დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 28 დეკემბრის №79 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია |
| მიღების თარიღი | 27/01/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/02/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010220020.16.009.016518 |
|
„საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 28 დეკემბრის №79 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს: |
| მუხლი 1 |
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 28 დეკემბრის №79 დადგენილებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, 28/12/2020, სარეგისტრაციო კოდი: 010220020.16.009.016430) დამტკიცებულ „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულებაში“ (შემდგომში – დებულება) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
|
1.
მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 20. ბაზრის მონიტორინგის დეპარტამენტი 1. ბაზრის მონიტორინგის დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და უფლებამოსილებებია: ა) ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში რეგულირებული საწარმოების შესახებ მონაცემთა ბაზების წარმოება; ბ) ელექტროენერგიითა და ბუნებრივი გაზით ვაჭრობის შესახებ მონაცემთა ბაზების წარმოება; გ) ენერგეტიკული ბაზრების მონიტორინგი და ზედამხედველობა კონკურენტული, თავისუფალი, გამჭვირვალე და სამართლიანი ვაჭრობის პრინციპების დაცვის უზრუნველსაყოფად, აგრეთვე, შესაბამისი ეფექტიანი მარეგულირებელი მექანიზმების შექმნისთვის წინადადებების შემუშავება და კომისიისთვის წარდგენა; დ) საწარმოთა ელექტრონული პორტალის სისტემატური განახლება და განვითარება, მისი სათანადო ფუნქციონირებისა და რეგულირებული საწარმოების მიერ ინფორმაციის დადგენილი წესით წარმოდგენის უზრუნველყოფა; ე) რეგულირებულ საწარმოთა ანგარიშგებისა და სხვა უწყებებიდან და წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის სისტემატური შესწავლა, გაანალიზება და შესაბამისი დასკვნების მომზადება; ვ) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით დადგენილი, კონკურენციასთან დაკავშირებული მოთხოვნების აღსრულების მიზნით, შესაბამისი წინადადებების მომზადება და კომისიისთვის წარდგენა; ზ) მონაცემთა ანალიზის შედეგად, ენერგეტიკულ ბაზრებზე გამოვლენილ ტენდენციებსა და ხარვეზებზე რეაგირება, მათ შორის, სათანადო რეკომენდაციების მომზადება; საჭიროებისამებრ, რეგულირებული საწარმოების ადგილზე შემოწმება, ბაზრის კვლევისა და სხვა ღონისძიებების განხორციელება; თ) კომპეტენციის ფარგლებში, ენერგეტიკული ბაზრების მონიტორინგთან დაკავშირებული სხვა ღონისძიებების განხორციელება; ი) ენერგეტიკული ბაზრების ფუნქციონირების გაუმჯობესებისა და განვითარების მიზნით ენერგეტიკული ბაზრების ცალკეულ სეგმენტებში არსებული პრობლემების/ხარვეზების იდენტიფიცირება და მათ აღმოფხვრასთან დაკავშირებით, კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი ზომების მიღება/რეკომენდაციების მომზადება; კ) ენერგეტიკული ბაზრების ფუნქციონირების გაუმჯობესების მიზნით საერთაშორისო გამოცდილების კვლევა/ანალიზი და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში კომისიისთვის შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა; ლ) კანონის შესაბამისად, ენერგეტიკული ბაზრის შესახებ ანგარიშის პროექტების მომზადება და კომისიისთვის წარდგენა; მ) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე კომისიის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და კომისიის სამართლებრივი აქტების შესრულების კონტროლი; ნ) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე კომისიაში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და მათზე რეაგირება; ო) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე შესაბამის ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა; პ) კომპეტენციის ფარგლებში, კომისიის, კომისიის თავმჯდომარის ან/და კომისიის წევრის დავალებითა და ამ დებულებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციები და უფლებამოსილებები. 2. ბაზრის მონიტორინგის დეპარტამენტში იქმნება ბაზრის სტრუქტურული ანალიზის სამმართველო, რომელიც ასრულებს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ი“-„კ“ ქვეპუნქტებითა და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში „ლ“–„პ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ფუნქციებს.“.
|
2.
24-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 24. ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტი 1. ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და უფლებამოსილებებია: ა) კომისიის ადამიანური რესურსების მართვა; ბ) ადამიანური რესურსების მართვის სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება; გ) ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკისა და პროცედურების შესახებ დასაქმებულთა პერიოდული ინფორმირება; დ) ადამიანური რესურსების დადგენილი წესით შერჩევის უზრუნველყოფა; ე) საშტატო თანამდებობისა და არასაშტატო პოზიციებისთვის სამუშაო აღწერილობების შემუშავება; ვ) დასაქმებულთა პირადი საქმეების წარმოება, ადმინისტრირება და ელექტრონულ პროგრამაში ინტეგრირება; ზ) დასაქმებულთა პროფესიული საჭიროებების განსაზღვრა და შესაბამისი კვალიფიკაციისა და ცნობიერების ამაღლების პროცესის კოორდინირება; თ) დასაქმებულთა მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასების პროცესის ადმინისტრირება და მის შესახებ ანგარიშგება; ი) ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებული კომისიის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება, მიღებული სამართლებრივი აქტების სისტემატიზაცია და კომპეტენციის ფარგლებში მათ შესრულებაზე კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება; კ) შრომის შინაგანაწესის შემუშავება და დასაქმებულთა მიერ მის შესრულებაზე ზედამხედველობა; ლ) გენდერული სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება; მ) კომისიაში სტაჟირებისა და პრაქტიკისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება; ნ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ყოველწლიური ანგარიშის მომზადება; ო) კომისიის ერთიანი საქმისწარმოების უზრუნველყოფა, მისი სისტემური ორგანიზება, კოორდინაცია და კონტროლი კომისიის საქმისწარმოების წესის შესაბამისად; პ) კომისიის საიდუმლო ხასიათის დოკუმენტაციის საქმისწარმოება; საქართველოს კანონმდებლობის გათვალისწინებით, შესაბამის კონფიდენციალურ ინფორმაციასა და დოკუმენტაციასთან დაკავშირებით საიდუმლოების რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფა; ჟ) კომისიაში შემოსულ კორესპონდენციაზე ადმინისტრაციული წარმოებისთვის განსაზღვრული ვადების დაცვის უზრუნველმყოფი ღონისძიებებისა და მონიტორინგის განხორციელება; რ) კომისიის მიერ მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების სისტემატიზებული სახით განთავსება კომისიის შიდა ელექტრონულ რესურსზე; ს) კომისიის სხდომებისა და აპარატის სამუშაო თათბირების ორგანიზება; ტ) კომისიის საჯარო სხდომების ოქმების წარმოება; უ) კომისიის საარქივო საქმისწარმოების უზრუნველყოფა; ფ) მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების უზრუნველყოფა; ქ) კომისიის სამართლებრივი აქტების უწყებრივი რეესტრის წარმოება; ღ) კომისიის მიერ მიღებული ნორმატიული აქტების დადგენილი წესით სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციისა და ოფიციალურად გამოქვეყნების უზრუნველყოფა; ყ) უწყებრივი სალიცენზიო რეესტრის წარმოება; უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში შეტანილი მონაცემების „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში” გამოქვეყნების უზრუნველყოფა; შ) კომპეტენციის ფარგლებში, კომისიის, კომისიის თავმჯდომარის ან/და კომისიის წევრის დავალებით განსაზღვრული სხვა ფუნქციებისა და უფლებამოსილებების განხორციელება. 2. ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტში იქმნება ორი სამმართველო: ა) ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო; ბ) საქმისწარმოების სამმართველო. 3. ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო ახორციელებს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„ნ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ფუნქციებსა და უფლებამოსილებებს, ხოლო საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში – „შ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ფუნქციასა და უფლებამოსილებას. 4. საქმისწარმოების სამმართველო ახორციელებს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ო“-„ყ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ფუნქციებსა და უფლებამოსილებებს, ხოლო საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში – „შ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ფუნქციასა და უფლებამოსილებას.”.
|
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები