ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმე „ტლაშაძე და კაკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმე „ტლაშაძე და კაკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“
დოკუმენტის ნომერი 41674/10
დოკუმენტის მიმღები ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
მიღების თარიღი 25/03/2021
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/10/2021
სარეგისტრაციო კოდი
41674/10
25/03/2021
ვებგვერდი, 26/10/2021
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმე „ტლაშაძე და კაკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს

მეხუთე სექციის

გადაწყვეტილება

საქმე „ტლაშაძე და კაკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“

(საჩივარი №41674/10)

სტრასბურგი

2021 წლის 25 მარტი


წინამდებარე გადაწყვეტილება საბოლოოა, თუმცა შეიძლება დაექვემდებაროს რედაქციულ შესწორებას.

 

საქმეზე „ტლაშაძე და კაკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“,

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (მეხუთე სექცია) შემდეგი შემადგენლობით:

          განა იუდკივსკა თავმჯდომარე,
          სტეფანი მურუ-ვიკშტრომი,
          ლადო ჭანტურია, მოსამართლეები,
და მარტინა კელერი, სექციის განმწესრიგებლის მოადგილე,

გაითვალისწინა რა:

საქართველოს ორი მოქალაქის, ბ-ნი თამაზ ტლაშაძის (შემდგომში „პირველი მომჩივანი“) და ბ-ნი რომან კაკაშვილის (შემდგომში „მეორე მომჩივანი“) მიერ „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ (შემდგომში „კონვენცია“) 34-ე მუხლის შესაბამისად 2010 წლის 29 ივნისს საქართველოს წინააღმდეგ სასამართლოში შეტანილი საჩივარი (N 41674/10);

2016 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ საქართველოს მთავრობას (შემდგომში „მთავრობა“) ეცნობოს კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტითა და მე-8 მუხლით გათვალისწინებული საჩივრების შესახებ და საჩივრის დანარჩენი ნაწილის მიუღებლად ცნობის თაობაზე სასამართლო რეგლამენტის 54-ე წესის მე-3 პუნქტის შესაბამისად;

მხარეთა მოსაზრებები;

2021 წლის 4 მარტის დახურული თათბირის შემდეგ

გამოიტანა შემდეგი გადაწყვეტილება, რომელიც იმავე დღეს იქნა მიღებული:

შესავალი

1. საქმე ეხება მომჩივნების მიმართ წარმოებული სისხლის სამართლის პროცესის სავარაუდო უსამართლობას, რომელიც კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტითაა გათვალისწინებული, იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ იქნა მათ წინააღმდეგ ძირითადი მტკიცებულები მოპოვებული და გამოყენებული.

ფაქტები

2. პირველი მომჩივანი 1962 წელს დაიბადა და გორში ცხოვრობს. მეორე მომჩივანი 1959 წელს დაიბადა და სოფელ რუისში ცხოვრობს. მომჩივნებს წარმოადგენდა ქალბატონი ნ. ჯომარჯიძე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან (საია).

3. მთავრობას წარმოადგენდა სახელმწიფო წარმომადგენელი იუსტიციის სამინისტროდან ბ-ნი ბ. ძამაშვილი.

4. საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რა სახითაც წარმოდგენილია მხარეების მიერ, შეიძლება შეჯამდეს შემდეგნაირად.

I. მომჩივნების დაკავება და ჩხრეკა

A. პირველი მომჩივანი

5. 2009 წლის 15 ივნისს გორის პოლიციის განყოფილების გამომძიებელმა გ.ნ.-მ განყოფილების უფროსის მოადგილის სახელზე მოამზადა მოკლე, ხელით დაწერილი მოხსენება, რომელშიც ნათქვამია, რომ მან მიიღო „ოპერატიული ინფორმაცია“ (იგულისხმებოდა ანონიმური წყაროდან მიღებული ინფორმაცია), რომ პირველი მომჩივანი „მიდიოდა გორკის ქუჩაზე ნარკოტიკული ნივთიერებით ჯიბეში“. პირველი მომჩივნის მიმართ დაუყოვნებლივ დაიწყო წინასწარი გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად ნარკოტიკების უკანონო შეძენისა და შენახვისათვის.

6. მოვლენების ოფიციალური ვერსიით, 2009 წლის 15 ივნისის საღამოს პირველი მომჩივანი გააჩერა სამმა პოლიციელმა, კერძოდ, გ.ნ.-მ (ჩხრეკასა და დაკავებაზე პასუხისმგებელი გამომძიებელი), გ.ვ.-მ და დ.ს.-მ. გადაწყვეტილება გადაუდებელ გარემოებებში პირადი ჩხრეკის ჩატარების შესახებ მიიღო გ.ნ.-მ „ოპერატიული ინფორმაციის“ საფუძველზე (იხ. წინა პარაგრაფი).

7. პირველი მომჩივნის მიმართ შედგენილი პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, ის გააჩერეს და გაჩხრიკეს ადგილზე 23:25 საათიდან 23:40 საათამდე მონაკვეთში. ოქმი მოიცავდა გამომძიებლის შენიშვნას, რომ მომჩივანმა უარი თქვა დამსწრეების მოთხოვნაზე. შემდეგ შენიშვნაში ნათქვამი იყო, რომ ჩხრეკა ჩატარდა „გადაუდებელ გარემოებებში“, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად (რომელიც ჩხრეკის მოწმეების დასწრების გარეშე ჩატარების უფლებას იძლევა), რათა უკანონო ნივთიერების გადამალვა, დაზიანება ან განადგურება თავიდან იქნეს აცილებული. ოქმში ასევე ნათქვამი იყო, რომ ჩხრეკის დროს პირველმა მომჩივანმა წინააღმდეგობა გასწია. პირველი მომჩივნის პირადი ჩხრეკის შედეგად აღმოაჩინეს ვერცხლისფერი პაკეტი, რომელშიც მოთავსებული იყო ნახევარი თეთრი აბი (რომელიც, როგორც მოგვიანებით დადასტურდა, შეიცავდა ნარკოტიკს, რომელსაც ბუპრენორფინი ეწოდება). პირადი ჩხრეკის ოქმს ხელი მოაწერეს გ.ვ.-მ და დ.ს.-მ და მასში აღნიშნული იყო, რომ პირველმა მომჩივანმა უცნობი მიზეზებით უარი თქვა მის ხელმოწერაზე.

8. 23:45 საათზე მომჩივანი ოფიციალურად დააკავეს როგორც ეჭვმიტანილი. დაკავების ოქმში აღნიშნული იყო, რომ ის შედგა ფაქტობრივი დაკავების დროსა და ადგილზე და რომ დაკავება განხორციელდა იმის საფუძველზე, რომ პირველი მომჩივნის პიროვნებაზე „დანაშაულის აშკარა კვალი“ აღმოჩნდა. ოქმი შეიცავდა გამომძიებლის შენიშვნას, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ პირველი მომჩივანი გაეცნო შესაბამისი დოკუმენტის შინაარსს, მაგრამ უცნობი მიზეზებით უარი თქვა მის ხელმოწერაზე.

9. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ 2009 წლის 16 ივნისს ჩატარებულმა სამედიცინო გამოკვლევამ აჩვენა, რომ მომჩივანი არ იმყოფებოდა ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ.

10. 2009 წლის 16 ივნისს გორის რაიონულმა სასამართლომ წერილობითი სამართალწარმოების გზით, მომჩივნის ან მისი ადვოკატის მონაწილეობის გარეშე, post factum დააკმაყოფილა ჩხრეკისა და ამოღების ზომების კანონიერების დადასტურების თაობაზე პროკურორის შუამდგომლობა. შუამდგომლობა ემყარებოდა მხოლოდ პროკურორის მიერ წარდგენილ მასალას, როგორიცაა მოხსენება „ოპერატიული ინფორმაციის“ არსებობის შესახებ (იხილეთ მე-5 პარაგრაფი ზემოთ), გადაუდებელ გარემოებებში პირადი ჩხრეკის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება და პირველი მომჩივნის პირადი ჩხრეკის ოქმი. მოკლე ფორმით შედგენილ სასამართლოს განჩინებაში ჩამოთვლილი იყო შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის რამდენიმე დებულება შემდგომი დაზუსტების გარეშე და აღნიშნული იყო, რომ ბრალდების შუამდგომლობით დადგინდა, რომ ჩხრეკა გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე და შესაბამისი კანონმდებლობის საპროცესო მოთხოვნების დაცვით ჩატარდა. შესაბამისად, მან პირველი მომჩივნის პირადი ჩხრეკა კანონიერად ცნო. გაურკვეველია, თუ როდის ჩაბარდა აღნიშნული განჩინება მომჩივანს. განჩინება ითვალისწინებდა გასაჩივრების 72-საათიან ვადას. მომჩივანმა არ ისარგებლა ამ შესაძლებლობით.

11. 2009 წლის 16 ივნისს პირველმა მომჩივანმა მისცა ჩვენება გამომძიებელს მოვლენების მის ვერსიასთან დაკავშირებით. მომჩივნის განმარტების თანახმად, 2009 წლის 15 ივნისს, 22:30 საათიდან 23:00 საათამდე მონაკვეთში, ქუჩაში მიდიოდა, როდესაც მას სამი პოლიციელი მიუახლოვდა. მათ სთხოვეს, რომ გაევლო ნარკოლოგიური შემოწმება, რაზეც ის დათანხმდა. თუმცა, სამედიცინო დაწესებულებაში წაყვანის ნაცვლად, ის პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს. სწორედ მანდ ჩატარდა მისი ჩხრეკა. პირველად არანაირი ნარკოტიკი არ აღმოჩნდა. შემდეგ მას დაადეს ბორკილები. შემდეგ პოლიციელმა, რომელმაც ის მეორედ გაჩხრიკა, მისი შარვლის ჯიბიდან ამოიღო პაკეტი, რომელიც მას მანამდე არ უნახავს. მომჩივანმა განაცხადა, რომ პაკეტი მას პოლიციელებმა ჩაუდეს და ეს დაკავშირებული უნდა ყოფილიყო მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციებში მის აქტიურ მონაწილეობასთან.

12. პირველ მომჩივანს ბრალი ედებოდა ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შეძენასა და შენახვაში სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად. ბრალდება ემყარებოდა (ა) პირადი ჩხრეკის და დაკავების ოქმებს, (ბ) პოლიციელთა მიერ მოწმეთა სახით მიცემულ ჩვენებებს და (გ) სასამართლო ექსპერტიზის დასკვნას, რომ აბი, რომელიც პირველ მომჩივანს უპოვეს, იყო ნარკოტიკული ნივთიერება ბუპრენორფინი.

B. მეორე მომჩივანი

13. 2009 წლის 17 ივნისს ქარელის პოლიციის განყოფილების უფროსის მოადგილემ განყოფილების უფროსის სახელზე მოამზადა მოკლე მოხსენება, რომელშიც აღნიშნა, რომ მისთვის ცნობილი გახდა, რომ მეორე მომჩივანი მაკაროვის ტიპის პისტოლეტს ფლობდა, რომელსაც ის „ხშირად თან ატარებდა“. მეორე მომჩივნის წინააღმდეგ დაუყოვნებლივ დაიწყო წინასწარი გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვისა და ტარების გამო.

14. მოვლენების ოფიციალური ვერსიით, რომელიც ეფუძნება მეორე მომჩივნის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმს, რომელიც 2009 წლის 17 ივნისის 13:20 საათზე იქნა შედგენილი, მეორე მომჩივანი დააკავა სამმა პოლიციელმა, კერძოდ, ლ.კ.-მ (დაკავებასა და ჩხრეკაზე პასუხისმგებელი გამომძიებელი), გ.ტ.-მ და ნ.მ.-მ, სოფელ რუისში იმავე დღის 12:40 საათზე. მას ადგილზე ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა 12:48 საათიდან და 13:00 საათამდე მონაკვეთში. ოქმი შეიცავდა დაკავების შესაძლო საფუძვლების ჩამონათვალს, რომელთაგან ერთი უნდა ყოფილიყო მონიშნული, მათ შორის: (ა) შესაბამის პირს წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან უშუალოდ დანაშაულის ჩადენის შემდეგ; (ბ) თვითმხილველი, რომელიც მიუთითებს დაკავებულ პირზე; (გ) შესაბამისი პირი, რომელზეც აღინიშნება დანაშაულის აშკარა ნიშანი; და (დ) შესაბამისი პირი, რომელიც იდენტიფიცირებულია მსხვერპლის მიერ. არც ერთი საფუძველი არ იყო მონიშნული. ოქმში იყო აღნიშნული, რომ მეორე მომჩივანი ინფორმირებული იყო მისი უფლების შესახებ, მოეწვია დამსწრეები, ხოლო შესაბამისი ნაწილი დატოვებული იყო შეუვსებელი. ოქმში ასევე მითითებული იყო ფაქტი, რომ პირადი ჩხრეკა ჩატარდა „გადაუდებელ გარემოებებში“, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად (რომელიც ჩხრეკის მოწმეების დასწრების გარეშე ჩატარების უფლებას იძლევა). მიუხედავად იმისა, რომ ოქმის ნაწილში, რომელიც ეხებოდა ზომის გადაუდებლობას, აღნიშნული იყო, რომ „მტკიცებულების განადგურების ან გადამალვის რეალური რისკის“ ხასიათის მითითება აუცილებელია, ეს ნაწილი შეუვსებელი იყო დარჩენილი, რომელსაც მოჰყვებოდა ნაბეჭდი შენიშვნა, სადაც იკითხებოდა: „მე ჩავატარე ჩხრეკა მოწმეების მონაწილეობის გარეშე“. ოქმის თანახმად, მეორე მომჩივნის პირადი ჩხრეკის შედეგად გამომძიებლებმა აღმოაჩინეს, სხვებს შორის, მაკაროვის ტიპის პისტოლეტი. ბოლოში ხელით დაწერილ შენიშვნაში მითითებული იყო, რომ მომჩივანმა უარი თქვა ოქმის ხელმოწერაზე იმ საფუძვლით, რომ იარაღი მას არ ეკუთვნოდა.

15. 12:41 საათზე შედგენილ იქნა ოქმი ეჭვმიტანილისთვის დაცვაზე მისი უფლებების შეტყობინების შესახებ. ოქმის ბოლოში გამომძიებლის კომენტარში მითითებული იყო, რომ მეორე მომჩივანმა უარი თქვა როგორც ოქმის გაცნობაზე, ისე მის ხელმოწერაზე.

16. 2009 წლის 17 ივნისს ლ.კ.-მ (იხილეთ მე-14 პარაგრაფი ზემოთ) მოწმედ დაკითხა გ.ტ. და ნ.მ.. გ.ტ.-მ და ნ.მ.-მ დაადასტურეს, სხვებს შორის, რომ მეორე მომჩივნის დაკავება და ჩხრეკა ეფუძნებოდა „ოპერატიულ ინფორმაციას“. ნ.მ.-მ აღნიშნა, რომ ჯგუფში, რომელიც მომჩივნის საქმის გამოძიებაში მონაწილეობდა, ოთხი პირი შედიოდა.

17. 2009 წლის 18 ივნისს ხაშურის რაიონულმა სასამართლომ წერილობითი სამართალწარმოების გზით, მომჩივნის ან მისი ადვოკატის მონაწილეობის გარეშე, post factum დააკმაყოფილა ჩხრეკისა და ამოღების ზომების კანონიერების დადასტურების თაობაზე პროკურორის შუამდგომლობა. შუამდგომლობა ემყარებოდა მხოლოდ პროკურორის მიერ წარდგენილ მასალას; თუმცა განჩინებიდან არ ირკვევა, თუ რა მასალა იქნა წარდგენილი სასამართლოსთვის და ხელმისაწვდომი იყო თუ არა სასამართლოსთვის ის ინფორმაცია, რომელიც საფუძვლად დაედო შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს (იხილეთ მე-13 პარაგრაფი ზემოთ). მოკლე ფორმით შედგენილ სასამართლოს განჩინებაში ჩამოთვლილი იყო შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის რამდენიმე დებულება შემდგომი დაზუსტების გარეშე და აღნიშნული იყო, რომ ბრალდების შუამდგომლობით დადგინდა, რომ ჩხრეკა გადაუდებელი აუცილებლობიდან ჩატარდა უკანონო ნივთების დაზიანების ან გადამალვის რისკის თავიდან ასაცილებლად და შესაბამისი კანონმდებლობის საპროცესო მოთხოვნების დაცვით. ამრიგად, სასამართლომ მეორე მომჩივნის პირადი ჩხრეკა კანონიერად ცნო. გაურკვეველია, თუ როდის ჩაბარდა აღნიშნული განჩინება მომჩივანს. განჩინება ითვალისწინებდა გასაჩივრების 72-საათიან ვადას. მომჩივანმა არ ისარგებლა ამ შესაძლებლობით.

18. 2009 წლის 18 ივნისს, განაცხადა რა თავისი უდანაშაულობის შესახებ, მეორე მომჩივანმა უარი თქვა გამომძიებლისათვის ჩვენების მიცემაზე. მან მოგვიანებით, საქმის სასამართლოში განხილვაზე, წარადგინა მოვლენების თავისი ვერსია (იხილეთ 31-ე-32-ე პარაგრაფები ქვემოთ).

19. მეორე მომჩივანს ბრალი ედებოდა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალების მართლსაწინააღმდეგო შეძენაში, შენახვასა და ტარებაში სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების შესაბამისად. ბრალდება ემყარებოდა (ა) დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმს, (ბ) პოლიციელთა მიერ მოწმეთა სახით მიცემულ ჩვენებებსა და (გ) სასამართლო ექსპერტიზის დასკვნას იარაღის ტიპისა და მასში ნაპოვნი საბრძოლო მასალების გამოსაყენებლად ვარგისიანობის შესახებ.

II. მომჩივნების დამნაშავედ ცნობა

A. პირველი მომჩივანი

20. 2009 წლის 22 ივლისს გ.ნ., რომელიც პირველი მომჩივნის საქმის უფროსი გამომძიებელი იყო, პირველი ინსტანციის სასამართლოში დაიკითხა. მისი განმარტების თანახმად, 2009 წლის 15 ივნისს, სადღაც 23:00 საათამდე, მან მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ მომჩივანს სავარაუდოდ თან ჰქონდა ნარკოტიკები და პოლიციელთა ჯგუფი გავიდა ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად. მომჩივანს მიუახლოვდნენ პოლიციელები. როდესაც მას მოსთხოვეს, წარმოედგინა უკანონო საგნები, რომელთაც ის თან ატარებდა, მან სცადა გაქცევა. შესაბამისად, ის დააკავეს და ადგილზევე გაჩხრიკეს. პოლიციელებმა იპოვეს ნარკოტიკი და შემდეგ მომჩივანი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. გ.ნ.-მ დააზუსტა, რომ, მიუხედავად იმისა, რომ მომჩივანს არ ჰქონდა მინიჭებული ეჭვმიტანილის სტატუსი, მათ ის გაჩხრიკეს მის შესახებ არსებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე და იმ რისკის გამო, რომ ის თავიდან მოიშორებდა მტკიცებულებას. გ.ნ.-მ განაცხადა, რომ მომჩივანს ეცნობა მისი უფლებების შესახებ, თუმცა არ მოუთხოვია ჩხრეკის დროს მოწმის დასწრება. მან განაცხადა, რომ მომჩივანი დააკავეს შენობის წინ, რომელიც რიცხვით „100“ იყო აღნიშნული.

21. 2009 წლის 30 ივლისს ჩხრეკისა და დაკავების ოპერაციაში მონაწილე მეორე პოლიციელმა დ.ს.-მ. მისცა ჩვენება. მან განმარტა, რომ პოლიციელთა ჯგუფი ოპერატიული ინფორმაციის მიღებიდან „წამებში“ გავიდა მომჩივნის დასაკავებლად. მან ვერ გაიხსენა, თუ სად იქნა შედგენილი ჩხრეკის გადაუდებელ გარემოებებში ჩატარების გადაწყვეტილება. რაც შეეხება პირადი ჩხრეკის ოქმს, ის შეადგინეს ადგილზე. მან ვერ გაიხსენა, სცადა თუ არა მომჩივანმა გაქცევა, მაგრამ განაცხადა, რომ მომჩივანმა უარი თქვა გაჩხრეკაზე და ამიტომ ჩხრეკა ჩატარდა მისი სურვილის საწინააღმდეგოდ. დ.ს.-მ ვერ გაიხსენა, დაადეს თუ არა მომჩივანს ბორკილები. მან განაცხადა, რომ მომჩივანი დააკავეს შენობის წინ, რომელიც, პოლიციელების ვარაუდით, იყო №100, თუმცა ამ ნომრის მაჩვენებელი ნიშანი შენობაზე არ იყო და მათ ამის შესახებ ქუჩაში სახლების ნომრების თანამიმდევრობიდან გამომდინარე დაასკვნეს.

22. 2009 წლის 30 ივლისს მომჩივნის ჩხრეკასა და დაკავებაში მონაწილე მესამე პოლიციელმა გ.ვ.-მ პირველი ინსტანციის სასამართლოში მისცა ჩვენება. სხვა საკითხებთან ერთად მან განმარტა, რომ მომჩივანი აქტიურად შეეწინააღმდეგა ჩხრეკას, რა დროსაც ის ხმამაღლა ყვიროდა, და რომ პოლიციელებმა ძალდატანებით ჩაატარეს მისი პირადი ჩხრეკა. მან განაცხადა, რომ მომჩივანი დააკავეს შენობის წინ, რომელიც, პოლიციელების ვარაუდით იყო №100, თუმცა ამ ნომრის მაჩვენებელი ნიშანი შენობაზე არ იყო და მათ ამის შესახებ ქუჩაში სახლების ნომრების თანამიმდევრობიდან გამომდინარე დაასკვნეს.

23. გორის რაიონულ სასამართლოში საქმის განხილვის დროს პირველმა მომჩივანმა შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს, ჩხრეკისა და ამოღების ზომა არაკანონიერად ეცნო იმ საფუძვლით, რომ ის არაკანონიერად, მოქმედი პროცედურის დარღვევით, დააკავეს. სხვა არგუმენტებს შორის მომჩივანი დავობდა, რომ გამომძიებელმა არ მიუთითა მის გადაწყვეტილებაში სასამართლოს ნებართვის არარსებობის პირობებში პირადი ჩხრეკის ჩატარების კონკრეტული საფუძველი, ან სასამართლოს ბრძანების გარეშე პირადი ჩხრეკის ჩატარების გადაუდებლობის ხასიათი; რომ მისი საპროცესო უფლებები, მათ შორის, ჩხრეკაზე დამსწრეთა მოწვევის შესაძლებლობა, მისთვის პირადი ჩხრეკის დაწყებამდე არ განუმარტავთ; რომ ის გაჩხრიკეს მკაფიო საპროცესო სტატუსის ქონის გარეშე და რომ რეალურად იგი გაჩხრიკეს პოლიციის განყოფილებაში და არა ადგილზე. მომჩივანი ამტკიცებდა, რომ ის ნარკოტიკების მომხმარებელი არ იყო, რაც სამედიცინო შემოწმებამ დაადასტურა, და რომ ნარკოტიკი მას ჩაუდეს პოლიციელებმა სამაგიეროს გადახდის მიზნით, მისი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წევრობისა და მთავრობის საწინააღმდეგო აქციებში მონაწილეობის გამო, რომლებიც 2009 წლის 9 აპრილსა და 26 მაისს შორის პერიოდში ჩატარდა. მან ასევე მიუთითა, რომ პოლიციელების მიერ მოწმის სახით მიცემული ჩვენებები გარკვეულ ბუნდოვანებებს შეიცავდა და ნდობას არ იმსახურებდა.

24. პირველი ინსტანციის სასამართლომ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა ჩხრეკის ოქმის მიუღებელ მტკიცებულებად ცნობის თაობაზე, აღნიშნა რა, რომ მოწმედ დაკითხულმა პოლიციელებმა დაადასტურეს, რომ ჩხრეკა ჩატარდა დაკავების ადგილზე და არა პოლიციის განყოფილებაში. მიუხედავად იმისა, რომ ჩხრეკა დაკავებას ჩვიდმეტი წუთით უსწრებდა წინ, რაც „საპროცესო დარღვევას“ წარმოადგენდა, ასეთი დარღვევა, სასამართლოს მოსაზრებით, „არ იყო არსებითი ხასიათის, რომ გამოეწვია ჩხრეკის ოქმის მიუღებლობის დადგენა“. გარდა ამისა, პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, რომ „იმ ფაქტის გამო, რომ აღნიშნული მტკიცებულების კანონიერება სასამართლომ უკვე შეაფასა“ ჩხრეკის შემდგომ განხილვის დროს და რომ ოქმი შედგენილი იყო უფლებამოსილი პირის მიერ შესაბამისი პროცედურის დაცვით, მისი მიუღებლად ცნობის საფუძველი არ არსებობდა.

25. 2009 წლის 14 აგვისტოს გორის რაიონულმა სასამართლომ მომჩივანი დამნაშავედ ცნო მისთვის წაყენებულ ბრალდებაში (იხილეთ მე-12 პარაგრაფი ზემოთ). სასამართლომ აღნიშნა შემდგომი დაზუსტების გარეშე, რომ მას არ შეუძლია გაიზიაროს მომჩივნის მოსაზრება ამ საქმეზე, რადგან დანაშაულის ჩადენა, რომელიც მას ბრალად შეერაცხა, გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდა ერთმანეთის დამადასტურებელი ცალკეული მტკიცებულებების ერთობლიობით, როგორიცაა (ა) მომჩივნის ჩხრეკასა და დაკავებაში მონაწილე პოლიციელების მიერ მოწმეთა სახით სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებები, (ბ) პირადი ჩხრეკის ოქმი, (გ) ამოღებული ნარკოტიკის მტკიცებულების სახით საქმის მასალებში დამატების შესახებ გადაწყვეტილება და (დ) მომჩივნის პირადი ჩხრეკისას ნაპოვნი ნარკოტიკის სახეობის განმსაზღვრელი სასამართლო ექსპერტიზის დასკვნა. შესაბამისად, პირველ მომჩივანს მიესაჯა სამი წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა. მიუხედავად იმისა, რომ რაიონული სასამართლოსთვის ხელმისაწვდომი საქმის მასალები, როგორც ჩანს, მოიცავდა მოხსენებას ოპერატიული ინფორმაციის შესახებ (იხილეთ მე-5 პარაგრაფი ზემოთ), ის გადაწყვეტილებაში არ არის მოხსენიებული.

26. 2009 წლის 9 სექტემბერს მომჩივანმა წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რომელშიც ადრინდელი არგუმენტები გაიმეორა (იხილეთ 23-ე პარაგრაფი ზემოთ). სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა პირადი ჩხრეკის ოქმის მიუღებლად ცნობის თაობაზე იმ საფუძვლით, რომ სადავო საგამოძიებო ღონისძიება უკვე კანონიერად იქნა ცნობილი და მომჩივანს არ ჰქონდა გასაჩივრებული ამის შესახებ გადაწყვეტილება.

27. 2009 წლის 17 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, მაგრამ შეცვალა ის სასჯელის შეფარდების ნაწილში და შეამცირა სასჯელი ექვს თვის ვადამდე თავისუფლების აღკვეთით. რაც შეეხება პირველი მომჩივნის არგუმენტებს პირადი ჩხრეკის საფუძვლებსა და კანონიერებასთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ აღნიშნული ვერ იქნება გაზიარებული, რადგან პირადი ჩხრეკის ოქმში ყველა შესაბამისი გარემოება იყო მითითებული და მომჩივანი ოპერატიული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით უნდა გაეჩხრიკათ. რაც შეეხება არგუმენტს, რომ მისი ჩხრეკა ადგილზე არ ჩატარებულა, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, შემდგომი დაზუსტების გარეშე, რომ აღნიშნული არ დადასტურდა საქმის მასალებში არსებული მტკიცებულებით. დაეყრდნო რა ჩხრეკის ოქმს, სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ მომჩივანს აცნობეს დამსწრის მოწვევის უფლების შესახებ, რომლის გამოყენებაზეც მან უარი თქვა. სააპელაციო სასამართლო დაეყრდნო (ა) მომჩივნის ჩხრეკასა და დაკავებაში მონაწილე პოლიციელების მიერ მოწმეთა სახით სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებებს, (ბ) პირადი ჩხრეკის ოქმს, (გ) ჩხრეკის შემდგომ განხილვისას პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლითაც დადგინდა სადავო საგამოძიებო მოქმედების კანონიერება, (დ) მომჩივნის პირადი ჩხრეკისას ნაპოვნი ნარკოტიკის სახეობის განმსაზღვრელი სასამართლო ექსპერტიზის დასკვნას და (ე) ამოღებული ნარკოტიკის საქმის მასალებში მტკიცებულების სახით დამატების შესახებ გადაწყვეტილებას.

28. 2009 წლის 29 დეკემბერს უზენაესმა სასამართლომ მომჩივნის მიერ შეტანილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად ცნო.

B. მეორე მომჩივანი

29. 2009 წლის 31 ივლისს სამი გამომძიებელი, რომლებმაც გაჩხრიკეს და დააკავეს მეორე მომჩივანი, პირველი ინსტანციის სასამართლოში დაიკითხა. გ.ტ.-მ განმარტა, რომ მან მომჩივანი მას შემდეგ დააკავა, რაც ოპერატიული ინფორმაცია მიიღო იმის შესახებ, რომ მომჩივანი თან ატარებდა იარაღს. თუმცა მან ვერ გაიხსენა, თუ როდის იქნა ეს ინფორმაცია მიღებული ან რამდენი ხანი დასჭირდა პოლიციელთა ჯგუფს, რომ მომჩივანთან მისულიყვნენ და არსებობდა თუ არა გადაწყვეტილება, რომელიც გადაუდებელ გარემოებებში ჩხრეკის ღონისძიების განხორციელების უფლებამოსილებას ანიჭებდა. მან ვერ გაიხსენა, თუ რა უფლებები განემარტა მომჩივანს ან რაიმე დოკუმენტი თუ იქნა მისთვის წარდგენილი. მოწმემ ვერ გაიხსენა, იყო თუ არა ჩხრეკის ოქმი შედგენილი ადგილზე, ან მან, როგორც ჩხრეკაში მონაწილე პოლიციელმა, ადგილზე მოაწერა თუ არა ხელი ოქმს. გ.ტ.-მ ასევე ვერ გაიხსენა, თუ ჩხრეკის ჩატარებისას სამი პოლიციელიდან რომელმა იპოვა იარაღი და რა ტიპის იყო ეს იარაღი. არსებითად მსგავსი ჩვენება მისცა ნ.მ.-მ, რომელმაც ასევე განაცხადა, რომ „ოპერატიული ინფორმაცია“ მიიღეს დაახლოებით დღის 12 საათისთვის და რომ ლ.კ.-მ მეორე მომჩივანს მისი უფლებები ჩხრეკის ჩატარებამდე განუმარტა; თუმცა, მოწმემ არ იცოდა, თუ კონკრეტულად რომელი უფლებები განემარტა მეორე მომჩივანს. რაც შეეხება დაკავებასა და ჩხრეკაზე პასუხისმგებელ გამომძიებელ ლ.კ.-ს, მან განაცხადა, რომ მეორე მომჩივანს უფლებათა ჩამონათვალი ჩხრეკის ჩატარებამდე წარუდგინა, მაგრამ მეორე მომჩივანმა უარი თქვა მის გაცნობაზე. მოწმემ ვერ გაიხსენა, თუ ვინ იპოვა იარაღი, რაც იმით ახსნა, რომ მას შემდეგ მან ბევრ ჩხრეკაში მიიღო მონაწილეობა. ლ.კ.-მ განაცხადა, რომ პოლიციელები არ იყვნენ ვალდებული, გაეცათ ბრძანება საგნის დაქტილოსკოპიური (თითის ანაბეჭდის დადგენა) ანალიზის ჩატარების თაობაზე, თუ ეჭვმიტანილი განაცხადებდა, რომ ნივთი მას არ ეკუთვნოდა. ამიტომ მეორე მომჩივნის საქმეში აღნიშნული ანალიზი არ ჩატარებულა.

30. 2009 წლის 31 ივლისს მოწმე ი.ნ.-მ, რომელმაც 100 მეტრიდან 150 მეტრამდე მანძილიდან დაინახა, თუ როგორ დააკავეს მომჩივანი, ამტკიცებდა, რომ მომჩივანი ჩასვეს მანქანაში და წაიყვანეს ერთ-ორ წუთში მას შემდეგ, რაც ი.ნ. მიესალმა მომჩივანს, როდესაც ამ უკანასკნელმა მას გვერდით ჩაუარა. მან განაცხადა, რომ მას არ დაუნახავს, თუ საიდან მოვიდა მანქანა, მაგრამ თქვა, რომ მომჩივანს ვერ გაჩხრეკდნენ ადგილზე დროის ასეთ მოკლე მონაკვეთში. მას სთხოვეს, აეხსნა შეუსაბამობა აღნიშნულ ვერსიასა და მის წინასასამართლო ჩვენებას შორის, რომელშიც მან განაცხადა, რომ დაინახა პოლიციის მანქანის მოახლოვება. მოწმემ უპასუხა, რომ მანქანა გამოჩნდა ფიჭვის ხეების გვერდით და რომ მან არ იცის, თუ რა მოხდა იქ.

31. საქმის ხაშურის რაიონულ სასამართლოში განხილვის დროს მეორე მომჩივანმა შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს, ჩხრეკისა და ამოღების ზომა არაკანონიერად ეცნო იმ საფუძვლით, რომ ის არაკანონიერად, მოქმედი პროცედურის დარღვევით, დააკავეს და გაჩხრიკეს, იმ ფაქტის ჩათვლით, რომ მისი დაკავების ოქმში დაკავების საფუძვლები მითითებული არ იყო. სხვა არგუმენტებთან ერთად, მეორე მომჩივანი ამტკიცებდა, რომ ის დააკავეს, როდესაც სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებს ახორციელებდა მიწის ნაკვეთზე, და რომ ის არ გაუჩხრეკიათ ადგილზე, არამედ პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, დაკითხეს და შემდეგ ქარელის პოლიციის განყოფილების უფროსის მოადგილის კაბინეტში გაჩხრიკეს (იხილეთ მე-13 პარაგრაფი ზემოთ). მისი პირადი ჩხრეკა ჩატარდა ამ განყოფილებაში და მას ვერანაირი უკანონო ნივთი ვერ უპოვეს. 2009 წლის 26 აგვისტოს პირველი ინსტანციის სასამართლომ არ დააკმაყოფილა, შემდგომი დაზუსტების გარეშე, შუამდგომლობა ჩხრეკისა და ამოღების ზომის მიუღებლად ცნობის თაობაზე შუამდგომლობის დაუსაბუთებლობის საფუძველზე.

32. მომჩივანი მთელი სასამართლო განხილვის განმავლობაში ამტკიცებდა, რომ იარაღი მას ჩაუდეს პოლიციელებმა, რომლებსაც, მისი არგუმენტის თანახმად, ნაბრძანები ჰქონდათ, დაესაჯათ იგი მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო, რომლებიც თბილისში 2009 წლის 9 აპრილსა და 26 მაისს შორის პერიოდში ჩატარდა. მან ასევე წარმოადგინა ცნობა, რომელიც ადასტურებდა, რომ ის „თავისუფლების“ სახელით ცნობილი პოლიტიკური მოძრაობის წევრი იყო. განმარტავდა რა, რომ იმავე წლის ივნისში პოლიტიკურად აქტიური ადამიანებისთვის მტკიცებულებების ჩადების მოდელი არსებობდა, მომჩივანი ამტკიცებდა, რომ მის წინააღმდეგ აღძრული საქმე ემყარებოდა სამი პოლიციელის მიერ მიცემულ არასარწმუნო და წინააღმდეგობრივ ჩვენებებს, ყოველგვარი სხვა მტკიცებულებების გარეშე, როგორიცაა, მაგალითად, თითის ანაბეჭდების ექსპერტიზა, იმის გადასამოწმებლად, ჰქონდა თუ არა მას რაიმე კავშირი იარაღთან, რომელიც მას თითქოსდა უპოვეს.

33. 2009 წლის 25 სექტემბერს ხაშურის რაიონულმა სასამართლომ მეორე მომჩივანი დამნაშავედ ცნო მისთვის წაყენებულ ბრალდებაში (იხილეთ მე-19 პარაგრაფი ზემოთ) და მიუსაჯა მას სამი წლისა და ექვსი თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა. სასამართლომ განაცხადა, შემდგომი მცირეოდენი დაზუსტებით, რომ საქმესთან დაკავშირებით მეორე მომჩივნის არგუმენტები ვერ იქნება გაზიარებული, რადგან მისთვის წაყენებული ბრალდებები დადასტურდა მოწმეთა ჩვენებებით, რომლებიც გამომძიებლებმა მისცეს. რაც შეეხება ი.ნ.-ს მიერ მიცემულ ჩვენებას, სასამართლომ აღნიშნა, რომ მის წინასასამართლო ჩვენებაში აღნიშნული იყო, რომ მან დაინახა, თუ როგორ მოახლოვდა პოლიციის მანქანა, მაშინ, როდესაც პირველი ინსტანციის სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში მან ეს უარყო. სასამართლოს მოსაზრებით, ამ წინააღმდეგობრიობამ ი.ნ.-ის ვერსიის უტყუარობა ეჭვქვეშ დააყენა. მომჩივნის დამნაშავედ ცნობისას პირველი ინსტანციის სასამართლო დაეყრდნო შემდეგ ცალკეულ მტკიცებულებებს: (ა) მომჩივნის დაკავებასა და ჩხრეკაში მონაწილე პოლიციელების მიერ მოწმეთა სახით სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებებს; (ბ) დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმს; (გ) სასამართლო ექსპერტიზის დასკვნას იარაღსა და საბრძოლო მასალებთან დაკავშირებით; (დ) ჩხრეკის შემდგომ განხილვისას პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლითაც დადგინდა სადავო საგამოძიებო ღონისძიების კანონიერება; (ე) ამოღებული ნივთის საქმის მასალებში მტკიცებულების სახით დამატების გადაწყვეტილებასა და (ვ) საბრალდებო დასკვნას. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოსთვის ხელმისაწვდომი საქმის მასალები, როგორც ჩანს, მოიცავდა მოხსენებას ოპერატიული ინფორმაციის შესახებ (იხილეთ მე-13 პარაგრაფი ზემოთ), ის გადაწყვეტილებაში არ არის ნახსენები.

34. მომჩივანმა მის დამნაშავედ ცნობასთან დაკავშირებით სააპელაციო საჩივარი შეიტანა, რომელშიც გაიმეორა თავისი არგუმენტები (იხილეთ 31-ე-32-ე პარაგრაფები ზემოთ).

35. 2009 წლის 17 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა მეორე მომჩივნის წინააღმდეგ გამოტანილი ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და განაცხადა, რომ ის ეთანხმებოდა ხაშურის რაიონული სასამართლოს მიერ წარმოდგენილ დასაბუთებას. მან, კერძოდ, მიუთითა, რომ არსებობს დაკავებისა და ჩხრეკის ოქმი, პოლიციელების მიერ მოწმეთა სახით მიცემული ჩვენებები, რომლებმაც დააკავეს და გაჩხრიკეს მომჩივანი, იარაღთან დაკავშირებული სასამართლო ექსპერტიზის დასკვნა და „ყველა სხვა მტკიცებულება, რომელიც ხელმისაწვდომია საქმის მასალებში“. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოწმეთა სახით პოლიციელთა მიერ მიცემულ ჩვენებებში არსებითი შეუსაბამობა არ ყოფილა, თუმცა ისინი უთითებდნენ ფაქტებს, რომლებიც მოცემული საქმისთვის „გადამწყვეტი მნიშვნელობის“ იყო. რაც შეეხება ი.ნ.-ს, მან უბრალოდ გამოთქვა თავისი აზრი ყოველგვარი საბოლოო მტკიცების გარეშე და განაცხადა, რომ საბოლოო ჯამში მან არ იცის, თუ რა მოხდა. რაც შეეხება დაკავებისა და ჩხრეკის ოპერაციის კანონიერებას, სასამართლომ დაადგინა, რომ ის შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობისა და პროცედურის შესაბამისად ჩატარდა. კერძოდ, თუ პირი დააკავეს ეჭვის საფუძველზე, რომ მან ჩაიდინა დანაშაული, ის ავტომატურად მიიჩნევა ეჭვმიტანილად, ამასთან დაკავშირებით ცალკე გადაწყვეტილების მიღების საჭიროების გარეშე. ასევე, შესაბამის ანგარიშში აღნიშნული იყო, რომ დაკავება და ჩხრეკა ჩატარდა კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, მეორე მომჩივნისთვის შესაბამისი უფლებების განმარტების ჩათვლით. რაც შეეხება სასჯელს, სასამართლომ შეცვალა თავისუფლების აღკვეთის ვადა 5 000 ლარის (დაახლოებით 1 985 ევრო) ოდენობის ჯარიმით. ხუთი თვის გათვალისწინებით, რომლის განმავლობაშიც მეორე მომჩივანმა უკვე მოიხადა სასჯელი, სააპელაციო სასამართლომ შეამცირა ჯარიმა 2 000 ლარამდე (დაახლოებით 795 ევრო).

36. 2010 წლის 24 ივნისს უზენაესმა სასამართლომ გამოიტანა წერილობითი გადაწყვეტილება და ნაწილობრივ შეცვალა ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომელიც ეხებოდა მეორე მომჩივნის მსჯავრდებას საბრძოლო მასალების მართლსაწინააღმდეგო შეძენისთვის, შენახვისა და ტარებისთვის. მან აღნიშნა, რომ გაურკვეველია, იყო თუ არა გამოსაყენებლად ვარგისი იმ იარაღში გამოსაყენებელი საბრძოლო მასალა, რომელიც მეორე მომჩივანს უპოვეს, და მეორე მომჩივანი დამნაშავედ ცნო მხოლოდ ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენასთან, შენახვასა და ტარებასთან დაკავშირებით. აღნიშნულ ცვლილებას სასჯელზე ზეგავლენა არ მოუხდენია. რაც შეეხება მომჩივნის საჩივრებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ განიხილა ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მისი საქმე, უზენაესმა სასამართლომ აღნიშნა, სხვებს შორის, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სწორად შეაფასეს ეს საქმე, რომ შეეძლოთ ჩაეთვალათ, რომ მეორე მომჩივანი წასწრებულ იქნა in flagrante delicto, რადგან მას უპოვეს იარაღი, რომ პირადი ჩხრეკის საფუძვლები, როგორიცაა, მტკიცებულებათა გადამალვის რისკი, დაკავების ოქმში მკაფიოდ იყო მითითებული და რომ ი.ნ.-ს მიერ მოწმის სახით მიცემული ჩვენება არასარწმუნო იყო.

შესაბამისი სამართლებრივი ჩარჩო

37. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისი დებულებები, რომლებიც ძალაში იყო შესაბამის დროს, სასამართლომ ჩამოაყალიბა საქმეში Kobiashvili v. Georgia (no. 36416/06, § 37, 2019 წლის 14 მარტი) და საქმეში Megrelishvili v. Georgia ([კომიტეტი], no. 30364/09, § 23, 2020 წლის 7 მაისი).

კანონმდებლობა

I. კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის სავარაუდო დარღვევა

38. მომჩივნები ჩიოდნენ, რომ ჩატარებული ჩხრეკები უკანონო იყო და ნარკოტიკი და იარაღი, შესაბამისად, მათ ჩაუდეს პოლიციელებმა. გარდა ამისა, ისინი ამტკიცებდნენ, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სათანადოდ არ გაითვალისწინეს არგუმენტები, რომლებიც აღნიშნული მტკიცებულებების სანდოობასა და გამოყენებას სადავოდ ხდიდა, რის გამოც მათი სასამართლო პროცესი უსამართლო გახდა. მომჩივნები დაეყრდნენ კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლ პუნქტს, რომლის შესაბამის ნაწილებში ვკითხულობთ:

„ყოველი ადამიანი ... მისთვის წარდგენილი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, აღჭურვილია ... სამართლიანი ... განხილვის უფლებით ... სასამართლოს მიერ.“

A. მისაღებობა

39. სასამართლო აღნიშნავს, რომ ეს საჩივარი არც აშკარად დაუსაბუთებელია და არც მიუღებელია კონვენციის 35-ე მუხლში ჩამოთვლილი რომელიმე სხვა საფუძვლით. აქედან გამომდინარე, ის მისაღებად უნდა გამოცხადდეს.

B. საქმის არსებითი მხარე

1. მხარეთა არგუმენტები

(a) მომჩივნები

40. მომჩივნები ამტკიცებდნენ შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის სხვადასხვა დებულების გაანალიზებით, რომ მათი პირადი ჩხრეკა არ ჩატარებულა კანონის შესაბამისად, რამაც მიღებული მტკიცებულებები, როგორც მათი სისხლისსამართლებრივი სასჯელის საფუძველი, არასაკმარისად საიმედო გახადა. სხვა არგუმენტებთან ერთად, მომჩივნებმა განაცხადეს, რომ შესაბამისი დოკუმენტების შინაარსი ვერ ასაბუთებდა სასამართლოს ბრძანების გარეშე განსახორციელებელი ზომების სავარაუდო გადაუდებელ აუცილებლობას (განსაკუთრებით, მეორე მომჩივნის შემთხვევაში, რომელიც სავარაუდოდ „ხშირად“ თან ატარებდა იარაღს). გარდა ამისა, ჩხრეკის საფუძველი – ოპერატიული ინფორმაცია, რომლის წყაროს, სიზუსტისა და ნამდვილობის შემოწმება შეუძლებელი იყო საქმის სასამართლოში განხილვის დროს – არ წარმოადგენდა ისეთი სახის „შეგროვებულ მტკიცებულებებს“, რომლებსაც მოითხოვს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა, ბრძანების გარეშე პირადი ჩხრეკის ჩასატარებლად. მომჩივნებმა ასევე განაცხადეს, რომ მათ არ უთქვამთ უარი ჩხრეკის დროს დამოუკიდებელი მოწმეების დასწრების უფლებაზე.

41. სხვა არგუმენტებთან ერთად მომჩივნები ასევე ამტკიცებდნენ, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სათანადოდ არ გაითვალისწინეს მათი არგუმენტები, რომლებიც შესაბამისი საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების სანდოობასა და გამოყენებას სადავოდ ხდიდა; მათ არ გაითვალისწინეს მომჩივნების პრეტენზიები პოლიციელების ჩვენებებზე სასამართლოების უპირობო დაყრდნობასთან დაკავშირებით, მიუხედავად სავარაუდო ბუნდოვანებებისა მათ ვერსიაში და რომ პოლიციელები არ იყვნენ დამოუკიდებელი მოწმეები, ასევე მომჩივნების არგუმენტები, რომ მათ მტკიცებულებები ჩაუდეს.

(b) მთავრობა

42. მთავრობა ამტკიცებდა შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის სხვადასხვა დებულების გაანალიზებით, რომ შესაბამის დროს მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა ხელისუფლების ორგანოებს დანაშაულის გამოძიებისას ოპერატიულ ინფორმაციაზე დაყრდნობის უფლებამოსილებას ანიჭებდა და რომ ჩხრეკის ჩატარება სასამართლოს ბრძანების გარეშე შეიძლებოდა, თუ საკმარისი საფუძვლები არსებობდა ვარაუდისთვის, რომ პირი უკანონო ნივთს გადამალავდა ან გაანადგურებდა. ასეთი ზომები კანონიერად გამოცხადდა და ოპერატიული ინფორმაცია, რომელიც ამყარებდა ეჭვს, რომ მომჩივნები ფლობდნენ უკანონო ნივთებს, ეროვნულმა სასამართლოებმა საკმარისად მიიჩნიეს ჩხრეკის შემდგომ სასამართლო წარმოების დროს გამოტანილი განჩინებებით, რომლებიც მომჩივნებს არ გაუსაჩივრებიათ. გარდა ამისა, მომჩივნებს ჰქონდათ რეალური შესაძლებლობა, რომ სასამართლო პროცესის დროს ამ ზომების კანონიერება სადავოდ გაეხადათ, მაშინ, როდესაც შესაბამისი ეროვნული სასამართლოები განიხილავდნენ მომჩივნების უნდობლობას ჩხრეკების კანონიერებასთან დაკავშირებით.

43. რაც შეეხება ჩხრეკის დროს მოწმეების დასწრების საკითხს, მთავრობამ აღნიშნა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში გამომძიებელს შეეძლო, გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, ჩაეტარებინა დაუყოვნებლივი შემოწმება ასეთი მოწმეების მოწვევის გარეშე. მთავრობამ ასევე განაცხადა, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა ნებისმიერ შემთხვევაში შეამოწმეს მომჩივნების ბრალდებები მათთვის უკანონო ნივთების ჩადებასთან დაკავშირებით და რომ სასამართლოებმა შესაბამისი მსჯავრდება ჩხრეკისა და ამოღების ოქმებისა და შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების გარდა სხვადასხვა „სარწმუნო“ მტკიცებულებაზე დააფუძნეს.

2. სასამართლოს შეფასება

(a) ზოგადი პრინციპები

44. შესაბამისი ზოგადი პრინციპები შეჯამებულია საქმეში Bykov v. Russia ([დიდი პალატა] no. 4378/02, §§ 88-90, 2009 წლის 10 მარტი) და საქმეში Kobiashvili v. Georgia (no. 36416/06, §§ 56-58, 2019 წლის 14 მარტი).

(b) ზოგადი პრინციპების გამოყენება წინამდებარე საქმეში

45. სასამართლომ უკვე განიხილა საქმე, რომელიც ეხებოდა სასამართლოს მიერ წინასწარი ნებართვის გაცემის გარეშე ჩატარებული ჩხრეკის სავარაუდო არაკანონიერებას და ამის შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების არასანდოობას, და დაადგინა, რომ მომჩივნის წინააღმდეგ ძირითადი მტკიცებულებების მოპოვების მეთოდი ეჭვქვეშ აყენებდა მათ სანდოობასა და სისწორეს (იხილეთ ზემოთ ციტირებული კობიაშვილის საქმე, §§ 59-73). აღნიშნული მტკიცებულებების მნიშვნელობის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ, კუმულაციურად, მომჩივნის პირადი ჩხრეკისას განხორციელებულმა პროცედურულმა დარღვევებმა, არათანმიმდევრულმა და ურთიერთსაპირისპირო მტკიცებულებებმა ჩხრეკის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, არასათანადო სასამართლო მოკვლევამ როგორც საქმის სასამართლო განხილვის დაწყებამდე, ისე მისი მიმდინარეობის დროს, მათ შორის იმან, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სათანადოდ არ გამოიკვლიეს მომჩივნის ბრალდებები იმასთან დაკავშირებით, რომ უკანონო ნივთი მას არ ეკუთვნოდა, და დამადასტურებელი მტკიცებულებების სისუსტემ განაპირობა მთლიანობაში მომჩივნის სასამართლო პროცესის უსამართლობა (იქვე, § 73).

46. მიუხედავად იმისა, რომ წინამდებარე საჩივრის გარემოებები გარკვეულწილად განსხვავებულია, გადამწყვეტი ელემენტები სასამართლოს ანალიზში იგივე რჩება.

47. კერძოდ, ჩხრეკები ჩატარდა ეგრეთ წოდებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, რომლის სათანადო სასამართლო მოკვლევა, როგორც საქმის მასალებიდან ჩანს, არ მომხდარა არც წინასასამართლო და არც საქმის სასამართლო განხილვის ეტაპზე და მისი სისწორე და სანდოობა მიჩნეული იქნა ჭეშმარიტებად (იხილეთ მე-10, მე-17, 23-ე-28-ე და 31-ე-36-ე პარაგრაფები ზემოთ). უფრო მეტიც, სასამართლოს მიერ ნებართვის მიცემის გარეშე ჩხრეკის ღონისძიებების განხორციელების „გადაუდებლობა“ არასდროს ყოფილა სათანადოდ განმარტებული. კითხვა, რეალურად არსებობდა თუ არა „გადაუდებლობა“ მომჩივნის საქმეში, მჭიდრო კავშირშია შესაბამის დროს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით გარანტირებული, ჩხრეკის დროს დამსწრის მოწვევის უფლებასთან. კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ მოვლენათა ოფიციალური ვერსიიდან ისე ჩანს, რომ თითქოსდა მომჩივნებმა თქვეს უარი დამსწრეების მოწვევაზე ჩხრეკის შესაბამის ღონისძიებაზე დასასწრებლად, ჩხრეკის შესახებ შესაბამის ოქმებში შემდგომ გაკეთებული იყო ჩანაწერი, რომ ჩხრეკა ჩატარდა „გადაუდებელ გარემოებებში“ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, რომელიც ითვალისწინებდა ჩხრეკის მოწმის დასწრების გარეშე ჩატარების შესაძლებლობას (იხილეთ მე-7 და მე-14 პარაგრაფები ზემოთ; ასევე იხილეთ საქმე Megrelishvili v. Georgia [კომიტეტი], no. 30364/09, § 23, 2020 წლის 7 მაისი). მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა აღნიშნეს, პოლიციელების ჩვენებებსა და შესაბამისი ოქმების შინაარსზე დაყრდნობით, რომ მომჩივნებს საპროცესო უფლებები განემარტათ, „გადაუდებლობის“ რეალური არსებობა და, შედეგად, მომჩივნების უფლებების აშკარად გარდაუვალი de facto შეზღუდვა არასათანადოდ იქნა განხილული. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო იმეორებს, რომ, როდესაც მტკიცებულებების სანდოობა სადავოა, მტკიცებულებების მისაღებობის შესწავლის სამართლიანი პროცედურების არსებობა იძენს უფრო მეტ მნიშვნელობას (იხილეთ ზემოთ ციტირებული ბიკოვის საქმე, § 95).

48. სასამართლო ითვალისწინებს მთავრობის განცხადებას, რომ ჩხრეკის გარემოებები და შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების სანდოობა სასამართლო მოკვლევის საგანი იყო სამართალწარმოების ორ პროცესში, კერძოდ, ჩხრეკის შემდგომი სასამართლო გადასინჯვის დროს (რომელიც მომჩივნებს არ გაუსაჩივრებიათ) და მომჩივნების საქმეების ფაქტობრივი სასამართლო განხილვის დროს. ამ კონტექსტში და რაც შეეხება ჩხრეკის შემდგომ სასამართლო გადასინჯვას, მიუხედავად იმისა, რომ მომჩივნებმა არ გაასაჩივრეს განჩინებები, რომლებითაც ჩხრეკები კანონიერად იყო ცნობილი (იხილეთ ზემოთ ციტირებული მეგრელიშვილის საქმე, § 35; ასევე იხილეთ მე-10 და მე-17 პარაგრაფები ზემოთ), სასამართლომ უკვე დაადგინა, რომ მტკიცებულებების ნამდვილობისა და სანდოობის სადავოდ გახდის მიზნებისთვის ასეთი განხილვები შესაბამისი და საკმარისი არ არის (იხილეთ ზემოთ ციტირებული კობიაშვილის საქმე, §§ 67-69).

49. რაც შეეხება საქმის სასამართლოში განხილვას, მომჩივნებმა ეროვნულ სასამართლოებს შუამდგომლობით მიმართეს, რომ უარეყოთ ჩხრეკის ოქმები, როგორც არაკანონიერი და არასანდო. აღნიშნული შუამდგომლობები არ დაკმაყოფილდა, პირველი მომჩივნის შემთხვევაში, სხვა მიზეზებს შორის, იმ ფაქტზე დაყრდნობით, რომ ჩხრეკების კანონიერება ნებისმიერ შემთხვევაში უკვე დამტკიცდა (იხილეთ 24-ე პარაგრაფი ზემოთ; ასევე იხილეთ ზემოთ ციტირებული მეგრელიშვილის საქმე, § 36). რაც შეეხება მეორე მომჩივანს, მისი მიმართვა დაუსაბუთებლად იქნა მიჩნეული შემდგომი დაზუსტების გარეშე (იხილეთ 31-ე პარაგრაფი ზემოთ, in fine). სააპელაციო სამართალწარმოების დროს შუამდგომლობით ხელმეორედ მიმართვისას მომჩივნებს უარყოფითი პასუხი გაეცათ თავად დაკავებისა და ჩხრეკის ოქმებზე და პოლიციელების ვერსიაზე დაყრდნობით, რომელშიც, ეროვნული სასამართლოების თანახმად, მითითებული იყო ჩხრეკების დროს პროცედურული დარღვევების არარსებობის შესახებ (იხილეთ 27-ე და 35-ე-36-ე პარაგრაფები ზემოთ).

50. უნდა აღინიშნოს, რომ ოპერატიული ინფორმაციის არსებობის შესახებ მოხსენებები დამატებული იყო საქმის მასალებში, რომლებიც ეროვნული სასამართლოებისთვის ხელმისაწვდომი იყო (იხილეთ 25-ე და 33-ე პარაგრაფები ზემოთ, in fine; შეადარეთ ზემოთ ციტირებულ მეგრელიშვილის საქმეს, § 36). თუმცა, ვინაიდან მოხსენებები მხოლოდ ზედაპირულ და ირიბ ინფორმაციას შეიცავდა, ეროვნულ სასამართლოებს, ნებისმიერ შემთხვევაში, არ ჰქონიათ მცდელობა, უშუალოდ შეეფასებინათ შესაბამისი დოკუმენტების ხასიათი, საეჭვოა, შეეძლოთ თუ არა ეროვნულ სასამართლოებს იმ გონივრული ეჭვის ხარისხის ეფექტურად შეფასება, რომელიც მომჩივნების მიმართ უფლებამოსილ ორგანოებს ჰქონდათ მანამ, სანამ მათ ჩხრეკას ჩაატარებდნენ, ასევე მოსაძებნი უკანონო ნივთების სახეობის შესახებ მათი წინასწარი ცოდნის ან წინასწარი სასამართლო ბრძანების გარეშე ჩხრეკის ჩატარების გადაუდებლობისა და აუცილებლობის შეფასება (იხილეთ ზემოთ ციტირებული კობიაშვილის საქმე, § 68). გარდა ამისა, ოპერატიული ინფორმაციის ხასიათის, წყაროსა და უტყუარობის არასათანადოდ განხილვის გარდა, ეროვნულმა სასამართლოებმა არ გასცეს პასუხი მომჩივანთა ბრალდებებს, რომ მტკიცებულებები მათ ჩაუდეს.

51. ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, სასამართლო ასკვნის, რომ გარემოებები, რომლებშიც ჩატარდა ჩხრეკები, მომჩივნების დაცვის უფლების სავარაუდო უგულებელყოფის ჩათვლით, ეჭვქვეშ აყენებს მოპოვებული მტკიცებულებების სანდოობას და რომ მომჩივნებს არ მიეცათ ეფექტური შესაძლებლობა, სადავოდ გაეხადათ ეს გარემოებები და გაეპროტესტებინათ აღნიშნული მტკიცებულებების გამოყენება შიდასახელმწიფოებრივ დონეზე, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მათ ზოგიერთ გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე არგუმენტს არ გაეცა სათანადო პასუხი (შეადარეთ ზემოთ ციტირებულ ბიკოვის საქმეს, § 98).

52. ასევე გამოსარკვევია, დადასტურდა თუ არა ჩხრეკის შედეგად მოპოვებული ნივთიერი მტკიცებულება სხვა წყაროებიდან მიღებული მტკიცებულებით. რაც შეეხება პოლიციელებს, სასამართლო აღნიშნავს, რომ, რადგან ისინი წარმოადგენდნენ მომჩივნების წინააღმდეგ საქმისწარმოების წყაროს და იმ უფლებამოსილ ორგანოში შედიოდნენ, რომელმაც წამოიწყო აღნიშნული საქმისწარმოება, ისინი დაინტერესებული იყვნენ ბრალდების შედეგით. მათი ინტერესი განსაკუთრებით აშკარა იყო მომჩივნების ბრალდებების გათვალისწინებით იმასთან დაკავშირებით, რომ მათ მტკიცებულება ჩაუდეს. უფრო მეტიც, მათი განცხადებები ბუნდოვანი იყო, ხოლო მეორე მომჩივნის საქმეში სამიდან ორი პოლიციელი მეორე მომჩივნის საქმესთან დაკავშირებით დაკითხა უფროსმა გამომძიებელმა, მიუხედავად იმისა, რომ ეს გამომძიებელი თავად მონაწილეობდა იმავე ჩხრეკაში (იხილეთ მე-16 და 29-ე პარაგრაფები ზემოთ). ამის მიუხედავად, მათი ჩვენებები ავტომატურად იქნა მიღებული, როგორც ობიექტური და სანდო, ყოველგვარი არსებითი მცდელობის გარეშე, რომ მათ ვერსიაში ზოგიერთი ბუნდოვანება ან მომჩივნების შესაბამისი პრეტენზიები განეხილათ, იმ არგუმენტის ჩათვლით, რომ ისინი სამიზნეში ჰყავდათ ამოღებული მათი პოლიტიკური საქმიანობის გამო (იხილეთ მე-11, 23-ე და 31-ე-32-ე პარაგრაფები ზემოთ). აქედან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ, მთავრობის არგუმენტების საპირისპიროდ, საქმის მასალებში არსებული არცერთი სხვა მტკიცებულება, ჩხრეკების ოქმების არარსებობის პირობებში, არ იყო თავისთავად საკმარისად მყარი (შეადარეთ ზემოთ ციტირებულ ბიკოვის საქმეს, § 98).

53. ზემოხსენებული გარემოებები სასამართლოსთვის საკმარისია იმის დასადგენად, რომ მომჩივნების საქმეები სამართლიანად არ იქნა განხილული.

შესაბამისად, ადგილი აქვს კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის დარღვევას.

II. კონვენციის მე-8 მუხლის სავარაუდო დარღვევა

54. მომჩივნები ჩიოდნენ, რომ ჩხრეკის ღონისძიებები კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევით განხორციელდა და რომ ეროვნულმა სასამართლოებმა ვერ დაიცვეს აუცილებელი ბალანსი მათ უფლებებსა და საზოგადოებრივ ინტერესს შორის.

55. მთავრობა ამტკიცებდა, რომ კონვენციის მე-8 მუხლი არ დარღვეულა.

56. სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივნები შიდასახელმწიფოებრივი სამართალწარმოების კონტექსტში არ ამტკიცებდნენ, რომ ჩხრეკის ღონისძიებებით დაირღვა კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებული მათი უფლებები. აღნიშნული უმოქმედობის გამო ეროვნულ სასამართლოებს არ მიეცათ მათი საჩივრების შეფასების შესაძლებლობა. ასეთ გარემოებებში მომჩივანთა საჩივრები მოცემული დებულების საფუძველზე აშკარად დაუსაბუთებელია და საჩივრის ეს ნაწილი უარყოფილი უნდა იქნეს კონვენციის 35-ე მუხლის მე-3 (a) პუნქტისა და მე-4 მუხლის შესაბამისად.

III. კონვენციის 41-ე მუხლის გამოყენება

57. კონვენციის 41-ე მუხლში ვკითხულობთ:

„თუ სასამართლო დაასკვნის, რომ დაირღვა კონვენციით ან მისი ოქმებით გათვალისწინებული უფლება, ხოლო შესაბამისი მაღალი ხელშემკვრელი მხარის შიდა სამართალი დარღვევის მხოლოდ ნაწილობრივი გამოსწორების შესაძლებლობას იძლევა, საჭიროების შემთხვევაში, სასამართლო დაზარალებულ მხარეს სამართლიან დაკმაყოფილებას მიაკუთვნებს.“

58. თითოეულმა მომჩივანმა მოითხოვა 5 000 ევრო მორალური ზიანისთვის.

59. მთავრობამ განაცხადა, რომ აღნიშნული მოთხოვნა გადაჭარბებული იყო.

60. სასამართლო მორალური ზიანის ასანაზღაურებლად თითოეულ მომჩივანს 3 600 ევროს აკუთვნებს. აღნიშნულ თანხას უნდა დაემატოს ნებისმიერი გადასახადი, რაც შესაძლოა დაეკისროს მომჩივნებს.

61. სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ საურავის განაკვეთი განისაზღვროს ევროპის ცენტრალური ბანკის ზღვრული სასესხო განაკვეთით, რომელსაც უნდა დაემატოს სამი პროცენტი.

ამ მოტივით, სასამართლო ერთხმად

1. აცხადებს კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე შეტანილ საჩივრებს მისაღებად, ხოლო საჩივრის დანარჩენ ნაწილს – მიუღებლად;

2. ადგენს რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის დარღვევას;

3. ადგენს,

(a) რომ მოპასუხე სახელმწიფო ვალდებულია, სამი თვის ვადაში, მოპასუხე სახელმწიფოს ეროვნულ ვალუტაში ანგარიშსწორების დღეს არსებული კურსით, გადაუხადოს თითოეულ მომჩივანს 3 600 (სამი ათას ექვსასი) ევრო, რომელსაც უნდა დაემატოს ნებისმიერი გადასახადი, რომელიც შეიძლება დაეკისროს მათ, მორალურ ზიანთან დაკავშირებით;

(b) რომ ზემოთ აღნიშნული სამთვიანი ვადის ამოწურვიდან თანხის სრულ გადარიცხვამდე, გადასახდელ თანხას საჯარიმო პერიოდის განმავლობაში დაერიცხება გადახდის დღეს მოქმედი, ევროპის ცენტრალური ბანკის ზღვრული სასესხო განაკვეთის თანაბარი ჩვეულებრივი პროცენტები, რასაც დაემატება სამი პროცენტი;

4. უარყოფს მომჩივნების მოთხოვნას სამართლიანი დაკმაყოფილების დანარჩენ ნაწილში.

შესრულებულია ინგლისურ ენაზე და მხარეებს წერილობით ეცნობათ 2021 წლის 4 მარტს სასამართლოს რეგლამენტის 77-ე წესის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად.

 

მარტინა კელერი                                                              განა იუდკივსკა
სექციის განმწესრიგებლის მოადგილე                          თავმჯდომარე
.