სამოქალაქო ან კომერციულ საქმეებზე სასამართლო და არასასამართლო დოკუმენტების საზღვარგარეთ ჩაბარების შესახებ კონვენცია

სამოქალაქო ან კომერციულ საქმეებზე სასამართლო და არასასამართლო დოკუმენტების საზღვარგარეთ ჩაბარების შესახებ კონვენცია
დოკუმენტის ნომერი 325-2
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 05/03/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/01/2022
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2022
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016669
325-2
05/03/2021
ვებგვერდი, 25/01/2022
480610000.03.030.016669
სამოქალაქო ან კომერციულ საქმეებზე სასამართლო და არასასამართლო დოკუმენტების საზღვარგარეთ ჩაბარების შესახებ კონვენცია
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
 
 

 

სამოქალაქო ან კომერციულ საქმეებზე სასამართლო და არასასამართლო დოკუმენტების საზღვარგარეთ ჩაბარების შესახებ კონვენცია

(დადებულია 1965 წლის 15 ნოემბერს)

 

წინამდებარე კონვენციის ხელმომწერმა სახელმწიფოებმა,

სურთ რა, შექმნან შესაბამისი პირობები იმისთვის, რომ  საზღვარგარეთ ჩასაბარებელი სასამართლო და არასასამართლო დოკუმენტები დროულად იქნეს ადრესატამდე მიტანილი,

სურთ რა, წარმოების გამარტივებითა და დაჩქარებით სასამართლო საქმეებზე ურთიერთდახმარების გაუმჯობესება,

გადაწყვიტეს, დადონ ამ მიზნით კონვენცია და შეთანხმდნენ შემდეგ დებულებებზე:


მუხლი 1.

 

წინამდებარე კონვენცია ვრცელდება ყველა სამოქალაქო ან კომერციულ საქმეზე, სადაც საჭირო ხდება სასამართლო ან არასასამართლო დოკუმენტების საზღვარგარეთ ჩასაბარებლად გადაგზავნა.

ეს კონვენცია არ გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც უცნობია იმ ადამიანის მისამართი, რომელსაც უნდა ჩაბარდეს დოკუმენტი.

 

თავი I - სასამართლო დოკუმენტები

მუხლი 2.

თითოეული ხელშემკვრელი სახელმწიფო დაადგენს ცენტრალურ ორგანოს, რომელიც სხვა ხელშემკვრელი სახელმწიფოსგან დოკუმენტების ჩაბარების მოთხოვნას მიიღებს და მე-3–მე-6 მუხლების დებულებების შესაბამისად იმოქმედებს.

თითოეული სახელმწიფო, თავისი კანონმდებლობის შესაბამისად, განსაზღვრავს ცენტრალურ ორგანოს.

 

მუხლი 3.

დოკუმენტების წარმოშობის სახელმწიფოს კანონმდებლობით უფლებამოსილი ორგანო ან სასამართლო მოხელე უგზავნის მიმღები სახელმწიფოს ცენტრალურ ორგანოს დავალებას, წინამდებარე კონვენციის დანართში წარმოდგენილი მოდელის შესაბამისად, ლეგალიზაციის ან სხვა მსგავსი ფორმალობის მოთხოვნის გარეშე.

დავალებას თან უნდა ერთოდეს ჩასაბარებელი დოკუმენტი ან მისი ასლი.  დავალება და შესაბამისი დოკუმენტი წარმოდგენილი უნდა იყოს ორ ეგზემპლარად.

 

მუხლი 4.

თუ ცენტრალური ორგანო ჩათვლის, რომ დავალება არ შეესაბამება წინამდებარე კონვენციის დებულებებს, იგი დაუყოვნებლივ აცნობებს დავალების გამომგზავნ ორგანოს და მიუთითებს დავალების მიუღებლობის მიზეზს.

 

მუხლი 5.

დავალების მიმღები სახელმწიფოს ცენტრალური ორგანო თავად ჩააბარებს ან უზრუნველყოფს შესაბამისი სააგენტოს მიერ დოკუმენტის ჩაბარებას:

a) თავისი კანონმდებლობით გათვალისწინებული  წესით, რომელიც არეგულირებს  შიდასახელმწიფოებრივი სამართალწარმოებისას ამ სახელმწიფოს ტერიტორიაზე მყოფი პირებისათვის დოკუმენტების ჩაბარებას; ან

b) განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი განსაკუთრებული წესით, თუ იგი არ ეწინააღმდეგება დავალების მიმღები სახელმწიფოს კანონმდებლობას.

ამ მუხლის პირველი პუნქტის (b) ქვეპუნქტის გათვალისწინებით, დოკუმენტის ჩაბარება ყოველთვის ხდება ადრესატისთვის მიწოდებით, რომელიც მას ნებაყოფლობით მიიღებს.

იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტის ჩაბარება უნდა მოხდეს ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ცენტრალური ორგანო უფლებამოსილია მოითხოვოს დოკუმენტი შედგენილი იყოს, ან მისი თარგმანი შესრულებული იყოს დავალების მიმღები სახელმწიფოს ოფიციალურ სახელმწიფო ენაზე ან რამდენიმე სახელმწიფო ენიდან ერთ-ერთზე.

დავალება, რომელიც წინამდებარე კონვენციის დანართში მოყვანილი ფორმით ჩასაბარებელი დოკუმენტის რეზიუმეს შეიცავს, ბარდება მხარეს დოკუმენტთან ერთად.

 

მუხლი 6.

დავალების მიმღები სახელმწიფოს ცენტრალურმა ორგანომ ან ნებისმიერმა ორგანომ, რომელიც შესაძლებელია ამ მიზნისთვის იყოს დადგენილი, უნდა შეავსოს სერტიფიკატი წინამდებარე კონვენციის დანართში წარმოდგენილი ნიმუშის ფორმით.

სერტიფიკატში უნდა მიეთითოს დოკუმენტის ჩაბარების ფაქტი, ჩაბარების  წესი,  ადგილი და თარიღი, ასევე პიროვნება, რომელსაც დოკუმენტი ჩაბარდა. იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტის ჩაბარება არ მოხდა, სერტიფიკატში უნდა აღინიშნოს მიზეზი, რომელმაც ჩაბარებას ხელი შეუშალა.

დავალების გამომგზავნ ორგანოს უფლება აქვს, მოითხოვოს ცენტრალური ორგანოსგან ან სასამართლო ორგანოსგან იმ სერტიფიკატის დამოწმება, რომელიც აღნიშნული ორგანოებიდან არცერთს შეუვსია.

სერტიფიკატი უნდა გაეგზავნოს პირდაპირ დავალების გამომგზავნ ორგანოს.

 

მუხლი 7.

წინამდებარე კონვენციის დანართში მოყვანილი ნიმუშის სტანდარტული პირობები ყოველთვის იწერება ფრანგულ ან ინგლისურ ენაზე. ზემოაღნიშნული პირობები ასევე შესაძლებელია დაიწეროს დოკუმენტების წარმოშობის სახელმწიფოს სახელმწიფო ენაზე ან სახელმწიფო ენებიდან ერთ-ერთზე.

შესაბამისი ბლანკები უნდა შეივსოს დავალების მიმღები სახელმწიფოს სახელმწიფო ენაზე, ან ფრანგულ ან ინგლისურ ენაზე.

 

მუხლი 8.

თითოეულ ხელშემკვრელ სახელმწიფოს შეუძლია სასამართლო დოკუმენტები ჩააბაროს პირს საზღვარგარეთ, უშუალოდ  დიპლომატიური ან საკონსულო აგენტების  მეშვეობით, ნებისმიერი სახის იძულების გამოუყენებლად.

ნებისმიერ სახელმწიფოს უფლება აქვს, დეკლარაციით განაცხადოს, რომ მის ტერიტორიაზე ამ გზით ჩაბარება მიუღებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დოკუმენტი უნდა ჩაბარდეს დოკუმენტის წარმოშობის სახელმწიფოს მოქალაქეს.

 

მუხლი 9.

თითოეული ხელშემკვრელი სახელმწიფო უფლებამოსილია, დოკუმენტების ჩაბარების მიზნით, დამატებით გამოიყენოს საკონსულო არხები, რომლის მეშვეობითაც დოკუმენტები მიეწოდება სხვა ხელშემკვრელი სახელმწიფოს იმ ორგანოებს, რომლებიც მის მიერ ამ მიზნისათვის იყო დადგენილი.

თითოეულ ხელშემკვრელ სახელმწიფოს შეუძლია, განსაკუთრებული გარემოებების არსებობისას, გამოიყენოს იმავე მიზნისთვის დიპლომატიური არხები.

 

მუხლი 10.

თუ დოკუმენტის ჩაბარების დანიშნულების სახელმწიფო არ გამოთქვამს პროტესტს, წინამდებარე კონვენცია ხელს არ უშლის, რომ:

a) სასამართლო დოკუმენტების ჩაბარება მოხდეს უშუალოდ საზღვარგარეთ მყოფი პირისთვის საფოსტო არხებით,

b) დოკუმენტის წარმოშობის სახელწიფოს სასამართლო მოხელეს, თანამდებობის პირს ან სხვა კომპეტენტურ პირს უფლება ჰქონდეს, ჩააბაროს სასამართლო დოკუმენტი დანიშნულების სახელმწიფოს სასამართლო მოხელეთა, თანამდებობის პირთა ან სხვა კომპეტენტურ პირთა მეშვეობით,

c) სასამართლო წარმოებით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს უფლება ჰქონდეს, სასამართლო დოკუმენტი უშუალოდ ჩააბაროს პირს  დანიშნულების სახელმწიფოს სასამართლო მოხელეთა, თანამდებობის ან სხვა უფლებამოსილ პირთა მეშვეობით.

 

მუხლი 11.

წინამდებარე კონვენცია არ აფერხებს ორ ან მეტ ხელშემკვრელ სახელმწიფოს, შეთანხმდნენ, სასამართლო დოკუმენტების ჩაბარების მიზნით გამოიყენონ წინა მუხლებით გათვალისწინებული გადაგზავნის არხებისგან განსხვავებული არხები, და, კერძოდ, შეთანხმდნენ მათ შესაბამის ორგანოებს შორის პირდაპირ კომუნიკაციაზე.

 

მუხლი 12.

ხელშემკვრელი სახელმწიფოსაგან მომავალი სასამართლო დოკუმენტების ჩაბარება არ შეიძლება იწვევდეს მოპასუხე სახელმწიფოს მიერ ჩაბარებისთვის გაწეული რაიმე ხარჯების ან გადასახადების გადახდის ან ანაზღაურების ვალდებულებას.

დავალების გამომგზავნი ორგანო გადაიხდის ან აანაზღაურებს ხარჯებს, რომლებიც გამოწვეულია:

a) სასამართლო მოხელის ან დანიშნულების სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად უფლებამოსილი პირის დასაქმებით,

b) ჩაბარების განსაკუთრებული წესის გამოყენებით.

 

მუხლი 13.

იმ შემთხვევაში, როდესაც ჩაბარების თაობაზე დავალება აკმაყოფილებს წინამდებარე კონვენციის პირობებს, დავალების მიმღებ სახელმწიფოს უფლება აქვს, უარი თქვას მის შესრულებაზე, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის მიიჩნევს, რომ შესრულება საფრთხეს უქმნის მის სუვერენიტეტს ან უსაფრთხოებას.

სახელმწიფოს არ აქვს უფლება უარი თქვას შესრულებაზე მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის თანახმად, მას გააჩნია დავის საგანზე განსაკუთრებული  განსჯადობა, ანდა შიდა კანონმდებლობის თანახმად, სარჩელი დავის საგანზე დაუშვებელია.

უარის შემთხვევაში, ცენტრალურმა ორგანომ დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს განმცხადებელს და სახელმწიფოს უარის მიზეზი.

 

მუხლი 14.

ნებისმიერი უთანხმოება/დაბრკოლება, რომელიც შესაძლებელია წარმოიშვას ჩაბარების მიზნით სასამართლო დოკუმენტების გადაგზავნასთან დაკავშირებით, უნდა მოგვარდეს დიპლომატიური არხების მეშვეობით.

 

მუხლი 15.

იმ შემთხვევაში, როდესაც, წინამდებარე კონვენციის დებულებათა შესაბამისად, უწყება ან თანაბარი ძალის მქონე დოკუმენტი ჩაბარების მიზნით უნდა გაგზავნილიყო საზღვარგარეთ  და მოპასუხე არ გამოცხადდა, სასამართლო გადაწყვეტილება არ უნდა იქნეს მიღებული, სანამ არ დადგინდება, რომ:

a) დოკუმენტის ჩაბარება მოხდა დავალების მიმღები სახელმწიფოს კანონმდებლობით, რომელიც არეგულირებს  შიდასახელმწიფოებრივი სამართალწარმოებისას ამ სახელმწიფოს ტერიტორიაზე მყოფი პირებისათვის დოკუმენტების ჩაბარებას,  ან

b) ნამდვილად მოხდა დოკუმენტის მიწოდება  მოპასუხისთვის ან მის საცხოვრებელ ადგილას ამ კონვენციით განსაზღვრული სხვა წესით,

და ნებისმიერ აღნიშნულ შემთხვევაში, ჩაბარება ან მიწოდება განხორციელდა საკმარისი დროით ადრე, რათა მოპასუხეს შესაგებელის წარდგენის საშუალება მისცემოდა.

ნებისმიერ ხელშემკვრელ სახელმწიფოს უფლება აქვს დეკლარაციით განაცხადოს, რომ მოსამართლეს, ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებათა მიუხედავად, აქვს უფლება გამოიტანოს გადაწყვეტილება იმ შემთხვევაშიც, როდესაც არ მიუღია ჩაბარების  სერტიფიკატი, თუ დაცულია შემდეგი პირობები:

a) დოკუმენტის ჩაბარება მოხდა ამ კონვენციით გათვალისწინებული ერთ-ერთი წესით,

b) დოკუმენტის გადაგზავნის თარიღიდან გავიდა არანაკლებ ექვსთვიანი ვადა, რომელიც მოსამართლემ გონივრულად  მიიჩნია კონკრეტულ საქმეზე;

c) დავალების მიმღები სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს საშუალებით სერტიფიკატის მიღების ყოველი გონივრული მცდელობის გამოყენების მიუხედავად, არანაირი სახის სერტიფიკატი იქნა მიღებული.

წინამდებარე პუნქტების დებულებათა მიუხედავად, უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში, მოსამართლეს უფლება აქვს, გამოსცეს სარჩელის უზრუნველყოფის ან დაცვის ღონისძიების შესახებ ბრძანება.

 

მუხლი 16.

იმ შემთხვევაში, როდესაც, წინამდებარე კონვენციის დებულებათა შესაბამისად, უწყება ან თანაბარი ძალის მქონე დოკუმენტი ჩაბარების მიზნით უნდა გადაგზავნილიყო საზღვარგარეთ და გადაწყვეტილება გამოტანილია მოპასუხის წინააღმდეგ, რომელიც არ გამოცხადდა, მოსამართლეს უფლება აქვს, მოუხსნას მოპასუხეს გადაწყვეტილების გასაჩივრების  ვადის გასვლის შედეგები, თუ შესრულებულია მომდევნო პირობები:

a) მოპასუხეს, მისი ბრალის არსებობის გარეშე, არ ჰქონდა ინფორმაცია დოკუმენტის შესახებ, რომ წარედგინა შესაგებელი, ან ინფორმაცია გადაწყვეტილების შესახებ, რომ გადაწყვეტილება დროულად გაესაჩივრებინა, და

b) მოპასუხემ წარმოადგინა პირველადი (prima facie) შესაგებელი სარჩელის არსებითად განხილვისთვის.

ამ შეღავათების მოთხოვნის შესახებ განცხადება შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს მოპასუხის მიერ სასამართლო გადაწყვეტილების შესახებ შეტყობიდან გონივრულ ვადაში.

თითოეულ ხელშემკვრელ სახელმწიფოს უფლება აქვს, დეკლარაციით განაცხადოს, რომ შეღავათის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, თუ ის წარმოდგენილია დეკლარაციაში  მითითებული ვადის ამოწურვის შემდეგ, რომელიც გადაწყვეტილების მიღების თარიღიდან ერთწლიან პერიოდზე ნაკლები არ უნდა იყოს.

ეს მუხლი არ გამოიყენება გადაწყვეტილებებზე, რომლებიც ეხება პირთა სამოქალაქო მდგომარეობას ან ქმედუნარიანობას.

 

თავი II - არასასამართლო დოკუმენტები

მუხლი 17.

ხელშემკვრელი სახელმწიფოს ორგანოდან ან სასამართლო მოხელისგან მომავალი არასასამართლო დოკუმენტები შესაძლოა ჩაბარების მიზნით გადაეგზავნოს სხვა ხელშემკვრელ სახელმწიფოს, წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული წესის და დებულებების შესაბამისად.

 

თავი III - ზოგადი დებულებები

მუხლი 18.

თითოეულ ხელშემკვრელ სახელმწიფოს უფლება აქვს, ცენტრალური ორგანოს გარდა დამატებით დაადგინოს სხვა ორგანოები და განსაზღვროს მათი უფლებამოსილების ფარგლები.

მიუხედავად ამისა, მომთხოვნ ორგანოს ყველა შემთხვევაში უნდა ჰქონდეს უფლება,  დავალებით მიმართოს უშუალოდ ცენტრალურ ორგანოს.

ფედერალურ სახელმწიფოს უფლება აქვს, დაადგინოს ერთზე მეტი ცენტრალური ორგანო.

 

მუხლი 19.

თუ ხელშემკვრელი სახელმწიფოს შიდა კანონმდებლობა  უცხოეთიდან მომავალი დოკუმენტების საკუთარ ტერიტორიაზე ჩაბარების ზემოხსენებული მუხლებისგან განსხვავებულ წესს ითვალისწინებს, ეს კონვენცია არ ეხება ამგვარი დებულებების მოქმედებას.

 

მუხლი 20.

წინამდებარე კონვენციამ არ უნდა შეაფერხოს ორი ან რამდენიმე ხელშემკვრელი სახელმწიფო, შეთანხმდნენ მომდევნო დებულებების გამორიცხვაზე:

a) გასაგზავნი დოკუმენტის ასლის აუცილებლობა, როგორც ეს მე-3 მუხლის მეორე პუნქტით არის მოთხოვნილი,

b) ენასთან დაკავშირებული მოთხოვნა, როგორც ეს განსაზღვრულია მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით და მე-7 მუხლით,

c) მე-5 მუხლის მეოთხე პუნქტის დებულებები,

d) მე-12 მუხლის მეორე პუნქტის დებულებები.

 

მუხლი 21.

თითოეული ხელშემკვრელი სახელმწიფო სარატიფიკაციო სიგელის ან შეერთების შესახებ სიგელის დეპონირების დროს ან მოგვიანებით, ატყობინებს ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს შემდეგს:

a) მე-2 და მე-18 მუხლების შესაბამისად ორგანოების დადგენას,

b) იმ ორგანოს დადგენას, რომელიც უფლებამოსილია შეავსოს სერტიფიკატი მე-6 მუხლის შესაბამისად,

c) იმ ორგანოს დადგენას, რომელიც უფლებამოსილია მე-9 მუხლის შესაბამისად მიიღოს საკონსულო არხებით გაგზავნილი სერტიფიკატი,

ხელშემკვრელმა სახელმწიფომ, მიზანშეწონილობის გათვალისწინებით, უნდა აცნობოს სამინისტროს შემდეგი:

a) მე-8 და მე-10 მუხლებით გათვალისწინებული გადაცემის წესის მიუღებლობა,

b) მე-15 მუხლის მეორე პუნქტით და მე-16 მუხლის მესამე პუნქტით გათვალისწინებული დეკლარაციები,

c) ნებისმიერი ცვლილება ზემოხსენებული ორგანოების დადგენასთან, მიუღებლობასთან და დეკლარაციასთან დაკავშირებით.

 

მუხლი 22.

წინამდებარე კონვენციის მხარეებისთვის, რომლებიც ასევე არიან სამოქალაქო პროცესის შესახებ ჰააგის 1905 წლის 17 ივლისის და 1954 წლის 1-ლი მარტის ჰააგის კონვენციების მონაწილეები, ამ კონვენციამ უნდა ჩაანაცვლოს წინა კონვენციების 1-ლი–მე-7 მუხლები.

 

მუხლი 23.

წინამდებარე კონვენცია არ ცვლის სამოქალაქო პროცესის შესახებ ჰააგაში 1905 წლის 17 ივლისს ხელმოწერილი კონვენციის 23-ე მუხლის ან სამოქალაქო პროცესის შესახებ ჰააგაში 1954 წლის 1-ლ მარტს ხელმოწერილი კონვენციის 24-ე მუხლის მოქმედებას.

მიუხედავად ამისა, ეს მუხლები გამოიყენება მხოლოდ მაშინ, როდესაც  ხდება ამ კონვენციებით გათვალისწინებული მსგავსი კომუნიკაციების საშუალებების გამოყენება.

 

მუხლი 24.

მხარეებს შორის არსებული 1905 და 1954 წლების კონვენციების დამატებითი შეთანხმებები წინამდებარე კონვენციის მიმართ თანაბრად გამოიყენება, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდნენ.

 

მუხლი 25.

წინამდებარე კონვენციის 22-ე და 24-ე მუხლების დებულებების დაკნინების გარეშე, აღნიშნული კონვენცია არ შეიძლება შეიზღუდოს  იმ კონვენციების დებულებებით, რომლებიც მოიცავს წინამდებარე კონვენციით დარეგულირებულ საკითხებს, და რომლის  მონაწილეები არიან ან გახდებიან ხელშემკვრელი სახელმწიფოები.

 

მუხლი 26.

წინამდებარე კონვენცია ღიაა ხელმოსაწერად ჰააგის საერთაშორისო კერძო სამართლის კონფერენციის მეათე სესიაზე წარმოდგენილი სახელმწიფოებისთვის.

კონვენცია უნდა იქნეს რატიფიცირებული და სარატიფიკაციო სიგელის დეპონირება უნდა მოხდეს ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროსთან.

 

მუხლი 27.

წინამდებარე კონვენცია ძალაში შედის 26-ე მუხლის მეორე პუნქტში მითითებული მესამე სარატიფიკაციო  სიგელის დეპონირებიდან მესამოცე დღეს.

თითოეული ხელმომწერი სახელმწიფოსთვის, რომელიც მოგვიანებით გაუკეთებს რატიფიცირებას კონვენციას,  ის ძალაში შედის რატიფიცირების სიგელის დეპონირებიდან მესამოცე დღეს.

 

მუხლი 28.

სახელმწიფოს, რომელიც არ ესწრებოდა ჰააგის საერთაშორისო კერძო სამართლის კონფერენციის მეათე სესიას, შეუძლია, ამ კონვენციას შეუერთდეს მას შემდეგ, რაც კონვენცია ძალაში შევა 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად. შეერთების შესახებ სიგელის დეპონირება ხდება  ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროსთან.

ამ სახელმწიფოსთვის კონვენცია ძალაში შედის, თუ არ არსებობს პროტესტი სხვა სახელმწიფოსგან, რომელმაც დეპონირებამდე გაუკეთა კონვენციას რატიფიკაცია; პროტესტის შესახებ ეცნობება ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს ხსენებული სამინისტროსგან ამ შეერთების შესახებ შეტყობინებიდან ექვსი თვის ვადაში.

ასეთი პროტესტის არარსებობის შემთხვევაში, შეერთებული სახელმწიფოსთვის კონვენცია ძალაში შედის წინა პუნქტში მითითებული პერიოდის გასვლიდან მომდევნო თვის პირველ დღეს.

 

მუხლი 29.

ნებისმიერ სახელმწიფოს ხელმოწერის, რატიფიცირებისა და შეერთებისას, შეუძლია,  განაცხადოს, რომ წინამდებარე კონვენცია გავრცელდება მის მთელ იმ ტერიტორიაზე, რომელთა საერთაშორისო ურთიერთობებზეც ის პასუხისმგებელია, ან ამ ტერიტორიებიდან ერთზე ან მეტზე. ეს დეკლარაცია ძალაში შედის შესაბამისი სახელმწიფოსთვის კონვენციის ძალაში შესვლის დღიდან.

ამის შემდგომ ნებისმიერ დროს ტერიტორიული მოქმედების ყოველი ახალი გაფართოება  ეცნობება ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს.

კონვენცია ძალაში შედის ასეთ გაფართოებაში აღნიშნული ტერიტორიებისთვის წინა პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინებიდან მესამოცე დღეს.

 

მუხლი 30.

წინამდებარე კონვენცია მოქმედებს ხუთი წლის განმავლობაში, 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მისი ძალაში შესვლის დღიდან, მათ შორის იმ  სახელმწიფოებისთვის, რომლებმაც რატიფიცირება ან შეერთება  განახორციელეს მოგვიანებით.

თუ არ ხდება კონვენციის დენონსირება, იგი ავტომატურად განახლდება ყოველ ხუთ წელიწადში.

დენონსირების შესახებ უნდა ეცნობოს ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს  ხუთწლიანი პერიოდის ამოწურვამდე არანაკლებ ექვსი თვით ადრე.

დენონსირება შეიძლება შეეხოს ქვეყნის გარკვეულ ტერიტორიას.

დენონსირება მოქმედებს მხოლოდ იმ სახელმწიფოსთან მიმართებით, რომელმაც გააკეთა ასეთი შეტყობინება. კონვენცია ძალაში რჩება სხვა ხელშემკვრელი სახელმწიფოებისთვის.

 

მუხლი 31.

ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტრო აცნობებს 26-ე მუხლით გათვალისწინებულ სახელმწიფოებს და სახელმწიფოებს, რომლებიც 28-ე მუხლის შესაბამისად შეუერთდნენ კონვენციას, შემდეგს:

a) 26-ე მუხლში აღნიშნულ ხელმოწერებსა და რატიფიცირებას;

b) წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლის თარიღს, 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად;

c) 28-ე მუხლით გათვალიწინებული შეერთებისა და მათი ძალაში შესვლის თარიღებს;

d) 29-ე მუხლით გათვალისწინებულ გაფართოებებსა და მათი ძალაში შესვლის თარიღებს;

e) 21-ე მუხლებით გათვალისწინებული ორგანოების დადგენას, მიუღებლობასა და განცხადებებს;

f) 30-ე მუხლის მესამე პუნქტით გათვალისწინებულ დენონსირებას.

რის დასტურადაც, შესაბამისად უფლებამოსილნი ქვემორე ხელმომწერნი ხელს აწერენ წინამდებარე კონვენციას.

 

შესრულებულია ქ. ჰააგაში 1965 წლის 15 ნოემბერს,  ინგლისურ და ფრანგულ ენებზე, რომლებსაც თანაბარი ძალა გააჩნიათ, ერთ პირად, რომელიც ინახება ნიდერლანდების სახელმწიფო არქივში, რომლის დამოწმებული ასლებიც დიპლომატიური არხების მეშვეობით უნდა გაეგზავნოს თითოეულ  სახელმწიფოს, რომელიც წარმოდგენილი იყო ჰააგის საერთაშორისო კერძო სამართლის  კონფერენციის მეათე სესიაზე.