შეთანხმება თანამშრომლობის შესახებ ამინდის საშუალოვადიანი პროგნოზების ევროპის ცენტრსა და საქართველოს შორის

შეთანხმება თანამშრომლობის შესახებ ამინდის საშუალოვადიანი პროგნოზების ევროპის ცენტრსა და საქართველოს შორის
დოკუმენტის ნომერი 200-51
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 10/06/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/01/2022
ძალაში შესვლის თარიღი 01/12/2021
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016668
200-51
10/06/2021
ვებგვერდი, 05/01/2022
480610000.03.030.016668
შეთანხმება თანამშრომლობის შესახებ ამინდის საშუალოვადიანი პროგნოზების ევროპის ცენტრსა და საქართველოს შორის
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
                 
შეთანხმება თანამშრომლობის შესახებ ამინდის საშუალოვადიანი პროგნოზების ევროპის ცენტრსა და საქართველოს შორის

მხედველობაში იღებენ რა, ამინდის საშუალოვადიანი პროგნოზების ევროპის ცენტრის სადამფუძნებლო კონვენციის მე-3 მუხლს (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „კონვენცია“);

ითვალისწინებენ რა, საქართველოს სურვილს, საერთაშორისო მეტეოროლოგიური ტრადიციების შესაბამისად, ითანამშრომლოს საშუალოვადიანი პროგნოზების ევროპის ცენტრთან (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „ცენტრი“);

საქართველო და ცენტრი თანხმდებიან შემდეგზე:


მუხლი 1

კონვენციის მე-2 მუხლით განსაზღვრული ცენტრის ამოცანების თანახმად, საჭიროების შემთხვევაში საქართველო წარუდგენს ცენტრს ყველა მეტეოროლოგიურ დაკვირვებას, რომელიც შედგენილია ან შეგროვებულია სამთავრობო სააგენტოებისა და დაწესებულებების მიერ. 

 

მუხლი 2

ამინდის პროგნოზირების საჭირობებისათვის საქართველოს უფასოდ მიენიჭება არაექსკლუზიური ლიცენზია და ნებისმიერი სხვა არაექსკლუზიური უფლება გამოიყენოს სამრეწველო საკუთრების უფლება, კომპიუტერული პროგრამები და ტექნიკური ინფორმაცია, რომელიც მიიღება კონვენციით განსაზღვრული სამუშაოს განხორციელების შედეგად და რომელიც ეკუთვნის ცენტრს.

 

მუხლი 3

საქართველო დაიცავს წესებსა და ძირითად პრინციპებს, რომლებითაც რეგულირდება ცენტრის კუთვნილი სამრეწველო საკუთრების უფლების, კომპიუტერული პროგრამებისა და ტექნიკური ინფორმაციის გამოყენება, ცენტრის საქმიანობის შედეგების განაწილება და ცენტრის პროდუქტების გავრცელება, ცენტრის საბჭოს მითითებების შესაბამისად. თუ სხვაგვარად არ არის განსაზღვრული, აღნიშნული წესები და ძირითადი პრინციპები ვრცელდება წევრ სახელმწიფოებზე.

 

მუხლი 4

ის პრივილეგიები და იმუნიტეტები, რომლითაც სარგებლობენ ცენტრის თანამშრომლები ან ექსპერტები საქართველოს ტერიტორიაზე, განსაზღვრულია დანართში და წარმოადგენენ თანამშრომლობის შესახებ წინამდებარე შეთანხმების განუყოფელ ნაწილს.

 

მუხლი 5

კვლევებისა და სამეცნიერო საქმიანობის ის შედეგები, რომლებიც მითითებულია კონვენციის მე-2 მუხლის (2) (a) და (b) ქვეპუნქტებში, და ის მონაცემები, რომლებიც მითითებულია კონვენციის მე-2 მუხლის (2)(c) ქვეპუნქტში, ხელმისაწვდომი იქნება საქართველოს მეტეოროლოგიური სამსახურისთვის იმავე ფორმით, როგორც ეს ხელმისაწვდომია წევრი სახელმწიფოების მეტეოროლოგიური სამსახურებისათვის.

 

მუხლი 6

ცენტრი არ აიღებს თავის თავზე არანაირ ხარჯს, რომელიც დაკავშირებულია საქართველოსთვის თავისი მეტეოროლოგიური პროდუქტების მიწოდებასთან ან ცენტრსა და საქართველოს შორის ტელესაკომუნიკაციო კავშირის დამყარებასა ან ტექნიკურ მომსახურებასთან. 

 

მუხლი 7

საქართველოს ექნება წვდომა ცენტრის სასწავლო დაწესებულებებზე შერჩევის იმავე პროცედურების შესაბამისად, რომლებიც გამოიყენება ცენტრის წევრი სახელმწიფოების მიმართ. ცენტრს არ წარმოეშობა არანაირი ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია საქართველოდან მივლენილი სტაჟიორების მგზავრობასა და სადღეღამისო ხარჯებთან. 

 

მუხლი 8

8.1. ცენტრში საქართველოს ყოველწლიური შენატანი შეადგენს იმ შენატანის ნახევარს, რაც საქართველოს უნდა შეეტანა კონვენციის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, თუ იგი იქნებოდა ცენტრის წევრი სახელმწიფო.

8.2. ცენტრში საქართველოს ყოველწლიური შენატანის გადახდა ხდება კონვენციის მე-12 და მე-13 მუხლებისა და „ფინანსური რეგულაციების“ 37-ე მუხლის შესაბამისად იმ შემთხვევისთვის, საქართველო ცენტრის წევრი სახელმწიფო რომ ყოფილიყო.

8.3. იმ შემთხვევაში, თუ საქართველო ითხოვს ისეთ სპეციალურ მომსახურებას, რასაც არ ითვალისწინებს წინამდებარე თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება, საქართველო და ცენტრი აფორმებენ დამატებით შეთანხმებას, რომლითაც განისაზღვრება განხორციელების პირობები და წესები, ნებისმიერი შესაძლო შენატანის სახეობა და ანაზღაურება გაწეული მომსახურებისათვის.

8.4. თუ გადაუხდელი შენატანების თანხა აღემატება წინამდებარე თანამშრომლობის შეთანხმების 8.1 პუნქტით მისთვის დადგენილი შენატანების თანხას, რომელიც გადასახდელია მიმდინარე ფინანსური წლისათვის და წინა ფინანსური წლისათვის, საქართველო კარგავს „მოთანამშრომლე სახელმწიფოების საკონსულტაციო კომიტეტში“ (ACCS) წარმომადგენლობის უფლებას და საქართველოს მეტეოროლოგიური სამსახურისთვის აღარ იქნება ხელმისაწვდომი კონვენციის მე-2 მუხლის მეორე პუნქტის (a) და (b) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული კვლევებისა და სამეცნიერო საქმიანობის შედეგები და მე-2 მუხლის მეორე პუნქტის (c) ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემები.

 

მუხლი 9

რაც შეეხება კონვეციის 13.3 მუხლის მეორე აბზაცით გათვალისწინებულ ერთჯერად დამატებით შენატანს, საქართველო იხდის იმავე შენატანის ნახევარს, რომელსაც იგი გადაიხდიდა, რომ ყოფილიყო წევრი სახელმწიფო, მაგრამ შეაქვს შენატანი მხოლოდ იმ ხარჯების დასაფარად, რომელიც გასწია ცენტრმა ათი წლის განმავლობაში წინამდებარე თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ძალაში შესვლამდე; თანხა შემცირდება იმ თანხამდე, რომელიც შეესაბამება ცენტრის მიერ გაწეულ საოპერაციო ხარჯებს ამ პერიოდის განმავლობაში.

 

მუხლი 10

საქართველოს მიერ ერთჯერადი დამატებითი შენატანის გადახდა ხდება ხუთ ნაწილად: შენატანის 20%-ის გადახდა ხდება იმ ფინანსური წლის ბოლომდე, რომელშიც ფორმდება წინამდებარე თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება, ხოლო 20% ყოველი მომდევნო ოთხი ფინანსური წლის განმავლობაში.    

 

მუხლი 11

11.1. რაც შეეხება საბჭოსა და მის საკონსულტაციო კომიტეტების სხდომებზე წარმომადგენლობას, საქართველო იქნება ACCS-ის წევრი.

11.2. საბჭოსა და მის შესაბამისი საკონსულტაციო კომიტეტების სხდომებზე ACCS წარმოდგენილი იქნება მისი თავმჯდომარის სახით. 

 

მუხლი 12

12.1. მხარეებს შორის წარმოშობილი ნებისმიერი დავა წინამდებარე ან შემდგომში ძალაში შესული ნებისმიერი შეთანხმების დებულებების ინტერპრეტირებასა ან გამოყენებასთან დაკავშირებით, რომლის გადაწყვეტაც ვერ ხერხდება პირდაპირი მოლაპარაკების გზით, რომელიმე მხარის მოთხოვნის საფუძველზე წარედგინება არბიტრაჟს, თუ მანამდე სამი თვის განმავლობაში მხარეები არ შეთანხმდებიან დავის მოგვარების სხვა ფორმაზე. საარბიტრაჟო პროცედურა უნდა შეესაბამებოდეს ამ მუხლის 12.2 და 12.3 პუნქტების დებულებებს.

12.2. 12.1 პუნქტში მითითებული მოთხოვნის მიღებიდან ორი თვის განმავლობაში, თითოეული მხარე ნიშნავს საარბიტრაჟო ტრიბუნალის თითო წევრს. ეს წევრები, მეორე წევრის დანიშვნიდან ორი თვის ვადაში, ნიშნავენ მესამე წევრს, რომელიც არ უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე და რომელიც გახდება ტრიბუნალის თავმჯდომარე. თუ ტრიბუნალის სამი წევრიდან რომელიმე წევრის დანიშვნა არ მოხდა დადგენილ ვადებში, ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მას დანიშნავს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს (International Court of Justice) პრეზიდენტი.

12.3. საარბიტრაჟო ტრიბუნალი გადაწყვეტილებებს იღებს ხმათა უმრავლესობით. მისი გადაწყვეტილება სავალდებულოა დავის მხარეებისათვის და არ ექვემდებარება გასაჩივრებას. თითოეული მხარე თავის თავზე იღებს მის მიერ ტრიბუნალის წევრის დანიშვნასთან დაკავშირებულ ხარჯებს და იმ ხარჯებს, რომელიც უკავშირდება მხარის წარმომადგებლობას ტრიბუნალში საქმის განხილვისას. თითოეული მხარე თანაბრად გასწევს ხარჯებს, რომელიც უკავშირდება ტრიბუნალის თავმჯდომარეს და ნებისმიერ სხვა ხარჯს, თუ ტრიბუნალი არ მიიღებს სხვაგვარ გადაწყვეტილებას. ტრიბუნალი თვითონ ადგენს თავის სხვა საპროცედურო წესებს.   

 

მუხლი 13

13.1. თუ ფორსმაჟორული გარემოებები აფერხებს მხარის მიერ წინამდებარე თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, ასეთი მხარე არ არის პასუხისმგებელი რაიმე სახის დაყოვნებასა თუ შეუსრულებლობაზე, ხოლო შესრულებისთვის განკუთვნილი დრო, საჭიროების შემთხვევაში, იზრდება იმ პერიოდით, რომელიც ეკვივალენტურია შესრულების შეყოვნების პერიოდისა.

13.2. წინამდებარე თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების მიზნებისათვის, „ფორსმაჟორი“ ნიშნავს იმ მხარის კონტროლისგან დამოუკიდებელ ნებისმიერ მიზეზს, რომლის [ვალდებულების] შესრულებაზეც ხდება ზეგავლენა.  

 

მუხლი 14

14.1. ნებისმიერ მხარეს აქვს უფლება შეაჩეროს და/ან შეწყვიტოს წინამდებარე თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება, თუ:

ა) მეორე მხარემ მოახდინა წინამდებარე თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების არსებითი დარღვევა (ან რიგი დარღევევიბისა, რომელიც ერთობლიობაში არსებითი დარღვევის ტოლფასია) და თუ ამგვარი დარღვევა გამოსწორებადია, ვერ მოახდინა ამგვარი დარღვევის გამოსწორება პირველი მხარისგან მიღებული შეტყობინებიდან 30 დღის განმავლობაში; ან

ბ) შეიარაღებულმა კონფლიქტმა, მიუხედავად იმისა, მოიცავს თუ არა იგი ომს, ამბოხს ან ტერორისტულ აქტებს, შეაფერხა ან, ცენტრის შეხედულებით, საფრთხის ქვეშ დააყენა ცენტრის მიერ წინამდებარე თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული პროდუქციის ან მომსახურების უსაფრთხო და შეუწყვეტელი მიწოდება; ან

გ) ცენტრი გაუქმდა. 

14.2. თუ სხვაგვარად არ არის შეთანხმებული, 14.1 პუნქტის შესაბამისად გაკეთებული ნებისმიერი შეჩერება შედის ძალაში უფლებამოსილი მხარისგან გაკეთებული წერილობითი შეტყობინების ჩაბარებისთანავე. ამგვარი შეჩერების თარიღამდე არსებული ყველა გადასახადი ექვემდებარება დაუყოვნებლივ გადახდას.

14.3. ნებისმიერ მხარეს აქვს უფლება შეწყვიტოს წინამდებარე თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება წერილობითი შეტყობინების მეშვეობით, მიზეზის მითითებისა და ნებისმიერი დარღვევის დადგომის გარეშე, იმ თარიღიდან, რომელიც მითითებულია 14.4 პუნქტში.

14.4. თუ სხვაგვარად არ არის შეთანხმებული, 14.1 ან 14.2 პუნქტების შესაბამისად გაკეთებული ნებისმიერი შეწყვეტა ძალაში შედის შეტყობინების გაკეთების წლის მომდევნო ფინანსური წლის ბოლოში, ან ცენტრის გაუქმების გამო შეწყვეტის შემთხვევაში – ასეთი გაუქმების ძალაში შესვლის დღეს. 14.2 პუნქტის დებულებათა გათვალისწინებით, წინამდებარე თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული მხარეთა ყველა ვალდებულება რჩება ძალაში ამგვარი შეწყვეტის ძალაში შესვლამდე. 

მოცემული თანამშრომლობის შეთანხმება ძალაში შედის მომდევნო თვის პირველ დღეს, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული რატიფიკაციის პროცესის დასრულების თაობაზე ცენტრის მიერ შეტყობინების მიღების მომენტიდან.

ამის დასტურად, ქვემოთ მოცემული მხარეები, შესაბამისი უფლებამოსილების საფუძველზე, ხელს აწერენ ამ თანამშრომლობის შეთანხმებას

 

____________________[თარიღი],____________________[ადგილი].

 

საქართველოს სახელით

ამინდის საშუალოვადიანი ევროპის ცენტრის სახელით

 

___________________________________________

 

___________________________________________

 

 

  დანართი

პრივილეგიები და იმუნიტეტები, რომლითაც სარგებლობენ ცენტრის თანამშრომლები ან ექსპერტები  საქართველოს ტერიტორიაზე

 

პუნქტი 1

1.1. თავისი ოფიციალური საქმიანობების ფარგლებში ცენტრს გააჩნია იმუნიტეტი იურისდიქციისგან და აღსრულებისგან, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ:

(ა) საბჭოს გადაწყვეტილებით, ცენტრი უარს ამბობს გარკვეულ იმუნიტეტზე კონკრეტულ შემთხვევაში. ამასთან, ჩაითვლება, რომ ცენტრმა უარი თქვა ამ იმუნიტეტზე, თუ ეროვნული უწყება, რომელიც განიხილავს კონკრეტულ შემთხვევას, ან მოწინააღმდეგე მხარე მიმართავს მას იმუნიტეტზე უარის თქმის მოთხოვნით, და ამ მოთხოვნის მიღებიდან თხუთმეტი დღის განმავლობაში იგი არ გააკეთებს შეტყობინებას რომ არ ამბობს უარს ამგვარ იმუნიტეტზე;

(ბ)  მესამე მხარის მიერ ინიცირებულია სამოქალაქო სარჩელი, რომელიც წარმოიშობა საგზაო შემთხვევის შედეგად ცენტრის საკუთრებაში არსებული ან მის სასარგებლოდ მოქმედი სატრანსპორტო საშუალების მიერ ზიანის მიყენების დროს ან სატრანსპორტო გადაცდომებისას;

(გ)  არსებობს ამ თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების მე-12 მუხლით გათვალისწინებული საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულების საკითხი;

(დ) ასეთი დამატების არსებობისას, ადმინისტრაციული ან სასამართლო ხელისუფლების მიერ, ცენტრის თანამშრომლის სასარგებლოდ, ხელფასებთან, კომპენსაციასა და ანაზღაურებასთან დაკავშირებით,  მიღებულია გადაწყვეტილება.

1.2. ნებისმიერი დავის დროს, რომელშიც მონაწილეობს ცენტრის თანამშრომელი ან ექსპერტი, რომელიც სარგებლობს იურისდიქციისგან იმუნიტეტით ამ დანართის მე-2 ან მე-3 პუნქტების შესაბამისად, ცენტრის პასუხისმგებლობა ჩანაცვლდება შესაბამისი თანამშრომლის ან ექსპერტის პასუხისმგებლობით.

1.3. 1.1 პუნქტის შესაბამისად, ცენტრის ქონება და აქტივები, სადაც არ უნდა იყოს განთავსებული, სარგებლობს იმუნიტეტით ნებისმიერი ფორმის ადმინისტრაციული ან პირობითი სასამართლო შეზღუდვებისგან, როგორიცაა რეკვიზიცია, კონფისკაცია, ექსპროპრიაცია ან ყადაღა.

 

პუნქტი 2

წინამდებარე თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ფარგლებში ცენტრის თანამშრომლები სარგებლობენ შემდეგი პრივილეგიებით, იმუნიტეტებით და პირობებით:

2.1. იმუნიტეტით იურისდიქციისგან, მათ შორის, ცენტრში დასაქმების დამთავრების შემდეგაც,  მათ მიერ ჩადენილ ქმედებებთან დაკავშირებით, მათ შორის, მათ მიერ გამოთქმულ ან დაწერილ სიტყვებთან დაკავშირებით, რომელიც ჩაიდინეს თანამდებობრივი მოვალეობის შესრულებისას და თავისი უფლებამოსილების ფარგლებში; ეს იმუნიტეტი არ ეხება საგზაო გადაცდომებს, რომლებიც ჩადენილია ცენტრის თანამშრომლის მიერ, მათ შორის, არც იმ სატრანსპორტო საშუალების მიერ მიყენებულ ზიანს,  რომელიც ეკოთვნიდა ან რომელსაც მართავდა ასეთი პირი;

2.2. სამხედრო სამსახურის ყველა ვალდებულებისაგან გათავისუფლება;

2.3. ყველა მათი ოფიციალური საბუთების და დოკუმენტების ხელშეუხებლობა;

2.4. თავის ოჯახის წევრებთან ერთად სარგებლობენ ისეთივე გამონაკლისებით, როგორითაც ჩვეულებრივ სარგებლობენ საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლები დაწესებულ საემიგრაციო შეზღუდვებთან და უცხო ქვეყნის მოქალაქეების რეგისტრაციასთან დაკავშირებულ რეგულაციებთან მიმართებაში;

2.5. ისეთივე პრივილეგიებით, როგორითაც ჩვეულებრივ სარგებლობენ საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლები ფულად და სავალუტო რეგულაციებთან დაკავშირებით;

2.6. თავის ოჯახის წევრებთან ერთად სარგებლობენ ისეთივე პირობებით, როგორითაც ჩვეულებრივ სარგებლობენ საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლები რეპატრიაციასთან დაკავშირებით საერთაშორისო კრიზისის დროს;

2.7. უფლებით, საბაჟო გადასახდელების გადახდის გარეშე მოახდინონ ავეჯის და პირადი ნივთების შემოტანა აღნიშნულ სახელმწიფოში არანაკლებ ერთი წლის ვადით თანამდებობაზე დანიშვნის მომენტიდან და ასევე აღნიშნულ სახელმწიფოში თავის ოფიციალური ფუნქციების შესრულების შეწყვეტისას მოახდინონ ავეჯისა და პირადი ნივთების გატანა შესაბამისი გადასახადების გადახდის გარეშე; ორივე შემთხვევა ექვემდებარება იმ პირობებს, რომლის დადგენაც აუცილებლად არის მიჩნეული იმ სახელმწიფოს მთავრობის მიერ, რომლის ტერიტორიაზეც ხდება ამ უფლების განხორციელება და არ ვრცელება იმ ქონებაზე, რომლის შეძენაც მოხდა ამ სახელმწიფოში და რომლის ექსპორტიც  აკრძალულია.

 

პუნქტი 3

ექსპერტები, რომლებიც არ არიან შტატიანი თანამშრომლები და რომლებიც ასრულებენ მოვალეობებს ცენტრში ან ახორციელებენ მისიას მისი სახელით, თავიანთი მოვალეობის შესრულებისას ან მისიის განხორციელებისას, მათ შორის, მოგზაურობის დროს, სარგებლობენ შემდეგი პრივილეგიებით, იმუნიტეტებით და პირობებით იმ ფარგლებში, რამდენადაც ისინი აუცილებელია მათი მოვალეობის შესრულებისთვის ან მათი მისიის შესასრულებლად:

3.1 იმუნიტეტით იურისდიქციისგან, მათ შორის, ცენტრში დასაქმების დამთავრების შემდეგაც,  მათ ქმედებებთან დაკავშირებით, მათ შორის, მათ მიერ გამოთქმულ ან დაწერილ სიტყვებთან დაკავშირებით, რომელიც განახორციელეს თანამდებობრივი მოვალეობის შესრულებისას და თავისი უფლებამოსილების ფარგლებში; ეს იმუნიტეტი არ ეხება საგზაო გადაცდომებს, რომლებიც ჩადენილია ექსპერტის მიერ, მათ შორის, არც იმ სატრანსპორტო საშუალების მიერ მიყენებულ ზიანს, რომელიც ეკუთვნიდა ან რომელსაც მართავდა ასეთი პირი;

3.2 ყველა მათი ოფიციალური საბუთების და დოკუმენტების ხელშეუხებლობა;

3.3 იმავე საბაჟო შეღავათებით მათ პირად ბარგზე და იმავე პრივილეგიებით ფულად და სავალუტო რეგულაციებთან დაკავშირებით, როგორიც ენიჭებათ უცხო ქვეყნის მთავრობების მიერ დროებით ოფიციალურ მისიებში წარგზავნილ პირებს.

 

პუნქტი 4

4.1. წინამდებარე თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული პრივილეგიების, იმუნიტეტებისა და პირობების მინიჭება ხდება მხოლოდ ცენტრისა და საქართველოს ინტერესების გათვალისწინებით, და არა იმ პირების პირადი სარგებლისათვის, რომლებიც სარგებლობენ ამ პრივილეგიებით, იმუნიტეტებითა და პირობებით.

4.2. კომპეტენტურ ორგანოებს არა მხოლოდ აქვთ უფლება, არამედ აქვთ ვალდებულება უარი თქვან იმუნიტეტზე, როდესაც ამგვარი იმუნიტეტი ხელს უშლის მართლმსაჯულების აღსრულებას და როდესაც  შესაძლებელია მასზე უარის თქმა იმ მიზნების დაუზიანებლად, რომელთა გამოც მოხდა ამ იმუნიტეტის მინიჭება.

4.3. 4.2 პუნქტში მითითებული კომპეტენტური ორგანოებია:

  • საქართველო, მისი წარმომადგენლების შემთხვევაში;
  • საბჭო, მისი გენერალური დირექტორის შემთხვევაში;
  • გენერალური დირექტორი, მე-3 პუნქტით დადგენილი სხვა თანამშრომლების და ექსპერტების შემთხვევაში.