საქართველოში ჯანსაღი ქალაქების ეროვნული ქსელის ჩამოყალიბების მიზნით სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე

საქართველოში ჯანსაღი ქალაქების ეროვნული ქსელის ჩამოყალიბების მიზნით სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 510
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 15/10/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/10/2021
სარეგისტრაციო კოდი 010220030.10.003.023066
510
15/10/2021
ვებგვერდი, 18/10/2021
010220030.10.003.023066
საქართველოში ჯანსაღი ქალაქების ეროვნული ქსელის ჩამოყალიბების მიზნით სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №510

2021 წლის 15 ოქტომბერი

   ქ. თბილისი

 

საქართველოში ჯანსაღი ქალაქების ეროვნული ქსელის ჩამოყალიბების მიზნით სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე

მუხლი 1
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და პრევენციული ღონისძიებების გაძლიერების მიზნით, შეიქმნას ჯანსაღი ქალაქების ეროვნული ქსელის   სამთავრობო კომისია (შემდგომში − კომისია) შემდეგი შემადგენლობით:

1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი − კომისიის თავმჯდომარე.

2. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე/მოადგილე − კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.

3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე/მოადგილე − კომისიის წევრი.

4. საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე/მოადგილე − კომისიის წევრი.

5. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე/მოადგილე − კომისიის წევრი.

6. საქართველოს კულტურის,  სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე/მოადგილე −  კომისიის წევრი.

7. საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე/მოადგილე − კომისიის წევრი.

8. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე/მოადგილე − კომისიის წევრი.

9. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე/მოადგილე − კომისიის წევრი.

10. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე/მოადგილე − კომისიის წევრი.

მუხლი 2
დაევალოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ − ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს, შეასრულოს კომისიის სამდივნოს ფუნქცია.
მუხლი 3
დამტკიცდეს თანდართული „ჯანსაღი ქალაქების ეროვნული ქსელის სამთავრობო კომისიის დებულება“.
მუხლი 4
დაევალოს კომისიის სამდივნოს:

ა) ამ დადგენილების ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში მოამზადოს და წარმოადგინოს საქართველოს მთავრობის სხდომაზე წარმოსადგენი ჯანსაღი ქალაქების ეროვნული ქსელის დებულება;

ბ) მოამზადოს საქართველოს მთავრობის სხდომაზე პერიოდულად წარმოსადგენი შესაბამისი ინიციატივები (გეგმები, დასკვნები, რეკომენდაციები და ა.შ.) და ინფორმაცია მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ღონისძიებების მიმდინარეობის შესახებ;

გ) კომისიაზე განხილული საკითხები ფართოდ გააშუქოს მასმედიის საშუალებებით.

მუხლი 5
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



ჯანსაღი ქალაქების ეროვნული ქსელის სამთავრობო კომისიის დებულება

 


მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ჯანსაღი ქალაქების ეროვნული ქსელის სამთავრობო კომისია (შემდგომში − კომისია) წარმოადგენს ჯანსაღი ქალაქების საკითხებში საქართველოს მთავრობის სათათბირო ორგანოს.

2. კომისია თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, მოქმედი კანონმდებლობითა და ამ დებულებით.

მუხლი 2. კომისიის ძირითადი ფუნქციები და ამოცანები

კომისიის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:

ა) ქალაქების სოციალურ და პოლიტიკურ დღის წესრიგში ჯანმრთელობის მაღალ დონეზე აყვანის მიზნით დასახული ქმედებების ხელშეწყობა;

ბ) ადგილობრივ დონეზე ჯანმრთელობისა და მდგრადი განვითარების პოლიტიკისა და მოქმედების დანერგვა, რომელიც ხაზს უსვამს ჯანმრთელობის, ჯანმრთელობის თანასწორობის განმსაზღვრელ და ევროპული პოლიტიკის პრინციპებს: ჯანმრთელობა ყველასათვის და ჯანმრთელობა 2020;

გ) ხელი შეუწყოს ინტერსექტორულ და მონაწილეობაზე დაფუძნებულ მმართველობას ჯანმრთელობის, კეთილდღეობისა და თანასწორობის საკითხებში ყველა ადგილობრივ პოლიტიკაში და ჯანმრთელობის ინტეგრირებულ დაგეგმვას;

დ) პოლიტიკისა და პრაქტიკული გამოცდილების, ჯეროვანი მტკიცებულებების, ცოდნისა და მეთოდების გენერირება ქვეყნის ყველა ქალაქში ჯანმრთელობის ხელშესაწყობად;

ე) კომისიის ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელების შედეგად შემუშავებული  პროექტების,  წინადადებების, დასკვნების მომზადება და  საქართველოს  მთავრობისათვის წარმოდგენა.

მუხლი 3. კომისიის უფლებამოსილებანი

კომისია უფლებამოსილია:

ა) პრობლემური საკითხების შესწავლის მიზნით, კანონმდებლობისა და კომპეტენციის ფარგლებში, მოითხოვოს საჭირო ინფორმაცია და შეისწავლოს შესაბამისი დოკუმენტაცია;

ბ) შესწავლილი საკითხებისა და ანალიზის საფუძველზე, შეიმუშაოს დასკვნები და რეკომენდაციები;

გ) საჭიროების შემთხვევაში, სათათბირო ხმის უფლებით სხდომაზე მოიწვიოს სამინისტროების, უწყებებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები, აგრეთვე დამოუკიდებელი ექსპერტები;

დ) ცალკეული საკითხების მომზადებისა და შემუშავების მიზნით შექმნას სამუშაო ჯგუფები.

მუხლი 4. კომისიის თავმჯდომარე

კომისიის თავმჯდომარე:

ა) ხელმძღვანელობს კომისიის საქმიანობას;

ბ) იწვევს და წარმართავს კომისიის სხდომებს;

გ) ამტკიცებს კომისიის სამუშაო განრიგს.

მუხლი 5. კომისიის ხელმძღვანელობის, დაკომპლექტებისა და მუშაობის წესი

1. კომისიას ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში − თავმჯდომარის მოადგილე.

2. კომისიის სხდომაზე დგება ოქმი, რომელიც ასახავს სხდომის დროს განხილულ ყველა საკითხსა და მიღებულ გადაწყვეტილებას. კომისიის თითოეულ წევრს უფლება აქვს, მოითხოვოს კომისიის სხდომის მოწვევა, აგრეთვე თავისი მოსაზრების აღნიშვნა სხდომის ოქმში.

3. კომისიის სხდომის ოქმის შედგენასა და მოწვევის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს კომისიის სამდივნო.

მუხლი 6. კომისიის სხდომის ჩატარებისა და გადაწყვეტილების მიღების წესი

1. კომისიის სხდომა იმართება კვარტალში ერთხელ, ხოლო კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია სხდომა დაინიშნოს საჭიროებისამებრ.

2. კომისია უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი.

3. კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა ხმების უბრალო უმრავლესობით.

4. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.