მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებისას ხმის დათვლის პროცესის ვიდეოფიქსაციის წესის განსაზღვრის შესახებ

მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებისას ხმის დათვლის პროცესის ვიდეოფიქსაციის წესის განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 55/2021
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 23/08/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/08/2021
სარეგისტრაციო კოდი 010210010.15.008.016583
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
55/2021
23/08/2021
ვებგვერდი, 24/08/2021
010210010.15.008.016583
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებისას ხმის დათვლის პროცესის ვიდეოფიქსაციის წესის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (24/08/2021 - 03/09/2021)

 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №55/2021

2021 წლის 23 აგვისტო

ქ. თბილისი

 

მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებისას ხმის დათვლის პროცესის ვიდეოფიქსაციის წესის განსაზღვრის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის, 30-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და 2032 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:


მუხლი 1
საუბნო საარჩევნო კომისია ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს ხმის დათვლის პროცესის აუდიოვიდეოფიქსაცია (შემდგომში „ფიქსაცია”);

ბ) უზრუნველყოს ვიდეოგადამღები მოწყობილობის განთავსება იმდაგვარად, რომ  სრულად ჩანდეს ხმის დათვლის პროცესი და საარჩევნო ბიულეტენების განთავსების ადგილი.

მუხლი 2
საუბნო საარჩევნო კომისია ვალდებულია ხმის დათვლის პროცესის ფიქსაცია უზრუნველყოს საარჩევნო ყუთის/ყუთების გახსნის მომენტიდან საარჩევნო ბიულეტენების დასტების დალუქვის მომენტის ჩათვლით.
მუხლი 3
ვიდეოგადამღები მოწყობილობის ტექნიკური გაუმართაობის ანდა დაზიანების შემთხვევაში ხმის დათვლის პროცესი არ ჩერდება.
მუხლი 4
ამ დადგენილების პირველი მუხლით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების მიზნით, საუბნო საარჩევნო კომისია საარჩევნო ბიულეტენებს ითვლის შემდეგი წესის დაცვით: პირველი მთვლელი სპეციალური კონვერტიდან იღებს საარჩევნო ბიულეტენს, აცხადებს, ვისთვისაა მიცემული ხმა, ასევე აცხადებს ბათილად/საეჭვოდ მიჩნეულ ბიულეტენებს, ხოლო შემდგომ საარჩევნო ბიულეტენს იკავებს ხელში იმდაგვარად, რომ ვიდეოგადამღებ მოწყობილობას შეეძლოს საარჩევნო ბიულეტენის წინა გვერდის ფიქსაცია.

მუხლი 5
ამ დადგენილების პირველი მუხლით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების მიზნით:

ა) კენჭისყრამდე არაუგვიანეს 2 დღისა ცესკო უზრუნველყოფს საოლქო საარჩევნო კომისიებისთვის ვიდეოგადამღები მოწყობილობის გადაცემას;

ბ) საოლქო საარჩევნო კომისია ვალდებულია საუბნო საარჩევნო კომისიებს გადასცეს ვიდეოგადამღები მოწყობილობა კენჭისყრამდე არაუგვიანეს 12 საათისა;

გ) ვიდეოგადამღებ  მოწყობილობაზე აღინიშნება შესაბამისი საარჩევნო უბნის ნომერი;

დ) შესაბამისი საარჩევნო კომისიისთვის ვიდეოგადამღები მოწყობილობის გადაცემისას ორ ცალად დგება მიღება-ჩაბარების აქტი, რომელშიც აღინიშნება მათი გადამცემი და მიმღები კომისიების დასახელებები, მათი გამცემი და მიმღები პირების ვინაობა. აქტს ხელს აწერენ ამ საბუთების გამცემი და მიმღები პირები (აქტის ერთი ცალი რჩება ვიდეოგადამღები მოწყობილობის გადამცემ კომისიაში, ხოლო მეორე ცალი გადაეცემა ვიდეოგადამღები აპარატის მიმღებს).

მუხლი 6
საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ვალდებულია ხმის დათვლის პროცესის დაწყების წინ შეარჩიოს ვიდეოგადამღები მოწყობილობის განთავსების ადგილი ამ დადგენილების პირველი მუხლის „ბ” პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით.
მუხლი 7
ვიდეოგადამღები მოწყობილობის შეუფერხებელი და ტექნიკურად გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით, კენჭისყრის შენობაში ხმის დათვლის პროცესის დროს უფლებამოსილი არიან იმყოფებოდნენ ცესკოს საარჩევნო საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის თანამშრომლები და საოლქო საარჩევნო კომისიების ტექნიკური პერსონალი, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში ტექნიკურ დახმარებას გაუწევენ საუბნო საარჩევნო კომისიებს.
მუხლი 8
კენჭისყრის შენობაში ვიდეოგადამღები მოწყობილობის სათანადო წესით გამოყენებაზე და საარჩევნო ბიულეტენების დათვლის პროცესის ვიდეოჩანაწერის დაზიანებისგან ან წაშლისგან დაცვაზე პასუხისმგებელია საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ან, საჭიროებისამებრ, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.
მუხლი 9
ხმის დათვლის პროცესის დასრულების შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ვალდებულია საარჩევნო დოკუმენტაციასთან ერთად, ვიდეოგადამღები მოწყობილობა ხმის დათვლის პროცესის ვიდეოჩანაწერთან ერთად, გადასცეს საოლქო საარჩევნო კომისიას.
მუხლი 10
ცესკოს საარჩევნო საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი ვალდებულია კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს მე-5 დღის დილის 10.00 სთ-მდე უზრუნველყოს ვიდეოგადამღებ მოწყობილობებზე არსებული ხმის დათვლის პროცესის ყველა ვიდეოჩანაწერის ატვირთვა ინტერნეტსივრცეში, საამისოდ განსაზღვრული ადგილიდან.

მუხლი 11
ხმის დათვლის პროცესის ვიდეოჩანაწერების გაცნობა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაბამის ინტერნეტსივრცეში, რის შესახებ ინფორმაცია  განთავსდება ცესკოს ვებგვერდზე.
მუხლი 12
მოთხოვნის შემთხვევაში შესაბამისი ვიდეომოწყობილობის ანდა ვიდეოჩანაწერის გადაცემა შესაძლებელია მხოლოდ საგამოძიებო ორგანოებისა და სასამართლოებისთვის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 13
საარჩევნო კომისიაში ხმის დათვლასთან დაკავშირებული საჩივრის განხილვისას საჩივრის ავტორს შეუძლია მოითხოვოს ამ დადგენილებით გათვალისწინებული ვიდეოჩანაწერის გამოკვლევა. საჩივარში უნდა მიეთითოს ვიდეოჩანაწერის გამოკვლევის მოთხოვნისა და დარღვევის დაფიქსირების ზუსტი დროის შესახებ. აღნიშნული საჩივრის წარმდგენს უფლება აქვს მოითხოვოს მხოლოდ 10-წუთიანი ინტერვალის ვიდეოჩანაწერის გამოკვლევა კონკრეტული დროისა და დარღვევის მითითებით. საჩივრის წარმდგენს ვიდეოჩანაწერის გამოკვლევაში მონაწილეობის  შესაძლებლობა მიეცემა მხოლოდ საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივრის განხილვისას, აგრეთვე სასამართლოში დავის განხილვის შემთხვევაში.
მუხლი 14
ამ დადგენილებით გათვალისწინებული ხმის დათვლის პროცესის ვიდეოჩანაწერები ინტერნეტსივრცეში განთავსდება 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
მუხლი 15
ხმის დათვლის პროცესის ვიდეოფიქსაციის უზრუნველყოფა ხორციელდება საარჩევნო უბნებში, სადაც რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა აღემატება 300 ამომრჩეველს.

მუხლი 16
ამ დადგენილების მოქმედება არ ვრცელდება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 23-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და 199-ე მუხლის საფუძველზე შექმნილ საარჩევნო უბნებზე.
მუხლი 17
ამ დადგენილებით განსაზღვრული წესი ვრცელდება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 21-ე მუხლის „დ2” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებზე.
მუხლი 18
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 19
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეგიორგი კალანდარიშვილი
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი