"სამოქალაქო ან კომერციულ საქმეებზე მტკიცებულებათა საზღვარგარეთ მოპოვების შესახებ" კონვენცია

"სამოქალაქო ან კომერციულ საქმეებზე მტკიცებულებათა საზღვარგარეთ მოპოვების შესახებ" კონვენცია
დოკუმენტის ნომერი 326-1
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 05/03/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/08/2021
ძალაში შესვლის თარიღი 30/07/2021
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016660
326-1
05/03/2021
ვებგვერდი, 17/08/2021
480610000.03.030.016660
"სამოქალაქო ან კომერციულ საქმეებზე მტკიცებულებათა საზღვარგარეთ მოპოვების შესახებ" კონვენცია
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
 
 

 

 

სამოქალაქო ან კომერციულ საქმეებზე მტკიცებულებათა საზღვარგარეთ მოპოვების შესახებ

 კონვენცია

 

(დადებულია 1970 წლის 18 მარტს)

 


 

წინამდებარე კონვენციის ხელმომწერმა სახელმწიფოებმა,

 

სურთ რა, ხელი შეუწყონ სასამართლო დავალებების  მიწოდებას და შესრულებას და სასამართლო დავალებების შესრულების სხვადასხვა მეთოდის კიდევ უფრო შეჯერებას,

სურთ რა სამოქალაქო ან კომერციულ საქმეებზე სასამართლო თანამშრომლობის გაუმჯობესება,

გადაწყვიტეს, დადონ ამ მიზნით კონვენცია და შეთანხმდნენ შემდეგ დებულებებზე:


თავი I. დავალება

 

მუხლი 1.

სამოქალაქო ან კომერციულ საქმეებზე ხელშემკვრელი სახელმწიფოს სასამართლო ორგანოს უფლება აქვს, საკუთარი კანონმდებლობის შესაბამისად, სასამართლო დავალების საშუალებით, მტკიცებულებათა მოსაპოვებლად ან სხვა სასამართლო მოქმედების შესასრულებლად თხოვნით მიმართოს სხვა ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპეტენტურ  ორგანოს.

დავალება არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს იმ მტკიცებულებათა მოსაპოვებლად, რომლებიც  უკვე მიმდინარე ან მოსალოდნელი სასამართლო სამართალწარმოებისათვის არ არის საჭირო.

"სხვა სასამართლო მოქმედება" არ გულისხმობს  ისეთი სასამართლო დოკუმენტის პირისთვის ჩაბარებას ან ისეთი სასამართლო დოკუმენტის გამოცემას, რომლითაც სასამართლოს გადაწყვეტილების, განკარგულების, სარჩელის უზრუნველყოფის და სხვა დამცავი ზომის აღსრულება ხდება.

მუხლი 2.

ხელშემკვრელმა სახელმწიფომ უნდა განსაზღვროს ცენტრალური ორგანო, რომელიც სხვა ხელშემკვრელი სახელმწიფოს სასამართლო ხელისუფლების ორგანოსგან სასამართლო დავალებას მიიღებს და მას კომპეტენტურ  ორგანოს შესასრულებლად  გადაუგზავნის. თითოეული სახელმწიფო განსაზღვრავს ცენტრალურ ორგანოს საკუთარი კანონმდებლობის შესაბამისად.

დავალება ეგზავნება დავალების შემსრულებელი სახელმწიფოს ცენტრალურ ორგანოს უშუალოდ, ამავე სახელმწიფოს სხვა  ორგანოს შუამავლობის გარეშე.

მუხლი 3.

სასამართლო დავალებაში მიეთითება შემდეგი ინფორმაცია:

a) ორგანო, რომელიც სასამართლო დავალების შესრულებას ითხოვს და ორგანო, რომელსაც ეთხოვა სასამართლო დავალების შესრულება, თუ ასეთი ორგანო მომთხოვნი ორგანოსთვის ცნობილია;

b)  სასამართლო წარმოების მონაწილე მხარეებისა და მათი წარმომადგენლების, ასეთის არსებობის შემთხვევაში სახელები და მისამართები;

c) იმ სასამართლო წარმოების ხასიათი, რომლისთვისაც მოითხოვება მტკიცებულება, და ამ წარმოებასთან  დაკავშირებული ყველა საჭირო ინფორმაცია;

d)  მტკიცებულება, რომლის მოპოვებაც უნდა მოხდეს ან სასამართლო მოქმედება, რომელიც უნდა შესრულდეს.

საჭიროების შემთხვევაში, დავალებაში ყველაფერთან ერთად მიეთითება შემდეგი ინფორმაცია:

             e)   იმ პირების სახელები და მისამართები, რომლებსაც ჩვენება უნდა ჩამოერთვას;

f) კითხვები, რომლებიც  დასაკითხ პირს უნდა დაესვას ან იმ დავის საგნის აღწერა, რომლის შესახებ ის უნდა დაიკითხოს;

             g)  დოკუმენტები ან სხვა საკუთრება, უძრავი ან მოძრავი, რომელიც უნდა შემოწმდეს;

h) მოთხოვნა, რომ ჩვენება პირს ჩამოერთვას ფიცის ქვეშ ან უტყუარობის დამადასტურებელი სხვა ფორმით, და ნებისმიერი სხვა ფორმა, რომელიც გამოყენებული უნდა იქნეს;

i)   განსაკუთრებული მეთოდი ან პროცედურა, რომელიც უნდა იქნეს დაცული მე-9 მუხლის შესაბამისად.

დავალებაში შეიძლება ასევე მიეთითოს მე-11 მუხლის გამოსაყენებლად საჭირო ნებისმიერი სხვა ინფორმაცია.

დაუშვებელია ლეგალიზაციის ან სხვა მსგავსი ფორმალობის მოთხოვნა.

მუხლი 4.

სასამართლო დავალება დგება იმ ორგანოს სახელმწიფო ენაზე, რომელსაც ეთხოვა შესრულება ან მას თან უნდა დაერთოს ამ ენაზე შესრულებული თარგმანი.

თუმცა ხელშემკვრელი სახელმწიფო მიიღებს დავალებას შედგენილს ინგლისურ ან ფრანგულ ენაზე, ან ამ ენებიდან ერთ-ერთზე შესრულებულ თარგმანს, თუ მას 33-ე მუხლის შესაბამისად ამასთან დაკავშირებით დათქმა არ გაუკეთებია.

ხელშემკვრელმა სახელმწიფომ, რომელსაც აქვს ერთზე მეტი ოფიციალური ენა და, შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობიდან გამომდინარე, არ შეუძლია, მიიღოს დავალება ამ ენებიდან ერთ-ერთზე სახელმწიფოს მთელი ტერიტორიისთვის, დეკლარაციით უნდა განსაზღვროს ის ენა, რომელზეც დავალება ან მისი თარგმანი უნდა შესრულდეს ქვეყნის ტერიტორიის განსაზღვრულ ნაწილებში დავალების შესასრულებლად. საპატიო მიზეზის გარეშე, ასეთი დეკლარაციის მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საჭირო  ენაზე თარგმნის ხარჯები უნდა გაიღოს დავალების წარმოშობის სახელმწიფომ.

ხელშემკვრელ სახელმწიფოს უფლება აქვს დეკლარაციით განსაზღვროს ერთი ან რამდენიმე ენა, წინა პუნქტებში მითითებული ენების გარდა, რომელზეც  ცენტრალურ ორგანოს დავალება შეიძლება გაეგზავნოს.

დავალებას თანდართული თარგმანის სისწორე დამოწმებული უნდა იყოს დიპლომატიური ან საკონსულო თანამდებობის პირის, სასამართლო სხდომის თარჯიმნის ან სახელმწიფოს მიერ ამისთვის უფლებამოსილი ნებისმიერი სხვა პირის მიერ.

მუხლი 5.

თუ ცენტრალური ორგანო ჩათვლის, რომ მოთხოვნა არ შეესაბამება წინამდებარე კონვენციის დებულებებს, მან მიუღებლობის თაობაზე დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს დავალების წარმოშობის სახელმწიფოს იმ ორგანოს, რომელმაც სასამართლო დავალება გამოგზავნა.

მუხლი 6.

თუ ორგანო, რომელსაც სასამართლო დავალება გადაეგზავნა, მის შესრულებაზე უფლებამოსილი არ არის, დავალება  შემდგომ გადაეგზავნება იმავე სახელმწიფოს იმ ორგანოს, რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად უფლებამოსილია შეასრულოს დავალება.

მუხლი 7.

მომთხოვნ ორგანოს, მისი სურვილის შემთხვევაში, ეცნობება სამართალწარმოების განხორციელების  დრო და ადგილი, რათა დაინტერესებულმა  მხარეებმა და მათმა წარმომადგენლებმა, ასეთის არსებობის შემთხვევაში, შეძლონ მასზე დასწრება.  აღნიშნული ინფორმაცია ეგზავნება  უშუალოდ მხარეებს ან მათ წარმომადგენლებს, თუ დავალების წარმოშობის სახელმწიფო ამას მოითხოვს.

მუხლი 8.

ხელშემკვრელ სახელმწიფოს შეუძლია დეკლარაციით განაცხადოს, რომ სხვა ხელშემკვრელი სახელმწიფოს მომთხოვნი ორგანოს სასამართლოს თანამშრომლებს უფლება აქვთ, სასამართლო დავალების შესრულებას დაესწრონ. ამისთვის შესაძლოა დეკლარანტი  სახელმწიფოს მიერ დადგენილი  კომპეტენტური  ორგანოს წინასწარი თანხმობა იყოს საჭირო.

მუხლი 9.

სასამართლო ორგანო, რომელიც ასრულებს სასამართლო დავალებას, იყენებს საკუთარ კანონმდებლობას შესრულების მეთოდებისა და წარმოების მიმართ.

თუმცა სასამართლო ორგანო დაემორჩილება მომთხოვნი ორგანოს თხოვნას, მიმართოს  განსაკუთრებულ მეთოდს ან წარმოებას, თუ ეს არ ეწინააღმდეგება დავალების შემსრულებელი სახელმწიფოს შიდა კანონმდებლობას ან თუ მისი შესრულება არ არის შეუძლებელი შიდა საპროცესო ნორმების  და სამართალწარმოების გამო ან პრაქტიკული სირთულის მიზეზით.

სასამართლო დავალება სრულდება  დაჩქარებული წესით.

მუხლი 10.

სასამართლო დავალების შესრულებისას დავალების მიმღები ორგანო მიმართავს იძულების ზომებს იმ შემთხვევებსა და იმ ფარგლებში, რაც განსაზღვრულია შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით ამავე სახელმწიფოს ორგანოთა ბრძანებების ან შიდასახელმწიფოებრივი სამართალწარმოებისას მხარეების მიერ გაკეთებული შუამდგომლობების შესასრულებლად.

მუხლი 11.

სასამართლო დავალების შესრულებისას შესაბამის პირს უფლება აქვს, ჩვენების მიცემაზე უარი თქვას იმ მოცულობით, რამდენადაც მას იმუნიტეტი იცავს ან  ვალდებულება აქვს აღებული, უარი განაცხადოს ჩვენების მიცემაზე, თუ უარის უფლება გათვალისწინებულია:

             a) დავალების შემსრულებელი სახელმწიფოს კანონმდებლობით; ან

b) დავალების წარმოშობის სახელმწიფოს კანონმდებლობით და პრივილეგიის ან ვალდებულების შესახებ მითითებულია დავალებაში, ან დავალების მიმღები  ორგანოს მითითებით დავალების გამომგზავნმა ორგანომ მას ამის შესახებ დაუდასტურა.

ხელშემკვრელ სახელმწიფოს უფლება აქვს, დეკლარაციით განაცხადოს, რომ დეკლარაციაში მითითებული მოცულობით დამატებით  დაიცავს პირის პრივილეგიას და ვალდებულებებს, რომლებსაც დავალების  წარმოშობის და აღმასრულებელი სახელმწიფოების  კანონმდებლობების გარდა სხვა სახელმწიფოს კანონმდებლობა ითვალისწინებს.

მუხლი 12.

სასამართლო დავალების შესრულებაზე შეიძლება უარი ითქვას მხოლოდ იმ მოცულობით, რამდენადაც:

a) დავალების შემსრულებელ სახელმწიფოში კონკრეტული დავალების შესრულება არ შედის სასამართლო ხელისუფლების ფუნქციაში; ან

b) დავალების მიმღები სახელმწიფო თვლის, რომ დავალების შესრულება საფრთხეს უქმნის მის სუვერენიტეტსა და უშიშროებას.

დაუშვებელია დავალების შესრულებაზე უარი  მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ დავალების შემსრულებელი სახელმწიფოს განცხადებით მას გააჩნია დავის საგანზე განსაკუთრებული  განსჯადობა, შიდა კანონმდებლობის თანახმად,  ანდა შიდა კანონმდებლობის თანხმად სარჩელი დავის საგანზე დაუშვებელია.

მუხლი 13.

დავალების მიმღებმა ორგანომ სასამართლო დავალების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტები უნდა გაუგზავნოს მომთხოვნ ორგანოს იმავე არხების საშუალებით, რომლებიც ამ უკანასკნელმა გამოიყენა.

დავალების გამომგზავნ ორგანოს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს დავალების შეუსრულებლობის ან ნაწილობრივ შესრულების შესახებ, გამომწვევი მიზეზების მითითებით, იმავე არხების საშუალებით.

მუხლი 14.

სასამართლო დავალების შესრულებას არ უნდა მოჰყვეს გადასახადების ან ნებისმიერი სხვა ხარჯის ანაზღაურების ვალდებულება.

მიუხედავად ამისა, დავალების შემსრულებელ სახელმწიფოს უფლება აქვს, მოითხოვოს დავალების წარმოშობის  სახელმწიფოსგან ექსპერტებისა და თარჯიმნებისთვის გადახდილი თანხების ანაზღაურება, ასევე მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დავალების წარმოშობის სახელმწიფოს მიერ მოთხოვნილ განსაკუთრებულ წარმოებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება.

დავალების მიმღებ ორგანოს, რომლის კანონმდებლობა ავალდებულებს მხარეებს, თავად უზრუნველყონ მტკიცებულებების მოპოვება, და რომელსაც არ შეუძლია თავად შეასრულოს დავალება, შეუძლია მომთხოვნი ორგანოს თანხმობით განსაზღვროს დავალების შესასრულებლად შესაფერისი პირი. ამ თანხმობის მოპოვებისას დავალების მიმღებმა ორგანომ უნდა მიუთითოს ამ პროცედურის მოსალოდნელი ხარჯები. თუ დავალების გამომგზავნი ორგანო გასცემს თანხმობას, მან უნდა აანაზღაუროს გაწეული ხარჯები; ასეთი თანხმობის გარეშე დავალების გამომგზავნი  ორგანო არ არის ვალდებული, აანაზღაუროს ხარჯები.

თავი II. მტკიცებულებათა მოპოვება დიპლომატიურ ან საკონსულო თანამდებობის პირთა და საგანგებო რწმუნებულის მიერ

მუხლი 15.

სამოქალაქო ან კომერციულ საქმეებზე, ხელშემკვრელი სახელმწიფოს დიპლომატიურ ან საკონსულო თანამდებობის პირს უფლება აქვს, იმ სახელმწიფოს სასამართლოში დაწყებული სამართალწარმოების დასახმარებლად, რომელსაც ის წარმოადგენს, იძულების გარეშე მოიპოვოს მტკიცებულებები  იმ სახელმწიფოს მოქალაქეებისგან, რომელსაც ის წარმოადგენს  ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე და ქვეყნის იმ ნაწილში, რომელშიც იგი მოღვაწეობს.

ხელშემკვრელ სახელმწიფოს შეუძლია დეკლარაციით განაცხადოს, რომ  დიპლომატიურ ან საკონსულო თანამდებობის პირს უფლება აქვს, მოიპოვოს მტკიცებულება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამისთვის დეკლარანტი სახელმწიფოს მიერ დანიშნულ შესაბამის ორგანოს მიმართავს და მისგან მიიღებს ნებართვას.

მუხლი 16.

ხელშემკვრელი სახელმწიფოს დიპლომატიურ ან საკონსულო თანამდებობის პირს, იმ სახელმწიფოს სასამართლოში დაწყებული სამართალწარმოების დასახმარებლად, რომელსაც ის წარმოადგენს, უფლება აქვს, სხვა ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე და ქვეყნის იმ ნაწილში, რომელშიც ის მოღვაწეობს, იძულების გარეშე მოიპოვოს მტკიცებულება მესამე სახელმწიფოს მოქალაქეებისგან, ან იმ სახელმწიფოს მოქალაქეებისგან, რომელშიც მოღვაწეობს, თუ:

          a) იმ სახელმწიფოს მიერ დანიშნული კომპეტენტური ორგანო, რომელშიც მოღვაწეობს, მას საერთო ან კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებული ნებართვა მისცა და

          b) ის აკმაყოფილებს ამ კომპეტენტური  ორგანოს მიერ ნებართვაში განსაზღვრულ პირობებს.

ხელშემკვრელ სახელმწიფოს შეუძლია დეკლარაციით განაცხადოს, რომ ამ მუხლით გათვალისწინებული მტკიცებულების მოპოვების უფლება მისი წინასწარი ნებართვის გარეშე იყოს შესაძლებელი.

მუხლი 17.

სამოქალაქო ან კომერციულ საქმეებზე, ამ მიზნით საგანგებო რწმუნებულად  სათანადოდ დანიშნულ პირს უფლება აქვს, იძულების გარეშე, მოიპოვოს მტკიცებულება ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე, სხვა ხელშემკვრელი სახელმწიფოს სასამართლოში დაწყებული სამართალწარმოების დასახმარებლად, თუ:

a) იმ სახელმწიფოს მიერ დანიშნულმა კომპეტენტურმა  ორგანომ, რომელშიც მტკიცებულების მოპოვება უნდა მოხდეს, ზოგადად ან კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებული ნებართვა გასცა; და

b)  ის აკმაყოფილებს კომპეტენტური  ორგანოს მიერ ნებართვაში განსაზღვრულ პირობებს.

ხელშემკვრელ სახელმწიფოს შეუძლია დეკლარაციით განაცხადოს, რომ ამ მუხლით გათვალისწინებული მტკიცებულების მოპოვება მისი წინასწარი ნებართვის გარეშე იყოს შესაძლებელი.

მუხლი 18.

ხელშემკვრელ სახელმწიფოს შეუძლია დეკლარაციით განაცხადოს, რომ დიპლომატიური ან საკონსულო თანამდებობის პირი ანდა საგანგებო რწმუნებული, რომლებიც მე-15, მე-16 ან მე-17 მუხლების შესაბამისად უფლებამოსილნი არიან მოიპოვონ მტკიცებულება, შეუძლიათ, მიმართონ დეკლარანტი  სახელმწიფოს მიერ დადგენილ კომპეტენტურ ორგანოს, იძულების წესით მტკიცებულების მოპოვებისთვის დახმარების მისაღებად. დეკლარაციაში შეიძლება მოყვანილ იქნეს ისეთი პირობები, რომელთა  დაწესებას დეკლარანტი სახელმწიფო მიზანშეწონილად მიიჩნევს.

იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი ორგანო დააკმაყოფილებს მიმართვას, მან უნდა გამოიყენოს იძულების ნებისმიერი ზომა, რომელიც იქნება ადეკვატური და განსაზღვრულია საკუთარი კანონმდებლობით შიდა სამართალწარმოებისას გამოსაყენებლად.

მუხლი 19.

მე-15, მე-16 ან მე-17 მუხლებში განსაზღვრული ნებართვის გაცემისას ან მე-18 მუხლით განსაზღვრული მიმართვის დაკმაყოფილებისას, ასევე, კომპეტენტურ ორგანოს შეუძლია, განსაზღვროს ის პირობები, რომლებიც მიაჩნია მიზანშეწონილად, მათ შორის, მტკიცებულების მოპოვების დროისა და ადგილის გათვალისწინებით. კომპეტენტურ ორგანოს შეუძლია, მოითხოვოს, რომ მტკიცებულების მოპოვების დროის, თარიღისა და ადგილის შესახებ მას წინასწარ გონივრულ ვადაში ეცნობოს; ამ შემთხვევაში ამ ორგანოს წარმომადგენელს უფლება ეძლევა, დაესწროს მტკიცებულებათა მოპოვებას

მუხლი 20.

ამ თავის ნებისმიერი მუხლის შესაბამისად მტკიცებულებათა მოპოვებისას დაინტერესებულ პირებს უფლება აქვთ, ჰყავდეთ იურიდიული წარმომადგენელი.

მუხლი 21.

თუ დიპლომატიური ან საკონსულო თანამდებობის პირი ანდა საგანგებო რწმუნებული მე-15, მე-16 ან მე-17 მუხლების შესაბამისად უფლებამოსილია, მოიპოვოს მტკიცებულება:

a) მას უფლება აქვს მოიპოვოს ნებისმიერი სახის მტკიცებულება, რომელიც არ ეწინააღმდეგება იმ სახელმწიფოს კანონმდებლობას, სადაც ხდება მტკიცებულების მოპოვება ან არ მოდის წინააღმდეგობაში ზემოაღნიშნული მუხლების შესაბამისად გაცემულ ნებართვასთან; და ასევე უფლებამოსილია, დადგენილ ფარგლებში, პირს დაადებინოს ფიცი ან განახორციელოს ჩვენების უტყუარობის დამადასტურებელი სხვა პროცედურა.

b)  პირს გამოცხადების და ჩვენების მიცემის მოთხოვნა ეგზავნება  მტკიცებულების მოპოვების ადგილის ენაზე ან ამ ენაზე შესრულებულ თარგმანთან ერთად, თუ თხოვნის მიმღები პირი არ არის იმ სახელმწიფოს მოქალაქე, რომელშიც მიმდინარეობს სამართალწარმოება.

c)  მოთხოვნის საშუალებით პირს ეცნობება მისი უფლების შესახებ, ჰყავდეს იურიდიული წარმომადგენელი, ხოლო იმ სახელმწიფოში,  რომელსაც  მე-18 მუხლით გათვალისწინებული დეკლარაცია არ გაუკეთებია, ასევე ეცნობება  პირს მისი უფლების შესახებ, რომ მას არავინ აიძულებს გამოცხადდეს და მისცეს ჩვენება;

d)  მტკიცებულების მოპოვება ხდება იმ კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით, რომელიც გამოიყენება იმ სასამართლოში, სადაც მიმდინარეობს სამართალწარმოება, თუ ეს არ არის აკრძალული იმ ქვეყნის კანონმდებლობით, სადაც ხდება მტკიცებულების მოპოვება;

e) პირს, რომელსაც მოეთხოვება ჩვენების მიცემა, უფლება აქვს, გამოიყენოს მე-11 მუხლით გათვალისწინებული იმუნიტეტი  ან  ჩვენების არმიცემის მის მიერ აღებული ვალდებულება.

მუხლი 22.

ამ თავში განსაზღვრული წესით მტკიცებულების მოპოვების შეუძლებლობა პირის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის გამო არ აფერხებს, მტკიცებულების მოსაპოვებლად მიმართვა პირველი თავის შესაბამისად გაკეთდეს.

თავი III.  ზოგადი დებულებები

მუხლი 23.

ხელშემკვრელ სახელმწიფოს უფლება აქვს ხელმოწერის, რატიფიცირების ან შეერთების პროცესის ნებისმიერ ეტაპზე დეკლარაციით განაცხადოს, რომ არ შეასრულებს სასამართლო დავალებას, რომელიც გაცემულია წინასაპროცესო მოძიებისთვის, როგორც ეს გავრცელებულია საერთო სამართლის სისტემის ქვეყნებში.

მუხლი 24.

ხელშემკვრელ სახელმწიფოს უფლება აქვს, ცენტრალური ორგანოს გარდა, დამატებით დაადგინოს  სხვა  ორგანო და განსაზღვროს მისი უფლებამოსილების ფარგლები. მიუხედავად ამისა, სასამართლო დავალება  მხოლოდ ცენტრალურ ორგანოს ეგზავნება.

ფედერალური მოწყობის სახელმწიფოს  უფლება აქვს დაადგინოს ერთზე მეტი ცენტრალური ორგანო.

მუხლი 25.

ხელშემკვრელ სახელმწიფოს, რომელსაც აქვს ერთზე მეტი სამართლის სისტემა, უფლება აქვს, დაადგინოს კონკრეტული ორგანოები ერთ-ერთი ამ სისტემათაგან, რომლებსაც ექნება განსაკუთრებული უფლებამოსილება შეასრულოს სასამართლო დავალება ამ კონვენციის შესაბამისად.

მუხლი 26.

ხელშემკვრელ სახელმწიფოს, თუ მისი ორგანოების უფლებამოსილება კონსტიტუციით შეზღუდულია, უფლება აქვს, მოსთხოვს დავალების წარმოშობის სახელმწიფოს სასამართლო დავალების შესრულებასთან დაკავშირებული იმ მოსაკრებლებისა და ხარჯების ანაზღაურება, რომელიც დაკავშირებულია  პირისთვის უწყების ჩაბარებასთან მისი შესაბამის ორგანოში გამოცხადებისა და ჩვენების მიცემის უზრუნველსაყოფად, ასევე ამ პირის წარმოებაზე დასასწრებად და მტკიცებულების ასლების გასაკეთებლად.

თუ რომელიმე სახელმწიფო მოითხოვს წინა პუნქტით გათვალისწინებული ხარჯების ანაზღაურებას, მაშინ სხვა ნებისმიერ ხელშემკვრელ სახელმწიფოს უფლება ექნება, მოსთხოვოს ამ სახელმწიფოს ანალოგიური მოსაკრებლებისა და ხარჯების ანაზღაურება.

მუხლი 27.

წინამდებარე კონვენციის დებულებებმა არ უნდა შეზღუდოს ხელშემკვრელი სახელმწიფო იმისგან, რომ:

a) დეკლარაციით განაცხადოს, რომ მის სასამართლო ხელისუფლების ორგანოებს სასამართლო დავალებები მიეწოდოს  მე-2 მუხლით გათვალისწინებული არხების გარდა ასევე სხვა არხებით;

b) შიდა კანონმდებლობითა და საპროცესო ნორმებით დაადგინოს ამ კონვენციით გათვალისწინებული საპროცესო მოქმედების განხორციელების უფრო მსუბუქი პირობები;

c) შიდა კანონმდებლობითა და საპროცესო ნორმებით დაადგინოს მტკიცებულებათა მოპოვების ამ კონვენციისგან განსხვავებული წესი.

მუხლი 28.

წინამდებარე კონვენცია არ ზღუდავს ორ ან მეტ ხელშემკვრელ მხარეს, შეთანხმდნენ შემდეგი დებულებების მოქმედების გამორიცხვაზე:

             a)  მე-2 მუხლის დებულებები სასამართლო დავალების  გადაცემის წესის შესახებ;

              b)  მე-4 მუხლის დებულებები გამოსაყენებელ ენასთან დაკავშირებით;

c)  მე-8 მუხლის დებულებები დავალების შესრულებისას სასამართლო ორგანოს თანამშრომლის  დასწრებასთან დაკავშირებით;

d)  მე-11 მუხლის დებულებები მოწმეთა იმუნიტეტსა  და ჩვენების მიცემაზე უარის თქმის ვალდებულებასთან დაკავშირებით;

e)  მე-13 მუხლის დებულებები მომთხოვნი სახელმწიფოსთვის შესრულებული დავალების დაბრუნების წესთან დაკავშირებით;

             f)   მე-14 მუხლის დებულებები მოსაკრებლებთან  და ხარჯებთან დაკავშირებით;

             g)  II თავის დებულებები.

მუხლი 29.

წინამდებარე ხელშეკრულების მხარეებისთვის, რომლებიც ასევე არიან სამოქალაქო პროცესის შესახებ ჰააგის 1905 წლის 17 ივლისის და 1954 წლის 1-ლი მარტის ჰააგის კონვენციების მხარეები, ამ კონვენციამ უნდა ჩაანაცვლოს წინა კონვენციების მე-8--მე-16 მუხლები.

მუხლი 30.

წინამდებარე კონვენცია არ ეხება  1905 წლის კონვენციის 23-ე მუხლის ან 1954 წლის კონვენციის 24-ე მუხლის მოქმედებას.

მუხლი 31.

მხარეებს შორის არსებული 1905 და 1954 წლების კონვენციების დამატებითი შეთანხმებები   წინამდებარე კონვენციის მიმართ თანაბრად გამოიყენება, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდნენ.

მუხლი 32.

წინამდებარე კონვენციის 29-ე და 31-ე მუხლების დებულებებისთვის ზიანის მიყენების გარეშე, აღნიშნული კონვენცია არ შეიძლება შეიზღუდოს  იმ კონვენციების დებულებებით, რომლებიც მოიცავს წინამდებარე კონვენციით დარეგულირებულ საკითხებს, და რომლის  მონაწილეები არიან ან გახდებიან ხელშემკვრელი სახელმწიფოები.

მუხლი 33.

სახელმწიფოს შეუძლია ხელმოწერის, რატიფიცირების ან შეერთების პროცესში, ნაწილობრივ ან მთლიანად გამორიცხოს მე-4 მუხლის, მე-2 პუნქტისა და II თავის დებულებების მოქმედება. დაუშვებელია სხვა დათქმის გაკეთება. ყოველ ხელშემკვრელ სახელმწიფოს შეუძლია, ნებისმიერ დროს გააუქმოს გაკეთებული დათქმა; დათქმის მოქმედება წყდება გაუქმების შესახებ შეტყობინებიდან მესამოცე დღეს.

თუ სახელმწიფო აკეთებს დათქმას, ნებისმიერ სხვა სახელმწიფოს შეუძლია გამოიყენოს იგივე წესი დათქმის ავტორი სახელმწიფოს მიმართ.

მუხლი 34.

სახელმწიფოს შეუძლია ნებისმიერ დროს გააუქმოს ან შეცვალოს დეკლარაცია.

მუხლი 35.

ხელშემკვრელმა სახელმწიფომ, სარატიფიკაციო სიგელის ან შეერთების შესახებ სიგელის დეპონირების დროს ან მოგვიანებით უნდა შეატყობინოს ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს მე-2, მე-8, 24-ე და 25-ე მუხლების შესაბამისად ორგანოების განსაზღვრის თაობაზე.

ხელშემკვრელმა სახელმწიფომ, შესაბამისად, უნდა აცნობოს სამინისტროს შემდეგი:

a)  ის დადგენილი ორგანოები, რომლებსაც უნდა გაეგზავნოს შეტყობინება, და რომელთა ნებართვა შეიძლება გახდეს საჭირო და რომლებისგან დახმარების მიღება შეიძლება იქნეს მოთხოვილი  დიპლომატიური და საკონსულო თანამდებობის პირების მიერ მე-15, მე-16 და მე-18 მუხლების შესაბამისად მტკიცებულებათა მოპოვებისას;

b) ის დადგენილი ორგანოები, რომელთა ნებართვა შეიძლება იქნეს მოთხოვნილი მე-17 მუხლის შესაბამისად განსაკუთრებული რწმუნებულის მიერ მტკიცებულებათა მოპოვებისას, და რომლებსაც შეუძლია მე-18 მუხლით გათვალისწინებული დახმარების აღმოჩენა;

c)  მე-4, მე-8, მე-11, მე-15, მე-16, მე-17, მე-18, 23-ე და 27-ე მუხლებით გათვალისწინებული დეკლარაციები;

             d)  აღნიშნული დადგენილი ორგანოებისა და დეკლარაციების გაუქმება ან ცვლილება;

             e)  ნებისმიერი დათქმის გაუქმება.

მუხლი 36.

ნებისმიერი უთანხმოება, რომელიც შესაძლოა წარმოიშვას ხელშემკვრელ მხარეებს შორის წინამდებარე კონვენციის მოქმედებასთან დაკავშირებით, უნდა მოგვარდეს დიპლომატიური არხების მეშვეობით.

მუხლი 37.

წინადებარე კონვენცია ღიაა ხელმოსაწერად  ჰააგის საერთაშორისო კერძო სამართლის კონფერენციის მეთერთმეტე სესიაზე წარმოდგენილი სახელმწიფოებისთვის.

კონვენცია ექვემდებარება რატიფიცირებას და სარატიფიკაციო სიგელის დეპონირება ხდება ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროსთან.

მუხლი 38.

წინამდებარე კონვენცია ძალაში შედის 37-ე მუხლის მეორე პუნქტში მითითებული მესამე სარატიფიკაციო სიგელის დეპონირებიდან მესამოცე დღეს.

კონვენცია ძალაში შედის თითოეული ხელმომწერი სახელმწიფოსთვის, რომელიც მოგვიანებით გაუკეთებს მას რატიფიცირებას,  რატიფიცირების სიგელის დეპონირებიდან მესამოცე დღეს.

მუხლი 39.

ნებისმიერ სახელმწიფოს, რომელიც არ იყო წარმოდგენილი ჰააგის საერთაშორისო კერძო სამართლის  კონფერენციის მეთერთმეტე სესიაზე და არის ამ კონფერენციის ან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ან მისი რომელიმე  სპეციალიზებული სააგენტოს წევრი, ან საერთაშორისო სასამართლოს წესდების მხარე, შეუძლია მიუერთდეს წინამდებარე კონვენციას მას შემდეგ, რაც ის შევა ძალაში 38-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.

შეერთების შესახებ სიგელის დეპონირება ხდება  ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროსთან.  

კონვენცია, შეერთებული სახელმწიფოსთვის, ძალაში შედის შეერთების შესახებ სიგელის დეპონირებიდან მესამოცე დღეს.

შეერთება ძალაში შევა მხოლოდ შეერთებულ სახელმწიფოსა და იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოს შორის, რომელიც დეკლარაციით აღიარებს ამ სახელმწიფოს შეერთებას. ამ დეკლარაციის დეპონირება ხდება ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროსთან; სამინისტრო თავის მხრივ გადაუგზავნის დეკლარაციის დამოწმებულ ასლს თითოეულ ხელშემკვრელ სახელმწიფოს დიპლომატიური არხების მეშვეობით.

კონვენცია ძალაში შედის შეერთებულ სახელმწიფოსა და იმ სახელმწიფოს შორის, რომელმაც დეკლარაციით აღიარა შეერთება, აღიარების დეკლარაციის  დეპონირებიდან მესამოცე დღეს.

მუხლი 40.

ნებისმიერ სახელმწიფოს ხელმოწერის, რატიფიცირებისა და შეერთებისას შეუძლია, დეკლარაციით განაცხადოს, რომ წინამდებარე კონვენცია გავრცელდება მის მთელ იმ ტერიტორიაზე, რომელთა საერთაშორისო ურთიერთობებისთვის ის პასუხისმგებელია, ან ამ ტერიტორიებიდან  ერთ ან მეტზე. ეს დეკლარაცია ამოქმედდება  შესაბამისი სახელმწიფოსთვის კონვენციის ძალაში შესვლის დღიდან.

ამის შემდგომ ტერიტორიული მოქმედების ყოველი ახალი გაფართოება  ეცნობება ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს.

კონვენცია ძალაში შედის ასეთ გაფართოებაში აღნიშნული ტერიტორიებისთვის წინა პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინებიდან მესამოცე დღეს.

მუხლი 41.

წინამდებარე კონვენცია მოქმედებს ხუთი წლის განმავლობაში 38-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მისი ძალაში შესვლის დღიდან, მათ შორის იმ  სახელმწიფოებისთვის, რომლებმაც რატიფიცირება ან შეერთება მოგვიანებით გააკეთა.

თუ არ ხდება კონვენციის დენონსირება,  ავტომატურად განახლდება ყოველ ხუთ წელიწადში.

დენონსირების შესახებ უნდა ეცნობოს  ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს  ხუთწლიანი პერიოდის ამოწურვამდე არანაკლებ ექვსი თვით ადრე.

დენონსირება შეიძლება შეეხოს ქვეყნის გარკვეულ ტერიტორიას.

დენონსირება მოქმედებს მხოლოდ იმ სახელმწიფოსთან მიმართებით, რომელმაც გააკეთა ასეთი შეტყობინება. კონვენცია ძალაში რჩება სხვა ხელშემკვრელი სახელმწიფოებისთვის.

მუხლი 42.

ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტრო აცნობებს 37-ე მუხლით გათვალისწინებულ სახელმწიფოებს და სახელმწიფოებს, რომლებიც 39-ე მუხლის შესაბამისად მიუერთდნენ კონვენციას, შემდეგს:

              a) 37-ე მუხლში აღნიშნულ ხელმოწერებსა და რატიფიცირებას;

b)   წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლის თარიღს, 38-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად;

             c)   39-ე მუხლით გათვალიწინებული შეერთებების და მათი ძალაში შესვლის თარიღებს;

             d)  მე-40 მუხლით გათვალისწინებული გაფართოებებსა და მათი ძალაში შესვლის თარიღებს;

             e)  33-ე და 35-ე მუხლებით გათვალისწინებული ორგანოების დადგენას, დათქმებსა და დეკლარაციებს;

             f)  41-ე მუხლის მესამე პუნქტით გათვალისწინებულ დენონსირებას.

 

რის დასტურადაც შესაბამისად უფლებამოსილნი ქვემორე ხელმომწერნი ხელს აწერენ წინამდებარე კონვენციას.

 

შესრულებულია ქ. ჰააგაში, 1970 წლის 18 მარტს,  ინგლისურ და ფრანგულ ენებზე, რომლებსაც თანაბარი ძალა გააჩნიათ, ერთ პირად, რომელიც ინახება ნიდერლანდების სახელმწიფო არქივში, რომლის დამოწმებული ასლებიც დიპლომატიური არხების მეშვეობით ეგზავნება თითოეულ  სახელმწიფოს, რომელიც წარმოდგენილი იყო ჰააგის საერთაშორისო კერძო სამართლის  კონფერენციის მეთერთმეტე სესიაზე.