„საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკას შორის ვიზის მიღების ვალდებულებისგან გათავისუფლების შესახებ“ შეთანხმება

„საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკას შორის ვიზის მიღების ვალდებულებისგან გათავისუფლების შესახებ“ შეთანხმება
დოკუმენტის ნომერი 181-3
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 10/05/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/08/2021
ძალაში შესვლის თარიღი 01/09/2021
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016662
181-3
10/05/2021
ვებგვერდი, 23/08/2021
480610000.03.030.016662
„საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკას შორის ვიზის მიღების ვალდებულებისგან გათავისუფლების შესახებ“ შეთანხმება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
 
 

 

შეთანხმება

„საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკას შორის ვიზის მიღების ვალდებულებისგან გათავისუფლების შესახებ“ 


საქართველო და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა (შემდგომში წოდებულნი, როგორც „ხელშემკვრელი მხარეები“),

სურვილი აქვთ გააძლიერონ მეგობრული ურთიერთობა და თანამშრომლობა საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკას შორის,

საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის მოქალაქეებისთვის მგზავრობასთან დაკავშირებული ფორმალობების გამარტივების მიზნით,

შეთანხმდნენ შემდეგზე:

 

მუხლი 1

ხელშემკვრელ მხარეთა მოქალაქეებს, რომლებიც ფლობენ წინამდებარე შეთანხმების დანართში აღნიშნულ მოქმედ სამგზავრო დოკუმენტებს, უფლება აქვთ ვიზის გარეშე შევიდნენ, ტრანზიტით გაიარონ, დატოვონ და იმყოფებოდნენ მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, არაუმეტეს ოთხმოცდაათი (90) დღისა ნებისმიერ ას ოთხმოც (180)-დღიან პერიოდში.

 

მუხლი 2

წინამდებარე შეთანხმების პირველ მუხლში აღნიშნულ ხელშემკვრელ მხარეთა   მოქალაქეებს, რომელთაც განზრახული აქვთ შესვლა და დარჩენა მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე 90 (ოთხმოცდაათ) დღეზე მეტი ვადით ნებისმიერ 180 (ას ოთხმოც)-დღიან პერიოდში, ვალდებულნი არიან დაარეგულირონ თავიანთი ყოფნა მეორე ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობის შესაბამისად.

 

მუხლი 3

ხელშემკვრელ მხარეთა მოქალაქეებს, რომლებიც ფლობენ წინამდებარე შეთანხმების დანართში აღნიშნულ მოქმედ სამგზავრო დოკუმენტებს, შეუძლიათ ვიზის გარეშე შევიდნენ,  ტრანზიტით გაიარონ და დატოვონ მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორია, საერთაშორისო მიმოსვლისთვის ნებადართული ნებისმიერი სასაზღვრო პუნქტის გავლით, ხელშემკვრელ მხარეთა შესაბამისი კანონების თანახმად.

 

მუხლი 4

1. თითოეული ხელშემკვრელი მხარის მოქმედი ბიომეტრიული დიპლომატიური ან სამსახურებრივი პასპორტების მფლობელ მოქალაქეებს, რომლებიც მივლინებულნი არიან მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე განთავსებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებში, საკონსულო დაწესებულებებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში სამუშაოდ, მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე პირველადი შესვლისათვის არ  მოეთხოვებათ ვიზის მიღება.

2. ამ მუხლის (1) პუნქტის დებულებები ვრცელდება აღნიშნულ პირთა ოჯახის წევრებზე, რომლებიც ფლობენ მოქმედ ბიომეტრიულ დიპლომატიურ ან სამსახურებრივ პასპორტებს.

3. (1) და (2) პუნქტებში მითითებული პირები ვალდებულნი არიან შესვლიდან ოცდაათი (30) დღის განმავლობაში გაიარონ შესაბამისი აკრედიტაცია.

4. თითოეული ხელშემკვრელი მხარე ვალდებულია (1) და (2) პუნქტებში მითითებულ პირებზე გასცეს შესაბამისი აკრედიტაცია ოცდაათი (30) დღის განმავლობაში.

 

მუხლი 5

1. წინამდებარე შეთანხმების დანართში ჩამოთვლილი სამგზავრო დოკუმენტების მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე ყოფნის განმავლობაში დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში, ხელშემკვრელ მხარეთა მოქალაქეებმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ მეორე ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურ ორგანოებს, სადაც ისინი იმყოფებიან, ამის შესახებ, რომელიც ამ შემთხვევაში გასცემს დამადასტურებელ ცნობას, რომ დაინტერსებულმა უცხო ქვეყნის მოქალაქემ აცნობა შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს სამგზავრო დოკუმენტის დაკარგვის შესახებ და ამავე მოქალაქეებმა აგრეთვე, უნდა აცნობონ საკუთარი ქვეყნის დიპლომატიურ მისიასა და საკონსულო დაწესებულებას აღნიშნულის შესახებ.

2. ხელშემკვრელი მხარეების დიპლომატიური მისია და საკონსულო დაწესებულება გასცემს მოქმედ სამგზავრო დოკუმენტს წინამდებარე მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ საკუთარ მოქალაქეებზე, რომლითაც ამ პირებს  შეეძლებათ  თავიანთ ქვეყანაში დაბრუნება.

 

მუხლი 6

წინამდებარე შეთანხმება არ ათავისუფლებს წინამდებარე  შეთანხმების პირველ მუხლში აღნიშნულ მოქალაქეებს საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის  კანონების და კანონქვემდებარე აქტების დაცვის ვალდებულებისაგან, ხელშემკვრელ მხარეთა ტერიტორიაზე მათი ყოფნის განმავლობაში.

 

მუხლი  7

ხელშემკვრელ მხარეთა კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად, თითოეული ხელშემკვრელი მხარე ინარჩუნებს უფლებას, უარი უთხრან მათ ტერიტორიაზე შესვლაზე ან შეუჩერონ ყოფნის ვადა წინამდებარე შეთანხმების პირველ მუხლში აღნიშნულ ხელშემკვრელ მხარეთა  მოქალაქეებს.                                                    

 

მუხლი 8

1. ხელშემკვრელი მხარეები დიპლომატიური არხების საშუალებით გაცვლიან წინამდებარე შეთანხმების დანართში აღნიშნულ მოქმედი სამგზავრო დოკუმენტების ნიმუშებს,  წინამდებარე შეთანხმების ხელის მოწერიდან  30 (ოცდაათი) დღის განმავლობაში.

2. წინამდებარე შეთანხმების დანართში აღნიშნული ახალი სამგზავრო დოკუმენტების ნიმუშების გამოშვების ან არსებული სამგზავრო დოკუმენტის შეცვლის შემთხვევაში, ხელშემკვრელი მხარეები დაუყოვნებლივ აცნობებენ ერთმანეთს და დიპლომატიური არხების საშუალებით  გაცვლიან ამგვარი სამგზავრო დოკუმენტების ნიმუშებს, მათ ძალაში შესვლამდე სულ მცირე ოცდაათი (30) დღით ადრე.

 

მუხლი 9

ნებისმიერი დავა, რომელიც წარმოიშობა ხელშემკვრელ მხარეთა შორის წინამდებარე შეთანხმების დებულებების განმარტებასა ან განხორციელებასთან დაკავშირებით, უნდა გადაწყდეს მხარეთა შორის კონსულტაციებისა და/ან მოლაპარაკებების გზით.

 

მუხლი 10

1. ნებისმიერ ხელშემკვრელ მხარეს, სახელმწიფო უსაფრთხოების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების, მართლწესრიგის დაცვის ან საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნებიდან გამომდინარე, შეუძლია, მთლიანად ან ნაწილობრივ შეაჩეროს წინამდებარე შეთანხმების მოქმედება. გადაწყვეტილება შეთანხმების მოქმედების შეჩერების შესახებ მეორე ხელშემკვრელ მხარეს უნდა ეცნობოს, დიპლომატიური არხების მეშვეობით, შეთანხმების შეჩერებამდე 48 (ორმოცდარვა) საათით ადრე.

2. ხელშემკვრელმა მხარემ, რომელმაც გადაწყვიტა შეაჩეროს წინამდებარე  შეთანხმების  მოქმედება, წინამდებარე მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზების გამო, მეორე ხელშემკვრელ მხარეს, დიპლომატიური არხების მეშვეობით, უნდა აცნობოს ამ შეთანხმების მოქმედების განახლების შესახებ.

 

მუხლი 11

1. წინამდებარე შეთანხმება იდება განუსაზღვრელი ვადით და ძალაში შედის მხარეთა მიერ შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ, დიპლომატიური არხებით, უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან მომდევნო თვის პირველ (1) დღეს.

2. წინამდებარე შეთანხმებასა და მის დანართში, მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები, რომლებიც გაფორმდება ცალკე დოკუმენტის სახით და ძალაში შევა ამ მუხლის (1) პუნქტის შესაბამისად. აღნიშნული სახით მიღებული დოკუმენტები წარმოადგენს ამ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს.

3. თითოეულ მხარეს შეუძლია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს შეთანხმების მოქმედება მეორე  მხარისათვის, დიპლომატიური არხების მეშვეობით, წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით. წინამდებარე შეთანხმება მოქმედებას შეწყვეტს მეორე მხარის მიერ ასეთი შეტყობინების მიღების დღიდან 90-ე (ოთხმოცდამეათე) დღეს.

 

შესრულებულია, ქ. სკოპიეში, 2021 წლის 10 მაისს, 2 (ორ) თანაბრად ავთენტურ  დედნად, თითოეული ქართულ, მაკედონიურ და ინგლისურ ენებზე.

წინამდებარე შეთანხმების დებულებათა განსხვავებული განმარტების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.

 

 

საქართველოს სახელით

 

 

(ხელმოწერილია)

 

პრეზიდენტი

სალომე ზურაბიშვილი

ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის სახელით

 

(ხელმოწერილია)

 

პრეზიდენტი

სტევო პენდაროვსკი

 

 

 

შეთანხმების დანართი

საქართველოს  მოქალაქეებისათვის გაცემული სამგზავრო დოკუმენტების ნუსხა ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის ტერიტორიაზე შესვლის, გასვლის, ტრანზიტით გავლის და დარჩენისთვის:

 

- ბიომეტრიული პასპორტი;

- ბიომეტრიული დიპლომატიური პასპორტი;

- ბიომეტრიული სამსახურებრივი პასპორტი;

- საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობა;

- მეზღვაურის წიგნაკი.

 

ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის მოქალაქეებისათვის გაცემული სამგზავრო დოკუმენტების ნუსხა საქართველოს ტერიტორიაზე შესვლის, გასვლის, ტრანზიტით გავლის და დარჩენისთვის:

- ბიომეტრიული პასპორტი;

- ბიომეტრიული დიპლომატიური პასპორტი;

- ბიომეტრიული სამსახურებრივი პასპორტი;

- გადაუდებელი საჭიროების შემთხვევის სამგზავრო დოკუმენტი;

- მეზღვაურის წიგნაკი.