ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ცხოველთა ჯანმრთელობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ

ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ცხოველთა ჯანმრთელობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 18/230
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 04/06/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/01/2022
ძალაში შესვლის თარიღი 14/01/2022
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016674
18/230
04/06/2021
ვებგვერდი, 25/01/2022
480610000.03.030.016674
ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ცხოველთა ჯანმრთელობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 

 

ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ცხოველთა ჯანმრთელობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ

საქართველოს მთავრობა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობა (შემდგომში ინდივიდუალურად მოხსენიებული როგორც „მხარე“ და ერთობლივად როგორც „მხარეები“);

გამოხატავენ რა სურვილს გააძლიერონ თანამშრომლობა ცხოველთა ჯანმრთელობისა და საკარანტინო საკითხებში,

რათა თავიდან აიცილონ ინფექციური და პარაზიტული დაავადებებისა და მავნებლების მათ ტერიტორიებზე შეღწევა და გავრცელება;

ცხოველთა კეთილდღეობასთან ერთად ადამიანის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად,

შეთანხმდნენ შემდეგზე:


მუხლი 1

მიზნები

 

მხარეები ითანამშრომლებენ, რათა თავიდან აიცილონ ცხოველთა განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადებების შეღწევა მათ ტერიტორიებზე, ხოლო ცხოველთა განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადების მათ ტერიტორიაზე აღმოჩენის შემთხვევაში თავიდან აიცილონ დაავადების გავრცელება მისი კონტროლის გზით.

 

მუხლი 2

კომპეტენტური ორგანოები

 

წინამდებარე მემორანდუმის შესრულებაზე მხარეთა კომპეტენტური ორგანოები არიან:

  1. საქართველოს მთავრობის სახელით – გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო;
  2. თურქეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით – სოფლის მეურნეობისა და სატყეო მეურნეობის სამინისტრო.

მუხლი 3

თანამშრომლობის სფეროები და გზები

ცხოველთა ჯანმრთელობის სფეროში თანამშრომლობის განვითარების მიზნით, მხარეთა კომპეტენტური ორგანოები:

  1. გაცვლიან ინფორმაციას ცხოველთა დაავადებების და მათი გავრცელების პროცესის მართვისა და კონტროლის ეტაპების შესახებ, აგრეთვე დაავადებასა და მის გავრცელებასთან დაკავშირებული სამეცნიერო და ტექნოლოგიური განვითარების შესახებ.
  2. გაცვლიან ინფორმაციას კანონმდებლობის, რეგულაციებისა და შეტყობინებების შესახებ ცხოველთა დაავადებების გავრცელებისა და ცხოველთა იდენტიფიკაციისა და რეგისტრაციის სისტემების  შესახებ.
  3. ხელს შეუწყობენ მოლაპარაკებების დაწყებას და ითანამშრომლებენ ვეტერინარული სამედიცინო პროდუქტების მწარმოებლებისთვის კარგი წარმოების პრაქტიკის (GMP) ინსპექტირების საკითხთან მიმართებით.
  4. განახორციელებენ    თანამშრომლობას      ცხოველთა      დაავადებების აღკვეთის/ პროფილაქტიკის, ცხოველთა სამკურნალო აღჭურვილობის წარმოების საკითხებსა და მასთან დაკავშირებული კვლევებისა და განვითარების საკითხებში.
  5. ყოველწლიურად განახორციელებენ მიმდინარე წლის ქიმიურ ნივთიერებათა ნარჩენების ნიმუშების აღების გეგმის ურთიერთგაცვლას.
  6. ხელს შეუწყობენ ცხოველთა დაავადებების და ცხოველური წარმოშობის საკვების ვეტერინარული ჯანმრთელობის კონტროლის სისტემებზე მომუშავე სამეცნიერო-კვლევით ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, აგრეთვე დიაგნოსტიკურ და ანალიზის ლაბორატორიებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას.
  7. უზრუნველყოფენ ცხოველთა დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის ტექნიკისა და  ამ სფეროში განხორციელებული მიღწევების შესახებ ინფორმაციისა და გამოცდილების გაცვლას სხვადასხვა პროგრამებისა და ექსპერტთა ყოველწლიური შეხვედრების საშუალებით, რომელთა ორგანიზებაც მხარეებს შორის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მოხდება.

მუხლი 4

დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა

რომელიმე მხარის ტერიტორიაზე ცხოველის ინფექციური დაავადების დიაგნოსტირების შემთხვევაში, იმ ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ საერთაშორისო ან/და პირდაპირი შეტყობინების შემდეგ, რომელშიც დაავადება აღმოჩნდა, მეორე მხარე:

  1. უმოკლეს ვადაში განახორციელებს დაავადების შესახებ არსებული ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარებას.
  2. დაავადების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით უზრუნველყოფს ტრენინგებისა და ექსპერტთა გაცვლითი პროგრამების ორგანიზებას.
  3. აუცილებლობის შემთხვევაში და ასევე სამართლებრივი რეგულაციების ფარგლებში, ერთმანეთს გაუგზავნიან ნიმუშებს, რომლებიც აუცილებელია ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტირებისათვის, ტესტებისა და ანალიზებისთვის.
  4. უზრუნველყოფს საჭირო ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარებას დაავადების კონტროლისა და მონიტორინგის სისტემების შექმნის შესახებ.

მუხლი 5

დავების გადაწყვეტა

ნებისმიერი დავა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას წინამდებარე მემორანდუმის განმარტებასა და გამოყენებასთან დაკავშირებით, გადაწყდება მხარეთა შორის კონსულტაციებისა და/ან მოლაპარაკებების გზით.

მუხლი  6

ცვლილებები/დამატებები

წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმში, მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შესაძლებელია ცვლილებებისა და დამატებების შეტანა. აღნიშნული ცვლილებები და დამატებები გაფორმდება ცალკე ოქმის სახით, რომელიც წარმოადგენს წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის განუყოფელ ნაწილს და ძალაში შევა ამ მემორანდუმის მე-8 მუხლში მოცემული პირობების შესაბამისად.

მუხლი 7

უფლებები და მოვალეობები

წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმი გავლენას არ მოახდენს მხარეთა უფლებებსა და მოვალეობებზე, რომლებიც გამომდინარეობს მხარეთა მიერ დადებული სხვა საერთაშორისო შეთანხმებებიდან.

მუხლი 8

ძალაში შესვლა და მოქმედების პერიოდი

წინამდებარე მემორანდუმი ძალაში შედის დიპლომატიური არხების მეშვეობით მიღებული ბოლო წერილობითი შეტყობინების მიღების თარიღიდან, რომლის თანახმადაც მხარეები ერთმანეთს ატყობინებენ, რომ ურთიერთგაგების მემორანდუმის ძალაში შესასვლელად საჭირო შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი პროცედურები დასრულებულია.

წინამდებარე მემორანდუმი ძალაშია განუსაზღვრელი ვადით. მხარემ ნებისმიერ დროს შეიძლება წერილობით შეატყობინოს მეორე მხარეს დიპლომატიური არხების საშუალებით წინამდებარე მემორანდუმის მოქმედების შეწყვეტის განზრახვის შესახებ. მემორანდუმის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ძალაში შედის ამგვარი შეტყობინების მიღებიდან 6 (ექვსი) თვის შემდეგ.

ზემოაღნიშნული საკითხების გათვალისწინებით, მხარეთა წარმომადგენლები, რომლებიც თავიანთი მთავრობების მიერ სათანადო უფლებამოსილებით არიან აღჭურვილნი ხელს აწერენ წინამდებარე მემორანდუმს.

შესრულებულია ქ. თბილისში, 2021 წლის 4 ივნისს, 2 (ორ) დედნად, თითოეული ქართულ, თურქულ და ინგლისურ ენებზე, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია. წინამდებარე მემორანდუმის დებულებათა განსხვავებული განმარტების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.

 

 

საქართველოს მთავრობის

სახელით

თურქეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით

ლევან დავითაშვილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი

ბეკირ პაკდემირილი, PhD

სოფლის მეურნეობისა და სატყეო მეურნეობის მინისტრი