გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის 2021 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება №C/80/D/140/2019

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის 2021 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება №C/80/D/140/2019
დოკუმენტის ნომერი C/80/D/140/2019
დოკუმენტის მიმღები გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტი
მიღების თარიღი 25/10/2021
დოკუმენტის ტიპი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კომიტეტის გადაწყვეტილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/03/2022
სარეგისტრაციო კოდი
C/80/D/140/2019
25/10/2021
ვებგვერდი, 14/03/2022
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის 2021 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება №C/80/D/140/2019
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტი

 

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის

ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის

გადაწყვეტილება №C/80/D/140/2019

2021 წლის 25 ოქტომბერი

(გავრცელება ზოგადი: 2021 წლის 13 დეკემბერი)

მოსაზრებები მიღებულია კომიტეტის მიერ ფაკულტატური ოქმის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით N 140/2019*’** კომუნიკაციასთან დაკავშირებით

კომუნიკაცია წარმოდგენილია შემდეგი პირების მიერ:

 

ჰ.ჰ., ი.ჰ. და იუ.ჰ. (წარმოდგენილნი უფლებათა დამცველების მიერ: მარინე კურტანიძე და ბაბუცა პატარაია, კავშირიდან „საფარი“; მარიამ ზაქარეიშვილი, „ადამიანის უფლებათა ცენტრიდან“; და ფილიპ ლიჩი, ჯოანა ევანსი, ჯესიკა გავრონი, ჯოან სოიერი, ქეით ლევინი და რამუთ რემეზეითი, „ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრიდან“, მიდლსექსის უნივერსიტეტი)

სავარაუდო დაზარალებული პირი:

ხანუმ ჯეირანოვა

მხარე სახელმწიფო:

საქართველო

კომუნიკაციის თარიღი:

2018 წლის 19 სექტემბერი (პირველადი მოსაზრება)

მითითებები:

გადაწყვეტილება მიღებულია კომიტეტის რეგლამენტის 69-ე წესის მიხედვით, რომელიც მხარე სახელმწიფოს გადაეგზავნა 2019 წლის 5 თებერვალს (არ არის გამოცემული დოკუმენტის სახით)

მოსაზრებების მიღების თარიღი:

2021 წლის 25 ოქტომბერი

 

* მიღებულია კომიტეტის მიერ მეოთხმოცე სხდომაზე (2021 წლის 18 ოქტომბერი-12 ნოემბერი).

** წინამდებარე კომუნიკაციის განხილვაში მონაწილეობდნენ კომიტეტის შემდეგი წევრები: გლედის აკოსტა ვარგასი, ჰიროკო აკიზუკი, ტამადერ ალ-რამა, ნიკოლ ამელინი, მარიონ ბეთელი, ლეტიცია ბონიფას ალფონცო, ლუიზა ჩალალი, კორინ დეტმეიჯერ-ვერმეულენი, ნაელა გაბრი, ჰილარი გბედემა, ნალა ჰაიდარი, დალია ლეინარტე, როზარიო გ. მანალო, არუნა დევი ნარაინი, ანა პელაე ნარვაე, ბანდანა რანა, როდა რედოკი, ნატაშა სტოტ დესპოია, გენოვევა ტიშევა, ფრანსელინ ტოე-ბუდა. „ადამიანის უფლებათა დაცვის სახელშეკრულებო ორგანოების წევრთა დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის შესახებ სახელმძღვანელო მითითებების“ („ადის აბებას სახელმძღვანელო მითითებები“) მე-10 მუხლის თანახმად, ლია ნადარაია და ელგუნ საფაროვი არ მონაწილეობდნენ კომუნიკაციის განხილვაში.

ზოგადი ინფორმაცია

1. კომუნიკაცია წარმოდგენილია საქართველოს მოქალაქის ხანუმ ჯეირანოვას სახელით, რომელიც დაიბადა 1984 წელს და გარდაიცვალა 2014 წელს, მისი ქმრის, ქალიშვილის და ვაჟის, შესაბამისად ჰ.ჰ.-ის, ი.ჰ.-ის და იუ.ჰ.-ის მიერ, რომლებიც დაბადებულები არიან შესაბამისად 1973, 2006 და 2003 წლებში და ასევე არიან საქართველოს მოქალაქეები. ისინი აცხადებენ, რომ ქ-ნი ჯეირანოვა არის საქართველოს მიერ მისი უფლებების დარღვევის მსხვერპლი, რომლებიც გათვალისწინებულია კონვენციის 1-ლი მუხლით, მე-2 მუხლის (ბ)-(ვ) პუნქტებითა და მე-5 მუხლის (ა) პუნქტით. ფაკულტატური ოქმი საქართველოსთვის ძალაში შევიდა 2002 წლის 1 ნოემბერს. კომუნიკაციის ავტორებს წარმოადგენენ უფლებათა დამცველები მარინე კურტანიძე და ბაბუცა პატარაია კავშირი „საფარიდან“; მარიამ ზაქარეიშვილი „ადამიანის უფლებათა ცენტრიდან“; და ფილიპ ლიჩი, ჯოანა ევანსი, ჯესიკა გავრონი, ჯოან სოიერი, ქეით ლევინი და რამუთ რემეზეითი „ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრიდან“ (მიდლსექსის უნივერსიტეტი).

 

კომუნიკაციის ავტორების მიერ წარმოდგენილი ფაქტები

2.1 2014 წლის 16 სექტემბერს ქ-ნი ჯეირანოვა შეხვდა ა.ი.-ს, რომელიც მისი შეყვარებული იყო. ისინი ერთად ნახა ქ-ნი ჯეირანოვას მეუღლის, ჰ.ჰ.-ს, სამმა ნათესავმა. ივარაუდეს რა, რომ ქ-ნი ჯეირანოვა მეუღლეს ღალატობდა, აღნიშნულმა პირებმა გადაწყვიტეს მათ ადევნებოდნენ და ჩასაფრებულები დალოდებოდნენ სოფლის შესასვლელთან. მოგვიანებით იმავე დღეს, სოფელ იორმუღანლოში ორი ავტომობილი მიუახლოვდა ა.ი.- ს მანქანას. აღნიშნულ ავტომობილებში მსხდომმა პირებმა ქ-ნი ჯეირანოვა და ა.ი. მანქანიდან გადმოიყვანეს. თხუთმეტამდე პირმა ცემა და ქვების სროლა დაუწყო ა.ი.-ს, რომელმაც გაქცევა მოახერხა. ი.ჰ., იუ.ჰ. და სხვები შეესწრნენ, თუ როგორ სცემდნენ ეს კაცები ქ-ნ ჯეირანოვას. სამმა ნათესავმა ქ-ნი ჯეირანოვა წაიყვანა ქვემო ლამბალოში, სადაც სცემეს და შეურაცხყოფა მიაყენეს მას.1 ამასთან, მათ ის ფეხშიშველი მიიყვანეს სოფელში რამდენიმე ადგილზე, სადაც მის ნათესავებს დაუძახეს და უთხრეს, რომ ის ჰ.ჰ.-ს ღალატობდა და თავის ოჯახს არცხვენდა. ისინი აგრძელებდნენ ქ-ნი ჯეირანოვას ცემას, რა დროსაც მან რამდენჯერმე დაკარგა გონება. მივიდა ქ-ნი ჯეირანოვას მამა, რომელმაც ხელი გაარტყა მას, თმაში ხელი ჩაავლო და თან წაიყვანა.

2.2 დაახლოებით შუაღამისას, სოფლის გამგებელი დაიბარეს ქ-ნი ჯეირანოვას მამის საცხოვრებელ ადგილზე, სადაც უკვე იმყოფებოდნენ პოლიციელები. ქ-ნი ჯეირანოვა ტიროდა; მან სოფლის გამგებელს ვირთხის საწამლავის ქილა უჩვენა და უთხრა, რომ მისი ოჯახის წევრები ეუბნებოდნენ, რომ მიეღო ის და თავი მოეკლა, მაგრამ მას არ უნდოდა სიკვდილი და სოფლის გამგებელს დახმარებას სთხოვდა. ის აცხადებდა, რომ მისი მშობლები მას არ მისცემდნენ უფლებას ჰ.ჰ. იმ კაცის გულისთვის მიეტოვებინა, რომელიც მას უყვარდა, და ეუბნებოდნენ, რომ მასთან ერთად უნდა მომკვდარიყო. პოლიციის თანამშრომლებთან ერთად სოფლის გამგებელმა ქ-ნი ჯეირანოვა თავის სახლში წაიყვანა, სადაც მან დახმარება ა.ი.-ს სთხოვა. მეორე დილით დედამ ქ-ნი ჯეირანოვა მშობლების სახლში დააბრუნა. სოფლის გამგებლისა და პოლიციელის თანდასწრებით, ქ-მა ჯეირანოვამ, რომელიც ეთნიკურად აზერბაიჯანელი იყო, მათ აზერბაიჯანულ ენაზე ჰკითხა, თუ რატომ არ სვამდნენ ისინი მართლმსაჯულების წინაშე მოძალადეთა პასუხისმგებლობის საკითხს. თუმცა, სოფლის გამგებელმა ეს არ გადაუთარგმნა პოლიციელს, რომელმაც აზერბაიჯანული ენა არ იცოდა.

2.3 2014 წლის 18 სექტემბერს, დილით, დედამ ქ-ნი ჯეირანოვას ცხედარი ბაღის ფარდულში თოკზე ჩამომხრჩვალი იპოვა; გარდაცვლილის მარცხენა ხელი თოკსა და კისერს შორის იყო მოთავსებული. დედამ სოფლის გამგებელს უთხრა, რომ ქ-მა ჯეირანოვამ თავი მოიკლა. პოლიციამ გამოძიება დაიწყო და ოქმში მიუთითა, რომ ქ-ნი ჯეირანოვა ჩამომხრჩვალი იპოვეს, თუმცა სასამართლო ექსპერტიზა არ ჩატარებულა, რადგან ოჯახმა ამაზე უარი თქვა. ქ-ნი ჯეირანოვას ცხედარი მისი მშობლების სახლში დარჩა. მოლებმა, რომლებმაც ქ-ნი ჯეირანოვას ცხედარი დაკრძალვისთვის მოამზადეს, აღწერეს, რომ მისი ტანსაცმელი სისხლით იყო დაფარული და რომ მთელი მისი სხეული „ძალიან ძლიერ იყო ნაცემი“ და მას მთელ სხეულზე აღენიშნებოდა შავი და ლურჯი სისხლჩაქცევები, მათ შორის სახეზე, ნიკაპის ქვემოთ და მკერდის არეში. მას ასევე ღრმა ჭრილობა და ნაკაწრები ჰქონდა კისერზე.

2.4 2014 წლის 24 სექტემბერს ქ-ნი ჯეირანოვას მშობლებმა წერილობით მიმართეს საქართველოს მთავარ პროკურორს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას, სიღნაღის რაიონის პროკურორს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს და საქართველოს სახალხო დამცველს. აღნიშნულ მიმართვაში ისინი აღწერდნენ იმ ძალადობას, რომელიც განხორციელდა ქ-ნ ჯეირანოვაზე, და მოითხოვდნენ სისხლის სამართლის გამოძიების ჩატარებას. 2014 წლის 26 სექტემბერს სახალხო დამცველმა მათ უპასუხა, რომ გამოძიების დაწყება პროკურატურის კომპეტენციას განეკუთვნებოდა. 2014 წლის 28 სექტემბერს გამოძიება შეწყდა იმ დასკვნის საფუძველზე, რომ ქ-მა ჯეირანოვამ თავი მოიკლა ქმრის მიმართ თავისი „სამარცხვინო“ საქციელისა და ღალატის გამო. 2014 წლის 2 ოქტომბერს ქ-ნი ჯეირანოვას მშობლებმა საჩივარი შეიტანეს სიღნაღის რაიონულ პროკურორთან გამოძიების გაჭიანურების გამო. 2014 წლის 6 ოქტომბერს კახეთის საოლქო პროკურორმა საჩივარი სიღნაღის რაიონულ პროკურორს გადაუგზავნა.

2.5 2014 წლის 9 ოქტომბერს გამოძიება განახლდა მას შემდეგ, რაც ტელევიზიით გადაიცა სიუჟეტი ამ საქმესთან დაკავშირებით. იმავე დღეს, სიღნაღის რაიონულმა პროკურორმა მშობლების საჩივარი გადაუგზავნა საგარეჯოს რაიონის ადმინისტრაციის უფროსს და სთხოვა დროული და ეფექტური გამოძიების ჩატარების უზრუნველყოფა. 2014 წლის 30 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის „ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა“ უპასუხა, რომ მშობლების წერილი კახეთის საოლქო პროკურორთან იყო გადაგზავნილი. 2014 წლის 4 ნოემბერს კახეთის პროკურორის მოადგილემ მშობლებს წარუდგინა პოლიციის მიერ ჩატარებული გამოკითხვების ანგარიში, სადაც აქცენტი გაკეთებული იყო მხოლოდ ქ-ნი ჯეირანოვას სავარაუდო ღალატზე და მასში ნახსენები არ იყო ცემის ფაქტი. პროკურორის მოადგილემ აღნიშნა, რომ გამოძიება მიმდინარეობდა და გადაწყვეტილება მიღებული იქნებოდა მტკიცებულებების შეგროვების შემდეგ.

2.6 2014 წლის 14 დეკემბერს ჰ.ჰ.-ს შეეფარდა შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა სროლის ინციდენტის გამო. სასამართლო პროცესზე არსებობდა მოწმის ჩვენება, რომლის მიხედვითაც ქ-ნ ჯეირანოვას სცემეს. საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა ჰ.ჰ. 2016 წლის 16 სექტემბერს, მისი საქმის მიმართ საზოგადოებრივი ინტერესიდან და საქმის სპეციფიკური ხასიათიდან გამომდინარე.

2.7 2015 წლის 18 ივნისს ქ-ნი ჯეირანოვას მშობლებმა წერილობით მიმართეს მთავარ პროკურორს და იჩივლეს გამოძიების გაჭიანურების და იმის გამო, რომ მოწმეები არ გამოუკითხავთ. 2015 წლის 15 ივლისს მთავარმა პროკურორმა სიღნაღის რაიონულ პროკურორს სთხოვა ეფექტური და დროული გამოძიების ჩატარება. 2015 წლის 3 აგვისტოს სიღნაღის რაიონულმა პროკურორმა მშობლებს აცნობა, რომ მოწმეები გამოიკითხნენ, ჩატარდა მრავალი საგამოძიებო მოქმედება, და რომ ის მათ აცნობებდა საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ. 2015 წლის 20 ოქტომბერს მთავარმა პროკურორმა კიდევ ერთი მოთხოვნა გაგზავნა.

2.8 2015 წლის 22 დეკემბერს ქ-ნი ჯეირანოვას მშობლებმა კახეთის საოლქო პროკურორს სთხოვეს გამოძიების ფარგლებში შეეტანათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლი დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის შესახებ, ქ-ნი ჯეირანოვას მიმართ განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებით. მათ მოითხოვეს, რომ  ქ-ნი ჯეირანოვა მიეჩნიათ „ღირსების“ სახელით ჩადენილი დანაშაულისა და გენდერული და ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის მსხვერპლად. ჰ.ჰ.-მ მოთხოვნა იგივე ფორმულირებით შეიტანა 2017 წლის 23 თებერვალს.

2.9 2016 წლის 29 იანვარს მშობლებმა კვლავ შეიტანეს საჩივარი მთავარ პროკურორთან გამოძიების გაჭიანურების გამო. 2016 წლის 24 თებერვალს მშობლებს აცნობეს, რომ მათი წერილი გადაეგზავნა კახეთის საოლქო პროკურორს. 2016 წლის 29 ივლისს მთავარმა პროკურორმა საქმის განხილვის სტატუსთან დაკავშირებულ შეკითხვაზე საპასუხოდ აღნიშნა, რომ მან მოთხოვნა გადაუგზავნა კახეთის საოლქო პროკურორს.

2.10 2016 წლის 7 სექტემბერს მშობლებმა წერილობით მიმართეს თელავის რაიონულ პროკურორს სადაც, სხვა საკითხებთან ერთად, კიდევ ერთხელ მოითხოვდნენ გამოძიების ფარგლების გაფართოებას. 2016 წლის 15 და 21 სექტემბერს მათ კიდევ ერთხელ მოითხოვეს ეფექტური და დროული გამოძიების ჩატარება.

ჰ.ჰ.-მ იგივე მოთხოვნა და დაზარალებულის სტატუსის მოთხოვნის შესახებ განცხადება შეიტანა 2016 წლის 19 და 20 დეკემბერს, მას შემდეგ, რაც ის ციხიდან გაათავისუფლეს. კახეთის საოლქო პროკურორმა მოთხოვნაზე უპასუხა 2016 წლის 6 ოქტომბერს, 18 ნოემბერსა და 22 დეკემბერს, სადაც აღნიშნა, რომ გამოძიება კვლავ მიმდინარეობდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რომელიც გულისხმობს თვითმკვლელობამდე მიყვანას.

2.11 2017 წლის 6 და 30 იანვარს ჰ.ჰ.-მ მთავარ პროკურორს მოსთხოვა რეაგირება მოეხდინა საქმის გამოუძიებლობაზე. 7 თებერვალს მთავარმა პროკურორმა მას აცნობა, რომ მან მისი წერილი კახეთის საოლქო პროკურორს გადაუგზავნა და ითხოვა სწრაფი და ეფექტური გამოძიების ჩატარება. 2017 წლის 7 და 23 თებერვალს, ჰ.ჰ.-მ შინაგან საქმეთა სამინისტროს და გენერალურ ინსპექციას მოსთხოვა დისციპლინური სამართალწარმოების დაწყება იმ პოლიციელების წინააღმდეგ, რომლებმაც საქმე ვერ გამოიძიეს. 2017 წლის 27 თებერვალს და 1 მარტს მას აცნობეს, რომ გამოძიება მიმდინარეობდა, და რომ მისი წერილი მთავარი პროკურორის სახელზე გადაგზავნილ იქნა კახეთის საოლქო პროკურორთან.

2.12 2017 წლის 13 მარტს ჰ.ჰ.-მ სახალხო დამცველისგან გამოითხოვა ახალი ინფორმაცია. 2017 წლის 14 მარტს მან გამოითხოვა ინფორმაცია გამოკითხული პირების ვინაობისა და იმ ზომების შესახებ, რომლებიც მიღებულ იქნა საქმის გამოსაძიებლად და სირთულეების აღმოსაფხვრელად. აღნიშნულ მოთხოვნაზე 2017 წლის 15 მარტს კახეთის საოლქო პროკურორმა უპასუხა, რომ მას ასეთი ინფორმაცია უკვე მიწოდებული ჰქონდა. 2017 წლის 20 მარტს მთავარმა გამომძიებელმა დაადასტურა რომ ჰ.ჰ.-ს, როგორც მოწმეს, არ ჰქონდა წვდომა გამოძიების მასალებზე. 2017 წლის 29 მარტს ჰ.ჰ.-მ და ქ-ნი ჯეირანოვას მშობლებმა მოითხოვეს წვდომა გამოძიების შესაბამის მასალებზე მათთვის, როგორც ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებისთვის, გასაგებ ენაზე. 2017 წლის 3 აპრილს მთავარმა გამომძიებელმა გამოთქვა მზადყოფნა შეხვედროდა ჰ.ჰ.-ს და ქ-ნი ჯეირანოვას მშობლებს.

2.13 2017 წლის 8 აგვისტოს ჰ.ჰ.-მ მიმართა მთავარ პროკურორს, სადაც აღნიშნა რომ, უამრავი მოთხოვნისა და საჩივრის მიუხედავად, შესაბამისმა ორგანოებმა ვერ გამოიძიეს საქმე და პასუხისგებაში არ მისცეს მოძალადეები. 2017 წლის 26 სექტემბერს და 1 ნოემბერს ჰ.ჰ.-ს აცნობეს, რომ მოწმეები გამოიკითხნენ, რომ წარმომადგენლებმა მოიპოვეს წვდომა საქმის მასალებზე, რომ მას მიანიჭეს დაზარალებულის სტატუსი, რომ გამოძიება მიმდინარეობდა და რომ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ იყო მიღებული. 2017 წლის 23 ოქტომბერს მთავარმა პროკურორმა ჰ.ჰ.-ს აცნობა, რომ მისი წერილი გადაგზავნილ იქნა კახეთის საოლქო პროკურორთან. 2017 წლის 7 და 11 ნოემბერს და 15 დეკემბერს ჰ.ჰ.-მ კახეთის საოლქო პროკურორს ჰკითხა, თუ ვინ იყო გამოკითხული და ჩატარდა თუ არა ქ-ნი ჯეირანოვას ცხედრის ექსპერტიზა, რათა გამოეკვლიათ მისი მდგომარეობა და ძალადობის კვალი. მან ასევე მოითხოვა წვდომა საქმის მასალებზე და შესაბამისი გადაწყვეტილებების ასლებზე. 2017 წლის 22 ნოემბერს და 8 და 22 დეკემბერს კახეთის საოლქო პროკურორმა ჰ.ჰ.-ს მოთხოვნაზე უპასუხა, რომ მისმა წარმომადგენლებმა უკვე ორჯერ მიიღეს წვდომა საქმის მასალებზე. 2018 წლის 26 იანვარს ჰ.ჰ.-ს წარმომადგენლებს მიეცათ წვდომა საქმის მასალებზე და მხოლოდ შენიშვნების გაკეთების უფლება.

2.14 გამოძიება დღემდე გრძელდება და ბრალი არავისთვის არ წაუყენებიათ. არაერთხელ განაცხადეს რა, რომ ქ-ნი ჯეირანოვას მიმართ მოპყრობა მოიცავდა მისი გენდერული და ეთნიკური კუთვნილებიდან გამომდინარე მის მიმართ დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას მისი ნათესავების, თემის და სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან, კომუნიკაციის ავტორებმა დაასკვნეს, რომ მათ ამოწურეს ყველა არსებული შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი დაცვის საშუალება. ისინი აცხადებენ, რომ იგივე საკითხი არ განხილულა საერთაშორისო გამოძიების ან მორიგების სხვა პროცედურის ფარგლებში.

 

საჩივარი

3.1 ავტორები აცხადებენ, რომ დაირღვა კონვენციის მე-2 მუხლის (ბ) პუნქტი. ისინი ამტკიცებენ, რომ როდესაც ქ-ნ ჯეირანოვას სცემეს და ის გარდაიცვალა, 2006 წლის კანონი ოჯახში ძალადობის შესახებ არ ითვალისწინებდა ქალთა მიმართ ძალადობას გარე ნათესავების მხრიდან.2 თუმცა, კანონი ვრცელდებოდა მის ახლო ნათესავებზე. კომუნიკაციის ავტორები აცხადებენ, რომ შესაბამისმა ორგანოებმა იცოდნენ, რომ ქ-ნი ჯეირანოვა თავისი მშობლების სახლში უსაფრთხოდ არ იყო, და რომ მასზე ხორციელდებოდა ფსიქოლოგიური ძალადობა და თვითმკვლელობის იძულება.

3.2 კომუნიკაციის ავტორები აცხადებენ, რომ დაირღვა კონვენციის მე-2 მუხლის (გ) და (ე) პუნქტები, ვინაიდან მხარე სახელმწიფოს სამართალდამცავმა ორგანოებმა ვერ მიიღეს გონივრული ზომები ქ-ნი ჯეირანოვას დასაცავად. იმდენად, რამდენადაც ქ-ნი ჯეირანოვას მამა მივიდა იორმუღანლოს პოლიციის განყოფილებაში 2014 წლის 16 სექტემბერს, გამომძიებელმა გამოკითხა ქ-ნი ჯეირანოვა, სოფლის გამგებელმა ის თავის სახლში წაიყვანა, სადაც ქ-მა ჯეირანოვამ გამგებელს ჰკითხა, თუ რატომ არ რეაგირებდა პოლიცია ცემის შესახებ მის ბრალდებებზე, და მას აღენიშნებოდა რამდენიმე შესამჩნევი დაზიანება, შესაბამისმა ორგანოებმა იცოდნენ ან მათ უნდა სცოდნოდათ რომ ქ-ნი ჯეირანოვა დაუცველი იყო. კომუნიკაციის ავტორების მტკიცებით, კახეთის საოლქო პროკურორის მიერ ქ-ნი ჯეირანოვას საქციელის „სამარცხვინო საქციელად“ კლასიფიკაცია „ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტისთვის“ გაგზავნილ წერილში ცხადყოფს, რომ მის მიმართ არასათანადო მოპყრობა აღქმულ იქნა როგორც სასჯელი მისი ღალატისთვის. თემის ღირსებაზე დამყარებული ღირებულებების გათვალისწინებით, შესაბამისი ადგილობრივი ორგანოებისთვის ცხადი უნდა ყოფილიყო, რომ ქ-ნ ჯეირანოვაზე განხორციელდა ძალადობა გენდერული ნიშნით.

3.3 კომუნიკაციის ავტორები აღნიშნავენ, რომ პოლიციას ქ-ნ ჯეირანოვასთვის არ შეუთავაზებია დახმარება, ასევე არ მიუწოდებია ინფორმაცია მის უფლებებზე, არ შეუფასებია რისკები და არ მიუღია პრევენციული ან ოპერატიული ზომები. გარდა ამისა, სოფლის გამგებელმა უფლება მისცა დედას დაებრუნებინა ქ-ნი ჯეირანოვა მშობლების სახლში. ქ-ნი ჯეირანოვას შესამჩნევი დაზიანებები და ტრავმირებული მდგომარეობა არსად დაფიქსირებულა, თავდაპირველად მოწმეები არ გამოუკითხავთ, ხოლო პოლიციის 2014 წლის 16 სექტემბრის ოქმში აქცენტი გაკეთებული იყო მხოლოდ მის ქორწინების გარე ურთიერთობაზე და გამოტოვებული იყო მისი ცემის ფაქტი. როგორც ჩანს, პოლიციამ გადაწყვიტა ინციდენტის იგნორირება და არ გაითვალისწინა მისი სიცოცხლისთვის მოსალოდნელი საფრთხე.

3.4 კომუნიკაციის ავტორები ასევე აცხადებენ, რომ დაირღვა კონვენციის მე-2 მუხლის (გ) და (ე) პუნქტები, რადგან არ მომხდარა გამოძიება და იმ პირების პასუხისგებაში მიცემა და დასჯა, რომლებმაც ქ-ნ ჯეირანოვას სცემეს. 2015 წლის 13 აგვისტოს ქ-ნი ჯეირანოვას საქმე გადაეცა კახეთის საოლქო პროკურორს და ის მოიცავდა მრავალ ჩვენებას და მტკიცებულებას. ამის მიუხედავად, გამოძიება დაიხურა იმ მოტივით, რომ ქ-მა ჯეირანოვამ თავი მოიკლა „თავისი სამარცხვინო საქციელის“ გამო და გამოძიება განახლდა მხოლოდ სატელევიზიო სიუჟეტის ეთერში გასვლის შემდეგ.

3.5 კომუნიკაციის ავტორები ამტკიცებენ, რომ მხარე სახელმწიფომ დაარღვია კონვენციის მე-2 მუხლის (გ) და (ე) პუნქტები, რადგან შესაბამისმა ორგანოებმა მიუკერძოებლად და ეფექტურად ვერ გამოიძიეს ქ-ნი ჯეირანოვას გარდაცვალების მიზეზი. გამოძიებას ჯერ კიდევ არ დაუდგენია მოძალადეების ვინაობა და არც ქ-ნი ჯეირანოვას გარდაცვალების მიზეზი. პოლიცია „მაშინვე“ დაეთანხმა თვითმკვლელობის პრეზუმფციას და ვერ გამორიცხა მიზეზები მიუხედავად იმ მტკიცებულებების არსებობისა, რომ ქ-ნ ჯეირანოვას ეშინოდა რომ მას მოკლავდნენ, რომ ქ-ნი ჯეირანოვა იყო დაუცველი, და რომ არსებობდა მისი თვითმკვლელობამდე მიყვანის ან მკვლელობის ღირსებაზე დამყარებული მოტივი, მათ შორის ნათესავების და თემის წევრების კომენტარები იმასთან დაკავშირებით, რომ მისმა თვითმკვლელობამ ისინი სირცხვილისგან იხსნა. კომუნიკაციის ავტორები ხაზს უსვამენ იმას, რომ არ გამოუძიებიათ, თუ რატომ იყო ქ-ნი ჯეირანოვას ხელი მოთავსებული თოკსა და მის კისერს შორის, რაც ჩამოხრჩობის მიმართ წინააღმდეგობის გაწევაზე მიანიშნებს. გარდა ამისა, საქმის მასალებში არ დევს დანაშაულის ჩადენის ადგილის ან სასამართლო ექსპერტიზის პათოლოგიურ-ანატომიური გაკვეთის დეტალური ოქმი, სადაც მითითებული იქნებოდა ქ-ნი ჯეირანოვას ჭრილობები და მათი მიყენების დრო. წარმოდგენილი იყო მხოლოდ მისი ცხედრის ფოტოები და მისი ჭრილობების ზედაპირული, გარე ვიზუალური აღწერა. პოლიცია უსიტყვოდ დაეთანხმა ოჯახის სურვილს არ გადაეცათ ქ-ნი ჯეირანოვას ცხედარი, მიუხედავად მის გარდაცვალებაში მათი შესაძლო მონაწილეობისა და ისეთი კანონის არარსებობისა, რომელიც ხელს უშლიდა პათოლოგიურ-ანატომიური გაკვეთის ჩატარებას ამაზე ოჯახის წევრის უარის შემთხვევაში.

3.6 კომუნიკაციის ავტორები აცხადებენ, რომ მხარე სახელმწიფოს შესაბამისმა ორგანოებმა დაარღვიეს კონვენციის მე-2 მუხლის (დ) პუნქტი ქ-ნი ჯეირანოვას მიმართ დისკრიმინაციის განხორციელებით. ისინი ამტკიცებენ, რომ პროკურორმა გამოავლინა პატრიარქალური დამოკიდებულება გამოძიების შეწყვეტის შესახებ თავის გადაწყვეტილებაში, ღირსებაზე დამყარებული დასაბუთების დასაშვებად მიღებით და პასუხისმგებლობის მთლიანად თავად ქ-ნი ჯეირანოვას ქმედებებზე დაკისრებით. ანალოგიურად, ქ-ნი ჯეირანოვას ცემა პოლიციამ არ მიიჩნია სამართალდაცვის საკითხად, რადგან არ შეიტანა ის ქ-ნი ჯეირანოვასთვის მისი ცემის შემდეგ ჩამორთმეული ჩვენების ოქმში. მათ ან მოუწოდეს ქ-ნ ჯეირანოვას შეემცირებინა ფაქტები, ან განზრახ „სანიტარულად დაამუშავეს“ ჩანაწერი რათა მასში ასახულიყო, რომ მამის მიერ ცემას „ზიანი არ მიუყენებია“. ასევე, მოწმეთა ჩვენებების ოქმებიდანაც ჩანს იმ პოლიციელების დისკრიმინაციული დამოკიდებულება, რომლებმაც ისინი შეადგინეს, რადგან მათში თითქმის მხოლოდ აშკარა სასიყვარულო ურთიერთობაზე არის აქცენტი გაკეთებული. ანალოგიურად, სოფლის გამგებელმაც გამოავლინა დისკრიმინაციული დამოკიდებულება, რადგან მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ქ-ნი ჯეირანოვა იყო „მოღალატე“, მიაწერა მას თვითმკვლელობა შერცხვენის გამო და უარყო, რომ მას აღენიშნებოდა რაიმე ჭრილობა.

მოგვიანებით მან შეცვალა ჩვენება და აღიარა, რომ ქ-ნ ჯეირანოვას აღენიშნებოდა სისხლჩაქცევები, და რომ მასზე ხორციელდებოდა ზეწოლა ოჯახის მხრიდან რომ ჩაედინა თვითმკვლელობა. მიუხედავად ამისა, გამგებლის ერთადერთი ქმედება იყო ქ-ნი ჯეირანოვას გარიდება ამ სიტუაციიდან ერთი ღამით. ამგვარად, შესაბამისმა ორგანოებმა ვერ მართეს და ვერ გამოავლინეს გენდერული სტერეოტიპები და ღირსებაზე დამყარებული პრაქტიკა.3

3.7 კომუნიკაციის ავტორები დასძენენ, რომ მხარე სახელმწიფოს შესაბამისმა ორგანოებმა ვერ გაითვალისწინეს მოტივირებული იყო თუ არა ქ-ნი ჯეირანოვას ცემა და სიკვდილი გენდერული და ღირსებაზე დამყარებული დისკრიმინაციით, რითაც დაირღვა კონვენციის მე-2 მუხლის (გ), (დ) და (ე) პუნქტები. მიუხედავად მტკიცებულებებისა და კომუნიკაციის ავტორთა წერილებისა, რომლებშიც საუბარი იყო „ღირსების“ სახელით ჩადენილ დანაშაულზე, გამოძიების შეწყვეტის შესახებ თავის გადაწყვეტილებაში პროკურორი მიემხრო ღირსებაზე დამყარებულ ფასეულობათა სისტემას. ასევე მოძალადეებმაც გამოავლინეს დისკრიმინაციული ქცევა, ვინაიდან მათი გაგებით, მათ ჰქონდათ უფლება გაეკონტროლებინათ და დაესაჯათ ქ-ნი ჯეირანოვა იმის საფუძველზე, რომ ის მათი ნათესავის ცოლი იყო.  ფემიციდისა და „ღირსების“ სახელით ჩადენილ ძალადობასთან მისი კავშირის შესახებ ლიტერატურაზე მითითებით4 კომუნიკაციის ავტორები აცხადებენ, რომ ქ-ნი ჯეირანოვა მიჩნეული უნდა ყოფილიყო ფემიციდის მსხვერპლად.

3.8 და ბოლოს, კომუნიკაციის ავტორები აცხადებენ, რომ დაირღვა კონვენციის მე-2 მუხლის (ვ) პუნქტი და მე-5 მუხლის (ა) პუნქტი კონვენციის 1-ელ მუხლთან ერთობლიობაში, „ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ“ კომიტეტის ზოგადი რეკომენდაციის No. 19 (1992) და „ქალთა მიმართ გენდერული ნიშნით ძალადობის შესახებ“ კომიტეტის ზოგადი რეკომენდაციის No. 35 (2017) გათვალისწინებით, რომლითაც განახლებულია ზოგადი რეკომენდაცია No. 19. ისინი ამტკიცებენ, რომ ქ-ნი ჯეირანოვა იყო პატრიარქალური, ტრადიციონალისტური და რელიგიური დამოკიდებულებების მსხვერპლი, რაც გამოიხატება გენდერული ნიშნით ძალადობის გზით მისი ცხოვრების კონტროლით. ისინი აცხადებენ, რომ ქ-ნი ჯეირანოვას მოტაცების ძირეული მიზეზი, ჰ.ჰ.-ს მამაკაცი ნათესავების მიერ მისი საჯაროდ ცემა, მისი სავარაუდო თვითმკვლელობა და პათოლოგიურ-ანატომიურ გაკვეთაზე და ეფექტურ გამოძიებაზე უარი ცხადყოფს, რომ შესაბამისმა ორგანოებმა ვერ მიიღეს ყველა შესაბამისი ზომა ქცევის სოციალური და კულტურული მოდელების შესაცვლელად, განსაკუთრებით კი ისეთ ეთნიკურ თემებში, როგორიცაა ქვემო ლამბალო, და საქართველოში ქალთა მიმართ სტერეოტიპულ და დისკრიმინაციულ დამოკიდებულებასთან მიმართებაში.5 „ღირსების“ სახელით ჩადენილი ძალადობის შესახებ საექსპერტო დასკვნაზე6 და ქ-ნი ჯეირანოვას მიერ ღალატის შესახებ ჩვენებებზე მითითებით კომუნიკაციის ავტორები ამტკიცებენ, რომ ქ-ნი ჯეირანოვას საჯაროდ ცემა ასახავს მტკიცედ დამკვიდრებულ, ღირსებაზე დაფუძნებულ სოციალურ ნორმებს და იმ სტერეოტიპების სიჭარბეს, რაც გაახანგრძლივებს გენდერული ნიშნით ძალადობას საქართველოში.7

 

მხარე სახელმწიფოს მოსაზრებები საქმის მისაღებობასთან და არსებით მხარესთან დაკავშირებით

4.1 2019 წლის 19 სექტემბრის ვერბალური ნოტით, მხარე სახელმწიფომ წარმოადგინა თავისი მოსაზრებები საქმის მისაღებობასთან და არსებით მხარესთან დაკავშირებით. მხარე სახელმწიფო ამტკიცებს, რომ კომუნიკაცია მიუღებელია მათ კანონიერ წარმომადგენლობაზე ავტორების თანხმობის არარსებობის გამო. მხარე სახელმწიფო აღნიშნავს, რომ ჰ.ჰ.-მ ხელი მოაწერა ყველა ნებართვას და რომ ხელმოწერები ერთმანეთს არ ჰგავს, და ასევე არ ჰგავს არც საქართველოს შესაბამისი ორგანოების მიერ მისთვის ჩამორთმეულ ჩვენებებზე არსებულ ხელმოწერებს.

გარდა ამისა, 2019 წლის 28 ივნისს ჰ.ჰ.-მ შესაბამისი ორგანოების წინაშე განაცხადა, რომ ის არ იცნობდა იმ ადვოკატებს რომლებიც მას წარმოადგენდნენ, რომ მას სურდა კომუნიკაციის უკან გამოთხოვა, და რომ ის არასდროს წარადგენდა კომუნიკაციას მის ადვოკატს რომ არ ეთხოვა. მხარე სახელმწიფო ასკვნის, რომ არ მომხდარა კომუნიკაციის წარდგენასთან დაკავშირებული ავტორთა უფლების კანონიერი განხორციელება და აცხადებს, რომ მათი განზრახვები უნდა დაზუსტდეს.

4.2 მხარე სახელმწიფო აღნიშნავს, რომ კომუნიკაცია მიუღებელია დაზარალებულის სტატუსის არარსებობის გამო. ფაქტებთან დაკავშირებით ჰ.ჰ.-ს არანაირი ქმედება არ განუხორციელებია 2016 წლის დეკემბრამდე. ჰ.ჰ.-მ არაერთხელ განაცხადა, რომ მას არავის მიმართ პრეტენზიები არ ჰქონდა, რომ ქ-ნ ჯეირანოვას არ უხსენებია ცემის შესახებ, და რომ ქ-მა ჯეირანოვამ თავი სირცხვილის გამო მოიკლა.8 მან ასევე განაცხადა, რომ მან არ იცოდა, თუ ვინ წარმოადგენდა მას კომიტეტის წინაშე და რომ მას სურდა კომუნიკაციის უკან გამოთხოვა. მან მადლობა გადაუხადა თავის ნათესავებს, რომლებმაც, სავარაუდოდ, „ის სირცხვილისგან იხსნეს“ და მადლობის ნიშნად მათ შუბლზე აკოცა. მხარე სახელმწიფო ასკვნის, რომ ჰ.ჰ. არ არის დაინტერესებული სისხლის სამართლის საქმის წარმოებით.

4.3 მხარე სახელმწიფო აცხადებს, რომ კომუნიკაციის ავტორებს არ ამოუწურავთ შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი დაცვის საშუალებები. აღნიშნავს რა, რომ საჩივრები შეტანილ იქნა ოჯახის სხვადასხვა წევრის მიერ, მხარე სახელმწიფო აცხადებს, რომ მხოლოდ კომუნიკაციის ავტორთა სახელით წარდგენილი საჩივრები არის შესაბამისი შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი დაცვის საშუალებების ამოწურვისთვის. მხარე სახელმწიფო აღნიშნავს, რომ ჰ.ჰ.-ს სახელით შეტანილი 10 წერილიდან მხოლოდ ერთ წერილში იყო საუბარი ქ-ნი ჯეირანოვას მიმართ დისკრიმინაციაზე. გარდა ამისა, კომუნიკაციის ავტორთა სასარჩელო მოთხოვნები, მათ შორის პოლიციისა და პროკურორის მიერ ქ-ნი ჯეირანოვას დაუცველობასთან, შესაბამისი ორგანოების მხრიდან დისკრიმინაციასა და სტერეოტიპების სიჭარბესთან დაკავშირებით, არსებითად არ იქნა წამოჭრილი ეროვნული სასამართლოების წინაშე. უფრო მეტიც, კომუნიკაციაზე თანდართული ინფორმაციის უმეტესი ნაწილი, მათ შორის ჩვენებები და ვიდეოჩანაწერები, პირველად წარედგინა მხარე სახელმწიფოს შესაბამის ორგანოებს კომუნიკაციის კონტექსტში.

4.4 მხარე სახელმწიფო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო სარჩელი იქნებოდა ადეკვატური და შესაბამისი შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი დაცვის საშუალება. დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ საქართველოს 2014 წლის კანონის თანახმად (შემდგომში – „2014 წლის კანონი“), ნებისმიერ პირს, რომელიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს, შეუძლია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება. გარდა ამისა, ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ საქართველოს 2006 წლის კანონი ითვალისწინებს ოჯახში ძალადობით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას. მხარე სახელმწიფო აღნიშნავს, რომ „ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ“ დაადგინა, რომ მომჩივნებმა არ ამოწურეს სამართლებრივი დაცვის საშუალებები საქართველოში იმდენად, რამდენადაც არ მიუმართავთ სამოქალაქოსამართლებრივი დაცვის საშუალებებისთვის.9 მხარე სახელმწიფო დამატებით აღნიშნავს იმ გადაწყვეტილებებს, რომლებითაც ეროვნულმა სასამართლოებმა დააკისრეს მორალური ზიანის ანაზღაურება ოჯახში ძალადობის საქმეებში, მათ შორის ერთ-ერთ საქმეში სადაც თვითმკვლელობა ფიგურირებდა, ასევე დისკრიმინაციის აკრძალვის შესახებ კანონმდებლობის საფუძველზე. მხარე სახელმწიფო აცხადებს, რომ კომუნიკაციის ავტორებმა ვერ ისარგებლეს ამ საშუალებებით.

4.5 მხარე სახელმწიფო დასძენს, რომ კომუნიკაციის ავტორებმა ვერ ამოწურეს სისხლისსამართლებრივი დაცვის საშუალებები. ერთი მხრივ, ინციდენტიდან ორი წლის განმავლობაში ისინი უმოქმედოდ იყვნენ და წინამდებარე კომუნიკაციის გარდა, მათ არ უჩივლიათ გამოძიების არაეფექტურობასთან დაკავშირებით. მხარე სახელმწიფო მითითებას აკეთებს საქმეზე „. . ლატვიის წინააღმდეგ“ (CCPR/C/110/D/1935/2010), მე-7.4 პარაგრაფი, რომელშიც „ადამიანის უფლებათა კომიტეტმა“ მიიჩნია, რომ ავტორს არ უჩივლია სამართლებრივი დაცვის საშუალებების არაეფექტურობასთან დაკავშირებით პოლიციაში საჩივრის შეტანის შემდეგ. მეორე მხრივ, სისხლის სამართლის გამოძიება კვლავ მიმდინარეობს პროკურატურაში. 

მხარე სახელმწიფო სადავოდ ხდის იმის შესახებ მტკიცებას, რომ არ მომხდარა ბრალდების წაყენება იმ მტკიცებულების მიუხედავად რომ ქ-ნ ჯეირანოვას სცემეს, აღნიშნავს რა, რომ კომუნიკაციის ავტორები არასწორად წარმოაჩენენ მოწმეთა ჩვენებებს.10

4.6 მხარე სახელმწიფო აღნიშნავს, რომ კახეთის საოლქო პროკურორმა დაკითხა 43 პირი და რომ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმე არის უაღრესად რთული, რადგან მასში ბევრი ადამიანი ფიგურირებს, მოწმეთა უმეტესობამ ქართული ენა არ იცის და გამოკითხვებისთვის საჭიროა თარჯიმნები. აღნიშნული 43 პირიდან მხოლოდ ქ-ნი ჯეირანოვას არასრულწლოვანმა შვილებმა განაცხადეს, რომ მათ ნახეს თუ როგორ სცემდნენ მათ დედას ჰ.ჰ.-ს ნათესავები. ხუთმა მოწმემ ახსენა, რომ ქ-ნი ჯეირანოვას ცემის შესახებ სოფელში ზოგადად ცნობილი იყო, თუმცა ცემას ისინი თავად არ შესწრებიან. სხვებმა ბრალდებები უარყვეს, ან განაცხადეს, რომ ქ-ნ ჯეირანოვას ხილული დაზიანებები არ აღენიშნებოდა. თავად ქ-ნი ჯეირანოვას გამოკითხვის ოქმშიც არაფერია ნათქვამი მისი ცემის შესახებ, ასევე მას არ უხსენებია ცემა როდესაც 2014 წლის 16 სექტემბერს ჰ.ჰ.-ს დაურეკა.

4.7 მხარე სახელმწიფო აღნიშნავს, რომ გამოძიება განახლდა, როგორც კი ხელახლა გამოჩნდა ინფორმაცია სავარაუდო ცემასთან დაკავშირებით. მიმდინარეობს რამდენიმე სცენარის შესწავლა, მათ შორის ჰ.ჰ.-ს ნათესავების მხრიდან ქ-ნი ჯეირანოვას მიმართ შესაძლო დამამცირებელ მოპყრობასთან, მისი ოჯახის წევრების მხრიდან მის მიმართ სასტიკ მოპყრობასთან, და იმ ფაქტორთა ერთობლიობასთან დაკავშირებით, რომლებსაც შესაძლოა „გავლენა მოეხდინათ“ მის თვითმკვლელობაზე, ასევე სავარაუდო დანაშაულების გენდერულ ასპექტებთან დაკავშირებით.

4.8 მხარე სახელმწიფო აღნიშნავს ქ-ნი ჯეირანოვას ნათესავების მხრიდან „უზარმაზარ წინააღმდეგობას“ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის მიმართ რელიგიური მიზეზებიდან გამომდინარე და იმის გამო, რომ ისინი არავის ადანაშაულებდნენ. სასამართლო ექსპერტმა ჩაატარა ყოვლისმომცველი გარე ექსპერტიზა. მხარე სახელმწიფო აღნიშნავს, რომ „ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ“ დაადგინა, რომ სახელმწიფოებმა უნდა იპოვონ სათანადო ბალანსი ეფექტური გამოძიების მოთხოვნასა და პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლების დაცვას შორის.11

4.9 მხარე სახელმწიფო აღნიშნავს, რომ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე მოიცავს სავარაუდო ცემას. პროკურორმა გააფართოვა გამოძიების ფარგლები დაადგინა რა, რომ კომუნიკაციაში არსებული მასალებით ვლინდება ქ-ნი ჯეირანოვას მიმართ შესაძლო არაადამიანური მოპყრობა მისი სქესის საფუძველზე. მხარე სახელმწიფო აცხადებს რომ, საქმის სირთულიდან გამომდინარე, სისხლის სამართლის საქმის წარმოება არ არის დაუსაბუთებლად გაჭიანურებული.

4.10 მხარე სახელმწიფო დასძენს, რომ კომუნიკაცია წარმოადგენს კომუნიკაციის წარდგენის უფლების ბოროტად გამოყენებას, რადგან კომუნიკაციის ავტორებმა ის წარადგინეს სავარაუდო დარღვევებიდან ოთხი წლის შემდეგ, გაჭიანურების მიზეზის ყოველგვარი განმარტების გარეშე, და რადგან მას კავშირი არ აქვს ჰ.ჰ.-ს ინტერესთან, რომელმაც კომუნიკაციის მიმართ არასერიოზული მიდგომა გამოავლინა თავისი გულგრილობითა და უგულვებელყოფით.

4.11 არსებითად, მხარე სახელმწიფო ამტკიცებს, რომ ფაქტებით არ ვლინდება კონვენციის დარღვევა. შესაბამისმა ორგანოებმა „საერთოდ არ იცოდნენ“ რომ ჰ.ჰ.-ს ნათესავები შეთქმულებას აწყობდნენ ქ-ნი ჯეირანოვას წინააღმდეგ. მაშინაც კი, თუ ქ-ნ ჯეირანოვას დააშინებდნენ, რაზედაც პოლიცია რეაგირებას მოახდენდა შესაბამისი ზომებით, პრევენციული ზომების მიღების პოზიტიური ვალდებულებები წარმოიშობა მხოლოდ გამონაკლის გარემოებებში, როდესაც არსებობს ადამიანის სიცოცხლის მიმართ რეალური, პირდაპირი და უშუალო საფრთხის ცნობილი რისკი,12  რაც არ არსებობს წინამდებარე საქმეში. ქ-ნი ჯეირანოვას და მისი მამის ჩვენებებში არ არის ნახსენები  ჰ.ჰ.-ის ნათესავების მხრიდან არასათანადო მოპყრობის შესახებ. ქ-ნი ჯეირანოვას მამამ განაცხადა, რომ ქ-ნი ჯეირანოვა დარჩა იმ ნათესავებთან ერთად, რომლებმაც ის დაიჭირეს, მაგრამ ის ყვიროდა და ძალიან მალე დატოვა პოლიციის განყოფილება, რითაც პოლიციას არ მისცა მისი დაკითხვის საშუალება. სოფლის გამგებელმა და მისმა ცოლმა აღნიშნეს, რომ 2014 წლის 16 სექტემბრის ღამეს ქ-ნი ჯეირანოვა ანერვიულებული იყო, თუმცა მას არ უხსენებია შეურაცხყოფა ჰ.ჰ.-ს ნათესავების მხრიდან. იმის შესახებ, რომ ქ-მა ჯეირანოვამ იკითხა, თუ რატომ არ აპატიმრებდნენ მათ ვინც მას სცემა, გამგებელმა შეიტყო მხოლოდ მაშინ, როდესაც ქ-ნი ჯეირანოვას მამამ ეს მასთან ახსენა.

4.12 უფრო მეტიც, შესაბამისი ორგანოებისთვის არ იყო ცნობილი ქ-ნი ჯეირანოვას სიცოცხლისთვის რაიმე საფრთხის არსებობის შესახებ, რადგან გარდაცვალების შემდგომი შემოწმების გარდა სხვა სამედიცინო შემოწმება არ ჩატარებულა. მხარე სახელმწიფო ხაზს უსვამს იმას, რომ თვითდაზიანებასთან დაკავშირებით პოზიტიური ვალდებულების დარღვევის წარმოშობისთვის უნდა დადგინდეს, რომ შესაბამისმა ორგანოებმა იცოდნენ ან უნდა სცოდნოდათ პირის სიცოცხლისთვის ნამდვილი და უშუალო საფრთხის არსებობის შესახებ, და რომ მათ თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ვერ მიიღეს ის ზომები, რომლებიც გონივრულ ფარგლებში შეიძლებოდა ყოფილიყო მოსალოდნელი ასეთი საფრთხის თავიდან ასაცილებლად. 13 მხარე სახელმწიფო აცხადებს, რომ მიღებული ზომები საკმარისი იყო. პოლიციამ ქ-ნი ჯეირანოვა გამოკითხა როგორც კი მათ ამის შესახებ ეცნობათ. ქ-ნ ჯეირანოვას არ უხსენებია ჰ.ჰ.-ის ნათესავების მხრიდან შეურაცხყოფის შესახებ და განაცხადა, რომ მამის მხრიდან ცემა არ იყო მტკივნეული. მამამისს არ გამოუყენებია იარაღი და მასზე თავდასხმა არ დაუგეგმავს. აქედან გამომდინარე, პოლიციას არ დაუწყია გამოძიება. მიუხედავად ამისა, დაძაბულობის განსამუხტად, პოლიციამ და გამგებელმა ქ-ნი ჯეირანოვა გამგებლის სახლში წაიყვანეს, სადაც მას მოუარეს. ამის შემდეგ, დედასთან საუბრისას ქ-ნი ჯეირანოვა დათანხმდა დაბრუნებულიყო მშობლების სახლში და დედამ ის უკან წაიყვანა იმ წერილობითი პირობით, რომ მას ზიანს არ მიაყენებდნენ. მეორე დღეს პოლიციელებმა მისი მდგომარეობა შეამოწმეს.

4.13 მხარე სახელმწიფო აღნიშნავს, რომ „ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს“ თანახმად, „დაცვის პოზიტიური ვალდებულება უნდა განიმარტოს ისე, რომ შესაბამის ორგანოებს არ დაეკისროთ ზედმეტი ტვირთი“ 14, და რომ პოზიტიური ვალდებულებები უკავშირდება მიზეზ-შედეგობრივ კავშირს უმოქმედობის შედეგად, რაც გულისხმობს ჰიპოთეტურ ანალიზს. მხარე სახელმწიფოს ქმედებები ვერ შეცვლიდა იმ გარემოებებს, რომლებმაც შესაძლოა გამოიწვიეს ქ-ნი ჯეირანოვას თვითმკვლელობა. გამოძიების მიმდინარეობისას მხარე სახელმწიფომ განაცხადა, რომ მას არ დაურღვევია კონვენციის მე-2 მუხლის (გ) და (ე) პუნქტებით გათვალისწინებული სათანადო გულისხმიერების ვალდებულება.

4.14 მხარე სახელმწიფო უარყოფს კომუნიკაციის ავტორების სასარჩელო მოთხოვნას კონვენციის მე-2 მუხლის (დ) პუნქტის დარღვევასთან დაკავშირებით. მხარე სახელმწიფო აცხადებს, რომ ოჯახში ძალადობის გამოძიება უმაღლესი პრიორიტეტია ქვეყნის შესაბამისი ორგანოებისთვის, და ის აკვირდება მიღწეულ პროგრესს. გამოძიების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მხარე სახელმწიფო აღნიშნავს, რომ მხოლოდ ქ-ნი ჯეირანოვას შვილები ადასტურებდნენ ცემის შესახებ ბრალდებებს. რამდენიმე მოწმემ არ ითანამშრომლა პროკურორთან, ან არ მისცა იგივე ჩვენება გამომძიებლებს, რაც მისცა ჟურნალისტებს. უფრო მეტიც, გამოძიება განახლდა დამატებითი ინფორმაციის მიღებისთანავე და გამოძიების ფარგლები გაფართოვდა და მოიცვა გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია. პოლიციამ მოწმეებს მოუწოდა, ეთქვათ ყველაფერი რაც მათთვის იყო ცნობილი, და უთხრა მათ რომ არასწორი ჩვენების მიცემა ითვალისწინებდა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას. მთარგმნელმა დაადასტურა მისი თარგმანების სისრულე და სიზუსტე. მხარე სახელმწიფო უარყოფს რაიმე დისკრიმინაციულ ქცევას სოფლის გამგებლის მხრიდან, რომელსაც საერთოდ არანაირი აქცენტი არ გაუკეთებია ქ-ნი ჯეირანოვას „მოღალატეობაზე“.

4.15 კონვენციის მე-2 მუხლის (ვ) პუნქტის და მე-5 მუხლის (ა) პუნქტის თანახმად შეტანილი სასარჩელო მოთხოვნის გასაჩივრებისას მხარე სახელმწიფომ ჩამოთვალა ის ზომები, რომლებიც მიღებულია ქალთა მიმართ ძალადობისა და გენდერული უთანასწორობის წინააღმდეგ საბრძოლველად, მათ შორის ეთნიკური და ეროვნული უმცირესობების თემებთან მიმართებაში, მაგალითად, როგორიცაა იორმუღანლო. 15

4.15 მხარე სახელმწიფო სადავოდ ხდის სასარჩელო მოთხოვნას კონვენციის მე-2 მუხლის (ბ) პუნქტის თანახმად, აღნიშნავს რა, რომ მან მიიღო ყოვლისმომცველი გენდერული თანასწორობისა და სქესის ნიშნით დისკრიმინაციის ჩარჩო დოკუმენტები, მათ შორის, „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის“ განსახორციელებლად. მხარე სახელმწიფო ხაზს უსვამს, რომ მან გააძლიერა კანონმდებლობა ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის ეფექტურად აკრძალვისა და მის წინააღმდეგ სანქციების დაწესების კუთხით. მათ შორის, ის აღნიშნავს, რომ 2014 წლის კანონი მოიცავს სქესის და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციას საჯარო და კერძო სექტორებში, და ადგენს შიდა მონიტორინგის უფლებამოსილებას.

 

კომუნიკაციის ავტორების კომენტარები მხარე სახელმწიფოს მოსაზრებებზე საქმის დასაშვებობასთან და არსებით მხარესთან დაკავშირებით

5.1 2020 წლის 14 თებერვალს კომუნიკაციის ავტორებმა წარმოადგინეს თავიანთი კომენტარები მხარე სახელმწიფოს მოსაზრებებთან დაკავშირებით. მათ უარყვეს, რომ ჰ.ჰ.-ს ხელმოწერები მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან და წარმოადგინეს ჰ.ჰ.-ს 2019 წლის 20 დეკემბრის წერილობითი განცხადება, რომლითაც დასტურდება მის მიერ მის წარმომადგენლებზე უფლებამოსილების მინიჭება და ის, რომ მას არასდროს მოუთხოვია კომუნიკაციის შეჩერება.

5.2 კომუნიკაციის ავტორები აცხადებენ, რომ ჰ.ჰ.-ს „აშკარა უმოქმედობა“ 2016 წლის დეკემბრამდე უკავშირდებოდა მის პატიმრობას 2014 წლის 15 დეკემბრიდან 2016 წლის 16 სექტემბრამდე. ქ-ნი ჯეირანოვას მშობლები შესაბამის ორგანოებთან კომუნიკაციას ახორციელებდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით, რომლებიც კვლავ წარმოადგენენ ჰ.ჰ.-ს. წერილები ჰ.ჰ.-ს სახელით შესაბამის ორგანოებს ეგზავნებოდა 2016 წლის დეკემბრიდან. გარდა ამისა, ჰ.ჰ.-მ შეიტანა საჩივრები ქ-ნი ჯეირანოვას ნათესავების წინააღმდეგ. ჰ.ჰ.-ს ინტერესი გამომდინარეობს მისი ცოლისა და მისი შვილების დედის მიმართ არასათანადო მოპყრობისა და მისი გარდაცვალების სათანადო გამოძიების არარსებობიდან. კომუნიკაციის ავტორები ამტკიცებენ, რომ ამ შემთხვევაზე არ ვრცელდება საქმის კაბუროვი ბულგარეთის წინააღმდეგ“ კრიტერიუმი, რადგან „ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ“ აღნიშნულ საქმეში განაცხადა, რომ ის შეზღუდულად განიხილავდა ახლო ნათესავების საქმეებს, რომლებიც არ ეხება სიცოცხლის უფლებას.  უფრო მეტიც, მხარე სახელმწიფოს სადავოდ არ გაუხდია ი.ჰ.-ს და იუ.ჰ.-ს ინტერესი.

5.3 კომუნიკაციის ავტორები ამტკიცებენ, რომ სამოქალაქო სარჩელი არ არის საკმარისი სიცოცხლის უფლებასთან დაკავშირებულ საქმეებში. ასეთ საქმეებში დადგენილი კომპენსაცია 20 000-დან 25 000 ლარამდე ოდენობით არაადეკვატურია ფემიციდის შემთხვევაში, ხოლო „ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს“ ასეთ საქმეებში დაკისრებული აქვს უფრო მაღალი კომპენსაციის გადახდა მორალური ზიანისთვის.16 გარდა ამისა, სამოქალაქო ფემიციდის საქმეების შედეგი, როგორც წესი, ემყარება სისხლის სამართლის პროცესის შედეგებს, რომელიც ამ შემთხვევაში არ ჩატარებულა. უფრო მეტიც, სამოქალაქო საქმეებში სასამართლოებს არ აქვთ ფიზიკური პირებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების უფლებამოსილება. კომუნიკაციის ავტორები ამტკიცებენ, რომ სამოქალაქოსამართლებრივი დაცვის საშუალებები ვერ აანაზღაურებს გამოძიების არაეფექტურობას და მოძალადეების დასჯას.17 ისინი აღნიშნავენ, რომ მათი 19 წერილი, რომლებშიც ისინი ითხოვდნენ სწრაფ და საფუძვლიან გამოძიებას და დისციპლინურ სამართალწარმოებას პოლიციელების მიმართ, უპასუხოდ დარჩა.

5.4 კომუნიკაციის ავტორები ამტკიცებენ, რომ 2014 წლის კანონის მე-10 მუხლი არ ვრცელდება მათ საქმეზე, მათ შორის იმიტომ, რომ მათ არ ექნებოდათ საპროცესო უფლებაუნარიანობა, რადგან აღნიშნული მუხლის თანახმად საჩივარი შეტანილ უნდა იქნეს უშუალო მსხვერპლის მიერ, და რადგან დისკრიმინაციის დადგენა ვერ გამოიწვევს პასუხისმგებელი პირების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას.

5.5 კომუნიკაციის ავტორები უარყოფენ მხარე სახელმწიფოს განცხადებას კომუნიკაციაში ახალი მტკიცებულებების არსებობასთან დაკავშირებით, ამტკიცებენ რა, რომ ვიდეო მტკიცებულება, რომელზეც განცხადებაშია საუბარი, სავარაუდოდ არის 2014 წელს შესაბამისი ორგანოებისთვის წარდგენილი ვიდეოჩანაწერი. ისინი აღნიშნავენ, რომ 2015 წლის 22 დეკემბერს და 2017 წლის 23 თებერვალს მათ კახეთის საოლქო პროკურორს განუცხადეს, რომ ქ-ნი ჯეირანოვა იყო „ღირსების“ სახელით ჩადენილი დანაშაულისა და გენდერული და ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის მსხვერპლი.

5.6 კომუნიკაციის ავტორები ამტკიცებენ, რომ შესაბამის ორგანოებთან მათი რეგულარული მიმოწერა მათ საქმეს განასხვავებს საქმისგან . . ლატვიის წინააღმდეგ. ისინი აღნიშნავენ, რომ კომიტეტის სასამართლო პრაქტიკა, რომელიც აღწერს სამ წელზე მეტი ხნის განმავლობაში სისხლის სამართლის საქმის წარმოების გაჭიანურებას, არის არაგონივრული.18

5.7 კომუნიკაციის ავტორები უარყოფენ მხარე სახელმწიფოს იმ მოსაზრებას, რომ კომუნიკაცია წარმოადგენს კომუნიკაციის წარდგენის უფლების ბოროტად გამოყენებას და აღნიშნავენ, რომ ასეთი განცხადება საწყენია.

5.8 კონვენციის მე-2 მუხლის (ვ) პუნქტისა და მე-5 მუხლის (ა) პუნქტის თანახმად წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნის არსებით მხარესთან დაკავშირებით კომუნიკაციის ავტორები აღნიშნავენ, რომ მხარე სახელმწიფოს მიერ მითითებული ზომები შეუსაბამოა წინამდებარე საქმისთვის, რადგან მათი მიღება მოხდა ქ-ნი ჯეირანოვას გარდაცვალების შემდეგ. ისინი აღნიშნავენ, რომ ქ-ნი ჯეირანოვას ცემისა და გარდაცვალების ძირეული მიზეზი იყო პატრიარქალური დამოკიდებულებები და გენდერული სტერეოტიპები, რომლებიც მტკიცედ არის დამკვიდრებული საქართველოში.19

5.9 იხმობენ რა კონვენციის მე-2 მუხლის (გ) და (ე) პუნქტების თანახმად წარმოდგენილ სასარჩელო მოთხოვნას, კომუნიკაციის ავტორები ამტკიცებენ, რომ „ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს“ კრიტერიუმი არის ის, შესაბამისმა ორგანოებმა „იცოდნენ თუ არა ან უნდა სცოდნოდათ თუ არა ... სიცოცხლისთვის რეალური და უშუალო საფრთხის არსებობის შესახებ ...”,20 კრიტერიუმი, რომელიც გამოყენებულ უნდა იქნეს გენდერული და კონტექსტუალური თვალსაზრისით.21 კომუნიკაციის ავტორები აღნიშნავენ, რომ მხარე სახელმწიფომ არ გაითვალისწინა რომ, მოწმეთა ჩვენებების მიხედვით, ჰ.ჰ.-ს ნათესავებმა შეიპყრეს ქ-ნი ჯეირანოვა, რომ მამამ მას დაარტყა, და რომ მას სხეულზე აღენიშნებოდა სისხლჩაქცევები, ნაკაწრები და სისხლი, და ტანსაცმელი შემოხეული ჰქონდა. ჩვენებებში ასევე ნათქვამია, რომ ქ-ნ ჯეირანოვას სურდა ნათესავებისგან შორს ყოფნა, რომ მას ეშინოდა რომ მამა მოკლავდა, და რომ დეიდამ მას უთხრა რომ ვირთხის საწამლავი მიეღო. კომუნიკაციის ავტორები ამტკიცებენ, რომ მხარე სახელმწიფომ გამოტოვა ჰ.ჰ.-ს შეკითხვა პოლიციის მიმართ იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ამოიღეს ჩანაწერიდან ქ-ნი ჯეირანოვას ცემის შესახებ მისი მონაყოლი.  ისინი აღნიშნავენ, რომ ქ-ნი ჯეირანოვას წაყვანა სახლიდან და შემდეგ უკან დაბრუნება ზიანის მიუყენებლობის პირობით ცხადყოფს, რომ შესაბამისი ორგანოებისთვის ცნობილი იყო ქ-ნი ჯეირანოვას მიმართ საფრთხის, მათ შორის თვითმკვლელობამდე მიყვანის საფრთხის, არსებობის შესახებ. ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ შესაბამისმა ორგანოებმა ვერ მოახერხეს ქ-ნ ჯეირანოვასთან მარტო გასაუბრება, რადგან მისი მამა და დეიდა არაერთხელ შევიდნენ გასაუბრების ოთახში. ისინი ასევე აცხადებენ რომ, თემში დამკვიდრებული ღირსების ნორმების გათვალისწინებით, შესაბამის ორგანოებს უნდა სცოდნოდათ მასზე განხორციელებული გენდერული ნიშნით ძალადობის შესახებ.

5.10 კომუნიკაციის ავტორები ასევე ამტკიცებენ, რომ შესაბამისმა ორგანოებმა არ აღძრეს სისხლის სამართლის საქმის წარმოება ქ-ნი ჯეირანოვას ძალადობრივ დაკავებასთან, გაყვანასთან და შეურაცხყოფასთან დაკავშირებით. მის იმ განცხადებაზე აქცენტის გაკეთებას, რომ მამის ცემას მისთვის ზიანი არ მიუყენებია, გენდერული ნიშნით ძალადობა მინიმუმამდე დაჰყავს. მისი წაყვანა სოფლის გამგებლის საცხოვრებელ ადგილზე არასაკმარისი იყო იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მოგვიანებით ის ისევ თავის ნათესავებთან დააბრუნეს.

ანალოგიურად, საკმარისი არ იყო დედის მიმართ გაცემული გაფრთხილების წერილი.22

5.11 კომუნიკაციის ავტორები ამტკიცებენ, რომ გამოძიების, პასუხისგებაში მიცემისა და დასჯის განუხორციელებლობა, ასევე მიყენებული ზიანის აუნაზღაურებლობა წარმოადგენს ქალთა მიმართ გენდერული ნიშნით ძალადობრივ ქმედებებზე მდუმარე თანხმობას ან მათ წახალისებას,23 და ისინი ამტკიცებენ, რომ ყოველივე ზემოაღნიშნული მოჰყვა შესაბამისი ორგანოების მხრიდან არაადეკვატურ შეფასებას. ისინი სადავოდ ხდიან იმას, რომ სისხლის სამართლის საქმის წარმოების გაჭიანურება გამართლებულია საქმის სირთულით, და აღნიშნავენ, რომ მასში მონაწილე მხარეების ვინაობა კარგად არის ცნობილი.

2.12 კომუნიკაციის ავტორები აცხადებენ, რომ წინამდებარე საქმე განსხვავდება საქმისგან სოლსკა და რიბიკა  პოლონეთის წინააღმდეგ, რადგან ის ეხება გარდაცვალებას, რომელსაც წინ უსწრებდა შეურაცხყოფის მიყენება, ხოლო ოჯახმა უარი თქვა პათოლოგიურ-ანატომიურ გაკვეთაზე, რადგან ისინი არავის „ადანაშაულებდნენ“, და არა რელიგიური მიზეზების გამო, რაც მათ განაცხადეს მხოლოდ ერთი წლის შემდეგ. ისინი ამტკიცებენ, რომ პათოლოგიურ-ანატომიური გაკვეთის ჩაუტარებლობა ან ქ-ნი ჯეირანოვას გარდაცვალების მიზეზის სხვაგვარად გამოუძიებლობა ხაზს უსვამს იმას, რომ არ მომხდარა მისი გარდაცვალების ეფექტურად და მიუკერძოებლად გამოძიება.

5.13 კომუნიკაციის ავტორები ამტკიცებენ, რომ გამომჟღავნებული მასალა შეიცავს ქ-ნი ჯეირანოვას ცემის დეტალურ მტკიცებულებებს, მათ შორის ცხრა მოწმის ჩვენებას. ისინი ხაზს უსვამენ იმას, რომ მოლებმა, რომლებმაც ქ-ნი ჯეირანოვა დაბანეს, თქვეს რომ მას მთელ სხეულზე აღენიშნებოდა სისხლჩაქცევები, ხოლო მისი ტანსაცმელი დასისხლიანებული იყო; ერთ-ერთმა მოლამ კი თქვა: „ვინანე იქ რომ წავედი, რადგან გარდაცვლილი ისეთ მდგომარეობაში იყო, რომ შემეშინდა და რამდენიმე დღე თავს ცუდად ვგრძნობდი.“ ისინი ამტკიცებენ, რომ მოლებმა იციან თუ როგორ გამოიყურება გვამი, და რომ სიკვდილის შემდგომი ციანოზი მათთვის შოკისმომგვრელი არ იქნებოდა. გარდა ამისა, სასამართლო ექსპერტმა დაასკვნა, რომ ზოგიერთი დაზიანება „განვითარდა მძიმე ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად, რაც შესაძლოა გამოწვეული ყოფილიყო ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებით“.

5.14 კომუნიკაციის ავტორები ამტკიცებენ, რომ მხარე სახელმწიფო ცდილობს მოწმეების, მათ შორის ქ-ნი ჯეირანოვას შვილების, დისკრედიტაციას მათი ასაკისა და ნათესაური კავშირის საფუძველზე. რამდენიმე მოწმე დაიკითხა ფაქტების დადგომიდან წლების შემდეგ და მნიშვნელოვანი კითხვები, მათ შორის არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით, თავდაპირველად არ დასმულა. კომუნიკაციის ავტორები ამტკიცებენ, რომ მხარე სახელმწიფო ასუსტებს ქ-ნი ჯეირანოვას ტკივილს, როდესაც ის ცდილობს გაამართლოს მისი ცემის ფაქტის გამოუძიებლობა, რაც ასახავს ტკივილის „პროვოცირებულ“ გამამართლებელ უარყოფაზე დაყრდნობას ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევაში. ისინი სადავოდ ხდიან იმას, რომ მხარე სახელმწიფო ეყრდნობა თვითმკვლელობის შესახებ ნათესავების ვერსიას მათი მხრიდან მუქარის მიუხედავად და წარმოადგენენ ექსპერტიზის დასკვნას, და ამტკიცებენ რომ ქ-ნი ჯეირანოვას გარდაცვალება გამოძიებულ უნდა იქნეს როგორც მკვლელობა.

5.15 კონვენციის მე-2 მუხლის (დ) პუნქტზე მითითებით, კომუნიკაციის ავტორები აცხადებენ, რომ მხარე სახელმწიფო განზრახ მინიმუმამდე ამცირებს და გამოტოვებს ძირითად მტკიცებულებებს, რითაც მხარს უჭერს შესაბამისი ორგანოების წარუმატებლობას. ისინი აღნიშნავენ, რომ მხარე სახელმწიფოს არ წარმოუდგენია არგუმენტები კონვენციის მე-2 მუხლის (გ), (დ) და (ე) პუნქტების თანახმად მათ მიერ წარმოდგენილ სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

კომიტეტის წინაშე არსებული საკითხები და საქმისწარმოება

მისაღებობის განხილვა

6.1 კომიტეტის რეგლამენტის 64-ე წესის შესაბამისად, კომიტეტმა უნდა გადაწყვიტოს არის თუ არა კომუნიკაცია მისაღები ფაკულტატური ოქმის თანახმად. 72(4)-ე წესის შესაბამისად, კომიტეტმა ეს უნდა გააკეთოს კომუნიკაციის არსებითი მხარის განხილვამდე.

6.2 კომიტეტი მხედველობაში იღებს ჰ.ჰ.-ს წერილობით განცხადებას, რომელიც ადასტურებს რომ ჰ.ჰ. უფლებამოსილებას ანიჭებს მის წარმომადგენლებს იმოქმედონ მისი სახელით და რომ მას არასდროს მოუთხოვია კომუნიკაციის შეჩერება.

შესაბამისად, კომიტეტი დარწმუნებულია იმაში, რომ წარმომადგენლები მოქმედებენ კომუნიკაციის ავტორების თანხმობით, ფაკულტატური ოქმის მე-2 მუხლის მიხედვით.

6.3 კომიტეტი აღნიშნავს, რომ მხარე სახელმწიფო სადავოდ ხდის კომუნიკაციის მისაღებობას ჰ.ჰ.-ს ქცევისა და საქმის ფაქტებთან მისი დამოკიდებულების გამო. კომიტეტი ასევე მხედველობაში იღებს კომუნიკაციის ავტორების კომენტარებს იმასთან დაკავშირებით, რომ ჰ.ჰ.-მ ვერ შეძლო საქმეს მანამდე მიჰყოლოდა რადგან ის საპატიმრო სასჯელს იხდიდა 2016 წლის სექტემბრამდე, რომ წერილები მისი სახელით იგზავნებოდა 2016 წლის დეკემბრიდან, და რომ მისი ინტერესი კომუნიკაციის წარდგენასთან დაკავშირებით გამომდინარეობს მისი მეუღლის და მისი შვილების დედის მიმართ არასათანადო მოპყრობისა და მისი გარდაცვალების არასათანადო გამოძიებიდან. თუმცა, კომიტეტი აღნიშნავს, რომ ჰ.ჰ.-მ არაერთხელ განაცხადა რომ არანაირი პრეტენზია არ ჰქონდა არავის მიმართ, რომ ქ-ნ ჯეირანოვას ცემა არ უხსენებია, და რომ მან სირცხვილის გამო ჩაიდინა თვითმკვლელობა. ისიც უდავოა, რომ ჰ.ჰ.-მ მადლობა გადაუხადა იმ ნათესავებს, რომლებიც სავარაუდოდ პასუხისმგებელნი იყვნენ „მისი სირცხვილისგან დახსნისთვის“ და რომ მან მადლობის ნიშნად მათ შუბლზე აკოცა. ამ გარემოებების გათვალისწინებით კომიტეტი მიიჩნევს, რომ ჰ.ჰ. ვერ შეძლებს კეთილსინდისიერად დაასაბუთოს თავისი ინტერესი იმოქმედოს ქ-ნი ჯეირანოვას სახელით და რომ, აქედან გამომდინარე, კომუნიკაცია მიუღებელია ფაკულტატური ოქმის მე-2 მუხლის მიხედვით იმდენად, რამდენადაც ის წარადგინა ჰ.ჰ.-მ. თუმცა კომიტეტი აღნიშნავს, რომ მხარე სახელმწიფოს სადავოდ არ გაუხდია ქ-ნი ჯეირანოვას შვილების ინტერესი და, შესაბამისად, მიიჩნევს რომ ფაკულტატური ოქმის მე-2 მუხლი არ წარმოადგენს დაბრკოლებას კომუნიკაციის მისაღებობისთვის ქ-ნი ჯეირანოვას შვილებთან მიმართებაში.

6.4 კომიტეტი მხედველობაში იღებს მხარე სახელმწიფოს მოსაზრებას, რომ კომუნიკაციის ავტორებს შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი დაცვის საშუალებები არ ამოუწურავთ. თუმცა კომიტეტი აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული დოკუმენტაცია ცხადყოფს, რომ კომუნიკაციის ავტორების სასარჩელო მოთხოვნა შესაბამისი ეროვნული ორგანოების წინაშე შეეხებოდა „ღირსების“ სახელით ჩადენილ დანაშაულს და გენდერული და ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციას. კომიტეტის აზრით, ზემოაღნიშნული შეიძლებოდა ჩათვლილიყო საკმარის საფუძვლად იმისთვის, რომ შესაბამის ორგანოებს დაეწყოთ სწრაფი და ყოვლისმომცველი გამოძიება ამ საკითხზე და თავიდან აეცილებინათ ქ-ნი ჯეირანოვას უფლებების შემდგომი დარღვევა. კომიტეტი დამატებით აღნიშნავს კომუნიკაციის ავტორების არგუმენტს იმასთან დაკავშირებით, რომ სამოქალაქოსამართლებრივი დაცვის საშუალება ვერ აანაზღაურებს გამოძიების არაეფექტურობას და მოძალადეთა დასჯას ისეთ საქმეებში რომლებიც ეხება სიცოცხლის უფლებას, და რომ ფემიციდის სამოქალაქო საქმის შედეგი, როგორც წესი, დამოკიდებულია სისხლის სამართლის საქმის წარმოების შედეგზე, რაც ჯერ არ მომხდარა. კომიტეტი ასევე აღნიშნავს, რომ მხარე სახელმწიფოს მიერ ციტირებული სასამართლო პრაქტიკიდან24  არ გამომდინარეობს, რომ კომუნიკაციის ავტორებმა უნდა ამოწურონ სამოქალაქოსამართლებრივი და სისხლისსამართლებრივი დაცვის საშუალებები იმ შემთხვევაში, როდესაც ორივე ხელმისაწვდომია. მხედველობაში იღებს რა მხარე სახელმწიფოს მოსაზრებას სისხლის სამართლის გამოძიების სირთულესთან დაკავშირებით, კომიტეტი შეშფოთებულია იმით, რომ ეს გამოძიება ექვს წელზე მეტი ხნის განმავლობაში გრძელდება მიუხედავად იმისა, რომ საქმეში მონაწილეთა ვინაობა არასდროს გამხდარა სადავო. გარდა ამისა, მხარე სახელმწიფოს შესაბამის ორგანოებს არაერთხელ ედავებოდნენ გამოძიების გაჭიანურებასთან დაკავშირებით. არსებულ გარემოებებში კომიტეტი მიიჩნევს, რომ სისხლისსამართლებრივი დაცვის საშუალების ვადები უმართებულოდ გაგრძელდა. ზემოაღნიშნული მოსაზრებების გათვალისწინებით კომიტეტი მიიჩნევს, რომ ფაკულტატური ოქმის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტი მას ხელს არ უშლის კომუნიკაციის განხილვაში.

6.5 ფაკულტატური ოქმის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის (ა) ქვეპუნქტის მიხედვით კომიტეტმა დაადგინა, რომ აღნიშნული საკითხი არ განხილულა და არ განიხილება საერთაშორისო გამოძიების ან მორიგების სხვა პროცედურის ფარგლებში.

6.6 კომიტეტი ვერ ხედავს სხვა წინააღმდეგობას კომუნიკაციის მისაღებობასთან დაკავშირებით.    კომიტეტი მიიჩნევს, რომ კომუნიკაციის ავტორების მიერ ცალსახად წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნების გარდა, კომუნიკაციაში ასევე დასმულია საკითხები კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად. აქედან გამომდინარე, კომიტეტი კომუნიკაციას მისაღებად აცხადებს იმდენად, რამდენადაც ის წარმოდგენილია ი.ჰ.-ს და იუ.ჰ.-ს მიერ, სადაც დაყენებულია საკითხები კონვენციის 1-ლი მუხლის, მე-2 მუხლის (ბ)-(ვ) პუნქტებისა და მე-5 მუხლის (ა) პუნქტის მიხედით, და იწყებს მის არსებით განხილვას.


არსებითი განხილვა

7.1 კომიტეტმა განიხილა წინამდებარე კომუნიკაცია ყველა იმ ინფორმაციის გათვალისწინებით, რომელიც მას მიაწოდეს კომუნიკაციის ავტორებმა, ი.ჰ.-მ და იუ.ჰ.-მ, და მხარე სახელმწიფომ, როგორც ეს გათვალისწინებულია ფაკულტატური ოქმის მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტით.

7.2 კომიტეტი მხედველობაში იღებს კომუნიკაციის ავტორების სასარჩელო მოთხოვნას ქ-ნი ჯეირანოვას უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით კონვენციის მე-2 მუხლის (გ) და (ე) პუნქტების თანახმად, რადგან მხარე სახელმწიფოს სამართალდამცავმა ორგანოებმა ვერ მიიღეს გონივრული და ეფექტური ზომები ქ-ნი ჯეირანოვას დასაცავად. კომიტეტი მითითებას აკეთებს თავის ზოგად რეკომენდაციაზე No. 19, რომელიც ეხება იმ საკითხს, შეიძლება თუ არა მხარე სახელმწიფო პასუხისმგებელი იყოს არასახელმწიფო სუბიექტების ქმედებაზე, აცხადებს რა, რომ „კონვენციის თანახმად დისკრიმინაცია არ შემოიფარგლება მხოლოდ მთავრობის ქმედებით ან მისი სახელით განხორციელებული ქმედებით“, და რომ „ზოგადი საერთაშორისო სამართლისა და ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ კონკრეტული შეთანხმებების მიხედვით, სახელმწიფო შეიძლება ასევე პასუხისმგებელი იყოს კერძო ქმედებებზე, თუ ის ვერ იმოქმედებს სათანადო გულისხმიერებით უფლებათა დარღვევის თავიდან ასაცილებლად ან ძალადობრივი ქმედებების გამოსაძიებლად და დასასჯელად, და კომპენსაციის უზრუნველყოფაზე“.

7.3 კომიტეტი ასევე აღნიშნავს, რომ „კონვენციის მე-2 მუხლის თანახმად მხარე სახელმწიფოთა ძირითადი ვალდებულებების შესახებ“ მისი ზოგადი რეკომენდაციის No. 28(2010) შესაბამისად, მხარე სახელმწიფოებს აქვთ სათანადო გულისხმიერების ვალდებულება აღკვეთონ, გამოიძიონ, პასუხისგებაში მისცენ და დასაჯონ გენდერული ნიშნით ძალადობის ქმედებები (მე-19 პუნქტი). იმ შემთხვევაში, როდესაც ქალთა მიმართ დისკრიმინაცია ასევე წარმოადგენს ადამიანის სხვა უფლებების, როგორიცაა სიცოცხლისა და ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება, დარღვევას, მაგალითად, ოჯახში ძალადობის და გენდერული ნიშნით ძალადობის სხვა ფორმების შემთხვევებში, მხარე სახელმწიფოები ვალდებული არიან დაიწყონ სისხლის სამართლის საქმის წარმოება, სასამართლოს წინაშე წარადგინონ მოძალადე ან მოძალადეები, და დააკისრონ მათ შესაბამისი სისხლისსამართლებრივი ღონისძიებები (34-ე პუნქტი).  კომიტეტი ასევე მიიჩნევს, რომ ასეთი დანაშაულების დაუსჯელობა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს საზოგადოებაში ქალთა მიმართ გენდერული ნიშნით ძალადობის ყველაზე უკიდურესი ფორმების მიღების კულტურის დამკვიდრებას, რაც იწვევს ასეთი დანაშაულების მუდმივად ჩადენას.

7.4 კომიტეტი მხედველობაში იღებს მხარე სახელმწიფოს მტკიცებას იმასთან დაკავშირებით, რომ შესაბამისმა ორგანოებმა არ იცოდნენ რომ ქ-ნი ჯეირანოვას ნათესავები მის წინააღმდეგ შეთქმულებას ამზადებდნენ, თუმცა მათ ის მაინც წაიყვანეს სოფლის გამგებლის სახლში 2014 წლის 16 სექტემბერს, საიდანაც, დედასთან საუბრის შემდეგ, ქ-ნი ჯეირანოვა დაბრუნდა მშობლების სახლში იმ წერილობითი პირობის საფუძველზე, რომ მას ზიანს არ მიაყენებდნენ. მისი მდგომარეობის შესამოწმებლად ასევე მივიდნენ პოლიციელებიც. კომიტეტი აღნიშნავს რომ, საქმის მასალების მიხედვით, ქ-ნი ჯეირანოვას დედამ დაადასტურა, რომ გამგებელს პოლიციისთვის არ გადაუთარგმნია ქ-ნი ჯეირანოვას შეკითხვა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ დააკავეს ის პირები, ვინც მას სცემეს. გარდა ამისა, გამგებლის ჩვენების მიხედვით, ქ-მა ჯეირანოვამ გამგებელს უთხრა, რომ მისმა ნათესავებმა მას უთხრეს მიეღო ვირთხის საწამლავი და თავი მოეკლა. მან სთხოვა გამგებელს წაეყვანა ის, რათა არ მოეკლათ. ქ-ნი ჯეირანოვას გამგებლის საცხოვრებელ ადგილზე მიყვანის შემდეგ, მას და დედამისს „დიდი კამათი“ მოუვიდათ. ამის შემდეგ, ქ-ნი ჯეირანოვას ნათესავებისგან მიღებული სატელეფონო ზარების გამო, გამგებელმა პოლიციელებს უთხრა რომ ქ-ნი ჯეირანოვა დაებრუნებინათ თავის ნათესავებთან იმ პირობით, რომ მას ზიანი არ მიადგებოდა. კომიტეტი მიიჩნევს, რომ ფაქტებიდან ჩანს, რომ ქ-ნ ჯეირანოვას უკიდურესი საფრთხე ემუქრებოდა, რაც შენარჩუნდა შესაბამისი ორგანოების გადაწყვეტილებით დაებრუნებინათ ის იმ ნათესავებთან, რომლებმაც, როგორც ცნობილია, წინა ღამით მას უთხრეს რომ თავი მოეკლა. ამასთან დაკავშირებით კომიტეტი აღნიშნავს, რომ „გაფრთხილების წერილები“, როგორიცაა განსახილველ შემთხვევაში გაცემული წერილი, მოკლებულია იურიდიულ ღირებულებას და არ უზრუნველყოფს დაზარალებულის დაცვას.25 კომიტეტი ასევე მხედველობაში იღებს კომუნიკაციის ავტორების მტკიცებას განსახილველ შემთხვევაში ღირსებაზე დამყარებული სისტემის არსებობის შესახებ. ამგვარად, კომიტეტი მიიჩნევს, რომ მხარე სახელმწიფოს შესაბამისმა ორგანოებმა ვერ უზრუნველყვეს ქ-ნი ჯეირანოვას, როგორც ქალის, ეფექტურად დაცვა და ვერ მიიღეს ყველა შესაბამისი ზომა მის მიმართ დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად. 

კომიტეტი სინანულს გამოთქვამს იმის გამო, რომ მხარე სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოები დაეყრდნენ ღირსებაზე დაფუძნებულ მოსაზრებებს და მიიჩნევს, რომ მათ ვერ დაიცვეს ქ-ნი ჯეირანოვას სიცოცხლის უფლება. 26 შესაბამისად, კომიტეტი ადგენს, რომ მხარე სახელმწიფომ დაარღვია ქ-ნი ჯეირანოვას უფლებები, რომლებიც გათვალისწინებულია კონვენციის მე-2 მუხლის (გ) და (ე) პუნქტებით, კონვენციის მე-3 მუხლთან ერთობლიობაში.

7.5 კომიტეტი მხედველობაში იღებს კომუნიკაციის ავტორების სასარჩელო მოთხოვნას კონვენციის მე-2 მუხლის (ბ), (გ) და (ე) პუნქტების დარღვევასთან დაკავშირებით იმ საფუძვლით, რომ მხარე სახელმწიფომ ვერ გამოიძია, ვერ მისცა პასუხისგებაში და ვერ დასაჯა ქ-ნი ჯეირანოვას ცემაზე და გარდაცვალებაზე პასუხისმგებელი პირები. კომიტეტი ასევე მხედველობაში იღებს მხარე სახელმწიფოს მოსაზრებას საქმის სირთულესთან და სასამართლო ექსპერტიზის ჩაუტარებლობის მიზეზებთან დაკავშირებით. კომიტეტი მიიჩნევს, რომ მხარე სახელმწიფოს მითითება საქმეში რამდენიმე პირის მონაწილეობაზე ვერ ჩაითვლება გამოძიების ხანგრძლივობის გამართლებად, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით რომ, როგორც ჩანს, მონაწილეთა ვინაობა არასდროს გამხდარა სადავო. გარდა ამისა, მოცემული გარემოებების ფონზე და იმის გათვალისწინებით, რომ ქალთა მიმართ სქესის და გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია განუყოფლადაა დაკავშირებული სხვა ისეთ ფაქტორებთან რომლებიც ზემოქმედებას ახდენენ ქალებზე, მათ შორის, ეთნიკურ კუთვნილებასთან,27 კომიტეტი მიიჩნევს, რომ თარგმანის საჭიროება ვერ ჩაითვლება 6 წელზე მეტი ხნის განმავლობაში გამოძიების დაუსრულებლობის გამართლებად. კომიტეტი ასევე აღნიშნავს, რომ შესაბამისმა ორგანოებმა გადაწყვიტეს, ქ-ნი ჯეირანოვას გარდაცვალების შემდეგ, არ ჩაეტარებინათ სასამართლო ექსპერტიზა მისი იმ ნათესავების მხრიდან წინააღმდეგობის გამო, რომლებმაც, როგორც მათ იცოდნენ, ქ-ნ ჯეირანოვას უთხრეს თავი მოეკლა. კომიტეტი აღნიშნავს, რომ მხარე სახელმწიფო სადავოდ არ ხდის იმ ფაქტს რომ, როდესაც ქ-ნ ჯეირანოვას სცემეს და ის გარდაიცვალა, 2006 წლის კანონი ოჯახში ძალადობის შესახებ არ ითვალისწინებდა ქალთა მიმართ ძალადობას გარე ნათესავების მხრიდან, არც ისეთი საკანონმდებლო დებულების არარსებობას, რომელიც ხელს უშლიდა სასამართლო ექსპერტიზის ჩატარებას აღნიშნულის საფუძვლებზე, და არც ასეთი კვლევის აუცილებლობას იმის დასადგენად, ქ-ნი ჯეირანოვას დაზიანებები მიყენებულ იქნა მის გარდაცვალებამდე თუ გარდაცვალების დროს. ამ გარემოებებში და კომიტეტის მიერ მხარე სახელმწიფოს მიმართ გაცემული რეკომენდაციის გათვალისწინებით, რომლის თანახმადაც უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ქალთა მიმართ გენდერული ნიშნით ძალადობის საქმეთა ეფექტურად გამოძიება, მოძალადეთა პასუხისგებაში მიცემა და დასჯა დანაშაულის სიმძიმის თანაზომიერი სანქციებით, და დაზარალებული პირებისთვის ადეკვატური კომპენსაციის გადახდა მიყენებული ზიანისთვის,28 კომიტეტი ადგენს, რომ მხარე სახელმწიფოს შესაბამისმა ორგანოებმა არ შეასრულეს თავისი ვალდებულება გამოეძიებინათ და დაესაჯათ ის პირები, რომლებიც პასუხისმგებელნი იყვნენ ქ-ნი ჯეირანოვას მიმართ ასეთ მოპყრობასა და მის გარდაცვალებაზე. შესაბამისად, კომიტეტი ადგენს ქ-ნი ჯეირანოვას უფლებების დარღვევას კონვენციის მე-2 მუხლის (ბ), (გ) და (ე) პუნქტების თანახმად, კონვენციის მე-3 მუხლთან ერთობლიობაში.

7.6 კომიტეტი მხედველობაში იღებს კომუნიკაციის ავტორთა სასარჩელო მოთხოვნას კონვენციის მე-2 მუხლის (ვ) პუნქტისა და მე-5 მუხლის (ა) პუნქტის დარღვევასთან დაკავშირებით, კონვენციის 1-ელ მუხლთან ერთობლიობაში, და ზოგადი რეკომენდაციის No. 19 და „ქალთა მიმართ გენდერული ნიშნით ძალადობის შესახებ“ რეკომენდაციის No. 35 (2017) გათვალისწინებით, რომლითაც განახლებულია ზოგადი რეკომენდაცია No. 19. კომიტეტი ასევე მხედველობაში იღებს მხარე სახელმწიფოს მოსაზრებას ქალთა მიმართ ძალადობისა და გენდერული უთანასწორობის წინააღმდეგ საბრძოლველად მიღებულ ზომებთან დაკავშირებით, მათ შორის ეთნიკურ და ეროვნულ უმცირესობებთან მიმართებაში. კომიტეტი დამატებით აღნიშნავს, რომ მხარე სახელმწიფოს არ განუმარტავს, თუ რა სარგებელი მოუტანა მიღებულმა ზომებმა ქ-ნ ჯეირანოვას. კომიტეტი მიიჩნევს, რომ ქ-ნი ჯეირანოვას მიმართ არასათანადო მოპყრობა, პათოლოგიურ-ანატომიურ გაკვეთაზე იმ ნათესავების მხრიდან უარის საფუძველი, რომლებიც ცნობილი იყო რომ მას საფრთხეს უქმნიდნენ, კახეთის პროკურორის მიერ ქ-ნი ჯეირანოვას ქცევის „სამარცხვინო ქცევად“ კვალიფიკაცია, და გამოძიების შეწყვეტის გადაწყვეტილება იმ დასკვნის საფუძველზე, რომ ქ-მა ჯეირანოვამ თავი მოიკლა თავისი „სამარცხვინო“ საქციელის და ღალატის გამო, ადასტურებს, რომ ქ-ნი ჯეირანოვა იყო ჯვარედინი დისკრიმინაციის მსხვერპლი, რომელიც დაკავშირებული იყო ეთნიკურ კუთვნილებასთან და პოლიციის და სასამართლო ორგანოების მხრიდან სტერეოტიპულ დამოკიდებულებებთან.

შესაბამისად, კომიტეტი ადგენს ქ-ნი ჯეირანოვას უფლებების დარღვევას კონვენციის მე-2 მუხლის (ვ) პუნქტისა და მე-5 მუხლის (ა) პუნქტის თანახმად, კონვენციის 1-ელ და მე-3 მუხლებთან ერთობლიობაში, და ზოგადი რეკომენდაციის No. 19 და „ქალთა მიმართ გენდერული ნიშნით ძალადობის შესახებ“ ზოგადი რეკომენდაციის No. 35 (2017) გათვალისწინებით, რომლითაც განახლებულია ზოგადი რეკომენდაცია No. 19.

7. ზემოაღნიშნული დასკვნების გათვალისწინებით, კომიტეტი ადგენს, რომ მხარე სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოების დამოკიდებულებით დაშვებულ და მიტევებულ იქნა ქ-ნი ჯეირანოვას მიმართ განხორციელებული მოპყრობა. შესაბამისად, კომიტეტმა დაადგინა ქ-ნი ჯეირანოვას უფლებების დარღვევა კონვენციის მე-2 მუხლის (დ) პუნქტის თანახმად, კონვენციის 1-ელ და მე-3 მუხლებთან ერთობლიობაში.

8. ფაკულტატური ოქმის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, კომიტეტი მიიჩნევს, რომ მისთვის წარმოდგენილი ფაქტები ცხადყოფს ქ-ნი ჯეირანოვას უფლებების დარღვევას მე-2 მუხლის (ბ), (გ), (დ), (ე) და (ვ) პუნქტების და მე-5 მუხლის (ა) პუნქტის თანახმად, კონვენციის 1-ელ და მე-3 მუხლებთან ერთობლიობაში, ზოგადი რეკომენდაციის No. 19 და „ქალთა მიმართ გენდერული ნიშნით ძალადობის შესახებ“ ზოგადი რეკომენდაციის No. 35 (2017) გათვალისწინებით, რომლითაც განახლებულია ზოგადი რეკომენდაცია No. 19.

9. კომიტეტი მხარე სახელმწიფოს აძლევს შემდეგ რეკომენდაციებს:

  1. ქ-ნ ჯეირანოვასთან და კომუნიკაციის ავტორებთან, ი.ჰ.-თან და იუ.ჰ.-თან, დაკავშირებით:
  1. უზრუნველყოს ქ-ნი ჯეირანოვას მიმართ მოპყრობისა და მისი გარდაცვალების გამოძიება დაუყოვნებლივ, საფუძვლიანად და დამოუკიდებლად, რათა შესაძლებელი გახდეს პასუხისმგებელი პირების დადგენა; ხოლო შემდგომში მიიღოს შესაბამისი ზომები მათი პასუხისგებაში მიცემისა და მათთვის სანქციების დაკისრების მიზნით;
  2. უზრუნველყოს ზიანის შესაბამისად ანაზღაურება, მათ შორის, სათანადო კომპენსაციის გადახდა კომუნიკაციის ავტორებისთვის, ი.ჰ.-სა და იუ.ჰ.-თვის, რომელიც იქნება ქ-ნი ჯეირანოვას უფლებათა დარღვევების სიმძიმისა და მიმდინარე შედეგების თანაზომიერი; და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება კომუნიკაციის უმცროსი ავტორის მეურვეობასთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის საქმის წარმოების შედეგისა და კომუნიკაციის უმცროსი ავტორის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით;
  3. ოფიციალურად მოუხადოს ბოდიში კომუნიკაციის ავტორებს, ი.ჰ.-სა და იუ.ჰ.-ს, მათ შორის აიღოს პასუხისმგებლობა მხარე სახელმწიფოს მიერ კონვენციის დარღვევებზე.
  1. ზოგადად:
  1. ებრძოლოს დაუსჯელობას და უზრუნველყოს, რომ ქალთა მიმართ გენდერული ნიშნით ძალადობასთან და „ღირსების“ სახელით ჩადენილ ძალადობასთან დაკავშირებული სასარჩელო მოთხოვნები სწრაფად და საფუძვლიანად იქნეს გადაწყვეტილი, და რომ მოხდეს მოძალადეთა მიკვლევა, პასუხისგებაში მიცემა და დასჯა;
  2. უზრუნველყოს პოლიციელებისთვის, პროკურორებისთვის, სასამართლო ხელისუფლებისა და სხვა სამართალდამცავი ორგანოების პერსონალისთვის, ასევე სახელმწიფო მოხელეებისთვის და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებისთვის სავალდებულო ტრენინგის ჩატარება ქალთა მიმართ გენდერული ნიშნით ძალადობისა და „ღირსების“ სახელით ჩადენილი ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე, მათ შორის ტრენინგის გენდერული სენსიტიურობის, ჯვარედინი დისკრიმინაციის, და ქალთა მიმართ გენდერული ნიშნით ძალადობის შესახებ საჩივრების გენდერულად სენსიტიური ფორმით განხილვის საკითხებზე, ასევე ტრენინგის კონვენციასთან, მის ფაკულტატურ ოქმთან და კომიტეტის სასამართლო პრაქტიკასთან და ზოგად რეკომენდაციებთან დაკავშირებით, როგორიცაა „ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ“ ზოგადი რეკომენდაცია No. 19 (1992), „ქალთა მიმართ გენდერული ნიშნით ძალადობის შესახებ“ ზოგადი რეკომენდაცია No. 35 (2017), რომლითაც განახლებულია ზოგადი რეკომენდაცია No. 19, „კონვენციის მე-2 მუხლის თანახმად მხარე სახელმწიფოთა ძირითადი ვალდებულებების შესახებ“ ზოგადი რეკომენდაცია No. 28 (2010) და „ქალებისთვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის შესახებ“ ზოგადი რეკომენდაცია No. 33 (2015);
  1. განმარტოს და სისხლის სამართლის კანონმდებლობაში დამამძიმებელ გარემოებად დაამატოს „ღირსების“ სახელით ჩადენილი ძალადობა და გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობა;
  2. ეროვნული კანონმდებლობა და პოლიტიკა შესაბამისობაში მოიყვანოს „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციასთან“, რათა ცალსახად იქნეს აღიარებული, რომ „ღირსება“, კულტურასთან, ჩვეულებასთან, რელიგიასთან და ტრადიციებთან ერთად, არ უნდა განიხილებოდეს როგორც გამამართლებელი გარემოება ქალთა მიმართ გენდერული ნიშნით ჩადენილ ძალადობასთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმის წარმოების დროს;
  3. უზრუნველყოს, რომ ყველა კანონმდებლობა, პოლიტიკა და ღონისძიება, რომელთა მიზანია ოჯახში ძალადობის პრობლემის მოგვარება, ვრცელდებოდეს „ღირსების“ სახელით ჩადენილ ძალადობაზე, მათ შორის მოყვრების და გარე ნათესავების მიერ ჩადენილ ასეთ ძალადობაზე; ეფექტურად და პროაქტიულად აღკვეთოს, დააწესოს სათანადო სადამსჯელო ზომები, და დაიცვას ქალები „ღირსების“ სახელით ჩადენილი ძალადობისგან;
  4. უზრუნველყოს, რომ დაზარალებულის სიცოცხლისთვის საფრთხის, მდგომარეობის სერიოზულობისა და განმეორებითი ძალადობის რისკის შეფასება მოახდინოს ყველა შესაბამისმა ორგანომ გამოძიებისა და ოჯახში ძალადობის შესახებ კანონით გათვალისწინებული პროცედურების ყველა ეტაპზე, რათა მოხდეს რისკის შემსუბუქება და დაზარალებული პირებისა და მათი შვილების დაუყოვნებელი დაცვა და დახმარება, განსაკუთრებით ისეთ თემებში სადაც ღრმად არის გამჯდარი ღირსებაზე დამყარებული ფასეულობები, სოციალური ნორმები და პრაქტიკა, და მოხდეს მათი გადამისამართება შესაბამის სამსახურებთან;
  5. გააძლიეროს შესაბამისი სპეციალიზირებული სერვისები, მათ შორის ადრეული შეტყობინების სისტემები, გადამზადებული პერსონალით, ოჯახში ძალადობისა და ადამიანის უფლებათა დარღვევის შემთხვევებისთვის ისეთ თემებში, რომლებიც იზოლირებულია, დახურულია ან/და სადაც მოქმედებს ღირსებაზე დამყარებული ნორმები, მათ შორის, ასეთ სერვისებზე წვდომის გამარტივებით და ასეთი შემთხვევების სწრაფი, კომპეტენტური და სპეციალიზირებული მართვის უზრუნველყოფით;
  6. გააძლიეროს ზომები ქალთა სიცოცხლის უფლების და მათი წამებისგან და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯისგან თავისუფლების უფლების პატივისცემის, დაცვისა და განხორციელების მიზნით და, ამასთან, განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს იმ თემებს, რომლებიც იზოლირებულია, დახურულია ან/და სადაც მოქმედებს ღირსებაზე დამყარებული ნორმები;
  7. თავი აარიდოს გაფრთხილების წერილების გაცემასა და გამოყენებას ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევებში;
  8. დანერგოს მონიტორინგის მექანიზმები იმის უზრუნველსაყოფად, რომ მტკიცების წესები, გამოძიება და სხვა სამართლებრივი და კვაზისამართლებრივი პროცედურები იყოს მიუკერძოებელი და მათზე გავლენას არ ახდენდეს გენდერული სტერეოტიპები ან ქალების ჩვენების სერიოზულად მიღებასთან დაკავშირებული ცრუ შეხედულებები, „ქალებისთვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის შესახებ“ კომიტეტის ზოგადი რეკომენდაციის No. 33 შესაბამისად.
  9. შეაგროვოს მონაცემები და სტატისტიკა ქალთა მიმართ გენდერული ნიშნით ძალადობის შედეგად ფემიციდის და ქალების თვითმკვლელობამდე მიყვანის ან იძულებითი თვითმკვლელობის შესახებ, და გაანალიზოს ისინი ქალების გენდერული ნიშნით ძალადობისგან დაცვის გასაძლიერებლად.
  10. უზრუნველყოს ყველა ენაზე სათანადო თარგმანის არსებობა და მისი ხელმისაწვდომობა ქალებისთვის პროცედურების ყველა ეტაპზე, ქალების სათანადო დაცვის და მათთვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად.
  11. გაზარდოს ინფორმირებულობა ქალთა მიმართ გენდერული ნიშნით ძალადობასთან და „ღირსების“ სახელით ჩადენილ ძალადობასთან, და ქალებისა და ბავშვებისთვის მათ რისკებთან და შედეგებთან დაკავშირებით.

10. ფაკულტატური ოქმის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მხარე სახელმწიფომ სათანადოდ უნდა გაითვალისწინოს კომიტეტის მოსაზრებები, მის რეკომენდაციებთან ერთად, და კომიტეტს ექვსი თვის ვადაში წარუდგინოს წერილობითი პასუხი, მათ შორის ინფორმაცია ამ მოსაზრებებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით მიღებული ზომების შესახებ.

 

ეთხოვოს მხარე სახელმწიფოს გამოაქვეყნოს კომიტეტის მოსაზრებები და რეკომენდაციები და უზრუნველყოს მათი ფართოდ გავრცელება საზოგადოების ყველა შესაბამისი სექტორის მოცვის მიზნით.

 


1 კომუნიკაციის ავტორები მითითებას აკეთებენ ქ-ნი ჯეირანოვას სისხლის სამართლის საქმის მასალებში არსებულ მოწმეთა, მათ შორის მისი შვილების, ჩვენებებზე, რომლებიც ადასტურებს, რომ ქ-ნი ჯეირანოვა ყვიროდა და ტიროდა, როდესაც სამი კაცი მას სცემდა და შეურაცხყოფას აყენებდა.

2 კომუნიკაციის ავტორები აღნიშნავენ, რომ კანონმდებლობაში შემდგომში შევიდა ცვლილება, რომლითაც მოხდა გარე ნათესავების მხრიდან ოჯახური ძალადობის შემთხვევების გათვალისწინება.

3 კომუნიკაციის ავტორები დასძენენ, რომ ქ-ნი ჯეირანოვას მიმართ დისკრიმინაცია ასევე განხორციელდა მისი აზერბაიჯანული ეროვნების გამო, რადგან 2014 წლის 16 სექტემბერს დამსწრე ქართველმა პოლიციელმა არ იცოდა აზერბაიჯანული ენა, ხოლო სოფლის გამგებელმა მას ქ-ნი ჯეირანოვას სიტყვები არ გადაუთარგმნა.

4 Marcela Lagarde y de los Ríos, “Por la vida y la libertad de las mujeres: fin al feminicidio ”, in Aida Concha and Leonor and Gabriela Laballe, Resistencia y Alternativas de las Mujeres Frente al Modelo Globalizador, Red Nacionaly de Génomíaro , მეხიკო, გვ.114-126.

ავტორები მიუთითებენ სპეციალური მომხსენებლის ანგარიშზე ქალთა მიმართ ძალადობის, მისი გამომწვევი მიზეზებისა და საქართველოში მისი მისიის შედეგების შესახებ.(A/HRC/32/42/Add.3), მე-10-16, მე-19-22-ე და 76-77-ე პუნქტები, და საქართველოსთან დაკავშირებით გაერთიანებული მეოთხე და მეხუთე პერიოდული ანგარიშების დასკვნით მოსაზრებებზე (CEDAW/C/GEO/CO/4-5), მე-20-21-ე პუნქტები.

6 აიშა კ. გილი, „ჯეირანოვა საქართველოს წინააღმდეგ: ანგარიში „ღირსების” სახელით ჩადენილი ძალადობის სოციალურ-კულტურულ კონტექსტთან დაკავშირებით”, 2018 წლის 11 მარტი.

კომუნიკაციის ავტორები მითითებას აკეთებენ საქართველოში გენდერული ნიშნით ძალადობის სტატისტიკაზე, მათ შორის საქართველოს სახალხო დამცველის 2014 და 2016 წლების ანგარიშებში მოცემულ სტატისტიკაზე. კომუნიკაციის ავტორები ასევე მითითებას აკეთებენ სპეციალური მომხსენებლის ანგარიშზე ქალთა მიმართ ძალადობის, მისი გამომწვევი მიზეზებისა და საქართველოში მისი მისიის შედეგების შესახებ (A/HRC/32/42/Add.3).

8 მხარე სახელმწიფო მითითებას აკეთებს, მათ შორის, საქმეზე „კაბუროვი ბულგარეთის წინააღმდეგ“, „ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო“, საჩივარი No. 9035/06, 2012 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილება, 56-57-ე პარაგრაფები.

9 იხ. „ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო“, საქმე „შავიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“, საჩივარი No. 21519/05, 2010 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილება; საქმე „საღინაძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“, საჩივარი No. 18768/05, 2010 წლის 27 მაისის გადაწყვეტილება,  95-96-ე პარაგრაფები.

10 მხარე სახელმწიფო აღნიშნავს, რომ ერთი წყვილის შემთხვევაში, ქმარმა გაიგო რომ ქ-ნ ჯეირანოვას სცემეს, მაგრამ არ დაუნახავს თუ ვინ ჩაიდინა ეს, ხოლო მისმა ცოლმა ამის შესახებ მისგან გაიგო. კომუნიკაციის ავტორები ამტკიცებდნენ, რომ ერთ-ერთმა მოწმემ გაიგო, თუ როგორ ყვიროდა და ითხოვდა დახმარებას ქ-ნი ჯეირანოვა, მაგრამ მოწმემ მხოლოდ ის განაცხადა, რომ მან დაინახა ქალი რომელიც ყვიროდა, თუმცა მას არ გაუგონია, თუ ზუსტად რას ამბობდა იგი. სხვა მოწმემ თქვა, რომ მას არ დაუნახავს რომ ვინმე ქ-ნ ჯეირანოვას ურტყამდა.  გარდა ამისა, იმ ადამიანებმა, რომლებმაც სატელევიზიო გადაცემაში მისცეს ინტერვიუ, მოგვიანებით განაცხადეს, რომ ჟურნალისტებმა მათი განცხადებები შეცვალეს. მხარე სახელმწიფო აღნიშნავს, რომ ექსპერტმა, რომელმაც დაათვალიერა ქ-ნი ჯეირანოვას ცხედარი მისი გარდაცვალების შემდეგ, აღნიშნა, რომ მისი კანის ფერი შეცვლილი იყო სიკვდილის შემდგომი ციანოზის გამო. მას ასევე აღენიშნებოდა მცირე სისხლჩაქცევები, რომლებიც შესაძლოა მიყენებული ყოფილიყო პატარა ბლაგვი ინსტრუმენტით. სხვა მოწმემ დაასახელა ჰ.ჰ.-ს ნათესავი, რომელიც, მისი თქმით, ერთადერთი იყო ვინც ქ-ნ ჯეირანოვას დაარტყა. კიდევ ერთი ჩვენების მიხედვით, ყვირილი ან კამათი არ ყოფილა როდესაც ქ-ნი ჯეირანოვა სამ ნათესავთან ერთად მანქანიდან გადმოვიდა.

11 „ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო“, საქმე „სოლსკა და რიბიკა პოლონეთის წინააღმდეგ“, საჩივარი No. 30491/17 და No. 31083/17, 2018 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილება, 121-ე და 127-ე პარაგრაფები.

12 „ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო“, საქმე ვოლოდინა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, საჩივარი No. 41261/17, 2019 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილება, 77-ე პარაგრაფი.

13 „ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო“, საქმე „იუნგერი დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ“, საჩივარი No. 57420/00, 2003 წლის 7 იანვრის გადაწყვეტილება.

14 „ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო“, „ო`კიფი ირლანდიის წინააღმდეგ“, საჩივარი No. 35810/09, 2014 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილება, 144-ე პარაგრაფი.

15 მხარე სახელმწიფო თან ურთავს, მათ შორის, 43-გვერდიან დანართს სახელწოდებით „ოჯახში ძალადობის/ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით ეროვნული ორგანოების მიერ გატარებული ღონისძიებები“.
 
16 იხ. „ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო“, საქმე „ჰამილე კილიჩი თურქეთის წინააღმდეგ“, საჩივარი No. 63034/11, 2016 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება; საქმე „ჯივეკი თურქეთის წინააღმდეგ“, საჩივარი No. 55354/11, 2016 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილება; საქმე „ოპუზითურქეთის წინააღმდეგ“, საჩივარი No. 33401/02, 2009 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილება; საქმე „დურმაზი თურქეთის წინააღმდეგ“, საჩივარი No. 3621/07, 2014 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილება.
 
17 იხ. საქმე „ვენის ინტერვენციის ცენტრი ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ“ და „ქალთათვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის ასოციაცია“ ბანუ აკბაკის, გიულენ ხანის და მელისა იოზდემირის (გარდაცვლილის მემკვიდრეების) სახელით ავსტრიის წინააღმდეგ“ (CEDAW/C/39/D/6/2005); „ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო“, საქმე „მაიორანო და სხვები იტალიის წინააღმდეგ“, საჩივარი No. 28634/06, 2009 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება; საქმე „იონერილდიზი თურქეთის წინააღმდეგ“, საჩივარი No. 48939/99, 2004 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება.

18 საქმე „ა. ტ. უნგრეთის წინააღმდეგ“ (CEDAW/C/32/D/2/2003); საქმე „ო.გ. რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ“ (CEDAW/C/68/D/91/2015).

19 კომუნიკაციის ავტორები მითითებას აკეთებენ, მათ შორის, საქართველოსთან დაკავშირებით გაერთიანებული მეოთხე და მეხუთე პერიოდული ანგარიშების დასკვნით მოსაზრებებზე ()CEDAW/C/GEO/CO/4-5, მე-18-19 პუნქტები, და სპეციალური მომხსენებლის ანგარიშზე ქალთა მიმართ ძალადობის, მისი მიზეზების და საქართველოში მისი მისიის შედეგების შესახებ. ()A/HRC/32/42/Add.3, 76-77-ე პუნქტები.
 
20 „ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო“, საქმე „ოსმანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“, საჩივარი No. 23452/94, 1998 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილება, 116-ე პარაგრაფი.
 
21 საქმე „ვოლოდინა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ“, მე-19, 92-ე და 111-ე პარაგრაფები.
 
22 სპეციალური მომხსენებლის ანგარიში ქალთა მიმართ ძალადობის, მისი გამომწვევი მიზეზებისა და საქართველოში მისი მისიის შედეგების შესახებ.(A/HRC/32/42/Add.3), 92-ე პუნქტი

23 იხ. ზოგადი რეკომენდაცია No. 35, 24-ე პუნქტის (ბ) ქვეპუნქტი; სპეციალური მომხსენებლის ანგარიში წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის შესახებ ( A/HRC/31/57), 55-ე პუნქტი; და „ადამიანის უფლებათა ინტერამერიკული კომისია“,  მარია  და  პენა  მაია  ფერნანდესი  ბრაზილიის  წინააღმდეგ, საქმე No. 12.051, 2001 წლის 16 აპრილის ანგარიში No. 54/01, 56-ე პარაგრაფი.

24 „ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო“, საქმე შავიშვილი საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი No. 21519/05, 2010 წლის 9 ნოემბერი; საქმე საღინაძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი No. 18768/05, 2010 წლის 27 მაისი, 95-96-ე პარაგრაფები.

25 სპეციალური მომხსენებლის ანგარიში ქალთა მიმართ ძალადობის, მისი გამომწვევი მიზეზებისა და საქართველოში მისი მისიის შედეგების შესახებ.(A/HRC/32/42/Add.3), 92-ე პუნქტი.

26 „ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის“ ზოგადი რეკომენდაცია No. 31 და „ბავშვთა უფლებების დაცვის კომიტეტის“ ზოგადი რეკომენდაცია No. 18 მავნე პრაქტიკის შესახებ, 29-30-ე პუნქტები.

27 ზოგადი რეკომენდაცია No. 28 (2010) „მხარე სახელმწიფოთა ძირითადი ვალდებულებების შესახებ ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენციის მე-2 მუხლის თანახმად“, მე-18 პუნქტი.

28 საქართველოსთან დაკავშირებით გაერთიანებული მეოთხე და მეხუთე პერიოდული ანგარიშების დასკვნითი მოსაზრებები (CEDAW/C/GEO/CO/4-5), 21-ე მუხლის (ბ) პუნქტი.