საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1186-VIIრს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 22/12/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/12/2021
ძალაში შესვლის თარიღი 01/03/2022
სარეგისტრაციო კოდი 030000000.05.001.020467
1186-VIIრს-Xმპ
22/12/2021
ვებგვერდი, 28/12/2021
030000000.05.001.020467
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №39(46), 1999 წელი, მუხ. 190) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი:

„ი) პირის შესახებ მონაცემების დამოკიდებულ პირთა სიაში შეტანასთან დაკავშირებით.“.

2. მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 12 ნაწილი:

„12. სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება ამ კოდექსის VII​22 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.“.

3. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის VII22 თავი:

თავი VII22

ადმინისტრაციული სამართალწარმოება აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებზე დამოკიდებულ პირთა სიაში პირის შესახებ მონაცემების შეტანასთან დაკავშირებით

მუხლი 2185. ტერმინთა განმარტება

ამ თავის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) დამოკიდებულ პირთა სია − „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სია;

ბ) დამოკიდებული პირი − „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული თამაშზე დამოკიდებული პირი;

გ) ოჯახის წევრი − პირის მშობელი, მეუღლე, შვილი ან მასთან მუდმივად მცხოვრები პირი.

მუხლი 21 86. სასამართლოსთვის მიმართვა

1. ოჯახის წევრს უფლება აქვს, მიმართოს სასამართლოს „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად პირის შესახებ მონაცემების დამოკიდებულ პირთა სიაში შეტანის თაობაზე განცხადებით.

2. პირის შესახებ მონაცემების დამოკიდებულ პირთა სიაში შეტანის თაობაზე განცხადება განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისგან.

მუხლი 21 87. სასამართლოს მიერ განცხადების განხილვა და გადაწყვეტა

1. პირის შესახებ მონაცემების დამოკიდებულ პირთა სიაში შეტანის თაობაზე განცხადებას განიხილავს მაგისტრატი მოსამართლე ან რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ამ კოდექსით დადგენილი წესით, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. პირის შესახებ მონაცემების დამოკიდებულ პირთა სიაში შეტანის თაობაზე განცხადება მოსამართლეს (სასამართლოს) წარედგინება წერილობით. იგი უნდა შეიცავდეს:

ა) განცხადების წარმდგენი პირის საიდენტიფიკაციო მონაცემებს (სახელს, გვარს, პირად ნომერს, საცხოვრებელი ადგილის მისამართს, სამუშაო ადგილის მისამართს, ტელეფონის ნომერს, მათ შორის, მობილური ტელეფონის ნომერს, და ელექტრონული ფოსტის მისამართს);

ბ) დამოკიდებულ პირთა სიაში შესაყვანი პირის საიდენტიფიკაციო მონაცემებს (სახელს, გვარს, პირად ნომერს, საცხოვრებელი ადგილის მისამართს, სამუშაო ადგილის მისამართს, ტელეფონის ნომერს, მათ შორის, მობილური ტელეფონის ნომერს, და ელექტრონული ფოსტის მისამართს);

გ) განცხადების წარმდგენი პირისა და დამოკიდებულ პირთა სიაში შესაყვანი პირის ურთიერთკავშირის შესახებ ცნობებს;

დ) კონკრეტულ ფაქტებსა და გარემოებებს, რომლებზედაც განცხადების წარმდგენი პირი ამყარებს თავის მოთხოვნას;

ე) იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებიც ადასტურებს განცხადების წარმდგენი პირის მიერ მითითებულ გარემოებებს;

ვ) პირის შესახებ მონაცემების დამოკიდებულ პირთა სიაში შეტანის თაობაზე მოთხოვნას;

ზ) განცხადების წარმდგენი პირის ხელმოწერას.

3. ამ მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ცნობები და მტკიცებულებები თან უნდა დაერთოს განცხადებას.

4. მოსამართლე განცხადების წარდგენიდან არაუადრეს 3 და არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში განიხილავს მას და გამოსცემს ბრძანებას პირის შესახებ მონაცემების დამოკიდებულ პირთა სიაში შეტანის თაობაზე ან ბრძანებას განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

5. მოსამართლე უფლებამოსილია განცხადება განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე, რის შესახებაც განცხადების წარდგენიდან არაუგვიანეს 24 საათისა ატყობინებს განცხადების წარმდგენ პირსა და იმ პირს, რომლის მიმართაც შეტანილია განცხადება, და უგზავნის მათ შესაბამის საქმის მასალებს.

6. თუ მოსამართლე მიიჩნევს, რომ აუცილებელია განცხადებაში მითითებული გარემოებების გამოკვლევა, იგი უფლებამოსილია განცხადება განიხილოს ზეპირი მოსმენით. მხარეთა გამოუცხადებლობა არ აფერხებს ამ თავით გათვალისწინებული განცხადების განხილვას.

7. პირს უფლება აქვს, განცხადებისა და საქმის მასალების მიღებიდან 48 საათის განმავლობაში წერილობით წარუდგინოს სასამართლოს თავისი მოსაზრებები და მტკიცებულებები.

8. მოსამართლე უფლებამოსილია განცხადების დასაბუთებულობის შესამოწმებლად მხარის შუამდგომლობით ან საკუთარი ინიციატივით გამოიძახოს და დაჰკითხოს ნებისმიერი პირი, მხარეებს მიმართოს წინადადებით, წარმოადგინონ საჭირო დოკუმენტები, მტკიცებულებები, აგრეთვე მხარის შუამდგომლობით ან საკუთარი ინიციატივით გამოითხოვოს საქმის განხილვისთვის საჭირო დოკუმენტები და მტკიცებულებები.

9. მოსამართლე უფლებამოსილია მხარის შუამდგომლობით ან საკუთარი ინიციატივით საქმე განიხილოს დახურულ სასამართლო სხდომაზე.

10. სასამართლო პროცესზე მტკიცების ტვირთი ეკისრება განცხადების წარმდგენ მხარეს.

11. განცხადების განხილვის დროს სასამართლო/მოსამართლე ხელმძღვანელობს  საქმის ინდივიდუალური გარემოებებით, მათ შორის, ითვალისწინებს პირის დამოკიდებულების სიმძიმეს, ოჯახის წევრისთვის მიყენებულ მატერიალურ ზიანს.

12. პირის შესახებ მონაცემების დამოკიდებულ პირთა სიაში შეტანის  თაობაზე მოსამართლის ბრძანებაში აღინიშნება:

ა) ბრძანების შედგენის თარიღი და ადგილი;

ბ) მოსამართლის სახელი და გვარი;

გ) განცხადების წარმდგენი პირის სახელი და გვარი;

დ) დამოკიდებულ პირთა სიაში შესაყვანი პირის სახელი და გვარი;

ე) გარემოებები, რომლებიც საფუძვლად დაედო გადაწყვეტილების მიღებას;

ვ) განკარგულება პირის შესახებ მონაცემების დამოკიდებულ პირთა სიაში შეტანის თაობაზე ან გადაწყვეტილება განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;

ზ) გაფრთხილება ბრძანების აღუსრულებლობის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შესახებ;

თ) ბრძანების გასაჩივრების ვადა და წესი;

ი) მოსამართლის ხელმოწერა და ბეჭედი.

13. პირის შესახებ მონაცემების დამოკიდებულ პირთა სიაში შეტანის თაობაზე მოსამართლის ბრძანება ძალაში შედის ბრძანების გამოცხადებისთანავე. ბრძანების გასაჩივრება არ აჩერებს ბრძანების მოქმედებას.

14. მოსამართლის ბრძანება დგება 4 ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი ეგზემპლარი ეგზავნება განცხადების წარმდგენ პირს, მეორე ეგზემპლარი − დამოკიდებულ პირთა სიაში შესაყვან პირს, მესამე ეგზემპლარი − საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − შემოსავლების სამსახურს, ხოლო მეოთხე ეგზემპლარი რჩება სასამართლოში.

მუხლი 21 88. მოსამართლის ბრძანების გასაჩივრება

1. პირის შესახებ მონაცემების დამოკიდებულ პირთა სიაში შეტანის თაობაზე მოსამართლის ბრძანება საჩივრდება სააპელაციო სასამართლოში ბრძანების მხარისთვის გადაცემიდან 3 დღის ვადაში. საჩივარი შეიტანება ბრძანების გამომცემ სასამართლოში. მოსამართლე საჩივარს საქმის მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ უგზავნის სააპელაციო სასამართლოს.

2. საჩივართან დაკავშირებით გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლო იღებს საჩივრის წარდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს ბრძანება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მუხლის 21 89. დამოკიდებული პირის შესახებ მონაცემების დამოკიდებულ პირთა სიიდან ვადაზე ადრე ამოღების წესი

1. „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დამოკიდებული პირი უფლებამოსილია ამ კოდექსის 2187 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით მიმართოს ბრძანების გამომცემ სასამართლოს დამოკიდებულ პირთა სიიდან თავისი მონაცემების ამოღების მოთხოვნით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული განცხადების განხილვა წარმოებს ამ თავით დადგენილი წესების შესაბამისად.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2022 წლის 1 მარტიდან. 


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

22 დეკემბერი 2021 წ.

N1186-VIIრს-Xმპ