„სურსათის/ცხოველის საკვების არაორგანიზებული წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 9 იანვრის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„სურსათის/ცხოველის საკვების არაორგანიზებული წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 9 იანვრის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 168
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 01/04/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/04/2022
ძალაში შესვლის თარიღი 01/07/2022
სარეგისტრაციო კოდი 240110000.10.003.023379
168
01/04/2022
ვებგვერდი, 05/04/2022
240110000.10.003.023379
„სურსათის/ცხოველის საკვების არაორგანიზებული წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 9 იანვრის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №168

2022 წლის 1 აპრილი

ქ. თბილისი

„სურსათის/ცხოველის საკვების არაორგანიზებული წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 9 იანვრის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სურსათის/ცხოველის საკვების არაორგანიზებული წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 9 იანვრის №14 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 10/01/2020, 240110000.10.003.021722) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სურსათის/ცხოველის საკვების არაორგანიზებული წარმოების წესის“:

1. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 3. ზოგადი მოთხოვნები

1. ამ წესის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და  „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მიზნების განხორციელებისათვის ოჯახური წარმოების სუბიექტის მიერ წარმოებული/გადამუშავებული სურსათი უნდა იყოს:

ა) უვნებელი;

ბ) მიკვლევადი, რისთვისაც მას თან უნდა ახლდეს ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ოჯახური წარმოების სუბიექტის რეგისტრაციის ნომერი.

2. ამ წესით განსაზღვრულ ოჯახური წარმოების სუბიექტზე არ ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული:

ა)  სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სახელმწიფო კონტროლი;

ბ) ბიზნესოპერატორის აღიარება;

გ) ჰიგიენის წესები;

დ) მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესები.

3. ამ წესით განსაზღვრულ ოჯახური წარმოების სუბიექტზე,  ვეტერინარული კონტროლისა და ფიტოსანიტარიული კონტროლის ფარგლებში, ვრცელდება ამავე წესის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული  მოთხოვნები.“.

2. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 5. მოთხოვნები  ოჯახური წარმოების სუბიექტის მიმართ

1. ოჯახური წარმოების სუბიექტი ვალდებულია, რეგისტრაცია გაიაროს სსიპ − სურსათის ეროვნულ სააგენტოში (შემდგომში − სააგენტო) და მიუთითოს  მის  მფლობელობაში  არსებული საკუთრების  სახეები, ამ წესის  მე-4 მუხლის შესაბამისად.

2. ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილებისათვის, ოჯახური წარმოების სუბიექტმა მიზანშეწონილია:

ა) აწარმოოს ჩანაწერები ყველა იმ პირის შესახებ, რომელსაც ის აწვდის სურსათს, გარდა საბოლოო მომხმარებლისა;

ბ) გაატაროს სათანადო ღონისძიებები სურსათის დაბინძურების თავიდან ასაცილებლად;

გ) დაბინძურების თავიდან ასაცილებლად, ჰქონდეს სურსათის წარმოებისათვის/გადამუშავებისათვის სათანადო სივრცე, ასევე სათანადო პირობებსა და დაცულ სათავსში შეინახოს მოხმარებისათვის  მზა სურსათი და გამოსაყენებელი ინგრედიენტები ისე, რომ მზა სურსათი გამოცალკევებულ იქნეს ინგრედიენტებისაგან;

დ) დაიცვას სურსათთან შეხებაში მყოფი ყველა საგანის, აღჭურვილობისა და მოწყობილობის სისუფთავე;

ე) დაიცვას სურსათთან შეხებაში მყოფი ზედაპირების სისუფთავე;

ვ) სურსათის წარმოებისათვის გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სასმელი წყალი;

ზ) არასასმელი წყალი გამოიყენოს  მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის გავლენას არ ახდენს სურსათის უვნებლობაზე, მაგალითად, როგორიცაა, ხანძარსაწინააღმდეგო და დასუფთავების ზოგიერთი ქმედებები;

თ) გაიტანოს მყარი და თხევადი ნარჩენები;

ი) დაიცვას იატაკის სისუფთავე;

კ) ჰქონდეს სათანადო სამაცივრო სივრცე იმ სურსათისათვის, რომელიც საჭიროებს გაგრილებასა და შენახვას, პიკური მოხმარების გათვალისწინებით;

ლ) საჭიროების შემთხვევაში, დაიცვას სურსათის სათანადო ტემპერატურით დამუშავებისა და შენახვის პირობები;

მ) აუცილებლობის შემთხვევაში, ჰქონდეს წყლის შენახვისა და მიწოდებისათვის საჭირო მოწყობილობები, რომლებიც დაცული იქნება დაბინძურებისაგან;

ნ) სათავსი გაანათოს იმგვარად, რომ სურსათის წარმოება/დამუშავება და სათავსის დასუფთავება განახორციელოს ეფექტიანად;

ო) სურსათის გადაზიდვისთვის გამოიყენოს სუფთა სატრანსპორტო საშუალებები;

პ) რამდენადაც შესაძლებელია, თავიდან აიცილოს მავნებლებისაგან პირველადი პროდუქტისა და მზა სურსათის დაბინძურება;

ჟ) სურსათის შესაფუთი მასალის სურსათთან უშუალო შეხებისას თავიდან აიცილოს სურსათის დაბინძურება;

რ) სურსათის დაბინძურების თავიდან ასაცილებლად, ქიმიური ნივთიერებები გამოიყენოს და შეინახოს უსაფრთხოდ, სათანადო ინსტრუქციების შესაბამისად;

ს) სათავსის ჭერზე ან კედლებზე კონდენსაციის თავიდან ასაცილებლად,  ჰქონდეს საკმარისი ბუნებრივი ან ხელოვნური ვენტილაცია.

3. ოჯახური წარმოების სუბიექტი ასევე ვალდებულია:

ა) შეასრულოს სააგენტოს მითითებები ეპიზოოტიის საწინააღმდეგო, პრევენციული, სალიკვიდაციო და საიდენტიფიკაციო-სარეგისტრაციო ღონისძიებების განსახორციელებლად;

ბ) ითანამშრომლოს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოებთან ცხოველთა დაავადების საწინააღმდეგო სადიაგნოსტიკო, პრევენციული და სალიკვიდაციო ღონისძიებებისა და ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის ღონისძიებების განხორციელებისას;

გ) უზრუნველყოს ცხოველთა (მათ შორის, შინაურ ბინადარ ცხოველთა) კეთილდღეობა; 

დ) უზრუნველყოს ცხოველთა გადარეკვა, გადაყვანა და რეალიზაცია,  საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ე) უზრუნველყოს ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტის განკარგვა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ვ) გადამდები დაავადებების, აგრეთვე ცხოველთა მასობრივი მოწამვლა-მოშხამვის შემთხვევების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს;

ზ) შეასრულოს სააგენტოს მითითებები ეპიზოოტიის საწინააღმდეგო, პრევენციული და სალიკვიდაციო ღონისძიებების განსახორციელებლად; ითანამშრომლოს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოებთან ცხოველთა დაავადების საწინააღმდეგო სადიაგნოსტიკო, პრევენციული და სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელებისას;

თ) შეასრულოს სააგენტოს  მითითებები იმ მავნე ორგანიზმის მასობრივი გავრცელების თავიდან ასაცილებლად, რომელიც საფრთხეს უქმნის მცენარის სიჯანსაღეს;

ი) ითანამშრომლოს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოებთან მავნე ორგანიზმების გავრცელების საწინააღმდეგო, პრევენციული და სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელებისას;

კ)  საკარანტინო მავნე ორგანიზმების გამოვლენის ან/და მათ შესახებ ეჭვის არსებობის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2022 წლის 1 ივლისიდან.

 

 

 


პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი