„საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 16 ივნისის №98 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 16 ივნისის №98 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 187
დოკუმენტის მიმღები სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
მიღების თარიღი 03/08/2021
დოკუმენტის ტიპი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/08/2021
სარეგისტრაციო კოდი 310150000.54.066.016231
187
03/08/2021
ვებგვერდი, 10/08/2021
310150000.54.066.016231
„საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 16 ივნისის №98 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
 

სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №187

2021 წლის 3 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 16 ივნისის №98 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ

მუხლი 1
„საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 16 ივნისის ბრძანებით (სსიპ – საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, 19/06/2017, 10150000.54.066.016119) დამტკიცებული „საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაცემის წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1 ქვეპუნქტი:

„გ1) „ეფექტური კონტროლი“ – პირის  ურთიერთდამოკიდებულება საწარმოსთან, რომელიც გამოიხატება, მათ შორის, უფლებებით, ხელშეკრულებებით ან ნებისმიერი სხვა სახით, რომლებიც ცალ-ცალკე ან ერთობლივად და სათანადო ფაქტობრივი მტკიცებულების ან კანონმდებლობის საფუძველზე, იძლევა საწარმოზე პირდაპირი თუ ირიბი გზით გადამწყვეტი ზეგავლენის განხორციელების შესაძლებლობას, შემდეგი საშუალებებით:

ა) უფლების მოპოვებით საწარმოს ყველა აქტივის ან მათი ნაწილის გამოყენებაზე; ან/და

ბ) გარიგებით ან უფლებით, რის საფუძველზეც გადამწყვეტი ზეგავლენა ხორციელდება    საწარმოს სტრუქტურულ შემადგენლობაზე, ხმის მიცემის პროცედურაზე ან საწარმოს სტრუქტურული ერთეულების მიერ გადაწყვეტილების მიღებაზე, ან რის საფუძველზეც სხვაგვარად ხორციელდება საწარმოს მართვაზე გადამწყვეტი ზეგავლენა.“.

2. მე-3 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაიცემა საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირზე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) მისი საქმიანობის ძირითადი ადგილია საქართველო;

ბ) საქართველოს მოქალაქე/მოქალაქეები ან/და საქართველოს სახელმწიფო ან/და საქართველოში დაფუძნებული იურიდიული პირი (რომლის დამფუძნებელი/დამფუძნებლები ან/და ხმის უფლების მქონე წილის ან აქციების 50%-ზე მეტის პირდაპირი ან არაპირდაპირი მფლობელი/მფლობელები არის/არიან საქართველოს მოქალაქე/მოქალაქეები, საქართველოს სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეული/ერთეულები), საკუთრების უფლებით ფლობს/ფლობენ მასში ხმის უფლების მქონე წილის ან აქციების 50%-ზე მეტს.

შენიშვნა: ამ მუხლის მიზნებისთვის, ხმის უფლების მქონე წილის ან აქციების 50%-ზე მეტის საკუთრების უფლებით ფლობა უნდა ითვალისწინებდეს, მათ შორის, მასზე ეფექტური კონტროლის განხორციელებას.

გ) მისი მთავარი საქმიანობაა კომერციული საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვა, რომელსაც იგი ახორციელებს ცალკე ან კომბინირებულად – საჰაერო ხომალდის სხვა სახის კომერციულ ექსპლუატაციასთან ან მის რემონტსა და ტექნიკურ მომსახურებასთან ერთად;

დ) ფლობს სააგენტოს მიერ გაცემულ მოქმედ ექსპლუატანტის სერტიფიკატს;

ე) გააჩნია საკმარისი ფინანსური რესურსები ავიაკომპანიის არსებული და პოტენციური ფინანსური ვალდებულებების შესასრულებლად საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციის დაწყებიდან 2 წლის განმავლობაში, პირველ 3 თვეში ექსპლუატაციიდან მიღებული შემოსავლის გაუთვალისწინებლად;

ვ) გადაწყვეტილების მიმღებ ხელმძღვანელ პირს არ აქვს ცუდი საქმიანი რეპუტაცია, რომელიც გულისხმობს მძიმე, განსაკუთრებით მძიმე ან ეკონომიკური ქმედებისთვის ან ისეთი ქმედებისთვის ნასამართლობას, რომელმაც მისი მმართველობის დროს საწარმოს გადახდისუუნარობა გამოიწვია.“

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ მუხლის მესამე პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის მოთხოვნებთან შესაბამისობის საკმარის მტკიცებულებად მიიჩნევა ცნობა ნასამართლობის შესახებ, მისი გაცემიდან 3 თვის განმავლობაში.“

გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნები არ ვრცელდება  „ბ“ კატეგორიის საწარმოზე, იმ პირობით, რომ აღნიშნული საწარმო დაასაბუთებს, რომ მისი წმინდა აქტივების ღირებულება შეადგენს სულ მცირე 100 000 ევროს ეკვივალენტს ეროვნულ ვალუტაში.“.

3. მე-6 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) ავიაგადამზიდველი ვეღარ აკმაყოფილებს ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნას;“

ბ) მე-4 პუნქტის ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) თუ ავიაგადამზიდველი ვეღარ აკმაყოფილებს ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის  „ა“ – „ე“  ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ნებისმიერ მოთხოვნას;“.

4. მე-9 მუხლი ამოღებულ იქნეს.

 

მუხლი 2
ავიაგადამზიდველებმა, რომლებიც ამ ბრძანების ამოქმედებამდე ფლობენ მოქმედ საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობას, უზრუნველყონ ამ წესის მოთხოვნებთან შესაბამისობა 2021 წლის 1 სექტემბრამდე.

 

მუხლი 3
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორილევან კარანაძე