უზრუნველყოს აუდიტორის მიერ ანგარიშის მომზადება, რომელშიც გათვალისწინებული იქნება აუდიტის მოსაზრება (მოსაზრებები) ფინანსურ მონაცემებზე და სესხის სახსრების გამოყენებაზე, ასევე მენეჯმენტის წერილი (რომელიც ასახავს აუდიტის ფარგლებში გამოვლენილ პროექტის შიდა კონტროლის ხარვეზებს ასეთის არსებობის შემთხვევაში); და (v) თითოეული ფისკალური წლის დასრულებიდან არაუგვიანეს 6 თვის შემდეგ მიაწოდოს ADB-ს აუდიტის ფინანსური დოკუმენტაცია, აუდიტის ანგარიში და მენეჯმენტის წერილი. აღნიშნული დოკუმენტაცია უნდა მომზადდეს ინგლისურ ენაზე და ADB-ს უნდა წარედგინოს სხვა დამატებით ინფორმაციასთან და აუდიტის მონაცემებთან ერთად, ADB-ს მიერ პერიოდული, გონივრული მოთხოვნის საფუძველზე.

(ბ) ADB პროექტთან დაკავშირებულ წლიური აუდიტის მონაცემებს და აუდიტის მოსაზრებებს საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნებს დოკუმენტაციის დადასტურებიდან 14 დღის ვადაში.

(გ) მსესხებელმა, პროექტის აღმასრულებელი ან/და განმახორციელებელი სააგენტოს მეშვეობით, საშუალება უნდა მისცეს ADB-ს, ADB-ს მიერ მოთხოვნის შემთხვევაში განიხილოს პროექტის ფინანსური დოკუმენტები და მსესხებლის ფინანსური ურთიერთობები აუდიტთან, რომელიც დაინიშნება ზემოთ მოცემული (ა)(iii) ქვეპუნქტის შესაბამისად და ნება დართოს და მოსთხოვოს აუდიტის წარმომადგენელს მონაწილეობა მიიღოს განხილვაში ADB-ს მოთხოვნის საფუძველზე. აღნიშნული განხილვა ჩატარდება მხოლოდ მსესხებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის მონაწილეობით, თუ სხვაგვარად არ მოხდება შეთანხმება მსესხებელთან.

პუნქტი 4.03. მსესხებელი, პროექტის აღმასრულებელი ან/და განმახორციელებელი სააგენტოების გამოყენებით საშუალებას მისცემს ADB-ს წარმომადგენლებს განახორციელონ პროექტის, საქონლის და სამუშაოების, ასევე ნებისმიერი შესაბამისი ჩანაწერისა და დოკუმენტაციის ინსპექტირება.

პუნქტი 4.04. მსესხებელმა უნდა განახორციელოს ყველა მოქმედება, რომელიც აუცილებელი იქნება პროექტის აღმასრულებელი და განმახორციელებელი სააგენტოების მიერ საპროექტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად. ასევე, არ უნდა განახორციელოს ან არ უნდა დაუშვას ისეთი მოქმედებების განხორციელება, რომლებიც ხელს შეუშლის აღნიშნული ვალდებულებების შესრულებას.

 

მუხლი V

ძალაში შესვლა

პუნქტი 5.01. სასესხო რეგულაციების პუნქტი 10.04-ის მიზნებისთვის წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის მისი თარიღიდან 120 დღის შემდეგ.

 

მუხლი VI

სხვა დებულებები

პუნქტი 6.01. სასესხო რეგულაციების პუნქტი 12.02 მიზნებისთვის, მსესხებლის ფინანსთა მინისტრი წარმოადგენს მსესხებლის წარმომადგენელს.

პუნქტი 6.02. სასესხო რეგულაციების პუნქტი 12.01 მიზნებისთვის გამოყენებული იქნება ქვემოთ მოცემული მისამართები:

 

მსესხებელი

ფინანსთა სამინისტრო

ვ. გორგასლის 16, 0114

თბილისი, საქართველო

 

Email: publicdebt@mof.ge

                                    

 ADB

აზიის განვითარების ბანკი

6 ADB გამზირი

ქალაქი მანდალუიონგი

1550 მეტრო მანილა

ფილიპინები

 

ფაქსიმილის ნომრები:

 

(632) 8636-2444

(632) 8636-2484.

 

ზემოთ ხსენებულის დასტურად, მხარეები, რომლებიც მოქმედებენ მათი უფლებამოსილი წარმომადგენლების საშუალებით, ხელს აწერენ წინამდებარე სასესხო შეთანხმებას ზემოთ ხსენებულ დღესა და წელს, და ეს შეთანხმება გადაეგზავნება ADB-ს ოფისს.

 

 

                                                            საქართველო

 

______________________________

ლაშა ხუციშვილი

ფინანსთა მინისტრი

 

აზიის განვითარების ბანკი 

________________________________                                       

შეინ როზენტალი

რეგიონული დირექტორი

საქართველოში ადგილობრივი მისია                                                       

 

 

განრიგი 1

პროექტის აღწერილობა

1. პროექტის მიზანი არის საცხოვრებელი პირობებისა და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის გაუმჯობესება საქართველოში.

2. პროექტი შედგება:

(ა) კომპონენტი 1: რეაბილიტირებული და აშენებული ინკლუზიური და კლიმატის გამძლე ურბანული ინფრასტრუქტურა და გაუმჯობესებული მომსახურებების აღდგენა და მოწყობა. აღნიშნული კომპონენტი ხელს შეუწყობს ქვეპროექტებს, მათ შორის  ურბანული ცენტრების, სხვა დასახლებებისა და მომიჯნავე ტერიტორიების განახლებას, სათემო ნაგებობების მშენებლობას და პარკებისა და საჯარო სივრცეების გათვალისწინებას უნივერსალური დიზაინის და მისაღები სტანდარტების შესაბამისად.

(ბ) კომპონენტი 2: ხელმისაწვდომობა, კავშირი, მობილობა ტურისტულ კლასტერებში საქართველოს მასშტაბით გაუმჯობესდება. აღნიშნული კომპონენტი ხელს შეუწყობს ქვეპროექტებს, მათ შორის კულტურის ცენტრების, ქალაქის ისტორიული ცენტრების და საინტერესო ადგილების რეაბილიტაციას და განახლებას, ასევე ქუჩების და ურბანული სატრანსპორტო სისტემების გაუმჯობესებას.

(გ) კომპონენტი 3: ინსტიტუციური  გაძლიერება მდგრადი, ურბანული და რეგიონული განვითარებისთვის. აღნიშნული კომპონენტის ფარგლებში, ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების სწავლება და სემინარები ჩაუტარდება პროექტის აღმასრულებელი და განმახორციელებელი სააგენტოების, მუნიციპალიტეტების და საჯარო სტრუქტურების წარმომადგენლებს. ასევე, ფინანსური დახმარება ხელმისაწვდომი გახდება მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების და მეწარმეებისთვის, რომლებიც მუშაობენ საპროექტო ტერიტორიაზე.

3. აღნიშნული პროექტის დასრულება მოსალოდნელია 2027 წლის 30 დეკემბრისთვის.

 

განრიგი 2

ამორტიზაციის გრაფიკი

1. ქვემოთ მოცემული ცხრილი ასახავს სესხის ძირითადი თანხის გადახდის თარიღებს და გადახდის დღის გადასახდელ ძირითადი თანხის პროცენტულ მაჩვენებელს (გადახდის წილი). თუ გადახდის პირველი დღისთვის სრულად იქნება გახარჯული სესხის ფარგლებში ხელმისაწვდომი სახსრები, მაშინ მსესხებლის მიერ გადახდის თითოეულ დღეს გადასახდელი თანხის ოდენობა განისაზღვრება ADB-ს მიერ შემდეგის გამრავლებით: (ა) გადახდის პირველი დღისთვის გამოყენებული და გადასახდელი თანხის ჯამური ოდენობა; (ბ) თითოეული გადახდის დღისთვის გადასახდელ წილზე გამრავლებით- გადასახდელი ოდენობა შეიცვლება საჭიროების შესაბამისად და გამოაკლდება ნებისმიერი ის თანხა, რომელიც მითითებულია ამ განრიგის მე-4 პუნქტში, რომელსაც შეეხება ვალუტის კონვერტაცია.

 

გადახდის თარიღი

გადახდის წილი გამოსახული %

15 თებერვალი 2033

3.333333%

15 აგვისტო 2033

3.333333%

15 თებერვალი 2034

3.333333%

15 აგვისტო 2034

3.333333%

15 თებერვალი 2035

3.333333%

15 აგვისტო 2035

3.333333%

15 თებერვალი 2036

3.333333%

15 აგვისტო 2036

3.333333%

15 თებერვალი 2037

3.333333%

15 აგვისტო 2037

3.333333%

15 თებერვალი 2038

3.333333%

15 აგვისტო 2038

3.333333%

15 თებერვალი 2039

3.333333%

15 აგვისტო 2039

3.333333%

15 თებერვალი 2040

3.333333%

15 აგვისტო 2040

3.333333%

15 თებერვალი 2041

3.333333%

15 აგვისტო 2041

3.333333%

15 თებერვალი 2042

3.333333%

15 აგვისტო 2042

3.333333%

15 თებერვალი 2043

3.333333%

15 აგვისტო 2043

3.333333%

15 თებერვალი 2044

3.333333%

15 აგვისტო 2044

3.333333%

15 თებერვალი 2045

3.333333%

15 აგვისტო 2045

3.333333%

15 თებერვალი 2046

3.333333%

15 აგვისტო 2046

3.333333%

15 თებერვალი 2047

3.333333%

15 აგვისტო 2047

3.333343%

ჯამი

100.000000%

 

2. თუ გადახდის პირველი დღისთვის სესხის სახსრები არ იქნება სრულად გამოყენებული, მაშინ მსესხებლის მიერ გადახდის თითოეული დღისთვის გადასახდელი თანხა განისაზღვრება შემდეგნაირად:

(ა) თუ გადახდის პირველი დღისთვის განაღდებულია სესხის ნებისმიერი ოდენობა, მაშინ მსესხებელი გადაიხდის გამოყენებულ თანხას და გადახდის დღის გადასახდელ თანხას, რომელიც გათვალისწინებულია ამ განრიგის 1-ლი პუნქტით; და

(ბ) გადახდის პირველი დღის შემდეგ გამოყენებული ნებისმიერი თანხის გადახდა უნდა მოხდეს გადახდის თითოეულ დღეს იმ ოდენობით, რომელსაც განსაზღვრავს ADB გამოყენებული თანხის ნაწილზე გამრავლებით, რომლის რიცხობრივი გამოსახულება განისაზღვრება გადახდის წილით, რომელიც მოცემულია წინამდებარე განრიგის 1-ლ პუნქტში (გადახდის წილი) და რომლის დენომინატორი უნდა იყოს გადახდის დღისთვის დარჩენილი გადახდის წილი, გადასახდელი ოდენობა შეიცვლება საჭიროების შესაბამისად და გამოაკლდება ნებისმიერი ის თანხა, რომელიც მითითებულია ამ განრიგის მე-4 პუნქტში, რომელსაც შეეხება ვალუტის კონვერტაცია.

3. გადახდის ნებისმიერ თარიღამდე 2 კალენდარული თვით ადრე განხორცილებული ნებისმიერი განაღდება უშუალოდ გადასახდელი თანხის დაანგარიშების მიზნით მიიჩნევა გადახდის მეორე დღისთვის გამოყენებულ თანხად და გადახდას დაექვემდებარება გამოყენების დღის მომდევნო გადახდის დღეს.

4. წინამდებარე განრიგის 1-ლ და მე-2 პუნქტებში მოცემული დებულებების მიუხედავად, მთლიანი ან  ნაწილობრივ გამოყენებული თანხის დამტკიცებული ვალუტაში კონვერტაციის შემთხვევაში, კონვერტირებული თანხა, რომელიც ექვემდებარება გადახდას კონვერტაციის პერიოდში განისაზღვრება ADB-ს მიერ ორიდან ერთერთი მეთოდით: (ა) გაცვლითი კურსით, რომელიც ასახავს ძირ თანხას დამტკიცებულ ვალუტაში, რომლის გადახდაც უნდა მოხდეს ვალუტის ჰეჯირების ტრანზაქციის ფარგლებში, რომელიც უკავშირდება კონვერტაციას; ან (ბ) თუ ADB გადაწყვეტს კონვერტაციის სახელმძღვანელოების ფარგლებში, სახელმძღვანელო ტარიფის გაცვლის კომპონენტის შესაბამისად.

5. თუ მოხდება გამოყენებული თანხის ერთზე მეტ სასესხო ვალუტაში დენომინირება, მაშინ წინამდებარე განრიგის დებულებები გამოყენებული იქნება ცალ-ცალკე, სესხის თითოეული დენომინირებული ვალუტისთვის, რათა თითოეული ასეთი თანხისთვის განისაზღვროს ცალკე ამორტიზაციის გრაფიკი.

 

განრიგი  3

სესხის თანხების გამოყოფა და მიღება

ზოგადი დებულება

1. წინამდებარე განრიგის დანართად მოცემული ცხრილი განსაზღვრავს ხარჯების კატეგორიებს, რომლებიც დაფინანსდება სესხით გათვალისწინებული სახსრების გამოყენებით და იმ სახსრებს, რომლებიც გათვალისწინებულია თითოეული კატეგორიისთვის („ცხრილი“). (წინამდებარე განრიგში სიტყვა „კატეგორია“ მიუთითებს ცხრილში მოცემულ კატეგორიაზე).

 

სესხის ანგარიშიდან თანხის გამოთხოვის საფუძველი

 

2. თუ სხვაგვარად არ მოხდება შეთანხმება ADB-სთან, სესხის სახსრები გამოყოფილი უნდა იქნას და განაწილდეს ხარჯებისთვის და თითოეული განაღდების საბაზისო პროცენტული ოდენობა განისაზღვრება ქვემოთ მოცემული ცხრილით.

 

პროცენტისა და ვალდებულების ხარჯები

 

3. რაოდენობა, რომელიც მოცემულია „პროცენტის და ვალდებულების საფასურის“ კატეგორიაში, განკუთვნილია პროექტის განხორციელების ეტაპზე პროცენტის და ვალდებულების ხარჯების დასაფინანსებლად. ADB უფლებამოსილია გამოიტანოს სესხის ანგარიშიდან და გადაიხადოს თავად, მსესხებლის სახელით, თანხები, რომლებიც საჭიროა გადასახდელების დასაფარად, საჭიროებისამებრ, ამგვარი პროცენტებისა და ვალდებულებებისთვის.

 

გადანაწილება

4. მიუხედავად სესხის სახსრების განაწილების და პროცენტული მაჩვენებლებისა, რომლებიც მოცემულია ცხრილში ქვემოთ,

(ა) თუ ნებისმიერი კატეგორიისთვის გამოყოფილი თანხა არ იქნება საკმარისი კატეგორიისთვის განსაზღვრული ყველა ხარჯის დასაფარად, მაშინ ADB-მ შეიძლება მსესხებელთან კონსულტაციის საფუძველზე: (i) გადაანაწილოს კატეგორიისთვის გამოყოფილი სახსრები, რათა გამოსწორდეს კონკრეტული კატეგორიის ხარვეზები. ამისთვის ADB-მ შეიძლება თანხა მოაკლოს იმ კატეგორიას, რომელსაც მისი შეხედულებით არ სჭირდება გამოყოფილი თანხა სრული ოდენობით; და (ii) თუ თანხის გადანაწილება საკმარისი არ იქნება ხარვეზის გამოსასწორებლად, შეამციროს განაღდების პროცენტი, რომელიც განსაზღვრულია აღნიშნული ხარჯისთვის, რათა დაიფაროს კონკრეტული კატეგორიისთვის დადგენილი ხარჯები; და

(ბ) თუ ნებისმიერი კატეგორიისთვის გათვალისწინებული სესხის სახსრები აღემატება კატეგორიისთვის განსაზღვრულ დადგენილ ხარჯებს, მაშინ ADB-მა მსესხებლის შეტყობინების საფუძველზე შესაძლოა გადაანაწილოს თანხა ნებისმიერი სხვა კატეგორიიდან კონკრეტულ კატეგორიაზე.

 

ჩამორიცხვის პროცედურები

 

5. თუ სხვაგვარად არ მოხდება ADB-თან შეთანხმება, სესხის სახსრების  ჩამორიცხვა უნდა მოხდეს სესხის ჩამორიცხვის სახელმძღვანელოს შესაბამისად.

 

რეტროაქტიული დაფინანსება

 

6. სასესხო ანგარიშიდან თანხის განაღდება შეიძლება მოხდეს პროექტით გათვალისწინებული შესაბამისი ხარჯების დასაფარად ძალაში შესვლის თარიღამდე, მაგრამ არა წინამდებარე შეთანხმების თარიღამდე 20 თვით ადრე, რეტროაქტიული დაფინანსების ფარგლებში და მხოლოდ სასესხო თანხის მაქსიმუმ 20% ექვივალენტის ოდენობით.

 

 

მე-3 განრიგის დანართი

ცხრილი

 

სესხის სახსრების გამოყოფა და განაღდება

ნომერი

დასახელება

ADB დაფინასებისთვის გამოყოფილი ჯამური ოდენობა

სესხის ანგარიშიდან განაღდების საფუძველი

კატეგორია

1

სამუშაოები,  საქონელი,  საკონსულტაციო და არასაკონსულტაციო სერვისი

 

95,600,000

მოთხოვნილი* ხარჯის 100%

2

გარემო და სოციალური შემარბილებელი მოქმედებები

 

500,000

მოთხოვნილი* ხარჯის 100%

3

პროცენტის და ვალდებულების ხარჯები

4,300,000

 

4

 

ადმინისტრაციული ხარჯები

600,000

მოთხოვნილი* ხარჯის 100%

 

ჯამი

 

101,000,000

 

 

*       მსესხებლის ტერიტორიაზე დადგენილი გადასახადების და სხვა ვალდებულებების გამოკლებით.

 

განრიგი 4

პროექტის შესრულება; ფინანსური საკითხები

 

იმპლემენტაციის ღონისძიებები

1. მსესხებელმა უნდა უზრუნველყოს, ან ხელი უნდა შეუწყოს პროექტის აღმასრულებელი და/ან განმახორციელებელი სააგენტოების მიერ პროექტის PAM-ით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად დანერგვას. PAM-ის ნებისმიერი მომდევნო ცვლილება ძალაში შევა მსგავსი ცვლილების პროექტის თითოეული აღმასრულებელი ან/და განმახორციელებელი სააგენტოს (რომელზეც გავლენას მოახდენს შემოთავაზებული ცვლილებები) და ADB-ს მიერ დამტკიცების შემდეგ. PAM-სა და წინამდებარე შეთანხმებას შორის შეუსაბამობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება წინამდებარე შეთანხმებას.

           

შესყიდვა

2. მსესხებელმა უნდა უზრუნველყოს, ან ხელი უნდა შეუწყოს პროექტის აღმასრულებელ და/ან განმახორციელებელ სააგენტოებს, რათა:

(ა) მოხდეს საქონლის, სამუშაოების და მომსახურებების შესყიდვა შესყიდვის პოლიტიკის და შესყიდვის რეგულაციების შესაბამისად;

(ბ) საქონლის, სამუშაოების და მომსახურებების შესყიდვა უნდა ეფუძნებოდეს წინასწარ მომზადებულ შესყიდვის გეგმას, მათ შორის შესყიდვის და შერჩევის მეთოდებს, სავალდებულო დოკუმენტების სახეობას და ADB-ს მოთხოვნების გათვალისწინებას. მსესხებელს შეუძლია ADB-თან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე ცვლილებები შეიტანოს შესყიდვის გეგმაში და აღნიშნული ცვლილებები უნდა აისახოს განახლებულ შესყიდვის გეგმაში; და

(გ) (i) ყველა შესყიდული საქონელი და სამუშაო, ასევე მიღებული მომსახურებები (მათ შორის კომპიუტერული ტექნიკა, პროგრამები და სისტემები, შესყიდული ინდივიდუალურად, ან სხვა პროდუქციასთან და მომსახურებებთან ერთობლიობაში) არ უნდა არღვევდეს ან საფრთხეს არ უნდა უქმნიდეს ნებისმიერ ინდუსტრიულ საკუთრებას ან ინტელექტუალური საკუთრების უფლებას, ან მესამე მხარის სხვა უფლებებს; და (ii) საქონლის, სამუშაოებების და მომსახურებების ყველა შეთანხმება უნდა მოიცავდეს შესაბამის წარმომადგენლობას, გარანტიებს და შესაბამისობის შემთხვევაში კონტრაქტორის, მომწოდებლის, კონსულტანტის ან მომსახურების მომწოდებლის გარანტიებს, რომლებიც შეეხება წინამდებარე ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

 

შეთანხმების გაფორმების პირობები

 

3. მსესხებელმა, პროექტის აღმასრულებელმა და/ან განმახორციელებელმა სააგენტოებმა არ უნდა გააფორმონ შეთანხმებები სამუშაოებისთვის, რომლებიც გულისხმობს გარემოზე ზემოქმედებას, ვიდრე:

 

(ა) მსესხებლის უფლებამოსილი უწყება არ დაამტკიცებს საბოლოო IEE; და ADB არ დაეთანმხება IEE-ს; და

(ბ) EMP-ის შესაბამისი დებულებები გათვალისწინებული არ იქნება სამუშაოების შეთანხმებაში.

4. მსესხებელმა, პროექტის აღმასრულებელმა და/ან განმახორციელებელმა სააგენტოებმა არ უნდა გააფორმონ სამუშაოების ისეთი შეთანხმება, რომელიც მოიცავს იძულებითი განსახლების ზემოქმედებას, ვიდრე პროექტის დეტალურ გეგმაზე დაყრდნობით არ დამტკიცდება, ADB-ს არ წარედგინება და ამ უკანასკნელის მიერ მიღებული არ იქნება LARP.

 

უსაფრთხოება

 

გარემო

 

5. მსესხებელმა უნდა უზრუნველყოს, ან ხელი შეუწყოს პროექტის აღმასრულებელი და/ან განმახორციელებელი სააგენტოების მიერ თითოეული ქვეპროექტის და ქვეპროექტის ნაგებობების მიერ  მომზადების, დაპროექტების, მშენებლობის, განხორციელების და საჭიროების შემთხვევაში ოპერირების და დასრულების დროს ჩამოთვლილ მოთხოვნებთან შესაბამისობაში: (ა) მსესხებლის გარემოსთან, ჯანდაცვასთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ყველა კანონის და რეგულაციის დაკმაყოფილება; (ბ) გარემოს უსაფრთხოება; და (გ) ყველა იმ ზომის და მოთხოვნის დაკმაყოფილება, რომელიც განსაზღვრულია EARF, IEE, EMP, და ნებისმიერი მაკორექტირებელი ან პრევენციული ზომით, რომელიც ასახულია უსაფრთხოების მონიტორგინის ანგარიშში.

 

მიწის შესყიდვა და იძულებითი განსახლება

 

6. მსესხებელმა უნდა უზრუნველყოს, ან ხელი უნდა შეუწყოს პროექტის აღმასრულებელი და/ან განმახორციელებელი სააგენტოების მიერ მიწის  და ყველა უფლების სამუშაოების კონტრაქტორისათვის ხელმისაწვდომობა იმ გრაფიკის შესაბამისად, რომელიც განსაზღვრულია სამუშაოების შეთანხმებით და მიწის შესყიდვის და განახლებების აქტივობების დანერგვა (ა) მსესხებლის მიწის შესყიდვის და იძულებითი განსახლების ყველა შესაბამისი კანონისა და რეგულაციის გათვალისწინებით; (ბ) იძულებითი განსახლების უსაფრთხოების ნორმების დაცვით; და (გ) LARF და LARP (შესაბამისობის შემთხვევაში) გათვალისწინებული ყველა ზომისა და მოთხოვნის დაკმაყოფილებით, ასევე ნებისმიერი მაკორექტირებელი ან პრევენციული ზომის დაცვით, რომელიც ასახულია უსაფრთხოების მონიტორგინის ანგარიშში.

7. იძულებითი განსახლების უსაფრთოხების ნორმების, LARF ან LARP გამოყენების შეზღუდვის გარეშე, მსესხებელმა უნდა უზრუნველყოფს ან ხელი შეუწყოს, რათა პროექტის აღმასრულებელი და/ან განმახორციელებელი სააგენტოების მიერ ქვეპროექტთან მიმართებით არ მოხდეს არანაირი ფიზიკური ან ეკონომიკური განსახლების გამოყენება, ვიდრე:

(ა) ზემოქმედების ქვეშ მოქცეულ პირებს არ მიეცემათ კომპენსაცია და არ დაუკმაყოფილდება სხვა უფლებები, როგორც ეს განსაზღვრულია LARP-ით; და

(ბ) არ მოხდება შემოსავლის და საცხოვრებელი პირობების აღდგენის პროგრამის დანერგვა LARP-ის შესაბამისად.

 

უსაფრთხოებასთან დაკავშირებული დებულებები სავალდებულო დოკუმენტებში და სამუშაოების შეთანხმებებში

8. მსესხებელმა უნდა უზრუნველყოს, ან ხელი შეუწყოს პროექტის აღმასრულებელი და/ან განმახორციელებელი სააგენტოების მიერ სამუშაოებთან დაკავშირებული სავალდებულო დოკუმენტების და შეთანხმებების დადების დროს კონტრაქტებში შემდეგი დებულებების შეტანა:

(ა) კონტრაქტორი უნდა დაემორჩილოს შესაბამისი ქვე-პროექტის IEE, EMP, და LARP-ით გათვალისწინებულ მოთხოვნებს (თუ სამშენებლო სამუშაოების დროს ზეგავლენის ქვეშ ექცევა ზემოქმედების ქვეშ მოქცეული მოსახლეობა) და ნებისმიერ მაკორექტირებელ ან პრევენციულ ზომას, რომელიც განსაზღვრულია უსაფრთხოების მონიტორინგის ანგარიშში;

(ბ) გამოყოს ბიუჯეტი ყველა მსგავსი გარემოსდაცვითი და სოციალური ზომებისთვის;

(გ) მსესხებელს წერილობით აცნობოს ნებისმიერი მოულოდნელი გარემოსთან, განსახლებასა ან ადგილობრივ მოსახლეობასთან დაკავშირებულ რისკებზე ან ზემოქმედებაზე, რომელიც წარმოიშვება ქვეპროექტის მშენებლობის, დანერგვის ან ექსპლუატაციის დროს და რომელიც გათვალისწინებული არ ყოფილა შესაბამისი ქვეპროექტის IEE, EMP, LARP და SDDR დოკუმენტებით;

(დ) აღრიცხოს გზების, სასოფლო-სამეურნეო მიწების და სხვა ინფრასტრუქტურის მდგომარეობა მასალების ტრანსპორტირების და მშენებლობის პროცესის დაწყებამდე; და

(ე) დაუბრუნოს  გასასვლელებს, სხვა ადგილობრივ ინფრასტრუქტურას და სასოფლო-სამეურნეო მიწებს სულ მცირე ის მდგომარეობა, რომლებშიც ისინი იმყოფებოდა პროექტის მშენებლობის დასრულებამდე.

 

უსაფრთხოების მონიტორინგი და ანგარიშგება

9. მსესხებელმა უნდა უზრუნველყოს, ან ხელი შეუწყოს პროექტის აღმასრულებელი და/ან განმახორციელებელი სააგენტოების მიერ შემდეგი მოქმედებების განხორიცელებას:

(ა) ADB-ს უნდა წარედგინოს უსაფრთხოების მონიტორინგის კვარტლური ანგარიში და დროულად, ანგარიშის წარდგენისას გადაეცეს შესაბამისი ინფორმაცია ზემოქმედების ქვეშ მოქცეულ პირებზე; და

(ბ) თუ ქვეპროექტის მშენებლობის, დანერგვის ან ოპერირების დროს წარმოიქმნება მოულოდნელი გარემოსდაცვითი და/ან სოციალური რისკი და ზემოქმედება, რომელიც გათვალისწინებული არ ყოფილა IEE, EMP და LARP-ით, მაშინ ამის შესახებ დროულად უნდა ეცნობს ADB-ს და მიეწოდოს მოვლენის დეტალური აღწერილობა შემოთავაზებულ მაკორექტირებელ მოქმედებათა გეგმასთან ერთად.

 

აკრძალული ინვესტიციების ნუსხა

10. მსესხებელმა უნდა უზრუნველყოს, ან ხელი შეუწყოს პროექტის აღმასრულებელი და/ან განმახორციელებელი სააგენტოების მიერ არ მოხდეს სესხის სახსრების გამოყენება იმ აქტივობების დაფინანსებისთვის, რომლებიც გაწერილია SPS-ის მე-5 დანართში.

 

გასაჯაროება

11. მსესხებელი უზრუნველყოფს, რომ პროექტის აღმასრულებელმა სააგენტოებმა ან/და პროექტის განმახორციელებელმა სააგენტოებმა მოახდინონ პროექტის საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის გასაჯაროება, მათ შორის და შეზღუდვების გარეშე პროექტთან დაკავშირებული ზოგადი ინფორმაციის, შესყიდვების, პროექტის მიმდინარეობის, შეთანხმების დეტალების, IEE, მათ შორის, EMP, LARF, LARP, SDDR, კვარტლური გარემოსდაცვითი და სოციალური მონიტორინგის ანგარიშების, GAP და პროექტის ფინანსური აუდიტის მონაცემების გამოქვეყნება.

 

შრომის სტანდარტები, ჯანმრთელობა და უსაფრთხოება

12. მსესხებელი უზრუნველყოფს, ან ხელს შეუწყობს პროექტის აღმასრულებელი და/ან განმახორციელებელი სააგენტოების მიერ პროექტის განხორციელებისას შრომის ძირითადი სტანდარტების და მსესხებლის შესაბამისი კანონებისა და რეგულაციების დაცვას. მსესხებელმა, თვითონ ან პროექტის აღმასრულებელი ან/და პროექტის განმახორციელებელ სააგენტოების მეშვეობით სავალდებულო დოკუმენტებში და ADB-ს მიერ დაფინანსებულ ქვეპროექტების შეთანხმებებში სხვა პირობებთან ერთად უნდა გაითვალისწინოს შემდეგი: (ა) კონტრაქტორი უნდა დაემორჩილოს მსესხებლის შრომის კანონებს და რეგულაციებს და გაითვალისწინოს შრომის უსაფრთოხების ნორმები; (ბ) კონტრაქტორმა არ უნდა გამოიყენოს ბავშვთა შრომა; (გ) კონტრაქტორმა არ უნდა მოახდინოს დასაქმებულების დისკრიმინაცია მათი დასაქმების და საქმიანობის საფუძველზე; (დ) არ უნდა იქნეს გამოყენებული იძულებითი შრომა; (ე) დასაქმებულებს უნდა ჰქონდეთ გაერთიანების თავისუფლება და კოლექტიური მოლაპარაკების უფლება; და (ვ) უნდა მოხდეს შესაბამისი მომსახურების პროვაიდერების ჩართვა, რათა გავრცელდეს სქესობრივად გადამდებ დაავადებებთან, მათ შორის, აივ ინფექციასთან/შიდსთან დაკავშირებული ინფორმაცია და ეს ინფორმაცია მიეწოდოს კონტრაქტორის იმ თანამშრომლებს, რომლებიც ჩართული იქნებიან ქვეპროექტის განხორციელებაში, ასევე ადგილობრივი თემების წარმომადგენლებს, განსაკუთრებით კი ქალებს, რომლებიც ქვეპროექტის სიახლოვეს ცხოვრობენ.

13. მსესხებელმა პროექტის აღმასრულებელი და განმახორციელებელი სააგენტოების საშუალებით მკაცრად უნდა გააკონტროლოს მე-12 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილება და რეგულარულად მიწოდოს ანგარიში ADB-ს. 

 

გენდერი და განვითარება

14. მსესხებელმა პროექტის აღმასრულებელი და განმახორციელებელი სააგენტოების საშუალებით უნდა უზრუნველყოს, რომ (ა) GAP-ის დანერგვა მოხდეს მასში გათვალისწინებული პირობების შესაბამისად; (ბ) სავალდებულო დოკუმენტებში და შეთანხმებებში გათვალისწინებული იქნას GAP-ში კონტრაქტორებისთვის განსაზღვრული დებულებები; (გ) GAP-ის დანერგვისთვის გამოყოფილი იქნას შესაბამისი სახსრები; და (დ) რეგულარულად მოხდეს GAP-ის დანერგვა, გენდერთან დაკავშირებული მიზნების მიღწევა, მონიტორინგი და ADB-სთვის ანგარიშის მიწოდება.

 

მხარდაჭერა

15. მსესხებელმა უნდა უზრუნველყოს პროექტის მიმდინარეობის ყველა ეტაპზე იმ ფინანსური, ტექნიკური და ადამიანური რესურსების ხელმისაწვდომობა, რომლებიც აუცილებელია პროექტის დანერგვისთვის; დამატებით, მსესხებელმა უნდა უზრუნველყოს პროექტის აღმასრულებელი სააგენტოების და/ან განმახორციელებელი სააგენტოებისთვის აუცილებელი სახსრების ხელმისაწვდომობა, რათა ჯეროვნად მოხდეს მათ მიერ სამუშაოებთან, საქონელთან და მომსახურების შეთანხმებებთან დაკავშირებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.

 

ქვეპროექტის შერჩევის კრიტერიუმი

16. მსესხებელმა უნდა უზრუნველყოს, ან ხელი შეუწყოს პროექტის აღმასრულებელი და/ან განმახორციელებელი სააგენტოების მიერ:

(ა) სესხის სახსრებით მხოლოდ შესაბამისი ქვეპროექტების დაფინანსება;

(ბ) PAM-ით განსაზღვრული ქვე-პროექტების გარდა სხვა პროექტების შერჩევის და დამტკიცების პროცესში წინასწარ შეთანხმებული ქვეპროექტის შერჩევის კრიტერიუმების გათვალისწინება და PAM მოთხოვნების დაკმაყოფილება; და

(გ) ADB-თვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა დოკუმენტი, რომელიც წარმოადგენს ქვეპროექტების გადარჩევის, შერჩევის და დამუშავების ნაწილს. გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული დოკუმენტაციის შენახვა უნდა მოხდეს პროექტის დასრულების ანგარიშის ჩაბარებიდან ხუთი წლის განმავლობაში.

 

სექტორის განვითარება

17. მსესხებელმა უნდა უზრუნველყოს (ა) ADB-ს ინფორმირება მსესხებლის სექტორის ურბანულ განვითარებასთან დაკავშირებული პოლიტიკების და პროგრამების შესახებ, რომლებიც ზეგავლენას მოახდენს პროექტის ეკონომიკურ ქმედუნარიანობაზე; და (ბ) მაქსიმალური ძალისხმევის გამოყენება, რათა მოხდეს ურბანული განვითარების სექტორის შენარჩუნება და გაძლიერება.

 

საკუთრება

18. მსესხებელმა უნდა უზრუნველყოს ADB-ს თანხმობის მიღება ქვემოთ ჩამოთვლილი ნებისმიერი მოქმედების განხორციელებამდე სულ მცირე 6 თვით ადრე: (ა) პროექტის დაფინანსების ფარგლებში ნებისმიერი აქტივის, ნაგებობის ან შენობის საკუთრების ცვლილება; (ბ) პროექტის დაფინანსების ფარგლებში ნებისმიერი აქტივის, ნაგებობის ან შენობის საკუთრების გაყიდვა, გადაცემა, ან წილის გადაცემა; ან (გ) ნებისმიერი იჯარა ან სხვა სახის შეთანხმება ან ცვლილება მსესხებლის ფუნქციებში და უფლებამოსილებაში, რომელიც შეეხება პროექტის დაფინანსების ფარგლებში ნებისმიერი აქტივის, ნაგებობის ან შენობის საკუთრების უფლებას.  მსესხებელმა უნდა უზრუნველყოს მსგავსი ცვლილებების კანონიერი და გამჭვირვალე ფორმით განხორციელება.

 

მართვა და კორუფციასთან ბრძოლა

19. მსესხებელი, პროექტის აღმასრულებელი სააგენტოები, და პროექტის განმახორციელებელი სააგენტოები (ა) დაემორჩილებიან ADB-ს ანტიკორუფციულ პოლიტიკას (1998, დღემდე არსებული განახლებების ჩათვლით) და აცნობიერებენ, რომ ADB იტოვებს უფლებას პირდაპირ ან მისი აგენტების საშუალებით გამოიძიოს ნებისმიერი შესაძლო კორუფციული, თაღლითური, ფარული ან იძულებითი პრაქტიკა, რომელიც დაკავშირებული იქნება პროექტთან; და (ბ) ითანამშრომლებენ ნებისმიერ მსგავს გამოძიებასთან და ხელს შეუწყობენ გამოძიების დამაკმაყოფილებლად დასრულებას.

20. მსესხებელი, პროექტის აღმასრულებელი  და პროექტის განმახორციელებელი სააგენტოები უზრუნველყოფენ ADB-სთვის მისაღები ანტიკორუფციული დებულებების ყველა დოკუმენტში და შეთანხმებაში გათვალისწინებას, მათ შორის ADB-ს მიერ აუდიტის და მონაცემების, აღმასრულებელი და განმახორციელებელი სააგენტოების და მათი ყველა კონტრაქტორის, მომწოდებლის, კონსულტანტის და პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული სხვა მომსახურების პროვაიდერების ანგარიშების შემოწმების შესაძლებლობას.