შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ინვესტიციების ურთიერთწახალისებისა და დაცვის შესახებ

შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ინვესტიციების ურთიერთწახალისებისა და დაცვის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 18-200
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 19/07/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/07/2021
ძალაში შესვლის თარიღი 10/06/2021
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016642
18-200
19/07/2016
ვებგვერდი, 12/07/2021
480610000.03.030.016642
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ინვესტიციების ურთიერთწახალისებისა და დაცვის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
  
შეთანხმება

საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ინვესტიციების ურთიერთწახალისებისა და დაცვის შესახებ


საქართველოს მთავრობა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობა, შემდგომში „ხელშემკვრელ მხარეებად“ წოდებულნი,

გამოთქვამენ რა თავიანთ ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების სურვილს, კერძოდ, ერთი ხელშემკვრელი მხარის ინვესტორთა მიერ მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე ინვესტიციებთან დაკავშირებით,

აღიარებენ რა, რომ ამ ინვესტიციების მოპყრობასთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმება ხელს შეუწყობს ერთი ხელშემკვრელი მხარიდან მეორე ხელშემკვრელ მხარესთან კაპიტალისა და ტექნოლოგიების  მიმოქცევასა და ხელშემკვრელ მხარეთა ეკონომიკურ განვითარებას,

თანხმდებიან რა, რომ თანასწორი და სამართლიანი საინვესტიციო რეჟიმის მინიჭება სასურველია იმ თვალსაზრისით, რომ იგი ხელს შეუწყობს სტაბილური საინვესტიციო ჩარჩოს შენარჩუნებას და ეკონომიკური რესურსების მაქსიმალურად ეფექტურ გამოყენებასა და ცხოვრების სტანდარტების გაუმჯობესებას, და

გამოთქვამენ რა რწმენას, რომ აღნიშნული მიზნების მიღწევა შესაძლებელია ჯანდაცვის, უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვით სფეროში ზოგადი ხასიათის ზომების, ასევე საერთაშორისოდ აღიარებული შრომითი უფლებების შეუზღუდავად,

იღებენ რა გადაწყვეტილებას გააფორმონ შეთანხმება ინვესტიციების ურთიერთწახალისებისა და დაცვის შესახებ,

შეთანხმდნენ შემდეგზე:

 

მუხლი 1

განსაზღვრებები

წინამდებარე შეთანხმების მიზნებისთვის:

 

1. ტერმინი „ინვესტიცია“ ნიშნავს ნებისმიერი სახის აქტივს, რომელიც ინვესტირებულია ხანგრძლივი ეკონომიკური ურთიერთობების დამყარების მიზნით, ერთი ხელშემკვრელი მხარის ინვესტორის მიერ მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე ამ უკანასკნელის კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად და მოიცავს, კერძოდ :

(a) მოძრავ და უძრავ ქონებას, ასევე ნებისმიერ სხვა უფლებას, როგორიცაა გირაო, ყადაღა, იპოთეკა და სხვა მსგავს უფლებებს, რომლებიც განსაზღვრულია იმ ხელშემკვრელი მხარის კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად, რომლის ტერიტორიაზეც განთავსებულია ქონება;

(b) რეინვესტირებულ ამონაგებს, ფულის მოთხოვნას ან ნებისმიერ სხვა ისეთ უფლებებს, რომლებსაც გააჩნიათ ფინანსური ღირებულება ინვესტიციასთან მიმართებაში;

(c) აქციებს, წილებს ან კომპანიებში მონაწილეობის სხვა ფორმებს;

(d) სამრეწველო და ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს, როგორიცაა პატენტები, სამრეწველო ნიმუშები, ტექნოლოგიური პროცესები, ასევე სავაჭრო ნიშნები, გუდვილი, ნოუ-ჰაუ, რომლებიც დაკავშირებულია განხორციელებულ ინვესტიციებთან;

(e) კანონის ან ხელშეკრულების საფუძველზე მინიჭებულ სამეწარმეო კონცესიებს, მათ შორის  ბუნებრივ რესურსებთან დაკავშირებული კონცესიები.

წინამდებარე შეთანხმების მიზნებისთვის, აქტივები ინვესტიციად განიხილება, თუ ისინი პასუხობს ინვესტიციისთვის დამახასიათებელ კრიტერიუმებს:, როგორიცაა კაპიტალის ან სხვა რესურსების არსებობა, შემოსავლის ან მოგების მიღების მოლოდინი, რისკის ვარაუდი და გარკვეული ვადა.

არბიტრაჟის გადაწყვეტილებები ან ნებისმიერი ბრძანება ან სასამართლო გადაწყვეტილება განხორციელებულ ინვესტიციებთან დაკავშირებით, წინამდებარე შეთანხმების მიზნებისთვის, არ ჩაითვლება ინვესტიციად.

2. ტერმინი „ინვესტორი“ თითოეულ ხელშემკვრელ მხარესთან მიმართებაში ნიშნავს:

(a) ნებისმიერ ფიზიკურ პირს, რომელსაც ამ ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეობა გააჩნია მისი კანონმდებლობის შესაბამისად;

(b) ნებისმიერ იურიდიულ პირს, რომელიც დაფუძნებულია მოგების მიღების მიზნით, კომპანიების, კორპორაციების, ფირმების, ბიზნესგაერთიანებების ჩათვლით, რომელიც ორგანიზებულია ან შექმნილია ამ ხელშემკვრელი მხარის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და გააჩნია წარმომადგენლობა და ეწევა ძირითად სამეწარმეო საქმიანობას ამ ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე.  

რომელთაც განახორციელეს ინვესტიცია მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე.

3. ტერმინი „ამონაგები“ ნიშნავს ინვესტირების შედეგად მიღებულ თანხებს, რომლებიც კერძოდ მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება, მოგებას, პროცენტებს, კაპიტალის ზრდით მიღებულ მოგებას, როიალტს, მოსაკრებლებს და დივიდენდებს.

4. „ტერიტორია“ ნიშნავს:

(a) საქართველოსთან მიმართებით:

საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ტერიტორიას, მათ შორის, სახმელეთო სივრცეს, მის წიაღსა და საჰაერო სივრცეს მის ზემოთ, შიდა წყლებსა და ტერიტორიულ ზღვას, მათ ფსკერს, წიაღსა და საჰაერო სივრცეს მათ ზემოთ, რომელთა მიმართაც საქართველო განახორციელებს მის სუვერენიტეტს, ასევე, მის ტერიტორიულ ზღვასთან მიმდებარე ზონას, განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონასა და კონტინენტურ შელფს, რომელთა მიმართ საქართველოს შეუძლია განახორციელოს თავისი სუვერენული უფლებები და/ან იურისდიქცია საერთაშორისო სამართლის დებულებების შესაბამისად.

(b) თურქეთის რესპუბლიკასთან მიმართებით:

სახმელეთო ტერიტორიას, შიდა წყლებს, ტერიტორიულ ზღვასა და საჰაერო სივრცეს მათ ზემოთ, ასევე საზღავაო აკვატორიას, რომელთან მიმართებაშიც თურქეთი, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, ახორციელებს თავის სუვერენულ უფლებებს ან იურისდიქციას ბუნებრივი რესურსების შესწავლის, გამოყენების და შენარჩუნების მიზნით.

 

მუხლი 2

გამოყენების სფერო

ეს შეთანხმება ვრცელდება ერთი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორთა მიერ თავისი კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად განხორციელებულ ინვესტიციებზე, მიუხედავად იმისა, ეს ინვესტიციები წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლამდე განხორციელდა თუ ძალაში შესვლის შემდეგ. ამასთან, წინამდებარე შეთანხმება არ ვრცელდება იმ დავებზე, რომლებიც წარმოიშვა მის ძალაში შესვლამდე.

 

მუხლი 3

ინვესტიციების წახალისება, დაშვება და დაცვა

1. თითოეული ხელშემკვრელი მხარე, თავისი კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად, წაახალისებს თავის ტერიტორიაზე მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორთა მიერ ინვესტიციების განხორციელებას, მხარეთა შორის საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის გაცვლის ჩათვლით.

2. თითოეული ხელშემკვრელი მხარე, მისი კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად, ხელს შეუწყობს ინვესტიციებთან დაკავშირებული აუცილებელი ნებართვების გაცემას, სალიცენზიო შეთანხმებებისა და ტექნიკური, კომერციული ან ადმინისტრაციული დახმარების კონტრაქტების განხორციელებისათვის საჭირო ნებართვების ჩათვლით, და ასევე კონსულტანტებისა და ექსპერტების საქმიანობის განხორციელებისათვის სავალდებულო ავტორიზაციას.

3. თითოეული ხელშემკვრელი მხარის ინვესტორთა ინვესტიციებს ნებისმიერ დროს, მიენიჭება სამართლიანი და თანასწორი რეჟიმი და მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე უზრუნველყოფილი იქნება სრული დაცვით და უსაფრთხოებით, საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ხელშეწყობის მინიმალური სტანდარტის შესაბამისად. არც ერთი ხელშემკვრელი მხარე უსაფუძვლო ან დისკრიმინაციული ქმედებებით ხელს არ შეუშლის ასეთი ინვესტიციების მართვას, შენარჩუნებას, გამოყენებას, ოპერირებას, სარგებლობას, გაფართოებას, გაყიდვას, ლიკვიდაციას ან განკარგვას.

 

მუხლი 4

საინვესტიციო რეჟიმი

1. თითოეული ხელშემკვრელი მხარე აღნიშნულ ინვესტიციებს, მას შემდეგ, რაც ისინი განხორციელდება, მიანიჭებს იმაზე არანაკლებ ხელსაყრელ რეჟიმს, რომელსაც მსგავს გარემოებებში ის ანიჭებს საკუთარ ინვესტორთა ინვესტიციებს, ან ნებისმიერი მესამე სახელმწიფოს ინვესტორთა ინვესტიციებს, იმის მიხედვით, თუ რომელი რეჟიმია უფრო ხელსაყრელი, ინვესტიციების მართვასთან, შენარჩუნებასთან, გამოყენებასთან, ოპერირებასთან, სარგებლობასთან, გაფართოებასთან, გაყიდვასთან, ლიკვიდაციასთან ან განკარგვასთან დაკავშირებით.

2. ხელშემკვრელი მხარეები, თავიანთი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის ფარგლებში, ხელს შეუწყობენ თითოეული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეებს მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე შესვლას ინვესტიციების ჩადებისა და განხორციელების მიზნით.

3. (a) წინამდებარე მუხლის დებულებები არ უნდა იქნეს გაგებული ისე, თითქოს ისინი ავალდებულებენ ერთ-ერთ ხელშემკვრელ მხარეს მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორებს მიანიჭოს ნებისმიერი ისეთი რეჟიმი, შეღავათი ან პრივილეგია, რომლის მინიჭებაც პირველ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია ნებისმიერი ისეთი საერთაშორისო შეთანხმების ან ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც მთლიანად ან ძირითადად შეეხება დაბეგვრას.

(b)  წინამდებარე შეთანხმების არადისკრიმინაციულობის, ეროვნული და უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმის დებულებები არ გავრცელდება იმ მოქმედ თუ სამომავლო პრივილეგიებზე, რომლებსაც თითოეული მხარე ანიჭებს საბაჟო, ეკონომიკური ან სავალუტო კავშირის, საერთო ბაზრის ან თავისუფალი სავაჭრო ზონის წევრობიდან ან მათთან არსებული ურთიერთობიდან გამომდინარე  საკუთარ ან ზემოაღნიშნული კავშირების, საერთო ბაზრის ან თავისუფალი სავაჭრო ზონის, ან ნებისმიერი სხვა მესამე სახელმწიფოს მოქალაქეებს ან კომპანიებს.

(c) ამ მუხლის პირველ პუნქტში გათვალისწინებული უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმი არ გულისხმობს არახელშემკვრელი მხარის ინვესტორსა და მათი ინვესტიციების მიმართ მინიჭებულ რეჟიმს, რომელიც გათვალისწინებულია დავების მოგვარებასთან დაკავშირებით ამ შეთანხმებით ან ხელშემკვრელ მხარესა და არახელშემკვრელ მხარეს შორის გაფორმებული სხვა საერთაშორისო შეთანხმების  დებულებებით.  

(d) უფრო მეტი სიცხადისთვის, პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეჟიმი არ ითვალისწინებს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ნებისმიერ სახელშეკრულებო ვალდებულებას, რომელიც გათვალისწინებულია ხსენებული ხელშემკვრელი მხარის მიერ გაფორმებული საერთაშორისო საინვესტიციო შეთანხმებებით.

(e) წინამდებარე შეთანხმების მე-3 და მე-4 მუხლების დებულებები არ ავალდებულებს ერთ ხელშემკვრელ მხარეს მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორთა ინვესტიციებს მიანიჭოს ისეთივე რეჟიმი, რომელსაც ის ანიჭებს საკუთარ ინვესტორთა ინვესტიციებს მიწისა და უძრავი ქონების, ასევე მასთან დაკავშირებული სანივთო უფლებების შეძენასთან მიმართებაში.

 

მუხლი 5

ზოგადი გამონაკლისები და რეგულირების უფლება

1.  წინამდებარე შეთანხმების არცერთი პუნქტი არ უნდა იქნეს გაგებული ისე, თითქოს იგი ხელს უშლიდეს ხელშემკვრელ მხარეს გაატაროს, მხარი დაუჭიროს ან აღასრულოს ნებისმიერი არა-დისკრიმინაციული სამართლებრივი ზომა, რომელიც:

(a) შემუშავებულია და მიმართულია ადამიანთა, ცხოველთა და მცენარეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, ან გარემოს დაცვის მიზნით;

(b) დაკავშირებულია ცოცხალი ან არაცოცხალი ამოწურვადი ბუნებრივი რესურსების კონსერვაციასთან.

2. წინამდებარე შეთანხმების არცერთი პუნქტი არ უნდა იქნეს გაგებული ისე, თითქოს:

(a) ავალდებულებს რომელიმე ხელშემკვრელ მხარეს გასცეს ან ხელმისაწვდომი გახადოს ნებისმიერი ისეთი ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებაც მას მიაჩნია თავისი ქვეყნის უშიშროების არსებითი ინტერესების საზიანოდ;

(b) ხელს უშლის რომელიმე ხელშემკვრელ მხარეს გაატაროს ისეთი ზომები, რომლებსაც ის მიიჩნევს აუცილებლად თავისი ქვეყნის უშიშროების  არსებითი ინტერესების დასაცავად;

i. რაც დაკავშირებულია იარაღით, საბრძოლო აღჭურვილობითა და მასალებით ვაჭრობასთან და ისეთი სხვა საქონლით, მასალებით, მომსახურებითა და ტექნოლოგიებით ვაჭრობასთან, რაც პირდაპირ ან არაპირდაპირ ითვალისწინებს სამხედრო ან უშიშროების სხვა უწყების  მომარაგებას;

ii. რაც მიიღება ომის ან საერთაშორისო ურთიერთობებში შექმნილი სხვა  სახის საგანგებო მდგომარეობის დროს;

iii. რაც დაკავშირებულია ეროვნული პოლიტიკის ან იმ საერთაშორისო შეთანხმებების იმპლემენტაციასთან, რომლებშიც დადასტურებულია ბირთვული იარაღის ან ბირთვული ასაფეთქებელი აპარატურის გაუვრცელებლობის პრინციპების პატივისცემა;

ან

(c) ხელს უშლის რომელიმე ხელშემკვრელ მხარეს გაატაროს ზომები იმ ვალდებულებათა შესაბამისად, რომლებიც მას ნაკისრი აქვს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შესახებ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების საფუძველზე.

3.   ამგვარი ზომების მიღების, შენარჩუნების ან გატარებისას უნდა შესრულდეს პირობა, რომლის თანახმადაც, ისინი არ უნდა იქნეს გამოყენებული თვითნებური ან გაუმართლებელი სახით ან არ უნდა წარმოადგენდნენ მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორთა ინვესტიციების შენიღბულ შეზღუდვას.

 

მუხლი 6

ექსპროპრიაცია და კომპენსაცია

1.   ინვესტიციები არ დაექვემდებარება ექსპროპრიაციის, ნაციონალიზაციის ან ეკვივალენტური ეფექტის მქონე პირდაპირ თუ არაპირდაპირ ზომებს (შემდგომში „ექსპროპრიაცია“), გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ასეთი ექსპროპრიაცია ემსახურება საზოგადოებრივ ინტერესს, ხორციელდება არა-დისკრიმინაციულ საფუძველზე, სწრაფი, ადეკვატური და ეფექტური კომპენსაციის გადახდის პირობით და სათანადო სამართლებრივი პროცედურით.

2.   კომპენსაცია ეკვივალენტური უნდა იყოს ექსპროპრირებული ინვესტიციის იმ საბაზრო ღირებულების, რომელიც არსებობდა უშუალოდ ექსპროპრიაციის განხორციელებამდე ან მოსალოდნელი ექსპროპრიაციის შესახებ საჯაროდ გამოცხადებამდე. კომპენსაცია გადახდილ უნდა იქნეს დაყოვნების გარეშე და იყოს თავისუფლად გადაცემადი, როგორც ეს მითითებულია  მე-8 მუხლში.

3.   კომპენსაციის გადახდა უნდა განხორციელდეს თავისუფლად კონვერტირებად ვალუტაში და კომპენსაციის გადახდის დაყოვნების შემთხვევაში იგი უნდა მოიცავდეს სათანადო პროცენტს.

 

მუხლი 7

ზარალის კომპენსაცია

 

1. თითოეული ხელშემკვრელი მხარის ინვესტორებს, რომელთა ინვესტიციებიც განიცდის ზარალს მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე ომის, ამბოხების, სამოქალაქო არეულობის ან სხვა მსგავსი გარემოებების გამო, იმ ზომებთან მიმართებაში, რომლებსაც ეს ხელშემკვრელი მხარე ატარებს ამგვარი ზარალის აღმოფხვრის მიზნით, მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ მიენიჭებათ იმაზე არანაკლებ ხელსაყრელი რეჟიმი, რომელიც მინიჭებული აქვს მის საკუთარ ან ნებისმიერი მესამე სახელმწიფოს ინვესტორებს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შეუზღუდავად, ერთი ხელშემკვრელი მხარის ინვესტორები, რომლებიც ამ პუნქტში მითითებული ნებისმიერი სიტუაციის შედეგად განიცდიან ზარალს მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, გამომდენარე:

(a) მისი შეიარაღებული ძალებისა და უწყებების მიერ მათი საკუთრების რეკვიზიციით;

(b) მისი შეიარაღებული ძალებისა და უწყებების მიერ, მათი საკუთრების განადგურებით,  რაც არ იყო გამოწვეული საბრძოლო მოქმედებითა და სიტუაციის აუცილებლობით;

ისარგებლებს რესტიტუციის უფლებითა  და კომპენსაციით, რომელიც, ნებისმიერ შემთხვევაში, უნდა იყოს ადეკვატური, ეფექტური და გადახდილი გონივრულ პერიოდში. შესაბამისი გადახდები უნდა იყოს თავისუფლად კონვერტირებადი.

 

მუხლი 8

რეპატრიაცია და ტრანსფერტი

1. თითოეული ხელშემკვრელი მხარე კეთილსინდისიერად უზრუნველყოფს ინვესტიციასთან დაკავშირებული ყველა ტრანსფერტის თავისუფლად და გაჭიანურების გარეშე განხორციელებას თავის ტერიტორიაზე და ტერიტორიიდან. ასეთი ტრანსფერტი მოიცავს შემდეგს:

(a) საწყის კაპიტალს და ინვესტიციების შენარჩუნებისა და გაზრდისთვის განკუთვნილ დამატებითი თანხებს;

(b) ამონაგებს;

(c) მთლიანი ინვესტიციის ან მისი ნებისმიერი ნაწილის გაყიდვის ან ლიკვიდაციის შედეგად მიღებულ შემოსავლებს;

(d) მე-6 და მე-7 მუხლებით გათვალისწინებული კომპენსაციის თანხებს;

(e) ინვესტიციებთან დაკავშირებული სესხის დასაფარად გამიზნულ შენატანებსა და დარიცხულ პროცენტებს;

(f) ხელფასს, გასამრჯელოს ან სხვა სახის ანაზღაურებას, რომელსაც იღებენ ერთი ხელშემკვრელი მხარის ის მოქალაქეები, რომლებმაც მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მიიღეს შესაბამისი სამუშაო ნებართვები ინვესტიციებთან დაკავშირებით;

(g) საინვესტიციო დავის გადაწყვეტის შედეგად მიღებულ თანხებს.

2.   ტრანსფერტები უნდა შესრულდეს იმ თავისუფლად კონვერტირებად ვალუტაში, რომელშიც განხორციელდა ინვესტიცია, ან ნებისმიერ სხვა თავისუფლად კონვერტირებად ვალუტაში, ტრანფერტის განხორციელების დღეს მოქმედი სავალუტო განაკვეთით, თუ სხვაგვარი შეთანხმება არ არსებობს ინვესტორსა და მიმღებ ხელშემკვრელ მხარეს შორის.

3.   როდესაც, გამონაკლის შემთხვევებში, გადახდები და კაპიტალის მიმოქცევა იწვევს ან  შეიძლება გამოიწვიოს საგადამხდელო ბალანსთან დაკავშირებული სერიოზული სირთულეები, თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია დროებით შეზღუდოს გადარიცხვები, იმ პირობით, რომ ასეთი შეზღუდვები წესდება არადისკრიმინაციულ და კეთილსინდისიერ საფუძველზე.

4.   წინამდებარე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მიუხედავად, ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია დააყოვნოს და/ან აღკვეთოს ფულადი სახსრების გადარიცხვა სამართლიანი, არადისკრიმინაციული და კეთილსინდისიერი ზომების გზით, რაც დაკავშირებულია დაბეგვრასთან, კრედიტორების უფლებების დაცვასთან და სასამართლოს ან ადმინისტრაციულ ორგანოთა მიერ გამოტანილი განაჩენებისა ან გადაწყვეტილებების აღსრულებასთან, ან სხვა კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების შესრულებასთან.

 

მუხლი 9

სუბროგაცია

1. თუ ერთი ხელშემკვრელი მხარე ფლობს მისი კანონმდებლობით გათვალისწინებულ სახელმწიფო დაზღვევას ან საგარანტიო სქემას, რათა დაიცვას მისი ინვესტორის ინვესტიციები არაკომერციული რისკებისგან, და თუ ამ ხელშემკვრელი მხარის ინვესტორი მიერთებულია მასზე, დამზღვევის ნებისმიერი სუბროგაცია, რომელიც გამომდინარეობს ამ ინვესტორებსა და დამზღვევს შორის სადაზღვევო კონტრაქტიდან, აღიარებული იქნება მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ.

2. სუბროგაციის საფუძველზე დამზღვევი უფლებამოსილია განახორციელოს ინვესტორის უფლებები და აღასრულოს მისი მოთხოვნები და იკისროს ინვესტიციასთან დაკავშირებული ვალდებულებები. სუბროგირებული უფლებები ან მოთხოვნები არ უნდა აღემატებოდეს ინვესტორის თავდაპირველ უფლებებსა და მოთხოვნებს.

3. ხელშემკვრელ მხარესა და დამზღვევს შორის დავები მოგვარდება წინამდებარე შეთანხმების მე-10 მუხლის დებულებათა შესაბამისად.

 

მუხლი 10

დავების გადაწყვეტა ხელშემკვრელ მხარესა და მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორს შორის

1. ეს მუხლი ვრცელდება ერთ ხელშემკვრელ მხარესა და მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორს შორის ამ შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ წარმოშობილ დავებზე, რომლებიც ეხება ამ უკანასკნელი ხელშემკვრელი მხარის მიერ ამ შეთანხმებით გათვალისწინებული დებულებების სავარაუდო დარღვევას, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს ინვესტორის ან მისი ინვესტიციების დანაკარგი და ზარალი.

2. ხელშემკვრელ მხარესა და მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორს შორის მის ინვესტიციასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავის შესახებ ინვესტორმა დეტალურ ინფორმაციასთან ერთად წერილობითი შეტყობინება უნდა გაუგზავნოს ინვესტიციის მიმღებ ხელშემკვრელ მხარეს. შესაძლებლობის შემთხვევაში ინვესტორი და შესაბამისი ხელშემკვრელი მხარე შეეცდებიან სადავო საკითხები გადაწყვიტონ კეთილსინდისერად, კონსულტაციებისა და მოლაპარაკებების გზით.

3. თუ ამ დავის ზემოაღნიშნული წესით გადაწყვეტა ვერ ხერხდება პირველ პუნქტში მითითებული წერილობითი შეტყობინებიდან ექვსი (6) თვის განმავლობაში, დავები, ინვესტორის შეხედულებისამებრ, შესაძლოა გადაეცეს:

(a) იმ ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურ სასამართლოს, რომლის ტერიტორიაზეც განხორციელდა ინვესტიცია;

ან

(b) ამ მუხლის მე-6 პუნქტის მოთხოვნების გათვალისწინებით:

i. საინვესტიციო დავების გადაწყვეტის საერთაშორისო ცენტრს (ICSID), რომელიც შექმნილია „სახელმწიფოებსა და სხვა სახელმწიფოების მოქალაქეთა შორის საინვესტიციო დავების გადაწყვეტის შესახებ“ კონვენციის საფუძველზე; ან

ii. საგანგებო საარბიტრაჟო ტრიბუნალს, რომელიც შექმნილია საერთაშორისო სავაჭრო კანონმდებლობის საკითხებზე გაეროს კომისიის (UNCITRAL) საარბიტრაჟო წესების 2010 წლის რედაქციის შესაბამისად.

4. მას შემდეგ, რაც ინვესტორი დავას განსახილველად გადასცემს ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებულ დავების გადამწყვეტ ერთ-ერთ ორგანოს, მისი ეს არჩევანი ჩაითვლება საბოლოოდ. ასეთი არჩევანი მხარეების მიერ გამოყენებული იქნება დანარჩენი ორი ორგანოს გამოსარიცხად მსგავსი ან იდენტური დავების განხილვისას.

5. ინვესტიციებთან დაკავშირებული არცერთი დავა საარბიტრაჟო წესით განსახილველად არ გადაეცემა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ რომელიმე ორგანოს, თუ გასულია ხუთ წელზე მეტი იმ დღიდან, როდესაც ინვესტორმა პირველად შეიტყო, ან მას პირველად უნდა შეეტყო სავარაუდო დარღვევისა და იმ ზარალის ან ზიანის შესახებ, რომელიც მან სავარაუდოდ განიცადა.

6. მხოლოდ იმ დავებზე, რომლებიც უშუალოდ წარმოშობილია ხელშემკვრელ მხარეთა უცხოური კაპიტალის შესახებ სათანადო კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად განხორციელებულ და ეფექტურად დაწყებულ ინვესტიციებთან დაკავშირებით, გავრცელდება საინვესტიციო დავების გადაწყვეტის საერთაშორისო ცენტრის (ICSID) ან ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მხარეთა შორის შეთანხმებული ნებისმიერ სხვა დავების მოგვარების საერთაშორისო მექანიზმის იურისდიქცია.

7.  საარბიტრაჟო სასამართლო გადაწყვეტილებებს იღებს ამ შეთანხმების დებულებების, დავაში ჩართული იმ ხელშემკვრელი მხარის კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად,  რომლის ტერიტორიაზეც განხორციელებულ იქნა ინვესტიცია (საკანონმდებლო ხარვეზებთან დაკავშირებული მისი წესების ჩათვლით) და ასევე, ხელშემკვრელ მხარეთა შორის შეთანხმებული საერთაშორისო სამართლის სათანადო პრინციპების შესაბამისად.

8. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება საბოლოოა და სავალდებულო დავაში მონაწილე ყველა მხარისთვის. თითოეული ხელშემკვრელი მხარე უზრუნველყოფს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულებას მისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად.

 

მუხლი 11

შეღავათებზე უარის თქმა

1. ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია უარი თქვას ამ შეთანხმებით გათვალისწინებული შეღავათების მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორისთვის მინიჭებაზე, რომელიც ამ ხელშემკვრელი მხარის კომპანიას წარმოადგენს და ამ ინვესტორის ინვესტიციებს, თუ კომპანია არ აწარმოებს ძირითად სამეწარმეო საქმიანობას იმ ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, რომლის კანონმდებლობის შესაბამისადაც იგი შეიქმნა ან ჩამოყალიბდა, და  არახელშემკვრელი მხარის ინვესტორებს ან შეღავათებზე უარის მთქმელი ხელშემკვრელი მხარის ინვესტორებს, რომლებიც ფლობენ ან აკონტროლებენ კომპანიას.

2. შეღავათების უარმყოფელი ხელშემკვრელი მხარე, იმდენად, რამდენადაც ეს შესაძლებელია, შეღავათების უარყოფამდე აცნობებს მეორე ხელშემკვრელ მხარეს.

 

მუხლი 12

დავების მოგვარება ხელშემკვრელ მხარეთა შორის

1.   ხელშემკვრელი მხარეები კეთილსინდისიერად და თანამშრომლობის სულისკვეთებით უზრუნველყოფენ წინამდებარე შეთანხმების დებულებათა ინტერპრეტაციასთან ან გამოყენებასთან დაკავშირებით მათ შორის წარმოშობილი დავების სწრაფ და სამართლიან გადაწყვეტას. ამ მიზნის მისაღწევად ხელშემკვრელი მხარეები თანხმდებიან გამართონ პირდაპირი და არსებითი მნიშვნელობის მოლაპარაკებები. თუ ხელშემკვრელი მხარეები ვერ ახერხებენ ზემოაღნიშნული წესით შეთანხმების მიღწევას დავის წარმოშობიდან ექვსი თვის განმავლობაში, დავა ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის მოთხოვნით შესაძლოა გადაეცეს სამი წევრისაგან შემდგარ  საარბიტრაჟო ტრიბუნალს.

2.   მოთხოვნის მიღებიდან ორი (2) თვის განმავლობაში თითოეული ხელშემკვრელი მხარე ნიშნავს ერთ არბიტრს. ეს ორი არბიტრი თავმჯდომარედ ირჩევს მესამე არბიტრს, რომელიც მესამე სახელმწიფოს მოქალაქეა.  თუ რომელიმე ხელშემკვრელი მხარე ვერ დანიშნავს თავის არბიტრს დადგენილ ვადაში, მეორე ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია არბიტრის დანიშვნის თხოვნით მიმართოს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს პრეზიდენტს.

3.   თუ ორი არბიტრი ვერ ახერხებს შეთანხმების მიღწევას თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებით მათი დანიშვნიდან ორი თვის განმავლობაში, თავმჯდომარეს ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის მოთხოვნით დანიშნავს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს პრეზიდენტი.

4. თუ წინამდებარე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს პრეზიდენტს არ შესწევს აღნიშნული ფუნქციის შესრულება ან ის არის ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის მოქალაქე, დანიშვნას  განახორციელებს ვიცე-პრეზიდენტი, ხოლო თუ ვიცე-პრეზიდენტს არ შესწევს აღნიშნული ფუნქციის შესრულება ან ის არის ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის მოქალაქე, დანიშვნას  განახორციელებს სასამართლოს მომდევნო ყველაზე მაღალი თანამდებობის პირი, რომელიც არც ერთი  ხელშემკვრელი მხარის მოქალაქე არ არის.

5. თავმჯდომარის შერჩევიდან სამი (3) თვის განმავლობაში ტრიბუნალი შეათანხმებს თავის საპროცედურო წესებს, რომლებიც შესაბამისობაში უნდა იყოს წინამდებარე შეთანხმების სხვა დებულებებთან. ამგვარი შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში, ტრიბუნალი თხოვნით მიმართავს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს პრეზიდენტს, რათა მან თავად განსაზღვროს საპროცედურო წესები საერთაშორისო საარბიტრაჟო პროცედურის საყოველთაოდ აღიარებული ნორმების გათვალისწინებით.

6. თუ სხვაგვარად არ არის შეთანხმებული, ყველა სადავო საკითხი წარედგინება და მასთან დაკავშირებული ყველა მოსმენა ჩატარდება თავმჯდომარის შერჩევის დღიდან რვა (8) თვის განმავლობაში, ხოლო ტრიბუნალი თავის გადაწყვეტილებას გამოიტანს სადავო საკითხების საბოლოო წარდგენის ან მოსმენების დასრულების დღიდან ორი (2) თვის განმავლობაში, რომელიც უფრო გვიან მოხდება. საარბიტრაჟო გადაწყვეტილებები მიიღება ხმათა უმრავლესობით და ისინი საბოლოოა და სავალდებულო შესასრულებლად. საარბიტრაჟო სასამართლო გადაწყვეტილებებს იღებს ამ შეთანხმებისა და ხელშემკვრელ მხარეთა შორის არსებული საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად.

7. ხელშემკვრელი მხარეები თავმჯდომარის, სხვა არბიტრების და სასამართლო პროცესთან დაკავშირებულ სხვა ხარჯებს გადაინაწილებენ თანაბრად. მიუხედავად ამისა, ტრიბუნალმა შესაძლოა ხარჯების უფრო დიდი ნაწილის ანაზღაურება დააკისროს რომელიმე ხელშემკვრელ მხარეს.

8.   ეს მუხლი არ გამოიყენება იმ დავის მიმართ, რომელიც წარდგენილია და ჯერ კიდევ განიხილება მე-10 მუხლით გათვალისწინებული ნებისმიერი საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ. ეს ხელს არ უშლის ხელშემკვრელ მხარეთა შორის პირდაპირ და არსებით მოლაპარაკებათა გამართვას.

 

მუხლი 13

ძალაში შესვლა

 

1.   წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის ხელშემკვრელ მხარეთა მიერ დიპლომატიური არხების საშუალებით ბოლო წერილობითი შეტყობინების მიღების დღეს, რომელიც ადასტურებს წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესასვლელად აუცილებელი შესაბამისი შიდა სახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულებას.

2.   ეს შეთანხმება ძალაში რჩება ათი (10) წლის ვადით და ამის შემდგომ ის ძალაში იქნება შემდგომი ორწლიანი (2) პერიოდით, სანამ მას მოქმედება არ შეუწყდება ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად.

3.   წინამდებარე შეთანხმებაში, ხელშემკვრელ მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები, რომლებიც გაფორმდება ცალკე დოკუმენტის სახით და ძალაში შევა ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად. აღნიშნული სახით მიღებული დოკუმენტები წარმოადგენენ ამ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს.

4.   თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია მეორე ხელშემკვრელი მხარისთვის ექვსი (6) თვით ადრე წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით, მოქმედება შეუწყვიტოს წინამდებარე შეთანხმებას თავდაპირველი 10-წლიანი ვადის ბოლოს ან ამის შემდგომ ნებისმიერ დროს.

5.   იმ ინვესტიციების მიმართ, რომლებიც განხორციელდა ან შეძენილ იქნა წინამდებარე შეთანხმების მოქმედების შეწყვეტამდე და რომელთა მიმართაც წინამდებარე შეთანხმება ყველა შემთხვევაში ვრცელდება, წინამდებარე შეთანხმების ყველა მუხლი ძალაში დარჩება შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის დღიდან კიდევ ათი (10) წლის განმავლობაში.

6.   ეს შეთანხმება ჩაანაცვლებს და შეცვლის „თურქეთის რესპუბლიკასა და საქართველოს რესპუბლიკას შორის ინვესტიციების ურთიერთწახალისებისა და დაცვის შესახებ“ შეთანხმებას, რომელიც ხელმოწერილია 1992 წლის 30 ივლისს, ქ. თბილისში (შემდგომში მოხსენიებული როგორც „წინა შეთანხმება“), და მისი მოქმედება შეწყდება ამ შეთანხმების ძალაში შესვლის დღიდან. საარბიტრაჟო ტრიბუნალისთვის ამ შეთანხმების ძალაში შესვლამდე წარდგენილი დავები გადაწყდება წინა შეთანხმების დებულებების შესაბამისად.

ზემოაღნიშნულის დასტურად, სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილმა ქვემორე ხელის მომწერმა მხარეებმა, ხელი მოაწერეს წინამდებარე შეთანხმებას.

შესრულებულია ორ ეგზემპლარად, ქ. ანკარაში, 2016 წლის 19.07, თითოეული ქართულ, თურქულ და ინგლისურ ენებზე, თითოეულ ტექსტს თანაბარი ძალა გააჩნია.

წინამდებარე შეთანხმების განსხვავებული ინტერპრეტაციის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.

 

 

საქართველოს მთავრობის სახელით

 

თურქეთის რესპუბლიკის მთავრობის

სახელით

 

დიმიტრი ქუმსიშვილი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი

 

ნიჰათ ზეიბექჩი

ეკონომიკის მინისტრი