„ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 13 აგვისტოს №47 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 13 აგვისტოს №47 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 24/02/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/02/2022
სარეგისტრაციო კოდი 300300000.16.009.016520
3
24/02/2022
ვებგვერდი, 25/02/2022
300300000.16.009.016520
„ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 13 აგვისტოს №47 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება    №3

2022 წლის 24 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 13 აგვისტოს №47 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-14 მუხლისა და მე-20 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების, აგრეთვე, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1
„ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 13 აგვისტოს №47 დადგენილების (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, 14.08.2020, სარეგისტრაციო კოდი: 300300000.16.009.016397) პირველი პუნქტით დამტკიცებული „ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ (შემდგომში - საცალო ბაზრის წესები):

1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ფ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ფ) მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური − მომხმარებლის ან მომხმარებელთა ჯგუფის მფლობელობაში/სარგებლობაში არსებული ელექტროენერგიის წარმოების ობიექტი, რომელიც იყენებს განახლებადი ენერგიის წყაროებს, უკავშირდება ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელს და რომლის დადგმული სიმძლავრე არ აღემატება 500 კილოვატს;“.

2. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საჯარო მომსახურების სახით ელექტროენერგიის მიმწოდებელი.“.

3. მე-8 მუხლის:

ა) მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) უძრავი ქონების საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი, უძრავი ქონების მესაკუთრის თანხმობა ან, საყოფაცხოვრებო მომხმარებლის შემთხვევაში – დოკუმენტი, რომელიც წარმოადგენს საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველს;“;

ბ) მე-6 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი:

„61. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელს ერთსა და იმავე უძრავ ქონებაზე წარედგინა ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მესაკუთრის ერთზე მეტი თანხმობა, მიმწოდებელი ვალდებულია, მიწოდების ხელშეკრულება დადოს იმ მომხმარებელთან, რომელიც მას წარუდგენს უძრავი ქონების მესაკუთრის უფრო ახალ თანხმობას. ამ პუნქტის შესაბამისად მიწოდების ხელშეკრულების დადება წარმოადგენს ამავე უძრავ ქონებაზე მანამდე დადებული მიწოდების ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს“.

4. მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ე)  არსებული სისტემის ოპერატორების გადაცემისა და განაწილების ტარიფებს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სავალდებულო გადასახადების მითითებით;“.

5. მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:

„თ) უზრუნველყოს ამ პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების შესაბამისად სისტემის ოპერატორისათვის მომსახურების საფასურის გადახდა, გარდა იმ სასისტემო მომსახურების საფასურისა, რომლის გადახდის ვალდებულებისგანაც მომხმარებელი გათავისუფლებულია საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, ამ წესების შესაბამისად.“.

6. 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) მიწოდების ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის ან მისი ვადამდე შეწყვეტის გამო, მათ შორის, ამ წესების მე-8 მუხლის 6პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით“.

7. 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის, საჯარო მომსახურების სახით ელექტროენერგიის მიმწოდებლის ან ბოლო ალტერნატივის მიმწოდებლის შეცვლის საფუძვლით მიწოდების ხელშეკრულების შეწყვეტისთვის.“.

8. 24-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საყოფაცხოვრებო მომხმარებლისაგან დეპოზიტის განმეორებით მოთხოვნა დაუშვებელია, თუ ამ მომხმარებლის მიერ წარდგენილი დეპოზიტი მიმწოდებლის მიერ არ იქნა მიმართული გადაუხდელი მომსახურების საფასურის ასანაზღაურებლად, ამ წესების მე-18 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელმა მომხმარებლის მიერ გადაუხდელი მომსახურების საფასური აინაზღაურა წარდგენილი დეპოზიტის მეშვეობით, იგი უფლებამოსილია, მომხმარებელს ხელახლა მოსთხოვოს იმავე ოდენობის დეპოზიტი მომდევნო დარიცხვის პერიოდისთვის მომზადებულ ქვითარში ასახვის გზით. მიმწოდებელი უფლებამოსილია, გადაუხდელი მომსახურების საფასურის ასანაზღაურებლად არ გამოიყენოს არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ, აგრეთვე, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით მოთხოვნილი დეპოზიტი და მომხმარებლის მიერ მომსახურების საფასურის დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში, მოსთხოვოს სისტემის ოპერატორს მიწოდების შეწყვეტა ამ წესების 22-ე მუხლის შესაბამისად.“.

9. 27-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 27. საჯარო მომსახურების სახით ელექტროენერგიის მიწოდება

1. საჯარო მომსახურების სახით ელექტროენერგიის მიღებაზე უფლებამოსილი მომხმარებლების კრიტერიუმები და საჯარო მომსახურების სახით ელექტროენერგიის მიღების ვადა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამტკიცებული ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციით.

2. საჯარო მომსახურების სახით ელექტროენერგიის მიმწოდებელი ვალდებულია, მომსახურება განახორციელოს ამ წესების 28-ე მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-7 პუნქტის, აგრეთვე, 29-ე და 30-ე მუხლების შესაბამისად.

3. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მომხმარებელი ამ წესების V თავის შესაბამისად მიწოდების ხელშეკრულებას დადებს თავისუფალ მიმწოდებელთან, იგი დაკარგავს საჯარო მომსახურების სახით ელექტროენერგიის ხელახლა მიღების უფლებას.“.

10. III  თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი III. უნივერსალური მომსახურების მიწოდების წესები
 
მუხლი 28. უნივერსალური მომსახურების მიწოდების პირობები
1. უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი ახორციელებს მომსახურებას ამ წესების II თავის დებულებების შესაბამისად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი.
 
2. უნივერსალური მომსახურების ერთ არეალში არსებულ იმ მომხმარებლებს, რომლებიც უფლებამოსილი არიან, მიიღონ უნივერსალური მომსახურება, ელექტროენერგია შეიძლება მიაწოდოს მხოლოდ ერთმა უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელმა, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაეკისრა შესაბამის არეალში უნივერსალური მომსახურების მიწოდების ვალდებულება.
 
3. უნივერსალური მომსახურებით შეიძლება ისარგებლოს საყოფაცხოვრებო მომხმარებელმა ან/და მცირე საწარმომ, რომელსაც სურს უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის მომსახურებით სარგებლობა და შესაბამისი განაცხადით (მათ შორის, მიმწოდებლის შეცვლის განაცხადით) მიმართავს უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელს.
 
4. უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი:
 
ა) უზრუნველყოფს საჯარო მომსახურების ვალდებულების სახით მიწოდებას ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული მომხმარებლისთვის;
 
ბ) კომისიის ნორმატიული აქტების მოთხოვნათა გათვალისწინებით, უზრუნველყოფს, რომ მომხმარებელთა სხვადასხვა კატეგორიას, რომლებიც იღებენ უნივერსალურ მომსახურებას, არ ჰქონდეს მომსახურებისა და დაცვის ერთნაირი პირობები;
 
გ) ასრულებს ამ წესებით მიმწოდებლისთვის დადგენილ მოთხოვნებს, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;
 
დ) შესაბამის შემთხვევაში იღებს ზომებს უნივერსალური მომსახურებით მოსარგებლე საბოლოო მომხმარებლებისთვის ყველაზე მისაღები ფასების დადგენის მიზნით.
 
5. უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია:
 
ა) იქონიოს, სულ მცირე, ერთი მომსახურების ცენტრი იმ თვითმმართველ ქალაქში/მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტრში, სადაც ახორციელებს უნივერსალური მომსახურების მიწოდებას;
 
ბ) თავის ვებგვერდზე განათავსოს ამ წესების მე-12 მუხლის პირველი პუნქტითა და მე-3 პუნქტის „ა“ და „კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია; აგრეთვე, ინფორმაცია არსებული თავისუფალი მიმწოდებლების თაობაზე, მათ შორის, კომისიის ვებგვერდის შესაბამის ბმულზე მითითებით.
 
6. უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი უფლებამოსილია, მომხმარებელს წერილობით მოსთხოვოს საიდენტიფიკაციო და საკონტაქტო მონაცემების განახლების მიზნით ინფორმაციის მიწოდება, რისთვისაც განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, მაგრამ არანაკლებ 1 თვეს. უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია, ინფორმაციის მიწოდებისათვის განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე არანაკლებ 5 დღით ადრე აღნიშნულის თაობაზე გააფრთხილოს მომხმარებელი, მოკლე ტექსტური შეტყობინების მეშვეობით. მომხმარებელი ვალდებულია, ამ პუნქტით გათვალისწინებული ვადის დაცვით, მიაწოდოს უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელს მოთხოვნილი ინფორმაცია.
 
7. თუ უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი ამავდროულად არის თავისუფალი მიმწოდებელი, იგი ვალდებულია, უზრუნველყოს, რომ თავისუფალი მიმწოდებლის მომსახურების განხორციელებაზე პასუხისმგებელ პირებს არ გააჩნდეთ წვდომა უნივერსალური მომსახურების მიმღები მომხმარებლების მონაცემებზე.
 
 
მუხლი 29. უნივერსალური მომსახურების მიწოდების  ხელშეკრულების დადება
1. უნივერსალური მომსახურების მიწოდების ხელშეკრულება იდება უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის ავტორიზაციის ვადით. მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში, დასაშვებია უნივერსალური მომსახურების მიწოდების ხელშეკრულების დადება ამ პუნქტით გათვალისწინებულზე უფრო მცირე  ვადით.
 
11. თუ უნივერსალური მომსახურების მიწოდების ხელშეკრულება დადებულია უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის ავტორიზაციის ვადით და ამ ვადის ამოწურვის შემდეგ უნივერსალური მომსახურების მიწოდების ვალდებულება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაეკისრა იმავე მიმწოდებელს, უნივერსალური მომსახურების მიწოდების ხელშეკრულება ჩაითვლება გაგრძელებულად შესაბამისი ვადით.
 
2. უნივერსალური მომსახურების მიწოდების ხელშეკრულების სტანდარტულ ფორმას, ამ წესების მე-8 მუხლით გათვალისწინებული მიწოდების ხელშეკრულების სტანდარტული პირობების შესაბამისად, შეიმუშავებს უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი და ამტკიცებს კომისია. უნივერსალური მომსახურების მიწოდების ხელშეკრულება უნდა აკმაყოფილებდეს ამ წესების მე-7 მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს.
 
 
მუხლი 30. უნივერსალური მომსახურების მიწოდების შეწყვეტა
უნივერსალური მომსახურების მიწოდება შესაძლოა შეწყდეს:
 
ა) ამ წესების 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით;
 
ბ) ამ წესების V თავის შესაბამისად უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის შეცვლის შედეგად;
 
გ) თუ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მიმწოდებლის მიერ მიღებული ინფორმაციის საფუძველზე დგინდება, რომ მომხმარებელი აღარ მიეკუთვნება იმ კატეგორიას, რომელიც უფლებამოსილია, ისარგებლოს უნივერსალური მიწოდების მომსახურებით;
 
დ) უნივერსალური მომსახურების მიწოდების ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის ან ამ წესებით გათვალისწინებული სხვა საფუძვლით ვადამდე შეწყვეტის შედეგად.".
 
11. III თავის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის III1 თავი:
 
„თავი III 1მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური

მუხლი 31. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური

1. ელექტროენერგიის მიმწოდებელი უფლებამოსილია, გაქვითოს ან/და შეისყიდოს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ  გამომუშავებული და გამანაწილებელ ქსელში მიწოდებული ჭარბი ელექტროენერგია.

2. იმ შემთხვევაში, თუ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელ/მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურით მოსარგებლე მომხმარებელსა და უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელს ან საჯარო მომსახურების სახით ელექტროენერგიის მიმწოდებელს შორის დადებულია მიწოდების ხელშეკრულება, გამოიყენება ანგარიშსწორების შემდეგი წესი:

ა) თუ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული და გამანაწილებელ ქსელში მიწოდებული ელექტროენერგიის მოცულობა აღემატება იმავე დარიცხვის პერიოდში მომხმარებლის მიერ გამანაწილებელი ქსელიდან მიღებული ელექტროენერგიის მოცულობას, კილოვატსაათების შესაბამისი სხვაობა აისახება მომდევნო თვის ქვითარში, დადებითი ბალანსის სახით;

ბ)  თუ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელი/მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურით მოსარგებლე მომხმარებლის მიერ ელექტროენერგიის წარმოება და მისთვის ელექტროენერგიის მიწოდება ხორციელდება ერთი მიმწოდებლის არეალში მდებარე სხვადასხვა ადგილებზე, ან თუ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელ/მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურით მოსარგებლე მომხმარებელს ერთი და იგივე მიმწოდებელი მომსახურებას უწევს ერთზე მეტ მიწოდების მისამართზე, ამ პუნქტის „ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დადებითი ბალანსის ქვითარში ასახვა შეიძლება განხორციელდეს მომხმარებლის მიერ მითითებულ მიწოდების მისამართზე/მისამართებზე;

გ) თუ ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად ქვითარში დადებითი ბალანსის სახით ასახული ელექტროენერგიის მოცულობა და მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული და ქსელში მიწოდებული ელექტროენერგია ნაკლებია იმავე საანგარიშო პერიოდში მომხმარებლის მიერ გამანაწილებელი ქსელიდან მიღებული ელექტროენერგიის მოცულობაზე, სხვაობის სახით მიღებული კილოვატსაათები ჩაითვლება მიწოდების ხელშეკრულების შესაბამისად შესყიდულ ელექტროენერგიად;

დ) საანგარიშო წლის ბოლოს, უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი ან საჯარო მომსახურების სახით ელექტროენერგიის მიმწოდებელი უზრუნველყოფს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელი/მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურით მოსარგებლე მომხმარებლისათვის ქვითრის მიწოდებას, რომლის საფუძველზეც ხორციელდება საბოლოო ანგარიშსწორება. ამ ქვეპუნქტის მიზნებისთვის, საანგარიშო წლად ჩაითვლება  1 მაისიდან მომდევნო წლის 1 მაისამდე დროის მონაკვეთი. საანგარიშო წლის აპრილის ქვითრით გათვალისწინებულ, დადებითი ბალანსის სახით ასახული ელექტროენერგიის მოცულობას სრულად შეისყიდის უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი ან საჯარო მომსახურების სახით ელექტროენერგიის მიმწოდებელი შემდეგი წესით:

დ.ა) დადებითი ბალანსის სახით ასახული ელექტროენერგიის შესაბამის თანხას ასახავს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელი/მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურით მოსარგებლე მომხმარებლის ანგარიშზე და გაითვალისწინებს შემდგომი ანგარიშსწორებისას; ან

დ.ბ) მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელი/მიკროსიმძლავის ელექტროსადგურით მოსარგებლე მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში, მოთხოვნიდან 3 დღის ვადაში, შესაბამის თანხას გადარიცხავს მითითებულ საბანკო ანგარიშზე.

3. უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის ან საჯარო მომსახურების სახით ელექტროენერგიის მიმწოდებლის მიერ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული და გამანაწილებელ ქსელში მიწოდებული ელექტროენერგიის შესასყიდი ფასია ელექტროენერგიის დღით ადრე ბაზრის საშუალო საბაზრო ფასი, რომელიც განისაზღვრება ამ მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საანგარიშო წლის მონაცემების შესაბამისად.

4. მომხმარებელთა ჯგუფის მიერ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის ფლობის/ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურით სარგებლობის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელ/მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურით მოსარგებლე თითოეულ მომხმარებელთან საბოლოო ანგარიშსწორება ინდივიდუალურად, ამ მუხლით დადგენილი წესით;

ბ) მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ გამანაწილებელ ქსელში მიწოდებული ელექტროენერგიის მოცულობის დადებითი ბალანსის სახით ასახვისას და საბოლოო ანგარიშსწორებისას იხელმძღვანელოს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელ/მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურით მოსარგებლე მომხმარებელთა ჯგუფის წევრებს შორის არსებული შეთანხმებით, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში, თუ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელი/მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურით მოსარგებლე ყველა მომხმარებელი მიწოდების მომსახურებას იღებს ერთსა და იმავე მიმწოდებლისგან – შესაბამისი მოცულობები თანაბრად გაანაწილოს ჯგუფის ყველა წევრზე;

გ) ჯგუფის ერთ-ერთი წევრის მიერ მომსახურების საფასურის დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში – ამ წესების შესაბამისად, მოითხოვოს მიწოდების შეწყვეტა მხოლოდ კონკრეტული მომხმარებლისთვის;

დ) ანგარიშსწორების მიზნით, მიაწოდოს მოთხოვნილი აუცილებელი ინფორმაცია სხვა მიმწოდებელს, რომელიც მიწოდების მომსახურებას უწევს ამავე ჯგუფის წევრს/წევრებს.

5. იმ შემთხვევაში, თუ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელ/მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურით მოსარგებლე მომხმარებელსა და თავისუფალ მიმწოდებელს შორის დადებული მიწოდების ხელშეკრულება არ ითვალისწინებს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული და გამანაწილებელ ქსელში მიწოდებული ელექტროენერგიის შესყიდვას, აგრეთვე, თუ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელი/მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურით მოსარგებლე მომხმარებელი წარმოადგენს მსხვილ მომხმარებელს, რომელიც ელექტროენერგიას შეისყიდის მხოლოდ ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარზე, უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია, ყოველთვიურად სრულად შეისყიდოს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ გამანაწილებელ ქსელში მიწოდებული ელექტროენერგია, ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ფასით.

6. იმ შემთხვევაში, თუ უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის ან საჯარო მომსახურების სახით ელექტროენერგიის მიმწოდებლის ავტორიზაციის ვადა ან მიწოდების ხელშეკრულების მოქმედების ვადა იწურება  ამ მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საანგარიშო წლის გასვლამდე, უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი ან ელექტროენერგიის საჯარო მომსახურების სახით მიმწოდებელი ვალდებულია, მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული და გამანაწილებელ ქსელში მიწოდებული  ელექტროენერგია შეისყიდოს ავტორიზაციის ვადის/მიწოდების ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვის დღის მდგომარეობით და მომხმარებელთან საბოლოო ანგარიშსწორება უზრუნველყოს ამ წესების მე-16 მუხლის მე-7 პუნქტითა და ამ მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით დადგენილი წესით, გარდა ამ წესების 29-ე მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

7. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელი/მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურით მოსარგებლე საბოლოო მომხმარებელი, რომელიც ელექტროენერგიას შეისყიდის უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლისგან, თავისუფლდება  ამ მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული წესით გაქვითული ელექტროენერგიის მოცულობასთან მიმართებით სასისტემო მომსახურების საფასურის გადახდის ვალდებულებისგან.“.

12. 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად მრიცხველის ჩვენების გაგზავნის დღე ან ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად სისტემის ოპერატორის მიერ მრიცხველის წაკითხვის დღე არ ემთხვევა კომისიის მიერ დამტკიცებული გამანაწილებელი ქსელის წესების შესაბამისად, სისტემის ოპერატორისთვის განსაზღვრულ მრიცხველების წაკითხვის პერიოდს, სისტემის ოპერატორი ვალდებულია, მრიცხველის მომდევნო წაკითხვა უზრუნველყოს  გამანაწილებელი ქსელის წესებით დადგენილ პერიოდში. ასეთ შემთხვევაში, დასაშვებია მომხმარებლისათვის ქვითრის მიწოდება ამ წესების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვადის (პერიოდულობის) დაუცველად.“.

13. 39-ე მუხლის მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

14. მე-40 მუხლის მე-10 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის  101  პუნქტი:

„101. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებლის შეცვლის ან ახალი მიმწოდებლის მიერ მიწოდების დაწყების დღე არ ემთხვევა კომისიის მიერ დამტკიცებული გამანაწილებელი ქსელის წესების შესაბამისად, სისტემის ოპერატორისთვის განსაზღვრულ მრიცხველების წაკითხვის პერიოდს, სისტემის ოპერატორი ვალდებულია, მრიცხველის მომდევნო წაკითხვა უზრუნველყოს  გამანაწილებელი ქსელის წესებით დადგენილ პერიოდში. ასეთ შემთხვევაში, დასაშვებია მომხმარებლისათვის ქვითრის მიწოდება ამ წესების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვადის (პერიოდულობის) დაუცველად.“.

15. 43-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატთან რეგისტრირებულ მომხმარებელთან საბოლოო ანგარიშსწორების მიზნით, უზრუნველყოს კომისიის შესაბამისი სამართლებრივი აქტით განსაზღვრული წესით საბოლოო დარიცხვის პერიოდზე მომზადებული ქვითრის მომხმარებლისთვის მიწოდება, მიწოდების, მათ შორის, უნივერსალური მომსახურების მიწოდების ან საჯარო მომსახურების სახით ელექტროენერგიის მიწოდების დაწყებიდან 6 კვირის ვადაში;";

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. თუ ამ წესების ამოქმედებამდე ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატს მის მომხმარებლად (აბონენტად) რეგისტრირებულ პირებთან დადებული აქვს დავალიანების განაწილვადების ხელშეკრულება, იგი (გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი) უფლებამოსილია, მიმწოდებელს, მათ შორის, უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელსა და საჯარო მომსახურების სახით ელექტროენერგიის მიმწოდებელს, მიაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია და მოსთხოვოს ამ  ხელშეკრულების საფუძველზე გადასახდელი ყოველთვიური თანხის ქვითარში ასახვა, გარდა ამ წესების მე-17 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული დავალიანებისა.“;

გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. მიმწოდებელი, მათ შორის, უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი და საჯარო მომსახურების სახით ელექტროენერგიის მიმწოდებელი, ვალდებულია, უზრუნველყოს ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული თანხის სათანადოდ იდენტიფიცირება და შესაბამისი სისტემის ოპერატორისთვის ანაზღაურება.“.

16. 45-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 45. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურთან დაკავშირებული გარდამავალი დებულებები

1ამ წესების 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის მიზნებისთვის, პირველი საანგარიშო პერიოდი განისაზღვრება:

ა) იმ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელი/მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურით მოსარგებლე მომხმარებლისათვის, რომელიც მიწოდების მომსახურებას იღებს უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლისაგან – 2021 წლის 1 ივლისიდან 2022 წლის 30 აპრილის ჩათვლით დროის მონაკვეთით;

ბ) იმ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელი/მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურით მოსარგებლე მომხმარებლისათვის, რომელიც მიწოდების მომსახურებას იღებს საჯარო მომსახურების სახით ელექტროენერგიის მიმწოდებლისაგან – 2021 წლის 1 ივლისიდან 2023 წლის 30 აპრილის ჩათვლით დროის მონაკვეთით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირველი საანგარიშო პერიოდისთვის უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის ან საჯარო მომსახურების სახით ელექტროენერგიის მიმწოდებლის მიერ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული და გამანაწილებელ ქსელში მიწოდებული ელექტროენერგიის ფასს წარმოადგენს „ელექტროენერგიის სექტორში განსახორციელებელი გარდამავალი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2020 წლის 12 ნოემბრის N58 დადგენილების მე-11 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ანგარიშსწორების პერიოდში ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატების მიერ  ქსელში მიწოდებული ელექტროენერგიის შესყიდვის მიზნით გადახდილი ფასი.

3. ამ წესების 31-ე მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული წესით გაქვითული ელექტროენერგიის მოცულობასთან მიმართებით სასისტემო მომსახურების საფასურის გადახდის ვალდებულებისგან 2026 წლის 1 მაისამდე გათავისუფლებულია მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელი/მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურით  მოსარგებლე საბოლოო მომხმარებელი, რომელსაც მიწოდების ხელშეკრულება დადებული აქვს საჯარო მომსახურების სახით ელექტროენერგიის მიმწოდებელთან.“.

მუხლი 2

1. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. საჯარო მომსახურების სახით ელექტროენერგიის მიმწოდებლებმა უზრუნველყონ:

ა) მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელი/მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურით მოსარგებლე მომხმარებლების ქვითრებში 2021 წლის 1 ივლისიდან ამ დადგენილების ძალაში შესვლამდე მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული და ქსელში მიწოდებული ელექტროენერგიის დადებითი ბალანსის სახით ასახვა;

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელი/მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურით მოსარგებლე მომხმარებლების ქვითრებში დადებითი ბალანსის სახით ასახულ კილოვატსაათებზე ანგარიშსწორება ამ დადგენილების მე-11 პუნქტით გათვალისწინებული ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების 31-ე მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების შესაბამისად.


საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარედავით ნარმანია
კომისიის წევრიმაია მელიქიძე
კომისიის წევრიგოჩა შონია
კომისიის წევრიგიორგი ფანგანი
კომისიის წევრიგიორგი ფრუიძე