დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 18 მარტის №69 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 813 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 15/03/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/03/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.027.017304 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 18 მარტის №69 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 18 მარტის №69 ბრძანებით („საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ (www.matsne.gov.ge), 18/03/2015, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.027.016574) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესით ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრის წარმოებას; ნორმატიული აქტების, კანონმდებლობით სავალდებულო წესით გამოსაქვეყნებელი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების, სასამართლო გადაწყვეტილებების, სხვა დოკუმენტებისა და ინფორმაციის, აგრეთვე ნორმატიული აქტების ოფიციალური თარგმანების ოფიციალურ გამოქვეყნებას მაცნეს ვებგვერდზე;“. 2. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 4. მაცნეს თავმჯდომარე 1. მაცნეს ხელმძღვანელობს მაცნეს თავმჯდომარე (შემდგომ – თავმჯდომარე), რომელსაც საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. თავმჯდომარე: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს მაცნეს საქმიანობას; ბ) წარმოადგენს მაცნეს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე; გ) ანაწილებს მოვალეობებს მაცნეს თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებს და დავალებებს, აკონტროლებს თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; დ) კანონმდებლობის შესაბამისად მაცნეს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას; ე) ხელს აწერს და ვიზირებას უკეთებს მაცნეში მომზადებულ დოკუმენტებს; ვ) უფლებამოსილია მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული ცალკეული უფლება-მოვალეობების განხორციელება მაცნეს დოკუმენტაციის ხელმოწერით დამოწმება, მაცნეს წარმომადგენლობა და სხვ. მიანდოს მაცნეს თავმჯდომარის მოადგილეს ან მაცნეს სხვა თანამშრომელს; ზ) მინისტრთან შეთანხმებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თავმჯდომარის მოადგილეს, ასევე სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსებს; თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მაცნეს სხვა თანამშრომლებს; თ) უფლებამოსილია კონკრეტული სამუშაოს შესასრულებლად, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, აიყვანოს და გაათავისუფლოს მაცნეს შტატგარეშე თანამშრომლები; ი) ნიშნავს და ათავისუფლებს სტაჟიორებს; კ) მაცნეს თანამშრომლების მიმართ იყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს, ხოლო სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ სამსახურებრივი შემოწმების შედეგების საფუძველზე წარდგენილი მოთხოვნის შესაბამისად, ვალდებულია გამოიყენოს დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიება დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის მიმართ; ლ) განსაზღვრავს თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოს ოდენობას და კატეგორიებს; მ) ამტკიცებს მაცნეს შრომის შინაგანაწესსა და თანამშრომელთა სამუშაო აღწერილობებს; ნ) სამინისტროსთან შეთანხმებით, ამტკიცებს მაცნეს საშტატო ნუსხას და ხელფასის ფონდს, ამტკიცებს თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე მაცნეს მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტებს; ო) ამტკიცებს მაცნეს ბეჭდებისა და შტამპების სტანდარტულ ნიმუშებს; პ) იღებს გადაწყვეტილებას მაცნეს სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების განკარგვის შესახებ, რომლებიც საჭიროა მაცნეს ამოცანების შესასრულებლად; შუამდგომლობს იმ სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების გამოყოფის შესახებ, რომლებიც საჭიროა მაცნეს ამოცანების შესასრულებლად; ჟ) მინისტრს და კურატორ მინისტრის მოადგილეს წარუდგენს ანგარიშს მაცნეს მიერ გაწეული საქმიანობის თაობაზე; რ) ახორციელებს ამ დებულებითა და კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. თავმჯდომარის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე, ხოლო თავმჯდომარის მოადგილის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მინისტრის ბრძანების საფუძველზე, - მაცნეს ერთ-ერთი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი.“. 3. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 4 1 მუხლი: „41. მაცნეს თავმჯდომარის მოადგილე 1. მაცნეს თავმჯდომარეს ჰყავს მოადგილე, რომელსაც მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მაცნეს თავმჯდომარე. 2. მაცნეს თავმჯდომარის მოადგილე ასრულებს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრულ ფუნქციებსა და ცალკეულ დავალებებს.“. 4. მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) მაცნეს შრომის შინაგანაწესის პროექტის შემუშავებას;“. 5. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 11. მრჩეველი შიდა კონტროლის საკითხებში 1. მაცნეს თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი დისციპლინის დაცვისა და საქმიანობის კანონიერების კონტროლს ახორციელებს მრჩეველი შიდა კონტროლის საკითხებში (შემდგომ – მრჩეველი). 2. მრჩევლის ფუნქციებია: ა) მაცნეს საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან და მოქმედ სამართლებრივ აქტებთან შესაბამისობის შემოწმება/მონიტორინგი; ბ) მაცნეს შრომის შინაგანაწესის შესრულების, აგრეთვე შრომის დისციპლინის დაცვის კონტროლი; გ) მაცნეში მიმდინარე პროცესების და საქმიანობის სფეროების მონიტორინგი; დ) მაცნეში სამართალდარღვევის, დისციპლინური გადაცდომის ან/და მაცნეს მიზნებთან შეუსაბამო ქმედების არსებობის შესახებ ცნობებთან (განცხადება, წერილი, საჩივარი, შეტყობინება, სხვა ინფორმაცია ან ფაქტი) დაკავშირებით დისციპლინური წარმოების ჩატარება, დასკვნის მომზადება და მაცნეს თავმჯდომარისათვის წარდგენა; ე) მაცნეს მოსამსახურეთა სამსახურებრივი დისციპლინის შემოწმება, გამოვლენილი დისციპლინური გადაცდომების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე სათანადო რეკომენდაციებისა და პრევენციული წინადადებების შემუშავება და მაცნეს თავმჯდომარისათვის წარდგენა; ვ) მაცნეში ინტერესთა კონფლიქტის ფაქტების გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება; ზ) საქმიანობის შესახებ ყოველწლიური ანგარიშების მომზადება და მაცნეს თავმჯდომარისთვის წარდგენა. 3. მრჩეველი ფუნქციურად დამოუკიდებელია, ექვემდებარება მაცნეს თავმჯდომარეს და ანგარიშვალდებულია მხოლოდ მის წინაშე. დაუშვებელია მრჩევლის საქმიანობაში ჩარევა ან მასზე სხვაგვარი ზემოქმედება საქმიანობის დაგეგმვის, განხორციელებისა და ანგარიშგების ნებისმიერ ეტაპზე. 4. მაცნეს მოსამსახურეები ვალდებული არიან ითანამშრომლონ მრჩეველთან და უზრუნველყონ მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის/დოკუმენტების ხელმისაწვდომობა.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები