„მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

„მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 797
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 31/12/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/12/2021
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2022
სარეგისტრაციო კოდი 040230000.22.027.017288
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
797
31/12/2021
ვებგვერდი, 31/12/2021
040230000.22.027.017288
„მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (31/12/2021 - 26/03/2024)

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №797

2021 წლის 31 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-18 მუხლის მე-3 პუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 17716 მუხლის მე-5 ნაწილის, 17717 მუხლის მე-4 ნაწილის, 266-ე მუხლის მე-9 ნაწილისა და 267-ე მუხლის მე-3 ნაწილის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს „მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქცია.

 

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 31 დეკემბრის №241 ბრძანება.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2022 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს იუსტიციის მინისტრირატი ბრეგაძე




მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქცია

თავი I

ზოგადი დებულებანი

მუხლი 1. ინსტრუქციის რეგულირების სფერო

ეს ინსტრუქცია განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომ − სამინისტრო) მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) მიერ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრის (შემდგომ − რეესტრი) წარმოების და რეგისტრაციის პირობებს, იურიდიული მისამართისა და ელექტრონული მისამართის სტანდარტს, ინფორმაციის გაცემის ორგანიზაციულ და სამართლებრივ საფუძვლებს, სარეგისტრაციო წარმოებაში მონაწილე მხარეებს, მათ უფლებებსა და მოვალეობებს, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტის დადგენისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების წესსა და პირობებს.

მუხლი 2. ინსტრუქციის მიზანი

ინსტრუქციის მიზანია სააგენტოს მიერ სარეგისტრაციო წარმოებისა და ინფორმაციის გაცემის სამართლებრივი და პროცედურული საკითხების განსაზღვრა, სარეგისტრაციო დოკუმენტაციის, საჯარო ინფორმაციისა და სხვა მონაცემების შემცველი დოკუმენტების შინაარსის, ფორმებისა და ტექნიკური პირობების დადგენა, იურიდიული მისამართისა და ელექტრონული მისამართის სტანდარტის დადგენა, მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით ადმინისტრაციული წარმოებისა და ინფორმაციის გაცემის პროცესის მოწესრიგება.

მუხლი 3. განცხადებისა და სარეგისტრაციო დოკუმენტაციის წარდგენა

1. განცხადება და სარეგისტრაციო დოკუმენტაცია რეგისტრაციისა და ინფორმაციის გაცემის მიზნით წარედგინება ელექტრონულად (ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალის − My.gov.ge-ს მეშვეობით) სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურს, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – იუსტიციის სახლს (შემდგომ − იუსტიციის სახლი) ან სხვა ავტორიზებულ პირს პირადად, ან ფოსტის მეშვეობით. განცხადებაზე განმცხადებლის მიერ ხელმოწერა უნდა შესრულდეს სააგენტოს, იუსტიციის სახლის ან ავტორიზებული პირის უფლებამოსილი წარმომადგენლის თანდასწრებით. განცხადების ფოსტის მეშვეობით ან ელექტრონულად წარდგენისას მასზე ხელმოწერა უნდა დამოწმდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. განცხადებას თან უნდა ერთოდეს ამ ინსტრუქციით და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტაცია. უკვე წარდგენილ განცხადებაზე დამატებითი ინფორმაციის ან დოკუმენტის დართვისთვის ახალი განცხადების წარდგენა არ მოითხოვება. განცხადების, სარეგისტრაციო დოკუმენტაციის, ასევე მიმდინარე სარეგისტრაციო წარმოებაზე დამატებითი ინფორმაციის ან დოკუმენტაციის წარმოდგენისას სააგენტო, იუსტიციის სახლი ან ავტორიზებული პირი გასცემს განცხადების/დოკუმენტაციის მიღების დამადასტურებელ ბარათს.

მუხლი 4. განცხადების რეგისტრაცია

1. სააგენტო ვალდებულია დაიწყოს წარმოება დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი განცხადების საფუძველზე. სააგენტო ასევე ვალდებულია განცხადების წარდგენის გარეშე დაიწყოს წარმოება კანონმდებლობით, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლო/საარბიტრაჟო აქტით დაკისრებული ვალდებულების შესრულების მიზნით.

2. სააგენტო ვალდებულია განცხადების წარდგენისთანავე დაარეგისტრიროს განცხადება და მიანიჭოს მას უნიკალური სარეგისტრაციო ნომერი.

3. სააგენტო უფლებამოსილია განცხადება დაარეგისტრიროს როგორც სპეციალური ელექტრონული პროგრამების მეშვეობით, ისე − ქაღალდის ან სხვა მატერიალური ფორმის სარეგისტრაციო წიგნში.

4. თუ განცხადება წარმოდგენილია ფოსტის მეშვეობით ან ჩაბარებულია სააგენტოს კანცელარიაში სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში რეგისტრაციის გარეშე, სააგენტოს უფლებამოსილი პირი ვალდებულია დაუყოვნებლივ დაარეგისტრიროს აღნიშნული განცხადება შესაბამის ელექტრონულ პროგრამაში და მიანიჭოს მას უნიკალური სარეგისტრაციო ნომერი.

5. კანონმდებლობით, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლო/საარბიტრაჟო აქტით დაკისრებული ვალდებულების შესრულების მიზნით, სააგენტო ვალდებულია საკუთარი ინიციატივით სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში დაარეგისტრიროს განცხადება, რომელსაც მიენიჭება უნიკალური სარეგისტრაციო ნომერი. აღნიშნული წესი ასევე ვრცელდება ინფორმაციის/დოკუმენტაციის გაცემაზე.

6. განცხადებაზე თანდართული დოკუმენტაციის ფორმა და შინაარსი არ არის განცხადების მიღებაზე უარის თქმის საფუძველი.

მუხლი 5. გადაწყვეტილების მიღების ზოგადი წესი

1. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეგისტრაციას ახორციელებს სააგენტო საამისოდ უფლებამოსილი სტრუქტურული ქვედანაყოფის ან შესაბამისი ავტორიზებული პირის მეშვეობით. ავტორიზებული პირის უფლებამოსილების ფარგლები განისაზღვრება კანონმდებლობით და შესაბამისი ადმინისტრაციული ხელშეკრულებით.

2. სააგენტო უფლებამოსილია ნებისმიერი დოკუმენტი მიიღოს, გამოსცეს ან გასცეს როგორც ქაღალდის მატარებელზე, ისე ელექტრონული და მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებების გამოყენებით.

3. სააგენტოს გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების, შეწყვეტის, რეგისტრაციაზე უარის თქმის, რეგისტრირებული მონაცემების მოქმედების შეჩერების, განახლების ან რეგისტრაციის გაუქმების შესახებ უნდა გამოიცეს წერილობით, უნდა იყოს დასაბუთებული და შეესაბამებოდეს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მოთხოვნებს.

4. გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მიზნებისთვის სააგენტოს გადაწყვეტილებაში მიუთითოს როგორც სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების, შეწყვეტის, რეგისტრაციაზე უარის თქმის, რეგისტრირებული მონაცემების მოქმედების შეჩერების, განახლების ან რეგისტრაციის გაუქმების კონკრეტული მიზეზი, ისე ამგვარი გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძველი, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის, ამ ინსტრუქციისა და სხვა საკანონმდებლო ან/და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის შესაბამის ნორმაზე მითითებით.

5. სააგენტოს გადაწყვეტილებაში უნდა მიეთითოს გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი და ვადა, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად.

მუხლი 6. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრი

1. რეესტრში რეგისტრირდება:

ა) ინდივიდუალური მეწარმე;

ბ) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება;

გ) სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება;

დ) კომანდიტური საზოგადოება;

ე) სააქციო საზოგადოება;

ვ) კოოპერატივი;

ზ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი;

თ) უცხო ქვეყნის საწარმოს და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალი;

ი) თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში რეგისტრირებული მეწარმის ფილიალი;

კ) თავისუფალი ინდუსტრიული ზონის გარეთ რეგისტრირებული მეწარმის ფილიალი თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში;

ლ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი − რელიგიური გაერთიანება.

2. მეწარმის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაცია სავალდებულოა. მეწარმის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაცია მოიცავს, როგორც სახელმწიფო რეგისტრაციას, ისე საგადასახადო რეგისტრაციას.

3. რეესტრში დაცული მონაცემების რეგისტრაციის, რეგისტრირებული მონაცემების ცვლილებების შეტანისა და მათი გაუქმების შესახებ ინფორმაციას სააგენტო ელექტრონულად უგზავნის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − შემოსავლების სამსახურს.

4. მეწარმე, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, საჯარო სამართლის იურიდიული პირი − რელიგიური გაერთიანება, უცხო ქვეყნის საწარმოსა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალი, თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში რეგისტრირებული მეწარმის ფილიალი, თავისუფალი ინდუსტრიული ზონის გარეთ რეგისტრირებული მეწარმის მიერ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში დაარსებული ფილიალი წარმოშობილად, მათი რეგისტრირებული მონაცემები შეცვლილად, ასევე რეგისტრაცია შეწყვეტილად ითვლება სუბიექტის რეესტრში რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლის მომენტიდან.

5. სუბიექტის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება ძალაშია სააგენტოს ერთიან ელექტრონულ პორტალზე განთავსებისთანავე.

6. სუბიექტის არსებობა დგინდება მხოლოდ რეესტრიდან ამონაწერით.

მუხლი 7. რეესტრის მონაცემთა უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია

1. რეესტრში რეგისტრირებული, გამოქვეყნებული მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია.

2. მეწარმე მესამე პირთან ურთიერთობაში რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებს შეიძლება დაეყრდნოს მხოლოდ მათი გამოქვეყნების შემდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი დაამტკიცებს, რომ მესამე პირისთვის შესაბამისი ფაქტი ან დოკუმენტი ცნობილი იყო.

3. მესამე პირთან იმ ურთიერთობების ფარგლებში, რომლებიც მონაცემების რეგისტრაციიდან და გამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში წარმოიშვა, დასაშვებია რეგისტრირებულ და გამოქვეყნებულ მონაცემებზე დაყრდნობა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მესამე პირი დაამტკიცებს, რომ მან შესაბამისი ფაქტისა და დოკუმენტის თაობაზე არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა.

4. მესამე პირს უფლება აქვს დაეყრდნოს იმ მონაცემებს, რომელთა რეგისტრაციისა და გამოქვეყნების პროცედურა არ დასრულებულა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს მონაცემები ძალაში შედის მხოლოდ მათი რეგისტრაციისა და გამოქვეყნების შემდეგ.

5. სამეწარმეო საზოგადოების წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის თანამდებობაზე დანიშვნისა და მის შესახებ მონაცემთა სათანადო წესით რეგისტრაციისა და გამოქვეყნების შემთხვევაში მესამე პირთან ურთიერთობაში ამ პირის თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებულ ხარვეზზე დაყრდნობა დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სამეწარმეო საზოგადოება დაამტკიცებს, რომ მესამე პირისთვის ეს ხარვეზი ცნობილი იყო.

თავი II

ინფორმაციის ხელმისაწვდომობა

მუხლი 8. ინფორმაციის გაცემისა და მის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების წესი

1. რეესტრის რეგისტრირებული მონაცემები საჯაროა და ხელმისაწვდომია ნებისმიერი პირისთვის. საჯაროა ასევე რეგისტრაციის საფუძვლად გამოყენებული დოკუმენტაცია და სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებით წარდგენილი დოკუმენტები, მეწარმის მიერ კანონმდებლობის შესაბამისად გამოქვეყნებული სხვა ინფორმაცია/დოკუმენტაცია, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევებისა.

2. რეგისტრაციის პროცესში წარდგენილი დოკუმენტების ელექტრონული ასლები განთავსებულია სააგენტოს ერთიან ელექტრონულ პორტალზე და საფასურის გადახდის გარეშე ხელმისაწვდომია ნებისმიერი პირისთვის. რეგისტრაციის მოთხოვნა მიიჩნევა მონაცემთა სუბიექტის მიერ პერსონალური მონაცემების ამ მუხლის შესაბამისად დამუშავებაზე თანხმობის განცხადებად.

3. ელექტრონული სახით დოკუმენტი ხელმისაწვდომია სააგენტოს ელექტრონული პორტალის შესაბამისი ბმულების მეშვეობით. სააგენტოს მიერ შექმნილი ან/და სააგენტოში დაცული ელექტრონული დოკუმენტის ამონაბეჭდი არის ელექტრონული დოკუმენტის ასლი და მას ელექტრონული დოკუმენტის თანაბარი იურიდიული ძალა აქვს, თუ ის ხელმოწერისთვის პასუხისმგებელი პირის მიერ არის დამოწმებული ან/და დადასტურებული.

4. სააგენტოში დაცული სარეგისტრაციო დოკუმენტის ან სხვა დოკუმენტაციის ასევე სააგენტოს მიერ რეგისტრაციის შედეგად შექმნილი ნებისმიერი დოკუმენტის დედნის გამოთხოვა დასაშვებია მხოლოდ სასამართლოს შესაბამისი აქტის საფუძველზე და ექვემდებარება სავალდებულო წესით დაბრუნებას. სამართალდამცავი ან სხვა სახელმწიფო ორგანოების მიერ დასაშვებია მხოლოდ ამ დოკუმენტის ასლის გამოთხოვა.

5. განმცხადებლის ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირის მოთხოვნის შემთხვევაში, სააგენტო ვალდებულია დააბრუნოს მასთან დაცული დოკუმენტის დედნები, გარდა იმ შემთხვევისა, თუ დოკუმენტი რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების საფუძველია (უფლების დამადასტურებელ დოკუმენტია).

6. სააგენტოში დაცული უფლების დამადასტურებელი ან სხვა დოკუმენტის, ასევე სააგენტოს მიერ რეგისტრაციის შედეგად შექმნილი ნებისმიერი დოკუმენტის დედნის ან ასლის გამოთხოვა არ აჩერებს რეგისტრირებული მონაცემების მოქმედებას და არ კრძალავს მათ საფუძველზე რეგისტრაციას ან/და ამონაწერის თუ სხვა დოკუმენტის ან ინფორმაციის გაცემას.

7. რეგისტრირებული მონაცემების ხელმისაწვდომობისთვის გადაიხდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული მომსახურების საფასური, გარდა ამ მუხლის მე-2−მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

მუხლი 9. რეესტრიდან ამონაწერი

1. რეესტრიდან ამონაწერი გაიცემა ნებისმიერ პირზე და მზადდება რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებასთან ერთად (გარდა რეგისტრაციის გაუქმებისა), ხოლო რეგისტრირებული მონაცემის არსებობის შემთხვევაში – შესაბამისი მოთხოვნისას.

2. რეესტრიდან ამონაწერი მზადდება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა და მოვალეთა რეესტრების მონაცემების საფუძველზე და ასახავს ამონაწერის მომზადების მომენტისთვის ძალაში მყოფ მონაცემებს რეგისტრირებული სუბიექტის შესახებ.

3. რეესტრიდან ამონაწერი უნდა ასახავდეს ერთ სუბიექტზე რეგისტრირებულ მონაცემებს. ამონაწერის მოქმედების ვადა განუსაზღვრელია.

4. რეესტრიდან ამონაწერი უნდა ასახავდეს ინფორმაციას:

ა) განცხადების რეგისტრაციისა და ამონაწერის მომზადების თარიღის, რეგისტრირებული უფლებებისა და ვალდებულებების რეგისტრაციის თარიღისა და სარეგისტრაციო ნომრების შესახებ;

ბ) სუბიექტის საფირმო სახელწოდების, სამართლებრივი ფორმის, საიდენტიფიკაციო ნომრის, სუბიექტის რეგისტრაციის ნომრისა და თარიღის, მარეგისტრირებელი ორგანოს დასახელების შესახებ;

გ) სუბიექტის იურიდიული მისამართის შესახებ;

დ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის შემთხვევაში, რეგისტრირებული ტელეფონის ნომრის ან/და ელექტრონული ფოსტის მისამართის შესახებ, ასეთის არსებობისას;

ე) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების, კომანდიტური საზოგადოების, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და საზღვარგარეთ რეგისტრირებული მეწარმის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის შემთხვევაში, სუბიექტის ყოველი პარტნიორის/დამფუძნებლის საიდენტიფიკაციო მონაცემების შესახებ (სახელი, გვარი და პირადი ნომერი, ხოლო თუ პარტნიორი/დამფუძნებელი იურიდიული პირია − მისი საფირმო სახელწოდება და საიდენტიფიკაციო ნომერი);

ვ) ამონაწერის მომზადების მომენტისთვის სუბიექტთან ან/და მისი პარტნიორის წილთან დაკავშირებით რეგისტრირებული საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლებათა, მოძრავ ნივთებზე და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა (გარდა ლიზინგისა, საბანკო გარანტიისა და ფინანსური გირავნობისა, რომლის საგანია საკრედიტო მოთხოვნა), მათი რეგისტრაციის თარიღისა და ფარგლების, ამ შეზღუდვის დამადასტურებელი დოკუმენტის რეკვიზიტებისა და მისი გამომცემი ორგანოს შესახებ. ამონაწერში აგრეთვე აისახება ზემოაღნიშნული ინფორმაცია იურიდიული პირის იმ პარტნიორთან დაკავშირებით, რომელიც ამ ინსტრუქციის შესაბამისად, რეესტრში რეგისტრაციას ექვემდებარება;

ზ) ამონაწერის მომზადების მომენტისთვის სუბიექტის ან/და მისი რეგისტრირებული პარტნიორის მოვალეთა რეესტრში რეგისტრირებული მონაცემების შესახებ;

თ) საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირისა და საზღვარგარეთ რეგისტრირებული მეწარმის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის შემთხვევაში, მმართველობითი ორგანოს, სუბიექტის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის/ორგანოს, ხოლო სამეთვალყურეო საბჭოს არსებობის შემთხვევაში − აგრეთვე სამეთვალყურეო საბჭოს წევრის საიდენტიფიკაციო მონაცემების შესახებ;

ი) გენერალური სავაჭრო წარმომადგენლის არსებობის შემთხვევაში − მისი საიდენტიფიკაციო ან სარეგისტრაციო მონაცემების შესახებ;

კ) პარტნიორის წილის მმართველის არსებობის შემთხვევაში − მისი საიდენტიფიკაციო ან სარეგისტრაციო მონაცემებისა და სამართავად გადაცემული წილის ოდენობის შესახებ;

ლ) თუ საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირისა და საზღვარგარეთ რეგისტრირებული მეწარმის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის ხელმძღვანელი ორგანო რამდენიმე წევრისგან შედგება − ინფორმაციას წარმომადგენლობის ფორმის (ერთობლივი, ერთპიროვნული ან სადამფუძნებლო შეთანხმებით გათვალისწინებული) თაობაზე;

მ) წილზე საკუთრების უფლების წინასწარი რეგისტრაციის შესახებ.

5. კომანდიტური საზოგადოების შემთხვევაში ამონაწერში დამატებით აისახება ინფორმაცია, თუ რომელი პარტნიორია კომპლემენტარი და რომელი − კომანდიტი, ასევე − საზოგადოებაში კომანდიტის წილობრივი მონაწილეობის შესახებ.

6. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების შემთხვევაში ამონაწერში დამატებით აისახება ინფორმაცია:

ა) განთავსებული კაპიტალის, წილებისა და განთავსებულ კაპიტალში პარტნიორთა წილობრივი მონაწილეობის შესახებ;

ბ) კაპიტალის მაქსიმალური ოდენობის შესახებ, რომლის ფარგლებშიც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას შეუძლია მომავალში მიიღოს წილების განთავსების შესახებ გადაწყვეტილება (ნებადართული კაპიტალი), ასეთის არსებობის შემთხვევაში;

გ) გამოშვებული წილების ოდენობის შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

დ) წილების კლასების შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

7. სააქციო საზოგადოების შემთხვევაში ამონაწერში დამატებით აისახება ინფორმაცია სააქციო საზოგადოების რეგისტრაციის მომენტისთვის განთავსებული კაპიტალის ოდენობის შესახებ.

8. იურიდიული პირის შემთხვევაში ამონაწერი ასევე უნდა ასახავდეს ინფორმაციას სუბიექტის დაშლის/ლიკვიდაციის/რეორგანიზაციის/გადახდისუუნარობის პროცესის შესახებ, ასევე ინფორმაციას რეორგანიზაციის ისტორიის შესახებ (ამონაწერში შესაბამისი ინფორმაციის ველი აისახება მხოლოდ ასეთი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში).

9. „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სპეციალური მოსარჩელის სტატუსის რეგისტრაციის შემთხვევაში რეესტრიდან ამონაწერი დამატებით უნდა შეიცავდეს სპეციალური მოსარჩელის სტატუსის შესახებ მონაცემებს, ასევე ინფორმაციას, რომ სპეციალური მოსარჩელის სტატუსის შესახებ ჩანაწერი ძალაშია სტატუსის რეგისტრაციიდან 3 წლის განმავლობაში.

10. სუბიექტის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის, დამფუძნებლის/პარტნიორის, მმართველი ორგანოს წევრისა და წილის მმართველის თაობაზე რეესტრიდან ამონაწერში ასევე მიეთითება ინფორმაცია მისი/მათი უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შესახებ (მოქალაქეობის ქვეყნის მითითებით), თუ ეს დგინდება სააგენტოში დაცული მონაცემებით, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში − ინფორმაცია მისი რეგისტრაციის ქვეყნის თაობაზე.

11. საქართველოს მოქალაქეობის არმქონე ფიზიკური პირის ან უცხო ქვეყნის მოქალაქის/იურიდიული პირის შემთხვევაში რეესტრიდან ამონაწერი უნდა შეიცავდეს საქართველოს მოქალაქისთვის ან საქართველოში რეგისტრირებული სუბიექტისთვის დადგენილ ეკვივალენტურ მონაცემებს.

12. იურიდიული პირის შემთხვევაში რეესტრიდან ამონაწერის ფორმა განისაზღვრება ამ ინსტრუქციის №1 დანართით, ხოლო ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში – №2 დანართით.

მუხლი 10. სააგენტოს ერთიანი ელექტრონული პორტალი

1. ელექტრონული პორტალი არის სააგენტოს ერთიანი ელექტრონული პლატფორმა, კომუნიკაციის ვირტუალური სივრცე, სადაც ქვეყნდება რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებები, სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული დოკუმენტები, ინფორმაცია სამეწარმეო საზოგადოების საერთო კრების მოწვევის შესახებ და მეწარმის მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გამოსაქვეყნებელი სხვა ინფორმაცია/დოკუმენტები.

2. ელექტრონული პორტალის ადმინისტრირებას, მის ტექნოლოგიურ მხარდაჭერასა და განვითარებასა უზრუნველყოფს სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ციფრული მმართველობის სააგენტო, ციფრული მმართველობის პრინციპების დაცვით.

3. ელექტრონული პორტალი შედგება სააგენტოს რეგისტრირებული მონაცემებისა და სუბიექტის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდებისგან.

4. სააგენტოს რეგისტრირებული მონაცემების გვერდზე განთავსდება სუბიექტის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებები და სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული დოკუმენტები, რომლებიც საჯარო და ხელმისაწვდომია ნებისმიერი პირისთვის.

5. სუბიექტის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდი არის ერთიანი ელექტრონული პორტალის ფარგლებში მეწარმისთვის მიკუთვნებული ელექტრონული პლატფორმა (ელექტრონული მისამართი), რომელიც გამოიყენება სუბიექტსა და სააგენტოს შორის კომუნიკაციისა და სუბიექტისთვის ელექტრონული სერვისების მიწოდების მიზნით, ასევე „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სუბიექტის მიერ გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის/დოკუმენტაციის საჯაროდ განსათავსებლად.

6. სარეგისტრაციო განცხადების წარდგენის გარეშე სუბიექტის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე (ელექტრონულ მისამართზე) ინფორმაციის/დოკუმენტაციის საჯაროდ გამოქვეყნება არ არის სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველი.

7. ელექტრონული სარეგისტრაციო განცხადების სააგენტოსთვის წარსადგენად საჭიროა ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალის − My.gov.ge.-ის მეშვეობით ელექტრონულ სარეგისტრაციო განცხადებასა და დოკუმენტაციაზე ხელმოწერა დამოწმდეს „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

8. მეწარმის ან საზღვარგარეთ რეგისტრირებული მეწარმის ფილიალის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირი პასუხისმგებელია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გამოსაქვეყნებელი მონაცემების/დოკუმენტების სააგენტოსთვის მიწოდებაზე. მონაცემების/დოკუმენტების სააგენტოსთვის მიწოდებად ჩაითვლება მონაცემების/დოკუმენტების სუბიექტის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე (ელექტრონულ მისამართზე) საჯაროდ გამოქვეყნება/განთავსება.

9. სააგენტოს შეტყობინება ჩაბარებულად მიიჩნევა მეწარმის მიერ გაცნობისთანავე, იურიდიულ მისამართზე ჩაბარების მომენტიდან ან ელექტრონულ მისამართზე განთავსებიდან მე-15 დღეს, თუ არ დასტურდება ელექტრონულ მისამართზე განთავსებული შეტყობინების ადრესატის მიერ უფრო ადრე გაცნობა.

მუხლი 11. ელექტრონული მისამართის შექმნა

1. რეესტრში სუბიექტის პირველადი რეგისტრაციისას ერთიან ელექტრონულ პორტალზე სააგენტო ქმნის სუბიექტის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდს − ელექტრონულ მისამართს, რომელიც მოქმედებს აღნიშნული სუბიექტის გაუქმებამდე.

2. ელექტრონული მისამართის შექმნისთვის სავალდებულოა სადამფუძნებლო შეთანხმებაში მიეთითოს მეწარმის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, საზღვარგარეთ რეგისტრირებული მეწარმის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის მფლობელობასა და სარგებლობაში არსებული მობილური ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი. სადამფუძნებლო შეთანხმებაში მობილური ტელეფონის ნომრისა და ელექტრონული ფოსტის მისამართის მითითება არ არის სავალდებულო, თუ სააგენტოში სარეგისტრაციო განცხადება წარდგენილია უშუალოდ სუბიექტის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის მიერ. ამ შემთხვევაში მობილური ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი მიეთითება სარეგისტრაციო განცხადებაში. აღნიშნული მონაცემები არ არის საჯარო. დაინტერესებული პირი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ მონაცემების საჯაროობა და ელექტრონულ პორტალზე გამოქვეყნება.

3. ელექტრონული პორტალის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდის მართვასა და კანონით განსაზღვრული სავალდებულო მონაცემების გამოქვეყნებაზე უფლებამოსილი/პასუხისმგებელი შეიძლება იყოს სუბიექტის მხოლოდ ერთი ხელმძღვანელი პირი. თუ სუბიექტს ჰყავს ერთზე მეტი ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირი, მობილური ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და ელექტრონული პორტალის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდის მართვაზე უფლებამოსილი ხელმძღვანელი პირი განისაზღვრება მათი შეთანხმების საფუძველზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი პირი განსაზღვრულია საერთო კრების მიერ, სადამფუძნებლო შეთანხმებით.

4. პირი, რომელმაც მიუთითა მობილური ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი, პასუხისმგებელია იმ გარემოებაზე, რომ მის მიერ მითითებული ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი არის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის მფლობელობაში/სარგებლობაში ან/და უფლებამოსილი პირისგან მიღებული აქვს თანხმობა მათ გამოყენებაზე.

5. ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის მობილური ტელეფონის ნომერზე სააგენტოს ელექტრონული სისტემიდან იგზავნება ერთჯერადი ვერიფიკაციის კოდი, რომლის მეშვეობითაცსააგენტოს მიერ უფლებამოსილი პირი მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით ახდენს მობილური ტელეფონის ნომრის ვერიფიკაციას/დადასტურებას. თუ ვერ მოხდება მობილური ტელეფონის ნომრის ვერიფიკაცია/დადასტურება, სააგენტოს, ამ მუხლით დადგენილი წესით, უნდა წარედგინოს ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის სხვა მობილური ტელეფონის ნომერი, ხოლო თუ ვერ მოხდება სხვა მობილური ტელეფონის ნომრის ვერიფიკაცია/დადასტურება, აღნიშნული სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძველია. სარეგისტრაციო წარმოება განახლდება მითითებული ტელეფონის ნომრის ვერიფიკაციის/დადასტურების ან უფლებამოსილი პირის მიერ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში სხვა მობილური ტელეფონის ნომრის წარდგენის შემთხვევაში.

6. რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ სუბიექტის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის მობილური ტელეფონის ნომერზე სააგენტოს ელექტრონული სისტემიდან იგზავნება აქტივაციის კოდი, „მომხმარებლის სახელი“, „მომხმარებლის პაროლი“ და ელექტრონული მისამართის ბმული.

7. სუბიექტისთვის გაგზავნილი „მომხმარებლის პაროლი“ დროებითია და სუბიექტის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია ელექტრონულ მისამართზე პირველივე შესვლისას შეცვალოს ის.

8. სუბიექტის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირი პასუხისმგებელია „მომხმარებლის სახელისა“ და „მომხმარებლის პაროლის“ სათანადო წესით გამოყენებასა და მათი სხვა პირისთვის გადაცემის შემთხვევაში, დამდგარ სამართლებრივ შედეგებზე.

9. ელექტრონული პორტალის სუბიექტის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდის მართვაზე უფლებამოსილი და კანონით განსაზღვრული სავალდებულო მონაცემების გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი ხელმძღვანელი პირის შეცვლის შემთხვევაში წინა ხელმძღვანელს უწყდება წვდომა სუბიექტის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე და ამ მუხლით დადგენილი წესის დაცვით, ერთჯერადი ვერიფიკაციის საფუძველზე, განახლებული მონაცემები („მომხმარებლის პაროლი“) ახალ ხელმძღვანელს მიეწოდება.

10. ინდივიდუალური მეწარმისთვის/საზღვარგარეთ რეგისტრირებული მეწარმის ფილიალისთვის სუბიექტის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდი (ელექტრონული მისამართი) იქმნება/აქტივაცია ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით.

11. ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალის (My.gov.ge) მეშვეობით სააგენტოსთვის განცხადებისა და სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ელექტრონულად წარდგენის შემთხვევაში ელექტრონული პორტალის სუბიექტის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდის (ელექტრონული მისამართის) აქტივაცია შესაძლებელია ამ მუხლით დადგენილი წესით, ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალის (My.gov.ge) მეშვეობით, სერვისების ელექტრონული ფორმით ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის დადგენილი წესითა და პირობებით.

მუხლი 12. იურიდიული მისამართი

1. იურიდიული მისამართი არის მეწარმის ფიზიკური მისამართი საქართველოს ტერიტორიაზე.

2. იურიდიულ მისამართად სუბიექტმა უნდა მიუთითოს ის ფიზიკური მისამართი, რომელზეც შესაძლებელია საზოგადოების დოკუმენტაციის გაცნობა და რომელზე მისული შეტყობინებაც ჩაბარებულად ჩაითვლება.

3. მეწარმის იურიდიული მისამართის განსაზღვრისთვის სავალდებულოა ადგილსამყოფლის მესაკუთრის სათანადო წესით დადასტურებული თანხმობის ან ადგილსამყოფლით სარგებლობის თაობაზე დადგენილი წესით გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულების სააგენტოში წარდგენა.

4. სუბიექტის იურიდიულ მისამართად შეიძლება განისაზღვროს სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომ − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო) ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში ასახული პირის რეგისტრაციის მისამართი, თუ ეს პირი არის აღნიშნული სუბიექტის დამფუძნებელი/პარტნიორი, ხელმძღვანელობაზე და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი, წილის მმართველი, მმართველი ორგანოს წევრი.

5. სუბიექტის იურიდიულ მისამართად შეიძლება განისაზღვროს საქართველოს უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული დევნილის მოწმობაში მითითებული მისამართი, თუ აღნიშნული სუბიექტის დამფუძნებელი/პარტნიორი, ხელმძღვანელობაზე და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი, წილის მმართველი, მმართველი ორგანოს წევრი არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირი.

თავი III

სარეგისტრაციო წარმოება და რეგისტრაციის წესი

მუხლი 13. სარეგისტრაციო წარმოების მხარეები

სარეგისტრაციო წარმოების მხარეები არიან დაინტერესებული პირი და სააგენტო.

მუხლი 14. დაინტერესებული პირის, მისი წარმომადგენლის ან/და განცხადების წარმდგენის ვინაობის დადგენა

1. დაინტერესებული ფიზიკური პირის (მათ შორის, მისი წარმომადგენლის) ვინაობა დგინდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, მათ შორის, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის, საქართველოს მოქალაქის პასპორტის, საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის, საქართველოში მცხოვრები უცხოელის ბინადრობის მოწმობის, დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის, პირადობის ნეიტრალური მოწმობის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის საფუძველზე. დასაშვებია დაინტერესებული პირის/წარმომადგენლის ვინაობის დადგენა სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის ან საერთაშორისო მართვის მოწმობის საფუძველზე, რომელიც გაცემულია საქართველოს შესაბამისი უფლებამოსილი სამსახურების მიერ. უცხოელ მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტად ასევე მიიჩნევა შესაბამისი ქვეყნის მიერ გაცემული პასპორტი, რომელიც განკუთვნილია უცხოეთში სამოქმედოდ, ბინადრობის მოწმობა ან სამშობლოში დაბრუნების დროებითი მოწმობა.

2. დაინტერესებული იურიდიული პირი იდენტიფიცირდება რეგისტრაციის დამადასტურებელი ამონაწერით შესაბამისი რეესტრიდან ან რეგისტრაციის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტით, ხოლო სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი − რეგისტრაციის დამადასტურებელი ამონაწერით შესაბამისი რეესტრიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და მისი დაფუძნების დამადასტურებელი დოკუმენტით.

3. დაინტერესებული პირის, მისი წარმომადგენლის ან/და განცხადების წარმდგენის ვინაობის დასადგენად სააგენტოს უნდა წარედგინოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი დოკუმენტი. სარეგისტრაციო განცხადების მიღებაზე უფლებამოსილ პირს შეუძლია აღნიშნული დოკუმენტის საფუძველზე, დაინტერესებული პირის, მისი წარმომადგენლის ან/და განცხადების წარმდგენის ვინაობის დადგენის მიზნით, გამოიყენოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზა. თუ სარეგისტრაციო განცხადების წარდგენისას ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი დოკუმენტის საფუძველზე პირის ვინაობის დადგენა შესაძლებელია ელექტრონულ მონაცემთა ბაზით, სარეგისტრაციო დოკუმენტაციას არ დაერთვის დაინტერესებული პირის, მისი წარმომადგენლის ან/და განცხადების წარმომდგენის ვინაობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ან ამონაბეჭდი ელექტრონულ მონაცემთა ბაზიდან.

მუხლი 15. სარეგისტრაციო/გამოქვეყნებული ინფორმაციის ნამდვილობა

1. სააგენტოსთვის წარდგენილი მონაცემებისა და დოკუმენტების ნამდვილობისთვის, მათი შინაარსის სისწორისა და შექმნის პროცედურების დაცვისთვის პასუხისმგებელია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით ან/და სამეწარმეო საზოგადოების სადამფუძნებლო შეთანხმებით განსაზღვრული, აღნიშნული მონაცემებისა და დოკუმენტების შექმნის უფლებამოსილების მქონე ორგანო/პირი. სააგენტო პასუხისმგებელია მხოლოდ რეგისტრირებული მონაცემებისა და მასთან დაცული სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტების ურთიერთშესაბამისობისა და უსაფრთხოებისთვის.

2. სუბიექტი ელექტრონულ პორტალზე ათავსებს მხოლოდ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ინფორმაციას ან/და ამ სუბიექტის საქმიანობასთან დაკავშირებულ ინფორმაციას. ელექტრონული პორტალის არამიზნობრივად გამოყენებისთვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

3. მეწარმის, საზღვარგარეთ რეგისტრირებული მეწარმის ფილიალის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიერ ელექტრონულ პორტალზე „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ინფორმაციის/დოკუმენტების გამოქვეყნების/განთავსებისა და ამ ინფორმაციის/დოკუმენტების სისწორისთვის პასუხისმგებელია თავად ეს სუბიექტი. სააგენტო არ ამოწმებს ელექტრონულ პორტალზე განთავსებული ინფორმაციის/დოკუმენტების (გარდა რეგისტრირებული მონაცემისა) შინაარსისა და გამოქვეყნების პროცედურის სისწორეს.

მუხლი 16. საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭების წესი

1. რეგისტრაციის შედეგად სუბიექტს ენიჭება უნიკალური, მუდმივი საიდენტიფიკაციო ნომერი, რომლის შეცვლა დაუშვებელია.

2. საიდენტიფიკაციო ნომერი არის:

ა) ყველა სარეგისტრაციო სუბიექტისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული ცხრანიშნა ნომერი, გარდა ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა;

ბ) ინდივიდუალური მეწარმისთვის – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული პირადი საიდენტიფიკაციო ნომერი.

3. საიდენტიფიკაციო ნომერი უქმდება სუბიექტის რეგისტრაციის გაუქმებასთან ერთად.

მუხლი 17. ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაციის წესი

1. ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაციისთვის ან რეგისტრირებული მონაცემების ცვლილების რეგისტრაციისთვის ფიზიკური პირი სააგენტოს წარუდგენს წერილობით განცხადებას ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაციის ან რეგისტრირებული მონაცემების ცვლილების რეგისტრაციის მოთხოვნით, საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტსა და პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს.

2. განცხადება უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

ა) განმცხადებლის სახელს;

ბ) განმცხადებლის იურიდიულ მისამართს;

გ) ინდივიდუალური მეწარმის საფირმო სახელწოდებასა და იურიდიულ მისამართს;

დ) განმცხადებლის პირად ნომერს, ხოლო თუ განმცხადებელი საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირი ან უცხო ქვეყნის მოქალაქეა − მის მიერ წარდგენილი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის საიდენტიფიკაციო მონაცემებს;

ე) განმცხადებლის ხელმოწერას.

3. ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაციისთვის ან რეგისტრირებული მონაცემების ცვლილების რეგისტრაციისთვის განცხადების სააგენტოსთვის წარდგენის უფლება აქვთ აგრეთვე „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ოკუპირებულ ტერიტორიებზე − აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიებსა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიებზე) ლეგიტიმურად მცხოვრებ ფიზიკურ პირებს, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არიან რეგისტრირებული და რომლებსაც მინიჭებული აქვთ პირადი ნომერი. მათი ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაცია ხორციელდება ამ მუხლით დადგენილი წესით. ამ პირთა ვინაობის დასადგენად გამოიყენება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზა ან/და, არსებობის შემთხვევაში, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მათი რეგისტრაციისა და მათთვის პირადი ნომრის მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტი.

4. ინდივიდუალური მეწარმის საფირმო სახელწოდება უნდა შეიცავდეს მისი სამართლებრივი ფორმის აღმნიშვნელ დამატებას: „ინდივიდუალური მეწარმე“ ან „ინდმეწარმე“.

5. ინდივიდუალური მეწარმის საფირმო სახელწოდება შეიძლება იყოს მისი სახელი ან/და გვარი, ასევე შეიძლება შეირჩეს სამეწარმეო საზოგადოების საქმიანობის საგნის მიხედვით ან იყოს ფანტაზიის ნაყოფი, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით მეწარმის საფირმო სახელწოდებისთვის დადგენილი პირობების დაცვით. რეესტრიდან ამონაწერში, გარდა საფირმო სახელწოდებისა, ასევე მიეთითება ინდივიდუალური მეწარმის სახელი, გვარი და საიდენტიფიკაციო ნომერი.

6. ინდივიდუალური მეწარმე უფლებამოსილია წერილობით გასცეს გენერალური სავაჭრო მინდობილობა. გენერალური სავაჭრო მინდობილობა შეიძლება ორ ან ორზე მეტ პირს ერთობლივად მიეცეს და განისაზღვროს, რომ ისინი ცალ-ცალკე ან ერთად წარმოადგენენ მეწარმეს (საერთო გენერალური სავაჭრო მინდობილობა).

7. ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაციის გაუქმების საფუძვლებია:

ა) პირადი განცხადება;

ბ) ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებული ფიზიკური პირის გარდაცვალება, სასამართლოს მიერ მისი გარდაცვლილად გამოცხადება ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება, აგრეთვე მისი მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაცია უქმდება ნებისმიერი პირის მოთხოვნით ან სააგენტოს ინიციატივით.

9. ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაციის გაუქმება იწვევს გენერალური სავაჭრო მინდობილობის (არსებობის შემთხვევაში) შეწყვეტას.

მუხლი 18. იურიდიული პირის რეგისტრაციის წესი

1. იურიდიული პირის რეგისტრაციის მიზნით სააგენტოს სავალდებულოდ წარედგინება:

ა) ყველა დამფუძნებლის მიერ ხელმოწერილი და სათანადო წესით დამოწმებული სადამფუძნებლო შეთანხმება;

ბ) ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი თითოეული პირის მიერ, კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული თანხმობა ასეთი ფუნქციის შესრულებაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ნება გამოხატულია სადამფუძნებლო შეთანხმებაში;

გ) სუბიექტის იურიდიული მისამართის განსაზღვრისთვის ადგილსამყოფლის მესაკუთრის სათანადო წესით დადასტურებული თანხმობა ან ადგილსამყოფლით სარგებლობის თაობაზე დადგენილი წესით გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულება;

დ) საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტი/ინფორმაცია.

2. იურიდიული პირის სადამფუძნებლო შეთანხმება შეიცავს წესდებას, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ მონაცემებს.

3. სადამფუძნებლო შეთანხმებაში უნდა მიეთითოს, არსებობს თუ არა დამფუძნებლების მიერ შემუშავებული წესდება. თუ დამფუძნებლების მიერ შემუშავებული წესდება არ არსებობს, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ შესაბამისი სამართლებრივი ფორმის სუბიექტისთვის დამტკიცებული სტანდარტული წესდება მიიჩნევა სამეწარმეო საზოგადოების სადამფუძნებლო შეთანხმების ნაწილად და დაერთვის სუბიექტის სარეგისტრაციო დოკუმენტაციას.

4. საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ დამტკიცებული სტანდარტული წესდება განთავსებულია ელექტრონულ პორტალზე და ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის. სარეგისტრაციო მიზნებისთვის, სტანდარტული წესდების ქაღალდის ან ელექტრონული ვერსიის სააგენტოში წარდგენა არ მოითხოვება.

5. ნებისმიერი სამართლებრივი ფორმის იურიდიული პირის რეგისტრაციისას რეესტრში რეგისტრირდება:

ა) სუბიექტის საფირმო სახელწოდება, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილ პირობებს;

ბ) სუბიექტის იურიდიული მისამართი;

გ) სუბიექტის ყოველი პარტნიორის/დამფუძნებლის საიდენტიფიკაციო მონაცემები: სახელი, გვარი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი და პირადი ნომერი, ხოლო თუ პარტნიორი/დამფუძნებელი იურიდიული პირია − მისი საფირმო სახელწოდება, იურიდიული მისამართი და საიდენტიფიკაციო ნომერი;

დ) სუბიექტის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის, ხოლო სამეთვალყურეო საბჭოს არსებობის შემთხვევაში − აგრეთვე სამეთვალყურეო საბჭოს წევრის საიდენტიფიკაციო მონაცემები და უფლებამოსილების ვადა, თუ ასეთი ვადა განსაზღვრულია;

ე) გენერალური სავაჭრო წარმომადგენლის არსებობის შემთხვევაში − მისი საიდენტიფიკაციო ან სარეგისტრაციო მონაცემები და უფლებამოსილების ვადა;

ვ) პარტნიორის წილის მმართველის არსებობის შემთხვევაში − მისი საიდენტიფიკაციო ან სარეგისტრაციო მონაცემები და სამართავად გადაცემული წილის ოდენობა;

ზ) სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირთა, ხოლო სამეთვალყურეო საბჭოს არსებობის შემთხვევაში − აგრეთვე სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა რაოდენობა და მათი დანიშვნისა და გათავისუფლების წესი, თუ ეს საკითხები კანონისგან განსხვავებულად არის მოწესრიგებული, ასევე აღნიშნულ წევრთა უფლებამოსილება;

თ) თუ იურიდიული პირის ხელმძღვანელი ორგანო რამდენიმე წევრისგან შედგება − წარმომადგენლობის ფორმა: ერთობლივი, ერთპიროვნული ან სადამფუძნებლო შეთანხმებით გათვალისწინებული.

6. კომანდიტური საზოგადოების რეგისტრაციისას რეესტრში დამატებით რეგისტრირდება ინფორმაცია კომანდიტი პარტნიორის თაობაზე, აგრეთვე, მისი შენატანის და საგარანტიო თანხის ოდენობა.

7. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების რეგისტრაციისას რეესტრში დამატებით რეგისტრირდება:

ა) განთავსებული კაპიტალი (არსებობის შემთხვევაში) და იმ წილების ოდენობა, რომლებიც გასცა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებამ საზღაურის სანაცვლოდ (განთავსებული წილი), აგრეთვე კაპიტალში პარტნიორთა წილობრივი მონაწილეობა. ეს მონაცემები გამოხატული უნდა იყოს პროცენტული მაჩვენებლით და მათი ჯამი უნდა შეადგენდეს 100 პროცენტს;

ბ) არსებობის შემთხვევაში − დაფუძნების მომენტისთვის კაპიტალის მაქსიმალური ოდენობა, რომლის ფარგლებშიც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას შეუძლია მომავალში მიიღოს წილების განთავსების შესახებ გადაწყვეტილება (ნებადართული კაპიტალი);

გ) არსებობის შემთხვევაში − დაფუძნების მომენტისთვის გამოშვებული წილების ოდენობა, აგრეთვე, ინფორმაცია მათი განთავსების შემთხვევაში კაპიტალში პარტნიორთა არსებული წილებისა და პროცენტული მონაწილეობის ხელახალი გადანაწილების თაობაზე;

დ) არსებობის შემთხვევაში − წილების კლასები და მათი ნომინალური ღირებულება, თითოეული კლასის წილთან მიმართებით;

ე) არსებობის შემთხვევაში − სპეციალური პირობა, რომელიც ზღუდავს წილების გასხვისებას, თითოეული კლასის წილთან მიმართებით.

8. სააქციო საზოგადოების რეგისტრაციისას რეესტრში დამატებით რეგისტრირდება:

ა) სააქციო საზოგადოების რეგისტრაციის მომენტისთვის განთავსებული კაპიტალის ოდენობა;

ბ) კაპიტალის მაქსიმალური ოდენობა, რომლის ფარგლებშიც სააქციო საზოგადოებას შეუძლია მომავალში მიიღოს აქციების განთავსების შესახებ გადაწყვეტილება (ნებადართული კაპიტალი), აგრეთვე აქციების ნომინალური ღირებულება (არსებობის შემთხვევაში);

გ) სააქციო საზოგადოების დაფუძნების მომენტისთვის განთავსებული აქციების ნომინალური ღირებულება (არსებობის შემთხვევაში) და მათი ოდენობა, ხოლო ნომინალური ღირებულების გარეშე განთავსებული აქციების შემთხვევაში − მათი ოდენობა. ეს ინფორმაცია რეგისტრირდება თითოეული კლასის აქციასთან მიმართებით;

დ) სპეციალური პირობა, რომელიც ზღუდავს აქციების გასხვისებას, ასეთი შეზღუდვის არსებობის შემთხვევაში. ეს ინფორმაცია რეგისტრირდება თითოეული კლასის აქციასთან მიმართებით;

ე) სააქციო საზოგადოების დაფუძნების მომენტისთვის განთავსებული კაპიტალის განაღდებული ნაწილის (განაღდებული კაპიტალი) ოდენობა;

ვ) არაფულადი შენატანის სანაცვლოდ გამოშვებული აქციების ნომინალური ღირებულება, ხოლო ნომინალური ღირებულების გარეშე გამოშვებული აქციების შემთხვევაში − მათი ოდენობა, შენატანის სახე და შენატანისთვის ვალდებული პირის სახელი/სახელწოდება;

ზ) სააქციო საზოგადოების დაფუძნებასთან, აგრეთვე ლიცენზიის/ნებართვის მოპოვებასთან დაკავშირებული ის არსებული ან სავარაუდო ხარჯები, რომლებიც სააქციო საზოგადოებამ უნდა გაიღოს;

თ) დაფუძნებასთან, აგრეთვე ლიცენზიის/ნებართვის მოპოვებასთან დაკავშირებული მოქმედებების განხორციელებაში მონაწილე პირთა მიერ სააქციო საზოგადოებისგან მიღებული ან მისაღები ეკონომიკური სარგებელი.

9. კოოპერატივის რეგისტრაციისას რეესტრში დამატებით რეგისტრირდება ინფორმაცია პაის ნომინალური ღირებულების შესახებ.

10. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაციისას რეესტრში დამატებით რეგისტრირდება ტელეფონის ნომერი ან/და ელექტრონული ფოსტის მისამართი (არსებობის შემთხვევაში), რომელზედაც/რომლებზედაც შესაძლებელია ელექტრონული შეტყობინების გაგზავნა.

11. საქართველოს მოქალაქეობის არმქონე ფიზიკური პირის ან უცხო ქვეყნის იურიდიული პირის რეგისტრაციისას სუბიექტის სადამფუძნებლო დოკუმენტი უნდა შეიცავდეს საქართველოს მოქალაქისთვის ან საქართველოში რეგისტრირებული სუბიექტისთვის დადგენილ ეკვივალენტურ მონაცემებს, რომლებიც გამოიყენება საქართველოში სანოტარო მოქმედებების შესრულების დროს პირის იდენტიფიკაციისთვის.

12. რეესტრში რეგისტრირდება მხოლოდ სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების, კომანდიტური საზოგადოების, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორი/დამფუძნებელი.

მუხლი 19. საზღვარგარეთ რეგისტრირებული მეწარმის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის რეგისტრაციის წესი

1. საზღვარგარეთ რეგისტრირებული მეწარმის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის შემთხვევაში, რეესტრში რეგისტრირდება:

ა) დამფუძნებლის საფირმო სახელწოდება;

ბ) დამფუძნებლის იურიდიული მისამართი;

გ) დამფუძნებლის საქმიანობის ძირითადი ადგილი;

დ) დამფუძნებლის სამართლებრივი ფორმა და ის ქვეყანა, რომლის კანონმდებლობაც ვრცელდება დამფუძნებლის რეგისტრაციაზე;

ე) უცხო ქვეყნის იმ ორგანოს დასახელება, რომლის მიერაც რეგისტრირებულია დამფუძნებელი, და რეგისტრაციის ნომერი, თუ ამ ქვეყნის კანონმდებლობით რეგისტრაცია სავალდებულოა ან სავალდებულო არ არის, თუმცა სუბიექტი რეგისტრირებულია;

ვ) ფილიალის საფირმო სახელწოდება, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ პირობებს;

ზ) ფილიალის იურიდიული მისამართი;

თ) ფილიალის ხელმძღვანელის საიდენტიფიკაციო მონაცემები და მისი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მოცულობა. თუ ფილიალს წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე რამდენიმე პირი ჰყავს, რეგისტრაციისას უნდა მიეთითოს, ისინი ფილიალს ერთად წარმოადგენენ თუ ცალ-ცალკე;

ი) მეწარმის, აგრეთვე მისი ფილიალის საქმიანობის საგანი. საქმიანობის საგნის რეგისტრაციისას გამოიყენება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესები საწარმოს საქმიანობის საგნის წესდებით განსაზღვრის შესახებ;

კ) არსებობის შემთხვევაში − ფილიალის რეგისტრაციის მომენტისთვის სამეწარმეო საზოგადოების განთავსებული კაპიტალის ოდენობა.

6. საზღვარგარეთ რეგისტრირებული მეწარმის ფილიალის რეგისტრაციის შესახებ განცხადებას უნდა დაერთოს:

ა) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამოწმებული, მეწარმის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამოწმებული სამეწარმეო საზოგადოების სადამფუძნებლო დოკუმენტები და წესდება;

გ) დოკუმენტი, რომლითაც დგინდება სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის ვინაობა და საიდენტიფიკაციო მონაცემები, აგრეთვე ინფორმაცია მისი თანამდებობაზე დანიშვნისა და უფლებამოსილების ვადის ამოწურვის თაობაზე. ეს დოკუმენტი უნდა შეიცავდეს მითითებას იმის თაობაზე, პირი ფილიალს წარმოადგენს, როგორც სამეწარმეო საზოგადოების ორგანოს წევრი თუ როგორც ფილიალის საქმიანობასთან დაკავშირებით სამეწარმეო საზოგადოების მუდმივი წარმომადგენელი;

დ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამოწმებული მეწარმის (მის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი შესაბამისი პირის/ორგანოს) გადაწყვეტილება ფილიალის დაარსების შესახებ;

ე) ფილიალის ხელმძღვანელად/წარმომადგენლად დასანიშნი პირის თანხმობა.

მუხლი 20. სუბიექტის რეგისტრირებული მონაცემების ცვლილების რეგისტრაცია

1. სუბიექტის რეგისტრირებული მონაცემების ცვლილება გულისხმობს სუბიექტის დაშლის, ლიკვიდაციის ან რეორგანიზაციის პროცესის, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების, გაკოტრების ან რეაბილიტაციის რეჟიმის დაწყების ან შეწყვეტის, ლიკვიდატორის, რეაბილიტაციის ზედამხედველის ან გაკოტრების მმართველის ან სადამფუძნებლო შეთანხმების ცვლილების შესახებ ინფორმაციის რეესტრში ასახვას. სუბიექტის რეგისტრირებული მონაცემების ცვლილებად მიიჩნევა ასევე სადამფუძნებლო შეთანხმებაში ნებისმიერი სახის ჩანაწერის ცვლილება.

2. სუბიექტის რეგისტრირებული მონაცემების ცვლილების საფუძველია უფლებამოსილი პირის/ორგანოს სათანადო წესით მიღებული და დამოწმებული გადაწყვეტილება ან უფლებამოსილი პირების მიერ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით შედგენილი გარიგება.

3. ერთი სარეგისტრაციო განცხადებით შესაძლებელია მხოლოდ ერთი სუბიექტის რეგისტრირებული მონაცემების ცვლილების რეგისტრაციის მოთხოვნა. ერთი სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში განიხილება ერთი სარეგისტრაციო განცხადებით მოთხოვნილი ყველა მონაცემის ცვლილების საკითხი და გადაიხდევინება ერთი მომსახურების საფასური.

4. სუბიექტის სადამფუძნებლო შეთანხმების ცვლილების განხორციელების მოთხოვნის შემთხვევაში სუბიექტის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილმა პირმა ცვლილების დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად სააგენტოს უნდა წარუდგინოს სადამფუძნებლო შეთანხმების/წესდების კონსოლიდირებული ტექსტი ელექტრონულ, რედაქტირებად (“Microsoft Word”) ფორმატში, რაც სააგენტოს მისცემს შესაბამისი მონაცემების ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით დამუშავების შესაძლებლობას. წარდგენილი კონსოლიდირებული ტექსტის ხარვეზი რეგისტრაციის შემაფერხებელი გარემოებად ჩაითვლება.

5. სადამფუძნებლო შეთანხმების კონსოლიდირებული ტექსტის სიზუსტესა და დამფუძნებელთა მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებთან მის შესაბამისობაზე პასუხისმგებელია სუბიექტის ხელძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი. კონსოლიდირებული ტექსტი სადამფუძნებლო შეთანხმების სრული ტექსტია (ბოლო რედაქცია), რომელიც ასახავს სხვადასხვა დროს მასში შეტანილ და ძალაში მყოფ ყველა ცვლილებას.

6. სააგენტო სადამფუძნებლო შეთანხმების კონსოლიდირებულ ტექსტს შესაბამისი მითითებით განათავსებს ელექტრონულ პორტალზე, სააგენტოს რეგისტრირებული მონაცემების გვერდზე.

მუხლი 21. საფირმო სახელწოდება

1. სუბიექტის საფირმო სახელწოდების რეგისტრაცია წარმოებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი პირობების დაცვით.

2. ნებისმიერი პირი უფლებამოსილია სააგენტოს ელექტრონული პორტალის შესაბამის ბმულზე წინასწარ გადაამოწმოს, არის თუ არა მის მიერ იურიდიული პირისთვის შერჩეული საფირმო სახელწოდება უკვე რეგისტრირებული სხვა იურიდიული პირის საფირმო სახელწოდების იდენტური ან მასთან მიმსგავსებული. თუ პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით დადგინდა, რომ შერჩეული საფირმო სახელწოდება უკვე რეგისტრირებული სხვა იურიდიული პირის საფირმო სახელწოდების იდენტური ან მასთან მიმსგავსებულია, რეგისტრაციის მიზნით, სააგენტოს უნდა წარედგინოს რეგისტრირებული პირის თანხმობა.

3. საფირმო სახელწოდების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლით დადგენილ პირობებთან შესაბამისობას აფასებს უშუალოდ რეგისტრაციაზე უფლებამოსილი თანამშრომელი, დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილ, აგრეთვე სააგენტოს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი), საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს საჯაროდ განთავსებულ ელექტრონულ მონაცემთა ბაზებში დაცულ, აგრეთვე სხვა მისთვის ობიექტურად ხელმისაწვდომ საჯაროდ განთავსებულ საყოველთაოდ ცნობილ ინფორმაციაზე/დოკუმენტაციაზე დაყრდნობით, კანონით დადგენილი წესით, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპის დაცვით.

4. თუ საფირმო სახელწოდებასთან დაკავშირებით წარდგენილი/მოძიებული ინფორმაცია არასაკმარისი აღმოჩნდა, სააგენტო უფლებამოსილია დაინტერესებულ პირს მოსთხოვოს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გარემოებების არარსებობის დასადასტურებლად დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტების წარდგენა.

მუხლი 22. უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული სამეწარმეო საზოგადოების რეგისტრაციის საქართველოში გადმოტანისა და საქართველოში რეგისტრირებული საწარმოს რეგისტრაციის უცხო ქვეყანაში გადატანის (რედომიცილება) ზოგადი წესი

1. უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული სამეწარმეო საზოგადოების რეგისტრაციის საქართველოში გადმოტანა და საქართველოში რეგისტრირებული სამეწარმეო საზოგადოების რეგისტრაციის უცხო ქვეყანაში გადატანა შესაძლებელია ისე, რომ არ დაირღვეს მეწარმის საქმიანობის უწყვეტობა.

2. უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული სამეწარმეო საზოგადოების რეგისტრაციის საქართველოში გადმოტანისა და საქართველოში რეგისტრირებული სამეწარმეო საზოგადოების რეგისტრაციის უცხო ქვეყანაში გადატანისთვის აუცილებელია შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობა ითვალისწინებდეს რედომიცილების შესაძლებლობას. რედომიცილება ასევე აკრძალული არ უნდა იყოს საქართველოსა და შესაბამის უცხო ქვეყანას შორის გაფორმებული საერთაშორისო ხელშეკრულებით.

3. რედომიცილების პროცესის დაწყების შესახებ სააგენტო გადაწყვეტილებას იღებს დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი განცხადების/დოკუმენტაციის და მასთან დაცული მონაცემების საფუძველზე.

მუხლი 23. საქართველოში რეგისტრირებული სამეწარმეო საზოგადოების რეგისტრაციის უცხო ქვეყანაში გადატანის წესი

1. საქართველოში რეგისტრირებული სამეწარმეო საზოგადოების რეგისტრაციის უცხო ქვეყანაში გადატანის მიზნით, რედომიცილების პროცესის დაწყების რეგისტრაციის მოთხოვნით წარდგენილ განცხადებას დაინტერესებულმა პირმა უნდა დაურთოს:

ა) რედომიცილების შესახებ სამეწარმეო საზოგადოების უფლებამოსილი ორგანოს/პირის მიერ მიღებული გადაწყვეტილება;

ბ) შესაბამისი უცხო ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს/პირის მიერ გაცემული, სათანადო წესით შედგენილი და დამოწმებული ინფორმაცია/ცნობა, რომლითაც დგინდება, რომ უცხო ქვეყნის კანონმდებლობა ითვალისწინებს რედომიცილების შესაძლებლობას;

გ) საქართველოს საერთო სასამართლოებიდან გაცემული ინფორმაცია/ცნობა, რომლითაც დგინდება, რომ საქართველოში რეგისტრირებული სამეწარმეო საზოგადოების წინააღმდეგ არ მიმდინარეობს სასამართლო დავა, გადახდისუუნარობის საქმის წარმოება;

დ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან, საქართველოს პროკურატურიდან, საქართველოს ფინანსთა სამინისტროდან გაცემული ინფორმაცია/ცნობა, რომლითაც დგინდება, რომ სამეწარმეო საზოგადოების ან მის ხელმძღვანელობაზე და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის წინააღმდეგ არ მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმის წარმოება;

ე) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გაცემული ინფორმაცია/ცნობა, რომლითაც დგინდება, რომ საქართველოში რეგისტრირებული სამეწარმეო საზოგადოების რეგისტრაციის უცხო ქვეყანაში გადატანის დროისთვის მეწარმეს საქართველოს საგადასახადო ორგანოების მიმართ საგადასახადო დავალიანება არ აქვს;

ვ) სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი ორგანოს/პირის მიერ გაცემული, სათანადო წესით დამოწმებული ინფორმაცია/ცნობა, რომლითაც დგინდება, რომ კომპანია არის გადახდისუნარიანი, მისი მონაწილეობით ან მის წინააღმდეგ არ მიმდინარეობს რაიმე დავა (მათ შორის, სასამართლო ან საარბიტრაჟო დავა საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ) და სამეწარმეო საზოგადოებას არ აქვს კრედიტორების მიმართ ისეთი დავალიანება/შესასრულებელი ვალდებულებები, რომელთა შესრულებაც შეუძლებელი გახდება სუბიექტის რეგისტრაციის უცხო ქვეყანაში გადატანის შემთხვევაში.

2. სააგენტო რედომიცილების დაწყების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს იმ შემთხვევაში, თუ ასევე დგინდება, რომ:

ა) არ მიმდინარეობს სამეწარმეო საზოგადოების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, დაშლის, გადახდისუუნარობის საქმის წარმოება; სუბიექტი არ არის „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ხარვეზიანი სამეწარმეო საზოგადოება;

ბ) სამეწარმეო საზოგადოების ან საზოგადოების კაპიტალში პარტნიორის წილზე/აქციაზე არ არის რეგისტრირებული საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვა, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა რეესტრში არ არის რეგისტრირებული უფლებები (გირავნობა (მათ შორის, ფინანსური გირავნობა, რომლის საგანია საკრედიტო მოთხოვნა „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად), ლიზინგი, საბანკო გარანტია); სუბიექტის საკუთრებაში რეგისტრირებული არ არის საქართველოში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი;

გ) სამეწარმეო საზოგადოება ან საზოგადოების პარტნიორი/აქციონერი არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში;

დ) სამეწარმეო საზოგადოების მიმართ არ მიმდინარეობს სააღსრულებო წარმოება.

3. თუ სამეწარმეო საზოგადოების რედომიცილებას მოითხოვს სააქციო საზოგადოება, დაინტერესებულმა პირმა სააგენტოს დამატებით უნდა წარუდგინოს საზოგადოების აქციათა რეესტრის წარმოებაზე უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული დოკუმენტი/ინფორმაცია, რომლითაც დგინდება აქციონერის წილზე ვალდებულების/საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის არარსებობის ფაქტი.

4. საქართველოში რეგისტრირებული სამეწარმეო საზოგადოების რეგისტრაციის უცხო ქვეყანაში გადატანისას რედომიცილების დაწყების შესახებ გადაწყვეტილების რეგისტრაციის თაობაზე ინფორმაცია აისახება სამეწარმეო საზოგადოების ამონაწერში. რედომიცილების პროცესში მყოფი სამეწარმეო საზოგადოება ინარჩუნებს იურიდიული პირის სტატუსს და მის საფირმო სახელწოდებაში დამატებით მიეთითება: „მიმდინარეობს რედომიცილების პროცესი“.

5. საქართველოში რეგისტრირებული სამეწარმეო საზოგადოების რეგისტრაციის უცხო ქვეყანაში გადატანისას რედომიცილების პროცესი სრულდება დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი, შესაბამისი უცხო ქვეყნის უფლებამოსილი უწყების მიერ გაცემული და სათანადო წესით შედგენილი/დამოწმებული სამეწარმეო საზოგადოების რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე. დაინტერესებული პირი ვალდებულია სააგენტოს დაუყოვნებლივ წარუდგინოს უცხო ქვეყნის უფლებამოსილი უწყების მიერ გაცემული და სათანადო წესით შედგენილი/დამოწმებული სამეწარმეო საზოგადოების რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც რედომიცილების პროცესის დასრულებისა და რეესტრიდან სამეწარმეო სუბიექტის თაობაზე ჩანაწერის ამოშლის საფუძველია.

მუხლი 24. უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული სამეწარმეო საზოგადოების რეგისტრაციის საქართველოში გადმოტანის წესი

1. უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული სამეწარმეო საზოგადოება საქართველოში შეიძლება დარეგისტრირდეს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სამართლებრივი ფორმით.

2. უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული სამეწარმეო საზოგადოების რეგისტრაციის საქართველოში გადმოტანა არის მეწარმის რეორგანიზაციის ტოლფასი და მასზე ვრცელდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამეწარმეო საზოგადოების რეორგანიზაციის მომწესრიგებელი ნორმები, მათი შინაარსის გათვალისწინებით.

3. უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული საწარმოს რეგისტრაციის საქართველოში გადმოტანის მიზნით, რედომიცილების პროცესის დაწყების მოთხოვნით წარდგენილ განცხადებას დაინტერესებულმა პირმა უნდა დაურთოს:

ა) რედომიცილების შესახებ სამეწარმეო საზოგადოების უფლებამოსილი ორგანოს/პირის მიერ მიღებული გადაწყვეტილება;

ბ) შესაბამისი უცხო ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს/პირის მიერ გაცემული, სათანადო წესით შედგენილი და დამოწმებული ინფორმაცია/ცნობა, რომლითაც დგინდება, რომ უცხო ქვეყნის კანონმდებლობა ითვალისწინებს რედომიცილების შესაძლებლობას;

გ) უცხო ქვეყანაში სამეწარმეო საზოგადოების რეგისტრაციის დამადასტურებელი, სათანადო წესით დამოწმებული დოკუმენტი და სადამფუძნებლო დოკუმენტაცია, რომლითაც დგინდება სამეწარმეო საზოგადოების სამართლებრივი ფორმა, საფირმო სახელწოდება, საიდენტიფიკაციო რეკვიზიტები, რედომიცილების მომენტისთვის სამეწარმეო საზოგადოების დამფუძნებლების/პარტნიორების/აქციონერების ვინაობა, საზოგადოების კაპიტალში მათი წილობრივი მონაწილეობა, საზოგადოების სახელით გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილი ორგანო(ები) და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირ(ებ)ი, აგრეთვე გადაწყვეტილების მიღების წესი;

დ) შესაბამისი უცხო ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს/პირის მიერ გაცემული, სათანადო წესით შედგენილი და დამოწმებული ინფორმაცია/ცნობა, რომლითაც დგინდება, რომ სამეწარმეო საზოგადოების წინააღმდეგ არ მიმდინარეობს სასამართლო დავა ან გადახდისუუნარობის/გაკოტრების/რეორგანიზაციის/დაშლის/ლიკვიდაციის საქმის წარმოება, სისხლის სამართლის საქმის წარმოება (მათ შორის, სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელობაზე და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის წინააღმდეგ), ასევე ის გარემოება, რომ საქართველოში საწარმოს გადმოტანის დროისთვის მეწარმეს საგადასახადო ორგანოების მიმართ არ აქვს საგადასახადო დავალიანება;

ე) რედომიცილების შესახებ სამეწარმეო საზოგადოების უფლებამოსილი ორგანოს/პირის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც უნდა დგინდებოდეს, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული რომელი სამართლებრივი ფორმით განაგრძობს სამეწარმეო საზოგადოება საქმიანობას რედომიცილების შედეგად;

ვ) სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი ორგანოს/პირის მიერ გაცემული, სათანადო წესით დამოწმებული ინფორმაცია/ცნობა, რომლითაც დგინდება, რომ კომპანია არის გადახდისუნარიანი და სამეწარმეო საზოგადოებას არ აქვს კრედიტორების მიმართ ისეთი დავალიანება/შესასრულებელი ვალდებულებები, რომელთა შესრულებაც შეუძლებელი გახდება სუბიექტის რეგისტრაციის საქართველოში გადმოტანის შემთხვევაში.

4. უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული სამეწარმეო საზოგადოების რეგისტრაციის საქართველოში გადმოტანისას სამეწარმეო საზოგადოებამ სააგენტოს უნდა წარუდგინოს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებთან მისადაგებული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია.

5. უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული სამეწარმეო საზოგადოების რეგისტრაციის საქართველოში გადმოტანის შესახებ სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში სამეწარმეო საზოგადოება ვალდებულია რედომიცილების შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს შესაბამისი უცხო ქვეყნის მარეგისტრირებელ ორგანოს/პირს.

6. რედომიცილების რეგისტრაციის შესახებ სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებიდან 6 თვის ვადაში სამეწარმეო საზოგადოება ვალდებულია სააგენტოს წარუდგინოს შესაბამისი უცხო ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს/პირის მიერ გაცემული, სათანადო წესით დამოწმებული დოკუმენტი, რომლითაც დგინდება რედომიცილების პროცესის დასრულებისა და რეესტრიდან სამეწარმეო სუბიექტის თაობაზე ჩანაწერის ამოშლის ფაქტი.

7. თუ საქართველოში რედომიცილებული სამეწარმეო საზოგადოება 6 თვის ვადაში სააგენტოს არ წარუდგენს ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტს, სააგენტო მოქმედებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით ხარვეზიანი საზოგადოებისთვის განსაზღვრული წესის შესაბამისად.

თავი IV

რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება

მუხლი 25. რეგისტრაციასთან დაკავშირებული სააგენტოს გადაწყვეტილება

1. სააგენტო ვალდებულია რეგისტრაციის საკითხზე სარეგისტრაციო წარმოების ვადაში მიიღოს გადაწყვეტილება რეგისტრაციის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, ხოლო საამისო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, შეწყვიტოს სარეგისტრაციო წარმოება ან განუხილველად დატოვოს განცხადება.

2. თუ სარეგისტრაციო წარმოების დასრულების დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, სარეგისტრაციო წარმოება უნდა დასრულდეს მომდევნო სამუშაო დღეს. ამასთან, სააგენტოს უფლება აქვს სარეგისტრაციო წარმოება განახორციელოს უქმე ან დასვენების დღეებში, აგრეთვე შესვენების ან არასამუშაო დროს.

3. სააგენტოს გადაწყვეტილება გამოიცემა ელექტრონული ფორმით და შეიცავს შემდეგ მონაცემებს:

ა) გადაწყვეტილების სახეს;

ბ) სათაურს;

გ) გამომცემი ორგანოს დასახელებას და მისამართს;

დ) გამოცემის დროს და განცხადების რეგისტრაციის ნომერს;

ე) დასაბუთებას და სამართლებრივ საფუძვლებს;

ვ) იმ ორგანოს დასახელებას და მისამართს, სადაც შეიძლება გადაწყვეტილების გასაჩივრება და საჩივრის/სარჩელის წარდგენის ვადას.

4. სააგენტო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რაც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად.

5. უცხო ქვეყანაში შესრულებული დოკუმენტი აპოსტილით დამოწმებული/ლეგალიზებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით დოკუმენტის აპოსტილით დამოწმება/ლეგალიზაცია არ მოითხოვება.

6. რეგისტრაციასთან დაკავშირებული სააგენტოს გადაწყვეტილება საჩივრდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 26. სარეგისტრაცია წარმოების შეჩერება და განახლება

 

1. სააგენტო იღებს სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებას, თუ:

ა) განცხადება ან/და მასზე თანდართული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტი ან ინფორმაცია არ არის წარდგენილი ამ ინსტრუქციით ან/და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ფორმით და წესით, და სააგენტოში არ არის დაცული შესაბამისი ინფორმაცია/დოკუმენტი, რომელიც საფუძვლად უნდა დაედოს რეგისტრაციას;

ბ) სარეგისტრაციოდ წარდგენილია არაზუსტი, არაიდენტიფიცირებადი ან არასრულყოფილი მონაცემები;

გ) არ არის ან არასრულად არის გადახდილი მომსახურების საფასური;

დ) ვერ ხერხდება განმცხადებლის მოთხოვნის იდენტიფიცირება ან მოთხოვნა და წარმოდგენილი დოკუმენტები ურთიერთშეუსაბამოა;

ე) წარდგენილია უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ გაცემული კანონიერ ძალაში შესული სამართლებრივი აქტი, რომელიც ითვალისწინებს სარეგისტრაციო წარმოების შეჩერებას;

ვ) წარდგენილი დოკუმენტები გადაიგზავნა შესაბამის სამართალდამცავ ორგანოში მათი კანონიერების შესწავლის მიზნით;

ზ) არსებობს ამ ინსტრუქციით ან კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები.

2. სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაა 30 კალენდარული დღე, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში სარეგისტრაციო წარმოების ვადის დინება შეჩერებულად ითვლება შესაბამისი ორგანოს კანონიერ ძალაში შესულ აქტში მითითებული ვადით ან/და სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების სამართლებრივი საფუძვლის აღმოფხვრამდე.

4. სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში შეჩერების აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენის შემთხვევაში სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების განახლების შესახებ.

5. სარეგისტრაციო წარმოების ვადის განახლების შემთხვევაში სარეგისტრაციო წარმოების ვადის ათვლა ხელახლა იწყება.

მუხლი 27. უარი რეგისტრაციაზე

1. სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, თუ:

ა) მოთხოვნილია სუბიექტის ან რეგისტრირებული მონაცემის ცვლილების იმგვარი რეგისტრაცია, რომელიც არ ექვემდებარება რეესტრში რეგისტრაციას;

ბ) წარდგენილია უფლებამოსილი პირის/ორგანოს კანონიერ ძალაში შესული სამართლებრივი აქტი, რომელიც ითვალისწინებს სააგენტოს მიერ რეგისტრაციაზე უარის თქმას;

გ) სარეგისტრაციო მოთხოვნა უკვე რეგისტრირებული მონაცემების იდენტურია;

დ) არსებობს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძველი.

2. რეგისტრაციაზე უარის თქმის შემთხვევაში განმცხადებელს, მისი მოთხოვნის შემთხვევაში, უბრუნდება სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაცია, გარდა მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტისა.

მუხლი 28. სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტა

სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, თუ:

ა) სარეგისტრაციო წარმოების განმავლობაში დაინტერესებულმა პირმა მოითხოვა სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტა;

ბ) წარდგენილია უფლებამოსილი პირის/ორგანოს კანონიერ ძალაში შესული სამართლებრივი აქტი, რომელიც ითვალისწინებს სააგენტოს მიერ სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტას;

გ) სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ წარმოადგინეს შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი ინფორმაცია/დოკუმენტი;

დ) არსებობს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძველი.

მუხლი 29. რეგისტრირებულ მონაცემებში ტექნიკური ხარვეზის გასწორება

სააგენტო ვალდებულია საკუთარი ინიციატივით ან ნებისმიერი პირის მოთხოვნით გაასწოროს რეგისტრირებულ მონაცემში დაშვებული ტექნიკური ხარვეზი, რომელიც გამოწვეულია დოკუმენტაციიდან მონაცემის უზუსტო გადატანით და ტექნიკური ან გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომით. ტექნიკურ ხარვეზად ჩაითვლება ასევე ორთოგრაფიული, არითმეტიკული ან სხვა სახის ტექნიკური უზუსტობა.

მუხლი 30. გადაწყვეტილების გაუქმება, გაუქმებული მონაცემის აღდგენა

1. თუ გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ სასამართლო ან ადმინისტრაციული აქტით ბათილად იქნება ცნობილი ან არარად იქნება აღიარებული, რეგისტრაციის შედეგად რეესტრში დაუყოვნებლივ აღდგება ბათილად/არარად ცნობილი/აღიარებული აქტით რეგისტრაციამდე არსებული სამართლებრივი მდგომარეობა. ამ შემთხვევაში მომსახურების საფასური არ გადაიხდევინება.

2. თუ რეგისტრაციის შესახებ სააგენტოს გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველია რეგისტრაციის საფუძვლად არსებული სამართლებრივი აქტის გაუქმება, რეგისტრაცია ძალადაკარგულად ცხადდება დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე, უფლების რეგისტრაციისთვის დადგენილი მომსახურების საფასურის გადახდით.

3. თუ სასამართლო ან ადმინისტრაციული აქტით ძალადაკარგულად გამოცხადდა სააგენტოს გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ, რეგისტრაციის გაუქმებისთვის მომსახურების საფასური არ გადაიხდევინება.

4. რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შემთხვევაში გაუქმებულ რეგისტრაციამდე არსებული სამართლებრივი მდგომარეობის აღდგენა შესაძლებელია რეგისტრაციისთვის კანონმდებლობით დადგენილი წესით, მომსახურების საფასურის გადახდით.

თავი V

სპეციალური მოსარჩელის სტატუსის რეგისტრაცია

მუხლი 31. სპეციალური მოსარჩელის სტატუსის რეგისტრაციის ზოგადი წესი

1. სპეციალური მოსარჩელის სტატუსით რეგისტრირდება ის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი (შემდგომ – ორგანიზაცია), რომელსაც აქვს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის მიზნით სამოქალაქო ან/და ადმინისტრაციული სამართალწარმოების სფეროში საქმიანობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.

2. სპეციალური მოსარჩელის სტატუსის რეგისტრაციის ვადაა 3 წელი. ამ ვადის გასვლის შემდეგ ასეთი რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილება ძალადაკარგულია, თუ დაინტერესებული პირი რეგისტრაციის ვადის გასვლამდე 2 კვირით ადრე არ წარადგენს რეგისტრაციის ვადის გაგრძელების შესახებ მოთხოვნას, რომელსაც უნდა ერთოდეს გასული 3 წლის განმავლობაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის მიზნით სამოქალაქო ან/და ადმინისტრაციული სამართალწარმოების სფეროში საქმიანობის დამადასტურებელი, ამ ინსტრუქციის 32-ე მუხლით განსაზღვრული დოკუმენტაცია.

3. სპეციალური მოსარჩელის სტატუსი უქმდება:

ა) ორგანიზაციის მოთხოვნით;

ბ) ორგანიზაციის რეგისტრაციის გაუქმებისას;

გ) სტატუსის რეგისტრაციის ვადის გასვლით.

4. სპეციალური მოსარჩელის სტატუსის რეგისტრაცია, რეგისტრაციის ვადის გაგრძელება და რეგისტრაციის გაუქმება არის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრირებული მონაცემების ცვლილების რეგისტრაცია.

მუხლი 32. სპეციალური მოსარჩელის სტატუსის რეგისტრაციის მიზნით განცხადებისა და დოკუმენტაციის წარდგენის წესი

1. სპეციალური მოსარჩელის სტატუსის რეგისტრაციას (სტატუსის მიღება/გაგრძელება) სააგენტო ახორციელებს შესაბამისი ორგანიზაციის განცხადების საფუძველზე.

2. სპეციალური მოსარჩელის სტატუსის რეგისტრაციის მიზნით სააგენტოს უნდა წარედგინოს ინფორმაცია იმ სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან/და მუნიციპალიტეტის ორგანოს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ან სასამართლოს შესახებ, სადაც ამ ორგანიზაციის (ან მისი თანამშრომლის) მონაწილეობით მიმდინარეობდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებული სამართალწარმოება, შესაბამისი საქმის რეკვიზიტების (ნომერი, თარიღი) მითითებით.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ინფორმაციას თან უნდა დაერთოს შესაბამისი სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან/და მუნიციპალიტეტის ორგანოს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ან სასამართლოს მიერ გაცემული დოკუმენტი (ინფორმაცია, სასამართლოს აქტი, ადმინისტრაციული აქტი, სხდომის ოქმი და სხვა), რომლითაც დასტურდება ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული ინფორმაცია.

4. დაინტერესებული პირი ამ მუხლით გათვალისწინებულ ინფორმაციასთან/დოკუმენტაციასთან ერთად სააგენტოს წარუდგენს განცხადებას, რომლითაც ადასტურებს, რომ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, აგრეთვე მისი ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირები ითვალისწინებენ სპეციალური მოსარჩელის მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მიმართ, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას იმოქმედებენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, მათი ყველა ქმედება და გადაწყვეტილება ნაკარნახევი იქნება მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების პირდაპირი და არაპირდაპირი დისკრიმინაციისგან დაცვის ინტერესით, იმოქმედებენ გულისხმიერებისა და კეთილსინდისიერების მაღალი სტანდარტის დაცვით და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის ზიანის მიყენების შემთხვევაში სრულად აცნობიერებენ მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ პასუხისმგებლობას.

5. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის მიზნით სამოქალაქო ან/და ადმინისტრაციული სამართალწარმოების სფეროში საქმიანობა დადასტურებულად ჩაითვლება, თუ სააგენტოში წარდგენილი დოკუმენტაციით დგინდება, რომ სპეციალური მოსარჩელის სტატუსით რეგისტრაციის მოთხოვნამდე ბოლო 3 წლის განმავლობაში ორგანიზაცია (ან მისი თანამშრომელი), შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის მიზნით მონაწილეობდა ან მონაწილეობს არანაკლებ 3 სამართალწარმოებაში.

6. საჭიროების შემთხვევაში, სარეგისტრაციო დოკუმენტაციის შინაარსის გათვალისწინებით, სააგენტო უფლებამოსილია დაინტერესებულ პირს მოსთხოვოს დამატებითი დოკუმენტაციის/ინფორმაციის წარდგენა.

7. სააგენტოში სპეციალური მოსარჩელის სტატუსის რეგისტრაციის მიზნით წარდგენილი დოკუმენტაციისა და მასში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების ნამდვილობაზე პასუხისმგებელია უშუალოდ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი.

თავი VI

რეგისტრაციის დამატებითი პირობები

მუხლი 33. რეგისტრაციის დამატებითი პირობები

1. თუ მოთხოვნილია საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაცია, ხოლო რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე ასევე მოთხოვნილია ამ ინსტრუქციით განსაზღვრული სუბიექტის ან სუბიექტის რეგისტრირებული მონაცემების ისეთი ცვლილების რეგისტრაცია, რაც ეწინააღმდეგება აღნიშნული საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის შინაარსს, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, რის შემდეგაც თავდაპირველად მიიღება საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაციასთან დაკავშირებული შესაბამისი გადაწყვეტილება, ხოლო შემდეგ – გადაწყვეტილება სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი სუბიექტის რეგისტრაციის ან რეგისტრირებული მონაცემების ცვლილების რეგისტრაციის შესახებ.

2. იმ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებების შემთხვევაში, რომლებზეც მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში არ არის დაცული მონაცემები საწარმოში პარტნიორებისა და მათი წილობრივი მონაწილეობის შესახებ, სარეგისტრაციო და ამონაწერის გაცემასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მისაღებად უფლებამოსილმა პირებმა უნდა წარმოადგინონ მონაცემები საწარმოში პარტნიორთა და მათი წილობრივი მონაწილეობის შესახებ, ქრონოლოგიური თანმიმდევრობით.

3. დაყოფის შედეგად შექმნილი სუბიექტები წარმოშობილად ითვლება მათი პირველადი რეგისტრაციისა და დაყოფილი სუბიექტის რეგისტრაციის გაუქმების მომენტიდან.

4. რეორგანიზაციის შედეგად გამოყოფილი სუბიექტი წარმოშობილად ითვლება ახალი სუბიექტის რეგისტრაციისა და იმ სუბიექტის რეგისტრირებული მონაცემების ცვლილების რეგისტრაციის მომენტიდან, რომელსაც ის გამოეყო.

5. სუბიექტების გაერთიანებით შექმნილი სუბიექტი წარმოშობილად ითვლება გასაერთიანებელი სუბიექტების რეგისტრაციის გაუქმებისა და ახალი სუბიექტის რეგისტრაციის მომენტიდან.

6. სუბიექტი მიერთებულად ითვლება მისაერთებელი სუბიექტის რეგისტრაციის გაუქმებისა და იმ სუბიექტის რეგისტრირებული მონაცემების ცვლილების რეგისტრაციის მომენტიდან, რომელთანაც ხდება მიერთება.

7. ამ მუხლის მე-3–მე-6 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებები მიიღება ერთი სარეგისტრაციო წარმოებით, ერთობლივად.

თავი VII

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე დადგენილების მიღების წესი

მუხლი 34. სააგენტოს ერთიან ელექტრონულ პორტალზე გამოსაქვეყნებლად მონაცემების მიწოდების ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტის დადგენის წესი

1. სააგენტო უფლებამოსილია ერთიან ელექტრონულ პორტალზე გამოსაქვეყნებლად მონაცემების მიწოდების ან სამეწარმეო საზოგადოების საქმიან წერილზე მონაცემების მითითების ვალდებულების შეუსრულებლობის თაობაზე დაიწყოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა:

ა) გეგმიური შემოწმების საფუძველზე;

ბ) არაგეგმიური შემოწმების საფუძველზე.

2. გეგმიური შემოწმება ხორციელდება შემოწმების წლიური გეგმის შესაბამისად, რომელსაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს სააგენტოს თავმჯდომარე. გეგმიური შემოწმებისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს შემთხვევითი შერჩევის მეთოდი, რომლის დროსაც სუბიექტების შემთხვევითი შერჩევა ხდება ავტომატიზებულად, ელექტრონული პროგრამების მეშვეობით.

3. შემოწმებების წლიური გეგმის შემუშავებისას სააგენტომ, სხვა საკითხებთან ერთად, უნდა გაითვალისწინოს:

ა) რისკების ანალიზის შედეგები;

ბ) ტექნოლოგიური სიახლეები;

გ) სააგენტოს შესაბამისი სამსახურის რესურსები.

4. სააგენტო უფლებამოსილია არაგეგმიური შემოწმება ჩაატაროს საკუთარი ინიციატივით, სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მომართვის ან დაინტერესებული პირის წერილობითი განცხადების საფუძველზე.

5. სააგენტოს მიერ საკუთარი ინიციატივით არაგეგმიური შემოწმების დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი შესაძლებელია იყოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებით ან სხვა წყა­რო­­თი გავრცელებული ინფორმაცია სააგენტოს ერთიან ელექტრონულ პორტალზე გამოსაქვეყნებლად მონაცემების მიწოდების ან სამეწარმეო საზოგადოების საქმიან წერილზე მონაცემების მითითების ვალდებულების შეუსრულებლობის თაობაზე.

6. დაინტერესებული პირის მიერ სააგენტოში წარდგენილ წერილობით განცხადებას თან უნდა დაერთოს ვალდებულების შეუსრულებლობის დამადასტურებელი მტკიცებულება. მტკიცებულება, ამ პუნქტით განსაზღვრული მიზნებისთვის, შეიძლება იყოს ნებისმიერი ინფორმაცია/დოკუმენტი (როგორც ელექტრონული, ისე მატერიალური), რომელთა საფუძველზეც სააგენტო შეისწავლის და დაადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არსებობას ან არარსებობას, პირის ბრალეულობას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენაში და სხვა გარემოებებს, რომლებსაც მნიშვნელობა აქვს საკითხის გადაწყვეტისთვის.

7. სააგენტოს ერთიან ელექტრონულ პორტალზე გამოსაქვეყნებლად მონაცემების მიწოდების ვალდებულების დარღვევის ფაქტი დგინდება სააგენტოს ელექტრონული პორტალის საფუძველზე. ვალდებულების დარღვევის ფაქტის დადასტურების მიზნით, სააგენტოს უფლებამოსილმა თანამშრომელმა ან მართვის ავტომატურმა საშუალებებმა უნდა უზრუნველყოს პორტალზე კონკრეტულ დროს არსებული მონაცემების ფიქსაცია და შექმნას მისი ელექტრონული ასლი/ანაბეჭდი.

8. სამეწარმეო საზოგადოების საქმიან წერილზე მონაცემების მითითების ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტის დადგენის მიზნით, სააგენტოს შესაბამისი თანამშრომელი უფლებამოსილია გამოიყენოს ქვემოთ ჩამოთვლილი ერთი ან რამდენიმე მეთოდი:

ა) მხარისთვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევა;

ბ) მოწმისთვის ჩვენების ჩამორთმევა;

გ) დოკუმენტური მტკიცებულების გამოთხოვა ან/და დათვალიერება;

დ) ექსპერიმენტის ჩატარება;

ე) ადგილზე შემოწმება;

ვ) ზეპირი განხილვა.

9. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას ადმინისტრაციული სახდელი პირს შეიძლება მის დაუსწრებლადაც დაედოს. ამ შემთხვევაში ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები წერილობით უნდა განემარტოს.

10. დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებას სააგენტოსთვის აქვს მტკიცებულებითი ძალა, თუ ეჭვს არ იწვევს მისი წარმომავლობა და ავთენტურობა ან თუ უშუალოდ სუბიექტი, ვისაც ეხება აღნიშნული ინფორმაცია, ადასტურებს ამ ინფორმაციის ნამდვილობას.

11. გამოკვლევას არ საჭიროებს ფაქტები, რომლებიც დადგენილია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან სააგენტოს მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის ფარგლებში მიღებული, კანონიერ ძალაში შესული დადგენილებით.

მუხლი 35. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე დადგენილების მიღების და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ დადგენილების მიღების წესი და საფუძვლები

1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის შემდეგ სააგენტოს აღნიშნულ საქმეზე გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი შინაარსის დადგენილება:

ა) ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ;

ბ) საქმისწარმოების შეწყვეტის შესახებ.

2. დადგენილების მიღება შესაძლებელია ელექტრონულად, მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით. ამ წესით მიღებული დადგენილება უნდა შეიცავდეს:

ა) დადგენილების სათაურს;

ბ) დადგენილების გამომტანი ორგანოს დასახელებასა და მისამართს;

გ) დადგენილების გამოტანის დროსა და ნომერს;

დ) საქმის განხილვისას დადგენილ გარემოებათა აღწერას;

ე) დასაბუთებას და სამართლებრივ საფუძვლებს, იმ ნორმატიული აქტის მითითებით, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას მოცემული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის;

ვ) ინფორმაციას იმ პირის შესახებ, რომლის მიმართაც გამოტანილია დადგენილება;

ზ) საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას;

თ) იმ ორგანოს დასახელებას და მისამართს, სადაც შეიძლება დადგენილების გასაჩივრება, და საჩივრის წარდგენის ვადას;

ი) სააგენტოს სამსახურებრივ ბეჭედს, ხოლო თუ დადგენილება გამოტანილია ელექტრონულად, მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით − „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ კვალიფიციურ ელექტრონულ შტამპს.

3. დადგენილება საქმისწარმოების შეწყვეტის შესახებ მიიღება, თუ:

ა) საქმისწარმოების განხილვის შედეგად არ დადგინდა სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი;

ბ) გასულია ადმინისტრაციული სახდელის დადების საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ვადა;

გ) გაუქმდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის დამდგენი აქტი;

დ) პირი, რომლის მიმართაც დაწყებული იყო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება, გარდაიცვალა;

ე) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში.

5. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოტანილი დადგენილება იგზავნება სააგენტოს ელექტრონული პორტალის სუბიექტის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე (ელექტრონულ მისამართზე), რაც ამ დადგენილების ოფიციალურ ჩაბარებად მიიჩნევა.

 

მუხლი 36. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე სააღსრულებო ფურცლის გაცემის წესი

1. სააღსრულებო ფურცელი არის დოკუმენტი, რომელიც გაიცემა სააგენტოს მიერ ადმინისტრაციული სახდელის (ფულადი ჯარიმის) დადების შესახებ დადგენილების იძულებითი აღსრულების მიზნით.

2. ადმინისტრაციული სახდელის (ფულადი ჯარიმის) დადების შესახებ დადგენილების ძალაში შესვლიდან 15 დღის ვადაში ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში სააგენტო სააღსრულებო ფურცელს გამოსცემს ელექტრონულად, მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით. სააღსრულებო ფურცელი უნდა აკმაყოფილებდეს „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს.

3. სააღსრულებო ფურცელი სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – აღსრულების ეროვნულ ბიუროს ელექტრონულად, დაუყოვნებლივ ეგზავნება, რაც სააღსრულებო წარმოების დაწყების საფუძველია. 

4. სააღსრულებო ფურცელში უნდა აღინიშნოს:

ა) სააღსრულებო ფურცლის გამცემი ორგანო და გაცემის თარიღი;

ბ) დადგენილების გამოცემის თარიღი და ნომერი;

გ) დადგენილების სარეზოლუციო ნაწილი;

დ) მეწარმის საფირმო სახელწოდება და საიდენტიფიკაციო მონაცემები;

ე) კრედიტორისა და მოვალის დასახელებები და რეკვიზიტები, მათ შორის პირადი ნომრები ან გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომრები, ასევე სააღსრულებო ფურცლის გამცემი ორგანოსთვის ცნობილი სხვა საკონტაქტო მონაცემები;

ვ) აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა;

ზ) სახაზინო კოდი/ანგარიშის ნომერი.

თავი VIII

გარდამავალი დებულებები

მუხლი 37. გარდამავალი დებულებები

1. 2022 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებული იმ სუბიექტის შესახებ, რომელსაც „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 254-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ვადის (2 წელი) განმავლობაში შესაბამისობაში არ მოუყვანია რეგისტრირებული მონაცემები, რეესტრიდან ამონაწერი გაიცემა შეუზღუდავად, 2022 წლის 1 იანვრამდე მოქმედი ამონაწერის ფორმით. სარეგისტრაციო მონაცემების კანონთან შესაბამისობაში მოყვანის ვალდებულებისა და ამ ვალდებულების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში ამონაწერში აისახება ინფორმაცია სუბიექტის რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე.

2. 2022 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებული ინდივიდუალური მეწარმის, სამეწარმეო საზოგადოების, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, უცხო ქვეყნის საწარმოს და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის, თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ან მის გარეთ რეგისტრირებული მეწარმის ფილიალის რეგისტრაცია გაუქმებულად მიიჩნევა, თუ ის „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობაში არ მოიყვანს თავის სარეგისტრაციო მონაცემებს კანონით დადგენილი წესით.

3. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 4 აგვისტოს კანონის ამოქმედებამდე სააგენტოში დაწყებული სარეგისტრაციო წარმოება დასრულდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს 1994 წლის 28 ოქტომბრის კანონით განსაზღვრული წესით, გარდა იმ შემთხვევისა, თუ დაინტერესებული პირის მიერ მოთხოვნილია სარეგისტრაციო წარმოების დასრულება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 4 აგვისტოს კანონით.

4. 2022 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებული სუბიექტის „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით სააგენტოს უნდა წარედგინოს დამფუძნებელთა გადაწყვეტილება, რომელიც უნდა მოიცავდეს ამ ინსტრუქციის მე-18 მუხლით განსაზღვრულ მონაცემებს. დამფუძნებელთა გადაწყვეტილება მიიღება სუბიექტის 2022 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებული ბოლო წესდებით, საერთო კრების გადაწყვეტილების მისაღებად განსაზღვრული ზოგადი წესით დადგენილი ხმათა რაოდენობით.

5. თუ 2022 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებული სუბიექტის რეგისტრირებული წესდებით ცალკეულ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებისთვის განსაზღვრულია ზოგადი წესით დადგენილ ხმათა რაოდენობაზე მეტი, სუბიექტის რეგისტრირებული მონაცემების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობაში მოყვანისას კონკრეტულ საკითხზე დამფუძნებელთა გადაწყვეტილება მიიღება რეგისტრირებული წესდებით გათვალისწინებული ხმათა რაოდენობით. ზოგადი წესით დადგენილი ხმათა რაოდენობით გადაწყვეტილების მიღება დასაშვებია, თუ რეგისტრირებული წესდების ცალკეული საკითხის შინაარსი უცვლელად ასახულია ახალ სადამფუძნებლო შეთანხმებაში და არ ეწინააღმდეგება კანონს.

6. 2022 წლის 1 იანვრიდან, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებისთანავე, სააგენტოს ვებგვერდზე (www.napr.gov.ge) სუბიექტთან დაკავშირებით არსებული მონაცემები და სარეგისტრაციო დოკუმენტაცია სააგენტოს მიერ ავტომატურად აისახება ერთიანი ელექტრონული პორტალის რეგისტრირებული მონაცემების გვერდზე.

7. 2022 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებული მეწარმის ელექტრონული მისამართის აქტივაცია განხორციელდება ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით, სამეწარმეო საზოგადოების, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირის ფილიალის, ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრირებული მონაცემების კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფასთან ერთად, ასეთი მოთხოვნის ან ამ სუბიექტის რეგისტრირებული მონაცემების ცვლილების შემთხვევაში.

8. სადამფუძნებლო შეთანხმების კონსოლიდირებული ტექსტის სააგენტოში წარდგენა არ მოეთხოვება 2022 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებულ სუბიექტს, რომელსაც „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 254-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ვადის განმავლობაში შესაბამისობაში არ მოუყვანია რეგისტრირებული მონაცემები.

9. სააგენტო, დაინტერესებული პირის მოთხოვნის ან შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საკუთარი ინიციატივით ანიჭებს საიდენტიფიკაციო ნომერს იმ რეგისტრირებულ სუბიექტს, რომელსაც საგადასახადო რეგისტრაცია არ გაუვლია მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ წესით და შესაბამისად, არ აქვს მინიჭებული ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო ნომერი.