„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს/სერიის გრიფირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 16 თებერვლის №28/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს/სერიის გრიფირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 16 თებერვლის №28/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 108/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 31/12/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/12/2021
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.018108
108/ნ
31/12/2021
ვებგვერდი, 31/12/2021
430210000.22.022.018108
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს/სერიის გრიფირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 16 თებერვლის №28/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №108/ნ

2021 წლის 31 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს/სერიის გრიფირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 16 თებერვლის №28/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს/სერიის გრიფირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 16 თებერვლის №28/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 16/02/2017, სარეგისტრაციო კოდი: 430210000.22.022.017282) და ბრძანებით დამტკიცებული „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს/სერიის გრიფირების წესის“:

1. მე-2 მუხლის:

ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) სასკოლო სახელმძღვანელო (შემდგომ – სახელმძღვანელო) − ავტორის შეხედულებით „ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის №40/ნ ბრძანებით დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმის (შემდგომ − ეროვნული სასწავლო გეგმა), მასში შემავალი საგნობრივი სასწავლო გეგმის/გეგმების მიხედვით ერთი ან ერთდროულად რამდენიმე კლასისათვის შედგენილი საგანმანათლებლო რესურსი, რომელიც განკუთვნილია ამავე ეროვნული სასწავლო გეგმითა და შესაბამისი საგნობრივი სასწავლო გეგმით განსაზღვრული შედეგების მისაღწევად. სახელმძღვანელოს სახეებია: მოსწავლის წიგნი, მოსწავლის წიგნის დანართი, მოსწავლის რვეული, მასწავლებლის წიგნი, ელექტრონული რესურსი მოსწავლის ან მასწავლებლის წიგნისათვის;“.

ბ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) სახელმძღვანელოს მაკეტის ანკეტა (შემდგომ − ანკეტა) − დოკუმენტი, რომელიც შეიცავს ინფორმაციას კონკრეტული სახელმძღვანელოს მაკეტის შესახებ. ანკეტის რეკვიზიტებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი (შემდგომ − მინისტრი);“.

გ) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) მოსწავლის რვეული – კონკრეტული კლასისა და საგნობრივი სასწავლო გეგმის დაძლევის ხელშესაწყობად მოსწავლისათვის განკუთვნილი ამოცანების, სავარჯიშოების, ტესტების ან/და კროსვორდების და ა.შ. კრებული, რომელშიც მოსწავლეს საჭიროებისამებრ ჩაწერის, ჩახატვის, ჩახაზვის, ამოჭრის, გაფერადების ან ჩაწებების შესაძლებლობა აქვს;“.

დ) „მ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ1“ ქვეპუნქტი:

„მ1) მოსწავლის  წიგნის დანართი  −  კონკრეტული კლასის საგნობრივი სასწავლო გეგმის, მათ შორის არჩევითი (გაღრმავებული) კურსის დაძლევის ხელშესაწყობად მოსწავლისათვის განკუთვნილი რესურსი, რომელშიც დეტალური მასალა მოცემულია მოსწავლის წიგნში არსებული საკითხების შესაბამისად და რომელზე დაყრდნობითაც უნდა მოხდეს ცოდნის კონსტრუირება.“.

ე) „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჟ)  განმცხადებელი − ფიზიკური   ან   იურიდიული   პირი/პირები,   რომელიც/რომლებიც   საქართველოს   განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომ − სამინისტრო) წარუდგენს/წარუდგენენ გრიფირების განაცხადს კონკრეტული სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტისთვის გრიფის მინიჭების თხოვნით;“.

ვ) „ყ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ყ) გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის განახლება − გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის შინაარსობრივი ან/და სხვა ხასიათის ცვლილება სასწავლო პროცესში მისი დანერგვის შედეგების, სახელმძღვანელოს/სერიის შინაარსობრივი განვითარების მიზნით ჩატარებული კვლევის ან სხვა საჭიროების (არქეოლოგიური აღმოჩენა, სამეცნიერო ინოვაცია და სხვა) საფუძველზე;“.

ზ) „ც“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ც) გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის შერჩევა − მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადაში, გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოებიდან/სერიებიდან სკოლის მიერ სასწავლო პროცესისათვის კონკრეტული გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის არჩევა. სკოლის მიერ შესაბამის ვადაში სახელმძღვანელოს/სერიის არ/ვერ არჩევის შემთხვევაში, სკოლის მიმართვის საფუძველზე სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს − საგანმანათლებლო რესურსცენტრის (შემდგომ − რესურსცენტი) მიერ ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში დაფიქსირებული არჩევანი;“.

თ) „ხ“  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ხ) საიდენტიფიკაციო ჭდე −  გრიფმინიჭებული მოსწავლის წიგნის, მოსწავლის წიგნის დანართის, მოსწავლის რვეულის და მასწავლებლის წიგნის „მოსწავლეებისა და მასწავლებლების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის“ პროგრამის (შემდგომ – პროგრამა) ფარგლებში ნაბეჭდი ეგზემპლარის მაიდენტიფიცირებელი და განმასხვავებელი ნიშანი უნიკალური ნუმერაციით;“.

2. მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გრიფირების  პროცესის  წარმართვისათვის  სსიპ  − განათლების  მართვის  საინფორმაციო  სისტემა (შემდგომ – მართვის  სისტემა)  ქმნის გრიფირების ადმინისტრირების  ელექტრონულ  სისტემას – https://grifireba.emis.ge, უზრუნველყოფს მის გამართულ ფუნქციონირებას,  უსაფრთხოებას,  პერიოდულ  განახლებას,  მასში დაცული  ინფორმაციის  კონფიდენციალობას,  გრიფირებასთან  დაკავშირებული სტატისტიკური და სხვა ინფორმაციის წარმოებასა და სამინისტროსთვის მიწოდებას.“.

3. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2.  გრიფირება შეიძლება გამოცხადდეს როგორც სახელმძღვანელოს სერიაზე, ისე ცალკეული საგნის კლასის/კლასების სახელმძღვანელოზე/სახელმძღვანელოებზე, ასევე, კლასის ერთი სასწავლო სემესტრის სახელმძღვანელოზე. დასაშვებია შესაბამისი საგნისა და კლასის სახელმძღვანელოს, მათ შორის სერიაში შემავალი სახელმძღვანელოს სხვადასხვა სახეზე გრიფირების ცალ-ცალკე გამოცხადება, რომლებიც ჩაითვლება ამ საგნისა და კლასის სახელმძღვანელოს/სერიაში შემავალი სახელმძღვანელოს ერთიან კომპლექტად. ასეთ შემთხვევაში, მათი რეცენზირების შედეგები/გრიფის მინიჭების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებები ერთმანეთის მიმართ არ გაითვალისწინება, გარდა იმ შემთხვევისა,  თუ სახელმძღვანელოს მაკეტის მიმართ, რომლის კომპლექტი წარმოდგენილია მოსწავლის წიგნით/მოსწავლის წიგნის დანართით/მოსწავლის რვეულით, მიღებულ იქნა გრიფის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება, შესაბამისი განმცხადებლის/ავტორის/საავტორო უფლების მფლობელის მიერ წარმოდგენილი  ამ საგნისა და კლასის შესაბამისი მასწავლებლის წიგნი/მასწავლებლის წიგნის ელექტრონული რესურსის  სახელმძღვანელოს მაკეტი აღარ განიხილება გრიფირების შემდეგ ეტაპზე.“.

4.  მე-8 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. განაცხადების    რეგისტრაციის    ეტაპზე განმცხადებელი განაცხადს სამინისტროს წარუდგენს (არეგისტრირებს) გრიფირების ადმინისტრირების ელექტრონული სისტემის საშუალებით, შემდეგ მისამართზე  https://grifireba.emis.ge. განაცხადს რეგისტრაციისას ენიჭება უნიკალური კოდი. ინფორმაცია  განმცხადებლის,  რეგისტრაციის  თარიღისა  და ნომრის  შესახებ  აისახება სამინისტროს საქმისწარმოების ელექტრონულ სისტემაში.“.

ბ) მე-3 პუნქტის:

ბ.ა) „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის:

გ.ა) ორი ნაბეჭდი ეგზემპლარი (გარეკანის გარეშე) იმ სახით, რომლითაც გამოირიცხება საავტორო უფლების მფლობელის ან/და ავტორის იდენტიფიცირება;

გ.ბ) ფერადი ვერსიის ელექტრონული ეგზემპლარი (გარეკანის გარეშე, PDF ფორმატში, სასურველია DPI − არაუმეტეს 600), შესაბამისი ელექტრონული რესურსით (არსებობის შემთხვევაში) იმ სახით, რომლითაც გამოირიცხება საავტორო უფლების მფლობელის ან/და ავტორის იდენტიფიცირება, ამასთან ყოველ გვერდზე წარწერით „Don’t Copy“;

დ) ავტორის/საავტორო უფლების მფლობელის/მფლობელების თანხმობა (ატვირთული ელექტრონულად და მატერიალურად (დედანი)) მასზე, რომ:

დ.ა) სახელმძღვანელოს/სერიის   მაკეტი   წარდგენილ   იქნეს   გრიფის   მინიჭებაზე,   ხოლო   გრიფის მინიჭების შემთხვევაში − სალიცენზიო ხელშეკრულებით, შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ სამინისტროს გადასცეს აღნიშნული გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის ჩვეულებრივი ლიცენზიით  სარგებლობის  უფლება, კერძოდ: რეპროდუცირების, გავრცელების/მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემის და ნაწარმოების სხვაგვარი გამოყენების უფლება. იმ შემთხვევაში, თუ სახელმძღვანელოს/სერიისთვის გრიფის მინიჭების შემდეგ ავტორი/საავტორო უფლების მფლობელი უარს აცხადებს სამინისტროსთან სალიცენზიო ხელშეკრულების გაფორმებაზე, წინამდებარე ქვეპუნქტით გათვალისწინებული თანხმობა წარმოადგენს გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის სამინისტროს მიერ რეპროდუცირების, გავრცელების/მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემის და ნაწარმოების სხვაგვარი გამოყენების უფლების განხორციელების საფუძველს.

დ.ბ) განახორციელოს ამ წესის მე-9 და მე-18 მუხლებით გათვალისწინებული ცვლილებები/კორექტურა;“.

ბ.ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) განმცხადებლის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი (ატვირთული ელექტრონულად) და წარმომადგენლის პირადობის მოწმობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ატვირთული ელექტრონულად), თუ განმცხადებელი რამდენიმე ფიზიკური პირია, ან განმცხადებელს განაცხადი შემოაქვს წარმომადგენლის მეშვეობით ან განმცხადებელი იურიდიული პირი/პირებია). არარეზიდენტი იურიდიული პირის/პირების შემთხვევაში − შესაბამისი ქვეყნის  კანონმდებლობის  შესაბამისად შედგენილი მსგავსი  დოკუმენტი დამოწმებული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი (ატვირთული ელექტრონულად და მატერიალურად (დედანი));“.

ბ.გ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) უცხოური ავტორის/გამომცემლობის მიერ შექმნილი სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის წარმოდგენის შემთხვევაში – განმცხადებელსა და საავტორო უფლების მფლობელს შორის გაფორმებული შესაბამისი სალიცენზიო ხელშეკრულება (ატვირთული ელექტრონულად და მატერიალურად), რომელიც დამოწმებული უნდა იყოს  საქართველოს  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  და  თან  უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი, განაცხადების რეგისტრაციისთვის დადგენილ ვადაში ვერ უზრუნველყოფს წინამდებარე ქვეპუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების წარმოდგენას, მისი შუამდგომლობის საფუძველზე მინისტრი უფლებამოსილია, მის წარმოსადგენად დაადგინოს დამატებითი ვადა, რომელიც არ უნდა სცდებოდეს შინაარსობრივი რეცენზირების პირველი ეტაპის დასასრულს.“.

ბ.დ) „თ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი:

„ი) ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტზე განაცხადის წარდგენის შემთხვევაში  ზოგადი განათლების ამ საფეხურზე მასწავლებლად მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (ატვირთული ელქტრონულად) სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის ერთი ავტორის მიმართ, ხოლო ერთზე მეტი ავტორის არსებობის შემთხვევაში, არანაკლებ 2 ავტორის მიმართ. ზოგადი განათლების საბაზო და საშუალო საფეხურის სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტზე განაცხადის წარდგენის შემთხვევაში – ზოგადი განათლების შესაბამის საფეხურზე მასწავლებლად მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი სახელმძღვანელოს/სერიის არანაკლებ 1 ავტორის მიმართ (ატვირთული ელქტრონულად). ეს მოთხოვნა არ ვრცელდება აფხაზური ენისა და ლიტერატურის და უცხოური ავტორის/გამომცემლობის მიერ შექმნილი სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტზე განაცხადის წარდგენის შემთხვევაში ამ სახელმძღვანელოების/სერიების მაკეტების ავტორებზე.“.

გ) მე-5 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) თითოეული სახელმძღვანელოს მაკეტი − მოსწავლის წიგნი, მოსწავლის წიგნის დანართი, მოსწავლის რვეული, ელექტრონული რესურსი მოსწავლის წიგნისათვის უნდა იყოს განკუთვნილი საგნის ერთი კლასისთვის/კლასის ერთი სასწავლო სემესტრისთვის (ერთი სასწავლო სემესტრისთვის განკუთვნილ სახელმძღვანელოზე გრიფირების გამოცხადების შემთხვევაში). აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება მასწავლებლის წიგნზე/მასწავლებლის წიგნის ელექტრონულ რესურსზე/პირველი კლასის უცხოური ენის საგნის სახელმძღვანელოს მაკეტზე. ამ შემთხვევაში დასაშვებია მასწავლებლის წიგნის/მასწავლებლის წიგნის ელექტრონული რესურსის ერთი სახელმძღვანელოს მაკეტი შეესაბამებოდეს ერთდროულად არაუმეტეს სამ კლასს, ხოლო პირველი კლასის უცხოური ენის საგნის ერთი სახელმძღვანელოს მაკეტი შეესაბამებოდეს ერთდროულად არაუმეტეს ორ კლასს;

ბ) სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტი წარმოდგენილი უნდა იყოს შესარჩევი ერთეულების შესაბამისად;“.

5. მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) I  ეტაპი – ძირითადი რეცენზირება, რა დროსაც ხორციელდება სახელმძღვანელოს/სერიის (მოსწავლის წიგნი, მოსწავლის წიგნის დანართი, მოსწავლის რვეული) მაკეტის შესაბამისობის დადგენა ტექნიკურ კრიტერიუმებთან;“.

6. მე-10 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. განმცხადებელი უფლებამოსილია,   შინაარსობრივი და ტექნიკური რეცენზირების თითოეული ეტაპის დასრულების შემდეგ, თითოეულ რეცენზიასთან დაკავშირებით  სააპელაციო კომისიას   წარუდგინოს   (შევსებული ელექტრონულად) თავისი დასაბუთებული საჩივარი.“.

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. იმ განმცხადებლის მიერ, რომელთაც ვერ გადალახეს შინაარსობრივი რეცენზირების I  ეტაპი, სააპელაციო კომისიისათვის მიუმართაობის შემთხვევაში სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტი აღარ განიხილება გრიფირების შემდეგ ეტაპზე.“.

7. მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) სექტორი (ქართულენოვანი/არაქართულენოვანი (სომხური, რუსული, აზერბაიჯანული));“.

8. მე-14 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) მოსწავლის წიგნის, მოსწავლის წიგნის დანართისა და მოსწავლის რვეულის მასის შემცირების მიზნებისათვის, საავტორო უფლების მფლობელს მოსთხოვოს მათი დაყოფა არაუმეტეს 4 ნაწილად;“.

ბ) მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) გრიფმინიჭებულ  სახელმძღვანელოზე/სერიაზე  (მოსწავლის  წიგნი, მოსწავლის წიგნის დანართი, მოსწავლის რვეული, მასწავლებლის წიგნი) განათავსოს საიდენტიფიკაციო ჭდე და გაიღოს შესაბამისი ხარჯი;“.

გ) მე-7 პუნქტის:

გ.ა) „ი“ და „კ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) ამ წესით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობისათვის (მათ შორის, გრიფმინიჭებული რედაქციისაგან განსხვავებული რედაქციით რეპროდუცირება, გრიფის მინიჭების შემდეგ სალიცენზიო ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმა, საბეჭდ ფაილში არსებული ხარვეზის დაუყოვნებლივ აღმოფხვრაზე უარის თქმა) სამინისტროს აუნაზღაუროს ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებით ან  შეუსრულებლობით  მიყენებული  ზიანი. ზიანის ანაზღაურება მას არ ათავისუფლებს ძირითადი ვალდებულებების შესრულებისაგან;

კ) სალიცენზიო ხელშეკრულების  გაფორმებამდე, სამინისტროს მიერ განსაზღვრულ  ვადაში, წარმოადგინოს სახელმძღვანელოს/სერიის აქტიური ვებგვერდი (მისამართი), რომელსაც მიუთითებს მოსწავლის წიგნში, მოსწავლის წიგნის დანართში და მასწავლებლის წიგნში და უზრუნველყოფს ამ ვებგვერდის აქტიურობას, უსაფრთხოებასა და სანდოობას გრიფის მოქმედების ვადის განმავლობაში;“.

გ.ბ) „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) სამინისტროს მოთხოვნით, მოსწავლის   წიგნის, მოსწავლის წიგნის დანართისა და მოსწავლის რვეულის  მასის  შემცირების მიზნებისათვის, უზრუნველყოს მათი დაყოფა არაუმეტეს 4 ნაწილად;“.

გ.გ) „ო“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო1“ ქვეპუნქტი:

„ო1) შესაბამისი საგნისა და კლასის სახელმძღვანელოს/სერიაში შემავალი სახელმძღვანელოს სხვადასხვა სახეზე გრიფირების ცალ-ცალკე გამოცხადების შემთხვევაში, განაცხადი წარადგინოს ამ საგნისა და კლასის სახელმძღვანელოს/სერიაში შემავალი სახელმძღვანელოს ყველა სახეზე. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, წარდგენილი სახელმძღვანელოს/სერიაში შემავალი სახელმძღვანელოს მაკეტი აღარ განიხილება გრიფირების შემდეგ ეტაპზე.“.

დ) მე-9 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 პუნქტი:

„91. სკოლა გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოებიდან/სერიებიდან, სასწავლო პროცესისათვის კონკრეტული გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის შერჩევას ახორციელებს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადაში. შესაბამისი საგნისა და კლასის სახელმძღვანელოს სხვადასხვა სახეზე გრიფირების ცალ-ცალკე გამოცხადების შემთხვევაში, თუ მათზე გრიფის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღების ვადები ერთმანეთს არ ემთხვევა,  სკოლა შეარჩევს ამ საგნისა და კლასის გრიფმინიჭებულ სახელმძღვანელოს სახეს/სახეებს, რომლის შესაბამისი ავტორის/გამომცემლობის სახელმძღვანელოს დანარჩენი სახე/სახეები ავტომატურად შერჩეულად ჩაითვლება ამ სახელმძღვანელოს მიმართ გრიფის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღების  შემთხვევაში. ხოლო, თუ შერჩეული სახელმძღვანელოს სახის/სახეების შესაბამისი ავტორის/გამომცემლობის სახელმძღვანელოს დარჩენილ სახეს/სახეებს უარი ეთქვა გრიფის მინიჭებაზე, სკოლა შერჩევას ახორციელებს ალტერნატიული გრიფმინიჭებული  სახელმძღვანელოების სახეს/სახეებს შორის (ასეთის არსებობის შემთხვევაში). იგივე პრინციპი გამოიყენება სერიაში შემავალი კლასების სახელმძღვანელოების სახეებზე გრიფირების ცალ-ცალკე გამოცხადების შემთხვევაში. იმ შემთხვევაში, თუ სკოლის მიერ არ/ვერ განხორციელდა შესაბამის ვადაში სახელმძღვანელოს/სერიის შერჩევა, სკოლის მიმართვის საფუძველზე რესურსცენტრი ახორციელებს არჩევანის დაფიქსირებას ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში, რაზეც დაუყოვნებლივ წერილობით აცნობებს სააგენტოს.“.

ე) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. პროგრამის ბენეფიციარი სკოლისათვის გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის შეცვლა ალტერნატიული გრიფმინიჭებული  სახელმძღვანელოთი/სერიით ან საგნის ცვლილების/დამატების გამო შესაბამისი სახელმძღვანელოს/სერიის შერჩევა  დაიშვება სამინისტროს თანხმობით, ობიექტური გარემოებების არსებობის შემთხვევაში, სკოლის დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე. სამინისტრო გრიფმინიჭებული  სახელმძღვანელოს/სერიის  შეცვლაზე/შერჩევაზე  თანხმობის გაცემის შესახებ ინფორმაციას  უგზავნის  სკოლას, შესაბამის რესურსცენტრსა და მართვის სისტემას. რესურსცენტრი უზრუნველყოფს აღნიშნული  თანხმობის   მიღებიდან   3   სამუშაო   დღის  განმავლობაში  ზოგადი განათლების  მართვის საინფორმაციო სისტემაში გრიფმინიჭებული   სახელმძღვანელოს/სერიის   შეცვლის/შერჩევის შესახებ ინფორმაციის ასახვას, რაზეც დაუყოვნებლივ წერილობით აცნობებს სააგენტოს. ყველა დანარჩენი სკოლისათვის გრიფმინიჭებული     სახელმძღვანელოს/სერიის ალტერნატიული  გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოთი/სერიით შეცვლა/შერჩევა შესაძლებელია მართვის სისტემის მიერ განსაზღვრულ  ვადაში, რესურსცენტრის მიერ ინფორმაციის ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ასახვის გზით.“.

ვ) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. სკოლა უფლებამოსილია, უცხოური ენებისა და ქართული ენის (არაქართულენოვანი სკოლებისთვის/სექტორებისთვის) საგნების სწავლებისას, შესაბამისი კლასის საჭიროებიდან გამომდინარე, სასწავლო წლის განმავლობაში, შესაბამისი კლასის სახელმძღვანელოსთან ერთად ან მის ნაცვლად, გამოიყენოს განსხვავებული კლასის სახელმძღვანელო/სახელმძღვანელოები კლასების თანმიმდევრობის დაცვით. სკოლა, შესაბამისი/განსხვავებული კლასის სახელმძღვანელოს/სახელმძღვანელოების შესახებ ინფორმაციას ასახავს ზოგადი  განათლების  მართვის საინფორმაციო სისტემაში, მართვის სისტემის მიერ სააგენტოსთან შეთანხმებით დადგენილ ვადაში.“.

9. მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „41“-„43“ პუნქტები:

„41) გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის განახლება, მისი შინაარსორივი განვითარების მიზნით, მასში ცვლილების შეტანის გზით, დასაშვებია სახელმძღვანელოსათვის/სერიისათვის გრიფის მინიჭებიდან ორი წლის შემდეგ.

42) შინაარსობრივი განვითარების მიზნით, გრიფმინიჭებულ სახელმძღვანელოში/სერიაში ცვლილების შეტანა  ხორციელდება ამ გრიფმინიჭებული სახელმძღანელოს/სერიის მიმართ სამინისტროს მიერ ჩატარებული შესაბამისი კვლევის (ფოკუს-ჯგუფი, ინტერვიუ/გამოკითხვა, სამუშაო სემინარების შედეგები და სხვა) შედეგის საფუძველზე (საჭიროების შემთხვევაში). კვლევა დასაშვებია განხორციელდეს ცალკეული საგნის გრიფმინიჭებულ სახელმძღვანელოზე/სერიაზე, რა დროსაც კვლევა ტარდება მისი ყველა ალტერნატივის მიმართ.

43) კვლევის შედეგის საფუძველზე განახლებული გრიფმინიჭებული სახელმძღვანელო/სერია მის ალტერნატიულ გრიფმინიჭებულ სახელმძღვანელოებთან/სერიებთან ერთად, შესაძლებელია სკოლებს შეეთავაზოთ განმეორებით შესარჩევად მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადაში. იმ შემთხვევაში, თუ სკოლის მიერ არ/ვერ განხორციელდა შესაბამის ვადაში სახელმძღვანელოს/სერიის შერჩევა, სკოლის მიმართვის საფუძველზე რესურსცენტრი ახორციელებს არჩევანის დაფიქსირებას ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში, რაზეც დაუყოვნებლივ წერილობით აცნობებს სააგენტოს.“.

10. 21-ე მუხლის მე-4 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5) ქართული ენის (არაქართულენოვანი სკოლებისთვის/სექტორებისთვის) საგნის სწავლებისას სასწავლო პროცესში ძირითად საგანმანათლებლო რესურსად გამოიყენება ქართული, როგორც მეორე ენის გრიფმინიჭებული სასკოლო სახელმძღვანელო/სერია, მისი გრიფის მოქმედების ვადით.“.

11. დანართი ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიმიხეილ ჩხენკელი