დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1500-VIIIმს-Xმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 13/04/2022 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/04/2022 |
სარეგისტრაციო კოდი | 430020000.05.001.020548 |
|
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №2, 10.01.2005, მუხ. 4) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის: ა) „ჰ7“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჰ7) სადისერტაციო საბჭო – დოქტორის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელი ორგანო. საჯარო სამართლის იურიდიულ პირში სადისერტაციო საბჭო შეიძლება არსებობდეს ძირითად საგანმანათლებლო ერთეულში ან უნივერსიტეტში ან ამ კანონის IV3 თავით დადგენილი წესით;“; ბ) „ჰ19“ და „ჰ20“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჰ19) ძირითადი საგანმანათლებლო ერთეული − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ძირითადი სასწავლო-სამეცნიერო და ადმინისტრაციული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს სტუდენტთა ერთ ან რამდენიმე სპეციალობაში მომზადებას და მათთვის შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭებას. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდების შესაბამისად, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეული შეიძლება არსებობდეს ფაკულტეტის, სკოლის, ინსტიტუტის, ამ კანონის IV3 თავის შესაბამისად შექმნილი საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით გათვალისწინებული სხვა ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის სახით; ჰ20) ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭო – საჯარო სამართლის იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის (გარდა საერთაშორისო სკოლისა/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლისა) წარმომადგენლობითი ორგანო;“; გ) „ჰ50“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ51“−„ჰ53“ ქვეპუნქტები: „ჰ51) საერთაშორისო სკოლა − ამ კანონის IV3 თავის შესაბამისად, სამინისტროს თანხმობით შექმნილი ძირითადი საგანმანათლებლო ერთეული, რომელსაც მართავს საერთაშორისო სკოლის მმართველი; ჰ52) საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლა − ამ კანონის IV3 თავის შესაბამისად, სამინისტროს თანხმობით შექმნილი ძირითადი საგანმანათლებლო ერთეული, რომელსაც მართავს საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის მმართველი; ჰ53) საერთაშორისო სკოლის მმართველი/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის მმართველი − უცხო ქვეყანაში დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის შექმნამდე ჰქონდა საქართველოში ან უცხო ქვეყანაში საგანმანათლებლო სფეროში საქმიანობის (სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ან/და სხვა საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების ან საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების ან ზედამხედველობის) არანაკლებ 8 წლის გამოცდილება და რომელიც საერთაშორისო სკოლას/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლას მართავს საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის წესდებისა და სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.“. 2. მე-7 მუხლის: ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის: ა.ა) „ნ4“ ქვეპუნქტი: „ნ4) ამტკიცებს ვეტერინარის სერტიფიკატის გაცემის წესს;“; ა.ბ) „პ19“ ქვეპუნქტი: „პ19) გასცემს თანხმობას ამ კანონის IV3 თავის შესაბამისად საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის შექმნაზე;“; ბ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 3. მე-10 მუხლის: ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში გაერთიანებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია დაიცვას ამ კანონის 521 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნა.“; ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 და მე-5 პუნქტები: „4. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და საერთაშორისო სკოლას/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლას შორის უფლებამოსილებები იმიჯნება საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის წესდებითა და სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და საერთაშორისო სკოლის მმართველს/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის მმართველს შორის დადებული ხელშეკრულებით. 5. აკადემიური საბჭო ამ კანონის IV3 თავით დადგენილი წესით, საერთაშორისო სკოლის მმართველის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის მმართველის წარდგინებით საერთაშორისო სკოლისთვის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლისთვის ამტკიცებს: ა) სასწავლო წლის დასაწყისში − კოეფიციენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, აგრეთვე საერთაშორისო სკოლაში მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას; ბ) საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის სამაგისტრო გამოცდის კოეფიციენტებს სამაგისტრო გამოცდებისთვის, აგრეთვე საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლაში მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას; გ) მინიმალური კომპეტენციის ზღვარს სამინისტროს მიერ დამტკიცებული საერთაშორისო გამოცდების ჩამონათვალით გათვალისწინებულ გამოცდაში; დ) საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის განვითარების სტრატეგიულ გეგმას, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს; ე) საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის სადისერტაციო საბჭოს დებულებას.“. 4. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 261 მუხლი: „მუხლი 261. საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის ბიუჯეტი 1. საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის ბიუჯეტი შემუშავდება და მტკიცდება სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბიუჯეტისგან დამოუკიდებლად. 2. საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის ბიუჯეტს შეიმუშავებს და ამტკიცებს საერთაშორისო სკოლის მმართველი/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის მმართველი აკადემიურ საბჭოსთან შეთანხმებით.“. 5. 30-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: „21. საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლა ამ კანონის IV3 თავით დადგენილი წესით დამატებით ქმნის სადისერტაციო საბჭოს. საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის მმართველი შეიმუშავებს საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის სადისერტაციო საბჭოს დებულებას, რომელსაც ამტკიცებს აკადემიური საბჭო. საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის სადისერტაციო საბჭოს დებულებით განისაზღვრება სადისერტაციო საბჭოს შედგენისა და მისი თავმჯდომარის არჩევის წესები, აგრეთვე დისერტაციის დაცვის პროცედურა.“. 6. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის IV3 თავი: „თავი IV3. საერთაშორისო სკოლა/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლა მუხლი 313. საერთაშორისო სკოლა/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლა 1. საერთაშორისო თანამშრომლობისა და მისი განვითარების ხელშეწყობის (მათ შორის, უცხოურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების) მიზნით, სამინისტროს თანხმობით სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში შესაძლებელია შეიქმნას საერთაშორისო სკოლა ან/და საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლა. 2. საერთაშორისო სკოლაზე/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლაზე არ ვრცელდება ამ კანონის IV თავისა (გარდა მე-17, მე-19, 22-ე და 261 მუხლებისა, 30-ე მუხლის პირველი, 21 და მე-5−მე-7 პუნქტებისა და 31-ე მუხლის პირველი−31 პუნქტებისა) და V თავის (გარდა 32-ე მუხლისა, 33-ე მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 პუნქტებისა და 35-ე, 37-ე−372 და 42-ე მუხლებისა) მოქმედება. 3. ამ თავით გაუთვალისწინებელი საკითხები შესაძლებელია მოწესრიგდეს საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის წესდებითა და სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და საერთაშორისო სკოლის მმართველს/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის მმართველს შორის დადებული ხელშეკრულებით. მუხლი 314. საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის მართვა და სტრუქტურა 1. საერთაშორისო სკოლა/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლა, ამ თავით განსაზღვრული შეზღუდვებისა და თავისებურებების გათვალისწინებით, შესაძლებელია მართოს საერთაშორისო სკოლის მმართველმა/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის მმართველმა საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის წესდებისა და სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. 2. საერთაშორისო სკოლის მმართველი/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის მმართველი: ა) აკადემიურ საბჭოსთან შეთანხმებით შეიმუშავებს და ამტკიცებს საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის ბიუჯეტს; ბ) შეიმუშავებს და აკადემიურ საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის განვითარების სტრატეგიულ გეგმას, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს; გ) შეიმუშავებს და აკადემიურ საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის წესდებასა და სტრუქტურას; დ) შეიმუშავებს და აკადემიურ საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის სადისერტაციო საბჭოს დებულებას; ე) ნიშნავს საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს; ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; ზ) ამტკიცებს საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების წესს და საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო თანამდებობის დაკავების დამატებით პირობებს; თ) სასწავლო წლის დასაწყისში განსაზღვრავს და აკადემიურ საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს კოეფიციენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, აგრეთვე საერთაშორისო სკოლაში მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას; ი) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით განსაზღვრავს და აკადემიურ საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის სამაგისტრო გამოცდის კოეფიციენტებს სამაგისტრო გამოცდებისთვის, აგრეთვე საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლაში მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას; კ) განსაზღვრავს და აკადემიურ საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს მინიმალური კომპეტენციის ზღვარს სამინისტროს მიერ დამტკიცებული საერთაშორისო გამოცდების ჩამონათვალით გათვალისწინებულ გამოცდაში; ლ) შეიმუშავებს და ამტკიცებს საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის აკადემიური პერსონალის, დამხმარე პერსონალის, სამეცნიერო პერსონალისა და სხვა პერსონალის სამსახურში მიღების ერთიან წესს, მათი შრომის ანაზღაურების ოდენობებსა და პირობებს; მ) აკადემიურ საბჭოსთან შეთანხმებით ამტკიცებს საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის დებულებას; ნ) საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარდგინებით ამტკიცებს სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის შეფასების წესს; ო) შეიმუშავებს და აკადემიურ საბჭოს წარუდგენს თავისი საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს; პ) ახორციელებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებითა და სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და საერთაშორისო სკოლის მმართველს/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის მმართველს შორის დადებული ხელშეკრულებით მინიჭებულ უფლებამოსილებას; ჟ) განსაზღვრავს საგანმანათლებლო პროგრამის საფასურის ან/და დამატებითი საფასურის ოდენობას, რომელიც შესაძლებელია აღემატებოდეს სახელმწიფო სასწავლო გრანტის ან სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის ან/და სხვა სახელმწიფო გრანტის ოდენობას, და აკადემიურ საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს განსაზღვრულ საგანმანათლებლო პროგრამის საფასურის ან/და დამატებითი საფასურის ოდენობას; რ) შეიმუშავებს და ამტკიცებს საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის საკონსულტაციო ორგანოთა დებულებებსა და სტრუქტურებს. 3. საერთაშორისო სკოლის მმართველის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის მმართველის მიერ შექმნილ საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის საკონსულტაციო ორგანოში სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლების რაოდენობა განისაზღვრება საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის წესდებით. 4. აკადემიურ საბჭოში საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის წარმომადგენელთა რაოდენობა განისაზღვრება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით. ამასთანავე, მათი რაოდენობა არ უნდა იყოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სხვა ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის წარმომადგენლების რაოდენობაზე არაუმეტეს 1 წევრით ნაკლები. აკადემიურ საბჭოში საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის წარმომადგენლებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებითა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და საერთაშორისო სკოლის მმართველს/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის მმართველს შორის დადებული ხელშეკრულებით შეიძლება შეეზღუდოთ კენჭისყრაში მონაწილეობის უფლებამოსილება მხოლოდ იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც საერთაშორისო სკოლას/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლას არ ეხება. 5. წარმომადგენლობით საბჭოში საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის წარმომადგენელთა რაოდენობა განისაზღვრება და მათი არჩევის წესი დგინდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით. ამასთანავე, მათი რაოდენობა არ უნდა იყოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სხვა ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის წარმომადგენლების რაოდენობაზე არაუმეტეს 1 წევრით ნაკლები. წარმომადგენლობით საბჭოში საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის წარმომადგენლებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებითა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და საერთაშორისო სკოლის მმართველს/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის მმართველს შორის დადებული ხელშეკრულებით შეიძლება შეეზღუდოთ კენჭისყრაში მონაწილეობის უფლებამოსილება მხოლოდ იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც საერთაშორისო სკოლას/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლას არ ეხება. მუხლი 315. საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის, აგრეთვე მისი აკადემიური პერსონალისა და სამეცნიერო პერსონალის პროფესიული განვითარების ხარისხის შიდა შეფასების სისტემატურად განხორციელების მიზნით განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის მუდმივი განვითარებისთვის იქმნება საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, რომელიც მოქმედებს საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის წესდებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“. 7. 45-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) ირჩევს თავის წარმომადგენლებს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოში ან/და საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში საერთაშორისო სკოლის მმართველის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის მმართველის მიერ შექმნილ საკონსულტაციო ორგანოში;“. 8. 521 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში გაერთიანებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების უფლება აქვს მხოლოდ იმ მაგისტრანტობის კანდიდატს, რომელმაც საერთო სამაგისტრო გამოცდასა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრულ გამოცდაზე/გამოცდებზე წარმატებით გადალახა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.“; ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში გაერთიანებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია მის მიერ განსაზღვრული გამოცდა/გამოცდები ჩაატაროს როგორც საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგების გამოქვეყნებამდე, ისე საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ.“; გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში გაერთიანებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე (გარდა სახელოვნებო-შემოქმედებითი ან სასპორტო მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამისა იმ შემთხვევაში, როდესაც პირი ამ პროგრამაზე საერთო სამაგისტრო გამოცდის მეშვეობით არ მიიღება) სწავლის უფლება აქვს მხოლოდ იმ მაგისტრანტობის კანდიდატს, რომელმაც ამ კანონით დადგენილი წესით წარმატებით ჩააბარა სამაგისტრო გამოცდა/გამოცდები. ეს წესი არ ვრცელდება ამ მუხლის მე-7 და 71 პუნქტებით გათვალისწინებულ პირებზე.“. 9. 551 მუხლი ამოღებულ იქნეს. 10. 81-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი: „31. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამის საფასური ამ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით შესაძლებელია აღემატებოდეს სახელმწიფოს მიერ დადგენილ სახელმწიფო სასწავლო გრანტის ან სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის ან/და კანონით გათვალისწინებული სხვა სახელმწიფო გრანტის ოდენობას.“. მუხლი 2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 3 თვისა უზრუნველყოს ამავე კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წესის დასამტკიცებლად კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის გამოცემა. მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
თბილისი, 13 აპრილი 2022 წ. N1500-VIIIმს-Xმპ |
დოკუმენტის კომენტარები