გადახდისუუნარობის საქმის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ

გადახდისუუნარობის საქმის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/35332-21
დოკუმენტის მიმღები თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 20/01/2022
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/01/2022
სარეგისტრაციო კოდი
2/35332-21
20/01/2022
ვებგვერდი, 26/01/2022
გადახდისუუნარობის საქმის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ
თბილისის საქალაქო სასამართლო

საქმე № 330210321005347773

საქმე N2/35332-21

საქართველოს სახელით

გადახდისუუნარობის საქმის წარმოებაში მიღებაზე

უარის თქმის შესახებ

 2022 წლის  20 იანვარი

ქ. თბილისი

 

 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე  გოჩა დიდავა


განმცხადებელი – მოვალე – შპს „ფოლადა“

წარმომადგენელი – (არაუფლებამოსილი პირი) - ზვიად გადელია

მოთხოვნა – გადახდისუუნარობა/გაკოტრება

სასამართლომ ზეპირი მოსმენით განიხილა შპს „ფოლადას“ განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი და

 გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2021 წლის 28 დეკემბერს განცხადებით მომართა შპს „ფოლადამ“ მისი წარმომადგენლის – არაუფლებამოსილი პირის ზვიად გადელიას სახით შპს „ფოლადას“ მიმართ გადახდისუუნარობის რეჟიმის – გაკოტრების საქმის წარმოების მოთხოვნით.

2021 წლის 29 დეკემბერს წარმოდგენილ განცხადებაზე შპს „ფოლადას“ დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა სასამართლოში წარმოედგინა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად გათვალისწინებული დოკუმენტები, კერძოდ, თუ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება სასამართლოში მოვალეს შეაქვს, მან, გარდა ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციისა, აგრეთვე უნდა წარადგინოს: ა) თავისი კრედიტორების სრული ჩამონათვალი (მიეთითება სახელები, სახელწოდებები, პირადი ნომრები, საიდენტიფიკაციო მონაცემები) და არსებული ვალდებულებების შესახებ ინფორმაცია;

ბ) საგადასახადო ვალდებულებების აღწერილობა და ინფორმაცია მათი ოდენობის, მათ შორის, დაუზუსტებელი ოდენობის, შესახებ;

გ) ინფორმაცია საწარმოს ბალანსის შესახებ, მიმდინარე შემოსავლების (მათ შორის, ყოველთვიური წმინდა შემოსავლის სახეობისა და ოდენობის) და ხარჯების აღწერილობა;

დ) ამ განცხადების შეტანის მომენტისთვის საწარმოში დასაქმებულთა რაოდენობის შესახებ ინფორმაცია;

ე) გადახდისუუნარობის მასის სრული ჩამონათვალი. მიეთითება საბალანსო ღირებულებები, მათ შორის, მოვალის საბანკო ანგარიშებისა და მათზე არსებული თანხების შესახებ ინფორმაცია;

ვ) თავისი დებიტორული მოთხოვნების შესახებ ინფორმაცია;

ზ) ხელშეკრულებებისა და მიმდინარე რეგულარული ვალდებულებების შესახებ ინფორმაცია;

თ) მიმდინარე სასამართლო დავების შესახებ ინფორმაცია;

ი) მოსალოდნელი გადახდისუუნარობის შემთხვევაში − მისი პარტნიორების თანხმობა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე მოთხოვნით გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის მომენტისთვის უდიდესი ოდენობის მოთხოვნის მქონე 3 კრედიტორისთვის შეტყობინების გაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტი;

კ) მითითება იმის თაობაზე, რომ მას სურს გაკოტრება/აღარ აქვს ბიზნესის მიმართ ინტერესი.

ასევე განმცხადებელს დაევალა წარმოედგინა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების სასამართლოში შეტანის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

სწორედ აღნიშნული დოკუმენტების წარმოდგენის შემდგომ სასამართლო იმსჯელებდა შპს „ფოლადას“ მიმართ დასაშვებობის საკითხზე, რაც მხარის მიერ არ იქნა შესრულებული.

შესაბამისად სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ განცხადებას, თანდართულ მასალებს და მიაჩნია, რომ შპს „ფოლადას“ უარი უნდა ეთქვას გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე შემდეგ გარემოებათა გამო:

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანხმად, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების საფუძველია მოვალის გადახდისუუნარობა ან მოსალოდნელი გადახდისუუნარობა.

როგორც უკვე აღინიშნა, თუ გადახდიუუნარობის შესახებ განცხადება სასამართლოში შეაქვს მოვალეს, იგი უნდა აკმაყოფილებდეს „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტით დათქმულ მოთხოვნებს, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია, შესაბამისად სასამართლოს მიერ 2021 წლის 29 დეკემბრის განჩინებით მხარეს წარმოდგენილ განცხადებაზე დაუდგინდა ხარვეზი. 2021 წლის 29 დეკემბრის განჩინება განცხადებაზე ხარვეზის დადგენის შესახებ http://www.ecourt.ge-ზე გამოქვეყნებული იქნა 2021 წლის 30 დეკემბერს. შესაბამისად გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება, განჩინებაზე შეეძლო კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში მისი გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოში. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია, ხოლო ხარვეზის აღმოსაფხვრელად მხარეს განსაზღვრული ჰქონდა 5 დღის ვადა, რაც დადგენილი იყო ,,რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე მუხლის 1-ელი პუნქტის მიხედვით. აქვე სასამართლო განმარტავს, რომ „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ” კანონის მე-8 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მიმართ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს კანონი არ შეიცავს შესაბამისი საკითხის მომწესრიგებელ სპეციალურ ნორმას და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის გამოყენება არ ეწინააღმდეგება ამ კანონის მიზანსა და პრინციპებს. „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ” საქართველოს კანონი არის სპეციალური კანონი, რომელიც აწესრიგებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაფუძნებული სამეწარმეო სუბიექტის (გარდა ინდივიდუალური მეწარმისა), საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, არარეგისტრირებული კავშირის (გაერთიანება), ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობა), უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი იურიდიული პირის და სხვა წარმონაქმნის ((მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა მას იურიდიული პირის სტატუსი), რომელიც ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებს და რომლის მთავარი ინტერესების ცენტრი საქართველოშია) გადახდისუუნარობის საკითხს. ხარვეზის შევსებისათვის 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადას ადგენს „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ” საქართველოს კანონი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლი ითვალისწინებს სასამართლოს მიერ დანიშნული საპროცესო ვადის გაგრძელებას, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

გადახდისუუნარობის განცხადება შეიძლება ხარვეზიანი იყოს. თუ ხარვეზი ფორმალურ-სამართლებრივია, ანუ მაგალითისათვის არ შეესაბამება „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ კანონის 44-ე ან 45-ე მუხლებს, აღნიშნული გარემოება განცხადებაზე ხარვეზის დადგენის წინაპირობაა. ხარვეზის გამოსწორების ვადას სასამართლო არ ადგენს, აღნიშნული ვადა კანონითაა გათვალისწინებული და შეადგენს 05 სამუშაო დღეს. აღნიშნული ვადის გაგრძელებას ან ხარვეზის გამოსასწორებელი ვადის ხელახლა მიცემას კანონი არ ითვალისწინებს. იმ შემთხვევაში, თუ კანონით გათვალისწინებულ ვადაში განმცხადებელმა ხარვეზი არ გამოასწორა, სასამართლო გამოიტანს განჩინებას გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის თაობაზე (იხ. ქ. მესხიშვილი, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების საფუძვლები „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, თბილისი, 2021, ავტორები: ქეთევან მესხიშვილი, გიორგი ბათლიძე, ნანა ამისულაშვილი, სერგი ჯორბენაძე, გვ. 32-33).

ზემოთ/ხსენებული გარემოებების გათვალისწინებით მხარეს წარმოდგენილი ხარვეზის შესავსებად ვადა ეწურებოდა 2022 წლის 13 იანვარს, რაც არ იქნა აღმოფხვრილი. 2021 წლის 31 დეკემბერს მის მიერ წარმოდგენილი იქნა პირველი განცხადება ვადის გაგრძელებაზე, უნდა აღინიშნოს, რომ განცხადება იყო ერთ გვერდიანი და იგი არ შეიცავდა არანაირ დოკუმენტს (იხ დოკ. N5360102 ს.ფ. 25), თუნდაც უფლებამოსილების განსაზღვრის ნაწილში, რაც სასამართლოს მიერ იყო ხარვეზის დადგენის ერთ-ერთი საფუძველი. მსგავსი სახის განცხადება იქნა წარმოდგენილი 2022 წლის 11 და 13 იანვარს, ხოლო 17 იანვარს - დაზუსტებული განცხადება. როგორც უკვე აღინიშნა კანონის იმპერატიულ დათქმას წარმოადგენს, რომ ხარვეზის ვადა არის ერთჯერადი და იგი არ გრძელდება, შესაბამისად სასამართლო ვერ იმსჯელებდა ხარვეზის ვადის გაგრძელებაზე.

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ მოვალე არ არის გადახდისუუნარო ან მოსალოდნელი გადახდისუუნარობის წინაშე მყოფი პირი, იგი გამოიტანს განჩინებას გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის თაობაზე, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის მიხედვით, სასამართლო ვალდებულია ყველა ზომა მიიღოს საქმის გარემოებათა სრულად და ყოველმხრივ გამოსაკვლევად, მათ შორის, რომელიმე მხარის მიერ საკუთარი უფლების ბოროტად გამოყენების რისკის არარსებობის, აგრეთვე აღნიშნულ საქმეში ამ კანონის მიზნის მაქსიმალურად ეფექტიანად მიღწევის წინაპირობების არსებობის გამოსავლენად და დასადასტურებლად. თუ საქმის განხილვის შედეგად სასამართლოს გაუჩნდა ეჭვი, რომ ამ კანონის 44-ე მუხლის მე-7 პუნქტით ან 45-ე მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული მითითება დაუსაბუთებელია ან წარმოდგენილი მტკიცებულებები ნამდვილი ან აღნიშნული მითითების დასაბუთებისთვის საკმარისი არ არის, იგი გამოიტანს განჩინებას გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის თაობაზე. აღნიშნული კანონის 48-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის თაობაზე განჩინების გამოტანიდან 3 თვის განმავლობაში იმავე განმცხადებლის მიერ იმავე სუბიექტის მიმართ არსებითად იმავე გარემოებების საფუძველზე გადახდისუუნარობის საქმის აღძვრა დაუშვებელია.

ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ შპს „ფოლადას“ მიერ კანონით დადგენილ ვადაში ხარვეზი შევსებული არ იქნა, მას უარი უნდა ეთქვას გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე.

სასამართლომ იხელმძღვანელა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4, მე-8, მე-9, მე-19, 43-45-ე, 47-ე, 48-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და

ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. შპს „ფოლადას“ (ს/ნ 400095053) უარი ეთქვას გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე.

2. განჩინება განთავსდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში (http://www.ecourt.ge/), ასევე „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.

3. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის თაობაზე განჩინების გამოტანიდან 3 თვის განმავლობაში იმავე განმცხადებლის მიერ იმავე სუბიექტის მიმართ არსებითად იმავე გარემოებების საფუძველზე გადახდისუუნარობის საქმის აღძვრა დაუშვებელია.

4. განჩინებაზე შეუძლია კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში (http://www.ecourt.ge/) მისი გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია

მოსამართლე გოჩა დიდავა