ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის-შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ 2018 წლის 28 მარტის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის-შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ 2018 წლის 28 მარტის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 09
დოკუმენტის მიმღები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/09/2021
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/09/2021
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.133.016318
09
28/09/2021
ვებგვერდი, 29/09/2021
010260020.35.133.016318
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის-შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ 2018 წლის 28 მარტის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი
 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №09

2021 წლის 28 სექტემბერი

ქ. ბათუმი

 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის-შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ 2018 წლის 28 მარტის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. შევიდეს ცვლილება შიდა აუდიტის სამსახურის დებულებაში „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის შიდა-აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 მარტის №18 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 03/04/2018, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.133.016253) და დამტკიცდეს შიდა აუდიტის სამსახურის დებულება და  ჩამოყალიბდეს  დანართის შესაბამისად.  
2. დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გამოქვეყნებისთანავე.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემინდია დიასამიძე



დანართი

 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის-შიდა აუდიტის სამსახურის დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. წინამდებარე დებულება განსაზღვრავს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომში – მერია) პირველადი სტრუქტურული ერთეულის – შიდა აუდიტის სამსახურის (შემდგომში – სამსახური) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებასა და ანგარიშვალდებულებას, ასევე აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

2. სამსახური წარმოადგენს მერიის პირველად სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც შექმნილია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონისა და მერიის დებულების შესაბამისად.

3. სამსახურის სრული დასახელებაა – „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - შიდა აუდიტის სამსახური”.

4. სამსახურის იურიდიული მისამართია – ქ.ბათუმი, დიდაჭარის ქ. №23.


მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები
დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) შიდა აუდიტის სუბიექტი – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახური,  რომელიც უფლებამოსილია განახორციელოს შიდა აუდიტი კანონმდებლობისა და ამ დებულების მოთხოვნათა შესაბამისად;

ბ) შიდა აუდიტორი – შიდა აუდიტის სუბიექტის თანამშრომელი, რომელიც ახორციელებს შიდა აუდიტს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

გ) დაწესებულება – მერიის ერთიანი სისტემა: მერიის სტრუქტურული ერთეულები და მერიის სისტემაში შემავალი სხვა თანამდებობის პირები, რომლებიც არ შედიან მერიის რომელიმე სტრუქტურული ერთეულის შემადგენლობაში, ასევე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის (შემდგომში – მუნიციპალიტეტი) მიერ დაფუძნებული სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები.

დ) შიდა აუდიტის ობიექტი − დაწესებულება ან/და დაწესებულებაში შემავალი სტრუქტურული ერთეულები, ორგანიზაციები ან/და პროცესები, რომლებშიც შიდა აუდიტი ხორციელდება;

ე) შიდა კონტროლის სისტემა – დაწესებულების მენეჯერული, ფინანსური და სხვა სახის კონტროლის მექანიზმების სისტემა, რომელიც მოიცავს ორგანიზაციულ სტრუქტურას, მეთოდებს, პროცედურებს, აგრეთვე შიდა აუდიტის ფუნქციას, რომელიც ყალიბდება, რათა დაეხმაროს დაწესებულებას, მიაღწიოს თავის მიზნებს და კანონიერად, გამჭვირვალედ, ეკონომიურად, ეფექტიანად და პროდუქტიულად წარმართოს თავისი საქმიანობა და რომლის ჩამოყალიბებისათვის პასუხისმგებელი არიან დაწესებულების ხელმძღვანელები;

ვ) ფინანსური მართვა და კონტროლი – შიდა კონტროლის სისტემის ნაწილი, რომელსაც ნერგავენ და ახორციელებენ დაწესებულების ხელმძღვანელები, რაც უზრუნველყოფს დაწესებულების მიზნების მიღწევისას სახსრების კანონიერ, გამჭვირვალე, ეკონომიურ, ეფექტიან და პროდუქტიულ გამოყენებას.

ზ) შიდა აუდიტი – დაწესებულების საქმიანობის გაუმჯობესებისკენ, მისი მიზნების მიღწევის უზრუნველყოფისა და მისი ამოცანების სრულყოფილად შესრულებისკენ მიმართული დამოუკიდებელი, ობიექტური, მარწმუნებელი და საკონსულტაციო საქმიანობა, რომელიც სისტემატიზებული, დისციპლინებული და ორგანიზებული მიდგომით აფასებს და აუმჯობესებს რისკის მართვის, კონტროლისა და მმართველობითი პროცესის ეფექტიანობას;

თ) შიდა აუდიტორული შემოწმება − სარეკომენდაციო შემოწმება, რომელიც მოიცავს შიდა აუდიტის ობიექტში განსახორციელებელი ქმედებების, დავალებებისა და პროცესების ერთობლიობას;

ი) ჰარმონიზაციის ცენტრი – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტი, რომელიც ხელს უწყობს და უზრუნველყოფს დაწესებულებებში სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის დანერგვას, განვითარებასა და ფუნქციურ სრულყოფას და ამ საკითხების კოორდინაციას;  

კ) ფინანსური აუდიტი – შიდა აუდიტის ობიექტის ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების შემოწმება საქართველოს კანონმდებლობასთან და სტანდარტებთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით;

ლ) შესაბამისობის აუდიტი – დაწესებულების საქმიანობის პოლიტიკასთან, გეგმებთან, პროცედურებთან, კანონებსა და სხვა მარეგულირებელ აქტებთან შესაბამისობის შემოწმება და შეფასება;

მ) ეფექტიანობის აუდიტი – შიდა აუდიტის ობიექტის მიერ განხორციელებული ღონისძიებების, ოპერაციების, პროგრამების, დაწესებულების ორგანიზაციული მოწყობისა და სისტემების ობიექტური და საიმედო შეფასება მათი ეკონომიურობის, პროდუქტიულობისა და ეფექტიანობის პრინციპებთან შესაბამისობის დადგენისა და გაუმჯობესების პოტენციალის გამოვლენის მიზნით;

ნ) სისტემური აუდიტი − ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება;

ო) ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტი − ინფორმაციული ტექნოლოგიების ადეკვატურობისა და სისტემის უსაფრთხოების დაცულობის შემოწმება და შეფასება სისტემის კონფიდენციალურობის, მთლიანობის და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით;

პ) შიდა აუდიტორული ანგარიში – შიდა აუდიტის განხორციელების შედეგად შიდა აუდიტორის მიერ შედგენილი ანგარიში, რომელიც ასახავს შიდა აუდიტის შედეგებს, შიდა აუდიტის განხორციელების პროცესსა და მიგნებებს, მათ ანალიზს და მათ საფუძველზე შემუშავებულ რეკომენდაციებს, აგრეთვე შიდა აუდიტის ობიექტის არგუმენტაციას (ასეთი არგუმენტაციის არსებობის შემთხვევაში);

ჟ) შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსი – პრინციპები, რომლებიც ვრცელდება შიდა აუდიტორებზე და მოიცავს მათი ქცევის ძირითად წესებს;

რ) შიდა აუდიტის სტანდარტები – შიდა აუდიტორთა ინსტიტუტის (IIA) სტანდარტების შესაბამისი კრიტერიუმები ან მაჩვენებლები, რომლებიც განსაზღვრავს შიდა აუდიტის ძირითად პროფესიულ მოთხოვნებს და შიდა აუდიტის განხორციელებისას შიდა აუდიტორის მთავარი გზამკვლევია;

ს) შიდა კონტროლის საერთაშორისო სტანდარტები − უმაღლესი აუდიტორული ორგანოების საერთაშორისო ორგანიზაციის (INTOSAI) „საჯარო სექტორში შიდა კონტროლის სტანდარტების სახელმძღვანელო“.


მუხლი 3. სამსახურის დამოუკიდებლობა და ობიექტურობა
1. შიდა აუდიტის სამსახური უნდა იყოს დამოუკიდებელი, ხოლო შიდა აუდიტორები  თავიანთი უფლებამოვალეობის შესრულები­სას უნდა იყვნენ ობიექტურები. დამოუკიდებლობასა და ობიექტურობასთან დაკავშირებული საფრთხეები უნდა იმართებოდეს თითოეული შიდა აუდიტორის, აუდიტორული შემოწმების, ფუნქციურ და ორგანიზაციულ დონეებზე. დამოუკიდებლობა და ობიექტურობა  წარმოადგენს პირველხარისხოვან აუცილებლობას. დამოუკიდებლობა და ობიექტურობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ დაინტერესებულმა მხარეებმა, განხორციელებული აუდიტორული საქმიანობა და მისი შედეგები ჩათვალონ, როგორც სანდო, დასაბუთებული და მიუკერძოებული.

2. დამოუკიდებლობა ნიშნავს ისეთი გარემოებების არ არსებობას, რომ­ლებიც საფრთხეს უქმნის შიდა აუდიტის სამსახურის მიერ უფლება­მოსილების განხორციელების შესაძლებლობას ზეგავლენის გარეშე. იმისათვის, რომ მიღწეულ იქნას დამოუკიდებლობის ისეთი ხარისხი, რომელიც საჭიროა შიდა აუდიტის სამსახურზე დაკისრებულ უფლება­მოვალეობის ეფექტიანიად შესასრულებლად, შიდა აუდიტის ხელმძღ­ვანელს უნდა გააჩნდეს უშუალო, პირდაპირი და შეუზღუდავი წვდომა უმაღლეს ხელმძღვანელობასთან, მმართველობით პროცესებთან და მონაცემებთან.

3. ობიექტურობა ნიშნავს ისეთ მიუკერძოებელ მენტალურ მდგომარეობას, რომელიც შიდა აუდიტორებს შესაძლებლობას აძლევს ისე გასწიონ მომსახურება, რომ თვითონ ირწმუნონ თავისი სამუშაოს შედეგი და არ დაუშვან მის ხარისხთან დაკავშირებული კომპრომისები. ობიექტურობა მოითხოვს, რომ შიდა აუდიტორებმა აუდიტის ობიექტთან დაკავშირებუ­ლი თავიანთი მოსაზრებები არ დაუქვემდებარონ სხვების მოსაზრებებს.

4. სამსახური ანგარიშვალდებულია უშუალოდ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის (შემდგომში – მერი) წინაშე და „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში მოქმედებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტთან (ჰარმონიზაციის ცენტრთან) კოორდინირებულად. შესაბამისად, დაუშვებელია შიდა აუდიტორის საქმიანობაში ჩარევა ან მასზე სხვაგვარი ზემოქმედება.

5. სამსახური ფუნქციურად დამოუკიდებელია შიდა აუდიტის დაგეგმვის, განხორციელების, ანგარიშგებისა და გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის პროცესში.

6. სამსახური მერიის სისტემის სხვა დანაყოფებისგან ფუნქციურად დამოუკიდებელია.

7. სამსახური და შიდა აუდიტორი თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და მოქმედებს კანონმდებლობის ფარგლებში. დაუშვებელია მის საქმიანობაში მერიის სხვა თანამდებობის პირთა ნებისმიერი ფორმით ჩარევა ან ამ საქმიანობასთან დაკავშირებით მისთვის ანგარიშის მოთხოვნა, თუ ეს პირდაპირ არ არის გათვალისწინებული საქართველოს კანონმდებლობით.

8. სამსახური შიდა აუდიტორულ საქმიანობას წარმართავს შიდა აუდიტის საერთაშორისო პროფესიული პრაქტიკის ჩარჩოს (IPPF) სავალდებულო ელემენტების დაცვით, მათ შორის: შიდა აუდიტის პროფესიული საქმიანობის ძირითადი პრინციპების, შიდა აუდიტის განმარტების, შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსის და შიდა აუდიტის საერთაშორისო პროფესიული სტანდარტების დაცვით. შიდა აუდიტორული საქმიანობის ეფექტიანობა ფასდება საერთაშორისო პროფესიული პრაქტიკის ჩარჩოს (IPPF) სავალდებულო ელემენტების ძირითად მოთხოვნებთან მიმართებით.

9. სამსახურის მიერ, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, შესწავლისა და ანალიზის საგანი შესაძლებელია იყოს დაწესებულებაში მიმდინარე ყველა პროცესი და საქმიანობის სფერო.

10. სამსახური არ არის პასუხისმგებელი მერიის სისტემაში პროცედურების ან სისტემის განვითარებასა და განხორციელებაზე და არ მონაწილეობს მერიის სისტემის მიმდინარე საქმიანობაში, მათ შორის, კომისიის/საბჭოს/მართვის ჯგუფის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, გარდა ამ დებულებით განსაზღვრული უფლება-მოვალეობისა და არ ასრულებს სხვა ფუნქციებს, გარდა „სახელმწიფო შიდა ფინანსური კოტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით და ამ დებულებით განსაზღვრული უფლება-მოვალეობებისა. აღნიშნული გულისხმობს, რომ კომისიებსა თუ სხვა კოლეგიალურ ერთეულებში შიდა აუდიტის ჩართულობა დასაშვებია მხოლოდ საკონსულტაციო მომსახურების ფორმატში. გამონაკლისს წარმოადგენს მერიის საკონკურსო კომისია, სადაც სამსახური მონაწილეობს შიდა აუდიტორთა კადრების შერჩევაში.

11. მერი უზრუნველყოფს შიდა აუდიტის სამსახურის ფუნქციურ დამოუკიდებლობას აუდიტის დაგეგმვის, განხორციელების, ანგარიშგებისა და გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის, ასევე საკონსულტაციო მომსახურების გაწევის პროცესში, უზრუნველყოფს საბოლოო შიდა აუდიტორულ ანგარიშში ასახულ რეკომენდაციებზე შესაბამის რეაგირებას.

12. მერი ასევე უზრუნველყოფს შიდა აუდიტის სამსახურის უშუალო/პირდაპირ, შეუზღუდავ, თავისუფალ, დროულ და სრულ წვდომას მერიის სისტემაში არსებულ ნებისმიერ დოკუმენტზე, ჩანაწერზე, ელექტრონული და მატერიალური სახით არსებულ მონაცემთა ბაზებზე, პროცესებზე, ოფისებსა და შენობებზე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვებისა. აღნიშული გულისხმობს, რომ შიდა აუდიტორული შემოწმების, რეკომენდაცნების მონიტორინგისა და საკონსულტაციო მომსახურების გაწევისას შიდა აუდიტორებს უნდა ჰქონდეთ უშუალო/პირდაპირი,  თავისუფალი, შეუზღუდავი, დროული და სრული ხელმისაწვდომობა ხელმძღვანელობის და პერსონალის საქმიანობებზე და მმართველობით ინფორმაციაზე, რათა შეძლონ რისკების იდენტიფიცირება, პროცედურების შეფასება და შიდა აუდიტორული საქმიანობის სრულყოფილად განხორციელება. მონაცემებზე წვდომისას შიდა აუდიტორები ვალდებულნი არიან დაიცვან კონფიდენციალურობის პრინციპი და მოპოვებული ინფორმაცია გამოიყენონ მხოლოდ სამსახურებრივი მიზნებისთვის. მონაცემებთან წვდომა გულისხმობს მხოლოდ გაცნობის/ხედვის უფლებამოსილებით დაშვებას, მათში რაიმე სახის ცვლილებების შეტანის გარეშე. პერსონალთან წვდომა გულისხმობს შიდა აუდიტორთა უფლებამოსილებას, ფორმალური იერარქიის დაცვის გარეშე გაესაუბრონ პერსონალს და მათი ჩართულობით განახორციელონ სხვა აუცილებელი აუდიტორული ღონისძიებები.

13. დაწესებულების თანამშრომლები ვალდებული არიან ითანამშრომლონ სამსახურთან / შიდა აუდიტორთან თავისი საქმიანობის განხორციელების დროს და უზრუნველყონ სამსახურის კომპეტენციისათვის მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ყველა ინფორმაციის თაობაზე არსებული მონაცემთა ბაზებისა და დოკუმენტების ხელმისაწვდომობა ან/და ქმედებების განხორციელება.

14. ნებისმიერი შეზღუდვა, რაც ხელს უშლის შიდა აუდიტის დამოუკიდებლად, ობიექტურად და ეფექტურად ჩატარებას ან ქმნის ამ საფრთხის წარმოშობის წინაპირობას, უნდა განიხილებოდეს, როგორც მნიშვნელოვანი დაბრკოლება. შესაბამისად, შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი ვალდებულია აცნობოს მერს აღნიშნულის შესახებ, რათა გატარდეს შესაბამისი ღონისძიებები, რაც უზრუნველყოფს მსგავსი დაბრკოლებების განმეორების თავიდან აცილებას.


მუხლი 4. სამსახურის საქმიანობის პრინციპები
სამსახური საქმიანობას ახორციელებს „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, შიდა აუდიტის სტანდარტების, შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის, შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსის, წინამდებარე დებულების მოთხოვნებისა და შემდეგი ძირითადი პრინციპების დაცვით:

ა) დამოუკიდებლობა;

ბ) კეთილსინდისიერება;

გ) ობიექტურობა;

დ) პროფესიონალიზმი;

ე) კონფიდენციალურობა;

ვ) კანონიერება;

ზ) გამჭვირვალობა;

თ) ეკონომიურობა და ეფექტიანობა;

ი) სამართლებრივი სახელმწიფოს საქმიანობის სხვა პრინციპები.


მუხლი 5. სამსახურის მიზნები და ამოცანები
1. სამსახურის ძირითადი მიზანია დაწესებულებისთვის დამატებითი ღირებულების შექმნა და დაცვა, ობიექტური და რისკზე დაფუძნებული რწმუნების, კონსულტაციისა და პროფესიული გამოცდილების შედეგად მიღებული ცოდნისა და ხედვების გაზიარების გზით. სამსახური ახორციელებს დაწესებულების საქმიანობის გაუმჯობესებისკენ, მისი მიზნების მიღწევის უზრუნველყოფისა და მისი ამოცანების სრულყოფილად შესრულებისკენ მიმართულ დამოუკიდებელ, ობიექტურ, მარწმუნებელ და საკონსულტაციო საქმიანობას, რომელიც სისტემატიზებული, დისციპლინებული და ორგანიზებული მიდგომით აფასებს და აუმჯობესებს რისკის მართვის, კონტროლისა და მმართველობითი პროცესების ეფექტიანობას.

2. სამსახურის ამოცანას წარმოადგენს, დაწესებულების ხელმძღვანელი უზრუნველყოს ინფორმაციით, დაწესებულებაში არსებული მართვისა და კონტროლის მექანიზმების ადეკვატურობის, ეკონომიურობის, ეფექტიანობის, მოქმედ სტანდარტებთან და საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შესახებ.


მუხლი 6. სამსახურის ძირითადი ფუნქციები
1. დასახული ამოცანების შესასრულებლად სამსახური ახორციელებს მარწმუნებელ და საკონსულტაციო საქმიანობას შემდეგი მიმართულებებით:

ა) დაწესებულების წინაშე არსებული რისკების მართვის ხარისხის შეფასება;

ბ) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება;

გ) დაწესებულების საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან, არსებულ წესებთან და მარეგულირებელ აქტებთან შესაბამისობის შეფასება;

დ) დაწესებულების საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;

ე) ფინანსური და სხვა ინფორმაციის სანდოობის, სიზუსტისა და სისრულის შეფასება;

ვ) დაწესებულების აქტივების, სხვა რესურსებისა და ინფორმაციის ადეკვატურად დაცულობის შეფასება;

ზ) სხვა საქმიანობები, რომლებიც გამომდინარეობს დაწესებულების საქმიანობის სპეციფიკიდან და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, „სახელმწიფო შიდა ფინასური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებს და შიდა აუდიტორის დამოუკიდებლობის პრინციპებს.

2. მარწმუნებელი საქმიანობა ხორციელდება შიდა აუდიტორული შემოწმების სახით და მოიცავს დაწესებულების რისკის მართვის,  კონტროლისა და მმართველობითი პროცესების დამოუკიდებელი შეფასების მიზნით მტკიცებულებების ობიექტურ შესწავლას. მარწმუნებელი საქმიანობის ხასიათი, მასშტაბი, აუდიტის ობიექტები, შემოწმების სიხშირე, დრო/პერიოდი, ანგარიშის შინაარსი და შიდა აუდიტის განხორციელებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება სამსახურის მიერ.

3. საკონსულტაციო საქმიანობა წარმოადგენს მომსახურებას, რომლის ხასიათი და მასშტაბი თანხმდება ობიექტთან და რომელიც ემსახურება დაწესებულების რისკის მართვის, კონტროლისა და მმართველობითი პროცესების გაუმჯობესებასა და დამატებითი ღირებულების შექმნას, შიდა აუდიტორის მიერ მენეჯერული (მმართველობითი) პასუხისმგებლობის აღების გარეშე.

4. სამსახური ახორციელებს გაცემული რეკომენდაციების შესრულების უწყვეტ მონიტორინგს და შესაბამის ანგარიშგებას, რაც წარმოადგენს შიდა აუდიტის მარწმუნებელი საქმიანობის განუყოფელ და უმნიშვნელოვანეს ეტაპს.

5. სამსახური აწარმოებს სამუშაო დოკუმენტაციის (მიმოწერა, ანგარიშები, რეკომენდაციები, შემუშავებული პროექტები, სხვა სახის კორესპონდენცია და ა.შ.) სისტემატიზაციას (ფიზიკური ან/და ელექტრონული ფორმით, ქრონოლოგიური, თემატური ან სხვა ნიშნით) და შენახვას. დოკუმენტაციის სისტემატიზაციის მიზანია საჭიროების შემთხვევაში, განხორციელებული++ მარწმუნებელი და საკონსულტაციო საქმიანობის, ასევე რეკომენდაციების მონიტორინგის შედეგების ამსახველი და სხვა ცალკეული დოკუმენტის დროული მოძიება, სამსახურებრივი ანგარიშების მომზადებისა და სტატისტიკის წარმოების გამარტივება, სამსახურის ფუნქცია - მოვალეობების შესრულების ხელშეწყობა და გაადვილება.


მუხლი 7. სამსახურის მიერ უფლებამოსილების განხორციელება
1. სამსახური ახორციელებს შიდა აუდიტორულ შემოწმებას, აუდიტის შემდეგი სახეების გამოყენებით: სისტემური აუდიტი, შესაბამისობის აუდიტი, ეფექტიანობის აუდიტი, ფინანსური აუდიტი და ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტი.

2. შიდა აუდიტის საქმიანობის დაგეგმვა ხდება რისკის შეფასების საფუძველზე. გეგმის სახეებია:

ა) შიდა აუდიტის სტრატეგიული გეგმა;

ბ) შიდა აუდიტის წლიური გეგმა;

გ) შიდა აუდიტორული შემოწმების ინდივიდუალური გეგმა.

3. შიდა აუდიტის სტრატეგიულ გეგმას შეიმუშავებს სამსახურის უფროსი და ამტკიცებს მერი. შიდა აუდიტის სტრატეგიული გეგმა გამომდინარეობს მერიის გრძელვადიანი მიზნებიდან, მოიცავს სამწლიან პერიოდს და განსაზღვრავს შიდა აუდიტის სფეროში სტრატეგიული განვითარების მიმართულებებს.

4. შიდა აუდიტის წლიურ გეგმას შეიმუშავებს სამსახურის უფროსი და ამტკიცებს მერი. შიდა აუდიტის წლიური გეგმა ეფუძნება შიდა აუდიტის სტრატეგიულ გეგმას და ასახავს კონკრეტულ შიდა აუდიტორულ შემოწმებებს.

5. რეკომენდაციების შესრულების ადეკვატურობის, ეფექტიანობისა და დროულობის შესაფასებლად შიდა აუდიტის წლიური გეგმა უნდა ითვალისწინებდეს რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგს.

6. შიდა აუდიტის წლიური და სტრატეგიული გეგმები მტკიცდება დაგეგმილი პერიოდის დაწყებამდე.

7. შიდა აუდიტის სტრატეგიულ და წლიურ გეგმებში ნებისმიერი ცვლილება ხორციელდება მერის ბრძანებით – სამსახურის უფროსის წინადადებით, რისკების შეფასების საფუძველზე. მერის მიერ შესაბამისი უფლებამოსილების დელეგირების შემთხვევაში, გეგმაში ცვლილებების შეტანის დასაბუთებული აუცილებლობისას, აღნიშნული ცვლილებების განხორციელების უფლება შესაძლოა მიენიჭოს შიდა აუდიტის სამსახურის უფროსს, სათანადო ბრძანების გამოცემითა და მერთან შესაბამისი ანგარიშგებით.

8. თითოეული შიდა აუდიტორული შემოწმებისთვის, სამსახური შეიმუშავებს აუდიტორული შემოწმების ინდივიდუალურ გეგმას, რომელსაც ამტკიცებს სამსახურის უფროსი. ინდივიდუალური გეგმა განსაზღვრავს შიდა აუდიტის მოქმედების სფეროს, ამოცანებს, ხანგრძლივობას, რესურსების განაწილებას, შიდა აუდიტის განხორციელების მეთოდებს, ფარგლებს, აუდიტის სახეს და სხვა.

9. შიდა აუდიტორული შემოწმება ხორციელდება ინფორმაციის იდენტიფიკაციის, შეგროვების, ანალიზის, შეფასებისა და დოკუმენტირების საშუალებით.

10. შიდა აუდიტორული შემოწმება შედგება შემდეგი ეტაპებისაგან:

ა) აუდიტის დაგეგმვა;

ბ) აუდიტის განხორციელება;

გ) ანგარიშგება;

დ) გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი.

11. შიდა აუდიტის განხორციელების შედეგად შიდა აუდიტის სუბიექტი ადგენს შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტს, რომელიც ასახავს შიდა აუდიტის შედეგებს, შიდა აუდიტის განხორციელების პროცესსა და მიგნებებს, მათ ანალიზს და მათ საფუძველზე შემუშავებულ რეკომენდაციებს.

12. შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტი გონივრული ვადის მითითებით ეგზავნება შიდა აუდიტის ობიექტს ანგარიშში ასახულ საკითხებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრების და რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმის წარდგენის მიზნით.

13. შიდა აუდიტის ობიექტის მიერ ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული გონივრული ვადის გაშვების შემთხვევაში, შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტი ჩაითვლება საბოლოოდ, ხოლო მასში ასახული მიგნებები და რეკომენდაციები – შეთანხმებულად.

14. თუ შიდა აუდიტის ობიექტი არ ეთანხმება შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტში ასახულ მიგნებებს ან/და რეკომენდაციებს, იგი საპასუხო წერილში მიუთითებს არგუმენტაციას ან/და მოსაზრებებს თავისი პოზიციის გასამყარებლად.

15. შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტთან დაკავშირებით წარდგენილი შიდა აუდიტის ობიექტის მოსაზრება აისახება საბოლოო შიდა აუდიტორულ ანგარიშში.

16. შიდა აუდიტის სუბიექტი საბოლოო სახით აყალიბებს შიდა აუდიტორულ ანგარიშს და მას შიდა აუდიტის ობიექტის მიერ წარმოდგენილ რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმასთან ერთად წარუდგენს შიდა აუდიტის ობიექტს და მერს შესაბამისი რეაგირებისთვის.

17. თუ შიდა აუდიტის სუბიექტი და შიდა აუდიტის ობიექტი ვერ თანხმდებიან საბოლოო შიდა აუდიტორულ ანგარიშში ასახულ რეკომენდაციებზე, შიდა აუდიტის სუბიექტი შეუთანხმებელ რეკომენდაციებს შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად უგზავნის დაწესებულების ხელმძღვანელს, რომელიც გონივრულ ვადაში იღებს ამ გადაწყვეტილებას.

18. შიდა აუდიტის ობიექტის ხელმძღვანელი პასუხისმგებელია შიდა აუდიტორულ ანგარიშში ასახული რეკომენდაციების შესრულებაზე და მათ შესრულებასთან დაკავშირებული სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე.

19. შიდა აუდიტის განხორციელების პროცედურები, მეთოდები და სხვა მნიშვნელოვანი ასპექტები რეგულირდება „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით, შიდა აუდიტის მეთოდოლოგით, შიდა აუდიტის სტანდარტებით და სხვა სამართლებრივი აქტებით, რომელთა მოთხოვნების დაცვა სავალდებულოა შიდა აუდიტის განხორციელებისას.

20. სამსახურის საქმიანობის შედეგად დანაშაულის ნიშნების შემცველი ქმედების გამოვლენის შემთხვევაში, სამსახური ინფორმაციას წარუდგენს მერს, შესაბამისი რეაგირების მიზნით.

21. სამსახური/შიდა აუდიტორი თავისი ფუნქციების შესრულების დროს უფლებამოსილია:

ა) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, გამოითხოვოს ნებისმიერი დოკუმენტი და ინფორმაცია (როგორც მატერიალური, ისე არამატერიალური სახით არსებული), მოსთხოვოს და მიიღოს შესაბამისი განმარტება, დაწესებულების ყველა რგოლის მუშაკებისა და თანამდებობის პირებისაგან, ასევე, ნებაყოფლობის საფუძველზე, გამოკითხოს და განმარტება ჩამოართვას იმ პირს, რომელიც არ არის დაწესებულების თანამშრომელი;

ბ) ჰქონდეს უშუალო/პირდაპირი, შეუზღუდავი, თავისუფალი, დროული და სრული ხელმისაწვდომობა ხელმძღვანელობის და პერსონალის საქმიანობებზე, მერიის სისტემაში არსებულ ნებისმიერ დოკუმენტზე, ჩანაწერზე, მონაცემთა ბაზებზე, პროცესებზე, ოფისებსა და შენობებზე, რათა შეძლოს რისკების იდენტიფიცირება, პროცედურების შეფასება და შიდა აუდიტორული საქმიანობის სრულყოფილად განხორციელება.

გ) განახორციელოს საკონსულტაციო საქმიანობა საერთაშორისო სტანდარტებისა და საკონსულტაციო საქმიანობის პროცედურების შესაბამისად;

დ) აუდიტის ობიექტებისგან გამოითხოვოს გაცემული რეკომენდაციების დროული შესრულების შესახებ ინფორმაცია, ვინაიდან ისინი წარმოადგენენ მერიის სისტემაში მიმდინარე პროცესების რისკის მფლობელებს და კონტროლის ღონისძიებებზე პასუხისმგებელ ერთეულებს;

ე) შიდა აუდიტის ობიექტების ხელმძღვანელებს მიმართოს მითითებით უკანონო ქმედებათა დროული აღმოფხვრისა და პრევენციის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გატარების შესახებ;

ვ) განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით შესაბამისი კონსულტაციებისათვის მოიწვიოს მერიის სისტემის მოსამსახურეები, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში დადგენილი წესის შესაბამისად მოითხოვოს შესაბამისი დარგის სპეციალისტების მოწვევა, ექსპერტიზის ან/და სხვა სახის კვლევების ჩატარების დაკვეთა.

ზ)  სამსახურის ფუნქციების შესრულების მიზნით განახორციელოს სხვა ქმედებები.

22. სამსახური თანამშრომლობს სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან, მოთხოვნის შემთხვევაში, აწვდის მას შესაბამის ინფორმაციას ან/და დოკუმენტაციას და მასთან ურთიერთობას წარმართავს შიდა კონტროლის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

23. სამსახურის მიერ კომპეტენციის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის  ცალკეული ასპექტები და შიდა მმართველობითი რეგულაციები, რაც დადგენილი არ არის საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით, მათი მოთხოვნების შესაბამისად და მათგან გამომდინარე, შესაძლებელია განისაზღვროს მერის ან/და სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით.

24. სამსახური მერთან შეთანხმებით და მისი წარდგინებით შიდა აუდიტის ანგარიშებს წარუდგენს მუნიციპალიტეტის საკრებულოს განსახილველად.

25. სამსახური / შიდა აუდიტორი ვალდებულია:

ა) დაიცვას შიდა აუდიტის სტანდარტები, შიდა აუდიტის მეთოდოლოგია, შიდა აუდიტორთა ინსტიტუტის პროფესიული პრაქტიკის ჩარჩოს სავალდებულო ელემენტები, მათ შორის, შიდა აუდიტის პროფესიული პრაქტიკის ძირითადი პრინციპები, შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსი, შიდა აუდიტის პროფესიული პრაქტიკის საერთაშორისო სტანდარტები და შიდა აუდიტის მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტები;

ბ) უზრუნველყოს შიდა აუდიტის ობიექტის პერსონალური მონაცემების, სახელმწიფო, სამსახურებრივი და კომერციული საიდუმლოების დაცვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. არ გაამჟღავნოს ის ინფორმაცია, რომელიც ცნობილი გახდა თავისი საქმიანობის განხორციელებისას ან მასთან დაკავშირებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი გამომდინარეობს შიდა აუდიტორული შემოწმების მიზნიდან ან/და გათვალისწინებულია შესაბამისი კანონმდებლობით;

გ) მერის თანხმობის გარეშე არ გახადოს საჯარო შიდა აუდიტორული შემოწმების შედეგები, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.


მუხლი 8. სამსახურის ხელმძღვანელი და მისი უფლებამოსილებები
1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.

2. სამსახურის უფროსი უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვროს შიდა აუდიტის განხორციელებისათვის საჭირო აუდიტის სახე, მოქმედების სფერო, შიდა აუდიტის განხორციელების სიხშირე და შიდა აუდიტორთა რაოდენობა.

3. სამსახურის უფროსი წარმართავს სამსახურის საქმიანობას „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის, წინამდებარე დებულების, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად.

4. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია უშულოდ მერის წინაშე.

5. სამსახურის უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) წარმოადგენს სამსახურს მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას;

ბ) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას;

გ) აძლევს მითითებებს და დავალებებს სამსახურის მოსამსახურეებს;

დ) ზედამხედველობს სამსახურის მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ მერიის შინაგანაწესის შესრულების კონტროლს;

ე) ხელს აწერს და ვიზირებას უკეთებს სამსახურში მომზადებულ დოკუმენტებს;

ვ) შეიმუშავებს და მერს დასამტკიცებლად წარუდგენს შიდა აუდიტის სტრატეგიულ და წლიურ გეგმებს;

ზ) ამტკიცებს აუდიტორული შემოწმების ინდივიდუალურ გეგმებს;

თ) შეიმუშავებს სამსახურის მარწმუნებელი და საკონსულტაციო საქმიანობის გაწევასთან დაკავშირებულ პროცედურებს;

ი) ახორციელებს მონიტორინგს შიდა აუდიტის წლიური გეგმის შესრულებაზე და სამსახურის მიერ შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის გამოყენებაზე;

კ) შიდა აუდიტის ობიექტს წარუდგენს შიდა აუდიტორული შემოწმების ანგარიშის პროექტს და განუსაზღვრავს გონივრულ ვადას საკუთარი მოსაზრებისა და რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმის წარმოსადგენად;

ლ) მერს წარუდგენს ინდივიდუალური აუდიტორული შემოწმების შედეგების თაობაზე საბოლოო შიდა აუდიტორულ ანგარიშსა და რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმას;

მ) მერს წარუდგენს შესაბამის მოხსენებას/ანგარიშს იმ შემთხვევაში, თუ აუდიტორული საქმიანობის შედეგად დადგინდა, რომ აუდიტის ობიექტებთან განხილვების მიუხედავად არ შესრულდა გაცემული რეკომენდაციები და არ მოხდა რისკის სასურველ დონემდე შემცირება;

ნ) უზრუნველყოფს საკონსულტაციო საქმიანობის განხორციელებას შემუშავებული პროცედურის შესაბამისად;

ო) თანამშრომლობს ჰარმონიზაციის ცენტრთან და მოთხოვნის შემთხვევაში აწვდის მას შესაბამის დოკუმენტაციასა და ინფორმაციას;

პ) სამსახურის საქმიანობის ხარისხის უზრუნველყოფისა და გაუმჯობესების შესაძლებლობების გამოვლენის მიზნით, შეიმუშავებს შიდა აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფისა და გაუმჯობესების პროგრამას და უზრუნველყოფს მის განხორციელებას, რომელიც მოიცავს შიდა აუდიტის ყველა ასპექტის შეფასებას, კერძოდ, სამსახურის საქმიანობის სტანდარტებთან შესაბამისობას, ეფექტიანობას და პროდუქტიულობას, შიდა აუდიტორების მიერ შიდა აუდიტორთა საქმიანობის ეთიკის კოდექსის დაცვას;

ჟ) მერს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის სტრუქტურისა და საშტატო განრიგის ოპტიმიზაციის, სამსახურის მოსამსახურეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

რ) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია სამსახურის ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;

ს) შუამდგომლობს სამსახურის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;

ტ) უზრუნველყოფს კონტროლს სამსახურის ამოცანებისა და კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესრულებაზე;

უ) ითვალისწინებს ჰარმონიზაციის ცენტრის მიერ საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში გაცემულ შესაბამის რეკომენდაციებსა და მეთოდოლოგიურ მითითებებს;

ფ) ახორციელებს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.

ქ) დადგენილი წესით, მერს წარუდგენს ყოველწლიურ ანგარიშს მომდევნო წლის იანვრის ბოლომდე, ხოლო მისი მოთხოვნის შემთხვევაში მიმდინარე ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;

ღ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტებს;

ყ) უფლებამოსილია ცალკეული უფლებამოსილების განხორციელების მიზნით გამოყოს პასუხისმგებელი პირი ან პირთა ჯგუფი;

შ) შუამდგომლობს იმ სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების გამოყოფის თაობაზე, რომელიც საჭიროა სამსახურის ამოცანების შესასრულებლად;

ჩ) მერიის სისტემაში მიმდინარე პროცესების თაობაზე დროული ინფორმირებულობის მიზნით, ესწრება მერის და სხვა მაღალი მენეჯერული რგოლის თათბირებს;

ც) უშუალოდ იხილავს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ საკითხებს, ასეთის უფლებამოსილების არსებობის შემთხვევაში;

ძ) სამსახურის ერთ-ერთ თანამშრომელს ავალებს საქმისწარმოების ფუნქციის შესრულებას, რომელიც ასევე ახორციელებს სამსახურებრივი დოკუმენტაციის სისტემატიზაციას;

6. სამსახურის უფროსის არყოფნისას ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის ან/და გათავისუფლების შემთხვევაში, სამსახურის უფროსის ფუნქციებს, მერის გადაწყვეტილების საფუძველზე ასრულებს სამსახურის ერთ-ერთი თანამშრომელი.

7. სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების, აგრეთვე, სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.


მუხლი 9. სამსახურის საჯარო მოსამსახურეები
1. სამსახურის პროფესიული საჯარო მოხელის (შემდგომში – მოხელე) უფლება-მოვალეობები განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ამ დებულებით და მოხელის სამუშაოთა აღწერილობით.

2. სამსახურის მოხელეს უფლება აქვს:

ა) გააჩნდეს შესაბამისი სამუშაო პირობები, ისარგებლოს მერიის საოფისე ინვენტარითა და ტექნიკით;

ბ) თანამდებობრივ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია მერიის თანამდებობის პირებისაგან, სამსახურებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირებისაგან;

გ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში იმოქმედოს დამოუკიდებლად, საკუთარი პასუხისმგებლობით მიიღოს გადაწყვეტილება, მონაწილეობდეს თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების გადაწყვეტილებების მომზადებაში და დაცული იყოს აღმასრულებელი პრივილეგიით;

დ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ზეპირად ან მოხსენებითი ბარათით მიმართოს ზემდგომ თანამდებობის პირს, საკუთარი  კომპეტენციის ფარგლებში წარუდგინოს მას შესაბამისი წინადადებები;

ე) მოითხოვოს სამსახურებრივი გამოძიება;

ვ) დადგენილი წესით ისარგებლოს სასწავლო შვებულებით;

ზ) მოითხოვოს საკუთარი კვალიფიკაციის ობიექტური შეფასება;

თ) მიღებული დავალების კანონიერებასთან დაკავშირებით წარმოშობილი ეჭვის თაობაზე აცნობოს დავალების გამცემს და მის ზემდგომ ხელმძღვანელს;

ი) უარი თქვას ისეთი დავალების შესრულებაზე, რომელიც არ შეესაბამება მის სამუშაოთა აღწერილობას, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

კ) მიიღოს შრომითი გასამრჯელო, რომელიც მოიცავს თანამდებობრივ სარგოსა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა დანამატებს;

ლ) აინაზღაუროს სამსახურებრივი მივლინების ხარჯები;

მ) ისარგებლოს ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულებით;

ნ) ისარგებლოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებებით.

3. სამსახურის მოხელე მოვალეა:

ა) საქმიანობა წარმართოს მოქმედი კანონმდებლობის, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად;

ბ) შეასრულოს შესაბამისი დებულებითა და სამუშაოთა აღწერილობით განსაზღვრული სამსახურებრივი ფუნქციები;

გ) უარი თქვას უკანონო დავალების შესრულებაზე;

დ) დაიცვას მერიის შინაგანაწესი;

ე) შეასრულოს ზემდგომი თანამდებობის პირის დავალებები;

ვ) შეასრულოს სამუშაო გეგმებით გათვალისწინებული სამუშაოები;

ზ) დადგენილი პერიოდულობით და წესით, აგრეთვე, ზემდგომი თანამდებობის პირის დავალების შესაბამისად მოამზადოს და წარადგინოს ანგარიშები შესრულებული სამუშაოს შესახებ;

თ) იზრუნოს კვალიფიკაციის ამაღლებისათვის;

ი) შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა მოვალეობები.


მუხლი 10. ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილება
1. შიდა აუდიტორს უფლება არა აქვს, დაწესებულებაში შეასრულოს სხვა ფუნქციები, გარდა „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ საქართველოს კანონის, მისგან გამომდინარე სამართლებრივი აქტებით და წინამდებარე დებულებით განსაზღვრული ფუნქციებისა.

2. ინტერესთა კონფლიქტი არის გარემოება, როცა შიდა აუდიტორს გააჩნია ისეთი კონკურენტული, პროფესიონალური ან პირადი ინტერესი, რომლებსაც შეუძლიათ გაართულონ შიდა აუდიტორის ვალდებულებების მიუკერძოებლად შესრულება. ინტერესთა კონფლიქტი შეიძლება არსებობდეს არაეთიკური ან არასათანადო ქმედებების გარეშეც. ინტერესთა კონფლიქტმა შესაძლოა წარმოშვას არასათანადო აღქმა, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს შიდა აუდიტორის, მისი პროფესიისა და შიდა აუდიტის სუბიექტის მიმართ ნდობის დაკარგვა. ინტერესთა კონფლიქტმა შესაძლოა ზიანი მიაყენოს შიდა აუდიტორის შესაძლებლობას ობიექტურად შეასრულოს თავისი მოვალეობა.

3. შიდა აუდიტორი არ მონაწილეობს შიდა აუდიტორულ შემოწმებაში, თუ გამოვლინდა ინტერესთა კონფლიქტის ერთ-ერთი შემდეგი შემთხვევა:

ა) შიდა აუდიტორი შესამოწმებელ პერიოდში მუშაობდა შიდა აუდიტის ობიექტში;

ბ) შიდა აუდიტორის პირველი და მეორე რიგის მემკვიდრეებს ბოლო ერთი წლის განმავლობაში უკავიათ ან შესამოწმებელ პერიოდში ეკავათ ხელმძღვანელი თანამდებობები შიდა აუდიტის ობიექტში;

გ) ინტერესთა კონფლიქტის სხვა შემთხვევა, რომელსაც აფასებს შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არსებობისას, შიდა აუდიტორი ვალდებულია განაცხადოს თვითაცილების შესახებ.

5. შიდა აუდიტორის შიდა აუდიტორული შემოწმების პროცესიდან აცილების საკითხს, კანონმდებლობის საფუძველზე წყვეტს სამსახურის უფროსი, ხოლო სამსახურის უფროსის აცილების საკითხს – მერი.


მუხლი 11. დასკვნითი დებულებები
1. სამსახურის დებულებას, მერის წარდგინებით ამტკიცებს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო.

2. დებულებაში ცვლილებების შეტანა ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.