ანა ფირცხალაშვილი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წინააღმდეგ

ანა ფირცხალაშვილი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წინააღმდეგ
დოკუმენტის ნომერი 1/2/1248
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
მიღების თარიღი 05/07/2021
დოკუმენტის ტიპი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/07/2021
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.016629
1/2/1248
05/07/2021
ვებგვერდი, 08/07/2021
000000000.00.000.016629
ანა ფირცხალაშვილი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წინააღმდეგ
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს

პირველი კოლეგიის

გადაწყვეტილება №1/2/1248

2021 წლის 5 ივლისი

ქ. ბათუმი

კოლეგიის შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი  სხდომის თავმჯდომარე;

ევა გოცირიძე  წევრი;

გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი;

ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.

სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.

საქმის დასახელება: ანა ფირცხალაშვილი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წინააღმდეგ.

დავის საგანი: „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის 496 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ქ. თბილისში ელექტრომომარაგების, წყალმომარაგებისა და დასუფთავების ერთიანი ინტეგრირებული და კოორდინირებული სისტემის მეშვეობით განხორციელების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 13 ოქტომბრის №24/3 გადაწყვეტილების მე-5 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ პუნქტთან და 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის მე-3 წინადადებასთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით.

საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელე – ანა ფირცხალაშვილი; მოპასუხის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელი – ქრისტინე კუპრავა; მოპასუხის, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წარმომადგენლები – მალხაზ ძიძიკაშვილი და ირაკლი გორდულაძე; მოწმეები – შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წარმომადგენლები – ჯაბა მამულაშვილი და იოსებ ნიკოლაიშვილი; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის სასამართლოსთან ურთიერთობის განყოფილების მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი – თამარ ლაბარტყავა და შპს „თბილსერვის ჯგუფის“ წარმომადგენელი – დავით ჩანქსელიანი.

I
აღწერილობითი ნაწილი

  1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 21 ივლისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1248) მიმართა ანა ფირცხალაშვილმა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის №1/18/1248 საოქმო ჩანაწერით კონსტიტუციური სარჩელი მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის 496 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ქ. თბილისში ელექტრომომარაგების, წყალმომარაგებისა და დასუფთავების ერთიანი ინტეგრირებული და კოორდინირებული სისტემის მეშვეობით განხორციელების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 13 ოქტომბრის №24/3 გადაწყვეტილების მე-5 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ პუნქტთან და 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის მე-3 წინადადებასთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის არსებითი განხილვის სხდომა, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2018 წლის 27 აპრილს.
  2. №1248 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის  მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 25-ე მუხლის 41 პუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
  3. „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის 496 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ადმინისტრატორი ადმინისტრირების ერთიანი სისტემის მეშვეობით მომსახურების გაწევისას ვალდებულია ქვითარში ასახული ერთ-ერთი საფასურის ან/და მოსაკრებლის გადაუხდელობის ან არასრული გადახდის შემთხვევაში შესაბამის მომხმარებელს შეუწყვიტოს თავისი მომსახურების გაწევა, რაც არ არის ადმინისტრატორის მიერ მომხმარებლის წინაშე სახელშეკრულებო ვალდებულებების დარღვევა. „ქ. თბილისში ელექტრომომარაგების, წყალმომარაგებისა და დასუფთავების ერთიანი ინტეგრირებული და კოორდინირებული სისტემის მეშვეობით განხორციელების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 13 ოქტომბრის №24/3 გადაწყვეტილების მე-5 პუნქტის (შემდგომში, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 13 ოქტომბრის №24/3 გადაწყვეტილება) შესაბამისად კი, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის, ამ გადაწყვეტილების და მათ საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულებების შესაბამისად, მომსახურების გამწევი პირების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ადმინისტრატორი ახორციელებს მომსახურების საფასურის/მოსაკრებლის შესახებ ინფორმაციის ერთიანი ქვითრების მეშვეობით მომხმარებლებისათვის მიწოდებას, მომსახურების საფასურის/მოსაკრებლის გადახდის მონიტორინგს და ქვითარში ასახული ერთ-ერთი საფასურის და/ან მოსაკრებლის გადაუხდელობის ან არასრული გადახდის შემთხვევაში დავალიანების დაფარვამდე წყვეტს მომხმარებლისთვის თავისი მომსახურების გაწევას.
  4. საქართველოს კონსტიტუციის  2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-17 მუხლის პირველ პუნქტით ხელშეუვალად არის გამოცხადებული ადამიანის პატივსა და ღირსების უფლება, ხოლო 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის მე-3 წინადადებით დადგენილია მომხმარებელთა უფლებების კანონით დაცვის ვალდებულება.
  5. „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის პირველი მუხლის საფუძველზე, საქართველოს კონსტიტუცია ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის თანახმად, ადამიანის ღირსების ხელშეუვალობის უფლებასა და სახელმწიფოს მიერ მისი დაცვის ვალდებულებას განამტკიცებს მე-9 მუხლის პირველი პუნქტი, ხოლო მომხმარებელთა უფლებების კანონით დაცვის ვალდებულება განსაზღვრულია 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის მე-3 წინადადებით.
  6. №1248 კონსტიტუციური სარჩელიდან ირკვევა, რომ მოსარჩელეს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 13 ოქტომბრის №24/3 გადაწყვეტილების მე-5 პუნქტის საფუძველზე, 2017 წლის 20 იანვარს დასუფთავების, ხოლო 2017 წლის 16 თებერვალს და 19 მაისს, წყალმომარაგების საფასურის გადაუხდელობის გამო, შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება, მაშინ, როდესაც აბონენტს ელექტროენერგიის სააბონენტო ანგარიშზე გადახდილი ჰქონდა ელექტროენერგიის მომსახურების საფასური. აღნიშნული კი განპირობებული იყო იმით, რომ „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის 496 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგების და დასუფთავების მომსახურება და მათი საფასურის/მოსაკრებლის გადახდევინება ხორციელდება ადმინისტრირების ერთიანი ინტეგრირებული და კოორდინირებული სისტემის მეშვეობით.
  7. მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო ნორმები ლახავს მისი ღირსების უფლებას. კერძოდ, სადავო რეგულირებები ერთობლივად ქმნის იძულების მექანიზმს, რომელიც მომხმარებლის უმწეო მდგომარეობას იყენებს გადასახადების ეფექტურად ამოღებისა და მომსახურების მიმწოდებლების საქმიანობის გამარტივების საშუალებად. ქართული კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ადამიანის ღირსეულად ცხოვრებისათვის აუცილებელ სოციალურ გარანტიებს, რათა მან გადაიხადოს ელექტროენერგიის საფასური და ისარგებლოს იმ მომსახურებით, რომელიც ადამიანისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და რომლის საფასურიც გადაიხადა.
  8. მოსარჩელე მხარის მოსაზრებით, გასაჩივრებული ნორმები არღვევს, აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ მომხმარებელთა უფლებებს, ვინაიდან სახელმწიფო ბაზარზე გაბატონებულ, მონოპოლიურ ორგანიზაციებს დამატებით ანიჭებს დაუსაბუთებელ ნორმატიულ პრივილეგიებს.  მომხმარებელს კი, რომელიც ხელშეკრულების სუსტ მხარეს წარმოადგენს, ბოჭავს სადამსჯელო ღონისძიებებით. მომსახურების გამწევ ორგანიზაციას ენიჭება უფლებამოსილება, ქვითარში ასახული ერთ-ერთი საფასურის/მოსაკრებლის გადაუხდელობის ან არასრული გადახდის შემთხვევაში, შესაბამის მომხმარებელს შეუწყვიტოს თავისი მომსახურების გაწევა. შესაბამისად, მომხმარებელი ვერ იღებს იმ სერვისსაც კი, რომლის საფასურიც კეთილსინდისიერად გადახდილი აქვს. მოსარჩელის პოზიციით, სადავო ნორმებით დადგენილი ღონისძიება სახელმწიფოს მიერ დადგენილი ლეგიტიმური მიზნის მიღწევის არაპროპორციულ საშუალებას წარმოადგენს, რადგან კანონმდებლობა არ ითვალისწინებს სხვა, ნაკლებად მზღუდავ ღონისძიებას, რომლითაც მიღებული კომუნალური მომსახურებისათვის დადგენილი საფასურის/მოსაკრებლის ამოღება იქნება შესაძლებელი.
  9. მოსარჩელე მხარის პოზიციით, ნებისმიერი კონფლიქტი, საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ მეწარმეობის თავისუფლებასა და მომხმარებელთათვის შეთავაზებულ გარანტიებს შორის, აუცილებელია, გადაწყდეს ინტერესთა გონივრული დაბალანსების გზით. სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, ჩაერიოს ბაზრის ეკონომიკური აგენტების საქმიანობის თავისუფლებაში იმ დოზით, რაც აუცილებელია ამ უკანასკნელთა მხრიდან საკუთარი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების თავიდან ასაცილებლად და მომხმარებელთა მნიშვნელოვანი ინტერესების დასაცავად. შესაბამისად, კომუნალურ მომსახურებებზე წვდომის სრულად შეზღუდვა გამოყენებული უნდა იქნეს როგორც ultima ratio საშუალება, რამდენადაც მასში შემავალი მომსახურებები ინდივიდის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის არის მნიშვნელოვანი.
  10. პარლამენტის წარმომადგენლის ინფორმაციით, სადავო ნორმების შემოღების აუცილებლობა განაპირობა მძიმე ფაქტობრივმა რეალობამ. კერძოდ, სადავო რეგულირებების შემოღებამდე ქალაქ თბილისში ფაქტობრივად არ არსებობდა მომსახურების საფასურის ამოღების იძულების მექანიზმი, ხოლო მოსახლეობა საკუთარი ნებით არ ასრულებდა მასზე ხელშეკრულებით დაკისრებულ ვალდებულებას. ზემოაღნიშნულის გარდა, მოპასუხის მოსაზრებით, გასათვალისწინებელია ისიც, რომ იმ დროისთვის ასევე არ არსებობდა კონკრეტულ მომსახურებებზე ინდივიდუალური გამრიცხველიანება, რომელიც შესაძლებელს გახდიდა, დავალიანების არსებობის შემთხვევაში, მომსახურების ინდივიდუალურად შეწყვეტას. დღეის მდგომარეობით, წყალმომარაგების სფეროში 450 ათასი აბონენტიდან ინდივიდუალურად გამრიცხველიანებულია მხოლოდ 150 ათასი მოსახლე, ხოლო დანარჩენის გამრიცხველიანება ფიზიკურად და ტექნიკურად შეუძლებელია ისტორიულ უბნებში არსებული მიწოდების სისტემების თავისებურებიდან, გამომდინარე. რაც შეეხება დასუფთავების მომსახურებას, მისი ინდივიდუალურად შეწყვეტის მექანიზმი რთულად წარმოსადგენია თავად მომსახურების ბუნების გათვალისწინებით.
  11. პარლამენტის წარმომადგენლის მტკიცებით, სადავო ნორმათა ლეგიტიმური მიზანია ელექტროენერგიის, წყალმომარაგებისა და დასუფთავების მომსახურების გადასახადის/მოსაკრებლის ადმინისტრირების განხორციელება ერთიანი ინტეგრირებული და კოორდინირებული სისტემის მეშვეობით, რაც უზრუნველყოფს მომსახურების შესაბამისი სექტორის გამართულ ფუნქციონირებას და მომსახურების საფასურის ეფექტურად ამოღებას. სადავო ნორმებით დადგენილი კომუნალური მომსახურების საფასურის ამოღების მექანიზმი არის სახელმწიფოს მიერ კერძოსამართლებრივი ურთიერთობების რეგულირების შემთხვევა, რომელიც მიმართულია დემოკრატიულ საზოგადოებაში საერთო კეთილდღეობის უზრუნველყოფისაკენ და მომხმარებელთა უფლებების ჯეროვანი დაცვისკენ. საყოველთაო საზოგადოებრივი კეთილდღეობისათვის ელექტროენერგიის, დასუფთავებისა და წყალმომარაგების მომსახურების უსაფრთხო და შეუფერხებელ მიწოდებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და აღნიშნულის უზრუნველყოფა სათანადო პირობებით, სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას წარმოადგენს. ეს უკანასკნელი კი შესაძლოა, ეჭვქვეშ დადგეს იმ შემთხვევაში, როდესაც თავად მომხმარებელი კეთილსინდისიერად არ ასრულებს მასზე დაკისრებულ ვალდებულებას გაწეული მომსახურების სანაცვლოდ. კერძოდ, მოპასუხის მტკიცებით, კომუნალურ მომსახურებათა სფეროში სამეწარმეო საქმიანობა ექვემდებარება ლიცენზირებას. იმ შემთხვევაში, თუკი მეწარმე სუბიექტი ეფექტურად ვერ განახორციელებს გაწეული მომსახურების საფასურის ამოღებას, ეჭვქვეშ დგება მის მიერ სალიცენზიო ვალდებულებათა შესრულების შესაძლებლობა. ამასთან, ასეთ შემთხვევაში, სახელმწიფო ან თავად იქნება იძულებული, ბიუჯეტიდან გაიღოს შესაბამისი თანხები ან მიღებული ზარალი მარეგულირებელი კომისიის მიერ აისახება მომსახურებისთვის დადგენილ ტარიფებზე. აღნიშნული კი, საბოლოო ჯამში, ზიანს აყენებს როგორც საზოგადოებრივ კეთილდღეობას, ასევე თავად მომხმარებელთა ინტერესებს.
  12. მოპასუხე მხარის მტკიცებით, სადავო ნორმებით შექმნილი ერთიანი სისტემა და საფასურის/მოსაკრებლის ამოღების დადგენილი მექანიზმი წარმოადგენს მიზნის მიღწევის გამოსადეგ და ეფექტურ საშუალებას. აღნიშნულს მოწმობს დავალიანების დაფარვის სტატისტიკური მაჩვენებლები, რომლებიც სადავო რეგულირებების შემოღებამდე წარმოადგენდა მხოლოდ 47%-ს ხოლო დღეის მდგომარეობით აღწევს 97%-იან ნიშნულს. სადავო ნორმებით დადგენილი რეგულირებები ასევე უნდა ჩაითვალოს უფლების ნაკლებად მზღუდავ საშუალებად, რადგან ერთიანი სისტემის ფარგლებში არსებული რომელიმე მომსახურების საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ჯარიმას ან იძულებით აღსრულების სხვა მექანიზმებს. მოპასუხის მოსაზრებით, ფულადი ჯარიმის დაწესების შემთხვევაშიც კი, ის ვერ უზრუნველყოფს უკვე არსებული დავალიანების დაფარვას და, ამასთან, ჯარიმის სახით ამოღებული თანხა მიემართება ბიუჯეტში და არა მომსახურების გამწევ მეწარმე სუბიექტებთან. ასევე მომსახურების გამწევის მიერ იმ თითოეულ მომხმარებელთან მიმართებით, რომელიც არ ასრულებს საკუთარ ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას, სასამართლო დავის წარმოება გამოიწვევს თავად მეწარმე სუბიექტისთვის უთანასწოროდ დიდ ხარჯებს და სასამართლო სისტემის პარალიზებას, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როდესაც დავალიანების გადაუხდელობა ატარებს არა ერთჯერად, არამედ პერმანენტულ ხასიათს.
  13. პარლამენტის წარმომადგენელმა ასევე მიუთითა, რომ კომუნალურ მომსახურებათა საფასურის ადმინისტრირების ერთიანი სისტემის მომწესრიგებელი სამართლებრივი ჩარჩო, დავალიანების არსებობის შემთხვევაში, ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტას ითვალისწინებს, როგორც ultima ratio საშუალებას. კერძოდ, სისტემის ადმინისტრატორს ეკრძალება მომსახურების შეწყვეტა როგორც დღე-ღამის კონკრეტულ მონაკვეთებში, უქმე და დასვენების დღეებში, ასევე მომხმარებლის მხრიდან ვალდებულების სადავოდ გახდისას. ამასთან, სადავო ნორმები ელექტროენერგიის მომსახურების შეწყვეტას არ ითვალისწინებს ბლანკეტურად და განუსაზღვრელი ვადით, არამედ  დავალიანების დაფარვამდე და უზრუნველყოფს კეთილსინდისიერ მომხმარებელთა ინტერესების ჯეროვან დაცვას.
  14. დამატებით, პარლამენტის წარმომადგენელმა მიუთითა, რომ სადავო ნორმების ძალადაკარგულად გამოცხადების შემთხვევაში ერთიან სისტემაში არსებულ მომსახურებათა გამწევ მეწარმე სუბიექტებს შესაძლოა, მიადგეთ მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი. აღნიშნული ასევე გამოიწვევს არსებულ კომუნალურ მომსახურებათა სისტემის დესტაბილიზაციას, ხელს შეუწყობს ანტისანიტარიას და, შესაბამისად, ზიანს მიაყენებს საზოგადოების მნიშვნელოვან ლეგიტიმურ ინტერესებს, ასევე წაახალისებს მომხმარებელთა არაკეთილსინდისიერ ნაწილს.
  15. მოპასუხე მხარის, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წარმომადგენლებმა სრულად გაიზიარეს საქართველოს პარლამენტის პოზიცია და დამატებით მიუთითეს, რომ კომუნალურ მომსახურებათა სფეროში არსებული სამეწარმეო საქმიანობა ექვემდებარება ლიცენზირებას და შესაბამისი მეწარმე სუბიექტები ქმნიან ბუნებრივ მონოპოლიებს, რომლებიც მომხმარებლებთან მომსახურების ხელშეკრულებას დებენ და ამ მომსახურებას ახორციელებენ მარეგულირებლის მიერ დადგენილი სამართლებრივი პირობების გათვალისწინებით. შესაბამისად, სადავო ნორმები ადგენს აღნიშნულ სფეროში მომსახურების გაწევის ერთ-ერთ ამგვარ პირობას.
  16. ამასთან, მოპასუხის მითითებით, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის სადავო ნორმისგან განსხვავებით, თავად კომისიის სადავო აქტით ერთიან სისტემაში გათვალისწინებული არ იქნა ბუნებრივი გაზით მომსახურებასთან დაკავშირებული საფასურის ადმინისტრირება, რადგან ბუნებრივი გაზის ბაზარი, როგორც სამართლებრივი რეგულირების თვალსაზრისით, ასევე ფინანსური და ტექნიკური რესურსებით ბევრად წინ არის წასული და ექვემდებარება განსხვავებულ რეგულირებას. შესაბამისად, ამ მიმართულებით მომსახურების საფასურის ამოღება პრობლემური არ არის.
  17. მოპასუხის ინფორმაციით, ერთიანი სისტემის ადმინისტრატორად ელექტროენერგიის მიწოდების მომსახურების გამწევ სუბიექტთა დასახელება დაკავშირებულია ამგვარი სისტემის ეკონომიურობასთან, სიმარტივესა და ეფექტიანობასთან. კერძოდ, ერთიანი სისტემის ფარგლებში რომელიმე საფასურის/მოსაკრებლის გადაუხდელობის შემთხვევაში ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა, სხვა მომსახურებებთან შედარებით, დაკავშირებულია ნაკლებ ფინანსურ და ტექნიკურ სირთულესთან და ვალდებულების შესრულების შემთხვევაში, მარტივად ექვემდებარება მომსახურების აღდგენას. ამასთან, მოპასუხე მხარის წარმომადგენლებმა მიუთითეს რეგიონებში არსებულ მდგომარეობაზე, სადაც თბილისის მსგავსი ერთიანი სისტემის არარსებობის პირობებში უკიდურესად გართულებულია მომხმარებელთა არსებული ფინანსური დავალიანებების ამოღება.
  18. სამომავლო ცვლილებებთან დაკავშირებით, კომისიის წარმომადგენლებმა დამატებით აღნიშნეს, რომ დაგეგმილია მომხმარებლებთან ელექტრონული კომუნიკაციის მეთოდის სავალდებულოდ დანერგვა, ასევე, ე. წ. „ჭკვიანი მრიცხველების“ ეტაპობრივად შემოღება, რათა მრიცხველზე არსებული დავალიანების მაჩვენებლების წაკითხვა მოხდეს დისტანციურად, პირის საკუთრებაში შესვლის გარეშე.
  19. საქმის არსებითად განხილვის სხდომაზე მოწმეთა სახით გამოცხადებულმა, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წარმომადგენლებმა გაიზიარეს მოპასუხე მხარეთა პოზიცია სადავო ნორმებით დადგენილი რეგულირების პროპორციულობასთან დაკავშირებით და დამატებით აღნიშნეს, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც წყალმომარაგების მომსახურების აბონენტები ექვემდებარებიან ინდივიდუალურ გამრიცხველიანებას და მათი მრიცხველები არ არის მოთავსებული წითელი ხაზის/კერძო საკუთრების შიგნით, მათ მიერ დავალიანების გადაუხდელობის შემთხვევაში, სისტემის ადმინისტრატორთან შეთანხმებით, მათთვის ხდება მხოლოდ წყალმომარაგების შეწყვეტა, რაც დამატებით არ იწვევს ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტას. ანალოგიური შედეგი დგება იმ შემთხვევაშიც, როდესაც თავად წყალმომარაგების კომპანია ახდენს კონკრეტული აბონენტის დავალიანების განაწილვადებას. შედეგად, სადავო ნორმებით დადგენილი წესისგან განსხვავებით, პრაქტიკით, ელექტროენერგიის მიწოდება უწყდებათ მხოლოდ იმ აბონენტებს, რომლებიც ჯერ არ ექვემდებარებიან ინდივიდუალურ გამრიცხველიანებას ან/და კომპანიას მათთვის წყლის მიწოდების ინდივიდუალურად შეწყვეტა არ შეუძლია.
  20. მოწმეებმა ასევე აღნიშნეს, რომ თავად წყალმომარაგების მომსახურების გამწევი კომპანიების ინტერესშია, თითოეული აბონენტი დაექვემდებაროს ინდივიდუალურ გამრიცხველიანებას, რადგან ფიქსირებული საფასურის გადახდა განაპირობებს რესურსის უყაირათოდ მოხმარებას, რაც ნეგატიურად აისახება თავად კომპანიების საქმიანობაზე და დაკავშირებულია ზედმეტ ხარჯებთან.
  21. მოწმის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლის ინფორმაციით, საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი მუნიციპალიტეტის ექსკლუზიურ უფლებამოსილებად განსაზღვრავს მის ტერიტორიაზე დასუფთავებასა და ნარჩენებზე ზრუნვას, რომლისთვისაც ამ უკანასკნელს, კანონით დადგენილი წესით, უფლება აქვს, განსაზღვროს შესაბამისი მოსაკრებელი, რომელიც შეიტანება თვითმმართველობის ბიუჯეტში. სწორედ აღნიშნული უფლებამოსილების ფარგლებში, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტსა და ერთიანი სისტემის ადმინისტრატორებს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანაზღაურების სანაცვლოდ, სისტემის ადმინისტრატორი ახორციელებს  დასუფთავების მოსაკრებლის ამოღებას. მოწმემ ყურადღება გაამახვილა დასუფთავების მომსახურების განსაკუთრებულ ბუნებაზე, რამდენადაც აღნიშნული მომსახურების ინდივიდუალურად შეწყვეტა შეუძლებელია. შესაბამისად, სხვა ნებისმიერი ღონისძიება, თუნდაც სანქციის სახით ჯარიმის გამოყენება ვერ იქნება ეფექტური, რადგან მომხმარებელი მომსახურების მიღებას მაინც განაგრძობს.
  22. მოწმემ ასევე მიუთითა სადავო ნორმების შემოღებამდე არსებული მოსაკრებლის გადახდის უკიდურესად დაბალ მაჩვენებლებზე, რომლებიც გაიზარდა ადმინისტრირების ერთიანი სისტემის შემოღების შემდგომ. აღნიშნულის მიუხედავად, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ჯერ კიდევ ხდება, დასუფთავების მომსახურების მიზნით, თანხების გამოყოფა, რაც მნიშვნელოვნად გაიზრდება სადავო ნორმების გაუქმების შემთხვევაში. მოწმემ ასევე აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტის საკრებულო, მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისას, ასევე ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი აბონენტების ინტერესებს და ადგენს შეღავათებს, ასევე ზამთრის პერიოდში ბიუჯეტიდან გამოყოფს თანხებს, მსგავსი აბონენტების დავალიანების დაფარვის მიზნით.
  23. მოწმის სახით სხდომაზე გამოცხადებულმა შპს „თბილსერვის ჯგუფის“ იურიდიული სამსახურის უფროსმა, დავით ჩანქსელიანმა წარმოადგინა დასუფთავების მომსახურების მოსაკრებლის გადახდის სტატისტიკური მონაცემები სადავო ნორმათა შემოღებამდე და შემოღების შემდგომ, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. მოწმის ინფორმაციით, ქალაქ თბილისში, ადმინისტრირების ერთიანი სისტემის შემოღებამდე, მოსაკრებლის გადახდის მაჩვენებელი თუკი მერყეობდა 20‒30%-ის ფარგლებში, სისტემის შემოღების შემდგომ აღწევს 97%-იან ნიშნულს. რაც შეეხება რეგიონებს, გადახდის პროცენტული მაჩვენებელი მერყეობს 2‒50%-ის ფარგლებში. მოწმის ინფორმაციით, მოსაკრებლის გადახდის მაჩვენებელი პირდაპირპროპორციულად აისახება დასუფთავების მომსახურების ხარისხზე. აღნიშნულს ნათლად მოწმობს დედაქალაქში არსებული მდგომარეობა, ამ მხრივ, სადავო ნორმათა შემოღებამდე და შემოღების შემდგომ.
  24. №1248 კონსტიტუციურ სარჩელზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარმოადგინა საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა. სასამართლოს მეგობარმა დიდწილად გაიზიარა მოპასუხე მხარის მოსაზრება სადავო ნორმების კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით და მიუთითა, რომ ადმინისტრირების ერთიანი სისტემის ფუნქციონირების შედეგად, დავალიანების დაფარვის გაზრდილი მაჩვენებლები დადებითად აისახება შესაბამისი ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის, წყლის მიწოდების შემთხვევაში, წლის ხარისხზე, მიწოდების საიმედოობასა და აბონენტების ინდივიდუალურ გამრიცხველიანებაზე. სადავო ნორმების გაუქმება კი, გამოიწვევს გადახდის მაჩვენებლის მნიშვნელოვნად შემცირებას, რაც უარყოფითად აისახება ადმინისტრირების ერთიანი სისტემის სტაბილურობასა და მდგრად განვითარებაზე.             
  25. №1248 კონსტიტუციურ სარჩელზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება, აგრეთვე წარმოადგინა ა(ა)იპ „ადამიანის უფლებების და სწავლების მონიტორინგის ცენტრმა (EMC)“. სასამართლოს მეგობარმა სრულად გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია და სადავო ნორმების ღირსების უფლებასთან მიმართების კუთხით, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ადმინისტრირების ერთიან სისტემაში შემავალი მომსახურებების, განსაკუთრებით კი ელექტროენერგიის, სოციალურ მნიშვნელობაზე. სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით, სადავო ნორმებით დადგენილი სისტემის დანერგვა უნდა შეფასდეს სახელმწიფოს რეგრესულ ნაბიჯად, ინდივიდთა სოციალური უსაფრთხოების დაცვის კუთხით, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს გაცილებით მკაცრ შეფასებას ექვემდებარება, ვიდრე ამ კუთხით სახელმწიფოს მიერ საკუთარ პოზიტიურ ვალდებულებათა არაჯეროვანი შესრულება. ამასთან, სადავო ნორმის ბლანკეტური ბუნება, რომელიც მომხმარებელთა „დისციპლინირებას“, გამონაკლისის გარეშე, სავალდებულოს ხდის კონკრეტული მომსახურების საფასურის კეთილსინდისიერად დაფარვის მიუხედავად, გამორიცხავს აღნიშნული მოწესრიგების გონივრულობას. შედეგად, სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით, კომუნალურ მომსახურებათა სფეროში სახელმწიფოს მიერ შემუშავებული პოლიტიკა არ ადგენს საპირისპირო ინტერესთა გონივრულ ბალანსს, არ ითვალისწინებს ადამიანის ღირსების დაცვის ინტერესს და არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულ ადამიანის ღირსების ფუნდამენტურ უფლებას.

 

 

II
სამოტივაციო ნაწილი

1. კონსტიტუციური დებულებების ცვლილება 

  1. განსახილველ საქმეზე მოსარჩელე სადავო ნორმების არაკონსტიტუციურობად ცნობას ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-17 მუხლის პირველ პუნქტთან და 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის მე-3 წინადადებასთან მიმართებით. „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის პირველი მუხლის საფუძველზე, საქართველოს კონსტიტუცია ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ მითითებული კონსტიტუციური დებულებები ძალადაკარგულია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმების კონსტიტუციურობას შეაფასებს მოქმედი კონსტიტუციის იმ დებულებებთან მიმართებით, რომლებსაც იდენტური/მსგავსი შინაარსი გააჩნია.
  2. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული იყო ადამიანის პატივისა და ღირსების ხელშეუვალობის უფლება, 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის მე-3 წინადადება კი, განამტკიცებდა მომხმარებელთა უფლებების კანონით დაცვის კონსტიტუციურ გარანტიას. საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციით, ადამიანის ღირსების ხელშეუვალობის უფლება დაცულია მე-9 მუხლის პირველი პუნქტით, ხოლო მომხმარებელთა უფლებებს განამტკიცებს საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის მე-3 წინადადება.
  3. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, საქმის არსებითად გადაწყვეტისას, მხედველობაში მიიღებს, რომ სადავოდ არის გამხდარი „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის 496 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 13 ოქტომბრის №24/3 გადაწყვეტილების მე-5 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველ პუნქტთან და 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის მე-3 წინადადებასთან მიმართებით.

2. „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის 496 მუხლის მე-4 პუნქტის ძალადაკარგულობა

  1. განსახილველ საქმეზე სადავოდ არის გამხდარი, მათ შორის, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის 496 მუხლის მე-4 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველ პუნქტთან და 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის მე-3 წინადადებასთან მიმართებით.
  2. აღსანიშნავია, რომ №1248 კონსტიტუციურ სარჩელზე საკონსტიტუციო სამართალწარმოების მიმდინარეობისას, 2019 წლის 20 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტმა მიიღო „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონი. ხსენებული კანონის 169-ე მუხლის საფუძველზე, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდა „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონი. „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 170-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე კი, აღნიშნული კანონი, გარდა ამავე კანონის XXXIII და XXXIV თავებისა და 148-ე მუხლისა (წყალმომარაგების ლიცენზიატებთან მიმართებით), ამოქმედდა გამოქვეყნებისთანავე, ე. ი. 2019 წლის 27 დეკემბერს. ამგვარად, 2019 წლის 27 დეკემბრიდან გაუქმებულია/ძალადაკარგულია „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონი და, მათ შორის, სადავო 496 მუხლის მე-4 პუნქტიც. განსახილველ შემთხვევაში, სადავო ნორმის გაუქმება/ძალადაკარგულად ცნობა განხორციელდა №1248 კონსტიტუციური სარჩელის არსებითი განხილვის შემდგომ.
  3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, სადავო ნორმის გაუქმება/ძალადაკარგულად გამოცხადება, საკონსტიტუციო სამართალწარმოების პროცესში, წარმოშობს განსხვავებულ შედეგებს, საქმის მიმდინარეობის შესაბამისი ეტაპის გათვალისწინებით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 26 ივლისის №2/4/665,683 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნანა ფარჩუკაშვილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის წინააღმდეგ“, II-3). ამასთანავე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, „როდესაც სადავო ნორმის ძალადაკარგულად ცნობა/გაუქმება ხდება საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის განხილვის დასრულების შემდეგ (როდესაც სასამართლო იმყოფება სათათბირო ოთახში), არ არსებობს საკანონმდებლო საფუძველი საქმის შეწყვეტისთვის“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5).
  4. ბუნებრივია, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო შეზღუდულია სასარჩელო მოთხოვნითა და დავის საგნის ფარგლებით და, ამ მხრივ, მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს სადავო ნორმის ახალ რედაქციაზე, თუმცა, მიუხედავად აღნიშნულისა, გასაჩივრებული ნორმის ძალადაკარგულ რედაქციაზე მსჯელობა წარმოადგენს მოსარჩელის უფლების დაცვის ეფექტურ და პრევენციულ საშუალებას (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-8).
  5. დამატებით, აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ „სადავო ნორმის ძალადაკარგულად ცნობამ ყველა შემთხვევაში შეიძლება არ გამოიწვიოს სადავოდ გამხდარი ნორმატიული შინაარსის გაუქმება. ნორმის გაუქმების შემდეგ, იგი შეიძლება ჩანაცვლებულ იქნეს სხვა ისეთი დებულებით, რომელიც სრულად ან ნაწილობრივ შეინარჩუნებს მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარ ნორმატიულ შინაარსს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-6). ამ თვალსაზრისით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიუთითებს, რომ მართალია, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის სადავო 496 მუხლის მე-4 პუნქტი ძალადაკარგულია, თუმცა „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 164-ე მუხლის მე-4 პუნქტი იდენტურად იმეორებს ძველი (გასაჩივრებული) ნორმის სადავო ნორმატიულ შინაარსს. კერძოდ, ხსენებული ნორმის შესაბამისად, ადმინისტრატორს, ადმინისტრირების ერთიანი სისტემის ფარგლებში, მსგავსად ეკისრება ვალდებულება, ქვითარში ასახული ერთ-ერთი მომსახურების საფასურის ან/და მოსაკრებლის გადაუხდელობის ან არასრული გადახდის შემთხვევაში შესაბამის მომხმარებელს შეუწყვიტოს თავისი მომსახურების გაწევა და აღნიშნული არ მიიჩნევა ადმინისტრატორის მიერ მომხმარებლის წინაშე სახელშეკრულებო ვალდებულებების დარღვევად. შესაბამისად, კვლავაც არსებობს მოსარჩელის უფლების შესაძლო დარღვევის რისკი. ამგვარად, საკონსტიტუციო სამართალწარმოების გაგრძელება, მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარ გაუქმებულ/ძალადაკარგულ ნორმაზე მსჯელობა და სადავო საკითხთან დაკავშირებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღება წარმოადგენს მოსარჩელის უფლების დაცვის ეფექტურ საშუალებას.
  6. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, სადავო ნორმის გაუქმება/ძალადაკარგულად გამოცხადება ვერ გახდება საქმის შეწყვეტის საფუძველი. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო შეაფასებს, მათ შორის, სადავოდ გამხდარი გაუქმებული/ძალადაკარგული „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის 496 მუხლის მე-4 პუნქტის კონსტიტუციურობას.

3. შესაფასებელი მოცემულობა

  1. №1248 კონსტიტუციური სარჩელის ფარგლებში სადავო ნორმებს წარმოადგენს ა) „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის 496 მუხლის მე-4 პუნქტი, რომლის თანახმად, ადმინისტრატორი ადმინისტრირების ერთიანი სისტემის მეშვეობით მომსახურების გაწევისას ვალდებულია, ქვითარში ასახული ერთ-ერთი საფასურის ან/და მოსაკრებლის გადაუხდელობის ან არასრული გადახდის შემთხვევაში შესაბამის მომხმარებელს შეუწყვიტოს თავისი მომსახურების გაწევა, რაც არ არის ადმინისტრატორის მიერ მომხმარებლის წინაშე სახელშეკრულებო ვალდებულებების დარღვევა; ბ) საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 13 ოქტომბრის №24/3 გადაწყვეტილების მე-5 პუნქტი, რომლის თანახმად, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის, ამ გადაწყვეტილების და მათ საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულებების შესაბამისად, მომსახურების გამწევი პირების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ადმინისტრატორი ახორციელებს მომსახურების საფასურის/მოსაკრებლის შესახებ ინფორმაციის ერთიანი ქვითრების მეშვეობით მომხმარებლებისათვის მიწოდებას, მომსახურების საფასურის/მოსაკრებლის გადახდის მონიტორინგს და ქვითარში ასახული ერთ-ერთი საფასურის და/ან მოსაკრებლის გადაუხდელობის ან არასრული გადახდის შემთხვევაში დავალიანების დაფარვამდე წყვეტს მომხმარებლისთვის თავისი მომსახურების გაწევას.
  2. „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის 496 მუხლი კომუნალურ მომსახურებათა (ელექტროენერგია, ბუნებრივი გაზი, წყალმომარაგება და დასუფთავება) და შესაბამისი საფასურის/მოსაკრებლის გადახდევინების ადმინისტრირების მიზნით, ადგენს ერთიან ინტეგრირებულ და კოორდინირებულ სისტემას (შემდგომში, „ადმინისტრირების ერთიანი სისტემა“), რომლის პირობების განსაზღვრის უფლებამოსილება მინიჭებული აქვს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას (შემდგომში, კომისია).  კერძოდ, კომისია საკუთარი გადაწყვეტილებით ადგენს როგორც ადმინისტრირების ერთიანი სისტემის მოქმედების ტერიტორიულ ფარგლებს, ასევე ზემოაღნიშნულ კომუნალურ მომსახურებათა გამწევი პირებიდან ერთ-ერთს ანიჭებს სისტემის ადმინისტრატორის ფუნქციებს.
  3. უპირველესად, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ადმინისტრირების ერთიან სისტემაში შემავალ თითოეულ მომსახურებასთან მიმართებით მომხმარებელსა და მომსახურების მიმწოდებელ სამეწარმეო სუბიექტებს შორის ურთიერთობა რეგულირდება, მათ შორის, ინდივიდუალურად გაფორმებულ ხელშეკრულებათა საფუძველზე. კერძოდ, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგების მომსახურების მიღების სურვილის მქონე პირი თითოეულ ამ მომსახურებას იღებს შესაბამის კომპანიასთან ინდივიდუალური შეთანხმების საფუძველზე და რომელიმე მომსახურებით სარგებლობა იმთავითვე არ გულისხმობს სისტემაში შემავალი სხვა პროდუქტით სარგებლობის აუცილებლობას. აღნიშნულისგან განსხვავებით, სადავო ნორმებით განსაზღვრული ადმინისტრირების ერთიანი სისტემა მოქმედებს მომხმარებლისათვის გაწეული მომსახურების სანაცვლოდ გადასახდელი საფასურის/მოსაკრებლის ადმინისტრირების ეტაპზე.
  4. კომისიის მიერ 2010 წლის 13 ოქტომბერს მიღებული №24/3 გადაწყვეტილებით, კომუნალურ მომსახურებათა ადმინისტრირების ერთიანი სისტემის გავრცელების არეალი შემოიფარგლა ქ. თბილისის ადმინისტრაციული საზღვრებით, ხოლო სისტემის ადმინისტრატორებად განისაზღვრა აღნიშნულ ტერიტორიულ ფარგლებში მოქმედი ელექტროენერგიის მომსახურების გამწევი პირები – სს „თელასი“ და სს „ენერგო-პრო ჯორჯია“. ამასთან, კომისიის გადაწყვეტილებით, ადმინისტრირების ერთიანი სისტემა მოიცავს მხოლოდ ელექტროენერგიის მიწოდებას, წყალმომარაგებასა და დასუფთავების მომსახურებას და არ შეეხება ბუნებრივი გაზით მომსახურებასა და შესაბამისი საფასურის გადახდის წესს.
  5. სადავო ნორმები ეხება სწორედ ადმინისტრატორის მიერ მომსახურების საფასურის/მოსაკრებლის ადმინისტრირებასთან დაკავშირებულ ფუნქციებს. კერძოდ, ადმინისტრატორი (სს „თელასი“ და სს „ენერგო-პრო ჯორჯია“) მუდმივ რეჟიმში იღებს ინფორმაციას სისტემაში გაერთიანებულ მომსახურებათა გამწევი პირებისგან მომხმარებელთა ვალდებულებების თაობაზე და მომხმარებელს, პერიოდულად, ერთიანი ქვითრის მეშვეობით, აწვდის ინფორმაციას მის მიერ გადასახდელ საფასურთან/მოსაკრებელთან დაკავშირებით, ასევე ახორციელებს დარიცხული ვალდებულების გადახდის მონიტორინგს. იმ შემთხვევაში, თუკი მომხმარებელი არ გადაიხდის ან/და არასრულად გადაიხდის ერთ-ერთი რომელიმე მომსახურების საფასურს/მოსაკრებელს, ადმინისტრატორი წყვეტს მისთვის საკუთარი მომსახურების გაწევას დავალიანების დაფარვამდე.
  6. ამგვარად, სადავო ნორმების მოქმედების პირობებში, მომხმარებელს, რომელიც არ გადაიხდის ან/და არასრულად გადაიხდის წყალმომარაგების, ელექტროენერგიისა ან დასუფთავების მომსახურებისათვის დადგენილ საფასურს/მოსაკრებელს, მას ყოველთვის უწყდება ელექტროენერგიის მიწოდება, რადგან ერთიანი სისტემის ადმინისტრირებას ახორციელებენ ელექტროენერგიის მომსახურების გამწევი პირები.
  7. შესაბამისად, მოცემული დავის ფარგლებში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სისტემის ადმინისტრატორის ზემოაღნიშნულ ფუნქციათა კონსტიტუციურობა. კერძოდ, შეესაბამება თუ არა საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ მოთხოვნებს სისტემის ადმინისტრატორის იმგვარი ვალდებულება, რომელიც ითვალისწინებს მომხმარებლისათვის საკუთარი მომსახურების (მოცემულ შემთხვევაში, ელექტროენერგიის მიწოდების) შეწყვეტას იმ შემთხვევაშიც, როდესაც ამ უკანასკნელს, მართალია, გადახდილი აქვს ელექტროენერგიის მომსახურების საფასური, თუმცა არ გადაიხადა ან/და არასრულად გადაიხადა წყალმომარაგების ან დასუფთავების საფასური/მოსაკრებელი.
  8. მოსარჩელე სადავო ნორმების შემოწმებას ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველ პუნქტთან და 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის მე-3 წინადადებასთან მიმართებით. კონსტიტუციური დავის გადაწყვეტა მოითხოვს სადავო ნორმათა შესაბამისობის დადგენას არსებითად განსხვავებული შინაარსის კონსტიტუციურ უფლებებთან მიმართებით. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმების კონსტიტუციურობას თითოეულ კონსტიტუციურ უფლებასთან მიმართებით ცალ-ცალკე შეაფასებს.

4. „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის 496 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 13 ოქტომბრის №24/3 გადაწყვეტილების მე-5 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით

 

  1. საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ადამიანის ღირსება ხელშეუვალია და მას იცავს სახელმწიფო“.  საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით მყარად დადგენილია ადამიანის ღირსების უდიდესი მნიშვნელობა კონსტიტუციურ ღირებულებათა სისტემაში. ადამიანის ღირსების დაცვა წარმოადგენს არა მხოლოდ კონსტიტუციით გარანტირებულ აბსოლუტურ ინდივიდუალურ უფლებას, არამედ იმ ფუნდამენტურ პრინციპს, რომელსაც ეყრდნობა მთლიანად კონსტიტუციური წესრიგი.
  2. საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ღირსების უფლება განამტკიცებს იმგვარ წესრიგს, რომელშიც „მთავარი ღირებულება არის ადამიანი, როგორც თვითმყოფადი თავისუფალი და სხვა ადამიანების თანასწორი სუბიექტი. ადამიანის ღირსების დაცვა არის ის, რაც უპირობოდ ეკუთვნის ყველა ადამიანს სახელმწიფოსაგან. ღირსებაში იგულისხმება სოციალური მოთხოვნა სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის რესპექტირებაზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის №2/2/389 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ“, II-30).  ამასთან, ადამიანის ღირსების სუბიექტი მხოლოდ ადამიანია და ყველა ადამიანს გააჩნია ღირსება მხოლოდ იმიტომ, რომ იგი ადამიანია „... ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ გააჩნია საზოგადოების შეხედულებას მასზე ან მის სუბიექტურ თვითშეფასებას. ადამიანის ღირსების პატივისცემა გულისხმობს ყოველი ადამიანის პიროვნულ აღიარებას, რომლის ჩამორთმევა და შეზღუდვა დაუშვებელია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის №2/2/389 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ“, II-30). 
  3. ადამიანის ღირსების უფლების ერთ-ერთი პრაქტიკული გამოხატულება ადამიანის, როგორც თავისუფალი ინდივიდის და ძირითადი უფლებების მქონე სუბიექტად მიჩნევაში მდგომარეობს. კერძოდ, „უფლება სამართალსუბიექტობაზე წარმოადგენს ღირსების უფლების განუყოფელ ელემენტს. აღნიშნული უფლების თანახმად, სახელმწიფოსთვის ადამიანი უნდა იყოს მთავარი ფასეულობა, კონსტიტუციური უფლებების სუბიექტი და არა მიზნის მიღწევის საშუალება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 28 ოქტომბრის №2/5/560 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ნოდარ მუმლაური საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-10). შესაბამისად, ადამიანის ღირსების პატივისცემა და დაცვა გამორიცხავს სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის შიშველ ობიექტად განხილვას, მის ინსტრუმენტალიზაციას. სახელმწიფოს ეკრძალება იმგვარი ზომების მიღება, რომელიც ფუნდამენტურად კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ინდივიდს, როგორც თავისთავად ღირებულებას და პატივს არ სცემს მის სამართალსუბიექტობას არსებულ კონსტიტუციურ წესრიგში. შედეგად, სახელმწიფო საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველ პუნქტს არღვევს მაშინ, როდესაც ადამიანს განიხილავს მიზნის მიღწევის საშუალებად ან/და მისი ფაქტობრივი ქმედება ასეთ შედეგს გარდაუვლად იწვევს.
  4. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ შემთხვევები, როდესაც სახელმწიფოს მხრიდან ადგილი აქვს ადამიანის შიშველ ობიექტად გამოყენებას, მის ინსტრუმენტალიზაციას, შეუძლებელია, დაექვემდებაროს წინასწარ ამომწურავად განსაზღვრას. საქართველოს კონსტიტუციით დაცული ამა თუ იმ უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება ავტომატურად არ იწვევს სამართალსუბიექტობაზე უფლების დარღვევას, ინდივიდის ღირსების შელახვას. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, უფლების მზღუდავი რეგულირების შინაარსის, მიზნის და შეზღუდვის ინტენსივობის გათვალისწინებით, ადგენს გასაჩივრებული ნორმის (ნორმების) შესაბამისობას საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ ღირსების უფლებასთან (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 28 ოქტომბრის №2/5/560 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ნოდარ მუმლაური საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-11).
  5. მოსარჩელე კონსტიტუციურ სარჩელში მიუთითებს, რომ სადავო რეგულაციები წარმოადგენს იძულების მექანიზმს, რომელიც მომხმარებლის უმწეო მდგომარეობას, მის დამოუკიდებულებას ელექტროენერგიის სასიცოცხლო მნიშვნელობაზე იყენებს საფასურის/მოსაკრებლის ეფექტურად ამოღებისა და მომსახურების მიმწოდებლების საქმიანობის, ადმინისტრირების გამარტივების საშუალებად.
  6. ამასთან აღსანიშნავია, რომ მოსარჩელე მხარე არ დაობს კომუნალურ მომსახურებათა უსასყიდლოდ მიღების შესაძლებლობაზე და ეჭვქვეშ არ აყენებს საკუთარ ვალდებულებას, მიღებული მომსახურების სანაცვლოდ, გადაიხადოს შესაბამისი საფასური, ან/და, გადაუხდელობის შემთხვევაში, მოხდეს ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა. იგი აგრეთვე არ მიუთითებს, რომ სადავო ნორმით გათვალისწინებული რომელიმე მომსახურების საფასურის გადაუხდელობა გამოწვეული იყო ფინანსური შეუძლებლობით. მოსარჩელისთვის მიუღებელია მხოლოდ ელექტროენერგიის, ადამიანისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მომსახურების შეწყვეტის, როგორც იძულების მექანიზმის გამოყენება მაშინ, როდესაც მან უშუალოდ ელექტროენერგიის მომსახურების საფასური გადაიხადა.
  7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელე სადავო ნორმებით დადგენილი რეგულირების ღირსების შემლახველად განხილვისას საკუთარ არგუმენტაციას ამყარებს ელექტროენერგიის სასიცოცხლო მნიშვნელობაზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო არ დგას ელექტროენერგიის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით პირთა სოციალური გარანტიების და, ამ თვალსაზრისით, სახელმწიფოს კონსტიტუციურ ვალდებულებათა მოცულობის შეფასების საჭიროების წინაშე. ის, თუ როგორია კონსტიტუციით ნაგულისხმევი გარანტიები ადამიანის ისეთ მნიშვნელოვან საჭიროებებთან დაკავშირებით, როგორიცაა ელექტროენერგიის მიღება, წყალმომარაგება თუ დასუფთავება, შესაძლებელია, დამოუკიდებლად გახდეს შეფასების საგანი სახელმწიფოს შესაბამის ვალდებულებებზე მსჯელობისას. მოცემული დავის ფარგლებში საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს მხოლოდ იმის დადგენა, მომხმარებლის მიერ მიღებული სხვა კომუნალური მომსახურების სანაცვლოდ, შემხვედრი ფინანსური ვალდებულების შეუსრულებლობისას ამ უკანასკნელისთვის ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა რამდენად უტოლდება მისი მდგომარეობის მიზნის მიღწევის საშუალებად გამოყენებას, მის ინსტრუმენტალიზაციას და, შესაბამისად, არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულ ღირსების უფლებას.
  8. საკონსტიტუციო სასამართლო იზიარებს მოსარჩელის არგუმენტაციას ელექტროენერგიის მოხმარების მნიშვნელობასთან დაკავშირებით. თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების კვალდაკვალ, ელექტროენერგიის როლი ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაში მუდმივად მზარდია და მოიცავს ცხოვრების მრავალ სფეროს, ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობების შექმნის, რეალურ დროში კომუნიკაციისა თუ ინფორმაციის მიღების თვალსაზრისით. შესაბამისად, ბუნებრივია, ამგვარ რესურსზე წვდომის შეწყვეტა სხვა კომუნალურ მომსახურებასთან დაკავშირებით არსებული ფინანსური ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, მნიშვნელოვან დისკომფორტს ქმნის ადამიანთა ყოველდღიურ ცხოვრებაში.
  9. ზემოაღნიშნულის მიუხედავად, კომუნალურ მომსახურებათა მიღების სანაცვლოდ დადგენილ ფინანსურ ვალდებულებათა შესრულებისათვის იძულების ღონისძიებად ელექტროენერგიაზე წვდომის შეზღუდვა per se არ ქმნის ინდივიდის ობიექტად განხილვის შესაძლებლობას, არ ახდენს მის ინსტრუმენტალიზაციას. სადავო ნორმით განსაზღვრული წესი არ წარმოადგენს იმგვარ ღონისძიებას, რომელიც სახელმწიფოს მიერ დასახული მიზნისა და მოპყრობის ინტენსივობის შეფასების საჭიროების გარეშე, a priori  უნდა ჩაითვალოს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ღირსების შემლახველ მოპყრობად.
  10. მოპასუხე მხარის არგუმენტაციით, სადავო რეგულირებათა ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენს ელექტროენერგიის, წყალმომარაგების ან/და დასუფთავების მომსახურების საფასურის/მოსაკრებლის ადმინისტრირების განხორციელება ერთიანი სისტემის მეშვეობით, რაც უზრუნველყოფს მომსახურების შესაბამისი სექტორის გამართულ ფუნქციონირებას და მომსახურების საფასურის ეფექტურად ამოღებას. აღნიშნული სექტორის გამართული ფუნქციონირება და დასახელებულ მომსახურებებზე ხელმისაწვდომობა კი, თავის მხრივ, ემსახურება საერთო კეთილდღეობას დემოკრატიულ საზოგადოებაში და მიმართულია ადამიანისათვის ცხოვრების ღირსეული პირობების შექმნისაკენ.
  11. უდავოა, რომ, განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხის ქმედება არ არის თვითმიზნური, ისევე, როგორც არ არის მიმართული ადამიანის ინსტრუმენტალიზაციისკენ. გამოყენებული ღონისძიება მიმართულია მნიშვნელოვანი ლეგიტიმური მიზნისკენ. მომხმარებელთა მიერ მიღებულ კომუნალურ მომსახურებათა სანაცვლოდ, შესაბამის ფინანსურ ვალდებულებათა შეუსრულებლობა, ერთი მხრივ, საფრთხის ქვეშ აყენებს თავად აღნიშნული სექტორის გამართულ ფუნქციონირებას, ხოლო, მეორე მხრივ, პირდაპირ აისახება გაწეული მომსახურების ხარისხსა და მომსახურების ტარიფზე და იწვევს იმ მომხმარებელთა უფლებების დარღვევას, რომლებიც კეთილსინდისიერად ასრულებენ ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს.
  12. ასევე აღსანიშნავია, რომ თავად ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტას არ გააჩნია ავტომატური, თვითმიზნური ხასიათი. კანონმდებლობა ითვალისწინებს გონივრულ შესაძლებლობებს მომხმარებლისათვის, რათა ამ უკანასკნელმა შეასრულოს მიღებული კომუნალური მომსახურების სანაცვლოდ მასზე დაკისრებული ფინანსური ვალდებულება, ვიდრე აღნიშნული ღონისძიება იქნება გამოყენებული სისტემის ადმინისტრატორის მხრიდან.
  13. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 13 ოქტომბრის №24/3 გადაწყვეტილების სადავო მე-5 პუნქტის თანახმად, ერთიანი სისტემის ფარგლებში არსებული კომუნალური მომსახურების საფასურის/მოსაკრებლის შესახებ ინფორმაცია მომხმარებლებს მიეწოდება სისტემის ადმინისტრატორის მიერ ერთიანი ქვითრის საშუალებით, რომელიც, თავის მხრივ, მომხმარებელს აძლევს არანაკლებ 15 კალენდარული დღის ვადას ვალდებულების შესრულებისთვის. ამასთან, მომსახურების შეწყვეტა დაუშვებელია, თუკი მომხმარებელი სადავოდ ხდის მასზე დაკისრებულ საფასურს/მოსაკრებელს, ხოლო მხარეთა ურთიერთშეთანხმების შემთხვევაში შესაძლებელია, განხორციელდეს დავალიანების განაწილვადება. დამატებით, „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილების მე-8 მუხლის მე-9 პუნქტი გამორიცხავს დავალიანების გადაუხდელობის გამო მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის მომსახურების შეწყვეტას საღამოს საათებში, შაბათ-კვირას, ასევე უქმე დღეებში და უქმე დღეების წინა დღეს, ისევე როგორც დაუშვებელია მომსახურების შეწყვეტა 1 ლარამდე დავალიანების შემთხვევაში.
  14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნათელია, რომ სახელმწიფო მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის მიწოდების მომსახურების შეწყვეტას, როგორც იძულებით ღონისძიებას, იყენებს მნიშვნელოვანი ლეგიტიმური მიზნების – მომხმარებლისთვის სტაბილური, ხელმისაწვდომი და ხარისხიანი მომსახურების მიწოდების უზრუნველსაყოფად, რაც, საბოლოო ჯამში, ემსახურება საზოგადოების საერთო კეთილდღეობას.
  15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომუნალურ მომსახურებათა ერთიანი სისტემის ადმინისტრატორის ვალდებულება, რომელიც ითვალისწინებს მომხმარებლისათვის ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტას სისტემაში შემავალ სხვა მომსახურებათა საფასურის/მოსაკრებლის არგადახდის/არასრულად გადახდის შემთხვევაში, არ წარმოადგენს იმგვარ ღონისძიებას, რომელიც ფუნდამენტურად ეჭვქვეშ აყენებს ინდივიდის, როგორც სუბიექტის სტატუსს, არ აქცევს მას მიზნის მიღწევის საშუალებად სახელმწიფოს ხელში და, შესაბამისად, არ ახდენს მის ინსტრუმენტალიზაციას.
  16. ამგვარად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები, ამ თვალსაზრისით, შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულ ღირსების ხელშეუვალობის უფლებას.  

5. „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის 496 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 13 ოქტომბრის №24/3 გადაწყვეტილების მე-5 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის მე-3 წინადადებასთან მიმართებით

5.1. „უფლების არსი და დაცული სფერო

  1. საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის მე-3 წინადადების თანახმად, „მომხმარებელთა უფლებები დაცულია კანონით“. აღნიშნული დანაწესი ეხება საბაზრო ურთიერთობების ერთ-ერთ მთავარ მონაწილეს – მომხმარებელს და ადგენს სახელმწიფოს მიერ კანონმდებლობის დონეზე მისი სამართლებრივი ინტერესების დაცვის კონსტიტუციურ ვალდებულებას.
  2. მომხმარებელი, ისევე, როგორც მეწარმე, ზოგადად, საბაზრო ურთიერთობების ერთ-ერთი  მთავარი სუბიექტია. სწორედ მომხმარებელი წარმოადგენს ბაზარზე არსებული პროდუქტის/მომსახურების საბოლოო მიმღებს, რომელიც მეწარმის მიერ შექმნილ თუ მიწოდებულ პროდუქტს/მომსახურებას არაკომერციული მიზნებისათვის შეიძენს. თუმცა ეკონომიკური თავისუფლების პირობებში მოქმედ საბაზრო ურთიერთობებში აღნიშნულ სუბიექტთა სავაჭრო ძალაუფლება არ არის თანაბარი. მეწარმე, როგორც წესი, მიიჩნევა იმგვარ სუბიექტად, რომელიც საკუთარი მატერიალური, ადამიანური თუ ინფორმაციული რესურსების გათვალისწინებით, გაცილებით მნიშვნელოვან სავაჭრო ძალაუფლებას ფლობს. მომხმარებელი კი, ამ უკანასკნელისგან განსხვავებით, ურთიერთობის შედარებით სუსტ მხარეს წარმოადგენს.  
  3. საქართველოს კონსტიტუცია ეკონომიკურ თავისუფლებას კონსტიტუციურსამართლებრივი პრინციპის დონეზე განამტკიცებს. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლი აღიარებულად და უზრუნველყოფილად აცხადებს ეკონომიკურ თავისუფლებას და ადგენს სახელმწიფოს მიერ თავისუფალი და ღია ეკონომიკის, თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებაზე მუდმივად ზრუნვის პრინციპს. ამასთან, ეკონომიკური თავისუფლების პირობებში, მეწარმისათვის, როგორც ბაზრის „მთავარი მოთამაშისთვის“ შეთავაზებული გარანტიები და ეკონომიკურ აგენტებს შორის კონკურენტული გარემოს განვითარება, ხელს უწყობს თავისუფალი ბაზრის სტრუქტურის ჩამოყალიბებას და არაპირდაპირ ემსახურება მომხმარებელთა ინტერესების დაცვას, ქმნის მათთვის უკეთესი ხარისხის საქონლის/მომსახურების კონკურენტულ ფასად წარმოების/მიწოდების პირობებს.  (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის №2/11/747 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს გიგანტი სექიურითი“ და „შპს უსაფრთხოების კომპანია ტიგონისი“ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ“, II-2, 3). თუმცა, როგორც ზემოთ აღინიშნა, ეკონომიკური თავისუფლების პირობებში ჩამოყალიბებულ საბაზრო ურთიერთობებში მომხმარებელი ბუნებრივად წარმოადგენს ურთიერთობის სუსტ მხარეს და ბაზრის ეკონომიკური აგენტებისათვის კონსტიტუციით მინიჭებული თავისუფლების მაღალი ხარისხი და კონკურენტული გარემო, ხშირ შემთხვევაში, არათუ არ არის საკმარისი მომხმარებლის ჯეროვანი დაცვისთვის, არამედ, ზოგიერთ შემთხვევაში, წინააღმდეგობაშიც კი შეიძლება მოვიდეს ამ უკანასკნელის ინტერესებთან და საჭიროებდეს ინტერესთა დაბალანსებას სახელმწიფოს მხრიდან აქტიური ჩარევის გზით.
  4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართთველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის მე-3 წინადადება ექსპლიციტურად მიუთითებს მომხმარებელთა უფლებების სახელმწიფოს მიერ დაცვასა და ამ მიზნით შესაბამისი საკანონმდებლო რეგულირებების შემუშავების ვალდებულებაზე. აღნიშნული ვალდებულების აღიარების გზით, საქართველოს კონსტიტუციამ არაორაზროვნად მიუთითა, რომ მომხმარებლის ინტერესების ჯეროვანი დაცვა ამ უკანასკნელის ძირითად უფლებას წარმოადგენს და დამოკიდებული ვერ იქნება მარტოოდენ საბაზრო ურთიერთობების თვითრეგულირებასა და ეკონომიკური თავისუფლების პირობებში ბაზრის სხვა მონაწილე სუბიექტებისათვის შეთავაზებულ გარანტიებზე. შესაბამისად, ამ მიმართულებით, ზოგადად, კერძოსამართლებრივ ურთიერთობებში სახელმწიფოს ჩარევა სამართლიანი და დაბალანსებული სამოქალაქო ბრუნვის უზრუნველსაყოფად გამართლებულ და საჭირო ნაბიჯად უნდა ჩაითვალოს, თუკი იგი დააკმაყოფილებს საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ ფორმალურ და შინაარსობრივ მოთხოვნებს.
  5. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოს კონსტიტუცია, ერთი შეხედვით, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნებისათვის მხოლოდ ფორმალურ კრიტერიუმს ადგენს, უფლებათა კანონით მოწესრიგების გზით. თუმცა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის მე-3 წინადადება, იმავდროულად, მატერიალური შინაარსის მატარებელიცაა და მომხმარებელთა უფლებების მომწესრიგებელი საკანონმდებლო ნორმები სათანადო კონსტიტუციური პრინციპების შესაბამისად უნდა ჩამოყალიბდეს. „ნებისმიერი ნორმატიული აქტი, რომელიც უშუალოდ მომხმარებლის უფლებებს შეეხება, უნდა იცავდეს მას ძლიერი მხარისაგან და აფუძნებდეს ინტერესთა დაბალანსებული და მშვიდობიანი თანაარსებობის პირობებს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 9 თებერვლის №1/1/374,379 გადაწყვეტილება საქმეზე  „საქართველოს მოქალაქეები შალვა ნათელაშვილი და აკაკი მიქაძე საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკის) წინააღმდეგ“, II-2).
  6. შესაბამისად, მომხმარებელთა უფლებების დაცვის კონსტიტუციური მოთხოვნა სახელმწიფოს უდგენს ვალდებულებას, შექმნას ისეთი სამართლებრივი სისტემა, რომელიც მიმართული იქნება ბაზრის მონაწილე მთავარ სუბიექტთა ინტერესების დაბალანსებისაკენ და უზრუნველყოფს მომხმარებელთა მიერ სამართლიანი პირობებით წვდომასა და სარგებლობას ბაზარზე არსებულ მისთვის საინტერესო/საჭირო პროდუქტსა თუ მომსახურებაზე. აღნიშნული კონსტიტუციური დანაწესის შესრულების მიზნებისათვის, სახელმწიფო, ერთი მხრივ, ვალდებულია, კონკრეტული ტიპის საბაზრო ურთიერთობის რეგულირების შემთხვევაში, თავი შეიკავოს იმგვარი პირობების დადგენისაგან, რომელიც დაარღვევს მეწარმესა და მომხმარებელს შორის ურთიერთობაში არსებულ ბალანსს ამ უკანასკნელის საზიანოდ, მეორე მხრივ, სახელმწიფო ვალდებულია, შექმნას სათანადო სამართლებრივი გარანტიები, რომლებიც მომხმარებელს დაიცავს ბაზრის ეკონომიკური აგენტების მიერ საკუთარი საქმიანობის არაკეთილსინდისიერად წარმართვისა და დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების რისკებისაგან.
  7. აქვე, მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ სახელმწიფოს მიერ მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით შექმნილი საკანონმდებლო გარანტიები ობიექტურად ვერ დაექვემდებარება წინასწარ ამომწურავად განსაზღვრას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „მომხმარებლის უფლებების დაცვა არ წარმოადგენს ერთიან სამართლებრივ მატერიას. მისი შინაარსი განსაზღვრულია როგორც კერძო, ისე საჯარო სამართლის ნორმებით, რომლებიც შეიცავენ სხვადასხვა სახის (კატეგორიის) სავალდებულო დანაწესებს, რის შესაბამისადაც, უნდა მოქმედებდნენ საამისოდ უფლებამოსილი პირები, მათ შორის სახელმწიფო“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 9 თებერვლის №1/1/374,379 გადაწყვეტილება საქმეზე  „საქართველოს მოქალაქეები შალვა ნათელაშვილი და აკაკი მიქაძე საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკის) წინააღმდეგ“, II-2). შესაბამისად, ეკონომიკური თავისუფლების დაცვის პირობებში ჩამოყალიბებული თავისუფალი, სამართლიანი და ჯანსაღი სამოქალაქო ბრუნვის, კონკურენტული საბაზრო გარემოსა და ამგვარი ბაზრის ეკონომიკური აგენტებისათვის კონსტიტუციით მინიჭებული გარანტიების გათვალისწინებით, სახელმწიფოს აქვს ფართო დისკრეცია, განსაზღვროს მომხმარებელთა დაცვისთვის შემუშავებული რეგულირებების სახე და შინაარსი. სახელმწიფოს ამგვარი დისკრეცია კი ზღვარდადებულია საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული ზემოაღნიშნული სტანდარტებით, რომლებთან შესაბამისობის დადგენაც, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებას წარმოადგენს.
  8.  ამასთანავე გასათვალისწინებელია, რომ საბაზრო ურთიერთობათა მრავალფეროვნება და მასშტაბები, ასევე არსებულ საბაზრო ურთიერთობათა შინაარსი თუ პროდუქტის/მომსახურების მნიშვნელობა საზოგადოებრივი კეთილდღეობის უზრუნველყოფის მიზნებისათვის გავლენას ახდენს საბაზრო ურთიერთობების მონაწილეთა როლსა და მათ ინტერესთა ბალანზე და, შესაბამისად, ამ მიმართულებით სახელმწიფოს კონსტიტუციურ ვალდებულებათა შინაარსსა და ფარგლებზეც აისახება. რაც მეტია კონკრეტული მომსახურების/პროდუქტის მნიშვნელობა აღნიშნული მიზნებისათვის, მით მეტი შესაძლოა იყოს სახელმწიფოს კონსტიტუციურ ვალდებულებათა მოცულობა და, შესაბამისად, მეტად ნაკლები დისკრეცია, ამ მიმართულებით საბაზრო ურთიერთობების მონაწილეთა შორის სამართლიანი, დაბალანსებული ურთიერთობების ჩამოყალიბებისა და, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით, საჭირო სამართლებრივი გარანტიების შემუშავებისას.
  9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის მე-3 წინადადება სახელმწიფოს აკისრებს ვალდებულებას, შექმნას ისეთი სამართლებრივი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებელთა მიერ ბაზარზე არსებულ პროდუქტზე/მომსახურებაზე სამართლიანი პირობებით წვდომას. ამასთან, სახელმწიფოს გააჩნია დისკრეცია აღნიშული პირობების სამართლებრივი ფორმისა და შინაარსის განსაზღვრისას და ამგვარი დისკრეციის მასშტაბი შეიძლება იყოს განსხვავებული იმის გათვალისწინებით, თუ როგორია კონკრეტული საბაზრო ურთიერთობის, პროდუქტის/მომსახურების შინაარსი და მნიშვნელობა, როგორია ამგვარი ურთიერთობის მონაწილე სუბიექტთა ბუნება. შესაბამისად, შეუძლებელია, წინასწარ განისაზღვროს მომხმარებელთათვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლებრივი გარანტიების ამომწურავი ჩამონათვალი, ისევე, როგორც ამ მიმართულებით სახელმწიფოს დისკრეციისა და ვალდებულების ფარგლები. შედეგად, საკონსტიტუციო სასამართლო, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, განსაზღვრავს, სადავოდ გამხდარი რეგულირება თავისი არსით წარმოადგენს თუ არა იმგვარ დანაწესს, რომელიც უნდა ჩაითვალოს მომხმარებელთათვის დადგენილ სამართლიან პირობად და რომელიც თავსებადია საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებთან.

5.2. უფლების შეზღუდვის იდენტიფიცირება

  1.  როგორც აღინიშნა, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონი და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 13 ოქტომბრის №24/3 გადაწყვეტილება, ერთობლივად, კომუნალურ მომსახურებათა (ელექტროენერგია, ბუნებრივი გაზი, წყალმომარაგება და დასუფთავება) და შესაბამისი საფასურის/მოსაკრებლის გადახდევინების ადმინისტრირების მიზნით, ადგენს ერთიან ინტეგრირებულ და კოორდინირებულ სისტემას. სადავო ნორმების საფუძველზე, აღნიშნულ სისტემაში შემავალი რომელიმე კომუნალური მომსახურების საფასურის/მოსაკრებლის გადაუხდელობის/არასრულად გადახდის შემთხვევაში, სისტემის ადმინისტრატორებს – ელექტროენერგიის მიმწოდებელ კომპანიებს ენიჭებათ უფლებამოსილება, შესაბამის მომხმარებელს შეუწყვიტონ ელექტროენერგიის მიწოდება. ამგვარად, იმ მომხმარებელს, რომელმაც გადაიხადა უშუალოდ ელექტროენერგიის მომსახურების საფასური, თუმცა ამგვარი ფინანსური ვალდებულება არ შეასრულა ერთიან სისტემაში შემავალ სხვა, ერთ ან მეტ მომსახურებასთან მიმართებით, ყოველთვის ეზღუდება ელექტროენერგიით სარგებლობის შესაძლებლობა და სადავო ნორმების საფუძველზე, აღნიშნული არ წარმოადგენს მომსახურების მიმწოდებლის მხრიდან სახელშეკრულებო ვალდებულებათა დარღვევას.
  2. ამასთან, როგორც აღინიშნა, ადმინისტრირების ერთიან სისტემაში შემავალ თითოეულ მომსახურებას მომხმარებელი იღებს შესაბამის კომპანიასთან დადებული ინდივიდუალური შეთანხმების საფუძველზე. შესაბამისად, რომელიმე კონკრეტული მომსახურებით სარგებლობა იმთავითვე არ გულისხმობს სისტემაში შემავალი სხვა მომსახურებით სარგებლობის აუცილებლობას და სადავო ნორმებით განსაზღვრული ადმინისტრირების ერთიანი სისტემა მოქმედებს თითოეული მომსახურების მიღების თაობაზე ხელშეკრულების დადების შემდგომ, მომხმარებლისათვის გაწეული მომსახურების სანაცვლოდ გადასახდელი საფასურის/მოსაკრებლის ადმინისტრირების ეტაპზე.
  3. ამგვარად, მოცემულ შემთხვევაში, სადავო ნორმებით განსაზღვრული დანაწესი წარმოადგენს მომხმარებლის მიერ კონკრეტული მომსახურებით სარგებლობასთან დაკავშირებით ჩამოყალიბებულ პირობას, რომელიც განისაზღვრება სახელმწიფოს მიერ და არა ურთიერთობის მონაწილე მხარეთა შეთანხმებით.  აღნიშნული დანაწესის დადგენით სახელმწიფო შემხებლობაში მოდის მომხმარებელთა უფლებების კუთხით საკუთარ ვალდებულებათა იმ ნეგატიურ ასპექტთან, რომელიც მას ავალდებულებს, თავი შეიკავოს იმგვარი პირობების დადგენისაგან, რომელიც დაარღვევს მეწარმესა და მომხმარებელს შორის ურთიერთობაში არსებულ ბალანსს ამ უკანასკნელის საზიანოდ.
  4. ბუნებრივია, სიცოცხლისუნარიანი და მოწესრიგებული საბაზრო ურთიერთობების პირობებში, მეწარმე სუბიექტისათვის გადახდილი საფასურის სანაცვლოდ, შესაბამისი პროდუქტის/მომსახურების მიღება მომხმარებლის უპირველეს ინტერესს წარმოადგენს. შეუძლებელია, მომხმარებელთა უფლებების სხვა სამართლებრივ ასპექტებზე საუბარი, თუკი ამ უკანასკნელს, უპირველესად, პრობლემა ექმნება იმ მომსახურებისა თუ პროდუქტის მიღებაზე, რომლისთვისაც ის ხელშეკრულებით ნაკისრ შემხვედრ ვალდებულებას კეთილსინდისიერად ასრულებს. თუმცა მომხმარებელთა უფლებების ზემოაღნიშნული ფუნდამენტური ასპექტი კიდევ უფრო თვალსაჩინო ხდება მოცემული დავის ფარგლებში რელევანტური კომუნალური მომსახურების სფეროსთან მიმართებით. ელექტროენერგიით, ბუნებრივი გაზით, წყლითა და დასუფთავების მომსახურებაზე ხელმისაწვდომობას ინდივიდის ყოველდღიურ ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ამასთან, უშუალოდ ელექტროენერგიით მომსახურებაზე წვდომა განაპირობებს კიდეც სხვა იმგვარი ტიპის მომსახურებებზე (მაგალითად, ინტერნეტი, ტელევიზია) წვდომის შესაძლებლობას, რომლებიც თანამედროვე სამყაროში სწრაფი ტექნოლოგიური განვითარების კვალდაკვალ კომუნიკაციისა და ინფორმაციის მიღებისათვის არანაკლები მნიშვნელობის მატარებლები არიან.
  5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა საბაზრო ურთიერთობების ისეთი კონკრეტული სფერო, რომელშიც ჩარევისას და ურთიერთობის მონაწილე სუბიექტთა ინტერესების სამართლებრივი რეგულირებისას თავად მომსახურებათა ბუნება და მათი მაღალი საზოგადოებრივი მნიშვნელობა გავლენას ახდენს სახელმწიფოს ხელთ არსებულ დისკრეციის ფარგლებზე და მომსახურებათა მნიშვნელობის პირდაპირპროპორციულად ავიწროებს მას.
  6. შესაბამისად, მომხმარებლის მიმართ დადგენილი ნებისმიერი პირობა, რომელიც ზღუდავს ამ უკანასკნელის წვდომას სადავო ნორმებით დადგენილ ადმინისტრირების ერთიან სისტემაში შემავალ კომუნალურ მომსახურებებზე, ჩაითვლება სამართლიანად, თუკი იგი სახელმწიფოს მიერ გამოყენებული იქნება, როგორც ლეგიტიმური საჯარო მიზნის მიღწევის ultima ratio საშუალება. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „სახელმწიფო ვალდებულია, მომხმარებელს მისცეს მისი შესაძლებლობების ფარგლებში არსებული ყველაზე ხელმისაწვდომი გზები თავისი უფლებების დაკმაყოფილებისა... სპეციალური ნორმების დაწესება, რომლითაც მომხმარებლის თავისუფალი არჩევანის შეზღუდვა ან მისთვის არასახარბიელო პირობების შემოღება ხდება, შეიძლება გამართლებული იყოს ისეთ შემთხვევებში, როდესაც სიკეთით სარგებლობის სხვა გზები არ არსებობს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 9 თებერვლის №1/1/374,379 გადაწყვეტილება საქმეზე  „საქართველოს მოქალაქეები შალვა ნათელაშვილი და აკაკი მიქაძე საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკის) წინააღმდეგ“, II-2).
  7. როგორც ზემოთ აღინიშნა, სადავო ნორმებით დადგენილი წესის თანახმად, ელექტროენერგიის მიწოდების მომსახურება უწყდება მომხმარებელს, რომელმაც, მართალია, სრულად გადაიხადა უშუალოდ აღნიშნული მომსახურების საფასური, თუმცა პრობლემა აქვს ადმინისტრირების ერთიან სისტემაში არსებულ სხვა კომუნალური მომსახურების საფასურის/მოსაკრებლის გადახდასთან მიმართებით. შესაბამისად, აღნიშნული პირობის დადგენით, სახელმწიფო ზღუდავს მომხმარებლის მიერ კონკრეტული რესურსით თავისუფალი სარგებლობის შესაძლებლობას, რაც საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტით მომხმარებლისათვის დადგენილი კონსტიტუციური გარანტიების შეზღუდვად უნდა ჩაითვალოს. 

5.3. უფლების შეზღუდვის გამართლება,

5.3.1. შეფასების ტესტი

  1. საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის მე-3 წინადადება საუბრობს მომხმარებელთა უფლებების კანონით განსაზღვრის სახელმწიფო ვალდებულებაზე და სახელდებით არ მიუთითებს აღნიშნულ უფლებათა შეზღუდვის შესაძლებლობაზე. აღნიშნულის მიუხედავად, მომხმარებელთა უფლებები არ მიეკუთვნება საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულ აბსოლუტურ უფლებათა კატეგორიას და შეიძლება დაექვემდებაროს გარკვეულ შეზღუდვებს.  
  2. როგორც ზემოთ აღინიშნა, საბაზრო ურთიერთობების რეგულირებისას, სახელმწიფოს მიერ შემუშავებული საკანონმდებლო რეგულირებები მიმართულია როგორც კერძო პირთა – ეკონომიკური სუბიექტისა და მომხმარებლის ინტერესთა დაბალანსებისაკენ, იმავდროულად, რიგ შემთხვევებში, გასათვალისწინებელია კონკრეტული პროდუქტისა და მასთან დაკავშირებით გაწეული მომსახურების დატვირთვა მთლიანად საზოგადოებრივი კეთილდღეობის უზრუნველყოფის საქმეში. შესაბამისად, რიგ შემთხვევებში, ინტერესთა დაბალანსების საჭიროება შესაძლოა, ობიექტურად, მოითხოვდეს მომხმარებელთა მსგავსი უფლებრივი გარანტიების შეზღუდვას მნიშვნელოვანი ლეგიტიმური მიზნების არსებობის პირობებში და თანაზომიერების პრინციპის შესაბამისად.
  3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, თანაზომიერების პრინციპის თანახმად, „უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია, ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-60).

5.3.2. ლეგიტიმური მიზანი

  1. საკონსტიტუციო სასამართლო, პირველ რიგში, დაადგენს, რა ლეგიტიმურ მიზანს ემსახურება სადავო ნორმებით დადგენილი რეგულირება. გასათვალისწინებელია, რომ „ნებისმიერ შემთხვევაში, ამ მიზნის ქვეშ მოაზრებული სიკეთე ნორმატიულად მოწესრიგებადი და ფასეული უნდა იყოს. სწორედ ასეთი შეიძლება იყოს კანონმდებლის ლეგიტიმური მიზანი და არა ისეთი, რომელიც გაუცხოებულია ნორმატიული ნებისგან და არ შეესაბამება მას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის №1/2/411 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს „რუსენერგოსერვისი“, შპს „პატარა კახი“, სს „გორგოტა“, გივი აბალაკის ინდივიდუალური საწარმო „ფერმერი“ და შპს „ენერგია“ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინააღმდეგ“, II-9).
  2. მოპასუხე მხარის განმარტებით, სადავო ნორმებით გათვალისწინებული რეგულირების ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენს ელექტროენერგიის, წყალმომარაგებისა და დასუფთავების მომსახურების საფასურის/მოსაკრებლის ადმინისტრირების განხორციელება ერთიანი ინტეგრირებული და კოორდინირებული სისტემის მეშვეობით, რაც უზრუნველყოფს მომსახურების შესაბამისი სექტორის გამართულ ფუნქციონირებას და მომსახურების საფასურის ეფექტურად ამოღებას. სადავო ნორმებით დადგენილი კომუნალური მომსახურების საფასურის ამოღების მექანიზმი არის სახელმწიფოს მიერ კერძოსამართლებრივი ურთიერთობების რეგულირების შემთხვევა, რომელიც მიმართულია დემოკრატიულ საზოგადოებაში საერთო კეთილდღეობის უზრუნველყოფისაკენ და მომხმარებელთა უფლებების ჯეროვანი დაცვისკენ.
  3. საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე განმარტა, რომ კომუნალურ მომსახურებათა უსაფრთხო და საიმედო ხელმისაწვდომობას ინდივიდის ყოველდღიურ ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ელექტროენერგიით, ბუნებრივი გაზით, წყლითა და დასუფთავების მომსახურებით სარგებლობა მნიშვნელოვნად განაპირობებს საზოგადოების მიერ ელემენტარული საყოფაცხოვრებო მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას, არსებითი მნიშვნელობა აქვს პირის ჯანმრთელობის, საყოფაცხოვრებო პირობებში სანიტარიის უზრუნველყოფისა და გარემოს დაცვის პროცესში. რიგ შემთხვევებში, იგი (ელექტროენერგიით სარგებლობისას) წარმოადგენს სხვა იმგვარი ტიპის მომსახურებებზე წვდომის წინაპირობას, რომლებიც თანამედროვე სამყაროში რეალურ დროში კომუნიკაციისა და ინფორმაციის მიღებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებლები არიან. იმავდროულად, აღნიშნული მიზნების განხორციელებისათვის საჭიროა თავად კომუნალურ მომსახურებათა სისტემის გამართული ფუნქციონირება, ამგვარ მომსახურებათა სისტემაში მონაწილე სუბიექტთა შორის ურთიერთობის სათანადოდ მოწესრიგებისა და, მათ შორის, მომსახურების საფასურის/მოსაკრებლის ეფექტურად ადმინისტრირების გზით.
  4. შესაბამისად, კანონმდებლის მიერ დასახელებული, ზემოაღნიშნული კომუნალურ მომსახურებათა სისტემის გამართული ფუნქციონირებისა და შესაბამისი მომსახურების საფასურის ეფექტურად ამოღების მიზანი, რომელიც, საბოლოო ჯამში, მიმართულია საერთო საზოგადოებრივი კეთილდღეობის უზრუნველყოფისა და თავად მომხმარებელთა უფლებების ჯეროვანი დაცვისაკენ, უნდა ჩაითვალოს ღირებულ ლეგიტიმურ საჯარო მიზნად, რომლის მისაღწევად დასაშვებია მომხმარებელთა კონსტიტუციით დადგენილი გარანტიების შეზღუდვა.

5.3.3. გამოსადეგობა

  1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკით, მნიშვნელოვანი ლეგიტიმური მიზნის არსებობა თავისთავად არ ნიშნავს, რომ უფლებაში ჩარევა გამართლებულია. შეზღუდვის თანაზომიერებისათვის ასევე აუცილებელია, დაკმაყოფილებული იყოს გამოსადეგობის მოთხოვნაც. თავის მხრივ, ღონისძიების გამოსადეგობაზე მსჯელობისას „საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, რამდენად არსებობს ლოგიკური კავშირი საქართველოს პარლამენტის მიერ დასახელებულ ლეგიტიმურ მიზანსა და სადავო ნორმებით დადგენილ უფლების შეზღუდვის ფორმას შორის – რამდენად იძლევა სადავო ნორმები დასახელებული ლეგიტიმური მიზნის მიღწევის შესაძლებლობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 მაისის №3/3/600 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახა კუკავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-48).
  2. საზოგადოებრივი კეთილდღეობისა და მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზანი კომუნალურ მომსახურებათა სფეროში, უპირველესად, გულისხმობს აღნიშნულ მომსახურებათა სისტემის გამართულად ფუნქციონირებას. აღნიშნული სისტემა არა მხოლოდ უნდა ანიჭებდეს თითოეულ მომხმარებელს შესაძლებლობას, წვდომა ჰქონდეს სისტემაში შემავალ თითოეულ მომსახურებასთან, დადოს ხელშეკრულება ასეთი მომსახურების გამწევთან, არამედ, იმავდროულად, გულისხმობს იმგვარი სისტემის არსებობას, რომელშიც მომხმარებლებისათვის უზრუნველყოფილია მათთვის საჭირო მომსახურებასთან/რესურსთან უსაფრთხო, შეუფერხებელი და საიმედო წვდომა.
  3. როგორც მოპასუხე მხარის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელმა საქმის არსებითად განხილვის სხდომაზე მიუთითა, საყოველთაო საზოგადოებრივი კეთილდღეობისათვის ელექტროენერგიის, დასუფთავებისა და წყალმომარაგების მომსახურების უსაფრთხო და შეუფერხებელ მიწოდებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და აღნიშნულის უზრუნველყოფა სათანადო პირობებით სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას წარმოადგენს. თუმცა აღნიშნულ ვალდებულებას სახელმწიფო ახორციელებს კერძო კომპანიების მეშვეობით, რომლებიც ექვემდებარებიან შესაბამის სალიცენზიო პირობებსა და საკანონმდებლო რეგულირებებს და, თავის მხრივ, წარმოადგენენ რიგი მატერიალური თუ ფინანსური ვალდებულებების სუბიექტებს. იმ პირობებში, როდესაც მოცემული სამართლებრივი დავის ფარგლებში სადავოდ არ არის გამხდარი კომუნალურ მომსახურებათა მიღების სანაცვლოდ მომხმარებელთა მხრიდან შემხვედრი ფინანსური ვალდებულების შესრულება – საფასურის/მოსაკრებლის გადახდა, ეჭვქვეშ არ დგას ამგვარი ვალდებულების შესრულების საჭიროება მომსახურების გამწევ მეწარმე სუბიექტთა მიერ საკუთარ ვალდებულებათა შესრულებისა და კომუნალურ მომსახურებათა სისტემის გამართულად ფუნქციონირების მიზნებისათვის. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მომხმარებლისათვის სისტემაში შემავალი კონკრეტული მომსახურების გაწევა არ გულისხმობს მხოლოდ ამგვარ მომსახურებაზე/პროდუქტზე დაშვებას, არამედ, ასევე მოიცავს მთელი რიგი სამუშაოების განხორციელებას (ტექნიკური ღონისძიებები, საჭირო ინფრასტრუქტურა, ავარიულ სიტუაციებზე დროული რეაგირება და ა. შ.), რაც, პირველ რიგში, უკავშირდება მომსახურების გამწევი სუბიექტის მხრიდან საჭირო ფინანსური რესურსების მობილიზებას.
  4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმებით დადგენილი ადმინისტრირების ერთიანი სისტემის ფარგლებში მოქმედი საფასურის/მოსაკრებლის ამოღების წესი პირდაპირ უკავშირდება კომუნალურ მომსახურებათა გამწევი სუბიექტების მიერ საკუთარ მომსახურებათა უსაფრთხო, შეუფერხებელ, სტაბილურ მიწოდებას და, შედეგად, საყოველთაო საზოგადოებრივი კეთილდღეობის უზრუნველყოფასა და მთლიანად მომხმარებელთა ინტერესების დაცვას.
  5. სადავო ნორმებით დადგენილი რეგულირების გამოსადეგობაზე მსჯელობისას განსაკუთრებით საყურადღებოა ელექტროენერგიის მიწოდების, როგორც კომუნალური მომსახურების მნიშვნელობა ინდივიდისა და საზოგადოების საყოფაცხოვრებო საჭიროებათა დაკმაყოფილებისას. როგორც უკვე აღინიშნა, აღნიშნული მომსახურების მნიშვნელობა მუდმივად მზარდია თანამედროვე სწრაფი ტექნოლოგიური განვითარების პირობებში, მათ შორის კომუნიკაციისა და ინფორმაციის მიღების მიზნებისათვის. შესაბამისად, ადმინისტრირების ერთიან სისტემაში შემავალი რომელიმე მომსახურების საფასურის/მოსაკრებლის გადაუხდელობის/არასრულად გადახდის შემთხვევაში ელექტროენერგიაზე წვდომის შეზღუდვა ამ უკანასკნელის დატვირთვის გათვალისწინებით, ცხადია, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მომხმარებლის მიერ საკუთარი ფინანსური ვალდებულების შესრულების ნებაზე.
  6. ადმინისტრირების ერთიანი სისტემის ეფექტურობისა და გამოსადეგობის მტკიცებისას საქმის არსებითად განხილვის სხდომაზე მოპასუხე მხარეებმა, ასევე მოწმის სტატუსით მოწვეულმა ქალაქ თბილისის  მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა მიუთითეს სისტემაში შემავალი კომუნალური მომსახურებების საფასურის/მოსაკრებლის გადახდის შესახებ სტატისტიკურ მონაცემებზე ქალაქ თბილისის მასშტაბით ადმინისტრირების ერთიანი სისტემის შემოღებამდე და შემოღების შემდეგ. კერძოდ, მოპასუხე მხარეთა მიერ წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით, სადავო ნორმებით განსაზღვრული რეგულირების შემოღებამდე წყალმომარაგების საფასურს იხდიდა აბონენტთა მხოლოდ 47%, შემოღების შემდგომ – 97%. ანალოგიურად, დასუფთავების მომსახურებისათვის დადგენილი მოსაკრებლის გადახდის მაჩვენებელი ადმინისტრირების ერთიანი სისტემის შემოღებამდე მერყეობდა 20‒30%-ის ფარგლებში, ხოლო სისტემის დანერგვის შემდგომ მიაღწია 97%-იან ნიშნულს, მაშინ, როდესაც რეგიონებში გადახდის მაჩვენებელი მერყეობს 2‒50%-ის ფარგლებში.
  7. დამატებით, პროცესის მონაწილეებმა ასევე ყურადღება გაამახვილეს რეგიონებში არსებულ მდგომარეობაზე, სადაც ამგვარი ადმინისტრირების ერთიანი სისტემა არ მოქმედებს და მიუთითეს კომუნალურ მომსახურებათა მიწოდების ხარისხს შორის სხვაობაზე, ერთი მხრივ, დედაქალაქში და, მეორე მხრივ, რეგიონებში. კერძოდ, სადავო რეგულირებების შემოღების შემდგომ, დედაქალაქში მნიშვნელოვნად გამოსწორდა დასუფთავების მომსახურების პირობები, ინფრასტრუქტურა, რაც, საბოლოო ჯამში, აისახა გარემოს სისუფთავეზე და სანიტარულ ნორმებში, განსხვავებით რეგიონებისგან, სადაც დასუფთავებისა და ნარჩენების გატანის მომსახურებით დაფარულია დასახლებული პუნქტების მხოლოდ მცირე ნაწილი. რაც შეეხება წყალმომარაგების მომსახურებას, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წარმომადგენლების ინფორმაციით, ადმინისტრირების ერთიანი სისტემა დადებითად აისახა როგორც ინფრასტრუქტურასა და მომსახურების ხარისხზე, ასევე თავად წყალმომარაგების პერიოდულობაზეც, მაშინ, როდესაც რეგიონებში 24 საათიანი წყალმომარაგება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში არსებობს.
  8. ყოველივე ზემოაღნიშნული, მოპასუხე მხარეთა მიერ წარმოდგენილი მონაცემების ანალიზის ჩათვლით, ნათლად მოწმობს სადავო ნორმებით დადგენილ კომუნალურ მომსახურებათა საფასურის/მოსაკრებლის ადმინისტრირების წესის ეფექტურობასა და გამოსადეგობაზე დასახელებული ლეგიტიმური საჯარო მიზნების მიღწევისათვის. შესაბამისად, სადავო ნორმებით დადგენილი რეგულირება აკმაყოფილებს გამოსადეგობის კრიტერიუმს.
  9. დამატებით, უნდა აღინიშნოს, რომ მოსარჩელე მხარე ეჭვქვეშ არ აყენებს სახელმწიფოს მხრიდან დასახელებული ლეგიტიმური საჯარო მიზნების არსებობასა და სადავო რეგულირების გამოსადეგობას აღნიშნული მიზნების მიღწევის საქმეში.

5.3.4. აუცილებლობა

  1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „გამოსადეგობასთან ერთად შემზღუდველი ღონისძიება უნდა წარმოადგენდეს შეზღუდვის აუცილებელ (ყველაზე ნაკლებადმზღუდველ) საშუალებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის №3/4/550 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნოდარ დვალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-26). თანაზომიერების პრინციპის საწინააღმდეგოა ნებისმიერი ღონისძიება, რომელიც იმაზე მეტად ზღუდავს უფლებას, ვიდრე ეს ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად არის აუცილებელი.
  2. მოსარჩელის არგუმენტაციით, სადავო ნორმები, მათი ეფექტურობისა და ღირებული ლეგიტიმური საჯარო მიზნების არსებობის მიუხედავად, ვერ აკმაყოფილებს აუცილებლობისა და პროპორციულობის კრიტერიუმებს, რადგან არ არის დაცული გონივრული, სამართლიანი ბალანსი მომსახურების გამწევი სუბიექტებისა და მომხმარებელთა ინტერესებს შორის. დამატებით, მოსარჩელე მხარე მიუთითებს სადავო ნორმებით გათვალისწინებული შეზღუდვის ბლანკეტურ ბუნებაზე, რაც არ იძლევა მომხმარებელთა ინდივიდუალური შემთხვევების გათვალისწინების შესაძლებლობას.
  3. მოპასუხე მხარის არგუმენტაციით, სადავო ნორმებით გათვალისწინებული მექანიზმის შემოღების საჭიროება განაპირობა დედაქალაქში არსებულმა მძიმე რეალობამ, რამდენადაც ფაქტობრივად არ არსებობდა მომსახურების საფასურის ამოღების იძულების მექანიზმი, ხოლო მოსახლეობა საკუთარი ნებით არ ასრულებდა მასზე ხელშეკრულებით დაკისრებულ ვალდებულებას. ამასთან, მოპასუხემ ყურადღება გაამახვილა წყალმომარაგების შემთხვევაში ინდივიდუალური გამრიცხველიანების არარსებობაზე, რომელიც დღეის მდგომარეობით მხოლოდ ნაწილობრივ არის გამოსწორებული, რამდენადაც დარჩენილი ნაწილის გამრიცხველიანება ფიზიკურად და ტექნიკურად შეუძლებელია ისტორიულ უბნებში არსებული მიწოდების სისტემების თავისებურებიდან გამომდინარე. რაც შეეხება დასუფთავების მომსახურებას, მისი ინდივიდუალურად შეწყვეტის მექანიზმი, მოპასუხე მხარეთა მითითებით, არ არსებობს თავად მომსახურების ბუნების გათვალისწინებით.
  4. შესაბამისად, სადავო რეგულირებების შემოღების აუცილებლობაზე და ნაკლებადმზღუდავ ბუნებაზე მსჯელობისას აუცილებელია, განხილული და შეფასებულ იქნეს, რამდენად არის შესაძლებელი ადმინისტრირების ერთიან სისტემაში შემავალ თითოეულ მომსახურებასთან მიმართებით არსებობდეს შესაბამისი საფასურის/მოსაკრებლის ამოღების ინდივიდუალური წესი ამგვარი მომსახურების ბუნებისა და თავისებურებების გათვალისწინებით, როგორც ამას მოსარჩელე მხარე მიუთითებს. სხვაგვარად, შესაძლოა თუ არა არსებობდეს მომხმარებელთა ფინანსური ვალდებულებების გადახდის იძულების იმგვარი მექანიზმი, რომელიც არ საჭიროებს  ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტას, როდესაც მომხმარებელმა ელექტროენერგიის საფასური კეთილსინდისიერად გადაიხადა. ამასთან, რამდენადაც ადმინისტრირების ერთიან სისტემაში ელექტროენერგიის გარდა 3 სხვა კომუნალური მომსახურება (ბუნებრივი გაზის მიწოდება, წყალმომარაგება, დასუფთავება) მოიაზრება, სასამართლო სადავო ნორმათა აუცილებლობას თითოეული მომსახურების ღირებულების გადაუხდელობის შემთხვევასთან მიმართებით დამოუკიდებლად შეაფასებს.
  5.  დასუფთავების მომსახურების განხორციელება და ნარჩენებზე ზრუნვა საქართველოს ორგანული კანონის ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-16 მუხლის თანახმად, წარმოადგენს მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებას. აღნიშნული უფლებამოსილების განხორციელების მიზნით. ადგილობრივი მოსაკრებლის შემოღების, გაუქმებისა და მათზე შეღავათების დაწესების უფლებამოსილება გააჩნია ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოს. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის №17-46 დადგენილებით, შემოღებულ იქნა დასუფთავების მოსაკრებელი, ხოლო თავად ამგვარი უფლებამოსილების განხორციელების მიზნით, მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შეიქმნა იურიდიული პირი – შპს „თბილსერვის ჯგუფი“.
  6. „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ადგილობრივი მოსაკრებელი წარმოადგენს აუცილებელ გადასახდელს, რომელიც გადაიხდება გარკვეული მომსახურების გაწევისთვის და შეიტანება ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში. შესაბამისად, დასუფთავების მომსახურების მიმღებ მომხმარებელს აქვს კანონით დადგენილი ვალდებულება, შესაბამის მუნიციპალურ ერთეულში ცხოვრებისა და რეგისტრაციის შემთხვევაში, გადაიხადოს მისთვის დაკისრებული მოსაკრებელი. თუმცა აღნიშნული ვალდებულების ნებაყოფლობით თუ იძულების წესით შესრულებისას გასათვალისწინებელია თავად დასუფთავების მომსახურების ბუნება. კერძოდ, ამგვარი მომსახურება ატარებს არაინდივიდუალურ ხასიათს. ნარჩენების მოთავსება დასაშვებია მხოლოდ ამისთვის განკუთვნილ სპეციალურ სათავსებში, რომელთა რაოდენობა, დანიშნულება, განთავსების ადგილი და გატანის პირობები განისაზღვრება მუნიციპალიტეტის მიერ დადგენილი წესით. შეუძლებელია, დაზუსტებით მოხდეს თითოეული იმ მომხმარებლის იდენტიფიცირება, რომელიც საერთო მოხმარებისათვის განკუთვნილ სათავსში ნარჩენებს ათავსებს. გარდა ამისა, დასუფთავების მომსახურებისათვის დადგენილი მოსაკრებლის გადაუხდელობის შემთხვევაშიც, ინდივიდუალურ მომხმარებელთა მიმართ მომსახურების შეწყვეტა შეუძლებელია თავად მომსახურების ხასიათიდან გამომდინარე. დასუფთავების სამუშაოებისა და ნარჩენების გატანის დროში შეფერხება ან სრულად განუხორციელებლობა საფრთხის ქვეშ აყენებს გარემოს დაცვას, შესაბამის დასახლებულ პუნქტში არსებულ სანიტარულ ნორმებს და, შედეგად, საზოგადოებრივ ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას.  
  7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შეუძლებელია დასუფთავების მომსახურებასთან დაკავშირებული მოსაკრებლის ადმინისტრირების იმგვარი მექანიზმის შემუშავება, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებლისაგან მასზე დაკისრებული ფინანსური ვალდებულების შესრულების იძულებას მომსახურების შეწყვეტის გზით. გასათვალისწინებელია ისიც, რომ აღნიშნული მოსაკრებლის იძულებით ამოღების ღონისძიებად ფულადი ჯარიმის განსაზღვრა ვერ უზრუნველყოფს არსებული დავალიანების დაფარვას და გამოიწვევს დამატებით ფინანსურ ტვირთს მომხმარებლისათვის.
  8. დასუფთავებისა და ნარჩენების გატანის მომსახურებისგან განსხვავებით, წყალმომარაგება ხასიათდება თვისობრივად განსხვავებული ბუნებით. კერძოდ, მომსახურების ობიექტს წარმოადგენს წყლის რესურსის მიწოდება მომხმარებლისათვის, შესაბამისად, ობიექტურად შესაძლოა არსებობდეს ამგვარი რესურსის მიწოდების ინდივიდუალურად შეწყვეტის შესაძლებლობა. ანალოგიური დასკვნის საფუძველს იძლევა „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილება, რომლის მე-9 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, ქვითარში მითითებული გადახდის ვადის გასვლის შემდეგ, მასში ასახული დავალიანების გადაუხდელობის შემთხვევაში, წყალმომარაგების ლიცენზიატი უფლებამოსილია, შეუწყვიტოს შესაბამის მომხმარებელს სასმელი წყლით მომარაგება. 
  9. იმავდროულად, მოპასუხე მხარის, საქართველოს პარლამენტისა და შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წარმომადგენლებმა საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ყურადღება გაამახვილეს იმ პრაქტიკულ და ობიექტურ სირთულეებზე, რაც წყალმომარაგების მომსახურების ინდივიდუალურად შეწყვეტას უკავშირდება. კერძოდ, ადმინისტრირების ერთიანი სისტემის შემოღებიდან დღემდე, დედაქალაქში წყალმომარაგების სფეროში 450 ათასი აბონენტიდან ინდივიდუალურად გამრიცხველიანებულია მხოლოდ 150 ათასი მოსახლე, ხოლო დანარჩენის გამრიცხველიანება და, შესაბამისად, მომსახურების მიწოდების ინდივიდუალურად რეგულირება ფიზიკურად და ტექნიკურად შეუძლებელია ისტორიულ უბნებში არსებული მიწოდების სისტემების თავისებურებიდან გამომდინარე. დამატებით, ობიექტურ სირთულეებთან არის დაკავშირებული წყალმომარაგების შეწყვეტა იმ მომხმარებლებისათვის, რომელთა შემთხვევაშიც, მომსახურების ინდივიდუალურად შეწყვეტა ვერ ხერხდება შესაბამისი ტექნიკური კვანძის კერძო საკუთრების შიდა სივრცეში ყოფნის გამო.
  10. ამასთან გასათვალისწინებელია ისიც, რომ სადავო რეგულირებათა არსებობის მიუხედავად, მოწმეთა ინფორმაციით, არსებობს მყარად დადგენილი პრაქტიკა, რომ როდესაც წყალმომარაგების მომსახურების აბონენტები ექვემდებარებიან ინდივიდუალურ გამრიცხველიანებას ან/და ობიექტურად შესაძლებელია მათთვის მომსახურების ინდივიდუალურად შეწყვეტა, დავალიანების გადაუხდელობის შემთხვევაში, ადმინისტრირების ერთიანი სისტემის ადმინისტრატორთან შეთანხმებით, ასეთი მომხმარებლებისათვის ხდება მხოლოდ წყალმომარაგების შეწყვეტა და ეს დამატებით არ იწვევს ელექტროენერგიის მომსახურების შეწყვეტას სისტემის ადმინისტრატორის მხრიდან.
  11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ ადმინისტრირების ერთიან სისტემაში შემავალ წყალმომარაგების მომსახურების შემთხვევაში, არსებობს მომხმარებელთა კატეგორია, რომელთან მიმართებითაც არსებობს ობიექტური შესაძლებლობა, გამოყენებულ იქნეს შესაბამისი საფასურის გადახდის იძულების იმგვარი ინდივიდუალური მექანიზმი, რომელიც არ საჭიროებს დამატებით ელექტროენერგიის მომსახურების შეწყვეტას სისტემის ადმინისტრატორის მხრიდან. შესაბამისად, სადავო რეგულირებები ვერ აკმაყოფილებს აუცილებლობის კრიტერიუმს მომხმარებელთა იმ კატეგორიასთან მიმართებით, რომლებიც ექვემდებარებიან ინდივიდუალურ გამრიცხველიანებას ან/და არსებობს დავალიანების არსებობის შემთხვევაში, მათთვის  წყალმომარაგების მომსახურების ინდივიდუალურად შეწყვეტის შესაძლებლობა.
  12. დამატებით უნდა აღინიშნოს ისიც, რომ თავად წყალმომარაგების მომსახურების გამწევი ეკონომიკური აგენტების ინტერესშია, თითოეული აბონენტი დაექვემდებაროს ინდივიდუალურ გამრიცხველიანებას და, შესაბამისად, მომსახურების მიწოდების ინდივიდუალური კონტროლის შესაძლებლობას, რადგან სულადობის მიხედვით ფიქსირებული საფასურის გადახდა ხელს უწყობს რესურსის უყაირათოდ მოხმარებას და ზრდის მომსახურების გამწევის ხარჯებს. შედეგად, თანამედროვე ტექნოლოგიური განვითარების და ინოვაციების კვალდაკვალ შესაძლებელია, ეტაპობრივად გაიზარდოს იმ მომხმარებელთა ხვედრითი წილი, რომელთა მიმართ საფასურის ამოღების იძულების ინდივიდუალური მექანიზმების გამოყენება იქნება შესაძლებელი.
  13. აუცილებლობის კრიტერიუმს ასევე ვერ აკმაყოფილებს ბუნებრივი გაზის მომსახურებასთან მიმართებით საფასურის ამოღების ადმინისტრირების ერთიანი სისტემით გათვალისწინებული წესი. მართალია, სადავო ნორმა – საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 13 ოქტომბრის №24/3 გადაწყვეტილების მე-5 პუნქტი - არ ითვალისწინებს მომსახურების ამ სახის მიმართ სადავოდ გამხდარი იძულების მექანიზმის გამოყენებას, თუმცა „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონი (სადავო - 496 მუხლის მე-4 პუნქტი) ბუნებრივი გაზით მომსახურებას ადმინისტრირების ერთიანი სისტემის ნაწილად მოიაზრებს.
  14. სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების ანალოგიურად, „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის №12 დადგენილების მე-10 მუხლის მე-7 პუნქტი ითვალისწინებს მომხმარებლისათვის ბუნებრივი გაზით მომარაგების ინდივიდუალურად შეწყვეტის შესაძლებლობას ქვითარში ასახული დავალიანების გადაუხდელობის შემთხვევაში. ამასთან, როგორც მოპასუხე მხარის წარმომადგენლებმა მიუთითეს, ბუნებრივი გაზით მომსახურების სფერო, როგორც სამართლებრივი რეგულირების თვალსაზრისით, ასევე ფინანსური და ტექნიკური რესურსებით, სხვა კომუნალური მომსახურებებისგან განსხვავებით, ბევრად წინ არის წასული, ექვემდებარება განსხვავებულ რეგულირებას. შესაბამისად, ამ მიმართულებით მომსახურების საფასურის ამოღება პრობლემური არ არის და არ საჭიროებს ადმინისტრირების ერთიანი სისტემის ფარგლებში არსებული გადახდის იძულების მექანიზმის გამოყენებას.
  15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე,  ბუნებრივი გაზით მომსახურების ნაწილში დადგენილი პრაქტიკის თანახმად, ამგვარი მომსახურებისათვის დადგენილი საფასურის გადაუხდელობისას მომხმარებელს უწყდება წვდომა მხოლოდ ბუნებრივი გაზის რესურსზე და დამატებით არ ხდება მისთვის ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა. ამასთან, მოპასუხე მხარის წარმომადგენლებს გარდა არსებულ პრაქტიკაზე მითითებისა, არ წარმოუდგენიათ რაიმე  დამატებითი არგუმენტაცია, რის საფუძველზეც, ზემოხსენებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, გამართლებული იქნებოდა „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის სადავო 496 მუხლის მე-4 პუნქტში ამგვარი მომსახურების ერთიანი სისტემის ნაწილად შენარჩუნება. შესაბამისად, ბუნებრივი გაზის მომსახურებასთან მიმართებით საფასურის ამოღების ადმინისტრირების ერთიანი სისტემით გათვალისწინებული წესი არ წარმოადგენს მომხმარებელთა უფლებების შეზღუდვის აუცილებელ, ყველაზე ნაკლებად შემზღუდველ ღონისძიებას.
  16. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ნორმებით გათვალისწინებული შეზღუდვა წყალმომარაგების მომსახურებისა (მომხმარებელთა იმ კატეგორიასთან მიმართებით, რომლებიც არ ექვემდებარებიან ინდივიდუალურ გამრიცხველიანებას ან/და არ არსებობს დავალიანების არსებობის შემთხვევაში მათთვის წყალმომარაგების მომსახურების ინდივიდუალურად შეწყვეტის შესაძლებლობა) და დასუფთავების მომსახურების ნაწილში უნდა ჩაითვალოს დასახელებული ლეგიტიმური მიზნების მიღწევის აუცილებელ, ყველაზე ნაკლებად მზღუდავ საშუალებად. რაც შეეხება ბუნებრივი გაზის მიწოდების მომსახურებას, ასევე წყალმომარაგების მომსახურებას მომხმარებელთა იმ კატეგორიასთან მიმართებით, რომლებიც ექვემდებარებიან ინდივიდუალურ გამრიცხველიანებას ან/და არსებობს დავალიანების არსებობის შემთხვევაში მათთვის  წყალმომარაგების მომსახურების ინდივიდუალურად შეწყვეტის შესაძლებლობა, სადავო რეგულირებები ვერ აკმაყოფილებს აუცილებლობის კრიტერიუმს და, შესაბამისად, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის მე-3 წინადადებით დადგენილ მომხმარებელთა უფლებრივ გარანტიებს.

5.3.5. პროპორციულობა ვიწრო გაგებით

  1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, თანაზომიერების პრინციპი ასევე მოითხოვს, რომ დაცული იყოს პროპორციულობა ვიწრო გაგებით (stricto sensu). თანაზომიერების პრინციპის აღნიშნული ელემენტის მოთხოვნაა, რომ „უფლების შეზღუდვისას კანონმდებელმა დაადგინოს სამართლიანი ბალანსი შეზღუდულ და დაცულ ინტერესებს შორის“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის №3/4/550 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნოდარ დვალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-43). კერძოდ, სახელმწიფოს მიერ დაცული ინტერესი, საკუთარი მნიშვნელობით, უნდა აღემატებოდეს სადავო ნორმით შეზღუდულ ინტერესს.
  2. განსახილველ შემთხვევაში, ერთმანეთს უპირისპირდება, ერთი მხრივ, მომხმარებლის კერძო ინტერესი – შეძლოს ელექტროენერგიის მომსახურებით სარგებლობა, როდესაც ამგვარი მომსახურების შესაბამისი საფასური კეთილსინდისიერად გადახდილი აქვს და, მეორე მხრივ, საჯარო ინტერესი – უზრუნველყოფილ იქნეს კომუნალურ მომსახურებათა სექტორის გამართული ფუნქციონირება და მომსახურების საფასურის ეფექტურად ამოღება, რაც, თავის მხრივ, მიმართულია საერთო საზოგადოებრივი კეთილდღეობის უზრუნველყოფისა და ადამიანისათვის ცხოვრების ღირსეული პირობების შექმნისაკენ.
  3. როგორც აღინიშნა, კომუნალურ მომსახურებათა სფეროში შემავალ მომსახურებებზე უსაფრთხო და საიმედო ხელმისაწვდომობას ინდივიდის ყოველდღიურ ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ამგვარი მომსახურებებით სარგებლობა მნიშვნელოვნად განაპირობებს საზოგადოების მიერ ელემენტარული საყოფაცხოვრებო მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას, არსებითი მნიშვნელობა აქვს პირის ჯანმრთელობისა და საყოფაცხოვრებო პირობებში სანიტარიის უზრუნველყოფის პროცესში. შესაბამისად, აღნიშნულ სფეროში მომხმარებელთათვის შეთავაზებული კონსტიტუციური გარანტიების შეზღუდვა უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სახელმწიფოს აქვს მნიშვნელოვანი საჯარო მიზნები და გამოყენებული საშუალება ყველაზე ნაკლებად აზიანებს პროდუქტის/მომსახურების მიმღებ სუბიექტებს.
  4. განსახილველ საქმეზე სადავო რეგულირებებით გათვალისწინებული საფასურის/მოსაკრებლის ამოღების იძულების მექანიზმის სახით მომხმარებლისათვის ელექტროენერგიაზე წვდომის შეზღუდვა ხდება იმის გამო, რომ კომუნალურ მომსახურებათა ერთიანი სისტემის გამართული ფუნქციონირება არსებითი მნიშვნელობის მატარებელია საზოგადოებრივი კეთილდღეობის, ჯანმრთელობისა და გარემოზე ზრუნვის პროცესში. სისტემის გამართული ფუნქციონირება კი მნიშვნელოვნად გართულდება მომსახურების გამწევი სუბიექტების ფინანსური არამდგრადობის გამო, მათ მიერ სალიცენზიო და კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების არაჯეროვნად განხორციელების შემთხვევაში. ამასთან, მომსახურების გამწევ ეკონომიკურ აგენტთა ფინანსური სტაბილურობა და მომხმარებლებიდან არსებული ფინანსური დავალიანების ეფექტურად ამოღება არც თვითმიზანია და არ ემსახურება მხოლოდ მეწარმეთა ინტერესების დაცვას, არამედ წარმოადგენს არსებით პირობას თავად მომხმარებელთა ინტერესების დაცვის საქმეში. იგი გავლენას ახდენს, მათ შორის, იმ პირთა კეთილდღეობაზეც, რომლებიც სადავო ნორმის მოქმედების პირობებში მნიშვნელოვან დისკომფორტს განიცდიან ელექტროენერგიაზე წვდომის შეზღუდვის გამო. შესაბამისად, სახელმწიფო ამ უკანასკნელთა კონსტიტუციურ უფლებას ზღუდავს მნიშვნელოვანი ლეგიტიმური ინტერესებისა და თავად ამგვარი მომხმარებლების საბოლოო ინტერესების დასაცავად.
  5. იმავდროულად, ადმინისტრირების ერთიანი სისტემისა და მასში შემავალი კომუნალური მომსახურებების მარეგულირებელი სამართლებრივი ჩარჩოს ანალიზი ცხადყოფს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც კონკრეტული მომსახურების ინდივიდუალურად შეწყვეტა ობიექტურად შეუძლებელია, საფასურის/მოსაკრებლის ამოღების იძულების სადავო ნორმებით განსაზღვრული მექანიზმის გამოყენება ატარებს დროებით ხასიათს, გამოიყენება მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში და კანონმდებლობა ითვალისწინებს გონივრულ შესაძლებლობებს მომხმარებლისათვის, რათა ამ უკანასკნელმა მიღებული კომუნალური მომსახურების სანაცვლოდ მასზე დაკისრებული ფინანსური ვალდებულება შეასრულოს, ვიდრე აღნიშნული იძულების მექანიზმი იქნება გამოყენებული სისტემის ადმინისტრატორის მხრიდან.
  6. დასახელებული გარემოებების გათვალისწინებით, სადავო ნორმებით გათვალისწინებული ღონისძიების ლეგიტიმური მიზნების დაცვის საჭიროება გადაწონის მომხმარებლის კერძო ინტერესს. შესაბამისად, სადავო რეგულირებით სამართლიანად არის დადგენილი ბალანსი კერძო და საჯარო ინტერესებს შორის, შეესაბამება თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნებს და კონსტიტუციურია საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის მე-3 წინადადებასთან მიმართებით.

 

III
სარეზოლუციო ნაწილი

საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-5 პუნქტის, „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2, მე-5 და მე-11 პუნქტების, 25-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-6 პუნქტების, 27-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, 11-15, მე-2, მე-4, მე-7, მე-8, 81, 82, მე-11, 121, მე-13, მე-15 და მე-16 პუნქტების და 45-ე მუხლის საფუძველზე,

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ადგენს:

1. კონსტიტუციური სარჩელი №1248 („ანა ფირცხალაშვილი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წინააღმდეგ“) დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის მე-3 წინადადებასთან მიმართებით „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის 496 მუხლის მე-4 პუნქტის და „ქ. თბილისში ელექტრომომარაგების, წყალმომარაგებისა და დასუფთავების ერთიანი ინტეგრირებული და კოორდინირებული სისტემის მეშვეობით განხორციელების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 13 ოქტომბრის №24/3 გადაწყვეტილების მე-5 პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც იწვევს სხვა მომსახურების მიწოდების შეწყვეტას ისეთი მომსახურების ღირებულების გადაუხდელობის გამო, რომლის შეწყვეტა დამოუკიდებლად არის შესაძლებელი.

2. კონსტიტუციური სარჩელი №1248 („ანა ფირცხალაშვილი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წინააღმდეგ“) არ დაკმაყოფილდეს სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება:

(ა) „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის 496 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ქ. თბილისში ელექტრომომარაგების, წყალმომარაგებისა და დასუფთავების ერთიანი ინტეგრირებული და კოორდინირებული სისტემის მეშვეობით განხორციელების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 13 ოქტომბრის №24/3 გადაწყვეტილების მე-5 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით;

(ბ) საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის მე-3 წინადადებასთან მიმართებით „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის 496 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ქ. თბილისში ელექტრომომარაგების, წყალმომარაგებისა და დასუფთავების ერთიანი ინტეგრირებული და კოორდინირებული სისტემის მეშვეობით განხორციელების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 13 ოქტომბრის №24/3 გადაწყვეტილების მე-5 პუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც იწვევს სხვა მომსახურების მიწოდების შეწყვეტას, ისეთი მომსახურების ღირებულების გადაუხდელობის გამო, რომლის შეწყვეტაც დამოუკიდებლად არ არის შესაძლებელი.

3. არაკონსტიტუციური ნორმა ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი ამ გადაწყვეტილების საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.

4. გადაწყვეტილება ძალაშია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.

5. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

6. გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნოს მხარეებს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობას და საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

7. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე და გაეგზავნოს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.

კოლეგიის წევრები:

ვასილ როინიშვილი

ევა გოცირიძე

გიორგი კვერენჩხილაძე

ხვიჩა კიკილაშვილი