დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სოციალური მუშაობის ეთიკის სტანდარტის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 488 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 06/10/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/10/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 280120000.10.003.023055 |
|
| მუხლი 1 |
„სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „სოციალური მუშაობის ეთიკის სტანდარტი“. |
| მუხლი 2 |
სოციალური მუშაობის ეთიკის სტანდარტი სავალდებულოა სოციალური მუშაობის განმახორციელებელი ყველა ორგანიზაციისათვის (მიუხედავად ორგანიზაციულ-სამართლებრივი და საკუთრების ფორმისა). |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი
|
სოციალური მუშაობის ეთიკის სტანდარტი
|
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. სოციალური მუშაობა წარმოადგენს პრაქტიკაზე დამყარებულ პროფესიასა და აკადემიურ დისციპლინას, რომელიც ხელს უწყობს სოციალურ ცვლილებასა და განვითარებას, სოციალურ ერთობას, გაძლიერებასა და გათავისუფლებას. 2. სოციალურ მუშაობას საფუძვლად უდევს სოციალური სამართლიანობის პრინციპები, ადამიანის უფლებების და განსხვავებულობის პატივისცემა და ინდივიდუალური/გუნდური/ პასუხისმგებლობა. 3. სოციალური მუშაობის თეორიაზე, სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების ცოდნაზე, ადგილობრივი სპეციფიკის ცოდნასა და გააზრებაზე დაყრდნობით, სოციალური მუშაობა ითვალისწინებს ადამიანებსა და სხვადასხვა სტრუქტურებთან მუშაობას ადამიანების კეთილდღეობის გაუმჯობესების მიზნით. 4. სოციალური მუშაობის ძირითადი მიზანია ინდივიდის თავისუფალი განვითარება, ინტეგრაციის ხელშეწყობა, სოციალური კეთილდღეობა და სამართლიანობა. 5. სოციალური მუშაკები ხელს უწყობენ სოციალური სამართლიანობის დამკვიდრებას ბენეფიციარების[1] (მომსახურების მიმღებთა) აქტიური თანამონაწილეობით. 6. სოციალური მუშაკები პასუხისმგებლობით ეკიდებიან კულტურულ და ეთნიკურ მრავალფეროვნებას და ებრძვიან დისკრიმინაციას, ჩაგვრას, სიღარიბესა და სოციალურ უსამართლობას. 7. სოციალური მუშაობა ხორციელდება უშუალო პრაქტიკით, საზოგადოების ორგანიზებით, საზოგადოების დაუცველ ფენათა ინტერესების დაცვით, სოციალური და პოლიტიკური ქმედებებით, სოციალური პოლიტიკის შექმნითა და განხორციელებით, საგანმანათლებლო ინიციატივებით, კვლევითა და შეფასებით. სოციალური მუშაკები ცდილობენ ადამიანის თვითგამორკვევის (თვითდეტერმინაციის) ხელშეწყობით და გაძლიერებით ინდივიდის საჭიროებების დაკმაყოფილებას. ასევე ცდილობენ ორგანიზაციებისა და საზოგადოებრივი ინსტიტუტების პასუხისმგებლობის გაძლიერებას სოციალური საფრთხის წინაშე მყოფი[2] ფენების მიმართ. 8. სოციალური მუშაობა ემყარება საზოგადოების ძირითად ღირებულებათა ერთობლიობას. 9. საზოგადოების სოციალური საფრთხის წინაშე მყოფი ჯგუფების დასახმარებლად სოციალური მუშაკები ახორციელებენ: ა) მომსახურების მიწოდებას; ბ) სოციალური სამართლიანობის დამკვიდრების ხელშეწყობას და სოციალურ ადვოკატობას; გ) თითოეული ინდივიდის ღირსების დაცვას; დ) საზოგადოებაში სოლიდარობის, ერთიანობის დამკვიდრებას; ე) ადამიანთა შორის არსებული ურთიერთობების მნიშვნელობის აქცენტირებას.
მუხლი 2. სოციალური მუშაობის ეთიკის სტანდარტის მიზანი 1. პროფესიული ეთიკა არის სოციალური მუშაობის საფუძველი, რომლითაც უნდა ხელმძღვანელობდეს თითოეული პროფესიონალი სოციალური მუშაკი და პრაქტიკანტი თავის პროფესიულ საქმიანობაში. 2. სოციალურ მუშაკთა ვალდებულებას წარმოადგენს პროფესიის ძირითადი ღირებულებების, ეთიკური ნორმებისა და პრინციპების დაცვა. 3. ეთიკის სტანდარტი ემსახურება ექვს მიზანს: ა) ახდენს იმ ძირითად ღირებულებათა ხაზგასმას, რომლებზეც არის დამყარებული სოციალური მუშაობის ამოცანა; ბ) ამკვიდრებს იმ ეთიკურ ნორმათა ერთობლიობას, რომლითაც ხელმძღვანელობს სოციალური მუშაკი პროფესიული საქმიანობის განხორციელების დროს; გ) ეხმარება სოციალურ მუშაკებს პროფესიულ ვალდებულებათა შორის კონფლიქტის ან ეთიკური გაუგებრობების სწორად გადაჭრაში; დ) განსაზღვრავს სოციალური მუშაობის ეთიკურ სტანდარტებს, რომელთა შესრულებაც წარმოადგენს სოციალურ მუშაკთა პასუხისმგებლობას; ე) ახალბედა სოციალურ მუშაკებს აცნობს სოციალური მუშაობის ამოცანას, ღირებულებებს, ეთიკურ პრინციპებსა და ეთიკურ სტანდარტებს; ვ) აერთიანებს იმ სტანდარტებს, რომლებიც გამოიყენება სოციალური მუშაკის ქცევის ეთიკურობის შესაფასებლად. 4. ეთიკური პრობლემების წამოჭრის შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღება და ქცევის წარმართვა ხორციელდება ღირებულებების, პრინციპებისა და სტანდარტების ერთობლიობით. 5. ეთიკური პასუხისმგებლობა არსებობს ადამიანთა შორის არსებული ნებისმიერი ურთიერთქმედებისას, როგორც პირად და საოჯახო, ასევე საზოგადოებრივ და პროფესიონალური ურთიერთობებისას. 6. ეთიკის სტანდარტით არ კონკრეტდება რომელი ღირებულებები, პრინციპები და სტანდარტები არის ყველაზე მნიშვნელოვანი და რას უნდა მიენიჭოს უპირატესობა კონფლიქტურ სიტუაციაში. 7. ღირებულებებსა და პრინციპებს შორის კონფლიქტების დროს შესაძლებელია თითოეულ სოციალურ მუშაკს სხვადასხვაგვარი წარმოდგენა ჰქონდეს, თუ როგორ უნდა მოხდეს ღირებულებების, ეთიკური პინციპებისა და სტანდარტების შესაბამისად განსაზღვრა. ასეთ სიტუაციაში სოციალური მუშაკი გადაწყვეტილებას უნდა იღებდეს ობიექტურ განსჯაზე დაყრდნობით და ითვალისწინებდეს როგორ შეფასებას მისცემენ აღნიშნულ სიტუაციას მისი კოლეგები. 8. ეთიკური გადაწყვეტილების მიღება წარმოადგენს პროცესს, რომლის დროსაც სოციალურმა მუშაკმა მხედველობაში უნდა მიიღოს ეთიკის ნორმებით განსაზღვრული ყველა ღირებულება, პრინციპი და სტანდარტი, რომელიც მის კონკრეტულ სიტუაციას შეესაბამება. 9. ნებისმიერი ეთიკური დილემის წამოჭრისას სოციალურმა მუშაკმა პირველ რიგში უნდა იხელმძღვანელოს სოციალური მუშაობის ეთიკის სტანდარტით და შემდეგ სხვა დამატებითი წყაროებით. 10. სოციალური მუშაკები: ა) უნდა აცნობიერებდნენ კონფლიქტს პერსონალურ და პროფესიულ ფასეულობებს შორის და მთელი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდონ ასეთ სიტუაციებს; ბ) უფლებამოსილნი არიან დამატებითი რჩევებისათვის მიმართონ დამსაქმებელს, პროფესიულ ზედამხედველს, პროფესიულ ასოციაციას და/ან გამოიყენონ პროფესიული ლიტერატურა; გ) კონფლიქტების შემთხვევაში უნდა შეეცადონ კონფლიქტის მოგვარებას ეთიკის სტანდარტით მოცემული ღირებულებების, პრინციპებისა და სტანდარტების შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ მათი ეთიკური ვალდებულებანი უპირისპირდება სოციალური მუშაობის მომსახურების მქონე ორგანიზაციის პოლიტიკას; დ) იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია კონფლიქტის გადაჭრა, უფლებამოსილნი არიან გადაწყვეტილების მიღებამდე დახმარებისთვის მიმართონ ეთიკის კომისიას. 11. სოციალური მუშაობის ეთიკის სტანდარტით უნდა ხელმძღვანელობდნენ პროფესიული ასოციაცია, ცალკეული პირები, პროფესიონალთა ჯგუფები, უწყებები, სააგენტოები, ორგანიზაციები და პროფესიული საბჭოები, ყველა ის ორგანიზაცია/დაწესებულება, რომელიც ახორციელებს სოციალურ მუშაობას. 12. ეთიკის სტანდარტების დარღვევა ავტომატურად არ ნიშნავს კანონის დარღვევას. 13. ეთიკის სტანდარტის დარღვევის შემთხვევაში საქმე ექვემდებარება კოლეგათა მიერ განხილვას, რომლის მიზანია სოციალური მუშაკის დახმარება და საჭიროების შემთხვევაში დისციპლინარული პასუხისმგებლობის გამოყენების რეკომენდაციით დამსაქმებელისათვის მიმართვა. 14. სოციალური მუშაკისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ის დაწესებულება, რომელშიც სოციალური მუშაკია დასაქმებული.
მუხლი 3. ეთიკური პრინციპები სოციალური მუშაკები მოქმედებენ ზოგადი ეთიკური პრინციპებით, რომლებიც დაფუძნებულია სოციალური მუშაობის ისეთ ძირითად ღირებულებებზე, როგორებიცაა: ა) მხარდაჭერის აღმოჩენა /მომსახურების გაწევა: ა.ა) ეთიკური პრინციპი: სოციალური მუშაკის ძირითად მიზანს წარმოადგენს ბენეფიციართა და სოციალური საფრთხის წინაშე მყოფი ჯგუფებისთვის მხარდაჭერის გაწევა; შედეგი: სოციალური მუშაკები იყენებენ თავიანთ ცოდნას, პროფესიულ ღირებულებებსა და უნარ-ჩვევებს იმისათვის, რომ მხარდაჭერა გაუწიონ სოციალური საფრთხის წინაშე მყოფ ჯგუფებს სოციალური პრობლემების მოგვარებაში; ბ) სოციალური სამართლიანობა: ბ.ა) ეთიკური პრინციპი: სოციალური მუშაკები ებრძვიან სოციალურ უსამართლობას; ბ.ბ) შედეგი: სოციალური მუშაკები ახორციელებენ სოციალურ ცვლილებებს საზოგადოების სოციალური საფრთხის წინაშე მყოფი ფენების წარმომადგენელი ინდივიდებისა და ინდივიდთა ჯგუფების სახელით. სოციალური მუშაობის პროფესიაში აქცენტი კეთდება ისეთ საკითხებზე, როგორებიც არის სიღარიბე, უმუშევრობა, დისკრიმინაცია და სოციალური უსამართლობის სხვა გამოვლინებები. სოციალური მუშაკები თავიანთი საქმიანობით ცდილობენ გამოიწვიონ საზოგადოების რეაგირება ადამიანთა ჩაგვრაზე და მოახდინონ საზოგადოების ინფორმირება კულტურული, ეთნიკური, გენდერული და სხვა მრავალფეროვნების არსებობისა და მნიშვნელობის შესახებ. სოციალური მუშაკები ხელს უწყობენ მოსახლეობისათვის ინფორმაციის, მომსახურებისა და რესურსების ხელმისაწვდომობას, საზოგადოების ნებისმიერი წევრისათვის თანაბარ შესაძლებლობებს, ყველა ინდივიდის მონაწილეობას საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტის პროცესში; გ) პიროვნების ღირსების პატივისცემა: გ.ა) ეთიკური პრინციპი: სოციალური მუშაკები პატივს სცემენ და იცავენ პიროვნების ღირსებას; გ.ბ) შედეგი: სოციალური მუშაკები აღიარებენ თითოეული პიროვნების ღირსებას. ისინი ინდივიდს მზრუნველობითა და პატივისცემით ეპყრობიან, აცნობიერებენ ადამიანთა შორის არსებულ განსხვავებებს და აღიარებენ კულტურულ და ეთნიკურ მრავალფეროვნებას, როგორც საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან უპირატესობას. სოციალური მუშაკები ბენეფიციარებს ეხმარებიან უნარ-ჩვევებისა და შესაძლებლობების გაძლიერებაში საკუთარი საჭიროებების დაკმაყოფილების მიზნით. სოციალური მუშაკები აცნობიერებენ, რომ მათ გააჩნიათ პასუხისმგებლობა ინდივიდებისა და ფართო საზოგადოების მიმართ. ისინი ცდილობენ ინდივიდებს დაეხმარონ ისეთ სიტუაციებში, როდესაც ადგილი აქვს ინტერესთა კონფლიქტს მათსა და ფართო საზოგადოებას შორის. ასეთ დროს სოციალური მუშაკები მოქმედებენ სოციალური მუშაობის პროფესიის ღირებულებების, ეთიკური პრინციპებისა და სტანდარტების შესაბამისად; დ) ადამიანთა შორის არსებული ურთიერთობების მნიშვნელობა: დ.ა) ეთიკური პრინციპი: სოციალური მუშაკები აღიარებენ ადამიანთა შორის არსებული ურთიერთობების მნიშვნელობას; დ.ბ) შედეგი: სოციალური მუშაკები აცნობიერებენ, რომ ადამიანთა შორის არსებული ურთიერთობები მძლავრი მექანიზმია სოციალური ცვლილებების გამოსაწვევად. ისინი ცდილობენ ინდივიდები ჩააბან ურთიერთდახმარების პროცესებში და გააძლიერონ ადამიანთა შორის არსებული ურთიერთობები, რათა ხელი შეუწყონ ინდივიდების, ოჯახების, სოციალური ჯგუფების, ორგანიზაციებისა და საზოგადოების კეთილდღეობას; ე) ერთობა და სოლიდარობა: ე.ა) ეთიკური პრინციპი: სოციალური მუშაკები მოქმედებენ კეთილსინდისიერად, აცნობიერებენ რა პროფესიის მისიას, ღირებულებებს, ეთიკურ პრინციპებსა და ეთიკურ სტანდარტებს; ე.ბ) შედეგი: პროფესიულ საქმიანობაში სოციალური მუშაკები მოქმედებენ მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით. ამით ისინი უზრუნველყოფენ ეთიკურ პრაქტიკას თავიანთ ორგანიზაციებში; ვ) კომპეტენცია და პროფესიონალიზმი: ვ.ა) ეთიკური პრინციპი: სოციალურ მუშაკს აქვს შესაბამისი აკადემიური ან სხვა განათლება; ვ.ბ) შედეგი: სოციალური მუშაკები მოღვაწეობენ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და მიისწრაფვიან პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებისკენ. ისინი გამუდმებით ცდილობენ პროფესიული ცოდნისა და უნარ-ჩვევების გაღრმავებას და მათ გამოყენებას ყოველდღიურ სამუშაო პრაქტიკაში. სოციალური მუშაკი ცდილობს თავისი წვლილი შეიტანოს პროფესიის სამეცნიერო ბაზის განვითარებაში.
მუხლი 4. ეთიკური სტანდარტები 1. სოციალური მუშაკი პროფესიულ საქმიანობაში იცავს ეთიკურ სტანდარტებს. 2. ეთიკური სტანდარტებია: ა) ეთიკური პასუხისმგებლობა ბენეფიციარის მიმართ; ბ) ეთიკური პასუხისმგებლობა კოლეგების მიმართ; გ) ეთიკური პასუხისმგებლობა სამუშაო ადგილზე; დ) სოციალური მუშაკების, როგორც პროფესიონალების, ეთიკური პასუხისმგებლობა; ე) ეთიკური პასუხისმგებლობა სოციალური მუშაობის პროფესიის მიმართ; ვ) ეთიკური პასუხისმგებლობა ფართო საზოგადოების მიმართ. 3. ეთიკური პასუხისმგებლობა ბენეფიციარის მიმართ მოიცავს შემდეგ პრინციპებს: ა) ზრუნვა ბენეფიციართა კეთილდღეობაზე – სოციალური მუშაკი ბენეფიციარის მიმართ ვალდებულია: ა.ა) იზრუნოს ბენეფიციართა კეთილდღეობაზე; ა.ბ) განსახორციელებელი ღონისძიება ემსახურებოდეს ბენეფიციარის საუკეთესო ინტერესის დაცვას[3]. შერჩეული ღონისძიება იყოს გამოსადეგი, აუცილებელი და პროპორციული (განსახორციელებელი ღონისძიება არის გამოსადეგი, თუ ის შესაძლებელს ხდის ბენეფიციარის საუკეთესო ინტერესის დაცვას); ა.გ) თუ სოციალური მუშაკის პასუხისმგებლობა ფართო საზოგადოების მიმართ ან სამართლებრივი ვალდებულებები უპირისპირდება ბენეფიციარის ინტერესებს, იგი ახორციელებს ბენეფიციარის ინფორმირებას აღნიშნულთან დაკავშირებით; ა.დ) ეთიკური საკითხის გადაჭრისას ხელმძღვანელობდეს თანაზომიერების პრინციპით, განხორციელებული ღონისძიება იყოს პროპორციული, თუ კანონით დაცული სამართლებრივი სიკეთისათვის მიყენებული ზიანი არ აღემატება იმ სიკეთეს, რომლის დასაცავადაც ის განხორციელდა; ბ) დამოუკიდებელი მოქმედების უნარის გამომუშავება – სოციალური მუშაკი ბენეფიციარის მიმართ ვალდებულია: ბ.ა) ხელი შეუწყოს ბენეფიციარს დამოუკიდებელი მოქმედების უნარის გამომუშავებაში და დაეხმაროს სამომავლო მიზნების განსაზღვრაში. თუ მიაჩნია, რომ ბენეფიციარის ამჟამინდელი ან სამომავლო მოქმედება საფრთხეს უქმნის თავად ბენეფიციარს ან სხვა ინდივიდს, შეიძლება შეზღუდოს ბენეფიციარის სარისკო დამოუკიდებელი მოქმედება; გ) ინფორმირებული თანხმობა – სოციალური მუშაკი ბენეფიციარის მიმართ ვალდებულია: გ.ა) აღმოუჩინოს პროფესიული დახმარება მისგან მიღებული ინფორმირებული თანხმობის საფუძველზე, რაც გულისხმობს ბენეფიციარისათვის ადვილად გასაგები ენით მომსახურების მიზანის, მომსახურებასთან დაკავშირებული რისკების, შესაძლო ალტერნატივების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას (ბენეფიციარს უფლება აქვს უარი თქვას ინფორმირებული თანხმობის მიცემაზე ან მოგვიანებით გააუქმოს თანხმობა); გ.ბ) იმ შემთხვევაში, როდესაც ბენეფიციარმა არ იცის წერა-კითხვა ან არ ესმის გამოყენებული პროფესიული ტერმინოლოგია, უზრუნველყოს ალტერნატიული საშუალებებით მისთვის ინფორმაციის მიწოდება. ასეთ შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს დეტალური სიტყვიერი განმარტების მიცემა ან ენობრივი ბარიერის არსებობის შემთხვევაში კვალიფიციური თარჯიმნის მოწვევა; გ.გ) არანებაყოფლობითი მომსახურების შემთხვევაში, სოციალურმა მუშაკმა ინფორმაცია მიაწოდოს ბენეფიციარს მომსახურების შესახებ და აცნობოს მას საკუთარი უფლების შესახებ. ბენეფიციარის უარის შემთხვევაში ჩართოს სხვა უწყებები, რადგან ბენეფიციარის მიერ მომსახურების მიღებაზე უარის თქმა შესაძლოა საფრთხეს უქმნიდეს, როგორც თავად ბენეფიციარს, ისე სხვა ადამიანებს. თუ არასრულწლოვანი ან მხარდაჭერის მიმღები ბენეფიციარის სურვილი ეწინააღმდეგება მის საუკეთესო ინტერესებს, მაშინ მისი თანხმობა აუცილებელი არ არის; გ.დ) მომსახურების ინტერნეტის ან ტელეფონის მეშვეობით (ტელეკომუნიკაცია) მიწოდებისას აცნობოს ბენეფიციარს იმ შესაძლო რისკების შესახებ, რომელიც თან ახლავს ამ ტიპის მომსახურებას; გ.ე) მიიღოს ბენეფიციარის/კანონიერი წარმომადგენლის/მხარდამჭერის ინფორმირებული თანხმობა შეხვედრის აუდიო ან ვიდეო ჩანაწერის გაკეთების, მესამე პირის დასწრების და/ან საჭიროების შემთხვევაში, ბენეფიციარის პირადი ინფორმაციის მესამე პირისთვის გაზიარების შესახებ; დ) კომპეტენცია – სოციალური მუშაკი ბენეფიციარის მიმართ ვალდებულია: დ.ა) სოციალური მუშაობის მომსახურება გაუწიოს საკუთარი განათლების, ზოგადი და პრაქტიკაში გამომუშავებული დარგობრივი კომპეტენციის და სამუშაო გამოცდილების ფარგლებში; დ.ბ) დარგობრივი კომპეტენციის განვითარებაზე პასუხისმგებელია სოციალური მუშაობის მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაცია (ახალი მომსახურებისა და პროფესიული მეთოდის გამოყენება სოციალურმა მუშაკმა უნდა დაიწყოს მოცემული მეთოდის კარგად შესწავლის და კომპეტენტურ პროფესიონალთან კონსულტაციის შემდეგ); დ.გ) იმ შემთხვევაში, როდესაც სოციალური მუშაობის ესა თუ ის სფერო ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული და არ არსებობს შესაბამისი პროფესიული სტანდარტები, ყურადღებით უნდა მოეკიდოს ახალი ტიპის მომსახურების გაწევას ბენეფიციარისათვის და გაითვალისწინოს საკუთარი განათლების და სამუშაო გამოცდილების დონე, ასევე, დაეყრდნოს ამ სფეროში არსებულ მტკიცებულებით ინფორმირებულ პრაქტიკას; დ.დ) მუდმივად უნდა ზრუნავდეს საკუთარი კომპეტენციის ამაღლებაზე; ე) კულტურული მრავალფეროვნება - სოციალური მუშაკი ბენეფიციარის მიმართ ვალდებულია: ე.ა) ესმოდეს კულტურა და მისი როლი ინდივიდის, ჯგუფებისა და საზოგადოების ცხოვრებაში, აცნობიერებდეს იმ დადებით მხარეებს, რაც გააჩნია თითოეულ კულტურასა და კულტურულ მრავალფეროვნებას; ე.ბ) ჰქონდეს ინფორმაცია იმ კულტურის შესახებ, რომელსაც მისი ბენეფიციარი მიეკუთვნება, რათა შეეძლოს ბენეფიციარის კულტურის თავისებურებების გათვალისწინებით მისთვის შესაბამისი მომსახურების გაწევა; ე.გ) გაიმდიდროს ცოდნა კულტურული მრავალფეროვნების შესახებ; ე.დ) ესმოდეს მრავალფეროვნება განსხვავებული რასის, კანის ფერის, სქესის, ასაკის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, შეზღუდული შესაძლებლობების, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის, ან სხვა ნიშნის მიხედვით; ვ) ინტერესთა კონფლიქტები – სოციალური მუშაკი ბენეფიციარის მიმართ ვალდებულია: ვ.ა) გააცნობიეროს ინტერესთა კონფლიქტები და მათი არსებობის შემთხვევაში შეეცადოს მათ თავიდან აცილებას; ვ.ბ) შეატყობინოს ბენეფიციარს შესაძლო ინტერესთა კონფლიქტის შესახებ; ვ.გ) გადაჭრას ინტერესთა კონფლიქტი ისეთი საშუალებით, რომ მაქსიმალურად იყოს დაცული ბენეფიციარის ინტერესები (ზოგიერთ შემთხვევაში ბენეფიციარის ინტერესების დასაცავად შესაძლოა საჭირო გახდეს პროფესიული ურთიერთობის შეწყვეტა და ბენეფიციარის დაკავშირება მომსახურების მისაღებად სხვა სოციალურ მუშაკთან); ვ.დ) ბოროტად არ გამოიყენოს პროფესიული ურთიერთობა ან პოზიცია თავისი პირადი, რელიგიური, პოლიტიკური თუ ბიზნესინტერესებისათვის; ვ.ე) ბენეფიციართან ან ყოფილ ბენეფიციართან არ დაამყაროს ორმაგი ან მრავალმხრივი ურთიერთობა, თუ არსებობს ბენეფიციარის ექსპლუატაციის ან ბენეფიციარისთვის შესაძლო ზიანის მიყენების რისკი. ისეთ შემთხვევებში, როდესაც არსებობს ბენეფიციართან ორმაგი ან მრავალმხრივი ურთერთობის დამყარების აუცილებლობა, სოციალური მუშაკი ვალდებულია დაიცვას პროფესიული ურთიერთობის საზღვრები (ორმაგი ან მრავალმხრივი ურთიერთობის შემთხვევაში სოციალურ მუშაკს ბენეფიციართან შეიძლება ერთდროულად ჰქონდეს პროფესიული, სოციალური და/ან ბიზნესურთიერთობა). იმ შემთხვევაში, როდესაც სოციალურ მუშაკს ბენეფიციართან ორმაგი ურთიერთობა აქვს, პროფესიული საზღვრების შენარჩუნება რთულდება, ამიტომაც ასეთ შემთხვევებში აუცილებელია დაკვირვებული, თანმიმდევრული და ხშირი სუპერვიზია, რათა უნებლიედ არ დაირღვეს ბენეფიციარის უფლებები; ვ.ვ) ორი ან მეტი ბენეფიციარისათვის, რომელთაც ერთმანეთთან გარკვეული ურთიერთობა აკავშირებთ (მაგ., წყვილი, ოჯახის წევრები) მომსახურების მიწოდების შემთხვევაში, თუ არსებობს ინტერესთა კონფლიქტის რისკი, აუხსნას ბენეფიციარებს საკუთარი ვალდებულებები და ყველა შესაძლო ზომა მიიღოს ინტერესთა კონფლიქტის აღმოსაფხვრელად; ზ) კონფიდენციალობა – სოციალური მუშაკი ბენეფიციარის მიმართ ვალდებულია: ზ.ა) დაიცვას ბენეფიციარის კონფიდენციალური ინფორმაცია; ზ.ბ) ბენეფიციარის კონფიდენციალური ინფორმაცია გასცეს იმ შემთხვევაში, თუ ბენეფიციარისგან ან მისი კანონიერი წარმომადგენლისგან/მხარდამჭერისგან მიიღებს თანხმობას ინფორმაციის გაცემის თაობაზე; ზ.გ) აუცილებლობის შემთხვევაში გასცეს კონფიდენციალური ინფორმაციის მხოლოდ ის ნაწილი, რომელიც პირდაპირ უკავშირდება მოსალოდნელ საფრთხეს; ზ.დ) დაიცვას ნებისმიერი ინფორმაციის კონფიდენციალურობა, რომელიც მან მიიღო პროფესიული მოვალეობის შესრულებისას (ამ წესის დარღვევა შეიძლება იმ შემთხვევაში, თუ კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნება აუცილებელია მოსალოდნელი მნიშვნელოვანი ზიანის პრევენციისათვის); ზ.ე) შეატყობინოს ბენეფიციარს კონფიდენციალური ინფორმაციის მოსალოდნელი გაცემისა და შესაძლო შედეგების შესახებ; ზ.ვ) აცნობოს ინფორმაციის კონფიდენციალობის შესახებ და ასევე იმ შესაძლო შემთხვევების შესახებ, როდესაც კონფიდენციალობა შეიძლება დაირღვეს; ზ.ზ) იმ შემთხვევაში, როდესაც სოციალური მუშაკი მუშაობს ოჯახთან, წყვილთან ან ინდივიდთა ჯგუფთან, აცნობოს მათ მიერ გაცემული ინფორმაციის კონფიდენციალობის შესახებ (ბენეფიციარები (ჯგუფური პრაქტიკისას) ინფორმირებულნი არიან, რომ სოციალურ მუშაკს არ შეუძლია გარანტირება, რომ მათი პირადი კონფიდენციალური ინფორმაცია არ გამჟღავნდება ჯგუფის სხვა წევრების მიერ); ზ.თ) საოჯახო თუ ჯგუფურ კონსულტაციაში ჩაბმულ ბენეფიციარებს გააცნოს დამსაქმებლის პოლიტიკა, რომელიც ეხება სოციალური მუშაკის მიერ კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნებას მონაწილეთა შორის; ზ.ი) არ გაამჟღავნოს ბენეფიციარის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაცია დამფინანსებელ ორგანოსთან (პირთან) ბენეფიციარის თანხმობის გარეშე; ზ.კ) არ განიხილოს კონფიდენციალური ინფორმაცია ისეთ გარემოში, სადაც არ არის განმარტოების შესაძლებლობა და არსებობს ინფორმაციის გახმაურების რისკი (მაგ.: საზოგადოებრივი თავშეყრისა და ხალხმრავალი ადგილები); ზ.ლ) დაიცვას ბენეფიციარების კონფიდენციალობა მედიასთან ურთიერთობისას. სოციალური მედიის კონტექსტში ისაუბროს ბენეფიციართა ჯგუფის, თემის საჭიროებებზე ისე, რომ არ დაასახელოს ბენეფიციარების რამე მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია; ზ.მ) დაიცვას ბენეფიციარის კონფიდენციალობა მაშინაც კი, როდესაც მედიის წარმომადგენელი სთხოვს ბენეფიციარის შესახებ ინფორმაციის გაცემას, მიუხედავად იმისა, ბენეფიციარისგან მიღებული აქვს თუ არა თანხმობა ასეთი ინფორმაციის გაცემის თაობაზე. ამასთან, სოციალური მედიის როლის მხარდასაჭერად, სოციალურმა მუშაკმა შესაძლოა გასცეს მისი სრულწლოვანი ბენეფიციარის შესახებ საკონტაქტო ინფორმაცია, როდესაც ამის შესახებ თავად ბენეფიციარისაგან მიღებული აქვს წერილობითი ინფორმირებული თანხმობა; ზ.ნ) უზრუნველყოს ბენეფიციართან დაკავშირებული სამუშაო ჩანაწერების კონფიდენციალობა და დაცულ ადგილას შენახვა, სადაც მათზე ხელი არ მიუწვდებათ გარეშე პირებს; ზ.ო) დაიცვას ბენეფიციარის შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალობა თავისივე ორგანიზაციის კოლეგა-თანამშრომლებთან კონტაქტის დროს, როდესაც კოლეგები უშუალოდ არ არიან ჩართულნი მოცემული ბენეფიციარის საქმეში; ზ.პ) გამოიჩინოს განსაკუთრებული სიფრთხილე ინფორმაციის კომპიუტერით, ელექტრონული ფოსტით, ფაქსით, ტელეფონით, ავტომოპასუხით ან სხვა ელექტრონული საშუალებით (ზუმი, სკაიპი, და ა.შ. ონლაინ პლატფორმების გამოყენება) გადაცემისას; ზ.ჟ) არ გააცხადოს ბენეფიციარის საიდენტიფიკაციო ინფორმაცია, როდესაც იგი ახდენს ბენეფიციარის შერჩევას სასწავლო ან ტრენინგის მიზნებისათვის, თუ არ იქნა მიღებული ბენეფიციარის თანხმობა კონფიდენციალური ინფორმაციის გაცემაზე; ზ.რ) დაიცვას ბენეფიციარის კონფიდენციალური ინფორმაცია მაშინაც კი, როდესაც ადგილი აქვს სოციალური მუშაკის მიერ სამუშაო პრაქტიკის შეწყვეტას ან მის დისკვალიფიკაციას; ზ.ს) დაიცვას ბენეფიციარის ინფორმაციის კონფიდენციალობა ბენეფიციარის გარდაცვალების შემთხვევაში; თ) ჩანაწერების ხელმისაწვდომობა – სოციალური მუშაკი ბენეფიციარის მიმართ ვალდებულია: თ.ა) ბენეფიციარის მოთხოვნისამებრ გააცნოს ბენეფიციარს მის შესახებ გაკეთებული პროფესიული ჩანაწერები და ინფორმაცია. თუ სოციალური მუშაკი ვარაუდობს, რომ ბენეფიციარის მიერ ამ ჩანაწერების გაცნობამ შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული გაუგებრობა ან დააზიანოს ბენეფიციარი, მისცეს დამატებითი განმარტება ჩანაწერების შესახებ; თ.ბ) არ აჩვენოს ბენეფიციარს ჩანაწერები ან აჩვენოს მათი ნაწილი იმ შემთხვევაში, თუ იგი დარწმუნებულია, რომ აღნიშნული ჩანაწერების გაცნობა სერიოზულად არ დააზიანებს ბენეფიციარს. შესაბამის დოკუმენტაციაში შეიტანოს ინფორმაცია ბენეფიციარის მიერ ჩანაწერების გაცნობის სურვილის შესახებ, ასევე მიუთითოს რატომ ეთქვა უარი მოთხოვნაზე გაცნობოდა ჩანაწერებს ან მისცა მხოლოდ ჩანაწერების გარკვეული ნაწილის გაცნობის უფლება; თ.გ) ბენეფიციარისათვის ჩანაწერების მიწოდების შემთხვევაში უზრუნველყოს ყველა იმ ინდივიდის შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალობა, რომლებიც მოხსენიებულნი არიან ჩანაწერებში; ი) რომანტიკული ურთიერთობები (იგულისხმება ფლირტი, სექსუალური და სხვა ტიპის ინტიმური ურთიერთობა) – სოციალური მუშაკი ბენეფიციარის მიმართ ვალდებულია: ი.ა) არ დაამყაროს რომანტიკული ურთიერთობა ბენეფიციართან, ბენეფიციარის ოჯახის წევრებთან და ნათესავებთან ან იმ პირებთან, რომლებთანაც ბენეფიციარს ახლო პირადი ურთიერთობა აქვს (ამ შემთხვევაში არსებობს ბენეფიციარის ექსპლუატაციის (შევიწროების, ზეწოლის) ან მისთვის პოტენციური ზიანის მიყენების საფრთხე. ბენეფიციარის ნათესავებსა და ახლობელ ადამიანებთან რომანტიკული ურთიერთობის დამყარების შემდეგ რთულდება პროფესიული საზღვრების შენარჩუნება სოციალურ მუშაკსა და ბენეფიციარს შორის არსებულ ურთიერთობაში); ი.ბ) სოციალური მუშაობის მომსახურება არ გაუწიოს ისეთ ინდივიდს, რომელთანაც მას რომანტიკული ურთიერთობა ჰქონდა (ყოფილი სექსუალური პარტნიორისთვის სოციალური მუშაობის მომსახურების გაწევამ შეიძლება ზიანი მიაყენოს ბენეფიციარს. ამ შემთხვევაში ძნელი ხდება პროფესიული საზღვრების შენარჩუნება სოციალურ მუშაკსა და ბენეფიციარს შორის); კ) შეურაცხმყოფელი ლექსიკა – სოციალური მუშაკი ბენეფიციარის მიმართ ვალდებულია: კ.ა) არ გამოიყენოს შეურაცხმყოფელი ლექსიკა ბენეფიციარებთან წერილობითი ან სიტყვიერი ურთიერთობისას; კ.ბ) ისაუბროს დიპლომატიური, აკადემიური და თავაზიანი ლექსიკით ყველა პროფესიულ ურთიერთობაში; ლ) გადასახადი მომსახურებისათვის – სოციალური მუშაკი ბენეფიციარის მიმართ ვალდებულია: ლ.ა) არ მიიღოს რაიმე ნივთი ან მომსახურება ბენეფიციარისგან მის მიერ გაწეული პროფესიული მომსახურების საფასურად (მომსახურების გაცვლაზე ორიენტირებული შეთანხმებები (ე.წ. ბარტერული გაცვლა) ქმნიან ინტერესეთა კონფლიქტისა და ექსპლუატაციის გაჩენის საფრთხეს და არღვევენ სოციალურ მუშაკსა და ბენეფიციარს შორის არსებულ პროფესიული ურთიერთობის საზღვრებს. სოციალური მუშაკი შეიძლება დათანხმდეს ბარტერულ მომსახურებაზე მხოლოდ იმ ცალკეულ შემთხვევებში, როდესაც ამგვარი მომსახურება მიღებული პრაქტიკაა ადგილობრივი კულტურის ფარგლებში, როდესაც მოლაპარაკება ასეთ მომსახურებაზე ხდება ყოველგვარი ძალდატანების გარეშე, ხოლო ინიციატივა კი მომდინარეობს ბენეფიციარისგან. თუ სოციალური მუშაკი ბენეფიციარისგან მომსახურების სანაცვლოდ იღებს ნივთს ან გარკვეულ მომსახურებას, იგი პასუხისმგებელია იმაზე, რომ ასეთი შეთანხმება არ დააზიანებს ბენეფიციარს და პროფესიულ ურთიერთობას); ლ.ბ) არ მოითხოვოს კერძო გასამრჯელო ბენეფიციარისთვის გაწეული მომსახურებისთვის; მ) გადაწყვეტილების მიღების უნარს მოკლებული ბენეფიციარები – სოციალური მუშაკი ბენეფიციარის მიმართ ვალდებულია: მ.ა) იმ შემთხვევაში, როდესაც სოციალური მუშაკი მოქმედებს ისეთი ბენეფიციარის სახელით, რომელსაც არ შეუძლია გაცნობიერებულად მიიღოს გადაწყვეტილება, მიიღოს ზომები ბენეფიციარის ინტერესებისა და უფლებების დასაცავად; ნ) მომსახურების შეწყვეტა – სოციალური მუშაკი ბენეფიციარის მიმართ ვალდებულია: ნ.ა) მიიღოს ზომები ბენეფიციარისთვის მომსახურების მიწოდების გაგრძელების მიზნით ისეთ შემთხვევებში, როდესაც მომსახურების შეწყვეტას განაპირობებს შემდეგი ფაქტორები: ბენეფიციარის ან სოციალური მუშაკის გადაადგილება, ავადმყოფობა, ფიზიკური ან შეზღუდული შესაძლებლობები და ა.შ.; ნ.ბ) სათანადო კომპეტენციის არქონის შემთხვევაში შეწყვიტოს მომსახურება და ბენეფიციარი გადაამისამართოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტთან. ამასთან, გადამისამართება არ უნდა განხორციელდეს რაიმე სახის პირადი სარგებლის სანაცვლოდ; ნ.გ) შეწყვიტოს მომსახურება და მიიღოს ზომები ბენეფიციარის გადასამისამართებლად, როცა ბენეფიციარის მომსახურების პროცეში წარმოიშვა ინტერესთა კონფლიქტი; ო) მომსახურების დასრულება – სოციალური მუშაკი ბენეფიციარის მიმართ ვალდებულია: ო.ა) დაასრულოს ბენეფიციარისთვის მომსახურების გაწევა მაშინ, როდესაც ეს მომსახურება აღარ პასუხობს ბენეფიციარის საჭიროებებს; ო.ბ) მიიღოს ყველა ზომა და არ მიატოვოს ბენეფიციარი, რომელსაც ჯერ კიდევ სჭირდება მისი მომსახურება. მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც არსებობს სერიოზული უარყოფითი შედეგების საფრთხე, შესაძლებელია მომსახურების უეცრად შეწყვეტა. საჭიროების შემთხვევაში სოციალურმა მუშაკმა უნდა გაატაროს სათანადო ღონისძიებები მომსახურების გასაგრძელებლად; ო.გ) დროულად შეატყობინოს ბენეფიციარს მომსახურების გაწევის დასრულების ან შეწყვეტის შესახებ და იზრუნოს ბენეფიციარისათვის ალტერნატიული მომსახურების უზრუნველყოფაზე ბენეფიციარის საჭიროებებისა და არჩევანის შესაბამისად; ო.დ) სამუშაო ადგილის დატოვების შემთხვევაში შეატყობინოს ბენეფიციარს მომსახურების გაგრძელების შესაძლო ალტერნატივების შესახებ და ასევე აცნობოს მას მოსალოდნელი მომსახურების პოტენციური უპირატესობები და რისკები. 4. სოციალური მუშაკის ეთიკური პასუხისმგებლობა კოლეგების მიმართ ა) პატივისცემა – სოციალური მუშაკი ვალდებულია: ა.ა) პატივისცემით ეპყრობოდეს კოლეგებს, აფასებდეს და აღიარებდეს მათ კვალიფიკაციას და აცნობიერებდეს მათ მიმართ ვალდებულებებს; ა.ბ) ბენეფიციარებთან და სხვა პროფესიონალებთან ურთიერთობისას თავი შეიკავოს კოლეგათა მისამართით დაუსაბუთებელი კრიტიკისგან (დაუსაბუთებელი კრიტიკა მოიცავს შემდეგს: კოლეგის კომპეტენტურობის შესახებ უარყოფითი კომენტარების გაკეთებას ან უარყოფითი კონტექსტის მატარებელ კომენტარებს კოლეგის ისეთი ნიშან-თვისებების მიმართ, როგორიცაა: ეთნიკური და ეროვნული წარმომავლობა, სქესი, ასაკი, ქორწინების სტატუსი, პოლიტიკური შეხედულებები, რელიგია, ფიზიკური თუ გონებრივი შესაძლებლობები და სხვა); ა.გ) ითანამშრომლოს სოციალურ მუშაკებთან და სხვა პროფესიების წარმომადგენლებთან, რათა უზრუნველყოს ბენეფიციარის კეთილდღეობა; ბ) კონფიდენციალობა – სოციალური მუშაკი ვალდებულია: ბ.ა) პატივს სცემდეს პროფესიული ურთიერთობის დროს კოლეგებისგან მიღებულ კონფიდენციალურ ინფორმაციას; გ) მულტიდისციპლინური თანამშრომლობა – მულტიდისციპლინარული ჯგუფის წევრი სოციალური მუშაკი ბენეფიციარის მიმართ ვალდებულია: გ.ა) მონაწილეობა მიიღოს მულტიდისციპლინარული ჯგუფის მუშაობაში, წვლილი შეიტანოს იმ გადაწყვეტილებების მიღებაში, რომლებიც ზეგავლენას ახდენს ბენეფიციარის კეთილდღეობაზე (ნათლად უნდა იყოს განსაზღვრული მულტიდისციპლინური ჯგუფის წევრთა პროფესიული და ეთიკური ვალდებულებანი); გ.ბ) თუ ჯგუფის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ეთიკურად მიუღებელია, შეეცადოს უთანხმოების აღმოფხვრას სათანადო საშუალებებით (იმ შემთხვევაში, თუ ეს ვერ ხერხდება, მოიძიოს სხვა საშუალებები ბენეფიციარის კეთილდღეობასთან დაკავშირებული საკითხის გადასაჭრელად); დ) უთანხმოებანი კოლეგების მონაწილეობით – სოციალური მუშაკი ვალდებულია: დ.ა) თანამდებობის მიღების მიზნით არ ისარგებლოს კოლეგასა და ხელმძღვანელ პირს შორის არსებული უთანხმოებით და ამ საშუალებით არ მოახდინოს თავისი პირადი ინტერესების დაკმაყოფილება; დ.ბ) ბენეფიციარს არ გაუწიოს ექსპლუატაცია და არ ჩააბას იმ უთანხმოებაში, რომელიც მას შეიძლება საკუთარ კოლეგასთან ჰქონდეს, ასევე, ბენეფიციართან არ განიხილოს კოლეგასთან არსებული უთანხმოება; ე) კონსულტაცია – სოციალური მუშაკი ვალდებულია: ე.ა) მიმართოს კოლეგებს რჩევისა და კონსულტაციისათვის ბენეფიციარის მხარდასაჭერად; ე.ბ) იყოს ინფორმირებული კოლეგების სპეციალიზაციასთან დაკავშირებით, რათა საჭიროების შემთხვევაში რჩევა/კონსულტაცია მიიღოს კოლეგისაგან, რომელსაც მოცემულ სფეროში აქვს კომპეტენცია და გამოცდილება; ე.გ) მაქსიმალურად იცავდეს ბენეფიციარის მიერ მოწოდებული ინფორმაციის კონფიდენციალობას, ასევე, ხელმძღვანელობდეს ეთიკის სტანდარტებით; ვ) მიმართვის გაცემა მომსახურების მისაღებად – სოციალური მუშაკი ვალდებულია: ვ.ა) გააგზავნოს სხვა პროფესიონალთან იმ შემთხვევაში, თუ სოციალური მუშაკი თავისი მომსახურებით ეფექტურად ვერ აკმაყოფილებს ბენეფიციარის საჭიროებებს ან როდესაც საჭიროა დამატებითი მომსახურების გაწევა; ვ.ბ) ბენეფიციარის სხვა სოციალურ მუშაკთან გადამისამართების შემთხვევაში, მიაწოდოს ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ, რათა მოიპოვოს მისი ინფორმირებული თანხმობა; ზ) რომანტიკული ურთიერთობები – სოციალური მუშაკი ვალდებულია: ზ.ა) არ დაამყაროს რომანტიკული ურთიერთობა პროფესიულად მასზე დაქვემდებარებულ პირებთან ან სტუდენტებთან; ზ.ბ) თავი შეიკავოს კოლეგებთან რომანტიკული ურთიერთობების დამყარებისგან მაშინ, როდესაც არსებობს ინტერესთა კონფლიქტის საფრთხე. კოლეგასთან რომანტიკული ურთიერთობის დამყარების შემთხვევაში თავისი პროფესიული პასუხისმგებლობა გადასცეს სხვა პირს ინტერესთა კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად; თ) სექსუალური შევიწროება – სოციალური მუშაკი ვალდებულია: თ.ა) არ შეავიწროვოს სექსუალურად თავისი პროფესიული ზედამხედველობის ქვეშ მყოფი პირები. სექსუალური შევიწროების ფაქტის აღმოჩენის შემთხვევაში რეაგირება ხდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; ი) კოლეგების შრომისუნარიანობის დაქვეითება – სოციალური მუშაკი ვალდებულია: ი.ა) ისეთ შემთხვევაში, როდესაც შეიტყობს კოლეგის შრომისუნარიანობის დაქვეითების შესახებ, რაც უკავშირდება პირად პრობლემებს, ფსიქოლოგიურ სტრესს თუ ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუარესებას, რაც ხელს უშლის კოლეგის ეფექტურად მუშაობას, მასთან განიხილოს შექმნილი მდგომარეობა და დაეხმაროს მას მდგომარეობის გაუმჯობესებაში; ი.ბ) თუ ფლობს ინფორმაციას კოლეგის შრომისუნარიანობის დაქვეითების შესახებ, რომელიც არ ცდილობს შექმნილი სიტუაციის გამოსწორებას, კოლეგა სოციალური მუშაკი გააფრთხილოს და შემდგომ აცნობოს ხელმძღვანელ პირს ან შესაბამის ეთიკის კომისიას; კ) კოლეგების არაკომპეტენტურობა – სოციალური მუშაკი ვალდებულია: კ.ა) კონსულტირება გაუწიოს და დაეხმაროს თავის კოლეგას, თუ მისთვის ცნობილი გახდება მისი არაკომპეტენტურობის შესახებ, რათა არ დაზიანდეს ბენეფიციარის ინტერესები; კ.ბ) კოლეგის არაკომპეტენტურობის შესახებ, რომელსაც არ მიუღია სათანადო ზომები საკუთარი არაკომპეტენტურობის გამოსასწორებლად, შეატყობინოს თავის ზედამხედველს ან ხელმძღვანელს და იმოქმედოს უწყების შიგნით დადგენილი წესით; ლ) კოლეგების არაეთიკური ქცევა – სოციალური მუშაკი ვალდებულია: ლ.ა) შეეცადოს კოლეგის არაეთიკური ქცევის გამოსწორებას და პრევენციას; ლ.ბ) იცნობდეს იმ წესებსა და პროცედურებს, რომელთა დაცვაც მიზანშეწონილია კოლეგების არაეთიკური ქცევის გამო წარმოშობილი პრობლემების აღმოსაფხვრელად; ლ.გ) კოლეგის მხრიდან არაეთიკურად მოიქცევის შემთხვევაში, შეეცადოს აღნიშნული საკითხის განხილვას კოლეგასთან, თუ ასეთი განხილვა პროდუქტიულ შედეგებს გამოიღებს; ლ.დ) კოლეგის არაეთიკური საქციელის შესახებ შეატყობინოს საკუთარ ზედამხედველს ან ხელმძღვანელს და იმოქმედოს უწყების შიდა რეგულაციების მიხედვით; ლ.ე) დახმარება გაუწიოს და დაიცვას კოლეგა იმ შემთხვევაში, როდესაც მას უსამართლოდ ედება ბრალი არაეთიკურ საქციელში. 5. სოციალური მუშაკის ეთიკური პასუხისმგებლობა სამუშაო ადგილზე: ა) ზედამხედველობა და კონსულტაცია – სოციალური მუშაკი ვალდებულია: ა.ა) ზედამხედველობისა და კონსულტირებისათვის ჰქონდეს შესაბამისი ცოდნა და კვალიფიკაცია, რათა სათანადოდ განახორციელოს თავისი პროფესიული მიზნები; ა.ბ) მოქმედებდეს მხოლოდ საკუთარი ცოდნისა და კომპეტენტურობის ფარგლებში; ა.გ) დაადგინოს მკაფიო პროფესიული საზღვრები ზედამხედველობისა და კონსულტირების დროს; ა.დ) არ ჩაებას ორმაგ ან მრავალმხრივ ურთიერთობაში მისი ზედამხედველობის ქვეშ მყოფ პირებთან; ა.ე) ზედამხედველობის დროს მოქმედებდეს კეთილსინდისიერად და პასუხისმგებლობით, ობიექტურად აფასებდეს ზედამხედველობის ქვეშ მყოფი პირების მუშაობას; ბ) განათლება და პროფესიული ტრენინგი – სოციალური მუშაკი, რომელიც გადასცემს პრაქტიკულ და თეორიულ ცოდნას, ვალდებულია: ბ.ა) მუდმივად მუშაობდეს თვითგანვითარებაზე, ჰქონდეს წვდომა უახლეს ინფორმაციებთან და კვლევებთან, რომელსაც რელევანტური გზით გადასცემს სტუდენტებს, თუ სხვა დაინტერესებულ პირებს; ბ.ბ) სამართლიანად შეაფასოს სტუდენტების მუშაობა; ბ.გ) უზრუნველყოს ბენეფიციარების ინფორმირება იმ შემთხვევებში, როდესაც მომსახურებას სტუდენტები აწარმოებენ; ბ.დ) არ ჩაებას სტუდენტებთან ორმაგ ან მრავალმხრივ ურთიერთობაში იმ შემთხვევაში, თუ არსებობს სტუდენტის ექსპლუატაციის ან მისთვის პოტენციური ზიანის მიყენების საფრთხე; გ) მუშაობის შეფასება – სოციალური მუშაკი ვალდებულია: გ.ა) სხვების მუშაობის შეფასება განახორციელოს ობიექტურად, მკაფიოდ დადგენილი კრიტერიუმების საფუძველზე; დ) სოციალური მუშაკის ჩანაწერები ბენეფიციარის და მომსახურების შესახებ – სოციალური მუშაკი ვალდებულია: დ.ა) უზრუნველყოს პროფესიული ჩანაწერების სიზუსტე; დ.ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში აწარმოოს ბენეფიციარის პირადი საქმე და დოკუმენტაცია; დ.გ) დოკუმენტაციაში მაქსიმალურად იცავდეს ბენეფიციარის შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალობას და მოიცავდეს ინფორმაციას მხოლოდ მიწოდებულ მომსახურებასთან დაკავშირებით; დ.დ) სოციალური მუშაობის დასრულების ან სხვა სამსახურში გადასვლის შემთხვევაში ბენეფიციარის შესახებ მონაცემები გადასცეს მის შემცვლელს ან თავის უშუალო ხელმძღვანელს; დ.ე) იმოქმედოს დოკუმენტაციის წარმოების დამტკიცებული წესისა და ფორმის შესაბამისად, რომელიც განსაზღვრულია იმ დაწესებულების სამართლებრივი აქტით, რომელშიც დასაქმებულია სოციალური მუშაკი; დ.ვ) დამუშავებული დოკუმენტაცია შეინახოს მომსახურების მიწოდებისას და მისი დასრულების შემდეგ უწყების მიერ განსაზღვრულ ვადებში; ე) ბენეფიციარის მიერ სოციალური მუშაკის მომსახურების შეცვლა – სოციალური მუშაკი ვალდებულია: ე.ა) ბენეფიციარის მომსახურების შეცვლის სურვილის შემთხვევაში, კონსტრუქტიულად განიხილოს კოლეგა სოციალური მუშაკის და ბენეფიციარის წარსული მუშაობის დეტალები, ასევე ბენეფიციართან ერთად იმსჯელოს მომსახურების შეცვლის სარგებელზე და შესაძლო რისკებზე; ე.ბ) თუ ბენეფიციარს წარსულში მიღებული აქვს გარკვეული სახის სოციალური მუშაობის მომსახურება სხვა უწყებაში, მასთან ერთად კონსტრუქტიულად განიხილოს, თუ რამდენად აკმაყოფილებდა ის ბენეფიციარის საჭიროებებს; ვ) ადმინისტრაცია – ადმინისტრაცია ვალდებულია: ვ.ა) მოიძიოს პროფესიული რესურსები როგორც თავის უწყებაში, ასევე მათ ფარგლებს გარეთ ბენეფიციარის საუკეთესო ინტერესის დასაკმაყოფილებლად; ვ.ბ) სოციალურმა მუშაკის დახმარებით დაიცვან რესურსების განაწილების ღია და ობიექტური პროცედურები. როდესაც შეუძლებელია ყველა ბენეფიციარის ინტერესის დაკმაყოფილება, ბენეფიციართათვის რესურსები გაანაწილოს სამართლიანად და სათანადო პრინციპების შესაბამისად; ვ.გ) მიიღონ სათანადო ზომები, რათა უზრუნველყონ პერსონალისთვის სათანადო პროფესიული ზედამხედველობის გაწევა; ვ.დ) მიიღოს ყველა ზომა, რომ უწყებაში შექმნილი სამუშაო გარემო შეესაბამებოდეს სოციალური მუშაობის ეთიკის სტანდარტს; ვ.ე) მიიღონ ზომები იმისათვის, რომ მათ უწყებაში აღმოიფხვრას ყველა ის ფაქტორი, რომელიც არღვევს ან არ შეესაბამება სოციალური მუშაობის ეთიკის სტანდარტს; ვ.ვ) გაატარონ შესაბამისი ღონისძიებები თავიანთი უწყებების პერსონალის განათლებისა და პროფესიული ტრენინგების უზრუნველსაყოფად; ვ.ზ) ტრენინგები და განათლების ინიციატივები პასუხობდეს სოციალური მუშაობის თანამედროვე ტენდენციებსა და ეთიკის ნორმებს; ზ) სოციალური მუშაკების ვალდებულებანი უწყების მიმართ – სოციალური მუშაკი ვალდებულია: ზ.ა) ასრულებდეს იმ ვალდებულებებს, რომლებიც დაკისრებული აქვს დამქირავებელი უწყების მიერ; ზ.ბ) ცდილობდეს თავისი უწყების ეფექტურობის გაძლიერებას/სერვისების გაუმჯობესებას; ზ.გ) უზრუნველყოს დამქირავებლის/ხელმძღვანელის ინფორმირებულობა სოციალური მუშაობის ეთიკის სტანდარტების და სტანდარტების შესაბამის პროფესიულ ქცევასთან დაკავშირებით; ზ.დ) ზრუნავდეს სოციალური მუშაობის ეთიკური პრაქტიკის განხორციელებაზე და იმაზე, რომ მისი დამქირავებელი უწყების პოლიტიკამ და პროცედურებმა უზრუნველყოს და ხელი შეუწყოს სოციალური მუშაობის პრაქტიკის შესაბამისობას სოციალური მუშაობის ეთიკის სტანდარტებთან; ზ.ე) უზრუნველყოს დისკრიმინაციის პრევენცია დამქირავებელი უწყების შიგნით და საკუთარი პრაქტიკის განხორციელებისას; ზ.ვ) გონივრულად მოიხმარდეს ორგანიზაციის რესურსს ბენეფიციარის საკეთილდღეოდ; თ) შრომასთან დაკავშირებული საკითხები: თ.ა) სოციალურ მუშაკებს შესაძლებლობა აქვთ სამუშაო პირობების გაუმჯობესების მიზნით შექმნან ან გაწევრიანდნენ პროფკავშირში; თ.ბ) სოციალური მუშაკები, რომლებიც მონაწილეობენ სხვადასხვა სახის აქციებსა თუ გაფიცვებში, ხელმძღვანელობენ პროფესიული ღირებულებებით, ეთიკური პრინციპებითა და სტანდარტებით. 6. სოციალური მუშაკის, როგორც პროფესიონალის, ეთიკური პასუხისმგებლობა: ა) კომპეტენცია – სოციალური მუშაკი ვალდებულია: ა.ა) მიიღოს შეთავაზება სამუშაო ადგილთან დაკავშირებით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას გააჩნია შესაბამისი კომპეტენცია ან გეგმავს საკუთარი კომპეტენციის სრულყოფას; ა.ბ) ისწრაფოდეს პროფესიული დონის ასამაღლებლად, კრიტიკულად აფასებდეს პროფესიაში შემოსულ ახალ ტენდენციებს და საჭიროების შემთხვევაში ეუფლებოდეს ახალ ცოდნას, ეცნობოდეს პროფესიულ ლიტერატურას და მონაწილეობდეს ტრენინგებსა თუ სხვა საგანმანათლებლო ინიციატივებში, რომლებიც ხორციელდება სოციალური მუშაობის ეთიკის შესაბამისად; ა.გ) სამუშაო პრაქტიკა ეყრდნობოდეს აღიარებულ ცოდნას, მათ შორის, ემპირიულს, სოციალური მუშაობის ეთიკის პრინციპების შესაბამისად; ბ) დისკრიმინაცია – სოციალური მუშაკი ვალდებულია: ბ.ა) არ შეუწყოს ხელი დისკრიმინაციის არანაირ გამოვლენას რასის, კანის ფერის, სქესის, ასაკის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, შეზღუდული შესაძლებლობების, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის, ან სხვა ნიშნის მიხედვით; გ) პირადი საქმიანობა – სოციალური მუშაკი ვალდებულია: გ.ა) არ დაუშვას, რომ მისმა პირადმა საქმიანობამ შეაფერხოს მისი პროფესიული მოვალეობის განხორციელება; დ) უპატიოსნობა, თაღლითობა და ტყუილი – სოციალური მუშაკი ვალდებულია: დ.ა) არ მიიღოს მონაწილობა თაღლითურ საქმიანობაში (არაპატიოსანი პრაქტიკა, ტყუილი); ე) მდგომარეობის გაუარესება – სოციალური მუშაკი ვალდებულია: ე.ა) არ დაუშვას, რომ მისმა პირადმა თუ სამართლებრივმა პრობლემებმა, ფსიქო-სოციალურმა სტრესმა თუ ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობამ შეაფერხოს მისი პროფესიონალური განსჯა და მუშაობის უნარი და ამით საფრთხე შეუქმნას ბენეფიციარის ინტერესებს; ე.ბ) იმ შემთხვევაში, როდესაც პირადი თუ სამართლებრივი პრობლემების, ფსიქო-სოციალური სტრესის თუ ფსიქიური ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ფერხდება პროფესიული განსჯა და მუშაობა, დაუყოვნებლივ მოიძიოს პროფესიული დახმარება, შეცვალოს საკუთარი სამუშაო დატვირთვა, შეწყვიტოს მუშაობა ან მიიღოს სხვა ზომები საკუთარ ბენეფიციართა ინტერესების დასაცავად; ვ) მართებული წარდგინება – სოციალური მუშაკი ვალდებულია: ვ.ა) განასხვაოს ის ქმედებანი და განცხადებები, რომლებშიც იგი ჩაბმულია როგორც კერძო პირი და როგორც პროფესიონალი; ვ.ბ) უზრუნველყოს საკუთარი პროფესიული კვალიფიკაციის, განათლების, კომპეტენციისა თუ მიწოდებული მომსახურების ბენეფიციარისათვის ზუსტი და გადაუჭარბებელი წარდგენა; ვ.გ) ისაუბროს საკუთარი პროფესიული კვალიფიკაციის/ხარისხის შესახებ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას ასეთი კვალიფიკაცია/ხარისხი გააჩნია; ვ.დ) აღკვეთოს ყოველგვარი უზუსტობა და მცდარი წარმოდგენა მის კვალიფიკაციასა და პროფესიულ ხარისხთან დაკავშირებით; ზ) ბენეფიციართა მოზიდვა – სოციალური მუშაკი ვალდებულია: ზ.ა) საკუთარი ინტერესების მიზნით არ ეცადოს მოიზიდოს პოტენციური ბენეფიციარი; ზ.ბ) სასამართლოსთვის მოიპოვოს ალიბი/მოწმის მტკიცებულება მისი ამჟამინდელი ბენეფიციარისაგან ან სხვა ისეთი ინდივიდებისგან, რომლებიც გარკვეულ გარემოებათა გამო ადვილად მანიპულირებადნი არიან; თ) საკუთარი დამსახურების ხაზგასმა - სოციალური მუშაკი ვალდებულია: თ.ა) აღნიშნოს საკუთარი დამსახურება მხოლოდ მის მიერ რეალურად შესრულებული სამუშაოდან გამომდინარე; თ.ბ) აღიაროს სხვების მიერ შესრულებული სამუშაო და მათ მიერ საქმეში შეტანილი წვლილი. 7. სოციალური მუშაკის ეთიკური პასუხისმგებლობა სოციალური მუშაობის პროფესიისადმი ა) პროფესიის მთლიანობა – სოციალური მუშაკი ვალდებულია: ა.ა) უზრუნველყოს სოციალური მუშაობის პრაქტიკის მაღალი სტანდარტებით განხორციელება; ა.ბ) დაიცვას პროფესიის ღირებულებები, ეთიკა, ცოდნა და მისია; ა.გ) იღწვოდეს პროფესიის პოპულარიზაციისათვის; ა.დ) მონაწილეობდეს საგანმანათლებლო ინიციატივებში, კვლევაში, კონსულტაციებში და უნდა ახდენდეს პრეზენტაციების ორგანიზებას; ა.ე) პრაქტიკის, კვლევისა და ეთიკის სფეროებში ეცადოს სოციალურ მუშაობასთან დაკავშირებული ცოდნის კოლეგებისთვის გაზიარებას; ა.ვ) ცდილობდეს საკუთარი წვლილი შეიტანოს პროფესიული ლიტერატურის გამდიდრებაში და საკუთარი ცოდნა გაუზიაროს ფართო აუდიტორიას პროფესიულ შეხვედრებსა და კონფერენციებზე; ა.ზ) ებრძოდეს სოციალური მუშაობის არაკვალიფიციურ პრაქტიკას; ბ) შეფასება და კვლევა – სოციალური მუშაკი ვალდებულია: ბ.ა) აწარმოოს სოციალური მუშაობის პოლიტიკის, პროგრამებისა და პრაქტიკიული საქმიანობის მონიტორინგი და შეფასება; ბ.ბ) პროფესიული ცოდნის წყაროების გამდიდრების მიზნით პოპულარიზაცია გაუწიოს კვლევას სოციალურ მუშაობაში; ბ.გ) კრიტიკულად მიუდგეს სოციალური მუშაობის სფეროში აღმოცენებულ სიახლეებს და შეისწავლოს ისინი; ბ.დ) გამოიყენოს შეფასების მეთოდები და კვლევის შედეგები პროფესიულ პრაქტიკაში; ბ.ე) შეფასები/კვლევის განხორციელებისას გაითვალისწინოს მისი საქმიანობის შესაძლო შედეგები და დაიცვას ის წესები, რომლებიც გათვალისწინებულია კვლევისა და შეფასების მონაწილე ინდივიდების დასაცავად, ასევე, მიიღოს კონსულტაციები შესაბამისი ორგანიზაციიდან; ბ.ვ) შეფასების/კვლევის განხორციელებისას კვლევის ყველა მონაწილისგან მიიღოს კვლევაში ნებაყოფლობით მონაწილეობაზე წერილობითი თანხმობა, რომელშიც უნდა იყოს ახსნილი, თუ რა მოეთხოვება კვლევაში/შეფასებაში მონაწილე ინდივიდს, რა სახისა და ხანგრძლივობისაა მისი მონაწილეობა, ასევე კვლევაში მონაწილეობის რისკები და სარგებელი პოტენციური მონაწილისათვის; ბ.ზ) თუ სხვადასხვა მიზეზის გამო კვლევის/შეფასების მონაწილეებს არ შეუძლიათ კვლევაში ჩართვის შესახებ ინფორმირებული თანხმობის მიცემა წერილობით ან ზეპირსიტყვიერად, პოტენციურ მონაწილეებს დაწვრილებით, მათთვის გასაგებ ენაზე აუხსნას კვლევაში მონაწილეობის დეტალები და მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაატაროს კვლევა/შეფასება, თუ დარწმუნებულია, რომ მონაწილეებმა ნამდვილად გაიგეს კვლევის მიზანი და თანხმობას აცხადებენ კვლევაში მონაწილეობაზე ან/და მათ მონაწილეობაზე იღებენ ნებართვას კანონიერი წარმომადგენლისაგან/მხარდამჭერისაგან; ბ.თ) არ დაგეგმოს ან აწარმოოს კვლევა/შეფასება თანხმობის პროცედურების შესრულების გარეშე ან ისეთი კვლევა, როგორიცაა, მაგალითად, ნატურალისტური დაკვირვებისა და საარქივო კვლევის გარკვეული ფორმები (ასეთი რამ მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს, თუ არსებობს ძლიერი მტკიცებულება იმისა, რომ ასეთი კვლევა გამართლებულია შესაძლო სამეცნიერო, საგანმანათლებლო და/ან სხვა მნიშვნელოვანი ღირებულებების გამო და რომ არ არსებობს სხვა ასეთი ეფექტური ალტერნატიული პროცედურა წერილობითი თანხმობის მოპოვების პირობებში); ბ.ი) კვლევის/შეფასების მონაწილეებს შეატყობინოს, რომ ნებისმიერ დროს შეუძლიათ შეწყვიტონ კვლევაში მონაწილეობა ყოველგვარი ჯარიმის გარეშე; ბ.კ) უზრუნველყოს კვლევის/შეფასების მონაწილეები შესაბამისი რესურსებით/მომსახურებით; ბ.ლ) კვლევის მონაწილეები დაიცვას ფიზიკური თუ გონებრივი სტრესის, კვლევასთან ასოცირებული სხვადასხვა სახის ზიანისა და საფრთხისგან; ბ.მ) მოპოვებული ინფორმაცია გამოიყენოს მხოლოდ პროფესიული მიზნებით და გაამჟღავნოს იგი მხოლოდ იმ ინდივიდებთან, რომლებსაც პროფესიული კავშირი აქვთ აღნიშნულ ინფორმაციასთან; ბ.ნ) უზრუნველყოს მონაწილეთა კონფიდენციალობის დაცვა, ისევე, როგორც მათგან მოპოვებული ინფორმაციის კონფიდენციალობა. მონაწილეებს შეატყობინოს იმ შეზღუდვების შესახებ, რაც მათ კონფიდენციალობასთან დაკავშირებით არსებობს. შეატყობინოს მონაწილეებს, თუ რა ზომები იქნება მიღებული მათი კონფიდენციალობის დასაცავად და როდის მოხდება კვლევის ჩანაწერების ლიკვიდაცია; ბ.ო) კვლევის/შეფასების ანგარიშის მომზადებისას არ გამოააშკარაოს მონაწილეთა კონფიდენციალური ინფორმაცია იმ შემთხვევაში, თუ მას არ აქვს მოპოვებული თანხმობა მონაწილისგან ინფორმაციის საჯაროობაზე; ბ.პ) ზუსტად გადმოსცეს კვლევის/შეფასების შედეგები, არ გააყალბოს კვლევის/შეფასების შედეგები; ბ.ჟ) სიფრთხილით მოეკიდოს ისეთ შემთხვევებს, როდესაც არსებობს კვლევის მონაწილეებთან ინტერესთა კონფლიქტის ან ორმაგი ურთიერთობის საფრთხე; ბ.რ) კვლევის მონაწილეებს შეატყობინოს შესაძლო ან არსებული ინტერესთა კონფლიქტის შესახებ და ეცადოს ასეთი საკითხების გადაჭრას ისე, რომ მონაწილეთა ინტერესები იყოს მაქსიმალურად დაცული; ბ.ს) გაიღრმავოს ცოდნა კვლევის პრაქტიკის ეთიკასთან დაკავშირებით და გაუზიაროს იგი სტუდენტებსა და კოლეგებს. 8. სოციალური მუშაკის ეთიკური პასუხისმგებლობა ფართო საზოგადოების მიმართ: ა) სოციალური კეთილდღეობა – სოციალური მუშაკი ვალდებულია: ა.ა) ხელს უწყობდეს საზოგადოების საერთო კეთილდღეობის ამაღლებას როგორც ადგილობრივ, ასევე გლობალურ დონეზე; ა.ბ) იღვწოდეს ინდივიდებისა და ინდივიდთა ჯგუფების, თემებისა და ზოგადი სოციალური პირობების გასაუმჯობესებლად; ა.გ) ხელი შეუწყოს ისეთი სოციალური გარემოს შექმნას, რომელშიც დაცულია ადამიანის ძირითადი უფლებები; ა.დ) წინ წამოწიოს საზოგადოების სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური პირობების გაუმჯობესების საკითხი; ბ) მოსახლეობის მონაწილეობა – სოციალური მუშაკი ვალდებულია: ბ.ა) ხელი შეუწყოს მოსახლეობის ინფორმირებულ მონაწილეობას სოციალური პოლიტიკისა და ინსტიტუტების ფორმირებაში; გ) მოსახლეობაში შექმნილი კრიზისული მდგომარეობა – სოციალური მუშაკი ვალდებულია: გ.ა) მაქსიმალურად უზრუნველყოს სათანადო პროფესიული მომსახურება კრიზისულ მდგომარებაში მყოფი მოსახლეობისათვის; დ) სოციალური და პოლიტიკური ქმედება – სოციალური მუშაკი ვალდებულია: დ.ა) ჩაებას სოციალურ და პოლიტიკურ ქმედებაში იმ მიზნით, რომ თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს თანაბარი უფლება და მისაწვდომობა სხვადასხვა რესურსზე, დასაქმებასა თუ მომსახურებაზე; დ.ბ) გააცნობიეროს პოლიტიკის ზემოქმედება მის სამუშაო პრაქტიკაზე და ეცადოს პოლიტიკასა და კანონმდებლობაში ცვლილებების სტიმულირებას სოციალური პირობებისა და სოციალური სამართლიანობის გასაძლიერებლად; დ.გ) ცდილობდეს საზოგადოების წევრთა შესაძლებლობებისა და არჩევანის უფლების გაძლიერებას, განსაკუთრებით კი იმ ინდივიდთათვის, რომლებიც მიეკუთვნებიან საზოგადოების სოციალურად დაუცველ ფენებს; დ.დ) იბრძოლოს ისეთი ღირებულებების დასამყარებლად, რომლებიც აამაღლებს პატივისცემას საზოგადოების ეთნიკური და სოციალური მრავალფეროვნების მიმართ; დ.ე) უზრუნველყოს კულტურული მრავალფეროვნების შესახებ ცოდნის გამდიდრება და ხელი შეუწყოს ისეთ პროგრამებს, რომლებიც მხარს უჭერს ეთნიკური და კულტურული მრავალფეროვნების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას; დ.ვ) დაიცვას ადამიანთა თანასწორობა და სოციალური სამართლიანობა; დ.ზ) ებრძოდეს საზოგადოების ნებისმიერი წარმომადგენლის, ინდივიდთა ჯგუფის თუ გარკვეული ფენის მიმართ რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით ექსპლუატაციასა და დისკრიმინაციას; დ.თ) განახორციელოს პრაქტიკა სოციალური მუშაობის პრაქტიკის სტანდარტების შესაბამისად.
მუხლი 5. ეთიკის კომისიის უფლებამოსილება და კომპეტენცია 1. სოციალური მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაცია ვალდებულია შექმნას ან მოიწვიოს ეთიკის კომისია, რომელიც განიხილავს სოციალური მუშაკების ეთიკურ დილემებს მათი პრაქტიკის განხორციელებისას. 2. სოციალური მუშაობის მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაცია/უწყება, რომელიც ქმნის ეთიკის კომისიას, ამტკიცებს ეთიკის კომისიის საქმიანობის წესსა და პირობებს. 3. ეთიკის კომისიის მიზანია შეისწავლოს და შეაფასოს სოციალური მუშაკის მუშაობა, დაადგინოს სოციალური მუშაკის მიერ ბენეფიციარის მიმართ ეთიკური გადაცდომა და განსაზღვროს ეთიკის სტანდარტის მიხედვით შესაბამისი რეაგირება. 4. ეთიკის კომისიაში უნდა შედიოდნენ გამოცდილი და პროფესიონალი სოციალური მუშაკები და სფეროს ექსპერტები. მათ უნდა ჰქონდეთ სოციალური მუშაობის აკადემიური განათლება და ამავდროულად, არანაკლებ 2 წლის პრაქტიკული სამუშაო გამოცდილება. 5. სოციალურ მუშაკთა ეთიკის კომისია იკრიბება შეტყობინების მიღებისთანავე 3 სამუშაო დღის ვადაში. 6. ეთიკის კომისიას შეიძლება მიმართოს როგორც თავად სოციალურმა მუშაკმა, სოციალური მუშაკის დამსაქმებელმა ორგანიზაციამ, ასევე ბენეფიციარმა და სხვა ორგანიზაციამ/უწყებამ. 7. ეთიკის კომისიის წევრები საქმეს მრავალმხრივად განიხილავენ და შეისწავლიან. 8. საქმის შესწავლის შემდეგ, რომელიც გრძელდება არაუმეტეს 3 თვისა, კომისია იღებს რეკომენდაციებს, რომლის მიზანია დაიცვას ბენეფიციარის უფლებები, მისცეს მითითება სოციალურ მუშაკს, საჭიროების შემთხვევაში სოციალური მუშაკის მიმართ ეთიკის სტანდარტით გაწერილი რეაგირების მიზნით განსაზღვროს შესაბამისი რეკომენდაცია (რეკომენდაცია ითვალისწინებს სოციალური მუშაობის სპეციფიკას, ადგილობრივ კანონმდებლობას, საქმის სპეციფიკას და სოციალური მუშაკის მიერ შესრულებულ სამუშაოს. რეკომენდაცია შესაძლოა გადაეგზვნოს უწყებას/ორგანიზაციას, რომლის ხელმძღვანელიც იღებს გადაწყვეტილებას სოციალური მუშაკის დისციპლინური პასუხისმგებლობის შესაძლო ზომების შესახებ).
[1] ფიზიკური პირი, რომელიც სარგებლობს სოციალური მუშაობის სერვისით ან რომლის მიმართ სოციალური მუშაკი ადგენს სოციალური მუშაობის კანონით განსაზღვრული სოციალური მუშაობის ჩატარების საჭიროებას (საქართველოს კანონი სოციალური მუშაობის შესახებ, მუხლი2) [2] ჯგუფი, რომელშიც შედის ნარკოტიკზე, ალკოჰოლზე ან/და აზარტულ თამაშობაზე დამოკიდებული პირი, სოციალურად დაუცველი პირი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, ხანდაზმული, არასრულწლოვანი, მრავალშვილიანი ოჯახი, მარტოხელა მშობელი, იძულებით გადაადგილებული პირი, უსახლკარო პირი, კანონთან კონფლიქტში მყოფი პირი, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მქონე პირი, მხარდაჭერის მიმღები, ძალადობის მსხვერპლი, სხვა პირი, რომელიც გარემოებათა გათვალისწინებით შესაძლებელია იყოს ზემოთ აღნიშნული ჯგუფის მსგავს საფრთხეში (საქართველოს კანონი სოციალური მუშაობის შესახებ, მუხლი 2, ტერმინთა განმარტება) . [3] ბენეფიციარის საუკეთესო ინტერესი – ბენეფიციარის სოციალური უსაფრთხოების, მისი საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრაციის, კეთილდღეობის, განვითარების და სხვა ინტერესი, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობასა და საყოველთაოდ აღიარებულ ზნეობრივ ნორმებს (საქართველოს კანონი სოციალური მუშაობის შესახებ, მუხლი 2). |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები