საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საერთაშორისო კომბინირებული ტვირთების გადაზიდვის შესახებ შეთანხმება

საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საერთაშორისო კომბინირებული ტვირთების გადაზიდვის შესახებ შეთანხმება
დოკუმენტის ნომერი 18-194
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 19/07/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/07/2021
ძალაში შესვლის თარიღი 21/05/2021
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016643
18-194
19/07/2016
ვებგვერდი, 14/07/2021
480610000.03.030.016643
საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საერთაშორისო კომბინირებული ტვირთების გადაზიდვის შესახებ შეთანხმება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
 
 

 

საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას

 

შორის საერთაშორისო კომბინირებული ტვირთების გადაზიდვის

შესახებ შეთანხმება


საქართველოს მთავრობა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობა (შემდგომში „ხელშემკვრელ მხარეებად“, მხოლობით რიცხვში „ხელშემკვრელ მხარედ“ წოდებულნი)

სურთ რა გაამარტივონ საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვა,

მხედველობაში იღებენ რა, რომ საერთაშორისო კომბინირებული გადაზიდვის სფეროში თანამშრომლობა წარმოადგენს მნიშვნელოვან წინაპირობას ხელშემკვრელ მხარეებს შორის ვაჭრობის განვითარებისათვის,

აცნობიერებენ რა საჭიროებას, ხელი შეუწყონ თანამედროვე სარკინიგზო და საზღვაო გადაზიდვების სისტემას საგზაო სისტემის დამატებით, ალტერნატიული გადაწყვეტილების უზრუნველყოფის მიზნით, სოციალური, ეკონომიკური და გარემოსდაცვითი სარგებლით,

სწამთ რა, რომ კომბინირებული გადაზიდვის სისტემას აქვს მაღალი პოტენციალი და შესაძლებლობა გაამარტივოს საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვა,

მიუთითებენ რა საერთაშორისო კომბინირებული ტვირთების გადაზიდვასთან დაკავშირებულ საერთაშორისო ხელშეკრულებებზე,

შეთანხმდნენ შემდეგზე:

 

მუხლი 1

ფარგლები

(1) წინამდებარე შეთანხმება მოიცავს ტვირთების საერთაშორისო კომბინირებულ გადაზიდვას სარკინიგზო, საზღვაო და/ან საავტომობილო გზით, რომელიც ხორციელდება ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე რეგისტრირებული სატრანსოპორტო საშუალებით, ხელშემკვრელი მხარეების სახელმწიფოს ტერიტორიებს შორის, ან ტრანზიტს ერთი ან ორივე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიის გავლით.

(2) წინამდებარე შეთანხმება გავლენას არ ახდენს ხელშემკვრელ მხარეთა უფლებებსა და მოვალეობებზე, რომელიც გამომდინარეობს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან, რომელთა მხარეებიც არიან ისინი.

 

მუხლი 2

განმარტებები

წინამდებარე შეთანხმების მიზნებისათვის:

a) ინტერმოდალური სატვირთო გადაზიდვა  ტვირთის გადაადგილება ერთი და იგივე სატვირთო ერთეულში ან სატრანსპორტო საშუალებაში, ტრანსპორტის თანმიმდევრული სახეობით მისი შეცვლისას ტვირთის ხელშეუხებლად;

b) კომბინირებული სატვირთო გადაზიდვა – ტვირთის ინტერმოდალური გადაზიდვა, როდესაც გადაზიდვის ძირითადი ნაწილი ხორციელდება რკინიგზით ან ზღვით და საგზაო გადაზიდვის ნებისმიერი საწყისი და/ან ბოლო ნაწილი არის რაც შეიძლება მოკლე;

c) ავტოსატრანსპორტო საშუალება – ძრავიანი ავტოსატრანსპორტო საშუალება ცალკე აღებული ან მისი კომბინაცია მისაბმელით ან ნახევარმისაბმელით, რომელიც რეგისტრირებულია ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე, განკუთვნილია საავტომობილო გზით ტვირთების გადაზიდვისათვის და იმყოფება გადამზიდველის განკარგვაში საკუთრების სახით, ან ქირავნობის ან ლიზინგის ხელშეკრულების თანახმად;

d) ინტერმოდალური/კომბინირებული გადაზიდვის სატვირთო ერთეული – ნებისმიერი კონტეინერი (რომლის სიგრძეც არ უნდა იყოს 20 ფუტზე ნაკლები), მოსახსნელი ძარა, ნახევარმისაბმელი/მისაბმელი, სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალება, ან ინტერმოდალური გადაზიდვისათვის შესაფერისი ვაგონი;

e) კომბინირებული სატვირთო ტერმინალი – საზღვაო პორტის ტერიტორია ან სარკინიგზო ქსელი, სადაც შესაძლებელია სატრანსპორტო სახეობის შეცვლა;

f) გადაზიდვა კომბინირებულ სატვირთო ტერმინალში/დან – ინტერმოდალური/კომბინირებული გადაზიდვის სატვირთო ერთეულის გადაადგილება თითოეული ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე სასაზღვრო-გამტარი პუნქტიდან ან საწყისი პუნქტიდან უახლოეს სარკინიგზო ტერმინალამდე ან საზღვაო ნავსადგურამდე გზად; საგზაო ან სარკინიგზო გადაადგილება სარკინიგზო ტერმინალიდან ან საზღვაო ნავსადგურიდან გზად მდებარე უახლოეს სასაზღვრო-გამტარ პუნქტამდე ან საბოლოო დანიშნულების პუნქტამდე;

g) თანმხლები კომბინირებული გადაზიდვა – საგზაო ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაზიდვა, რომელსაც თან ახლავს მძღოლი სხვა ავტოსატრანსპორტო სახეობით;

h) კომბინირებული გადაზიდვა თანმხლების გარეშე – საგზაო ავტოსატრანსპორტო საშუალების ან მისაბმელის გადაზიდვა, რომელსაც თან არ ახლავს მძღოლი სხვა ავტოსატრანსპორტო სახეობით;

i) ნებართვა – დოკუმენტი (ნებართვის ან ავტორიზაციის სახით), რომელიც გაცემულია ერთ-ერთ ხელშემკვრელი მხარის მიერ მეორე მხარის მიერ რეგისტრირებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, რათა ავტოსატრანსპორტო საშუალება შევიდეს და დატოვოს ან იმგზავროს ამ უკანასკნელის ტერიტორიის გავლით;

j) პრემიუმ ნებართვა – დოკუმენტი, რომელიც შესაძლებლობას აძლევს გადამზიდავს შეასრულოს სატვირთო გადაზიდვა საგზაო გადასახადების/გზით სარგებლობის მოსაკრებლების გარეშე კომბინირებული ტვირთების გადაზიდვის სისტემაში;

k) ხელშემკვრელი მხარეების სახელმწიფო საზღვრები – საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრები;

l) ერთობლივი კომიტეტი – „საერთაშორისო კომბინირებული გადაზიდვების შესახებ ერთობლივი კომიტეტი“, რომელიც დაფუძნებულია წინამდებარე შეთანხმების მე-8 მუხლის დებულებების შესაბამისად;

m) გადამზიდავი – ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც უფლებამოსილია დაქირავებული, შესყიდული ან ლიზინგით აღებული ნებისმიერი სატვირთო ერთეულით გადაიყვანოს მგზავრები და გადაზიდოს ტვირთი, ხელშემკვრელ მხარეთა კანონების, რეგულაციებისა და წესების შესაბამისად;

n) ავტოსატრანსპორტო საშუალების მაქსიმალური წონა – დატვირთული ან დაუტვირთავი ავტოსატრანსპორტო საშუალების დასაშვები წონა.

 

მუხლი 3

კომპეტენტური უწყება

წინამდებარე შეთანხმებაში, ხელშემკვრელ მხარეთა კომპეტენტურ უწყებებს წარმოადგენენ:

 საქართველოში, „ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო“,

– თურქეთში, „ტრანსპორტის, საზღვაო საქმეთა და კომუნიკაციების სამინისტრო“.

 

მუხლი 4

თანმხლები კომბინირებული სატვირთო გადაზიდვა

(1) რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებით ტვირთის გადაზიდვის ოპერაციები, რომელიც იწყება ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე მდებარე სასაზღვრო-გამტარი პუნქტიდან ან სხვა ნებისმიერი სატვირთო პუნქტიდან და სრულდება მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე მდებარე კომბინირებული გადაზიდვის ტერმინალში (ან/და უკუმიმართულებით) უნდა შესრულდეს შეუფერხებლად ნებართვის/პრემიუმ ნებართვის საფუძველზე. ნებართვა უნდა მოიცავდეს ფრაზებს იმის შესახებ „საგზაო გადასახადები/გზების გამომყენებლების მოსაკრებელი გადაიხდება თუ არა“ და ასეთი ფრაზები მოქმედია მხოლოდ კომბინირებული გადაზიდვის ოპერაციებისთვის.

(2) ამ მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრული თანმხლები კომბინირებული სატვირთო გადაზიდვის ოპერაციებისათვის გამოშვებული წლიური ნებართვების/პრემიუმ ნებართვების რაოდენობა განისაზღვრება ხელშემკვრელ მხარეთა საერთო კომიტეტის შეხვედრებზე ნაცვალგების საფუძველზე ნებისმიერი ცვლილება ნებართვის/პრემიუმ ნებართვის პირობაში უნდა გაკეთდეს ხელშემკვრელი მხარეების გადაზიდვების მოთხოვნების გათვალისწინებით.

 

მუხლი 5

კომბინირებული სატვირთო გადაზიდვა თანმხლების გარეშე

(1) ინტერმოდალური გადაზიდვის სატვირთო ერთეულის გადაზიდვა ორ კომბინირებულ სატვირთო ტერმინალს შორის, რომელიც მდებარეობს ერთ-ერთ ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე, განხორციელდება მხოლოდ ამ ხელშემკვრელ მხარეში რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებით.

(2) ინტერმოდალური გადაზიდვის სატვირთო ერთეულის გადაზიდვა ორ კომბინირებულ სატვირთო ტერმინალს შორის, რომელიც მდებარეობს ერთ-ერთ ხელშეკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე, შეიძლება განხორციელდეს მეორე ხელშემკვრელ მხარეში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებით დამატებითი ნებართვის საფუძველზე, რომელიც ნაცვალგების საფუძველზე შესაძლოა გაიცეს იმ ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური უწყების მიერ, სადაც ხდება გადაზიდვა.

(3) გადამზიდველს შეუძლია კომბინირებული ტვირთის გადაზიდვის თანხლების გარეშე განხორციელება ტერმინალებში/ტერმინალებიდან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის უფლებამოსილია ტვირთის გამგზავნის ან კომბინირებული გადაზიდვის კომპანიის მიერ.

(4) კომბინირებული სატვირთო ტერმინალები, რომლებიც განკუთვნილია ამგვარი გადაზიდვების ოპერაციებისთვის განისაზღვრება ერთობლივი კომიტეტის შეხვედრებზე.

 

მუხლი 6

სახელმწიფო საზღვრის კვეთა

(1) ნებართვა, რომელიც იძლევა გადაზიდვის უფლებას კომბინირებული სატვირთო ერთეულებისათვის, უნდა ინახებოდეს ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც ჩატვირთულია ვაგონში ან გემზე, სხვა დოკუმენტებთან ერთად, ძალაში მყოფი საერთაშორისო ხელშეკრულებების თანახმად.

დოკუმენტები, რომლებიც უფლებას იძლევა კომბინირებული ტვირთის გადაზიდვის განხორციელების ინახება სატრანსპორტო საშუალებაში მთელი მოგზაურობის დროს და მოთხოვნის საფუძველზე უნდა წარედგინოს ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურ უწყებას.

ამგვარი ნებართვის არქონის შემთხვევაში, ეს ავტოსატრანსპორტო საშუალება ჩაითვლება არაუფლებამოსილად და არ მიეცემა სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის უფლება.

ნებართვის დოკუმენტში შეტანილი ნებისმიერი უკანონო ცვლილება გამოიწვევს ამ ნებართვის ანულირებას. ასეთი ნებართვა უნდა გაუქმდეს შესაბამისად.

(2) უზრუნველყოფილია რა წინამდებარე შეთანხმების მეოთხე მუხლის პირველი პუნქტის დებულების შესრულება, კომპეტენტური უწყებები გასცემენ გადაზიდვის დოკუმენტს, რომელიც ნებას რთავს გადამზიდავს ან მომსახურების მიმწოდებელს განახორციელონ კომბინირებული ტვირთის გადაზიდვა სასაზღვრო- გამტარ პუნქტში, ხოლო ტვირთი გადაიზიდება კომბინირებული ტვირთის სატრანსპორტო საშუალებით. თითოეული ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიის დატოვებისას სავალდებულოა, რომ ბორტზე ინახებოდეს ყველა შესაბამისი დოკუმენტი (CIM-SMGS ზედნადები ან ნებისმიერი სხვა დოკუმენტი), რომელიც კომბინირებული გადაზიდვის ოპერაციების განხორციელების უფლებას იძლევა.

(3) თითოეული ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე შესვლისას ან გასვლისას ავტოსატრანსპორტო საშუალებები, ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც ახორციელებენ კომბინირებული ტვირთების გადაზიდვას, ისევე როგორც გადაზიდული ტვირთები, შემოწმებას გაივლიან მოცემული ხელშემკვრელი მხარის შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის დებულებების შესაბამისად.

(4) გადამზიდავი ან მომსახურების მიმწოდებელი და მათი ეკიპაჟი იმოქმედებს ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობისა და ინსტრუქციების შესაბამისად.

(5) ხელშემკვრელი მხარეები, საერთაშორისო ნორმების შესაბამისად, შეეცდებიან, რომ მატარებლის სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის დრო, რომელსაც გადააქვს ინტერმოდალური გადაზიდვის სატვირთო ერთეული, არ აღემატებოდეს 30 წუთს.

 

მუხლი 7

კომბინირებული სატვირთო გადაზიდვის ხელშეწყობა

(1) ხელშემკვრელი მხარეები, მათი სარკინიგზო სააგენტოები, სანავსადგურო უწყებები, გადამზიდავი კომპანიები და კომბინირებული გადაზიდვის მომსახურების მიმწოდებლები თანხმდებიან კომბინირებული სატვირთო გადაზიდვის სტიმულირების თაობაზე ინტერმოდალურობის შედარებითი უპირატესობების გათვალისწინებით. კომბინირებული გადაზიდვებისთვის წახალისებები მოლაპარაკებულ იქნება ერთობლივი კომიტეტის შეხვედრებზე.

(2) ხელშემკვრელი მხარეები ხელს უწყობენ კომბინირებული გადაზიდვის მომსახურების მიმწოდებლებს და სარკინიგზო, საზღვაო და საგზაო გადამზიდველ კომპანიებს, რომლებიც ჩართულები არიან კომბინირებული გადაზიდვის ოპერაციებში.

(3) ხელშემკვრელ მხარეებს შეუძლიათ უზრუნველყონ თავიანთი საკუთარი სარკინიგზო კომპანიებისა და სანავსადგურო უწყებების დახმარება, კომბინირებული გადაზიდვის ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით.

(4) ხელშემკვრელი მხარეები განახორციელებენ საჭირო ღონისძიებებს შაბათ- კვირას და დასვენების დღეებში მოძრაობის შეზღუდვების მოსახსნელად კომბინირებული გადაზიდვების ოპერაციებისთვის, რომელიც ხორციელდება კომბინირებულ სატვირთო ტერმინალებში/დან.

(5) ხელშემკვრელი მხარეები, შეძლებისდაგვარად სწრაფად, შეეცდებიან შექმნან ხელსაყრელი პირობები ინტერმოდალური გადაზიდვის სატვირთო ერთეულის მაქსიმუმ 44 ტონიანი წონადობის საგზაო ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობისთვის კომბინირებული გადაზიდვის ჯაჭვის საწყისი ან ბოლო (შეწყვილებული) ნაწილისათვის.

(6) ხელშემკვრელი მხარეები განახორციელებენ შესაბამისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით განსაზღვრულ ტრანზაქციებს კომბინირებული სატვირთო გადაზიდვის ოპერაციებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის კონტროლის დაჩქარების მიზნით.

(7) ხელშემკვრელი მხარეები აწარმოებენ ურთიერთთანამშრომლობას და დახმარებას გაუწევენ ერთმანეთს კომბინირებული გადაზიდვის ხელშესაწყობად ხელსაყრელი პირობების შექმნისათვის. ისინი ასევე იმუშავებენ ერთობლივად იმ მარშრუტების განსავითარებლად, რომლებიც გამოიყენება ორივე მხარის გადამზიდველების მიერ.

 

მუხლი 8

თანამშრომლობა და ერთობლივი კომიტეტი

(1) ხელშემკვრელი მხარეები წინამდებარე შეთანხმების საიმპლემენტაციოდ უზრუნველყოფენ კომპეტენტურ უწყებებს შორის ინფორმაციის ორმხრივ გაცვლას.

(2) ორივე ხელშემკვრელი მხარის წარმომადგენლებისაგან შემდგარი ერთობლივი კომიტეტი შეიქმნება წინამდებარე შეთანხმების იმპლემენტაციასთან და გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხების დარეგულირების მიზნით. კომიტეტი შედგება ორივე მხარის ხელისუფლების წარმომადგენლებისგან, ისევე როგორც კომბინირებული გადაზიდვის სექტორის წარმომადგენლებისგან.

(3) ერთობლივი კომიტეტის პირველი შეხვედრა გაიმართება წინამდებარე შეთანხმების რატიფიცირების დამადასტურებელი დოკუმენტების გაცვლიდან 3 თვის ვადაში. ერთობლივი კომიტეტის შეხვედრები გაიმართება ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე რიგ-რიგობით. ერთობლივი კომიტეტის სხდომაზე განსახილველი თითოეული მხარის მიერ მომზადებული დღის წესრიგი მეორე მხარეს მიეწოდება შეხვედრამდე 2 კვირით ადრე. ერთობლივი კომიტეტის გადაწყვეტილება მიიღება კონსენსუსით.

(4) წინამდებარე შეთანხმების აღსრულებისა და იმპლემენტაციის გარდა, ერთობლივი კომიტეტი უფლებამოსილია კომბინირებული გადაზიდვის სფეროში არსებული პრობლემების განხილვასა და გადაჭრის შესაძლო გზების ძიებაზე. ერთობლივმა კომიტეტმა შესაძლოა წამოაყენოს წინადადება წინამდებარე შეთანხმების რომელიმე მუხლში ცვლილებების ან დამატებების შეტანის თაობაზე.

 

მუხლი 9

დარღვევები

(1) გადაზიდვის სერვისის განმახორციელებელი გადამზიდველის/პირის, მათი წევრის და დასაქმებულის მიერ მეორე ხელშემკვრელი მხარის ძალაში მყოფი კანონებისა და რეგულაციების ან წინამდებარე შეთანხმების დებულებების დარღვევის შემთხვევაში, იმ ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურ უწყებას, რომელ სახელმწიფოშიც ადგილი ჰქონდა ამგვარ დარღვევას, შეუძლია მიიღოს შემდგომი ზომები:

a) გააფრთხილოს შესაბამისი გადამზიდავი ძალაში მყოფი კანონმდებლობის დებულებების დაცვის აუცილებლობის თაობაზე;

b) შეაჩეროს ნებართვის/პრემიუმ ნებართვის და შეღავათების მოქმედება შესაბამისი გადამზიდველისათვის;

c) გადამზიდველის ან სერვისის მიმწოდებლის მიერ სერიოზული დარღვევის ჩადენის შემთხვევაში, შეუჩეროს შესაბამის გადამზიდველს უფლება ან აუკრძალოს შესაბამის გადამზიდველს გადაზიდვის განხორციელება ნებართვების/პრემიუმ ნებართვების გამოყენებით.

(2) ხელშემკვრელ მხარეთა კომპეტენტური უწყებები აცნობებენ ერთმანეთს დარღვევასთან დაკავშირებით განხორციელებული ღონისძიებების შესახებ.

(3) ამ მუხლის პირველი და მეორე პუნქტის დებულებები არ აბრკოლებს იმ ქვეყანაში ეროვნული კანონმდებლობის იმპლემენტაციას, სადაც დარღვევას ჰქონდა ადგილი.

 

მუხლი 10

მონაცემთა დაცვა

(1) ხელშემკვრელი მხარეები აცხადებენ, რომ ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებისა და ანგარიშების გარდა, წინამდებარე შეთანხმებით დარეგულირებული ყველა მონაცემი და ინფორმაცია დაცული უნდა იქნეს მესამე მხარისათვის გაზიარებისაგან, ნებართვის გარეშე.

(2) წინამდებარე შეთანხმებით რეგულირებული მონაცემებისა და ინფორმაციის გაზიარება არის ხელშემკვრელ მხარეთა კომპეტენტური უწყებების წერილობითი ნებართვის საგანი.

 

მუხლი 11

ფორსმაჟორი

ხელშემკვრელი მხარეები თანხმდებიან ექსტრაორდინალურ გარემოებებში ან კომბინირებული სატვირთო გადაზიდვების 12 საათზე მეტი შეყოვნების შემთხვევაში განახორციელონ ნებისმიერი სახის სასწრაფო ერთობლივი ქმედება.

 

მუხლი 12

შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობასთან შესაბამისობა თითოეული ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე

გადაზიდვების ოპერაციების განმახორციელებელი გადამზიდველები და გადამზიდველი ეკიპაჟი უნდა დაექვემდებაროს შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობას.

წინამდებარე შეთანხმების დებულებები არ დააბრკოლებს ისეთი სახის ტრანზიტული გადაზიდვების ან სხვა სატრანსპორტო ოპერაციების შეზღუდვას, რომელმაც შესაძლოა ზიანი მიაყენოს ხელშემკვრელ მხარეთა ეროვნულ უსაფრთხოებას და/ან ეროვნულ კანონმდებლობას.

მძიმე ან სპეციფიკური ტიპის ტვირთის ტრანსპორტირება ექვემდებარება სპეციალურ ნებართვებს, რომლებიც გაიცემა იმ ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით, სადაც ადგილი აქვს ამგვარ გადაზიდვას.

 

მუხლი 13

დავების გადაჭრა

ხელშემკვრელ მხარეთა შორის წინამდებარე შეთანხმების იმპლემენტაციასა და ინტერპრეტაციასთან დაკავშირებით წარმოშობილი უთანხმოება გადაწყდება კონსულტაციებისა და/ან მოლაპარაკებების მეშვეობით მეგობრული გზით.

 

მუხლი 14

შეთანხმებაში ცვლილებების შეტანა

წინამდებარე შეთანხმებაში ცვლილებების შეტანა შესაძლებელია ხელშემკვრელ მხარეთა ორმხრივი თანხმობის საფუძველზე. ამგვარი ცვლილებები, ცალკე ოქმების სახით გაფორმებული, მიიჩნევა წინამდებარე შეთანხმების განუყოფელ ნაწილად და ძალაში შედის წინამდებარე შეთანხმების მე-15 მუხლის დებულებების მიხედვით.

 

მუხლი 15

ძალაში შესვლა, ვადა და შეწყვეტა

წინამდებარე შეთანხმება იდება განუსაზღვრელი ვადით და ძალაში შედის ხელშემკვრელ მხარეთა მიერ ამ შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ, დიპლომატიური არხებით, უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან.

თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია წინამდებარე შეთანხმების შეწყვეტა წერილობითი შეტყობინებით დიპლომატიური არხების მეშვეობით. შეთანხმება მოქმედებას წყვეტს შეწყვეტის შესახებ შეტყობინების მიღების დღიდან 6 თვის შემდეგ.

შესრულებულია ქ. ანკარაში, 2016 წლის 19.07, ორ დედნად, თითოეული ქართულ, თურქულ და ინგლისურ ენებზე. ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია. ამ შეთანხმების დებულებათა განსხვავებული განმარტების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.

 

საქართველოს მთავრობის

სახელით

(ხელმოწერილია)

  თურქეთის რესპუბლიკის მთავრობის

სახელით

(ხელმოწერილია)