აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე

აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1-1/133
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 29/03/2022
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/04/2022
სარეგისტრაციო კოდი
1-1/133
29/03/2022
ვებგვერდი, 04/04/2022
აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/133

2022 წლის 29 მარტი

ქ. თბილისი

 

აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე

,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების მიზნით საკითხის განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის №1-1/159 ბრძანებით შექმნილმა ექსპროპრიაციის საკითხების განმხილველმა კომისიამ (შემდგომში – კომისია) განიხილა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2021 წლის 14 დეკემბრის №01/4294 განცხადება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ და გამოარკვია:

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) ახორციელებს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჭიათურა-პერევისა-სვერი-თვალუეთი-გეზრულის საავტომობილო გზის კმ21-კმ32 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს (შემდგომში – პროექტი). სამუშაოები ხორციელდება დეპარტამენტსა და შპს „სამშენებლო კომპანია მამისონს“ (ს/ნ 205204250) შორის 2021 წლის 29 ნოემბერს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ე.ტ. №124-21 ხელშეკრულების ფარგლებში (NAT210018547). პროექტი დაფინანსებულია სახელმწიფო ბიუჯეტიდან დეპარტამენტისათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. საპროექტო მონაკვეთი მდებარეობს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტიდან 200 კმ-ში ზემო იმერეთის რეგიონში – ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და წარმოადგენს ჭიათურა-პერევისა-სვერი-თვალუეთი-გეზრულის საავტომობილო გზის შემადგენელ ნაწილს. არსებული გზა უმოკლესი მანძილით აკავშირებს მიმდებარე სოფლებს რაიონულ ცენტრთან და სხვა ადმინისტრაციულ ერთეულებთან. დღეის მდგომარეობით სარეაბილიტაციო გზის სავალი ნაწილი წარმოდგენილია ღორღოვანი გრუნტით თიხა-ქვიშის შემავსებლით. საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო მონაკვეთის დღევანდელი ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. სავალი ნაწილი დაზიანებულია. ტრასის გასწვრივ არ არსებობს წყალმომცილებელი არხები (კიუვეტები), რის შედეგადაც უამინდობის დროს წყლის ძირითადი მასა გროვდება ან მიედინება სავალ ნაწილზე და იწვევს მის გარეცხვას. სავალი ნაწილის ზედაპირზე ხშირია მცირე და საშუალო ზომის ორმოები, გრძივი და განივი მცირე სიღრმის ჩახრამვები, დარღვეულია განივი და გრძივი ქანობები. წვიმიან ამინდში ხდება გზის სავალი ნაწილის დამატებით დაზიანება, რთულდება ავტოტრანსპორტისა და ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილება და ადგილი აქვს გარემოს დაბინძურებას. სავალი ნაწილის სიგანე სარეაბილიტაციო გზაზე მერყეობს 4.5-9.0 მეტრის ფარგლებში, საავტომობილო გზის ორივე მხარეს არსებული გვერდულები დაზიანებულია და მოითხოვს აღდგენას. აღნიშნულიდან გამომდინარე, საავტომობილო გზა თავისი ტექნიკური მაჩვენებლებით ვერ უზრუნველყოფს ტრანსპორტისა და ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხო მოძრაობას და საჭიროებს რეაბილიტაციას.

პროექტის განხორციელების მიზნით დეპარტამენტის დაკვეთით მომზადდა მიწის შესყიდვისა განსახლების სამოქმედო გეგმა, რომელშიც გათვალისწინებულია პროექტის ზემოქმედების არეალში მოქცეული უძრავი ქონების მესაკუთრეებისთვის ქონების ღირებულებისა და საკომპენსაციო თანხების ანაზღაურების საკითხი.

უძრავი ქონების ნებაყოფლობითი გამოსყიდვის შესახებ დეპარტამენტის მიერ შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული გრიგოლ ბიწაძის (პ/ნ 54001036661), დავით ბიწაძის (პ/ნ 54401062070), კახაბერი ბიწაძის (პ/ნ 54001036665) და მზია ცუცქირიძის (პ/ნ 54001036486) თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ნაწილის (ს/კ №38.12.33.110) ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ შუამდგომლობით მომართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ექსპროპრიაციის პროცედურის დაწყების შუამდგომლობით და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება მოითხოვა. 

წარმოდგენილი განცხადებების საფუძვლიანობის შემოწმებისა და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, მიზანშეწონილია დაკმაყოფილდეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შუამდგომლობა და დეპარტამენტს მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ დეპარტამენტის მიერ ხორციელდება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (შ-113) ჭიათურა-პერევისა-სვერი-თვალუეთი-გეზრულის საავტომობილო გზის კმ21-კმ32 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ ჭიათურის მუნიციპალიტეტში, სოფელ თვალუეთში მდებარე 1210.00 კვ.მ ფართის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ№ 38.12.33.110) თანამესაკუთრეები არიან გრიგოლ ბიწაძე (პ/ნ 54001036661), დავით ბიწაძე (პ/ნ 54401062070), კახაბერი ბიწაძე (პ/ნ 54001036665) და მზია ცუცქირიძე (პ/ნ 54001036486).

დადგენილია, რომ პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების არეალში ექცევა გრიგოლ ბიწაძის, დავით ბიწაძის, კახაბერი ბიწაძის და მზია ცუცქირიძის თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ნაწილი - 25 კვ.მ-ის (22 კვ.მ და 3 კვ.მ) ოდენობით (ს/კ N38.12.33.110).

საკუთრების უფლების ისევე როგორც სხვა ძირითადი უფლებების, სამართლებრივ გარანტიას წარმოადგენს კონსტიტუცია. უშუალოდ საკუთრების უფლების კონკრეტული კონსტიტუციური გარანტია ასახულია კონსტიტუციის მე-19 მუხლში, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია". საკუთრების, როგორც ძირითადი უფლების გარანტია, პირველ რიგში, ნიშნავს თითოეული მესაკუთრის უფლებას თავი დაიცვას სახელმწიფოს გაუმართლებელი და სხვა პირების ნებისმიერი ჩარევისგან. თუმცა საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება.

საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი ითვალისწინებს საჯარო ინტერესებისათვის ამ უფლების შეზღუდვას კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილების ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისგან“. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ საკუთრების ჩამორთმევაში იგულისხმება ექსპროპრიაცია, რომლის პირობები და წესი დადგენილია „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ,,ამ კანონის მიზანია, განსაზღვროს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება.“

ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, კი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება გზისა და მაგისტრალის გაყვანა-მშენებლობისათვის.
ვინაიდან, დეპარტამენტის მიერ ვერ ხერხდება უძრავი ქონების გამოსყიდვის თაობაზე კერძო მესაკუთრეებთან შეთანხმების მიღწევა, არსებობს ექსპროპრიაციის გზით საკუთრების უფლების ჩამორთმევის საჭიროება. ამასთან, საექსპროპრიაციო ქონების ღირებულებასთან დაკავშირებით ექსპროპრიატორისა და ქონების მესაკუთრის შეუთანხმებლობის საკითხის განხილვა/გადაწყვეტა არ წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უფლებამოსილებას. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით – „თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე ან კომპენსაციის სახით შეთავაზებული ქონების გადაცემაზე, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში განსჯადობის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით."

ამდენად, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის №1-1/159 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2022 წლის 24 მარტის №2 ოქმის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჭიათურა-პერევისა-სვერი-თვალუეთი-გეზრულის საავტომობილო გზის კმ21-კმ32 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტი ჩაითვალოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება პროექტის არეალში მოქცეულ ჭიათურის მუნიციპალიტეტში, სოფელ თვალუეთში მდებარე გრიგოლ ბიწაძის (პ/ნ 54001036661), დავით ბიწაძის (პ/ნ 54401062070), კახაბერი ბიწაძის (პ/ნ 54001036665) და მზია ცუცქირიძის (პ/ნ 54001036486) თანასაკუთრებაში არსებულ 1210 კვ.მ ფართის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნაწილზე - 25 კვ.მ-ზე (22 კვ.მ და 3 კვ.მ), ს/კ N38.12.33.110.
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი N64).

მინისტრი  ლევან დავითაშვილი.