ქალაქ ახალციხის ტერიტორიაზე სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ

ქალაქ ახალციხის ტერიტორიაზე სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 8
დოკუმენტის მიმღები ახალციხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/02/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/03/2022
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.138.016459
8
25/02/2022
ვებგვერდი, 01/03/2022
010250000.35.138.016459
ქალაქ ახალციხის ტერიტორიაზე სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ
ახალციხის მუნიციპალიტეტი
 

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №8

2022 წლის 25 თებერვალი

ქ. ახალციხე

ქალაქ ახალციხის ტერიტორიაზე სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’’ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ს’’ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის და  „ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, ახალციხის   მუნიციპალიტეტის  საკრებულო  ადგენს:


მუხლი 1
დამტკიცდეს ქალაქ ახალციხის  ტერიტორიაზე სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა- პატრონობის წესი დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ’’ ქალაქ ახალციხის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 29 თებერვლის №7 დადგენილება.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ლომიძე



ქალაქ ახალციხის  ტერიტორიაზე სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესი

მუხლი 1. ზოგადი  ნაწილი
ქალაქ ახალციხის  სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესი (შემდგომში - წესი) განსაზღვრავს ქალაქ ახალციხის  ტერიტორიაზე არსებული სასაფლაოების მოწყობის, მოვლა-პატრონობის, სარიტუალო საქმიანობის, სასაფლაოების დახურვისა და ახალი სასაფლაოების გახსნის წესს.

მუხლი 2. ტერმინთა  განმარტება
წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) სასაფლაო – ქალაქ  ახალციხის  ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული მიწის ნაკვეთი, რომელიც განკუთვნილია  და გამოიყენება ადამიანის ნეშტის დასაკრძალად;

ბ) სასაფლაოს მმართველი ორგანიზაცია- ახალციხის  მუნიციპალიტეტის  მიერ დაფუძნებული შესაბამისი იურიდიული პირი, რომელიც თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე გამოყოფილ მიწის ნაკვეთზე  ახორციელებს სასაფლაოების მოწყობას, მოვლა-პატრონობას და სარიტუალო საქმიანობასთან დაკავშირებულ მომსახურებას;

გ) საქალაქო სასაფლაო – თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე გამოყოფილი მიწის ნაკვეთი, რომელიც გამოიყენება ამ წესის შესაბამისად, ადამიანის ნეშტის დასაკრძალად;

დ) კერძო სასაფლაო – ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელიც გამოიყენება ამ წესის შესაბამისად ადამიანის ნეშტის დასაკრძალავად;

ე) საფლავი – ცალკე მდგომი მიწის ნაკვეთი სასაფლაოზე, რომელზედაც განლაგდება ერთი ან რამდენიმე სამარე;

ვ) სამარე – მიწის ნაკვეთი სასაფლაოზე, რომელიც გამოიყენება ან განკუთვნილია ერთი ადამიანის ნეშტის დასაკრძალად;

ზ) საძმო სამარე – სამარე, რომელშიც დაკრძალულია საომარი მოქმედებების, სტიქიური უბედურების, ეპიდემიის ან რაიმე ბუნებრივი კატაკლიზმის შედეგად დაღუპული რამდენიმე გარდაცვლილის ნეშტი, ამ წესით საფლავებისათვის დადგენილი ნორმების დაცვის გარეშე;

თ) საგვარეულო სამარხი – საფლავი, რომელიც გამოიყენება ოჯახის წევრების ან ურთიერთთანხმობის საფუძველზე ახლობელი ადამიანების ნეშტის დასაკრძალად;

ი) სარიტუალო მომსახურება –ყველა სახის მომსახურება დაკავშირებული ადამიანის ნეშტის დაკრძალვასთან;

კ) ჭირისუფალი – გარდაცვლილის ახლო ნათესავი, ან მის სიცოცხლეში ანდერძით, სხვა რაიმე სახის დოკუმენტით დასახელებული პირი ან სხვა პირი, რომელიც ახორციელებს დაკრძალვის ცერემონიას და იხდის მომსახურების ხარჯებს;

ლ) ძეგლი (საფლავის ქვა) – სასაფლაოზე დამონტაჟებული ქვის ან ლითონის გამოსახულება, რომელიც განკუთვნილია გარდაცვლილის ხსოვნის უკვდავსაყოფად;

მ) საფლავების მომსახურება – მომსახურება, რომელსაც დასაფლავებასთან დაკავშირებით ახორციელებს მუნიციპალური სასაფლაოს მმართველი;

ნ) დაკრძალვა – გარდაცვლილის ნეშტის მიწას მიბარების ცერემონია, რომელიც ხორციელდება რელიგიური წესების, ადათებისა და წეს-ჩვეულებების შესაბამისად. დაკრძალვა ხორციელდება სანიტარიული ნორმების დაცვით;

ო) ზემოდან დაკრძალვა – გარდაცვლილის მიწას მიბარების ცერემონია, როდესაც ნეშტი იკრძალება ადრე გარდაცვლილის ნეშტზე, ჭირისუფლისა და სასაფლაოს მმართველი ორგანიზაციის შეთანხმებით, შესაბამისი სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური დასკვნის საფუძველზე, სათანადო სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური ნორმების დაცვით;

პ) გადასვენება – გარდაცვლილის ნეშტის მიწას მიბარების ცერემონია, როდესაც ხდება გარდაცვლილის ნეშტის ამოსვენება სამარიდან და სხვა სამარეში დაკრძალვა;

ჟ) სასაფლაოს დახურვა – ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების საფუძველზე შემოღებული სპეციალური რეჟიმი, როდესაც სასაფლაოზე წყდება ახალი საფლავების გამოყოფა;

რ) სასაფლაოს გაუქმება – ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების საფუძველზე შემოღებული სპეციალური რეჟიმი, როდესაც სასაფლაოზე წყდება როგორც ახალი საფლავების გამოყოფა ისე მეორეული დაკრძალვა.


მუხლი 3. ახალი სასაფლაოების გახსნა
1. ახალი სასაფლაო უნდა განლაგდეს ქალაქის გარეუბანში, სულ ცოტა 300 მეტრის დაშორებით საცხოვრებელი შენობებიდან და დასასვენებელი ადგილებიდან, ხოლო არსებული სასაფლაოს მიმდებარედ სასაფლაოს მოწყობისას, თუ ეს მანძილი უკვე არსებულ სასაფლაოსთან მიმართებაში დარღვეულია, დაშორება განისაზღვრება უფლებამოსილი ორგანოს მიერ სასაფლაოს მოწყობის პროექტის შეთანხმებისას.

2. სასაფლაოსათვის მიწის ნაკვეთის გამოყოფა, მოქმედი სასაფლაოების გაფართოება და რეკონსტრუქცია ხდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობის საფუძველზე.

3. ახალი საფლავის გახსნისას უნდა მოხდეს საფლავებისა და საფლავში სამარეების აღრიცხვა-ნუმერაცია.

4. გარდაცვლილის სასაფლაოზე დაკრძალვის შესახებ სასაფლაოს მმართველი გარდაცვლილის ჭირისუფალზე (დაინტერესებულ პირზე) გასცემს შესაბამის მოწმობას მისი აღრიცხვის რიგითობისა და საფლავის (სამარის) ნომერის მითითებით.

5. სასაფლაოების მოწყობა დაუშვებელია შემდეგ ტერიტორიებზე:

ა) წყალმომარაგების სათავეების, მინერალური წყლების სანიტარიული დაცვის პირველ და მეორე ზონებში;

ბ) ტბების, მდინარეების, ხელოვნული წყალსაცავების და სხვა ღია წყალსაცავების სანაპიროებზე, რომლებიც მოსახლეობის მიერ გამოიყენება სამეურნეო-საყოფაცხოვრებო დანიშნულებით, სხვა კულტურულ- გამაჯანსაღებელი მიზნით;

გ) მუნიციპალიტეტის სასმელი და სამეურნეო დანიშნულების წყლით მომარაგების ცენტრალიზებული სისტემებით დაკავებულ ტერიტორიებზე.

6. სასაფლაოსათვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

ა) არ უნდა იყოს მეწყერულ ზონაში;

ბ) არ უნდა იტბორებოდეს წყალდიდობის შემთხვევაში;

გ) გრუნტული წყლები უნდა იყოს სულ ცოტა ორი მეტრით დაშორებული მიწის ზედაპირიდან;

დ) ჰქონდეს მშრალი ნიადაგი, რომელიც უზრუნველყოფს საკმარის ჰაერის გამტარიანობას და სწრაფად გაშრობას. მიწა არ უნდა იყოს ტორფული და მძიმე თიხის;

ე) უნდა ჰქონდეს მოხერხებული, კეთილმოწყობილი მისასვლელები.

7. სასაფლაოს მოწყობა უნდა განხორციელდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამტკიცებული პროექტის მიხედვით, რომელშიც სხვა საკითხებთან ერთად გათვალისწინებული უნდა იქნეს:

ა) დასაფლავებისთვის ზონების, ნაკვეთების (სექტორების) გამოყოფა და მათი გამოყენების რიგითობა;

ბ) გასასვლებებისა და ფეხით სავალი გზების მიმართულება, ზომები და კეთილმოწყობა;

გ) მწვანე ნარგავების განთავსება;

დ) სასაფლაოს ფუნქციონირებისათვის საჭირო შენობები და ნაგებობები (საოფისე შენობა, წყალგაყვანილობა, ყვავილების მაღაზია, საზოგადოებრივი ტუალეტი, დაკრძალვის წინ ცხედრის დასასვენებლად (სამოქალაქო პანაშვიდი და ა.შ) განკუთვნილი სპეციალური შენობა და ა.შ;

ე) სასაფლაოს გამწვანება, სასაფლაოს პერიმეტრის გასწვრივ დამცავი მწვანე ნარგავების გაშენება და დეკორატიული ნარგავების დარგვა, ძირითად ხეივნებსა და დაკრძალვის ადგილებში საკმარისი განიავებისა და 20%-იანი ინსოლაციის უზრუნველყოფით.

8. საქალაქო სასაფლაოს ტერიტორიაზე დაკრძალვისთვის გამოყოფილი თავისუფალი მიწის ნაკვეთი შედგება არაუმეტეს 5 ზონისაგან. ზონების რიგითობას, ზონის დადგენის და აღნიშნულ ზონებში საფლავების გამოყოფის წესებს განსაზღვრავს სასაფლაოს მმართველი ორგანიზაცია. ზონების რიგითობა განისაზღვრება სამანქანო გზიდან დაშორების ან/და მიწის ნაკვეთის რელიეფის გათვალისწინებით.

9. სასაფლაოს ტერიტორია პერიმეტრზე უნდა იყოს შემოზღუდული და დაგეგმილი ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს ზედაპირული წყლების სწრაფი დაკლება.

10. სასაფლაოს შესასვლელში უნდა მოეწყოს საავტომობილო სადგომი.


მუხლი 4. მომსახურების საფასური
1. სასაფლაოს მმართველი ორგანიზაციის მიერ გაწეული მომსახურების სახეობები და საფასურები, ასევე მისი გადახდისაგან გათავისუფლებისა და შეღავათების გაწევის შემთხვევები განისაზღვრება ამ წესით.

2. ჭირისუფლის მიერ სასაფლაოების მმართველი ორგანიზაციისთვის მიმართვის შემდეგ გაიცემა საფლავი შემდეგი საფასურის გადახდის შემთხვევაში:

ა) ერთადგილიანი – 100 ლარი;

ბ) ორადგილიანი – 200 ლარი;

გ) სამადგილიანი –300 ლარი;

დ) ოთხადგილიანი – 400 ლარი.

3. მმართველი ორგანიზაციის მიერ გაწეული სარიტუალო საქმიანობასთან დაკავშირებული მომსახურების საფასური განისაზღვრება  250 ლარის ოდენობით.

4. საფლავის საფასურისა და სარიტუალო საქმიანობასთან დაკავშირებული მომსახურების საფასურის გადახდისგან სრულად განთავისუფლდნენ „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული პირები, რომელთაც სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი სარეიტინგო ქულა არ აღემატება 75 000-ს.

5. სასაფლაოს მართვის მიზნით შექმნილი იურიდიული პირის მიერ გაწეული მომსახურება (როგორიცაა: საფლავის კეთილმოწყობა, საფლავის ქვის, ძეგლის დამზადება, დადგმა და სხვა), რომელიც არ შეიძლება წინასწარ იქნეს განსაზღვრული და გამომდინარეობს დაინტერესებული პირის მოთხოვნებიდან, რეგულირდება მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად. აღნიშნულ მომსახურებაზე ფასები გამომდინარეობს იურიდიული პირის ინტერესებიდან გამომდინარე და საბაზრო ეკონომიკის პრინციპების გათვალისწინებით.


მუხლი 5. სასაფლაოს მმართველი ორგანიზაციის უფლება-მოვალეობები
1. დაკრძალვასთან დაკავშირებულ სარიტუალო საქმიანობას ახორციელებს სასაფლაოს მმართველი ორგანიზაცია, რომელიც ანგარიშვალდებულია დამფუძნებლის  წინაშე.

2. სასაფლაოს მმართველი ორგანიზაცია, ამ წესით გათვალისწინებული  პირობების შესაბამისად ვალდებულია განახორციელოს შემდეგი მომსახურება:

ა) მიცვალებულის ნეშტის დასაფლავებისა და გადაადგილებისათვის საჭირო მომსახურება;

ბ) სასაფლაოზე არსებული ყველა სამარის გათხრა და ამოვსება;

გ) გარდაცვლილის სამარეში ჩასვენება;

დ) დადგენილი წესის შესაბამისად, სამარეზე სარეგისტრაციო ფირფიტის დაყენება.

3. გარდაცვლილის ნეშტის დაკრძალვასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევისას უნდა დაიცვას რელიგიური და ქვეყანაში არსებული კულტურული ტრადიციები, შესაძლებლობის ფარგლებში გაითვალისწინოს გარდაცვლილის ჭირისუფლის სურვილები.

4. სასაფლაოს მმართველი ორგანიზაცია გარდაცვლილის შესახებ უნდა ფლობდეს შემდეგ ინფორმაციას (ინფორმაციის მომცველი შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენით):

ა) სახელი, გვარი;

ბ) რეგისტრაციის უკანასკნელი ადგილი  ან/და  უკანასკნელი საცხოვრებელი ადგილი;

გ) დაბადების და  გარდაცვალების თარიღი (გარდაცვალების მოწმობა);

დ) იმ ახლობლის სახელი, გვარი, მისამართი, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება გარდაცვლილის დასაფლავების შესახებ.

5. სასაფლაოს მმართველ ორგანიზაციას უფლება აქვს:

ა) ხელშეკრულების საფუძველზე მიიღოს ნებისმიერი შენატანი, ანაზღაურება, ქონება, ფასიანი ქაღალდები ან ნებისმიერი სხვა საკუთრება ან შემოსავალი, რათა წესრიგში იქონიოს ან რაიმე განსაკუთრებული სახით მოუაროს საფლავს, ძეგლს და სხვა;

ბ) მოაწესრიგოს სასაფლაოს ტერიტორიაზე ძეგლების, სასაფლაოს ქვების გამოსახულების, საფლავის შემოფარგვლის, მოპირკეთებითი სამუშაოების, გარდაცვლილის ხსოვნისადმი საჭირო სხვა ობიექტების დადგმა-დამონტაჟების საკითხები;

გ) დამფუძნებელეს განსახილველად წარუდგინოს მისი აზრით სასაფლაოების ეფექტიანად მომსახურებისთვის საჭირო მომსახურების ახალი სახეები და საფასურები საკრებულოზე წარსადგენად.

6. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიას უფლება აქვს, სასაფლაოს ტერიტორიაზე წინასწარ დაადგინოს ძეგლების, სასაფლაოების ქვების, გამოსახულების და ა.შ. ზომები. სასაფლაოს მმართველს უფლება არ აქვს, დაავალდებულოს ჭირისუფალი მათი განსაზღვრული პირისგან შეძენა ან დამზადება.

7. სასაფლაოს მმართველი ორგანიზაციის საქმიანობის კონტროლი ახორციელდება ორგანიზაციის დამფუძნებელი.

8. სასაფლაოს მმართველ ორგანიზაციას შეუძლია დაკრძალვასთან დაკავშირებით სარიტუალო საქმიანობის განხორციელების მიზნით გარკვეული ვადით, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მერიის თანხმობის საფუძველზე, მოიწვიოს იურიდიული ან ფიზიკური პირი.


მუხლი 6. სასაფლაოების მოვლა-პატრონობა
1. სასაფლაოების მოვლა-პატრონობა, რომელსაც უზრუნველყოფ სასაფლაოს მმართველი ორგანიზაცა მოიცავს:

ა) ბალახის, ბუჩქების და ხეების გაკრეჭვას და მოვლას;

ბ) წყალარინების სისტემის, წყლის ქსელების, გზების, შენობების წესრიგში მოყვანას;

გ) სასაფლაოების მოვლა-პატრონობისათვის საჭირო მანქანა-დანადგარების და მოწყობილობების შეძენასა და მომსახურებას;

დ) მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურებისა და დამატებით გამომუშავებული თანხების გადახდას;

ე) სასაფლაოს ტერიტორიის (გასასვლელები, ბილიკები, საზოგადოებრივი სარგებლობის სხვა ადგილები) და არსებული ქონების მოვლას. მათ შორის, მორწყვას, რეგულარულ დაგვა-დასუფთავებას, მწვანე ნარგავების კარგ მდგომარეობაში შენარჩუნებას.

2. სასაფლაოს მმართველი ორგანიზაცია საფლავის მომსახურებას ახორციელებს ჭირისუფალთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.


მუხლი 7. საფლავების მოწყობა, ექსპლუატაცია და დაკრძალვის წესი
1. სასაფლაოსათვის მიწის ნაკვეთის გამოყოფის (სტატუსის მინიჭების) შემდეგ საფლავების (სამარეების) ქაოტურად განთავსებისა და მოუხერხებელი გარემოს შექმნისგან თავიდან აცილების მიზნით ხორციელდება სასაფლაოს დაგეგმარება.

2. ჭირისუფალის (დაინტერესებულ პირზე) მხრიდან, წარმოდგენილი გარდაცვალების მოწმობით, გარდაცვლილის ჭირისუფალზე გაიცემა არაუმეტეს 4 ადგილიანი საფლავი.

3. ყოველი გარდაცვლილის დაკრძალვა ხდება ცალკე სამარეში, გარდა ზემოდან დაკრძალვის შემთხვევისა. ყოველ სამარეზე გაანგარიშებული და გამოყოფილი უნდა იქნეს 2.5 კვ.მ-მდე ფართობის ტერიტორია. საფლავებს შორის დაშორება არ უნდა იყოს გრძელ მხარეებს შორის 1 მეტრზე ნაკლები, ხოლო მოკლე მხარეებს შორის – 0,5 მეტრზე ნაკლები. კერძო სასაფლაოებზე საფლავებს შორის დაშორება გრძელ და მოკლე მხარეებს შორის არ უნდა იყოს 0,5 მეტრზე ნაკლები.

4. საქალაქო სასაფლაოებზე (გარდა ამ წესის შესაბამისად დამტკიცებული ზონებისა) ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული სტანდარტები შესაძლებელია შემცირდეს ისე, რომ არსებითად არ შეიზღუდოს საფლავებს შორის დაშორება.

5. სამარის სიღრმე არ უნდა იყოს 1,5 მეტრზე ნაკლები (ადგილობრივი ნიადაგისა და კლიმატური პირობების გათვალისწინებით). გარდაცვლილ ჩვილ ბავშვთა ან ადრე გარდაცვლილის ნეშტის დასაფლავებისას, სამარე შესაბამისად შეიძლება შემცირდეს. ყოველ სამარეზე უნდა მოეწყოს მისი ბორცვი.

6. საძმო საფლავებში ნეშტის დაკრძალვა დასაშვებია საფლავებისათვის დადგენილი წესების დაცვის გარეშე.

7. გარდაცვლილთა დასაფლავების ადგილამდე გადატანა, როგორც წესი, ხორციელდება კუბოთი, უპატრონო მიცვალებულის შემთხვევაში – დაკრძალვისათვის დამზადებული სპეციალური სუდარით.

8. ნეშტის გადასვენების შემდეგ სამარე მაშინვე უნდა ამოივსოს და მიწის ზედაპირს ჩაუტარდეს დაგეგმარება.

9. ცხედრის დაკრძალვა შეიძლება მხოლოდ გარდაცვალების მოწმობის წარმოდგენის შემდეგ. გამონაკლის შემთხვევაში უქმე დღეების გამო ან სხვა რაიმე მიზეზით გარდაცვალების მოწმობის წარმოდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში მიცვალებულის დაკრძალვა შესაძლებელია გარდაცვალების შესახებ სამედიცინო ცნობის ან ექსპერტიზის აქტის წარმოდგენის საფუძველზე. (ჭირისუფალი ვალდებულია წარმოადგინოს გარდაცვალების მოწმობა დაკრძალვიდან 1 კვირის მანძილზე).

10. ჭირისუფალი ვალდებულია სასაფლაოს მმართველ ორგანიზაციას გარდაცვლილის შესახებ მიაწოდოს მე-5 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია შესაბამისი დოკუმენტაციის სახით.

11. საქალაქო სასაფლაოს ტერიტორიაზე არსებულ საფლავებში, რომლის ან მასში დაკრძალული ნეშტის შესახებ ინფორმაცია სასაფლაოს მმართველ ორგანიზაციას არ გააჩნია ან/და არასრულია სათანადო საარქივო მონაცემები, ან/და საფლავზე არ არსებობს ან არასრულია საიდენტიფიკაციო ნიშნები, დაკრძალვა/ზემოდან დაკრძალვა/გადასვენება შესაძლებელია მხოლოდ ჭირისუფლის მოთხოვნით, რომელმაც დაკრძალვის შემთხვევაში სასაფლაოს მმართველ ორგანიზაციას უნდა წარუდგინოს შესაბამისი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი ან მიუთითოს საფლავში დაკრძალულის ვინაობა სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებით, ხოლო ზემოდან დაკრძალვისა და გადასვენების შემთხვევაში, დამატებით უნდა წარუდგინოს სასაფლაოს მმართველ ორგანიზაციას ადრე გარდაცვლილის გარდაცვალების მოწმობა. ასეთ შემთხვევაში დავის წარმოშობისას, განმცხადებელი ვალდებულია საკუთარი რისკით აღმოფხვრას დავის საფუძვლები, ხოლო აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, მხარეებს შორის დავა წარმოადგენს სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობას და განიხილავს სასამართლო, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.

12. საქალაქო სასაფლაოს ტერიტორიაზე არსებული საფლავების, რომლის ან მასში დაკრძალული ნეშტის შესახებ სასაფლაოს მმართველ ორგანიზაციას არ გააჩნია ან/და არასრულია სათანადო საარქივო მონაცემები ან/და საფლავზე არ არსებობს ან არასრულია საიდენტიფიკაციო ნიშნები, მოპირკეთებითი სამუშაოების შესრულება, ძეგლების, სასაფლაოს ქვების გამოსახულებისა და გარდაცვლილის ხსოვნისადმი საჭირო სხვა ობიექტების დადგმა-დამონტაჟება შესაძლებელია მხოლოდ ჭირისუფლის მოთხოვნით, რომელმაც სასაფლაოს მმართველს უნდა წარუდგინოს შესაბამისი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი ან მიუთითოს საფლავში დაკრძალულის ვინაობა სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებით, რასაც ამავე წესით დამოწმებული აქტით დაადასტურებს არანაკლებ 2 მოქალაქე. ასეთ შემთხვევაში დავის წარმოშობისას, განმცხადებელი ვალდებულია საკუთარი რისკით აღმოფხვრას დავის საფუძვლები, ხოლო აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, მხარეებს შორის დავა წარმოადგენს სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობას და განიხილავს სასამართლო, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.

13. საქალაქო სასაფლაოს ტერიტორიაზე არსებულ საგვარეულო საფლავებში, რომლის/ან მასში დაკრძალული ნეშტის შესახებ, სასაფლაოს მმართველ ორგანიზაციას ან/და ჭირისუფალს არ გააჩნია ან/და არასრულია სათანადო საარქივო მონაცემები, ან/და საფლავზე არ არსებობს ან არასრულია საიდენტიფიკაციო ნიშნები, ასეთ ნეშტზე ზემოდან დაკრძალვა შესაძლებელია მხოლოდ ჭირისუფლის მოთხოვნით, რომელმაც სასაფლაოს მმართველ ორგანიზაციას უნდა მიუთითოს სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებით, რომ ამ სამარეში არ განხორციელებულა დაკრძალვა არანაკლებ უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში, ხოლო საფლავი კი მთელი ამ დროის მანძილზე მის პატრონობაშია, რასაც ამავე წესით დამოწმებული აქტით დაადასტურებს არანაკლებ 2 მოქალაქე. ასეთ შემთხვევაში დავის წარმოშობისას, განმცხადებელი ვალდებულია საკუთარი რისკით აღმოფხვრას დავის საფუძვლები, ხოლო აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, მხარეებს შორის დავა წარმოადგენს სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობას და განიხილავს სასამართლო, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.

14. საქალაქო სასაფლაოს ტერიტორიაზე არსებულ საგვარეულო საფლავებში ადრე გარდაცვლილის ნეშტზე ზემოდან დაკრძალვა დასაშვებია გარდაცვალებიდან 15 წლის გასვლის შემდეგ.

15. გარდაცვლილთა სხვა სამარეში გადასვენება შესაძლებელია მხოლოდ ჭირისუფლისა და სასაფლაოს მმართველ ორგანიზაციასთან შეთანხმებით, შესაბამის ტერიტორიაზე მიცვალებულის დასაკრძალად გამოყოფილი/განკუთვნილი მიწის ნაკვეთის შესახებ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ორგანოს ან/და შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული დოკუმენტის (გარდა უცხოეთში გადასვენების შემთხვევისა) საფუძველზე, სათანადო სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური ნორმების დაცვით შესაბამისი მოთხოვნის რეგისტრაციიდან 60 დღის ვადაში. ჭირისუფლის მოთხოვნის შემთხვევაში, გადასვენებისათვის განკუთვნილი ვადა შესაძლებელია გაგრძელდეს არაუმეტეს ერთი თვისა. ამ პუნქტით გათვალისწინებულ ვადებში გადასვენების განუხორციელებლობის შემთხვევაში შეთანხმება ითვლება ძალადაკარგულად და გადახდილი საფასური უკან არ დაბრუნდება.

16. გადასასვენებლად გაცემულ საფლავებზე, გადასვენების განუხორციელებლობის შემთხვევაში, უნდა დაიდგას საინფორმაციო ფირფიტა სათანადო აღნიშვნით და შესაბამისი ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს სასაფლაოს მმართველის ვებგვერდზე. ამ პუნქტის შესაბამისად, გადასვენება ხორციელდება საფლავის ფაქტობრივი ვითარების გათვალისწინებით, თუ საარქივო მონაცემებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ხოლო გადასვენების და სამარხზე მომსახურების საფასური განისაზღვრება შესასრულებელი სამუშაოს შესრულების პერიოდში მოქმედი წესების შესაბამისად.

17. ამ მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტებით გათვალისწინებული გადასვენების ხანდაზმულობის ვადები არ გავრცელდეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსასვენებელ გარდაცვლილთა დაკრძალვისათვის გაცემულ საფლავებზე. ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსვენების ფაქტი უნდა დადასტურდეს შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მიერ.

18. საქალაქო სასაფლაოდან მიცვალებულის ნეშტის გადასვენება დასაშვებია დაკრძალვიდან 40 დღეში ან/და 1 წლის გასვლის შემდეგ.


მუხლი 8. საფლავი
1. საფლავი შეიძლება იყოს:

ა) ერთადგილიანი, ორადგილიანი, სამადგილიანი ან ოთხადგილიანი;

ბ) საგვარეულო სამარხი;

გ) საძმო საფლავი.

2.სტანდარტული საფლავებია:

ა) ერთადგილიანი - 5კვ.მ;

ბ) ორადგილიანი - 8კვ.მ;

გ) სამადგილიანი - 11 კვ.მ;

დ) ოთხადგილიანი - 14 კვ.მ.

3. საფლავში, როგორც წესი, შეიძლება იყოს არაუმეტეს ექვსი სამარე. გამონაკლისის დაშვება შესაძლებელია მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში, სასაფლაოს მმართველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით მერის თანხმობით.

4. თუ საფლავში არის მხოლოდ ერთი თავისუფალი სამარე, მაშინ ის უპირობოდ ეკუთვნის გარდაცვლილის მეუღლეს, თუ მეუღლეები არ არიან განქორწინებული ან გარდაცვლილის მიერ ანდერძით სხვა რაიმე არ არის დადგენილი.

5. ცხედრის კონკრეტულ სასაფლაოზე დაკრძალვასა ან გადასვენებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება (თუ სხვა რაიმე წერილობითი განკარგულება, ანდერძი არ არსებობს) შეუძლია მიიღონ:

ა) გარდაცვლილის სიცოცხლეში სათანადო ხელშეკრულებით დანიშნულმა მისი დაკრძალვის ცერემონიის განმახორციელებელმა პირმა;

ბ) გარდაცვლილის მეუღლემ;

გ) გარდაცვლილის სრულწლოვანმა შვილმა (შვილებმა);

დ) გარდაცვლილის მშობლებმა;

ე) გარდაცვლილის ოჯახის სხვა სრულწლოვანმა წევრებმა;

ვ) გარდაცვლილის ნათესავებმა.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტში ჩამოთვლილ პირებს შორის შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში დავა გადაწყდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

7. უპატრონო მიცვალებულის შემთხვევაში კონკრეტულ სასაფლაოზე დაკრძალვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღება სასაფლაოს მმართველი ორგანიზაციის მიერ.

8. გარდაცვლილის დაკრძალვის შემდეგ ამ მუხლის მე-5 პუნქტში აღნიშნულ პირთან, მისი თანხმობის შემთხვევაში, სასაფლაოს მმართველმა ორგანიზაციამ შეიძლება დადოს ხელშეკრულება საფლავის მოვლა-პატრონობასა და მომსახურებაზე. სასაფლაოს მმართველი ორგანიზაცია ვალდებულია წინასწარ წარუდგინოს გასაწევი მომსახურების ჩამონათვალი და ფასები.

9. იმ შემთხვევაში, როდესაც გაცემული საფლავი მოუვლელია, პრაქტიკულად დაკარგული აქვს საფლავის იერსახე და ბოლო დაკრძალვიდან გასულია 60 წელი, სათანადო სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური ნორმების დაცვით ასეთი ფართობი შეიძლება გაცემულ იქნეს, როგორც ახალი ადგილი, არსებული წესის შესაბამისად.

10. სამარის გათხრის უფლება აქვს მხოლოდ სასაფლაოს მმართველ ორგანიზაციას.


მუხლი 9. სასაფლაოს დახურვა, გაუქმება და ლიკვიდაცია
1. საქალაქო სასაფლაოზე ახალი საფლავის ადგილების შევსების შემთხვევაში, როდესაც შეუძლებელია ახალი საფლავების გამოყოფა, სასაფლაოს მმართველი ორგანიზაციის მიმართვის საფუძველზე, საკრებულო იღებს გადაწყვეტილებას საქალაქო სასაფლაოს დახურვის შესახებ. დახურულ სასაფლაოზე შესაძლებელია მხოლოდ საფლავების მეორადი გაცემა.

2. საქალაქო სასაფლაოზე ახალი და ადრე არსებული საფლავების ადგილების შევსების შემთხვევაში, როდესაც შეუძლებელია ახალი საფლავების გამოყოფა, ასევე შეუძლებელია არსებულ სასაფლაოზე დადგენილი წესით მეორადი დაკრძალვა, საქალაქო სასაფლაოს მმართველის ორგანიზაციის მიმართვის საფუძველზე საკრებულო იღებს გადაწყვეტილებას საქალაქო სასაფლაოს გაუქმების შესახებ.

3. სასაფლაოს ლიკვიდაცია შესაძლოა განხორციელდეს მისი გაუქმებიდან სულ ცოტა 60 წლის გასვლის შემდეგ, ახალციხის მუნიციპალიტეტის საზოგადოების აზრის გათვალისწინებით,  ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულებით.

4. ლიკვიდაციისათვის განკუთვნილი საქალაქო სასაფლაოს ტერიტორია გამოყენებული უნდა იქნეს საზოგადოებრივი სარგებლობის მწვანე მასივის სახით. ასეთ შემთხვევაში, საქალაქო სასაფლაოების ლიკვიდაცია, საინფორმაციო საშუალებებით წინასწარი განცხადების შემდეგ, როგორც წესი, ხორციელდება ნეშტის ნარჩენების ამოღების გარეშე, საფლავის ქვების ამოღების გზით.

5. ცალკეულ შემთხვევაში, ლიკვიდირებული საქალაქო სასაფლაოს ტერიტორიის სხვა მიზნით გამოყენება დაიშვება კანონმდებლობის შესაბამისად.

6. საჭიროების შემთხვევაში, საქალაქო სასაფლაოს ლიკვიდაციისას, მიცვალებულთა გვამების გადასვენება ხორციელდება სანიტარიული ნორმების დაცვით.