დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| არასრულწლოვნებზე მავნე ზეგავლენის მომხდენი ფილმებისა და ნაბეჭდი პროდუქციის რეესტრის წარმოების დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 40 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე |
| მიღების თარიღი | 28/12/2001 |
| დოკუმენტის ტიპი | აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 1, 04/01/2002 |
| სარეგისტრაციო კოდი | 450.190.000.12.201.005.108 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (04/01/2002 - 12/08/2003)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 450.190.000.12.201.005.108
საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის
ბრძანება №40
2001 წლის 28 დეკემბერი
ქ. თბილისი
არასრულწლოვნებზე მავნე ზეგავლენის მომხდენი ფილმებისა და ნაბეჭდი პროდუქციის რეესტრის წარმოების დებულების დამტკიცების შესახებ
„მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ”ა“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს არასრულწლოვნებზე მავნე ზეგავლენის მომხდენი ფილმებისა და ნაბეჭდი პროდუქციის რეესტრის წარმოების თანდართული დებულება.
2. ბრძანება ამოქმედდეს 2002 წლის 1 იანვრიდან
ზ. გაიპარაშვილი
არასრულწლოვნებზე მავნე ზეგავლენის მომხდენი ფილმებისა და ნაბეჭდი პროდუქციის რეესტრის წარმოების დებულება
I. ზოგადი დებულებანი
1. არასრულწლოვნებზე მავნე ზეგავლენის მომხდენი ფილმებისა და ნაბეჭდი პროდუქციისაგან არასრულწლოვანთა დაცვის მიზნით იქმნება არასრულწლოვნებზე მავნე ზეგავლენის მომხდენი ფილმებისა და ნაბეჭდი პროდუქციის რეესტრი (შემდგომში– რეესტრი).
2. რეესტრი იქმნება ”მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი საფუძველზე.
II. რეესტრის მიზანი
3. რეესტრის მიზნებია:
ა) არასრულწლოვნებზე მავნე ზეგავლენის მომხდენი ფილმების და ნაბეჭდი პროდუქციის აღრიცხვა ფილმების შესაბამისი კატეგორიების დაცვით;
ბ) არასრულწლოვნებზე მავნე ზეგავლენის მომხდენი ფილმებისა და ნაბეჭდი პროდუქციის შესახებ საზოგადოებისათვის ინფორმაციის მიწოდება;
გ) კატეგორიამინიჭებული ფილმისა და კატეგორამინიჭებული ნაბეჭდი პროდუქციის ხელახალი განხილვის თავიდან აცილება.
III. რეესტრის წარმოების წესი
4. რეესტრში შეიტანება ნაბეჭდი პროდუქცია და ფილმები საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის ახალგაზრდული პრობლემების კვლევის ცენტრის (შემდგომში – კვლევის ცენტრი) მიერ შესაბამისი კატეგორიის მინიჭების შემდეგ.
5. რეესტრში ნაბეჭდი პროდუქციის შეტანის შესახებ განცხადებით მიმართვის უფლება აქვს:
ა) ნაბეჭდი პროდუქციის ავტორს;
ბ) საავტორო ან მომიჯნავე უფლების მქონე პირს;
გ) ნაბეჭდი პროდუქციის გამომცემელს;
დ) ნაბეჭდი პროდუქციის გამავრცელებელს;
ე) ახალგაზრდობის საქმეთა რაიონულ განყოფილებას.
6. ფილმებისათვის შესაბამისი კატეგორიების მინიჭებისა და რეესტრში შეტანის შესახებ განცხადებით მიმართვის უფლება აქვს:
ა) ფილმის ავტორს;
ბ) საავტორო ან მომიჯნავე უფლების მქონე პირს;
გ) კინოკომპანიას;
დ) ტელეკომპანიას;
ა) ფილმის დისტრიბუტორს;
ვ) ფილმის დამამზადებელს (პროდიუსერი);
ზ) ახალგაზრდობის საქმეთა რაიონულ განყოფილებას.
7. ნაბეჭდი პროდუქციის ავტორს, საავტორო ან მომიჯნავე უფლების მქონე პირს, გამომცემელს და გამავრცელებელს უფლება აქვს ”არასრულწლოვნებზე მავნე ზეგავლენის მომხდენი ფილმებისა და ნაბეჭდი პროდუქციის განმსაზღვრელი კრიტერიუმების“ საფუძველზე მიანიჭოს პროდუქციას არასრულწლოვნებზე მავნე ზეგავლენის მომხდენი კატეგორია ნებაყოფილობით, კვლევის ცენტრთან მიმართვის გარეშე. ასეთ შემთხვევაში ინფორმაცია არ შეიტანება რეესტრში.
8. ფილმის ავტორს, საავტორო ან მომიჯნავე უფლების მქონე პირს, კინოკომპანიას, ტელეკომპანიას, ფილმის დისტრიბუტორს, ფილმის დამამზადებელ (პროდიუსერი) უფლება აქვს „არასრულწლოვნებზე მავნე ზეგავლენის მომხდენი ფილმებისა და ნაბეჭდი პროდუქციის განმსაზღვრელი კრიტერიუმების" საფუძველზე მიანიჭოს ფილმს შესაბამისი კატეგორია ნებაყოფილობით, კვლევის ცენტრთან მიმართვის გარეშე. ასეთ შემთხვევაში ინფორმაცია არ შეიტანება რეესტრში.
9. რეესტრში პროდუქციის შეტანის შესახებ განცხადებას თან ერთვის:
ა) სახელმწიფო ენაზე თარგმნილი ნაბეჭდი პროდუქციის ერთი ეგზემპლარი ან ვიდეოკასეტაზე ჩაწერილი განსახილველი ფილმი, რომელიც ინახება კვლევის ცენტრში;
ბ) განმცხადებლის სტატუსი დამადასტურებელი დოკუმენტი.
10. კვლევის ცენტრი შემოსულ განცხადებას განიხილავს და გამოაქვს შესაბამისი გადაწყვეტილება 10 დღის განმავლობაში.
11. რეესტრში შეტანილი ფილმის ან ნაბეჭდი პროდუქციის ასლი ინახება კვლევის ცენტრში.
12. პროდუქციის განხილვაზე დასწრების უფლება აქვს განცხადების შემომტანს.
13. დაუშვებელია კატეგორიის მინიჭების მიზნით ფილმიდან კადრების ამოჭრა.
14. პროდუქციისათვის შესაბამისი კატეგორიის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული.
15. კვლევის ცენტრის გადაწყვეტილება შეიძლება გადაისინჯოს, თუ:
ა) გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი;
ბ) განცხადების შემომტანი არ ეთანხმება გადაწყვეტილებას;
გ) შეიცვალა ”არასრულწლოვნებზე მავნე ზეგავლენის მომხდენი ფილმებისა და ნაბეჭდი პროდუქციის განმსაზღვრელი კრიტერიუმები.“
16. გადაწყვეტილების გადასინჯვის უფლება აქვს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარეს.
17. დეპარტამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილება ფორმდება შესაბამისი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით – ბრძანებით.
18. რეესტრში პროდუქციის შეტანა ხდება ”არასრულწლოვნებზე მავნე ზეგავლენის მომხდენი ფილმებისა და ნაბეჭდი პროდუქციის განმსაზღვრელი კრიტერიუმების“ საფუძველზე.
19. შესაბამისი კატეგორიის მინიჭებიდან 48 საათში ფილმი ან ნაბეჭდი პროდუქცია შეიტანება რეესტრში.
20. რეესტრში ფილმი ან ნაბეჭდი პროდუქცია თავსდება ერთხელ.
IV. დასკვნითი დებულებანი
21. რეესტრის დებულებას ამტკიცებს საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე ”მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე.
22. რეესტრის დებულებაში ცვლილებები და დამატებები შეაქვს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარეს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები