აკრძალულ პირთა სიის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ

აკრძალულ პირთა სიის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 86
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 23/02/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/02/2022
ძალაში შესვლის თარიღი 01/03/2022
სარეგისტრაციო კოდი 040170310.10.003.023294
86
23/02/2022
ვებგვერდი, 24/02/2022
040170310.10.003.023294
აკრძალულ პირთა სიის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №86

2022 წლის 23 თებერვალი

ქ. თბილისი

 

აკრძალულ პირთა სიის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71 მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული „აკრძალულ პირთა სიის წარმოების წესი“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2022 წლის 1 მარტიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



აკრძალულ პირთა სიის წარმოების წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

წინამდებარე წესი განსაზღვრავს „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ აკრძალულ პირთა შესახებ სიის წარმოებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც განსაზღვრულია „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით.

მუხლი 3. აკრძალული პირი და აკრძალულ პირთა სია

1. „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, აკრძალული პირი არის პირი, რომელსაც ეკრძალება აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობაში (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მონაწილეობა, მათ შორის, თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში. ამ წესის მიზნებისთვის აკრძალული პირი არის:

ა) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინებულ საბიუჯეტო ორგანიზაციაში დასაქმებული პირი (მათ შორის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო მოსამსახურე, საჯარო მოსამსახურე, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი, პოლიტიკური თანამდებობის პირი);

ბ) „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მარეგულირებელ ორგანოში (საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია; საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია) დასაქმებული პირი;

გ) „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად საქართველოს ეროვნულ ბანკში დასაქმებული პირი;

დ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრი.

2. აკრძალულ პირთა სია  გულისხმობს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირთა შესახებ მონაცემთა ბაზას.

მუხლი 4. აკრძალულ პირთა სიის წარმოება

1. აკრძალულ პირთა სიის წარმოებას უზრუნველყოფს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური (შემდგომში – შემოსავლების სამსახური).

2. აკრძალულ პირთა სიაში დასაშვებია მხოლოდ საქართველოს მოქალაქის შესახებ მონაცემების შეტანა.

3. აკრძალულ პირთა სიაში აისახება ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირთა შესახებ შემდეგი ინფორმაცია:

ა) სახელი, გვარი;

ბ) პირადი ნომერი;

გ) ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ – „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში – დამსაქმებელი;

დ) ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მითითება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის შესახებ.

4. აკრძალულ პირთა სიაში შემოსავლების სამსახურის მიერ ინფორმაცია აისახება შემდეგ მონაცემებზე დაყრდნობით:

ა) საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლით გათვალისწინებულ „დაქირავებულ პირთა რეესტრში“  რეგისტრირებული მონაცემები;

ბ) სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოში რეგისტრირებული მონაცემები;

გ) საჭიროების შემთხვევაში, შემოსავლების სამსახურში არსებული ან სხვა პირებისაგან მიღებული მონაცემები.

5. შემოსავლების სამსახურის მიერ აკრძალულ პირთა სიის წარმოების უზრუნველსაყოფად:

ა) სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო შემოსავლების სამსახურს აწვდის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრების შესახებ ინფორმაციას;

ბ)  საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სახაზინო სამსახური შემოსავლების სამსახურს აწვდის მის მონაცემთა ბაზაში არსებულ საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინებული საბიუჯეტო ორგანიზაციების სიას;

გ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო შემოსავლების სამსახურს აწვდის საჯარო სკოლების სიას;

დ) მუნიციპალიტეტის ორგანოები შემოსავლების სამსახურს აწვდიან მათ მიერ დაფუძნებული ადრეული აღზრდისა და განათლების დაწესებულებებისა და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების სიას;

ე) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინებული საბიუჯეტო ორგანიზაციები, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მარეგულირებელი ორგანოები და საქართველოს ეროვნული ბანკი ვალდებულნი არიან, დაქირავებულ პირთა შესახებ ინფორმაცია ასახონ „დაქირავებულ პირთა რეესტრში“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული პირები შემოსავლების სამსახურს ინფორმაციას აწვდიან მუდმივ განახლებად რეჟიმში (განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით).

7.  შემოსავლების სამსახურის მიერ აკრძალულ პირთა სიაში აისახება:

ა) ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ – „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ინფორმაციის გათვალისწინებით, დაქირავებულ პირთა რეესტრში რეგისტრირებული აქტიური და შეჩერებული სტატუსის მქონე პირების შესახებ ინფორმაცია;

ბ) ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირთა შესახებ ინფორმაცია.

8. აკრძალულ პირთა სიის საფუძველზე, შემოსავლების სამსახური თამაშობის ორგანიზატორს, მისი მოთხოვნის საფუძველზე, თამაშობაში მონაწილეობის მსურველი ყოველი კონკრეტული პირის შესახებ აწვდის მხოლოდ თამაშობაში მონაწილეობის აკრძალვის თაობაზე ინფორმაციას.

9. შემოსავლების სამსახურის მიერ აკრძალულ პირთა სიის მონაცემები ინახება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მონაცემთა დამუშავების პრინციპების შესაბამისი ვადით.