ამნისტიის შესახებ

ამნისტიის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 924-VIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 07/09/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/09/2021
სარეგისტრაციო კოდი 080050000.05.001.020396
924-VIმს-Xმპ
07/09/2021
ვებგვერდი, 09/09/2021
080050000.05.001.020396
ამნისტიის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

ამნისტიის შესახებ

ჰუმანიზმის პრინციპიდან გამომდინარე, ერთჯერადი, დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხის გათვალისწინებით, ამ კანონის საფუძველზე, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან თავისუფლდებიან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) გათვალისწინებული ზოგიერთი დანაშაულის ჩადენისთვის ბრალდებული და მსჯავრდებული პირები.

მუხლი 1  

გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან, პირობითი მსჯავრისგან, სასჯელისგან, მათ შორის, აღუსრულებელი ჯარიმისგან, ის პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2481 ან 3591 მუხლით გათვალისწინებული დანაშაული.

მუხლი 2  

პირი, რომელზედაც ვრცელდება ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია, ნასამართლობის არმქონედ ითვლება.

მუხლი 3

ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია ვრცელდება იმ პირზე, რომელმაც ამავე კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული დანაშაული 2021 წლის 23 ივნისამდე ჩაიდინა.

მუხლი 4

პირს, რომელზედაც ვრცელდება ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია, უფლება აქვს, ისარგებლოს თავისი სისხლის სამართლის საქმის სამართლიანი სასამართლოს მიერ განხილვის უფლებით.

მუხლი 5

1. გამოძიების სტადიაზე ბრალდებულის, მათ შორის, ძებნილი ბრალდებულის, მიმართ ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის აღსრულების მიზნით გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი პროკურორი.

2. სისხლის სამართლის საქმის სასამართლოს მიერ განხილვის სტადიაზე ბრალდებულის, მათ შორის, ძებნილი ბრალდებულის, აგრეთვე მსჯავრდებულის მიმართ ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის აღსრულების მიზნით გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი სასამართლო.

3. თუ სისხლის სამართლის საქმეზე სამართალწარმოება დასრულებულია, მსჯავრდებულის მიმართ ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის აღსრულების მიზნით გადაწყვეტილებას იღებს მის მიმართ  თავდაპირველი განაჩენის გამომტანი რაიონული (საქალაქო) სასამართლო.

4. ძებნილი მსჯავრდებულის მიმართ ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის აღსრულების მიზნით გადაწყვეტილებას იღებს:

ა) სააპელაციო სასამართლო, თუ ძებნილი მსჯავრდებულის მიმართ გამოტანილი განაჩენი გასაჩივრებულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 292-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით; 

ბ) საქართველოს უზენაესი სასამართლო, თუ ძებნილი მსჯავრდებულის მიმართ გამოტანილი განაჩენი გასაჩივრებულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-300 მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით.

5. თუ ძებნილი მსჯავრდებულის მიმართ გამოტანილი განაჩენი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 292-ე მუხლის მე-3 ნაწილით ან მე-300 მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით არ გასაჩივრებულა, მის მიმართ ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის აღსრულების მიზნით გადაწყვეტილებას იღებს ძებნილი მსჯავრდებულის მიმართ თავდაპირველი განაჩენის გამომტანი რაიონული (საქალაქო) სასამართლო.

6. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მსჯავრდებულის მიმართ თავდაპირველი განაჩენის გამომტან რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს ამ კანონის ამოქმედებიდან 2 კვირის ვადაში:

ა) მსჯავრდებულის პირად საქმეს და ჯარიმის აღსრულების თაობაზე ინფორმაციას უგზავნის შესაბამისი პენიტენციური დაწესებულება, თუ მსჯავრდებული სასჯელს პენიტენციურ დაწესებულებაში იხდის;

ბ) მსჯავრდებულის პირად საქმეს და ჯარიმის აღსრულების თაობაზე ინფორმაციას უგზავნის საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი ტერიტორიული ორგანო − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიურო, თუ მსჯავრდებულს არასაპატიმრო სასჯელი აქვს შეფარდებული ან იგი პრობაციის რეჟიმში იმყოფება;

გ) სააღსრულებო საქმის მასალებს უგზავნის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − აღსრულების ეროვნული ბიურო, თუ მსჯავრდებულს სასჯელის სახით შეფარდებული აქვს მხოლოდ ჯარიმა და ის არ აღსრულებულა.

7. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის აღსრულების მიზნით ძებნილი მსჯავრდებულის მიმართ თავდაპირველი განაჩენის გამომტან რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს ამ კანონის ამოქმედებიდან 2 კვირის ვადაში წერილობით მიმართავს საქართველოს პროკურატურა.

8. სასამართლო უფლებამოსილია ამ მუხლით გათვალისწინებული საკითხი განიხილოს ზეპირი მოსმენით ან ზეპირი მოსმენის გარეშე.

მუხლი 6

იმ პირს, რომელზედაც გავრცელდა ამნისტია, უფლება აქვს, მის მიმართ ამ კანონის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება გაასაჩივროს ერთჯერადად, აღნიშნული გადაწყვეტილების მისთვის ჩაბარებიდან 2 კვირის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში. სასამართლო საჩივარს განიხილავს მისი დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტის გარეშე, საჩივრის წარდგენიდან 10 დღის ვადაში. სასამართლო უფლებამოსილია საჩივარი განიხილოს ზეპირი მოსმენით ან ზეპირი მოსმენის გარეშე.

მუხლი 7

ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია აღსრულდეს ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში.

მუხლი 8

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

7 სექტემბერი 2021 წ.

N924-VIმს-Xმპ