დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 184 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 27/07/2021 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/07/2021 |
სარეგისტრაციო კოდი | 200090000.22.033.017491 |
|
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
მუხლი 1.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, 200090000.22.033.016112) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
1. დანართი №III-034 და დანართი №III-035 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
2. 471 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 471. უცხოელი დასაბეგრი პირის მიერ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე დღგ-ის გამოანგარიშების, ბიუჯეტთან ანგარიშსწორების და მისი ინფორმირების წესი 1. ამ მუხლში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) უცხოელი დასაბეგრი პირი – დასაბეგრი პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული ან ჩვეულებრივ არ ცხოვრობს საქართველოში ან საქართველოში არ გააჩნია ფიქსირებული დაწესებულება, რომელიც მონაწილეობს ციფრული მომსახურების გაწევაში; ბ) ციფრული მომსახურება – ტელესაკომუნიკაციო მომსახურება ამ ინსტრუქციის №III-031 დანართის შესაბამისად, რადიო ან ტელესამაუწყებლო მომსახურება ამ ინსტრუქციის №III-032 დანართის შესაბამისად და ელექტრონულად გაწეული მომსახურება ამ ინსტრუქციის №III-033 დანართის შესაბამისად; გ) მომსახურების მიმღები – მომსახურების შემძენი ფიზიკური პირი, რომელიც: გ.ა) არ წარმოადგენს დასაბეგრ პირს; გ.ბ) წარმოადგენს დასაბეგრ პირს, თუმცა მის მიერ მიღებული მომსახურება არ უკავშირდება ამ დასაბეგრი პირის ეკონომიკურ საქმიანობას; დ) დღგ-ის პორტალი – შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე განთავსებული ელექტრონული პლატფორმა, რომლის მეშვეობითაც, უცხოელი დასაბეგრი პირი ასრულებს საგადასახადო ვალდებულებებს საქართველოში გაწეულ ციფრულ მომსახურებებთან მიმართებაში; ე) სააღრიცხვო დოკუმენტაცია – პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები; ვ) პირველადი საგადასახადო დოკუმენტი – დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. 2. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულების გარეშე, დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა უცხოელ დასაბეგრ პირს, თუ მის მიერ გაწეული ციფრული მომსახურების გაწევის ადგილს წარმოადგენს საქართველო და ეს ოპერაცია არ იბეგრება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლით გათვალისწინებული უკუდაბეგვრის წესით. აღნიშნული დასაბეგრი პირი, საქართველოში დღგ-ის ანგარიშგების და ბიუჯეტთან ანგარიშსწორების მიზნით, საქართველოს შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე არსებული დღგ-ის პორტალის საშუალებით, ავსებს სარეგისტრაციო ფორმას ამ ინსტრუქციის №III-034 დანართის შესაბამისად. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის გათვალისწინებით, მომსახურება საქართველოს ტერიტორიაზე გაწეულად ჩაითვლება, თუ კმაყოფილდება ქვემოთ ჩამოთვლილი ერთ-ერთი პირობა: ა) ფინანსური დაწესებულების (რომელშიც გახსნილია ანგარიში და გამოიყენება გაწეული მომსახურების ასანაზღაურებლად) ან ელექტრონული ფინანსური საშუალებების ოპერატორის (რომლის საშუალებითაც ხდება გადახდა) ადგილსამყოფელი არის საქართველო; ბ) მომსახურების მიმღების ადგილსამყოფელი არის საქართველო; გ) მომსახურების მიმღების მიერ მომსახურების შესაძენად გამოყენებული მოწყობილობის ქსელური მისამართი (IP) მდებარეობს საქართველოში; დ) მომსახურების შესაძენად/გადასახდელად გამოყენებული ქვეყნის სატელეფონო კოდი ეკუთვნის საქართველოს. 4. ამ მუხლის მიზნისათვის: ა) დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციას წარმოადგენს უცხოელი დასაბეგრი პირის მიერ ანაზღაურების სანაცვლოდ ციფრული მომსახურების გაწევა; ბ) დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის ციფრული მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება, დღგ-ის გარეშე; გ) დღგ-ის საანგარიშო პერიოდია კვარტალი, ანუ დროის მონაკვეთი: გ.ა) 1 იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით (I კვარტალი); გ.ბ) 1 აპრილიდან 30 ივნისის ჩათვლით (II კვარტალი); გ.გ) 1 ივლისიდან 30 სექტემბრის ჩათვლით (III კვარტალი); გ.დ) 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით (IV კვარტალი); დ) დღგ-ის განაკვეთი შეადგენს 18%-ს; ე) უცხოელი დასაბეგრი პირი საქართველოს ბიუჯეტის წინაშე წარმოშობილ საგადასახადო ვალდებულებას ასრულებს ქვემოთ ჩამოთვლილ ერთ-ერთ ვალუტაში, თავისი არჩევანის შესაბამისად: ე.ა) აშშ დოლარი; ე.ბ) ევრო; ე.გ) ლარი. 5. საქართველოს ტერიტორიაზე ციფრული მომსახურების გამწევი უცხოელი დასაბეგრი პირი ვალდებულია: ა) უზრუნველყოს მის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ციფრული მომსახურების გაწევის აღრიცხვა; ბ) საგადასახადო ვალდებულების სისწორის დადგენის მიზნით, შეინახოს სააღრიცხვო დოკუმენტაცია იმ წლის დასრულებიდან 3 წლის განმავლობაში, რომელშიც გაწეული იქნა მომსახურება; გ) შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე არსებული დღგ-ის პორტალის მეშვეობით, მისი პირადი გვერდიდან, ყოველ საანგარიშო პერიოდზე წარმოადგინოს საგადასახადო დეკლარაცია ამ ინსტრუქციის №III-035 დანართის შესაბამისად, არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 20 რიცხვისა და გადაიხადოს გადასახადი არაუგვიანეს ამავე თვის ბოლო დღისა. ამასთან, საგადასახადო ვალდებულების შესრულების თარიღად ითვლება გადახდილი თანხის სახაზინო სამსახურის შესაბამის ანგარიშზე ასახვის თარიღი. 6. უცხოელი დასაბეგრი პირების ინფორმირება დღგ-ის ვალდებულების შესახებ ხორციელდება საგადასახადო ორგანოს მიერ, საქართველოს შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე ინფორმაციის გამოქვეყნებით ან/და სხვა საშუალებებით. 7. უცხოელი დასაბეგრი პირის ინფორმირების დროს მიეთითება: ა) ის საკანონმდებლო ნორმები, რომლის საფუძველზეც უცხოელი დასაბეგრი პირი ვალდებულია გადაიხადოს დღგ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში, და ბ) შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე არსებული დღგ-ის პორტალის ელექტრონული მისამართი, რომლის მეშვეობითაც განახორციელებს დღგ-ის ანგარიშგებას. 8. უცხოელი დასაბეგრი პირის მიერ ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევა გამოიწვევს საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.“. 3. 112-მუხლის 41-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „41. ამ ინსტრუქციის 471 მუხლის მოქმედება შეჩერდეს 2021 წლის 1 ოქტომბრამდე.“
|
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები