აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე

აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1-1/364
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 06/08/2021
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/08/2021
სარეგისტრაციო კოდი
1-1/364
06/08/2021
ვებგვერდი, 12/08/2021
აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/364

2021 წლის 6 აგვისტო

ქ. თბილისი

 

აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე

„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების მიზნით საკითხის განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის №1-1/159 ბრძანებით შექმნილმა ექსპროპრიაციის საკითხების განმხილველმა კომისიამ (შემდგომში – კომისია) განიხილა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2021 წლის 07 ივლისის N01/2235 და 01/2236 განცხადებები, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის აუცილებელი საზოგადოებრივი სჭიროებისთვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ და  გამოარკვია:

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი (შემდგომში დეპარტამენტი) ახორციელებს საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის ქვეშეთი–კობის მონაკვეთის მშენებლობის პროექტს (შემდგომში – პროექტი). პროექტით განსაზღვრული საავტომობილო გზის სიგრძე არის დაახლოებით 23 კმ და ხასიათდება რთული გეოგრაფიული და ზამთრის პირობებით. ზამთრის განმავლობაში თოვლის საფარის სიმაღლე ჯვრის უღელტეხილთან აღწევს 3-5 მეტრს. სირთულეს ქმნის არა მარტო თოვლი, არამედ თოვლიანი ქარიშხლები და ზვავები. სწორედ ამიტომ, ზამთრის უმეტეს პერიოდში ჯვრის უღელტეხილი დაკეტილია სატრანსპორტო მოძრაობისთვის. რუსეთის ფედერაციასთან ლარსის საბაჟო-გამშვები პუნქტის გახსნის შემდგომ, აღნიშნული გზით ინტენსიურად სარგებლობენ საერთაშორისო გადამზიდავი კომპანიები (თურქეთიდან, სომხეთიდან, უკრაინიდან და სხვა), ადგილობრივი მოსახლეობა და ტურისტები. შედეგად, ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად იმატა ავტოტრანსპორტის ინტენსივობამ და ტვირთბრუნვამ. აღნიშნული მონაკვეთი წარმოადგენს ჩრდილოეთ–სამხრეთის E-117 საავტომობილო–სატრანზიტო დერეფანს, რომელიც უშუალოდ დაკავშირებულია აღმოსავლეთ-დასავლეთის E-60 და E-70, TEN-T ქსელის Core Network-ის საავტომობილო სატრანზიტო დერეფანთან. გზის მშენებლობის შედეგად მკვეთრად გაიზრდება ავტოტრანსპორტის მოძრაობა, საგრძნობლად გაუმჯობესდება მოძრაობის უსაფრთხოება, გაიზრდება გამტარუნარიანობა, გადაადგილების სიჩქარე და საქართველოზე გამავალი E-60, E-70 და TEN-T ქსელის Core Network-ის კონკურენტუნარიანობა სხვა დერეფნებთან მიმართებაში. პროექტი დაყოფილია ორ ლოტად (ლოტი 1 და ლოტი 2). ლოტი 1 იწყება პკ12+720-ით და მთავრდება პკ22+751-ზე. საავტომობილო გზის აღნიშნული მონაკვეთი გადის წკერეს გვირაბის პორტალიდან კობის კვეთამდე, სადაც ის უერთდება არსებულ საავტომობილო გზას. აღნიშნული მონაკვეთის მნიშვნელოვანი ელემენტია 9 კილომეტრიანი გვირაბი (გვირაბი №5). ლოტი 1 ითვალისწინებს საავარიო გალერეის მოწყობას გვირაბის პარალელურად, ასევე ტექნიკური შენობების მოწყობას როგორც ჩრდილოეთით ისე სამხრეთ პორტალებში და მასთან დაკავშირებულ სამუშაოებს. ლოტი 2 იწყება პკ0+000-ით და მთავრდება პკ12+720-ზე. ლოტი 2-ის მონაკვეთი ქვეშეთიდან კობამდე მოიცავს ოთხი გვირაბის მშენებლობას, საერთო სიგრძით 2.5 კმ. და 6 ხიდს. აღნიშნული მონაკვეთის ძირითადი ელემენტებია: ქვეშეთის შემოვლითი გზა (სიგრძე – 3.2 კმ); 6 ხიდი (27.8 მეტრიდან 435.28 მეტრამდე სიგრძის); 4 გვირაბი (193.42 – 1 540.64 მეტრი სიგრძის); 5 კვეთი (პკ 0 + 300, პკ 1 + 700, პკ 3 + 100, პკ 7 + 700, პკ 10 + 500); 3 დროებითი საავტომობილო გზა სამშენებლო სამუშაოებისათვის.

პროექტის განხორციელების მიზნით, დეპარტამენტის დაკვეთით, მომზადდა მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმა, რომელშიც გათვალისწინებულია პროექტის ზემოქმედების არეალში მოქცეული უძრავი ქონების მესაკუთრეებისთვის ქონების ღირებულებისა და საკომპენსაციო თანხების ანაზღაურების საკითხი.

მოლაპარაკების წარმოების მიუხედავად, დეპარტამენტის მიერ შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული ალექსანდრე ბურდულის (პ/ნ 16001004335), იამზე ბურდულის (პ/ნ 16001005318), ნათელა შალვაშვილის (პ/ნ 16001022183), ნინო ბურდულის (პ/ნ 16201033599) და სულიკო ბურდულის (პ/ნ 16001011187) თანასაკუთრებაში არსებულ დუშეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ არახვეთში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1364.00 კვ.მ მიწის ნაკვეთის (ს/კ N71.62.54.112) ნაწილის 642 კვ.მ-ის მასზე არსებული შენობა-ნაგებობის (ღობე) და მრავალწლიანი ნარგავების და დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ არახვეთში მდებარე 2510 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნაწილის – 284 კვ.მ-ის (ს/კ N71.62.54.777) და მასზე არსებული შენობა-ნაგებობის (ღობე) და მრავალწლიანი ნარგავების ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე.

დეპარტამენტის მიერ ასევე შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული ნელი ბენიაიძის (პ/ნ 01027085844) საკუთრებაში არსებულ დუშეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ბენიან-ბეგონში მდებარე 1500 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნაწილის – 397 კვ.მ მიწის ნაკვეთის (ს/კ N71.62.53.020) და მასზე არსებული ნარგავების ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მომართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ექსპროპრიაციის პროცედურის დაწყების შუამდგომლობით და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება მოითხოვა.

წარმოდგენილი განცხადების საფუძვლიანობის შემოწმებისა და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, მიზანშეწონილია დაკმაყოფილდეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შუამდგომლობა და დეპარტამენტს მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ დეპარტამენტის მიერ ხორციელდება საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის ქვეშეთი – კობის მონაკვეთის მშენებლობის პროექტი.

საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელი არახვეთში მდებარე 1364 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (ს/კ N71.62.54.112) და 2510 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (ს/კ N71.62.54.777) მიწის ნაკვეთების თანამესაკუთრეები არიან: ალექსანდრე ბურდული (პ/ნ 16001004335), იამზე ბურდული (პ/ნ 16001005318), ნათელა შალვაშვილი (პ/ნ 16001022183), ნინო ბურდული (პ/ნ 16201033599), სულიკო ბურდული (პ/ნ 16001011187).

დადგენილია, რომ პროექტით განსაზღვრული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა ალექსანდრე ბურდულის, იამზე ბურდულის, ნათელა შალვაშვილის, ნინო ბურდულის და სულიკო ბურდულის თანასაკუთრებაში არსებული ორი უძრავი ქონების ნაწილი, კერძოდ: 1364.00 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილი – 642 კვ.მ. და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა (ღობე), მრავალწლიანი ნარგავები, (ს/კ N71.62.54.112); 2510 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილი – 284 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა (ღობე), მრავალწლიანი ნარგავები (ს/კ N71.62.54.777).

საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ბენიან-ბეგონში მდებარე 1500 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ N71.62.53.020) მესაკუთრეა ნელი ბენიაიძე (პ/ნ 01027085844).

ასევე დადგენილია, რომ პროექტით განსაზღვრული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა ნელი ბენიაიძის საკუთრებაში არსებული 1500 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილი – 397 კვ.მ. და მასზე არსებული ნარგავები.

საკუთრების უფლების, ისევე როგორც სხვა ძირითადი უფლებების, სამართლებრივ გარანტიას, წარმოადგენს კონსტიტუცია. უშუალოდ საკუთრების უფლების კონკრეტული კონსტიტუციური გარანტია ასახულია კონსტიტუციის მე-19 მუხლში, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია". საკუთრების, როგორც ძირითადი უფლების გარანტია, პირველ რიგში, ნიშნავს თითოეული მესაკუთრის უფლებას თავი დაიცვას სახელმწიფოს გაუმართლებელი და სხვა პირების ნებისმიერი ჩარევისგან. თუმცა საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი ითვალისწინებს საჯარო ინტერესებისათვის ამ უფლების შეზღუდვას კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილების ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისგან“. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ საკუთრების ჩამორთმევაში იგულისხმება ექსპროპრიაცია, რომლის პირობები და წესი დადგენილია „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „ამ კანონის მიზანია, განსაზღვროს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება.“ ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, კი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება გზისა და მაგისტრალის გაყვანა-მშენებლობისათვის.

ვინაიდან, დეპარტამენტის მიერ ვერ ხერხდება პროექტის ფარგლებში მოქცეული უძრავი ქონების გამოსყიდვის თაობაზე კერძო მესაკუთრეებთან შეთანხმების მიღწევა, არსებობს ექსპროპრიაციის გზით საკუთრების უფლების ჩამორთმევის საჭიროება.

ამასთან, საექსპროპრიაციო ქონების ღირებულებასთან დაკავშირებით ექსპროპრიატორისა და ქონების მესაკუთრეების შეუთანხმებლობის საკითხის განხილვა/გადაწყვეტა არ წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უფლებამოსილებას. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით – „თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე ან კომპენსაციის სახით შეთავაზებული ქონების გადაცემაზე, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში განსჯადობის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით."

ამდენად, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის №1-1/159 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2021 წლის 26 ივლისის ოქმის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის ქვეშეთი–კობის მონაკვეთის მშენებლობის პროექტი ჩაითვალოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ – სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება, პროექტის არეალში მოქცეულ შემდეგ უძრავ ქონებაზე:

1.1 მდებარე დუშეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი არახვეთი, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მთლიანი ფართი 1364.00 კვ.მ, ს/კ71.62.54.112, საექსპროპრიაციო ფართი 642 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული ღობე, მრავალწლიანი ნარგავები, თანამესაკუთრეები: ალექსანდრე ბურდული (პ/ნ 16001004335), იამზე ბურდული (პ/ნ 16001005318), ნათელა შალვაშვილი (პ/ნ 16001022183), ნინო ბურდული (პ/ნ 16201033599), სულიკო ბურდული (პ/ნ 16001011187);

1.2 მდებარე დუშეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი არახვეთი, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მთლიანი ფართი 2510 კვ.მ, ს/კN71.62.54.777, საექსპროპრიაციო ფართი 284 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე არსებულ ღობე, მრავალწლიანი ნარგავები, თანამესაკუთრეები: ალექსანდრე ბურდული (პ/ნ 16001004335), იამზე ბურდული (პ/ნ 16001005318), ნათელა შალვაშვილი (პ/ნ 16001022183), ნინო ბურდული (პ/ნ 16201033599), სულიკო ბურდული (პ/ნ 16001011187);

1.3. მდებარე დუშეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი ბენიან-ბეგონი, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მთლიანი ფართი 1500 კვ.მ, საექსპროპრიაციო ფართი 397 კვ.მ მიწის ნაკვეთი მასზე არსებული ნარგავები, ს/კ N71.62.53.020, მესაკუთრე ნელი ბენიაიძე (პ/ნ 01027085844).

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი №64).