,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

  • Word
,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 2
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 12/01/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 3, 13/01/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 01/07/2025
სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.10.003.001.214
  • Word
2
12/01/2009
სსმ, 3, 13/01/2009
010.240.030.10.003.001.214
,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №2

2009 წლის 12 იანვარი

ქ. თბილისი

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებით (სსმ III, 2005 წელი, №134, მუხლი 1479) დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) პოლიტიკური დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანაა საგარეო პოლიტიკის სტრატეგიული სახელმძღვანელო დოკუმენტების შემუშავება და განახლება, სამინისტროსათვის დროში გაწერილი სამოქმედო გეგმების შემუშავება,  საერთაშორისო მოვლენების სისტემატური ანალიზი, არსებული და პოტენციური საფრთხეების, რისკებისა და გამოწვევების შეფასება საგარეო პოლიტიკის სტრატეგიულ მიმართულებათა განსაზღვრისა და რეკომენდაციების შემუშავების მიზნით;

ბ) უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანაა, კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში (ნატო) ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა და კოორდინირება; სტრატეგიულ-კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; ახალ საფრთხეებსა და გამოწვევებთან დაკავშირებულ გარემოებათა ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება; უსაფრთხოების სფეროში უცხოეთის ქვეყნებთან მრავალმხრივ საფუძველზე თანამშრომლობა; კომპეტენციის ფარგლებში განიარაღებისა და შეიარაღების კონტროლის სფეროში საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის უზრუნველყოფა;

გ) ევროინტეგრაციის დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანაა კომპეტენციის ფარგლებში ევროკავშირთან საქართველოს თანამიმდევრული და სრული ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა და კოორდინაცია; ამ მიზნით სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან, საქართველოს სხვადასხვა უწყებასა და ორგანიზაციასთან თანამშრომლობის უზრუნველყოფა; საქართველო-ევროკავშირის პოლიტიკური დიალოგის განვითარება; საქართველო-ევროკავშირის პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების რეალიზაციისა და საქართველოს კანონმდებლობის ევროპის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის პროცესის ხელშეწყობა; ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ფარგლებში მჭიდრო თანამშრომლობა;

დ) ევროპულ საქმეთა დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანაა ევროპის ქვეყნებთან საქართველოს პარტნიორული, მეგობრული და ურთიერთსასარგებლო ურთიერთობის განვითარება, ევროპის ქვეყნებთან პოლიტიკური, ეკონომიკური, სამხედრო-პოლიტიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული თანამშრომლობის ხელშეწყობა; ამ მიზნით ევროპის ქვეყნებში მიმდინარე პროცესებისა და საგარეო პოლიტიკის მიმართულებათა შესწავლის საფუძველზე წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება;

ე) ამერიკის დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანაა ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის, აგრეთვე კანადასთან, მექსიკასთან, ცენტრალური და ლათინური ამერიკის ქვეყნებთან მეგობრული და ურთიერთსასარგებლო ურთიერთობის ჩამოყალიბება და განვითარება, მათთან პოლიტიკური, ეკონომიკური, სამხედრო-პოლიტიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული თანამშრომლობის ხელშეწყობა; ამ მიზნით მიმდინარე პროცესებისა და საგარეო პოლიტიკის მიმართულებების შესწავლის საფუძველზე წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება;

ვ) საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანაა ეუთოს, გაეროსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვა; საქართველოს მიერ საერთაშორისო ასპარეზზე უფრო სრულყოფილი და მიზანმიმართული ღონისძიებების განსახორციელებლად, საქართველოში არსებული კონფლიქტების მოგვარების ხელშეწყობის მიზნითა და საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს პოზიციის მხარდასაჭერად საერთაშორისო საზოგადოების აზრის კონსოლიდაცია, სათანადო დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავება;

ზ) საერთაშორისო ეკონომიკურ, კულტურულ და ჰუმანიტარულ ურთიერთობათა დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანაა ორმხრივი, მრავალმხრივი და რეგიონალური ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა; ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე უცხოეთის სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის საკითხებზე წინადადებათა და რეკომენდაციათა შემუშავება; დიპლომატიურ საშუალებათა გამოყენება უცხოური საინვესტიციო კაპიტალისა და ტექნიკური დახმარების მოზიდვისათვის; სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ეროვნული, რეგიონალური და საერთაშორისო საინვესტიციო პროექტების რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე უცხოურ ბაზრებზე ქართული ექსპორტისათვის ბაზარზე დაშვების ხელსაყრელი პირობების მიღწევის მიზნით; საერთაშორისო კულტურულ, სამეცნიერო და საგანმანათლებლო თანამშრომლობაში საქართველოს მაქსიმალურად ჩართვისა და კულტურულ-საგანმანათლებლო გაცვლების ხელშეწყობა; კომპეტენციის ფარგლებში საზღვარგარეთ არსებული საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და დიასპორებთან კავშირების სფეროებში საზღვარგარეთის ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობათა განვითარების ხელშეწყობა; გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციასთან (UNESCO) თანამშრომლობის კოორდინაცია;

თ) საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანაა საქართველოს საგარეო ურთიერთობათა საერთაშორისო-სამართლებრივი უზრუნველყოფა, საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ საერთაშორისო ხელშეკრულებათა პროექტებისა და სხვა საერთაშორისო-სამართლებრივი აქტების სამართლებრივი ექსპერტიზა; საქართველოს სხვადასხვა უწყების მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებათა დადებასთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინაცია; საქართველოს ყველა საერთაშორისო ხელშეკრულებათა აღრიცხვა, სისტემატიზაცია და დედნების დაცვა-შენახვა;

ი) პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანაა საზოგადოებისა და მასმედიისათვის სამინისტროს პოლიტიკისა და პრიორიტეტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, ბრიფინგებისა და სამინისტროს ვებგვერდის საინფორმაციო უზრუნველყოფა და ორგანიზება, სამინისტროს განცხადებებისა და სხვა საინფორმაციო ხასიათის დოკუმენტების მომზადება-გავრცელება; საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ მისიებთან ინფორმაციის ურთიერთგაცვლის უზრუნველყოფა; მსოფლიოს წამყვანი მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა ყოველდღიური მონიტორინგი და სპეციალური საინფორმაციო-ანალიტიკური მასალების მომზადება მათ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით;

კ) დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანაა სამინისტროს საქმიანობის პროტოკოლური უზრუნველყოფა, უმაღლესი დონის სახელმწიფო და სამთავრობო დელეგაციათა ვიზიტების მომზადება-გამართვა, საზღვარგარეთის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების, მათი მოადგილეების, ელჩების, საერთაშორისო ორგანიზაციათა ხელმძღვანელებისა და მათი წარმომადგენლების, აგრეთვე საქართველოს მაღალი დონის დელეგაციების, საგარეო საქმეთა მინისტრის, მისი მოადგილეების საზღვარგარეთის ქვეყნებში ოფიციალური და სამუშაო ვიზიტების ორგანიზება; საქართველოში საზღვარგარეთის დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მისიების თანამშრომელთა იმუნიტეტისა და პრივილეგიების დაცვის კონტროლი, აგრეთვე საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან მუშაობის პროტოკოლური უზრუნველყოფა;

ლ) საკონსულო დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანაა საზღვარგარეთის სახელმწიფოებთან საქართველოს საკონსულო ურთიერთობის წარმართვა და საქართველოს საკონსულო დაწესებულებათა საქმიანობის კოორდინაცია; საქართველოს საკონსულო ურთიერთობათა სრულყოფა და გაფართოება; საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირების უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის უზრუნველყოფა; საზღვარგარეთის სახელმწიფოებთან საქართველოს სავიზო ურთიერთობის შესწავლა და საქართველოს სავიზო პოლიტიკის თაობაზე წინადადებათა შემუშავება; საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და საქართველოს მოქალაქის პასპორტების გაცემა, მათში ცვლილებების შეტანა და გაუქმება; საქართველოს ვიზების გაცემა, მათი მოქმედების ვადის გაგრძელება, მათში ცვლილებების შეტანა და გაუქმება;

მ) ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანაა სამინისტროს სისტემის ადამიანური რესურსების მართვის ოპტიმიზაციის შესახებ წინადადებათა შემუშავება; თავისი უფლებამოსილების ფარგლებში სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა დადგენილი წესის შესაბამისად დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების (გადაყვანის), გათავისუფლების, დისციპლინური წესით დასჯისა და წახალისების, შვებულების, მივლინებისა და როტაციის წესით სამუშაო მივლინების შესახებ ბრძანების პროექტის მომზადება; დიპლომატიური რანგების მინიჭების დადგენილი წესის განუხრელად დაცვის უზრუნველყოფა; დიპლომატიური სამსახურისათვის კადრების მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ერთიანი სისტემის შექმნა; სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა და რეზერვში მყოფ პირთა პირადი საქმეების შედგენა-წარმოება; სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა კონკურსებისა და ატესტაციის გამართვის უზრუნველყოფა, მოხელეთა რეზერვის ფორმირება და მიზნობრივი გამოყენება; სამინისტროში სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლისათვის საჭირო ღონისძიებათა განხორციელება;

ნ) საორგანიზაციო საქმეთა დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანაა სამინისტროს ორგანიზაციული და ადმინისტრაციული საქმიანობის უზრუნველყოფა, რაც მოიცავს მინისტრის თათბირებისა და სხდომების ორგანიზებას, სამინისტროს ხელმძღვანელ პირთა საკონტროლო დავალებათა შესრულებას, მინისტრის სამუშაო გრაფიკის შედგენასა და შესრულების ორგანიზაციულ უზრუნველყოფას, მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი კომისიებისა და საბჭოების სხდომების მომზადებასა და ოქმების შედგენას; საქმისწარმოების ფუნქციების განხორციელებას; დეპარტამენტი უზრუნველყოფს სამინისტროში სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის კონტროლს;

ო) შიდა აუდიტის სამსახური, რომლის ძირითადი ამოცანაა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და საზღვარგარეთ სამინისტროს ქვედანაყოფების, აგრეთვე სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გაწეული ხარჯების კანონიერებისა და მიზნობრიობის კონტროლი; სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებთან დაკავშირებით შემოსული განცხადებებისა და საჩივრების განხილვა და შესაბამისი დასკვნების მომზადება; სამინისტროს სისტემის ფარგლებში მონიტორინგისა და აუდიტორული სამუშაოს განხორციელება, აღნიშნულის საფუძველზე შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება; ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვისა და მატერიალურ ფასეულობათა დანიშნულებისამებრ გამოყენების საკითხების შესწავლა;

პ) საფინანსო-ეკონომიკური სამსახური, რომლის ძირითადი ამოცანაა სამინისტროს სისტემის ფინანსური უზრუნველყოფა, სამინისტროს ბიუჯეტის დაგეგმვა და ფორმირება, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით, დამტკიცებული გეგმის ფარგლებში, საზღვარგარეთის ქვეყნებში არსებული საქართველოს დიპლომატიური დაწესებულებების დაფინანსება და საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივად გამოყენების კონტროლის პროცედურების უზრუნველყოფა; სამინისტროში ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების წარმოება; „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სამინისტროს სისტემის საჭიროებისათვის საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოთა შესყიდვის დაგეგმვა, განხორციელება და კონტროლი; სამინისტროს სისტემის ფინანსური წესრიგის უზრუნველსაყოფად სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და წარდგენა დასამტკიცებლად; სამინისტროს სისტემის სამუშაო პირობების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა, სამინისტროს უძრავი და მოძრავი ქონების აღრიცხვა და კონტროლი; დაპროექტების, მშენებლობის, მიმდინარე კაპიტალური შეკეთებისა და სარეკონსტრუქციო სამუშაოთა ორგანიზება და მათი ტექნიკური ზედამხედველობა; სამინისტროს ერთიანი საინფორმაციო-კომპიუტერულ მონაცემთა ბაზის შექმნა, ინფორმაციის დაცვის თანამედროვე პროგრამული და ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფა, სამინისტროს ლოკალური კომპიუტერული ქსელის მომსახურება;

ჟ) დსთ-ის ქვეყნებთან ურთიერთობების დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანაა დსთ-ის ქვეყნებში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებისა და ამ ქვეყნების საგარეო პოლიტიკის მიმართულებების შესწავლის საფუძველზე, დსთ-ის ქვეყნების მიმართ საქართველოს პოლიტიკისა და ურთიერთობის წარმართვის, ამ სფეროში პრიორიტეტების განსაზღვრისა და კორექტირების შესახებ რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადება საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პრეზიდენტისათვის წარსადგენად; დსთ-ის ქვეყნებთან საქართველოს კავშირურთიერთობის განხორციელების უზრუნველყოფა;

რ) აზიის, აფრიკის, ავსტრალიისა და ოკეანეთის ქვეყნების დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანაა საქართველოს საგარეო-ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელების მიზნით აზიის, აფრიკის, ავსტრალიისა და წყნარი ოკეანიის ქვეყნებთან ეკონომიკურ ურთიერთობათა განვითარების დიპლომატიური უზრუნველყოფისა და კოორდინაციის განხორციელება, აღნიშნულ ქვეყნებთან საგარეო-პოლიტიკურ ურთიერთობათა პრიორიტეტების განსაზღვრის შესახებ რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავება;

ს) იურიდიულ საკითხთა და პარლამენტთან ურთიერთობის სამსახური, რომლის ძირითადი ამოცანაა სამინისტროს სისტემის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა, სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად დიპლომატიური სამსახურის მომწესრიგებელი კანონპროექტებისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება; საქართველოს მთავრობასა და საქართველოს პარლამენტთან ურთიერთობის კოორდინაცია, სამინისტროს საპარლამენტო მდივნისათვის „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელების ხელშეწყობა.“.

    მუხლი 2.

დადგენილება ამოქმედდეს 2009 წლის 12 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრი გ. მგალობლიშვილი