გადახდისუუნარობის საქმის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ

გადახდისუუნარობის საქმის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/34887-21
დოკუმენტის მიმღები თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 24/01/2022
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/01/2022
სარეგისტრაციო კოდი
2/34887-21
24/01/2022
ვებგვერდი, 28/01/2022
გადახდისუუნარობის საქმის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ
თბილისის საქალაქო სასამართლო

330210321005335702

საქმე N2/34887-21

ანჩინება

საქართველოს სახელით

გადახდისუუნარობის საქმის წარმოებაში მიღებაზე

უარის თქმის შესახებ

2022 წლის  24 იანვარი

ქ. თბილისი


 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე  ივერი აბაშიძე

 


განმცხადებელი – მოვალე - შპს „გიო-პოლ გრუპი“ (ს/კ 400198308)

წარმომადგენელი – ნაირა ფოლადიშვილი (დირექტორი);

(არაუფლებამოსილი პირი) – ზვიად გადელია

მოთხოვნა – გადახდისუუნარობა/გაკოტრება

განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

 გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

2021 წლის 24 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას ზვიად გადელიამ, როგორც შპს „გიო-პოლ გრუპის“ წარმომადგენელმა, განცხადებით მომართა შპს “გიო-პოლ გრუპი“-ს მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ.

2021 წლის 24 დეკემბერს წარმოდგენილ განცხადებაზე შპს „გიო-პოლ გრუპს“ დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა სასამართლოში წარმოედგინა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად გათვალისწინებული დოკუმენტები, კერძოდ, თუ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება სასამართლოში მოვალეს შეაქვს, მან, გარდა ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციისა, აგრეთვე უნდა წარადგინოს: ა) თავისი კრედიტორების სრული ჩამონათვალი (მიეთითება სახელები, სახელწოდებები, პირადი ნომრები, საიდენტიფიკაციო მონაცემები) და არსებული ვალდებულებების შესახებ ინფორმაცია; ბ) საგადასახადო ვალდებულებების აღწერილობა და ინფორმაცია მათი ოდენობის, მათ შორის, დაუზუსტებელი ოდენობის, შესახებ; გ) ინფორმაცია საწარმოს ბალანსის შესახებ, მიმდინარე შემოსავლების (მათ შორის, ყოველთვიური წმინდა შემოსავლის სახეობისა და ოდენობის) და ხარჯების აღწერილობა დ) ამ განცხადების შეტანის მომენტისთვის საწარმოში დასაქმებულთა რაოდენობის შესახებ ინფორმაცია; ე) გადახდისუუნარობის მასის სრული ჩამონათვალი. მიეთითება საბალანსო ღირებულებები, მათ შორის, მოვალის საბანკო ანგარიშებისა და მათზე არსებული თანხების შესახებ ინფორმაცია; ვ) თავისი დებიტორული მოთხოვნების შესახებ ინფორმაცია; ზ) ხელშეკრულებებისა და მიმდინარე რეგულარული ვალდებულებების შესახებ ინფორმაცია; თ) მიმდინარე სასამართლო დავების შესახებ ინფორმაცია;ი) მოსალოდნელი გადახდისუუნარობის შემთხვევაში − მისი პარტნიორების თანხმობა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე მოთხოვნით გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის მომენტისთვის უდიდესი ოდენობის მოთხოვნის მქონე 3 კრედიტორისთვის შეტყობინების გაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტი; კ) მითითება იმის თაობაზე, რომ მას სურს გაკოტრება/აღარ აქვს ბიზნესის მიმართ ინტერესი.

განმცხადებელს დაევალა ,,რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოვალის მიმართ სხვა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა; ასევე ამავე მუხლის მე-3 პუნქტის “ვ„ ქვეპუნქტის თანახმად, თავისი დებიტორული მოთხოვნების შესახებ ინფორმაციის; ხოლო “ზ„ ქვეპუნქტის თანახმად - ხელშეკრულებებისა და მიმდინარე რეგულარული ვალდებულებების შესახებ ინფორმაციის, ამავდროულად “თ„ ქვეპუქნტის თანახმად მიმდინარე სასამართლო დავების შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა.

განმცხადებელს ასევე დაევალა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსალოდნელი გადახდისუუნარობის შემთხვევაში − მისი პარტნიორების თანხმობის და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე მოთხოვნით გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის მომენტისთვის უდიდესი ოდენობის მოთხოვნის მქონე 3 კრედიტორისთვის შეტყობინების გაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა.

ამავდროულად განმცხადებელს დაევალა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-8 პუნქტის დანაწესის შესრულება, რომლის თანახმად: გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება და თანდართული ინფორმაცია დადასტურებული უნდა იქნეს სიმართლესთან შესაბამისობის დეკლარაციით, რომლის მიხედვითაც, განმცხადებლის მიერ წარდგენილი ინფორმაცია, რამდენადაც ეს ცნობილია განმცხადებლისთვის, არის ზუსტი და ამომწურავი.

ასევე განმცხადებელს დაევალა წარმოედგინა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების სასამართლოში შეტანის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

სწორედ აღნიშნული დოკუმენტების წარმოდგენის შემდგომ სასამართლო იმსჯელებდა შპს „გიო-პოლ გრუპს“ მიმართ განცხადების დასაშვებობის საკითხზე.

17.01.2022 წელს ნაირა ფოლადიშვილმა ხარვეზის შევსების მიზნით დაზუსტებული განცხადებით მომართა სასამართლოს.

სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ განცხადებას, თანდართულ მასალებს და მიაჩნია, რომ შპს „ო-პოლ გრუპის“ უარი უნდა ეთქვას გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე შემდეგ გარემოებათა გამო:

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანხმად, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების საფუძველია მოვალის გადახდისუუნარობა ან მოსალოდნელი გადახდისუუნარობა.

როგორც უკვე აღინიშნა, თუ გადახდიუუნარობის შესახებ განცხადება სასამართლოში შეაქვს მოვალეს, იგი უნდა აკმაყოფილებდეს „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტით დათქმულ მოთხოვნებს, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია, შესაბამისად სასამართლოს მიერ 2021 წლის 28 დეკემბრის განჩინებით მხარეს წარმოდგენილ განცხადებაზე დაუდგინდა ხარვეზი. 2021 წლის 28 დეკემბრის განჩინება განცხადებაზე ხარვეზის დადგენის შესახებ http://www.ecourt.ge-ზე გამოქვეყნებული იქნა 2022 წლის 14 იანვარს. შესაბამისად გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება, განჩინებაზე შეეძლო კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში მისი გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოში. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია, ხოლო ხარვეზის აღმოსაფხვრელად მხარეს განსაზღვრული ჰქონდა 5 დღის ვადა, რაც დადგენილი იყო ,,რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე მუხლის 1-ელი პუნქტის მიხედვით. აქვე სასამართლო განმარტავს, რომ „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ” კანონის მე-8 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მიმართ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს კანონი არ შეიცავს შესაბამისი საკითხის მომწესრიგებელ სპეციალურ ნორმას და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის გამოყენება არ ეწინააღმდეგება ამ კანონის მიზანსა და პრინციპებს.

განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მიერ განჩინებით განმცხადებლისათვის დადგენილი ხარვეზების აღმოფხვრა განმცხადებლის მიერ განხორციელდა ნაწილობრივ, კერძოდ მის მიერ დაზუსტებული განცხადებით არ იქნა წარმოდგენილი მისი პარტნიორების თანხმობა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე მოთხოვნით გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის მომენტისთვის უდიდესი ოდენობის მოთხოვნის მქონე 3 კრედიტორისთვის შეტყობინების გაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტი (იხ. 28.12.2021 წ. განჩინების მე-7 პუნქტი), ასევე განმცხადებლის მიერ განცხადებაში, სასამართლოს მითითების მიუხედავად კვლავ არ არის მითითებული განმცხადებლის დებიტორული მოთხოვნებისა და ხელშეკრულებებისა და მიმდინარე რეგულარული ვალდებულებების შესახებ ინფორმაცია (იხ. 28.12.2021 წ. განჩინების მე-7 პუნქტი).

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ მოვალე არ არის გადახდისუუნარო ან მოსალოდნელი გადახდისუუნარობის წინაშე მყოფი პირი, იგი გამოიტანს განჩინებას გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის თაობაზე, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის მიხედვით, სასამართლო ვალდებულია ყველა ზომა მიიღოს საქმის გარემოებათა სრულად და ყოველმხრივ გამოსაკვლევად, მათ შორის, რომელიმე მხარის მიერ საკუთარი უფლების ბოროტად გამოყენების რისკის არარსებობის, აგრეთვე აღნიშნულ საქმეში ამ კანონის მიზნის მაქსიმალურად ეფექტიანად მიღწევის წინაპირობების არსებობის გამოსავლენად და დასადასტურებლად. თუ საქმის განხილვის შედეგად სასამართლოს გაუჩნდა ეჭვი, რომ ამ კანონის 44-ე მუხლის მე-7 პუნქტით ან 45-ე მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული მითითება დაუსაბუთებელია ან წარმოდგენილი მტკიცებულებები ნამდვილი ან აღნიშნული მითითების დასაბუთებისთვის საკმარისი არ არის, იგი გამოიტანს განჩინებას გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის თაობაზე. აღნიშნული კანონის 48-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის თაობაზე განჩინების გამოტანიდან 3 თვის განმავლობაში იმავე განმცხადებლის მიერ იმავე სუბიექტის მიმართ არსებითად იმავე გარემოებების საფუძველზე გადახდისუუნარობის საქმის აღძვრა დაუშვებელია.

ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ განმცხადებლის მიერ კანონით დადგენილ ვადაში ხარვეზი შევსებული არ იქნა, მას უარი უნდა ეთქვას გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე.

სასამართლომ იხელმძღვანელა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4, მე-8, მე-9, მე-19, 43-45-ე, 47-ე, 48-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და

ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „გიო-პოლ გრუპი“ (ს/კ 400198308) უარი ეთქვას გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე.

2. განჩინება განთავსდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში (http://www.ecourt.ge/), ასევე „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.

3. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის თაობაზე განჩინების გამოტანიდან 3 თვის განმავლობაში იმავე განმცხადებლის მიერ იმავე სუბიექტის მიმართ არსებითად იმავე გარემოებების საფუძველზე გადახდისუუნარობის საქმის აღძვრა დაუშვებელია.

4. განჩინებაზე შეუძლია კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში (http://www.ecourt.ge/) მისი გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი N64). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია

მოსამართლე ივერი აბაშიძე