დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “სატრანსპორტო საშუალებების, მათი მისაბმელებისა და ნომრიანი აგრეგატების სავალდებულო რეგისტრაციის წესის შესახებ ინსტრუქციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 202 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 10/04/2002 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 35, 16/04/2002 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 29/06/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310.150.000.11.118.005.242 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 310.150.000.11.118.005.242
საქართველოს შინაგან საქმეთა
მინისტრის ბრძანება №202
2002 წლის 10 აპრილი
ქ. თბილისი
სატრანსპორტო საშუალებების, მათი მისაბმელებისა და ნომრიანი აგრეგატების სავალდებულო რეგისტრაციის წესის შესახებ ინსტრუქციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში სახელმწიფოებრივი აღრიცხვის სისტემის მოწესრიგებისა და ”საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და მისი შესასრულებლად, ვბრძანებ:
1. შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები ”სატრანსპორტო საშუალებების, მათი მისაბმელებისა და ნომრიანი აგრეგატების სავალდებულო რეგისტრაციის წესის შესახებ“ ინსტრუქციაში (თან ერთვის).
2. ბრძანება ძალაში შედის ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში მისი გამოქვეყნებისთანავე.
3. ბრძანება დაიგზავნოს კუთვნილებისამებრ.
ცვლილებები და დამატებები ”სატრანსპორტო საშუალებების, მათი მისაბმელებისა და ნომრიანი აგრეგატების სავალდებულო რეგისტრაციის წესის შესახებ“ ინსტრუქციაში
1. ინსტრუქციას დაემატოს შემდეგი 11 პუნქტი:
”11 . ინსტრუქციაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია – კანონმდებლობის შესაბამისად, სარეგისტრაციო სამსახურების მიერ ავტოტრანსპორტისათვის სარეგისტრაციო ნიშნების მინიჭება და საგზაო მოძრაობაში მონაწილეობისათვის მათი დაშვების დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტის გაცემა.
ცვლილებები რეგისტრაციაში – სამართლებრივი საფუძვლების არსებობისას სააღრიცხვო მონაცემების და სატრანსპორტო საშუალებათა დოკუმენტში ცვლილებათა შეტანა.
იურიდიული პირი- კერძო და საჯარო სამართლის იურიდიული პირები, მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა და უწყებრივი კუთვნილებისა.
სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე - ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც სარეგისტრაციო მოწმობის შესაბამისად ეკუთვნის სატრანსპორტო საშუალება.
მესაკუთრის წარმომადგენელი – სატრანსპორტო საშუალების სახელშეკრულებო ვალდებულებით განმკარგულებელი პირები.
ქონებრივი ხელშეკრულება (მინდობილობა) – სატრანსპორტო საშუალების გადაცემა ერთი პირიდან მეორეზე დამოწმებული სანოტარო წესით.
საერთაშორისო საავტომობილო მოძრაობა საქართველოს ტერიტორიაზე- სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა საქართველოს ტერიტორიაზე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:
ეკუთვნის ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელსაც აქვს საცხოვრებელი ადგილი საქართველოს გარეთ;
არ არის რეგისტრირებული საქართველოში;
დროებით არის შემოყვანილი საქართველოში.
ავტომობილი – ყველა სახის ტრანსპორტი, რომელსაც აქვს ბიძგის მექანიკური მექანიზმი და გადაადგილება გზაზე საკუთარი ძალებით, გარდა მოპედისა დამხმარე მოტორით.
მისაბმელი – მოძრაობისათვის განკუთვნილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალება ძრავის გარეშე, აგრეთვე ნახევრადმისაბმელი და მისაბმელ-სახსნელი.
2. მე-3 პუნქტში სიტყვები – ”აწარმოებს მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციას და აღრიცხვიდან მოხსნას, ყოველთვიურად აჯამებს ქვეყანაში რეგისტრაციის შედეგებს. განიხილავს რეგისტრაციის ხაზით შემოსულ განცხადება-საჩივრებს“, შეიცვალოს სიტყვებით – ”აწარმოებს ქვეყნის მასშტაბით მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციას და აღრიცხვიდან მოხსნას, ქვეყნის ფარგლებს გარედან დროებით შემოყვანილი სატრანსპორტო საშუალებების დროებით აღრიცხვას, ყოველთვიურად აჯამებს ქვეყანაში რეგისტრაციის შედეგებს, განიხილავს რეგისტრაციის ხაზით შემოსულ განცხადება-საჩივრებს, წელიწადში არანაკლებ ერთხელ ახორციელებს საგზაო პოლიციის დანაყოფებში რეგისტრაციის ამსახველი პირველადი მასალების დოკუმენტალურ შემოწმებას და კონტროლს“.
3. მე-12 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტიყვები: “ საქალაქო და რაიონულ დანაყოფებში“.
4. 25-ე პუნქტის პირველი აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”რეგისტრაციას ან აღრიცხვიდან მოხსნას ექვემდებარებიან სატრანსპორტო საშუალებები, რომელთა მფლობელი საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირია, ხოლო თვით ავტოსატრანსპორტო საშუალება რეგისტრაციის მომენტისათვის იმყოფება საქართველოს ფარგლებს გარეთ, თუ საგზაო პოლიციაში წარმოდგენილი იქნება ამ ინსტრუქციის მე-19 პუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი დოკუმენტი და პირის მიერ შედგენილი და ბეჭდით დამოწმებული სატრანსპორტო საშუალების რეკვიზიტების შემცველი დოკუმენტი.
5. 32-ე პუნქტის ”ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”ა) სატრანსპორტო საშუალებების ან მისაბმელების, ან ნახევარმისაბმელების ან ნომრიანი აგრეგატების კუთვნილების დამადასტურებელი დოკუმენტი.“
6. 37-ე პუნქტში სიტყვები ”23-ე პუნქტით“, შეიცვალოს სიტყვებით: ”მე-19 პუნქტით“.
7. 45-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”45. სახელმწიფო აღრიცხვიდან არ იხსნება იურიდიული ან კერძო პირების კუთვნილი მექანიკური სატრანსპორპტო საშუალებები, რომლებიც დროებით გადიან სხვა ქვეყნებში.“
8. 51-ე პუნქტში სიტყვები ”სახელშეკრულებო ვალდებულების“, შეიცვალოს სიტყვებით: ”სახელშეკრულებო ვალდებულების (მინდობილობების).
9. 55-ე პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები:
”სანომრე ნიშნების დაკარგვის შემთხვევაში აღრიცხვიანობა წარმოებს სპეციალურ ჟურნალში, მფლობელის მიერ განცხადების თარიღის მითითებით“.
კ. ნარჩემაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები