„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტს შორის თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება

„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტს შორის თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება
დოკუმენტის ნომერი 41-29
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 25/08/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/08/2021
ძალაში შესვლის თარიღი 01/08/2021
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016661
41-29
25/08/2016
ვებგვერდი, 21/08/2021
480610000.03.030.016661
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტს შორის თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
 
 

 

შეთანხმება

„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტს შორის თანამშრომლობის შესახებ“ 


საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი, შემდგომში წოდებულნი, როგორც „მხარეები“;

ხელმძღვანელობენ რა „საქართველოს მთავრობასა და ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობას შორის დანაშაულთან ბრძოლის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ 2015 წლის 23 აპრილის შეთანხმებით;

გამოხატავენ რა თანასწორუფლებიანი და ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობისადმი მისწრაფებას, საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნებიდან გამომდინარე;

ისწრაფვიან რა მხარეებს შორის მეგობრული ურთიერთობებისა და მომავალი თანამშრომლობის განმტკიცებისკენ, განსაკუთრებით, ხაზს უსვამენ სახელმწიფო უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების საერთო სურვილს;

აღიარებენ რა სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის საფრთხის შემცველი ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის და საერთაშორისო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისაკენ მიმართული თანამშრომლობისა და ერთობლივი ქმედებების მნიშვნელობას;

ორმხრივად სცემენ რა პატივს სახელმწიფო სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, უსაფრთხოებას და მხარეთა სახელმწიფოების ინტერესებს;

აღიარებენ რა საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, ითვალისწინებენ რა წინამდებარე შეთანხმების სფეროში მოქმედი იმ საერთაშორისო ხელშეკრულებების დებულებებს, რომელთა მონაწილეებსაც მხარეთა სახელმწიფოები წარმოადგენენ და, ასევე, თითოეული მხარის სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობას;

შეთანხმდნენ შემდეგზე:

 

მუხლი 1

შეთანხმების მიზანი

წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში და მხარეთა სახელმწიფოების შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, მხარეები განახორციელებენ თანამშრომლობასა და ურთიერთქმედებას, საქართველოსა და ბელარუსის რეპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ინტერესების გათვალისწინებით, რისთვისაც განსაზღვრავენ მხარეთა შორის შეთანხმებული ქმედებების მიმართულებებს.

 

მუხლი 2

თანამშრომლობის სფეროები

მხარეები, ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინებით და თავიანთი სახელმწიფოების შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, თანამშრომლობას განახორციელებენ შემდეგი მიმართულებებით:

1. სახელმწიფო უსაფრთხოების სფეროში ინფორმაციის რეგულარულად გაცვლა.

2. ოპერატიული, ტექნიკური და სხვა სახის დახმარების გაწევა შემდეგი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლაში:

ა) მხარეთა სახელმწიფოების კონსტიტუციური წყობილების, სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები;

ბ) მხარეთა სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველი ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაული და საერთაშორისო დანაშაული;

გ) ტერორიზმი და მისი ყველა გამოვლინება, ასევე ტერორიზმის დაფინანსება;

დ) კიბერტერორიზმი;

ე) იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებების, ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოაქტიური და ბირთვულi მასალების და სხვა სახიფათო ნივთიერებების უკანონო ბრუნვასთან დაკავშირებული დანაშაულები;

ვ) მასობრივი განადგურების იარაღის დამზადება/წარმოება, შეძენა ან გასაღება;

ზ) სახელმწიფო საიდუმლოების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები, მათ შორის საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნება;

თ) კორუფციასთან დაკავშირებული დანაშაულები;

ი) სხვა დანაშაულები, მათ შორის ტრანსნაციონალური და საერთაშორისო დანაშაულები, რომელიც, მხარეთა სახელმწიფოების შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, ექცევა მხარეების კომპეტენციის სფეროში.

3. წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული თანამშრომლობის ფარგლებში და მოთხოვნის საფუძველზე, მხარეები ერთმანეთს დახმარებას გაუწევენ პერსონალური მონაცემების გადაცემაში.

 

მუხლი 3

თანამშრომლობის ფორმები

წინამდებარე შეთანხმების შესრულების მიზნით, მხარეებს შორის თანამშრომლობა, მათი სახელმწიფოების შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, განხორციელდება შემდეგი ფორმებით:

1. მხარეები ერთმანეთს დახმარებას გაუწევენ წინამდებარე შეთანხმების მე-2 მუხლში მითითებული დანაშაულების თავიდან აცილებაში, გამოვლენაში, გამოძიებასა და აღკვეთაში.

2. ერთ-ერთი მხარის მოთხოვნის საფუძველზე, მხარეები, თავიანთი სახელმწიფოების შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, განახორციელებენ ღონისძიებებს მოთხოვნის შესასრულებლად. ამასთან, მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ ასეთი ღონისძიებების განხორციელებისას მეორე მხარის წარმომადგენელთა დამკვირვებლის სტატუსით დასწრების შესაძლებლობაზე.

3. აუცილებლობის შემთხვევაში, საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნებიდან გამომდინარე, მხარეები განახორციელებენ შეთანხმებულ ღონისძიებებს ტერორიზმისა და სხვა ტრანსნაციონალური და საერთაშორისო დანაშაულების თავიდან აცილების, გამოვლენის, გამოძიებისა და აღკვეთის მიზნით.

4. აუცილებლობის შემთხვევაში და თანამშრომლობის კოორდინაციის მიზნით, მხარეები ორგანიზებას გაუწევენ მხარეთა ხელმძღვანელი პირებისა და წარმომადგენლების შეხვედრებს.

5. წინამდებარე შეთანხმების დებულებათა შესრულების მიზნით, მხარეებს შეუძლიათ დადონ საიმპლემენტაციო ოქმები და თანამშრომლობის გეგმები.

6. მხარეები, ასევე, ითანამშრომლებენ შემდეგი მიმართულებებით:

ა) სამუშაო შეხვედრების, სასწავლო კურსების, სემინარების, სასწავლო ვიზიტებისა და კონფერენციების ჩატარება;

ბ) ერთობლივი პროექტების და პროგრამების განხორციელება;

გ) ტრენინგები;

დ) ტექნიკური საშუალებებით, მოწყობილობებითა და სხვა აღჭურვილობით დახმარება;

ე) გამოცდილების გაზიარება და ექსპერტთა შეხვედრების ორგანიზება;

ვ) დანაშაულის მიზეზებთან, გარემოებებთან და ტენდენციებთან დაკავშირებული ანალიტიკური ინფორმაციის, პუბლიკაციებისა და სამეცნიერო კვლევის შედეგების გაცვლა;

ზ) შესაბამისი მხარის სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესახებ ინფორმაციის გაცვლა.

7. აუცილებლობის შემთხვევაში და შესაძლებლობიდან გამომდინარე, მხარეები განახორციელებენ სხვა ღონისძიებებს, რომელიც შეესაბამება წინამდებარე შეთანხმების მიზნებს, ასევე, მხარეთა სახელმწიფოების შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობას და იმ საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებებს, რომელთა მონაწილეებსაც მხარეთა სახელმწიფოები წარმოადგენენ.

 

მუხლი 4

ინფორმაციის გაცვლა და დაცვა

1. მხარეთა სახელმწიფოების შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში მხარეები ერთმანეთს გაუცვლიან ინფორმაციას:

ა) მხარეთა სახელმწიფო უსაფრთხოების რისკების, გამოწვევების, საფრთხეების და მათი გამომწვევი მიზეზების შესახებ;

ბ) მხარეთა სახელმწიფოების წინააღმდეგ მესამე ქვეყნების ან ორგანიზაციების ისეთი ქმედებების შესახებ, რაც შეიძლება განხილულ იქნეს მეორე მხარის სახელმწიფო უსაფრთხოებისადმი საფრთხედ, ან წარმოადგენდეს მეორე მხარის დაინტერესების საგანს;

გ) მხარეთა ეროვნული ინტერესების შემლახავი ქმედებების, ასევე, შესაძლო ექსტრემალური და საგანგებო სიტუაციების შესახებ, რაც უკავშირდება მხარეთა სახელმწიფოების სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, თავდაცვისუნარიანობას, ეკონომიკურ და ეკოლოგიურ უსაფრთხოებას;

დ) ტერორისტული, ექსტრემისტული და სეპარატისტული ორგანიზაციების, მათი სტრუქტურისა და კონკრეტული პირების შესახებ, რომლებიც ამზადებენ ტერორისტულ ან ისეთ ქმედებებს, რაც საფრთხეს უქმნის მხარეთა სახელმწიფო უსაფრთხოებას;

ე) ტერორისტული ორგანიზაციების მიერ გამოყენებული ფინანსური არხების, კაპიტალდაბანდების შესაძლო გზებისა და ტრანსნაციონალური კავშირების შესახებ, მათ შორის, აღნიშნულ ორგანიზაციებთან და მათთან დაკავშირებულ ფინანსურ წრეებთან კავშირში მყოფი ფიზიკური და იურიდიული პირების შესახებ;

ვ) მხარეთა სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე.

2. თანამშრომლობის შესახებ მოთხოვნის საფუძველზე, მხარეები ერთმანეთს წარუდგენენ მონაცემთა ბაზებში არსებულ ცნობებს, მასალას და ინფორმაციას, რომლის გადაცემა საფრთხეს არ შეუქმნის მხარეთა სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებს.

3. მხარეები ვალდებულებას იღებენ, არ გადასცენ მესამე მხარეს ერთმანეთისაგან მიღებული ინფორმაცია, ოპერატიული მასალა ან ოპერატიული/სადაზვერვო ინფორმაცია, გადამცემი მხარის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.

4. აუცილებლობის შემთხვევაში, მხარეები ადგენენ/განსაზღვრავენ ინფორმაციის, დოკუმენტებისა და მასალის გამოყენების წესს, რომელიც მიღებულ იქნა შეთანხმებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად.

5. მხარეთა შორის საიდუმლო ინფორმაციის გადაცემა, გამოყენება და დაცვა განხორციელდება მხარეთა სახელმწიფოების შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით დადგენილი წესით და მის საფუძველზე, იმ პირობით, რომ საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკას შორის დაიდება საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ შეთანხმება.

 

მუხლი 5

თანამშრომლობის შესახებ მოთხოვნა

1. წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში თანამშრომლობა განხორციელდება ერთ-ერთი მხარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. გადაუდებელ შემთხვევაში, მოთხოვნა შეიძლება გადაიცეს ზეპირი ფორმით, რაც შემდგომ აუცილებლად დადასტურდება წერილობითი ფორმით შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა.

2. მოთხოვნა უნდა შეიცავდეს:

ა) მოთხოვნის წარმდგენი და მოთხოვნის მიმღები მხარეების დასახელებებს;

ბ) მოთხოვნის საგანს;

გ) მოთხოვნის მიზანს და დასაბუთებას;

დ) ნებისმიერ სხვა ინფორმაციას, რომელმაც შეიძლება ხელი შეუწყოს მოთხოვნის შესრულებას;

ე) მოთხოვნის მიმღებ მხარეს შეუძლია მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია, თუ ეს აუცილებელია მოთხოვნის შესასრულებლად.

3. მოთხოვნის შესრულება ხდება მოთხოვნის მიმღები მხარის სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად. მოთხოვნის მიმღები მხარე მოთხოვნის წარმდგენ მხარეს გადასცემს მოთხოვნის განხილვის შედეგებს, მოთხოვნის მიღების დღიდან 30 დღის ვადაში.

4. იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნის შესრულება შეუძლებელია დადგენილ ვადებში, მოთხოვნის მიმღები მხარე ამის შესახებ შეატყობინებს მოთხოვნის წარმდგენ მხარეს და განუმარტავს მოთხოვნის შესრულების ვადის გადაწევის მიზეზებს.

5. განსაკუთრებულ შემთხვევაში, მხარეს, საკუთარი ინიციატივითა და თავისი სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, შეუძლია მეორე მხარეს გადასცეს ინფორმაცია წინამდებარე შეთანხმებით განსაზღვრული დანაშაულების თავიდან აცილების, გამოვლენის, გამოძიების ან აღკვეთის მიზნით, ან მეორე მხარის სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებისათვის.

6. თითოეულ მხარეს შეუძლია, მთლიანად ან ნაწილობრივ უარი თქვას მოთხოვნის შესრულებაზე იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნის შესრულებამ შეიძლება ხელყოს ადამიანის უფლებები და კანონიერი ინტერესები, საფრთხე შეუქმნას მოთხოვნის მიმღები მხარის სახელმწიფოს სუვერენიტეტს, უსაფრთხოებას ან/და ეროვნულ ინტერესებს, ასევე, იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნა ეწინააღმდეგება მოთხოვნის მიმღები მხარის სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობას ან მის საერთაშორისო ვალდებულებებს.

მოთხოვნის შესრულებაზე უარის თქმის გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მხარე დაუყოვნებლივ, წერილობით შეატყობინებს მეორე მხარეს საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ.

 

მუხლი 6

პერსონალურ მონაცემთა დაცვა

1. წინამდებარე შეთანხმების დებულებების შესრულებისას, პერსონალური მონაცემების გამოყენება განხორციელდება შესაბამისი მხარის სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობისა და შემდეგი მოთხოვნების შესაბამისად:

ა) გადაცემული პერსონალური მონაცემების გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ იმ მიზნებისთვის, რისთვისაც განხორციელდა მათი გადაცემა. გადაცემული პერსონალური მონაცემების გამოყენება სხვა მიზნებისთვის დასაშვებია მხოლოდ გადამცემი მხარის წინასწარი თანხმობით;

ბ) მიმღებმა მხარემ პერსონალური მონაცემები არ უნდა გადასცეს მესამე მხარეს, გადამცემი მხარის წინასწარი თანხმობის გარეშე;

გ) მოთხოვნის საფუძველზე, მიმღებმა მხარემ გადამცემ მხარეს უნდა შეატყობინოს პერსონალური მონაცემების გამოყენების შედეგების შესახებ;

დ) გადამცემმა მხარემ უნდა უზრუნველყოს, რომ პერსონალური მონაცემები იყოს ზუსტი და განახლებული; თუ გამოვლინდა, რომ გადაცემული პერსონალური მონაცემები არ არის ზუსტი, გადამცემმა მხარემ მიმღებ მხარეს უნდა შეატყობინოს ამის შესახებ;

ე) თუ გადაცემული პერსონალური მონაცემები არ არის ზუსტი, განახლებული ან მათი გადაცემა არ იყო ნებადართული, მიმღებმა მხარემ უნდა შეასწოროს, განაახლოს ან გაანადგუროს პერსონალური მონაცემები და დაუყოვნებლივ შეატყობინოს ამის შესახებ გადამცემ მხარეს;

ვ) მიმღებმა მხარემ უნდა უზრუნველყოს პერსონალური მონაცემების განადგურება, მას შემდეგ რაც აღარ იარსებებს იმ მიზნების მიღწევის საჭიროება, რისთვისაც მოხდა მათი გადაცემა;

ზ) მიმღებმა მხარემ უნდა უზრუნველყოს პერსონალური მონაცემების დაცვა უნებართვო წვდომისგან, მათში ცვლილებების შეტანისგან, ან მათი გამჟღავნებისგან;

თ) მხარეებმა უნდა აწარმოონ პერსონალური მონაცემების აღრიცხვა, მათი გადაცემისა და მიღების შესაბამისად;

ი) პერსონალური მონაცემების შენახვა უნდა განხორციელდეს მხოლოდ იმ ვადით, რაც აუცილებელია იმ მიზნების მისაღწევად, რისთვისაც მოხდა მათი გადაცემა. მიმღებმა მხარემ უნდა უზრუნველყოს მიღებული პერსონალური მონაცემების დაცულობა მათი შენახვისთვის დადგენილ ვადებში. იმ მიზნის მიღწევის შემდეგ, რისთვისაც გადაცემული იყო პერსონალური მონაცემები, ისინი უნდა დაიბლოკოს, წაიშალოს ან განადგურდეს, ან შენახულ უნდა იქნეს პირის იდენტიფიცირების გამომრიცხავი ფორმით, თუ მხარეთა სახელმწიფოების შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.

მუხლი 7

საკონტაქტო ინფორმაცია და სამუშაო ენა

1. წინამდებარე შეთანხმების შესრულების მიზნით, მხარეები ერთმანეთს წარუდგენენ თანამშრომლობის კოორდინაციაზე პასუხისმგებელი დანაყოფების შესახებ საკონტაქტო ინფორმაციას და ვალდებულებას იღებენ, დაუყოვნებლივ შეატყობინონ ერთმანეთს მათ დასახელებაში, უფლებამოსილებაში ან საკონტაქტო ინფორმაციაში ნებისმიერი ცვლილების შეტანის შესახებ.

2. წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული თანამშრომლობის განხორციელებისას გამოიყენება რუსული ენა, თუ მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში.

 

მუხლი 8

უსაფრთხოების ატაშე/წარმომადგენელი

1. მხარეებს, მათ შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, შეუძლიათ მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე, განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით, მიავლინონ უსაფრთხოების ატაშეები/წარმომადგენლები.

2. უსაფრთხოების ატაშეებს/წარმომადგენლებს დაევალებათ კონსულტაციების გაწევა და დახმარების აღმოჩენა, ინფორმაციის მიწოდება, ასევე, სხვა დავალებების შესრულება, წარმგზავნი მხარისგან მიღებული ინსტრუქციების შესაბამისად, რომელიც არ იქნება იმ მხარის სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობასთან შეუსაბამო, სადაც ისინი არიან მივლინებულნი. უსაფრთხოების ატაშეებს/წარმომადგენლებს არ უნდა ჰქონდეთ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილება.

3. მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ, რომ მესამე ქვეყანაში მივლინებულმა უსაფრთხოების ატაშეებმა/წარმომადგენლებმა, ასევე წარმოადგინონ მეორე მხარის ინტერესები.

4. მხარეები ერთმანეთს დახმარებას გაუწევენ უსაფრთხოების ატაშეების/წარმომადგენლების აკრედიტაციის საკითხში.

 

მუხლი 9

ინფორმაციის გაცვლა და კომუნიკაციის საშუალებები

1. მხარეები ინფორმაციის გაცვლას განახორციელებენ მათ მიერ შეთანხმებული არხების საშუალებით, მათ შორის, აუცილებლობის შემთხვევაში, მხარეთა მიერ შექმნილი დაცული კომუნიკაციის არხით.

2. აუცილებლობის შემთხვევაში, მხარეები ერთმანეთს დახმარებას გაუწევენ დაცული კომუნიკაციის არხის შექმნასა და გამოყენებაში.

3. მხარეებს შორის ინფორმაციის გაცვლის მიზნით, დაცული კომუნიკაციის არხის შექმნის, გამოყენებისა და ფუნქციონირების საკითხები რეგულირდება მხარეებს შორის შეთანხმებული შესაბამისი საიმპლემენტაციო ოქმით.

 

მუხლი 10

დამოკიდებულება სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებთან

წინამდებარე შეთანხმება გავლენას არ ახდენს მხარეთა უფლებებსა და ვალდებულებებზე, რომელიც გამომდინარეობს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან, რომელთა მონაწილეებიც არიან საქართველო და ბელარუსის რესპუბლიკა.

 

მუხლი 11

დავების გადაწყვეტა

წინამდებარე შეთანხმების განმარტებასა და შესრულებასთან დაკავშირებული დავები უნდა გადაწყდეს მხარეებს შორის კონსულტაციების ან/და დიპლომატიური არხების მეშვეობით მოლაპარაკებების გზით.

 

მუხლი 12

ხარჯები

თითოეული მხარე დამოუკიდებლად დაფარავს წინამდებარე შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებულ ხარჯებს, თუ მხარეები, ნაცვალგების პრინციპის საფუძველზე, სხვაგვარად არ შეთანხმდებიან.

 

მუხლი 13

ცვლილებები და დამატებები

წინამდებარე შეთანხმებაში, მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები, რომელიც გაფორმდება ცალკე ოქმების სახით, წარმოადგენს წინამდებარე შეთანხმების განუყოფელ ნაწილს და ძალაში შევა წინამდებარე შეთანხმების მე-14 მუხლის შესაბამისად.

 

მუხლი 14

ძალაში შესვლა, ხანგრძლივობა და მოქმედების შეწყვეტა

1. წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის მხარეების მიერ წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლისთვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების, დიპლომატიური არხების მეშვეობით, მიღების თარიღიდან მომდევნო თვის პირველ დღეს. წინამდებარე შეთანხმება იდება განუსაზღვრელი ვადით.

2. თითოეულ მხარეს ნებისმიერ დროს შეუძლია შეწყვიტოს წინამდებარე შეთანხმების მოქმედება მეორე მხარისათვის შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის შესახებ, დიპლომატიური არხების მეშვეობით, წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით. ასეთ შემთხვევაში წინამდებარე შეთანხმება მოქმედებას წყვეტს წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან 6 თვის გასვლის შემდეგ.

3. წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში, მისი მოქმედების შეწყვეტამდე ინიცირებული თანამშრომლობის ღონისძიებები ძალაში უნდა დარჩეს მათი მოქმედების ვადის ამოწურვამდე.

 

შესრულებულია ქ. თბილისში, 2016 წლის 25 აგვისტოს, ორ დედნად, თითოეული ქართულ, რუსულ ენებზე. ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია.

 

საქართველოს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის

სახელით

(ხელმოწერილია)

ბელარუსის რესპუბლიკის

სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის

სახელით

( ხელმოწერილია)