„ინსპექტირებას დაქვემდებარებულ ობიექტებზე შესვლისა და შემოწმების (ინსპექტირების) წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 თებერვლის №99 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ინსპექტირებას დაქვემდებარებულ ობიექტებზე შესვლისა და შემოწმების (ინსპექტირების) წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 თებერვლის №99 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 333
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 08/07/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/07/2021
სარეგისტრაციო კოდი 270000000.10.003.022888
333
08/07/2021
ვებგვერდი, 09/07/2021
270000000.10.003.022888
„ინსპექტირებას დაქვემდებარებულ ობიექტებზე შესვლისა და შემოწმების (ინსპექტირების) წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 თებერვლის №99 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №333

2021 წლის 8 ივლისი

ქ. თბილისი

 

„ინსპექტირებას დაქვემდებარებულ ობიექტებზე შესვლისა და შემოწმების (ინსპექტირების) წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 თებერვლის №99 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ინსპექტირებას დაქვემდებარებულ ობიექტებზე შესვლისა და შემოწმების (ინსპექტირების) წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 თებერვლის №99 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 13/02/2020, 270000000.10.003.021808) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-5 პუნქტისა და „შრომის ინსპექციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „ინსპექტირებას დაქვემდებარებულ ობიექტებზე შესვლისა და შემოწმების (ინსპექტირების) წესი და პირობები.“.

2. დადგენილებით დამტკიცებულიინსპექტირებას დაქვემდებარებულ ობიექტებზე შესვლისა და შემოწმების (ინსპექტირების) წესისა და პირობების“:

ა) პირველი მუხლის:

ა.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ეს წესი განსაზღვრავს საწარმოში/ორგანიზაციაში (შემდგომში – ინსპექტირების ობიექტი) დასაქმებულთა და სხვა პირთა მიმართ შრომითი ნორმების ეფექტიან გამოყენებაზე სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესსა და პირობებს (შემდგომში – ინსპექტირების წესი), ადგენს ინსპექტირების ობიექტზე შრომითი ნორმების დაცვის კუთხით სახელმწიფო კონტროლის, მათ შორის, ინსპექტირებისა და მასთან დაკავშირებული საქმისწარმოების ძირითად პრინციპებს, მოთხოვნებსა და პროცედურებს.“;

ა.ბ) მე-3 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. ამ წესის მოქმედება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროზე, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურზე, საქართველოს დაზვერვის სამსახურზე, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და მათდამი დაქვემდებარებულ უწყებებზე ვრცელდება „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და „შრომის ინსპექციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ ფარგლებში.“;

ბ) მე-2 მუხლის:

ბ.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ინსპექტირების ობიექტი (შემდგომში – ობიექტი) – ფიზიკური ან იურიდიული პირი ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, ასევე სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, რომელიც ექვემდებარება შრომითი ნორმების დაცვის შემოწმების ზედამხედველობას, „შრომის ინსპექციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;“;

ბ.ბ) „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) სახელმწიფო კონტროლი – შრომითი ნორმების ეფექტიანად გამოყენების უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი სამართლებრივი მექანიზმების გამოყენება, რომლებიც მოიცავს ამ სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის თავიდან აცილების (პრევენციული) ღონისძიებების განხორციელებას, ამ მოთხოვნათა შესრულების კონტროლს, ობიექტის შემოწმებასა და აღმოჩენილ დარღვევებზე რეაგირებისათვის შესაბამისი ღონისძიებების გატარებას;

ზ) ინსპექტირება – ობიექტზე შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ შრომითი ნორმების შემოწმებაზე სახელმწიფო კონტროლის განხორციელება;“;

ბ.გ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) ინფორმაციის შეგროვება/დამუშავება – ინსპექტირების განხორციელების მიზნით, ობიექტის საქმიანობის შესახებ, „შრომის ინსპექციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში, ნებისმიერი კატეგორიის ინფორმაციის მოპოვება,  ვიზუალური დათვალიერება, გაცნობა, გამოთხოვა, ამოღება და ა.შ., რომელიც შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს როგორც შემოწმების ჩატარების შესახებ გადაწყვეტილების, ისე შესაბამისი რეაგირების ზომების მისაღებად;“;

ბ.დ) „კ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტები:

„ლ) შრომითი ნორმები − საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“, „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, სამუშაო ადგილზე იძულებითი შრომის − ტრეფიკინგის ამკრძალავი საქართველოს კანონმდებლობის ნორმები, საქართველოს მთავრობის დადგენილებების, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებების, შრომითი უფლებებისა და შრომის პირობების შესახებ საქართველოს სხვა ნებისმიერი ნორმატიული აქტის, შრომითი ხელშეკრულებების, კოლექტიური შრომითი ხელშეკრულებების, აგრეთვე კოლექტიური დავების ფარგლებში მედიაციის შედეგად მიღწეული შეთანხმებებისა და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ნორმები;

მ) დაინტერესებული პირი − დასაქმებული, რომლის მიმართაც დაირღვა შრომითი ნორმებით გათვალისწინებული უფლება ან სხვა დასაქმებული, რომელიც მუშაობს იმავე დამსაქმებელთან და რომლისთვისაც ცნობილი გახდა დასაქმებულის მიმართ შრომითი ნორმებით გათვალისწინებული უფლების დარღვევის ფაქტი; „პროფესიული კავშირების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული მიზნებითა და დადგენილი წესით შექმნილი დასაქმებულთა გაერთიანება; საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი.“;

გ) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 3. სახელმწიფო კონტროლის მიზნებისა და მექანიზმების განსაზღვრა

1. სახელმწიფო კონტროლის მიზანია დამსაქმებელთა, დასაქმებულთა თუ ობიექტზე მყოფ სხვა პირთა შრომითი ნორმების ეფექტიანი დამკვიდრების, ხელშეწყობისა და გამოყენების მიზნით, შრომითი ნორმებით დადგენილი წესების შესრულების უზრუნველყოფა.

2. შრომითი ნორმების შესრულებაზე სახელმწიფო კონტროლი ხორციელდება სხვადასხვა სამართლებრივი მექანიზმის გამოყენებით, კერძოდ:

ა) შრომითი ნორმების მოთხოვნათა ნებაყოფლობითი შესრულების ხელშეწყობითა და ობიექტის ინფორმირებით;

ბ) შრომითი ნორმებისა და სტანდარტების ნებაყოფლობით შესრულების წამახალისებელი პირობების შექმნის გზით;

გ) შრომითი ნორმების მოთხოვნათა შესრულებაზე ინსპექტირების განხორციელებით;

დ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე შესაბამისი ადმინისტრაციული ზომების გატარებით.“;

დ) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 4. სახელმწიფო კონტროლის განხორციელების ძირითადი პრინციპები

სახელმწიფო კონტროლის განხორციელების დროს შრომის ინსპექცია იყენებს შემდეგ პრინციპებს:

ა) ობიექტების კანონიერი უფლებების დაცვის უზრუნველყოფა;

ბ) დარღვევათა გამოვლენისას პრევენციულ ღონისძიებათა უპირატესი გამოყენება;

გ) ანალოგიურ გარემოებათა არსებობისას ყველა დამრღვევის მიმართ ერთნაირი მეთოდების გამოყენება;

დ) შრომის ინსპექციის მიერ მისი საქმიანობის განხორციელებისას გამჭვირვალობა;

ე) სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, ობიექტებთან, საზოგადოებასა და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობა;

ვ) სხვა ქვეყნების შესაბამის სამსახურებთან, საზოგადოებრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა.“;

ე) მე-5 მუხლის:

ე.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ინსპექტირების განხორციელების მიზნით, შრომის ინსპექცია უფლებამოსილია:

ა) წინასწარი შეტყობინების გარეშე, დღე-ღამის ნებისმიერ დროს შევიდეს ინსპექტირებისადმი დაქვემდებარებულ ნებისმიერ სამუშაო ადგილზე ან სამუშაო სივრცეში;

ბ) სასამართლოს მიერ გაცემული ბრძანების საფუძველზე, წინასწარი შეტყობინების გარეშე, დღე-ღამის ნებისმიერ დროს შევიდეს ნებისმიერ შენობაში/სივრცეში, თუ აქვს საფუძველი გონივრული ეჭვისთვის, რომ არსებობს იძულებითი შრომის ან შრომითი ექსპლუატაციის შემთხვევა;

გ) მოითხოვოს საჭირო ვადით სამუშაო ადგილის, სამუშაო სივრცის ან მისი ნებისმიერი ნაწილის ხელშეუხებლობა, რაც გონივრულობის ფარგლებში აუცილებელია სამუშაო ადგილზე ან სამუშაო სივრცეში ინსპექტირების განსახორციელებლად;

დ) მოიძიოს, გამოითხოვოს და გამოიკვლიოს ნებისმიერი მასალა, ნივთი ან/და ნივთიერება, რომელიც დაკავშირებულია შესაძლო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევასთან ან/და ნებისმიერი ინფორმაცია ან დოკუმენტი, რომელსაც შრომის ინსპექტორი ინსპექტირების განსახორციელებლად გონივრულობის ფარგლებში აუცილებლად მიიჩნევს;

ე) ინსპექტირების მიზნებისთვის დალუქოს ან/და ამოიღოს ამ მუხლის საფუძველზე წარმოდგენილი ნებისმიერი მასალა, ნივთი, ნივთიერება ან დოკუმენტი ან გადაიღოს ასლი. დალუქვასთან ან/და ამოღებასთან დაკავშირებული პროცედურები, მათ შორის, დალუქვის ვადები განისაზღვრება მასალის, დოკუმენტის ან ნივთის დალუქვის ან/და ამოღების შესახებ მინისტრის სამართლებრივი აქტით;

ვ) აიღოს ნებისმიერი მასალის, ნივთის, ნივთიერების ან ატმოსფერული ჰაერის ნიმუში;

ზ) განახორციელოს აზომვა, ფოტოგადაღება, ვიდეოგადაღება, აწარმოოს ჩანაწერები, გააკეთოს ამონაწერი;

თ) გამოჰკითხოს სამუშაო ადგილზე ან სამუშაო სივრცეში მყოფი ნებისმიერი პირი. შრომის ინსპექტორი უფლებამოსილი არ არის, აღნიშნულ პირს მოსთხოვოს ისეთი ინფორმაციის მიწოდება, რომლის საფუძველზედაც შესაძლებელია ამ პირის მხილება; 

ი) კონფიდენციალურობის დაცვის პირობით შრომის ინსპექციის სამსახურში მიიწვიოს დამსაქმებელი, დასაქმებული ან ნებისმიერი სხვა პირი და გაესაუბროს მას;  

კ) შეამოწმოს ან დაათვალიეროს დამსაქმებლის სამუშაო ადგილი ან სამუშაო სივრცე, მასალა, მანქანა-დანადგარი ან ნებისმიერი სხვა მოწყობილობა ან/და ხელსაწყო;

ლ) ინსპექტირებისადმი დაქვემდებარებულ სამუშაო ადგილზე ან სამუშაო სივრცეში მყოფ ნებისმიერ პირს მოსთხოვოს ამ პირის განკარგულებაში არსებული მასალის, ნივთის, ნივთიერების ან დოკუმენტის გადაცემა ან/და ნებისმიერ დოკუმენტში არსებული ჩანაწერის განმარტება, რასაც შრომის ინსპექტორი ინსპექტირების განსახორციელებლად გონივრულობის ფარგლებში აუცილებლად მიიჩნევს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ის დამსაქმებლის სამუშაო ადგილზე ან სამუშაო სივრცეში;

მ) საჭიროების შემთხვევაში, გამოიყენოს შესაბამისი თარჯიმნის ან ტექნიკური ექსპერტის დახმარება;

ნ) საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“, „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „შრომის ინსპექციის შესახებ“ საქართველოს კანონის ფარგლებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოსცეს ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, გამოიყენოს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომა და გასცეს შესაბამისი მითითებები.“;

ე.ბ) მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ობიექტზე წარმომადგენელი პირისგან/პირებისგან  დოკუმენტაციის გამოთხოვა;“;

ვ) მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 6.  ინსპექტირების სახეები და მიმართულებები

1. შრომითი ნორმების დაცვის შემოწმების მიზნით, ობიექტზე შესაძლებელია, განხორციელდეს ინსპექტირება და განმეორებითი ინსპექტირება (რეინსპექტირება).

2. ობიექტის ინსპექტირება შესაძლებელია, განხორციელდეს ნაწილობრივ, კონკრეტული საკითხების შესწავლის მიზნით (ნაწილობრივი ინსპექტირება) ან სრულად, ობიექტზე არსებული დარღვევების სრულყოფილად შესწავლის მიზნით (ინსპექტირება).

3. ინსპექტირების განმახორციელებელი პირის მიერ ინსპექტირების ჩატარების წესი, პირობები და ვადა განსაზღვრულია „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის,  „შრომის ინსპექციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესისა და ამ დადგენილების შესაბამისად.

4. ინსპექტირება მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:

ა) ობიექტების შემოწმებას შრომითი ნორმების დაცვის შემოწმების მიზნით;

ბ) უბედური შემთხვევების მოკვლევისას, უბედური შემთხვევის გამომწვევი ფაქტორების იდენტიფიცირებასა და ასევე სამუშაო ადგილებზე დასაქმებულთა პროფესიული დაავადებების ფაქტების გამოვლენას;

გ) ადამიანთა ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ფაქტების გამოვლენის მიზნით, ინსპექტირების განხორციელებასა და, გონივრული ეჭვის არსებობის შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურების ინფორმირებას;

დ) შრომითი ნორმების მოქმედების სფეროში გამოვლენილ დარღვევებზე პრევენციული ღონისძიებების გატარებას; ასევე ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) საფრთხეების შესახებ დამსაქმებელთა და დასაქმებულთა კონსულტირებასა და ინფორმირებას.“;

ზ) მე-7 მუხლის:

ზ.ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ობიექტის შესახებ ინფორმაციის შეგროვების წყარო შესაძლებელია, იყოს დაინტერესებული პირის საჩივარი, მოქალაქის განცხადება, მასმედიის/პრესის, ონლაინსაშუალებების ან სხვა სახის ინფორმაცია, რომელიც ცნობილი გახდა შრომის ინსპექციის უფლებამოსილი პირისთვის.“;

ზ.ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. შრომის ინსპექტორი ვალდებულია, დაიცვას მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას მოპოვებული ინფორმაციის კონფიდენციალურობა, კერძოდ, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, არ გაამჟღავნოს ინფორმაცია, საჩივრის ავტორის (გარდა შრომის ინსპექტორის მიერ ინფორმაციის თავისი უშუალო ხელმძღვანელისთვის მიწოდების შემთხვევისა) ან/და გამოკითხულ პირთა ვინაობა, საჩივრის შინაარსი, რომელიც მისთვის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გახდა ცნობილი.“;

ზ.გ) მე-8 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი:

„9. გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ინსპექტირების განხორციელებისას, შრომის ინსპექციის სამსახური არ უთითებს, რომ ინსპექტირება საჩივრის საფუძველზე დაიწყო.“;

თ) მე-8 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ობიექტზე ინსპექტირებისას ამავე ინსპექტირების წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების გარდა, შრომის ინსპექტირების ჯგუფს შეუძლია, განახორციელოს შემდეგი მოქმედებები:

ა) ობიექტის მიერ განხორციელებული თვითმონიტორინგის შედეგების, მათ შორის, საფრთხეების იდენტიფიცირებისა და რისკების შეფასების შესახებ ნებისმიერი ინფორმაციის შემოწმება;

ბ) შრომის უსაფრთხოების სფეროსთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტების (მათ შორის, ჟურნალების, ინსტრუქტაჟებისა და სხვა დოკუმენტაციის) გაცნობა, დასაქმებულთა ნებისმიერი სამუშაო ადგილის დათვალიერება, დასაქმებულთა მუშაობისათვის განკუთვნილი მოწყობილობებისა და იარაღების, სატრანსპორტო საშუალებების, სხვა ნივთებისა და საგნების, დასაქმებულთა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების დათვალიერება და გაცნობა. საჭიროების შემთხვევაში, დოკუმენტაციის ასლების მოთხოვნა;

გ) ობიექტის ტერიტორიაზე ყველა იმ შენობა-ნაგებობისა და მოწყობილობების შემოწმება, სადაც შესაძლებელია, მოხვდნენ დასაქმებულები ან/და სხვა პირები (გარდა საქართველოს კანონმდებლობით დაწესებული გამონაკლისებისა);

დ) საჭიროების შემთხვევაში, ობიექტის ტერიტორიაზე ან მის მიმდებარედ შესაბამისი გაზომვების წარმოება და შესაბამისი სინჯების აღება, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.“;

ი) მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 9. ობიექტზე შესვლისას შრომის ინსპექტორის უფლებამოსილებანი

ინსპექტირების პროცესში ინსპექტირების განმახორციელებელი პირი, ამავე ინსპექტირების წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოქმედებების გარდა, შრომის უსაფრთხოების სფეროში ინსპექტირებისას ასევე უფლებამოსილია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში,  განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები:

ა) შეამოწმოს ობიექტის საწარმოო პროცესის ნებისმიერი ასპექტი ობიექტის ტერიტორიაზე, მათ შორის, ნებისმიერი შენობა-ნაგებობა და მოწყობილობა, სადაც დასაქმებულებს/სხვა პირებს (მათ შორის, მესამე პირებს) უხდებათ ყოფნა;

ბ) დასვას კითხვები შრომის უსაფრთხოების სფეროს მიკუთვნებულ ნებისმიერ საკითხზე და ობიექტზე შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვასთან დაკავშირებული ნებისმიერი პირის მიმართ;

გ) ობიექტის უფლებამოსილი პირისგან მოითხოვოს მოცემულ ობიექტზე მიმდინარე საქმიანობის შესაბამისი, შრომის უსაფრთხოების სფეროსთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტი, რომელიც აუცილებელია მის მიერ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ეფექტიანად განსახორციელებლად, აგრეთვე დოკუმენტის ასლის გადაღება ან ამონაწერის გაკეთება;

დ) მოიძიოს და გამოავლინოს ყველა ის ფაქტი და გარემოება, რომელიც შრომის უსაფრთხოების სფეროს უკავშირდება, მათ შორის:

დ.ა) ინფორმაცია იმ საწარმოო პროცესების შესახებ, რომლებიც უკავშირდება შრომის უსაფრთხოების საკითხებს;

დ.ბ) დასაქმებული პირების შესახებ ინფორმაცია;

დ.გ) დასაქმებულთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხისშემცველი ფაქტორების შესახებ ინფორმაცია;

დ.დ) ინფორმაცია პროფესიული დაავადებების შესახებ (მათ შორის, გამომწვევი მიზეზების დადგენის მიზნით, მიიწვიოს შესაბამისი სპეციალისტი ან მოითხოვოს შესაბამისი დასკვნა, გაცემული შესაბამისი პროფილის სამედიცინო-კვლევითი დაწესებულების მიერ);

დ.ე) ინფორმაცია უბედური შემთხვევის გამომწვევი მიზეზების შესახებ (მათ შორის, მოითხოვოს შესაბამისი ორგანოს – სახელმწიფო საექსპერტო ბიუროს, კერძო საექსპერტო დაწესებულების,  სხვა ორგანოს ან/და დაწესებულების მიერ გაცემული სათანადო დასკვნა (ასეთის არსებობის შემთხვევაში));

ე) მიმართოს ობიექტის ხელმძღვანელს ან უფლებამოსილ წარმომადგენელს ობიექტის ზოგიერთი საქმიანობის შეზღუდვის თაობაზე, თუ აღნიშნულ საქმიანობას შეუძლია, მყისიერი საფრთხე შეუქმნას დასაქმებულის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას. აღნიშნულმა ქმედებებმა არ უნდა გამოიწვიოს ავარიული სიტუაციების შექმნა;

ვ) საჭიროების შემთხვევაში, ობიექტს მისცეს შესაბამისი რეკომენდაციები ან მოსთხოვოს დარღვევათა აღმოსაფხვრელი სავალდებულო ღონისძიებების გატარება.“;

კ) მე-13 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ობიექტის შემოწმების დაწყებიდან შემოწმების ხანგრძლივობა ერთ ობიექტზე შეადგენს არა უმეტეს 7 კალენდარულ დღეს. აუცილებლობის შემთხვევაში, თუ შემოწმების გაუგრძელებლობით შესაძლოა, საფრთხე შეექმნას დასაქმებულის შრომითი ნორმების დაცვას, ობიექტის შემოწმებაზე უფლებამოსილი პირის ან მისი უშუალო ხელმძღვანელის დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე, ეს ვადა შეიძლება, გაგრძელდეს დამატებით არა უმეტეს 7 კალენდარული დღის ვადით, შრომის ინსპექციის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით.“;

ლ) მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ფოტოები და ვიდეოჩანაწერი გამოიყენება როგორც ვიზუალური მტკიცებულებები ობიექტზე არსებული სიტუაციის აღწერისათვის, ასევე როგორც მტკიცებულებები ობიექტის მიერ შრომითი ნორმების დაცვის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის ან შეუსაბამობის დასადგენად.“;

მ) 21-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ინსპექტირების განმახორციელებელ პირს (პირებს), შრომითი ნორმების მოქმედების სფეროში დარღვევის გამოვლენის მიზნით, უფლება აქვს (აქვთ), მოითხოვოს (მოითხოვონ) ობიექტის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის სათანადო ასლების წარდგენა, როგორც თავად ინსპექტირების პროცესში, ასევე ინსპექტირების დასრულების შემდგომ.“;

ნ) 22-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 22. შრომის ინსპექციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება

1. შრომის უსაფრთხოების სფეროში ინსპექტირების განხორციელების შემდგომ შრომის ინსპექციის უფლებამოსილი პირი იღებს გადაწყვეტილებას:

ა) ობიექტზე არსებითი/არაარსებითი დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსებისა და შესაბამისი სახდელის დაკისრების (პირველ შემთხვევაში – გაფრთხილება/ჯარიმა, განმეორებითი შემოწმების დროს – ჯარიმა)  შესახებ;

ბ) კრიტიკული დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში – თუ ობიექტის ინსპექტირების დროს გამოვლინდა დარღვევები, რომლებმაც შესაძლოა, მყისიერი საფრთხე შეუქმნას დასაქმებულთა სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას – დისკრეციულად, სამუშაო პროცესის სრული ან ნაწილობრივი შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება. ობიექტის როგორც სრული, ასევე ნაწილობრივი შეჩერების საკითხი უნდა შეთანხმდეს შრომის ინსპექციის ხელმძღვანელთან.

2.  საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსისა“ და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შრომითი ნორმების დარღვევისათვის, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, ინსპექციის უფლებამოსილი პირი, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ შესაბამისად, იღებს გადაწყვეტილებას:

ა) გაფრთხილების თაობაზე;

ბ) ჯარიმის შესახებ.“;

ო) 25-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით განსაზღვრული გონივრული ვადის გასვლის შემდგომ, უნდა განხორციელდეს ობიექტის გადამოწმება შრომითი ნორმებით დადგენილი წესის შესაბამისად.“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი