დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუზეუმის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 18 ივნისის N110/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 05/02 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი |
მიღების თარიღი | 01/02/2022 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/02/2022 |
სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.088.016028 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუზეუმის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 18 ივნისის №110/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუზეუმის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 18 ივნისის №110/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 18/06/2019, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.022.017734) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუზეუმის დებულების (შემდგომში – დებულება)“:
1. მე-3 მუხლის: ა) მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“, „გ2“ და „გ3“ ქვეპუნქტები: „გ1) იღებს გადაწყვეტილებას ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის მოადგილის/მოადგილეების დანიშვნის შესახებ; „გ2) მინისტრის მიერ დამტკიცებული შესაბამისი წესის თანახმად, იღებს გადაწყვეტილებას ეროვნული მუზეუმისა და მის მუზეუმთა გაერთიანებაში შემავალი მუზეუმების/მუზეუმთა ჯგუფების თანამშრომელთა მიმართ დისციპლინური სახდელის გამოყენებისა და თანამშრომელთათვის დისციპლინური სახდელის ვადაზე ადრე მოხსნის თაობაზე; „გ3) იღებს გადაწყვეტილებას ეროვნული მუზეუმისა და მის მუზეუმთა გაერთიანებაში შემავალი მუზეუმების/მუზეუმთა ჯგუფების მიერ გრანტის გამცემისადმი (დონორისადმი) მიმართვის, გრანტის თანხის გამოთხოვის/ჩარიცხვის ან გრანტის განკარგვასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის შესახებ;“; ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: „7. დირექტორატის სხდომას არანაკლებ თვეში ერთხელ იწვევს გენერალური დირექტორი. საჭიროებისამებრ, სხდომის მოწვევის დასაბუთებული თხოვნით გენერალური დირექტორისადმი მიმართვის უფლება აქვს დირექტორატის ნებისმიერ წევრს, რაც უნდა დაკმაყოფილდეს.“; გ) მე-13 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი: „ი) დირექტორატის თანხმობით, უფლებამოსილია მიმართოს სამინისტროს, მის დაქვემდებარებაში არსებული მუზეუმის/მუზეუმთა ჯგუფის საშტატო ნუსხასა და სახელფასო ფონდში ცვლილების შეტანის თაობაზე თანხმობის მისაღებად.“. 2. მე-5 მუხლის მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი: „7. მუზეუმთა გაერთიანებაში შემავალი ნებისმიერი მუზეუმის/მუზეუმთა ჯგუფის სამუზეუმო ფონდში, კვლევითი საქმიანობის მიზნებისთვის, დაინტერესებული პირის, მათ შორის მუზეუმთა გაერთიანებაში დასაქმებული თანამშრომლის, დაშვება შესაძლებელია მხოლოდ დირექტორატის გადაწყვეტილებით. დირექტორატის გადაწყვეტილების შესახებ უნდა ეცნობოს სამინისტროს.“.
|
მუხლი 2 |
1. დირექტორატს დაევალოს, ამ ბრძანების ამოქმედებიდან 45 (ორმოცდახუთი) კალენდარული დღის ვადაში ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის მოადგილის/მოადგილეების დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებ(ებ)ის მიღება.
2. ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის მოქმედ მოადგილეს/მოადგილეებს უფლებამოსილება შეუწყდეთ ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის მოადგილის/მოადგილეების დანიშვნისთანავე.
|
მუხლი 3 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
მუხლი 4 |
ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი წესი გრანტის გამცემთან (დონორთან) ურთიერთობის შესახებ გავრცელდეს 2022 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები