შეთანხმება "საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონ ჰონგ კონგს შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის და გადასახადების თავიდან არიდების აღკვეთის შესახებ"

შეთანხმება "საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონ ჰონგ კონგს შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის და გადასახადების თავიდან არიდების აღკვეთის შესახებ"
დოკუმენტის ნომერი 33-HKSAR-2
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 15/09/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/07/2021
ძალაში შესვლის თარიღი 01/07/2021
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016641
33-HKSAR-2
15/09/2020
ვებგვერდი, 08/07/2021
480610000.03.030.016641
შეთანხმება "საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონ ჰონგ კონგს შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის და გადასახადების თავიდან არიდების აღკვეთის შესახებ"
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
 
 

 

შეთანხმება

საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონ ჰონგ კონგს შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის და გადასახადების თავიდან არიდების აღკვეთის შესახებ


საქართველო და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონი ჰონგ კონგი,

სურთ რა, განავითარონ ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობა და გააფართოონ თანამშრომლობა საგადასახადო საკითხებზე,

მიზნად ისახავენ შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმების დადებას, გადასახადების გადაუხდელობის ან თავიდან არიდების გზით (მათ შორის, საგადასახადო შეთანხმებების ბოროტად გამოყენების სქემების ჩათვლით, რომლის მიზანია შეთანხმებებით გათვალისწინებული შეღავათებით არაპირდაპირი სარგებლობა მესამე იურისდიქციის რეზიდენტების მიერ) დაუბეგრაობის ან გადასახადების შემცირების შესაძლებლობის შექმნის გარეშე,

შეთანხმდნენ შემდეგზე:


მუხლი 1

პირები, რომლებზეც ვრცელდება შეთანხმება

1. ეს შეთანხმება ვრცელდება პირებზე, რომლებიც არიან ერთი ან ორივე ხელშემკვრელი მხარის რეზიდენტები.

2. ამ შეთანხმების მიზნებისთვის, ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, სრულიად ან ნაწილობრივ ფისკალურად გამჭვირვალედ მიჩნეული ერთეულის ან სქემის მიერ ან მისი მეშვეობით მიღებული შემოსავალი, ჩაითვლება  ხელშემკვრელი მხარის რეზიდენტის შემოსავლად, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ ხელშემკვრელი მხარის საგადასახადო მიზნებისთვის, ამ შემოსავალზე ვრცელდება იგივე საგადასახადო რეგულაცია, როგორიც  მისი რეზიდენტის შემოსავალზე.

3. ეს შეთანხმება არ მოახდენს გავლენას ხელშემკვრელი მხარის მიერ თავისი რეზიდენტების დაბეგვრის უფლებაზე, გარდა შეღავათებისა, რომელიც მინიჭებულია მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის და მე-17, მე-18, მე-19, 22-ე, 23-ე, 24-ე და 26-ე მუხლების საფუძველზე.

 

მუხლი 2

გადასახადები, რომლებზეც ვრცელდება შეთანხმება

1. ეს შეთანხმება ვრცელდება ხელშემკვრელი მხარის ან მისი პოლიტიკური ქვედანაყოფების, ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების მიერ შემოსავლებსა და კაპიტალზე დაწესებულ გადასახადებზე, მათი გადახდის წესის მიუხედავად.

2. შემოსავლებსა და კაპიტალზე გადასახადებად ითვლება ყველა ის გადასახადი, რომლითაც იბეგრება მთელი შემოსავალი, მთელი კაპიტალი, ან შემოსავლის ან კაპიტალის ცალკეული ელემენტი, უძრავი ან მოძრავი ქონების გასხვისებით მიღებული ნამეტი შემოსავლის ჩათვლით, საწარმოების მიერ გადახდილი მთელი ხელფასები ან ანაზღაურება და ასევე კაპიტალის აფასებით მიღებული შემოსავალი.

3. არსებული გადასახადები, რომლებზეც ვრცელდება ეს შეთანხმება:

(a)  სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის ჰონგ კონგის შემთხვევაში,

(i)  მოგების გადასახადი;

(ii)  სახელფასო გადასახადი;

(iii)  ქონების გადასახადი;

(შემდგომში „სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის ჰონგ კონგის გადასახადი”);

(b)  საქართველოს შემთხვევაში,

(i)  მოგების გადასახადი;

(ii)  საშემოსავლო გადასახადი;

(iii)  ქონების გადასახადი;

(შემდგომში „საქართველოს გადასახადი”).

4. ეს შეთანხმება ასევე ვრცელდება ყველა იდენტურ ან არსებითად მსგავსი ტიპის გადასახადზე, რომელიც ამ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ დაწესდება არსებული გადასახადების დამატებით ან მათ ნაცვლად. ხელშემკვრელ მხარეთა კომპეტენტური ორგანოები ერთმანეთს აცნობებენ თავიანთ საგადასახადო  კანონმდებლობაში შეტანილი არსებითი ცვლილებების შესახებ.

 

მუხლი 3

ზოგადი განსაზღვრებები

1. ამ შეთანხმების მიზნებისათვის, თუ კონტექსტიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს:

(a)    

(i)

ტერმინი „სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონი ჰონგ კონგი” ნიშნავს ნებისმიერ ადგილს, სადაც მოქმედებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის ჰონგ კონგის საგადასახადო კანონები;

 

(ii)

ტერმინი „საქართველო“ ნიშნავს საქართველოს ტერიტორიას, როგორც ეს განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის სახმელეთო ტერიტორიას, მის წიაღსა და საჰაერო სივრცეს მის ზემოთ, შიდა წყლებსა და ტერიტორიულ წყლებს, ზღვის ფსკერს, მის წიაღსა და საჰაერო სივრცეს მათ ზემოთ, რომელთა მიმართ საქართველო ახორციელებს სუვერენიტეტს, აგრეთვე ტერიტორიულ წყლებთან მომიჯნავე მიმდებარე ზონას, განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონას და კონტინენტურ შელფებს, რომელთა მიმართ საქართველოს შეუძლია განახორციელოს თავისი სუვერენული უფლებები და/ან იურისდიქცია საერთაშორისო სამართლის შესაბამისად;

(b) 

 

ტერმინი „ეკონომიკური საქმიანობა” მოიცავს პროფესიული მომსახურებისა და დამოუკიდებელი ხასიათის მქონე სხვა საქმიანობის წარმართვას;

(c)

 

ტერმინი „კომპანია” ნიშნავს ნებისმიერ კორპორაციულ წარმონაქმნს ან ნებისმიერ სხვა ერთეულს, რომელიც საგადასახადო მიზნებისათვის განიხილება როგორც კორპორაციული ერთეული;

(d)

 

ტერმინი „კომპეტენტური ორგანო” ნიშნავს:

 

 

(i)

სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის ჰონგ კონგის შემთხვევაში: შიდა შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელს ან მის უფლებამოსილ წარმომადგენელს;

 

 

(ii)        

საქართველოს შემთხვევაში: ფინანსთა სამინისტროს ან მის უფლებამოსილ წარმომადგენელს;

(e) 

 

ტერმინები „ხელშემკვრელი მხარე“, „მეორე ხელშემკვრელი მხარე“, „მხარე“ და „მეორე მხარე“ ნიშნავს სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონ ჰონგ კონგს ან საქართველოს, კონტექსტის შესაბამისად;

(f)  

 

ტერმინი „საწარმო” მოიცავს ნებისმიერი სახის ეკონომიკური საქმიანობის წარმართვას;

(g)  

 

ტერმინი „ხელშემკვრელი მხარის საწარმო” და „მეორე ხელშემკვრელი  მხარის  საწარმო” შესაბამისად ნიშნავს საწარმოს, რომლის მართვა ხორციელდება ერთი ხელშემკვრელი მხარის რეზიდენტის მიერ და საწარმოს, რომლის მართვა ხორციელდება მეორე ხელშემკვრელი მხარის რეზიდენტის მიერ;

(h) 

 

ტერმინი „საერთაშორისო გადაზიდვა” ნიშნავს ნებისმიერ გადაზიდვას  საზღვაო ან საჰაერო ხომალდით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საზღვაო ან საჰაერო ხომალდის ექსპლოატაცია ხდება მხოლოდ ხელშემკვრელ მხარეში განლაგებულ პუნქტებს შორის და საწარმო, რომელიც ახორციელებს საზღვაო ან საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციას არ წარმოადგენს ამ მხარის საწარმოს;

(i)    

 

ტერმინი „ნაციონალური პირი” საქართველოსთან მიმართებაში ნიშნავს:

 

 

(i) 

ნებისმიერ ფიზიკურ პირს, რომელსაც აქვს საქართველოს მოქალაქეობა;

 

 

(ii)

ნებისმიერ იურიდიულ პირს ან ამხანაგობას, რომელიც ამ სტატუსს იღებს საქართველოს მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის საფუძველზე;

(j)  

 

ტერმინი „პირი” მოიცავს ფიზიკურ პირს, კომპანიას და პირთა ნებისმიერ სხვა გაერთიანებას;

(k) 

 

ტერმინი ხელშემკვრელი მხარის „აღიარებული საპენსიო ფონდი“ ნიშნავს ამ მხარეში დაფუძნებულ ერთეულს ან სქემას, რომელიც ამ მხარის საგადასახადო კანონების თანახმად მიჩნეულია დამოუკიდებელ პირად და:

 

 

(i)

რომელიც დაფუძნებულია და რომლის ექსპლუატაციაც ხორციელდება ფიზიკური პირებისთვის საპენსიო შეღავათების და დამხმარე ან თანმდევი შეღავათების მხოლოდ ან თითქმის მხოლოდ ადმინისტრირების ან მინიჭებისათვის და რომელიც როგორც ასეთი, რეგულირდება ამ მხარის ან მისი ერთ-ერთი პოლიტიკური ქვედანაყოფის ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოს მიერ; ან

 

 

(ii)

რომელიც დაფუძნებულია და რომლის ექსპლუატაციაც ხორციელდება მხოლოდ ან თითქმის მხოლოდ (i) ქვეპუნქტში ხსენებული ერთეულის ან სქემის სასარგებლოდ თანხების ინვესტირებისათვის;

(l)

 

ტერმინი „გადასახადი“ ნიშნავს სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის ჰონგ კონგის გადასახადს ან საქართველოს გადასახადს, კონტექსტის შესაბამისად.


2.  ხელშემკვრელი მხარის მიერ ამ შეთანხმების მიზნებისთვის ნებისმიერ ტერმინს, რომელიც არ არის მასში განსაზღვრული, თუ კონტექსტიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს ან კომპეტენტური ორგანოები არ შეთანხმდებიან განსხვავებულ მნიშვნელობაზე 24-ე მუხლის შესაბამისად, ექნება ის მნიშვნელობა, რაც მას ენიჭება ამ დროს ამ მხარის  კანონმდებლობით, იმ გადასახადების მიმართ, რომლებზეც ვრცელდება ეს შეთანხმება. ხელშემკვრელი მხარის საგადასახადო  კანონმდებლობაში არსებული ტერმინების განსაზღვრებებს უპირატესობა ენიჭებათ იმ განსაზღვრებებთან მიმართებაში, რომლებიც მათ გააჩნიათ ამ მხარის  სხვა მოქმედი სამართლებრივი ნორმებით.

 

მუხლი 4

რეზიდენტი

1. ამ შეთანხმების მიზნებიდან გამომდინარე, ტერმინი “ხელშემკვრელი მხარის რეზიდენტი” ნიშნავს:

(a)   სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის ჰონგ კონგის შემთხვევაში,

(i) ნებისმიერ პირს, რომელიც ჩვეულებრივ ცხოვრობს სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონ ჰონგ კონგში;

(ii) ნებისმიერ პირს, რომელიც იმყოფება სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონ ჰონგ კონგში 180 დღეზე მეტ ხანს დარიცხვის წლის განმავლობაში ან 300 დღეზე მეტ ხანს დარიცხვის უწყვეტი ორი წლის განმავლობაში, რომელთაგან ერთ-ერთი შესაბამისი დარიცხვის წელიწადია;

(iii)  კომპანიას, რომელიც რეგისტრირებულია სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონ ჰონგ კონგში, ან თუ იგი რეგისტრირებულია მის საზღვრებს გარეთ, კომპანიას, რომელიც ჩვეულებრივ იმართება ან კონტროლდება სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონ ჰონგ კონგში;

(iv) ნებისმიერ სხვა პირს, რომელიც რეგისტრირებულია სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონ ჰონგ კონგში, ან თუ იგი რეგისტრირებულია მის საზღვრებს გარეთ, ნებისმიერ სხვა პირს, რომელიც ჩვეულებრივ, იმართება ან კონტროლდება სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონ ჰონგ კონგში;

(b) საქართველოს შემთხვევაში, ნებისმიერ პირს, რომელიც საქართველოს  კანონმდებლობის შესაბამისად ექვემდებარება დაბეგვრას მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილის, ფაქტობრივად ყოფნის ადგილის, მართვის ადგილის ან ანალოგიური შინაარსის მქონე ნებისმიერი სხვა  კრიტერიუმის საფუძველზე. ეს ტერმინი, ამასთან, არ მოიცავს პირს, რომელიც საქართველოში დაბეგვრას ექვემდებარება მხოლოდ მასში არსებული წყაროდან ან იქ განთავსებული კაპიტალიდან მიღებულ შემოსავლებთან დაკავშირებით;

(c) ორივე ხელშემკვრელი მხარის შემთხვევაში, ამ მხარის მთავრობას და მის ნებისმიერ პოლიტიკურ ქვედანაყოფს ან   ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოს, აგრეთვე ამ მხარის აღიარებულ საპენსიო ფონდს.

2. იმ შემთხვევაში, როდესაც ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებათა შესაბამისად, ფიზიკური პირი არის ორივე ხელშემკვრელი მხარის რეზიდენტი, მისი სტატუსი განისაზღვრება შემდეგნაირად:

(a) ის ჩაითვლება მხოლოდ იმ მხარის რეზიდენტად, სადაც მას აქვს მუდმივი საცხოვრებელი; თუ მას მუდმივი საცხოვრებელი აქვს ორივე მხარეში, ის ჩაითვლება მხოლოდ იმ მხარის რეზიდენტად, სადაც მას გააჩნია უფრო მჭიდრო პირადი და ეკონომიკური კავშირები (სასიცოცხლო ინტერესების ცენტრი);

(b) თუ შეუძლებელია იმ მხარის დადგენა, სადაც მას აქვს სასიცოცხლო ინტერესების ცენტრი, ან თუ მას არ აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არც ერთ ამ მხარეში, ის ჩაითვლება მხოლოდ იმ მხარის რეზიდენტად, სადაც იგი ჩვეულებრივ ცხოვრობს;

(c) თუ ის ჩვეულებრივ ცხოვრობს ორივე მხარეში  ან არ ცხოვრობს არც ერთ მათგანში, ის ჩაითვლება მხოლოდ იმ მხარის რეზიდენტად, რომელშიც მას აქვს ცხოვრების უფლება (სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის ჰონგ კონგის შემთხვევაში) ან რომლის ნაციონალურ პირსაც წარმოადგენს (საქართველოს შემთხვევაში);

(d) თუ მას აქვს ცხოვრების უფლება სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონ ჰონგ კონგში და ის  ასევე არის საქართველოს ნაციონალური პირი, ან არ გააჩნია სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონ ჰონგ კონგში ცხოვრების უფლება და ის არც საქართველოს ნაციონალური პირია, მაშინ ხელშემკვრელ მხარეთა კომპეტენტური ორგანოები საკითხს გადაწყვეტენ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.

3. იმ შემთხვევაში, როდესაც ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებათა შესაბამისად, პირი, გარდა ფიზიკური პირისა, არის ორივე ხელშემკვრელი მხარის  რეზიდენტი, ხელშემკვრელ მხარეთა კომპეტენტური ორგანოები შეეცდებიან, რომ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დაადგინონ ის ხელშემკვრელი მხარე, რომლის რეზიდენტადაც უნდა იქნეს მიჩნეული ასეთი პირი ამ შეთანხმების მიზნებისთვის, მისი ეფექტური მართვის ადგილის, რეგისტრაციის ან სხვა სახით დაფუძნების ადგილის ან ნებისმიერი სხვა შესაბამისი ფაქტორის გათვალისწინებით. ასეთი შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში, ასეთ პირს არ უნდა მიენიჭოს ამ შეთანხმებით გათვალისწინებული რაიმე შეღავათი ან გადასახადისგან გათავისუფლება, გარდა იმ შემთხვევებისა და როდესაც ეს შეთანხმებული იქნება ხელშეკვრელი მხარეების კომპეტენტურ ორგანოებს შორის.

მუხლი 5

მუდმივი დაწესებულება

1. ამ შეთანხმების მიზნებიდან გამომდინარე, ტერმინი “მუდმივი დაწესებულება” ნიშნავს საქმიანობის ფიქსირებულ ადგილს, რომლის მეშვეობითაც საწარმოს საქმიანობა ხორციელდება მთლიანად ან ნაწილობრივ.

2. ტერმინი “მუდმივი დაწესებულება” ძირითადად მოიცავს:

(a)    მართვის ადგილს;

(b)    ფილიალს;

(c)    ოფისს;

(d)    ქარხანას;

(e)    სახელოსნოს; და

(f) მაღაროს, ნავთობის ან გაზის ჭაბურღილს, კარიერს ან ბუნებრივი რესურსების მოპოვების ნებისმიერ სხვა ადგილს.

3. სამშენებლო მოედანი ან სამონტაჟო ან საამწყობო ობიექტი მუდმივ დაწესებულებად ითვლება მხოლოდ მაშინ, თუ ის არსებობს 6 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში.

4. ამ მუხლის წინა დებულებათა მიუხედავად, ტერმინი “მუდმივი დაწესებულება” არ მოიცავს:

(a)  შენობა-ნაგებობების გამოყენებას საწარმოს კუთვნილი პროდუქციის ან საქონლის მხოლოდ მარაგად შენახვის, დემონსტრირების ან დანიშნულების ადგილამდე მიტანის მიზნით;

(b) საწარმოს კუთვნილი პროდუქციის ან საქონლის მარაგის დასაწყობებას, მხოლოდ მარაგად შენახვის, დანიშნულების ადგილამდე მიტანის ან მიწოდების მიზნით;

(c)  საწარმოს კუთვნილი პროდუქციის ან საქონლის მარაგების შენახვას, მხოლოდ სხვა საწარმოს მიერ მათი გადამუშავების მიზნით;

(d)    საქმიანობის ფიქსირებული ადგილის გამოყენებას საწარმოსათვის პროდუქციის ან საქონლის მხოლოდ შესყიდვის ან მხოლოდ ინფორმაციის შეგროვების მიზნით;

(e) საქმიანობის ფიქსირებული ადგილის გამოყენებას საწარმოსათვის  ნებისმიერი სხვა საქმიანობის განხორციელების მიზნით;

(f) ფიქსირებული ადგილის გამოყენებას მხოლოდ ამ პუნქტის a)-e) ქვეპუნქტებში ჩამოთვლილ საქმიანობათა ნებისმიერი კომბინაციისათვის,

იმ პირობით, რომ ასეთი საქმიანობა ან f) ქვეპუნქტის შემთხვევაში, ფიქსირებული ადგილის საქმიანობის ამგვარი ერთობლიობა არის მოსამზადებელი ან დამხმარე ხასიათის.

5.  ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დებულებების მიუხედავად, თუ პირი,  გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტში აღნიშნული დამოუკიდებელი სტატუსის მქონე აგენტისა, მოქმედებს საწარმოს სახელით, აქვს და ჩვეულებრივ იყენებს ხელშემკვრელ მხარეში საწარმოს სახელით კონტრაქტის დადების უფლებამოსილებას, მაშინ ეს საწარმო ამ პირის მიერ საწარმოსათვის განხორციელებულ ნებისმიერ საქმიანობასთან მიმართებით განიხილება ამ მხარეში მუდმივი დაწესებულების მქონედ, თუ ამ პირის საქმიანობა არ შემოიფარგლება მე-4 პუნქტში აღნიშნული საქმიანობებით, რომელიც, ამავე პუნქტის დებულებების შესაბამისად, ამ საქმიანობის  ფიქსირებული ადგილის მეშვეობით განხორციელების შემთხვევაში არ გადააქცევს საქმიანობის ასეთ ფიქსირებულ ადგილს მუდმივ დაწესებულებად.

6. საწარმო არ განიხილება ხელშემკვრელ მხარეში მუდმივი დაწესებულების მქონედ მხოლოდ იმიტომ, რომ ის ამ მხარეში საქმიანობას ახორციელებს ბროკერის, კომისიონერის ან დამოუკიდებელი სტატუსის მქონე ნებისმიერი სხვა აგენტის მეშვეობით, იმ პირობით,  რომ ეს პირები მოქმედებენ თავიანთი ჩვეული პროფესიული საქმიანობის ფარგლებში.

7. ის ფაქტი, რომ კომპანია, რომელიც არის ერთი ხელშემკვრელი მხარის რეზიდენტი, აკონტროლებს ან კონტროლდება მეორე ხელშემკვრელი მხარის რეზიდენტი კომპანიის მიერ ან რომელიც საქმიანობას ახორციელებს მეორე მხარეში (მუდმივი დაწესებულების მეშვეობით ან სხვა სახით), თავისთავად არ გადააქცევს ერთ-ერთ ამ კომპანიას მეორის მუდმივ დაწესებულებად.

 

მუხლი 6

შემოსავალი უძრავი ქონებიდან

1. ხელშემკვრელი მხარის რეზიდენტის მიერ მეორე ხელშემკვრელ მხარეში მდებარე უძრავი ქონებიდან მიღებული შემოსავალი (სოფლისა და სატყეო მეურნეობიდან მიღებული შემოსავლის ჩათვლით), შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე მხარეში.

2.  ტერმინს “უძრავი ქონება” ექნება ის მნიშვნელობა, რომელიც მას გააჩნია იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობით, რომელშიც მდებარეობს განსახილველი ქონება. ტერმინი, ნებისმიერ შემთხვევაში, მოიცავს უძრავი ქონების მიმართ დამხმარე ხასიათის ქონებას, სასოფლო და სატყეო მეურნეობაში გამოყენებულ პირუტყვსა და მოწყობილობებს, უფლებებს, რომლებზეც ვრცელდება მიწის საკუთრებასთან დაკავშირებული ზოგადი სამართლის დებულებები, უძრავი ქონების უზუფრუქტსა და უფლებებს, რომლებიც წარმოადგენს ცვლადი ან ფიქსირებული ანაზღაურებების კომპენსაციას მინერალური წიაღისეულის, საბადოების და სხვა ბუნებრივი რესურსების დამუშავებისთვის ან დამუშავების უფლებისთვის. საზღვაო და საჰაერო ხომალდები უძრავ ქონებად არ განიხილება.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებები ვრცელდება უძრავი ქონების პირდაპირი გამოყენების, გაქირავების ან ნებისმიერი სხვა ფორმით გამოყენების შედეგად მიღებულ შემოსავლებზე.

4. ამ მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების დებულებები ვრცელდება აგრეთვე საწარმოს უძრავი ქონებიდან მიღებულ შემოსავლებზე.

მუხლი 7

მოგება ეკონომიკური საქმიანობიდან

1.  ხელშემკვრელი მხარის საწარმოს მოგება იბეგრება მხოლოდ ამ მხარეში, თუ ეს საწარმო თავის საქმიანობას მეორე ხელშემკვრელ მხარეში არ ახორციელებს იქ განლაგებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით. თუ საწარმო ამგვარად ახორციელებს საქმიანობას, მაშინ მისი მოგება შეიძლება დაიბეგროს მეორე მხარეში, მაგრამ მხოლოდ იმ ნაწილში, რომელიც მიეკუთვნება ამ მუდმივ დაწესებულებას.

2. ამ მუხლის მე-3 პუნქტის დებულებების გათვალისწინებით, იმ შემთხვევაში, როდესაც ხელშემკვრელი მხარის საწარმო მეორე ხელშემკვრელ მხარეში ახორციელებს საქმიანობას იქ განლაგებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით, თითოეულ ხელშემკვრელ მხარეში ამ მუდმივ დაწესებულებას მიეკუთვნება მოგება, რომელიც მას შეიძლებოდა მიეღო, როგორც იმავე ან ანალოგიური საქმიანობით დაკავებულ, იმავე ან ანალოგიურ პირობებში მყოფ ცალკე გამოყოფილ, დამოუკიდებელ საწარმოს, იმ საწარმოს მიმართ სრულიად დამოუკიდებელი მოქმედებით, რომლის მუდმივ დაწესებულებასაც ის წარმოადგენს.

3. მუდმივი დაწესებულების მოგების განსაზღვრისას დასაშვებია მუდმივი დაწესებულებისთვის გაწეული ხარჯების გამოქვითვა, მმართველობითი და საერთო ადმინისტრაციული ხარჯების ჩათვლით, იმის მიუხედავად, ეს ხარჯები იმ მხარეშია გაწეული, რომელშიც განთავსებულია მუდმივი დაწესებულება თუ მის ფარგლებს გარეთ.

4. თუ ხელშემკვრელ მხარეში ჩვეულებრივ მიღებულია მუდმივი დაწესებულების მოგების განსაზღვრა საწარმოს მთლიანი მოგების მის ცალკეულ ნაწილებზე განაწილების საფუძველზე, მაშინ ამ მუხლის მე-2 პუნქტი ვერანაირად შეუშლის ხელს ხელშემკვრელ მხარეს, განსაზღვროს დასაბეგრი მოგების ოდენობა ამგვარი განაწილების წესით; ამასთან, განაწილების მეთოდი უნდა იყოს ისეთი, რომ შედეგი შესაბამისობაში მოდიოდეს ამ მუხლის პრინციპებთან.

5. მუდმივ დაწესებულებას არ მიეკუთვნება ამ მუდმივი დაწესებულების მიერ საწარმოსათვის საქონლის ან პროდუქციის მხოლოდ შეძენის საფუძველზე მიღებული მოგება.

6. წინა პუნქტების მიზნებიდან გამომდინარე, მუდმივი დაწესებულებისათვის მისაკუთვნებელი მოგება ყოველწლიურად განისაზღვრება ერთი და იმავე მეთოდით, თუ არ არის სხვაგვარად განსაზღვრის  რაიმე საფუძვლიანი და საკმარისი მიზეზი.

7. იმ შემთხვევაში, როდესაც მოგება შეიცავს შემოსავლის ისეთ სახეობებს, რომლებიც ამ შეთანხმების სხვა მუხლებში ცალკეა განხილული, მაშინ ამ მუხლის დებულებები გავლენას ვერ იქონიებს იმ მუხლების დებულებებზე.

მუხლი 8

საერთაშორისო საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტი

1. საერთაშორისო გადაზიდვებში საზღვაო და საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციიდან ხელშეკვრელი მხარის საწარმოს მიერ მიღებული მოგება იბეგრება მხოლოდ ამ ხელშემკვრელ მხარეში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებები ასევე ვრცელდება ფონდში, ერთობლივ საქმიანობაში ან საერთაშორისო საოპერაციო სააგენტოების მუშაობაში მონაწილეობით მიღებულ მოგებაზე.

მუხლი 9

ურთიერთდამოკიდებული საწარმოები

1. იმ შემთხვევაში, როდესაც:

(a) ხელშემკვრელი მხარის საწარმო პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობს მეორე ხელშემკვრელი მხარის საწარმოს მართვაში, კონტროლში ან კაპიტალში, ან;

(b)  ერთი და იგივე პირები პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობენ ერთი ხელშემკვრელი მხარის საწარმოსა და მეორე ხელშემკვრელი მხარის საწარმოს მართვაში, კონტროლში ან კაპიტალში, 

და ორივე შემთხვევაში ამ ორ საწარმოს შორის კომერციულ ან ფინანსურ ურთიერთობებში შექმნილი ან დაწესებული პირობები განსხვავდება იმ პირობებისაგან, რომლებსაც ადგილი ექნებოდა ორ დამოუკიდებელ საწარმოს შორის ურთიერთობაში, მაშინ ნებისმიერი მოგება, რომელიც ამ პირობების არარსებობის შემთხვევაში წარმოეშვებოდა რომელიმე მათგანს, მაგრამ ამ პირობების არსებობის გამო არ წარმოეშვა, შეიძლება ჩართულ იქნეს ამ საწარმოს მოგებაში და დაიბეგროს შესაბამისად.

2. იმ შემთხვევაში, როდესაც ხელშემკვრელი მხარე ამ მხარის საწარმოს მოგებაში რთავს და, შესაბამისად, გადასახადით ბეგრავს იმ მოგებას, რომელთან მიმართებაში მეორე ხელშემკვრელი მხარის საწარმო დაექვემდებარა დაბეგვრას ამ მეორე მხარეში, და ასეთი სახით ჩართული მოგება წარმოადგენს მოგებას, რომელიც შეიძლება დარიცხვოდა პირველად ხსენებული მხარის საწარმოს, თუ ამ ორ საწარმოს შორის იქნებოდა იგივე ურთიერთობა, როგორც დამოუკიდებელ საწარმოებს შორის, მაშინ ეს მეორე მხარე მოახდენს მის მიერ ამ მოგებაზე დარიცხული გადასახადის შესაბამის კორექტირებას. ასეთი კორექტირების განსაზღვრის დროს სათანადო წესით უნდა იქნეს გათვალისწინებული ამ შეთანხმების სხვა დებულებებიც, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში ხელშემკვრელ მხარეთა კომპეტენტური ორგანოები ერთმანეთთან გამართავენ კონსულტაციებს.

მუხლი 10

დივიდენდები

1. ხელშემკვრელი მხარის რეზიდენტი კომპანიის მიერ მეორე ხელშემკვრელი მხარის რეზიდენტისათვის გადახდილი დივიდენდები შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე მხარეში.

2. ამასთან, ამგვარი დივიდენდები შესაძლოა აგრეთვე დაიბეგროს იმ ხელშემკვრელ მხარეში, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს დივიდენდების გადამხდელი კომპანია, ამ მხარის კანონმდებლობის შესაბამისად, მაგრამ თუ დივიდენდების ბენეფიციური მფლობელი წარმოადგენს მეორე ხელშემკვრელი მხარის რეზიდენტს, მაშინ ასეთი სახით გადახდილი გადასახადი არ უნდა აღემატებოდეს დივიდენდების საერთო რაოდენობის 5 პროცენტს. ეს პუნქტი არ შეეხება კომპანიის იმ მოგებების დაბეგვრას, საიდანაც გადაიხდება დივიდენდები.

3.  მიუხედავად ამ მუხლის მე-2 პუნქტის დებულებებისა, ხელშემკვრელ მხარეში წარმოშობილი დივიდენდები გათავისუფლებულია გადასახადისგან ამ მხარეში, თუ ისინი გადახდილია:

(a) სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის ჰონგ კონგის შემთხვევაში;

(i)   სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის ჰონგ კონგის მთავრობისთვის;

(ii)  ჰონგ კონგის სავალუტო უწყებისთვის;

(iii)  სავალუტო ფონდისთვის;

(iv) ნებისმიერი ერთეულისთვის, რომლის მთლიანი ან ძირითადი მფლობელია სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის ჰონგ კონგის მთავრობა, როგორც დროდადრო შეთანხმდებიან ხელშემკვრელ მხარეთა კომპეტენტური ორგანოები;

(b)    საქართველოს შემთხვევაში,

(i)  საქართველოს მთავრობისთვის ან მისი ნებისმიერი პოლიტიკული ქვედანაყოფის ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოსთვის;

(ii)  საქართველოს ეროვნული ბანკისთვის;

(iii) ნებისმიერი ერთეულისთვის, რომლის მთლიანი ან ძირითადი მფლობელია საქართველოს მთავრობა, როგორც დროდადრო შეთანხმდებიან ხელშემკვრელ მხარეთა კომპეტენტური ორგანოები.

4.  ამ მუხლის მიზნებისთვის, ტერმინი “დივიდენდები” ნიშნავს შემოსავალს აქციებიდან, სამთო საქმიანობასთან დაკავშირებული აქციებიდან, დამფუძნებელთა აქციებიდან ან სხვა უფლებებიდან, თუ ისინი არ წარმოადგენს მოგებაში მონაწილე სავალო მოთხოვნებს, ასევე შემოსავალს სხვა კორპორაციული უფლებებიდან, რომელიც ექვემდებარება ისეთივე საგადასახადო რეგულირებას, როგორსაც აქციებიდან მიღებული შემოსავალი, იმ ხელშემკვრელი მხარის  კანონმდებლობის შესაბამისად, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს მოგების გამანაწილებელი კომპანია.

5. ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების დებულებები არ გამოიყენება, თუ დივიდენდების ბენეფიციური მფლობელი არის ხელშემკვრელი მხარის რეზიდენტი, ახორციელებს საქმიანობას მეორე ხელშემკვრელ მხარეში, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს დივიდენდების გადამხდელი კომპანია, იქ არსებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით და ფლობა, რომლის საფუძველზეც ხდება დივიდენდების გადახდა უშუალოდ უკავშირდება ასეთ მუდმივ დაწესებულებას. ასეთ შემთხვევაში გამოიყენება მე-7 მუხლის დებულებები.

6.  როდესაც ხელშემკვრელი მხარის რეზიდენტი კომპანია მეორე ხელშემკვრელ მხარეში იღებს შემოსავალს ან მოგებას, ამ მეორე მხარეს არ შეუძლია კომპანიას გადასახადი დააკისროს გადახდილ დივიდენდებზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი დივიდენდების გადახდა ხდება ამ მეორე მხარის რეზიდენტისთვის, ან როდესაც ფლობა, რომლის საფუძველზეც ხდება დივიდენდების გადახდა, უშუალოდ უკავშირდება ამ მეორე მხარეში არსებულ მუდმივ დაწესებულებას. მეორე მხარეს ასევე არ შეუძლია დაბეგროს კომპანიის გაუნაწილებელი მოგება იმ შემთხვევაშიც კი, თუ გადახდილი დივიდენდები ან გაუნაწილებელი მოგება მთლიანად ან ნაწილობრივ შედგება ამ მეორე მხარეში წარმოშობილი მოგებიდან ან შემოსავლიდან.

მუხლი 11

პროცენტი

1. ხელშემკვრელ მხარეში წარმოშობილი და მეორე ხელშემკვრელი მხარის რეზიდენტისათვის გადახდილი პროცენტი შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე მხარეში.

2. ამასთან, ამგვარი პროცენტი ასევე შეიძლება დაიბეგროს იმ ხელშემკვრელ მხარეში, სადაც წარმოიშობა პროცენტი ამ მხარის  კანონმდებლობის შესაბამისად, მაგრამ თუ პროცენტის ბენეფიციური მფლობელი არის მეორე ხელშემკვრელი მხარის რეზიდენტი, მაშინ ასეთი სახით გადახდილი გადასახადი არ უნდა აღემატებოდეს პროცენტის საერთო რაოდენობის 5 პროცენტს.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის დებულებების მიუხედავად, ხელშემკვრელ მხარეში წარმოშობილი პროცენტი გათავისუფლებულია გადასახადისგან ამ მხარეში, თუ ის გადახდილია:

(a) სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის ჰონგ კონგის შემთხვევაში;

(i)   სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის ჰონგ კონგის მთავრობისთვის;

(ii)  ჰონგ კონგის სავალუტო უწყებისთვის;

(iii)  გაცვლითი ფონდისთვის;

(iv) ნებისმიერი ერთეულისთვის, რომლის მთლიანი ან ძირითადი მფლობელია სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის ჰონგ კონგის მთავრობა, როგორც დროდადრო შეთანხმდებიან ხელშემკვრელ მხარეთა კომპეტენტური ორგანოები;

(b)  საქართველოს შემთხვევაში,

(i)  საქართველოს მთავრობისთვის ან მისი ნებისმიერი პოლიტიკული ქვედანაყოფის ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოსთვის;

(ii)  საქართველოს ეროვნული ბანკისთვის;

(iii) ნებისმიერი ერთეულისთვის, რომლის მთლიანი ან ძირითადი მფლობელია საქართველოს მთავრობა, როგორც დროდადრო შეთანხმდებიან ხელშემკვრელ მხარეთა კომპეტენტური ორგანოები.

4. ტერმინი „პროცენტი” ამ მუხლის მიზნებისთვის ნიშნავს შემოსავალს ნებისმიერი სახის სავალო მოთხოვნიდან, მისი იპოთეკური უზრუნველყოფისა და მოვალის მოგებაში მონაწილეობის უფლების არსებობის მიუხედავად. კერძოდ, შემოსავალს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდებიდან და შემოსავალს ობლიგაციებიდან ან სავალო ვალდებულებებიდან, მათზე დარიცხული პრემიებისა და მოგებების ჩათვლით. ამ მუხლის მიზნებიდან გამომდინარე, ჯარიმები დაგვიანებულ გადახდაზე პროცენტად არ განიხილება.

5. ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების დებულებები არ გამოიყენება, თუ  პროცენტის ბენეფიციური მფლობელი არის ხელშემკვრელი მხარის რეზიდენტი, რომელიც თავის საქმიანობას ახორციელებს მეორე ხელშემკვრელ მხარეში, სადაც წარმოიშობა პროცენტი იქ არსებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით ან სავალო მოთხოვნა, რომლის საფუძველზეც ხდება პროცენტის გადახდა, უშუალოდ უკავშირდება ასეთ მუდმივ დაწესებულებას. ასეთ შემთხვევაში შესაბამისად გამოიყენება მე-7 მუხლის დებულებები.

6. პროცენტი ითვლება ხელშემკვრელ მხარეში წარმოშობილად, თუ გადამხდელი არის ამ მხარის რეზიდენტი. თუ პროცენტის გადამხდელ პირს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ის ხელშემკვრელი მხარის რეზიდენტი, ხელშემკვრელ მხარეში გააჩნია მუდმივი დაწესებულება, რომელთან დაკავშირებული ვალდებულებიდანაც წარმოიშვა გადახდილი პროცენტი და ამ პროცენტის ხარჯის მატარებელია ასეთი მუდმივი დაწესებულება, მაშინ პროცენტი ჩაითვლება იმ მხარეში წარმოშობილად, რომელშიც მდებარეობს ასეთი მუდმივი დაწესებულება.

7. თუ პროცენტის გადამხდელსა და ბენეფიციურ მფლობელს შორის, ან ორივე მათგანსა და რომელიმე მესამე პირს შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობის გამო, პროცენტის თანხა, იმ სავალო ვალდებულების გათვალისწინებით, რომლის საფუძველზეც ხდება მისი გადახდა, აჭარბებს თანხას, რომელიც შეთანხმებული იქნებოდა გადამხდელსა და ბენეფიციურ მფლობელს შორის ასეთი ურთიერთობების არარსებობისას, მაშინ ამ მუხლის დებულებები გამოიყენება მხოლოდ უკანასკნელად ხსენებული თანხის მიმართ. ასეთ შემთხვევაში, გადასახდელი თანხის ნამეტი კვლავაც ექვემდებარება დაბეგვრას თითოეული ხელშემკვრელი მხარის  კანონმდებლობის შესაბამისად, ამ შეთანხმების სხვა დებულებების გათვალისწინებით.

მუხლი 12

როიალტი

1. ხელშემკვრელ მხარეში წარმოშობილი როიალტი, რომლის ბენეფიციური მფლობელი არის მეორე ხელშემკვრელი მხარის რეზიდენტი, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე მხარეში.

2.   ამასთან, ამგვარი როიალტი აგრეთვე შეიძლება დაიბეგროს იმ ხელშემკვრელ მხარეში, სადაც იგი წარმოიშობა, ამ მხარის კანონმდებლობის შესაბამისად, მაგრამ, თუ როიალტის ბენეფიციური მფლობელი არის მეორე ხელშემკვრელი მხარის რეზიდენტი, მაშინ ასეთი სახით გადახდილი გადასახადი არ უნდა აღემატებოდეს როიალტის საერთო რაოდენობის 5 პროცენტს.

3. ამ მუხლის მიზნებისთვის, ტერმინი “როიალტი” ნიშნავს გადახდის ნებისმიერ სახეს, რომელიც ანაზღაურების სახით მიიღება ლიტერატურულ, ხელოვნების ან მეცნიერულ ნამუშევარზე, კინემატოგრაფიული ფილმების ჩათვლით, ნებისმიერი საავტორო უფლებით სარგებლობისათვის ან სარგებლობის უფლებისათვის, ნებისმიერი პატენტით, სასაქონლო ნიშნით, დიზაინით ან მოდელით, გეგმით, საიდუმლო ფორმულით ან პროცესით სარგებლობისათვის ან სარგებლობის უფლებისათვის, ან სამრეწველო, კომერციული ან მეცნიერული გამოცდილების შემცველი ინფორმაციისთვის.

4. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დებულებები არ გამოიყენება, თუ როიალტის ბენეფიციური მფლობელი არის ხელშემკვრელი მხარის რეზიდენტი, რომელიც თავის საქმიანობას ახორციელებს მეორე ხელშემკვრელ მხარეში, სადაც წარმოიშობა როიალტი იქ არსებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით და უფლება ან ქონება, რის საფუძველზეც ხდება როიალტის გადახდა, უშუალოდ არის დაკავშირებული ასეთ მუდმივ დაწესებულებასთან. ასეთ შემთხვევაში  გამოიყენება მე-7 მუხლის დებულებები.

5. როიალტი წარმოშობილად ჩაითვლება ხელშემკვრელ მხარეში, როდესაც გადამხდელია ამ მხარის რეზიდენტი. თუ როიალტის გადამხდელ პირს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ის ხელშემკვრელი მხარის რეზიდენტი, ხელშემკვრელ მხარეში გააჩნია მუდმივი დაწესებულება, რომელთან დაკავშირებითაც წარმოიშვა როიალტის გადახდის ვალდებულება და ამგვარი როიალტის ხარჯის მატარებელია ასეთი მუდმივი დაწესებულება, მაშინ ჩაითვლება, რომ მსგავსი როიალტი წარმოიქმნა იმ მხარეში, რომელშიც მდებარეობს მუდმივი დაწესებულება.

6. თუ გადამხდელსა და ბენეფიციურ მფლობელს შორის, ან ორივე მათგანსა და რომელიმე მესამე პირს შორის განსაკუთრებული ურთიერთობების გამო, როიალტის თანხა, რომელიც დაკავშირებულია სარგებლობასთან, უფლებასთან ან ინფორმაციასთან, რომლის საფუძველზეც ხდება მისი გადახდა, აჭარბებს თანხას, რაც შეთანხმებული იქნებოდა გადამხდელსა და ბენეფიციურ მფლობელს შორის ასეთი ურთიერთობების არარსებობისას, მაშინ ამ მუხლის დებულებები გამოიყენება მხოლოდ უკანასკნელად ხსენებული თანხის მიმართ. ასეთ შემთხვევაში გადასახდელი თანხის ნამეტი კვლავაც ექვემდებარება დაბეგვრას თითოეული ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობის შესაბამისად, ამ შეთანხმების სხვა დებულებების გათვალისწინებით.

მუხლი 13

შემოსავლები კაპიტალის მატებიდან

1. შემოსავლები, რომლებსაც იღებს ხელშემკვრელი მხარის რეზიდენტი მეორე ხელშემკვრელ მხარეში მდებარე, მე-6 მუხლით განსაზღვრული უძრავი ქონების გასხვისებიდან, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე მხარეში.

2. შემოსავლები მოძრავი ქონების გასხვისებიდან, რომელიც წარმოადგენს ერთი ხელშემკვრელი მხარის საწარმოს მიერ მეორე ხელშემკვრელ მხარეში არსებული მუდმივი დაწესებულების კომერციული ქონების ნაწილს, ასეთი მუდმივი დაწესებულების (ცალკე ან მთელ საწარმოსთან ერთად) გასხვისებიდან მიღებული ასეთი შემოსავლების ჩათვლით, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე მხარეში.

3. შემოსავლები, რომლებსაც ხელშემკვრელი მხარის საწარმო, რომელიც ახორციელებს  საერთაშორისო გადაზიდვებში საზღვაო და საჰაერო ხომალდების ექსპლოატაციას, იღებს ასეთი საზღვაო ან საჰაერო ხომალდების ან მათ ექსპლოატაციასთან დაკავშირებული მოძრავი ქონების გასხვისებით, დაიბეგრება მხოლოდ ამ ხელშემკვრელ მხარეში.

4. ხელშემკვრელი მხარის რეზიდენტის მიერ აქციების გასხვისებით მიღებული შემოსავალი ან მსგავსი წილები,  როგორიცაა წილები ამხანაგობასა ან ტრასტებში, შეიძლება დაიბეგროს მეორე ხელშემკვრელ მხარეში, თუ 365 დღის განმავლობაში, რომელიც წინ უსწრებდა გასხვისებას, ნებისმიერ დროს, ამ აქციების ან მსგავსი წილების ღირებულების 50%-ზე მეტი პირდაპირ ან არაპირდაპირ წარმოქმნილია მეორე ხელშემკვრელ მხარეში მდებარე უძრავი ქონებიდან, როგორც ეს განსაზღვრულია მე-6 მუხლში. თუმცა, ეს პუნქტი არ ვრცელდება აქციების გასხვისებიდან მიღებულ ნამეტ შემოსავალზე:

(a) რომელიც კოტირებულია საფონდო ბირჟაზე, როგორც ეს შეიძლება შეთანხმებულ იქნეს ხელშემკვრელ მხარეთა კომპეტენტურ ორგანოებს შორის; ან

(b) რომელიც გასხვისებული ან გაცვლილია კომპანიის რეორგანიზაციის, შერწყმის, გაყოფის ან მსგავსი ოპერაციის  ფარგლებში; ან

(c) კომპანიაში, რომლის ღირებულების 50 პროცენტზე მეტი მიღებულია უძრავი ქონებიდან, რომელშიც იგი აწარმოებს ეკონომიკურ საქმიანობას.

5.  ამ მუხლის პირველ, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებში აღნიშნული ქონების გარდა, შემოსავლები ნებისმიერი ქონების გასხვისებიდან დაიბეგრება მხოლოდ იმ ხელშემკვრელ მხარეში, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს ქონების გამსხვისებელი პირი.

მუხლი 14

შემოსავალი დაქირავებით მუშაობიდან

1. მე-15, მე-17, მე-18 და მე-19 მუხლების დებულებათა გათვალისწინებით, ხელშემკვრელი მხარის რეზიდენტის მიერ დაქირავებით მუშაობით მიღებული ხელფასი, გასამრჯელო და სხვა მსგავსი ანაზღაურება დაიბეგრება მხოლოდ ამ მხარეში, თუ დაქირავებით მუშაობა არ განხორციელებულა მეორე ხელშემკვრელ მხარეში. თუ დაქირავებით მუშაობა ხორციელდება ამგვარი სახით, მაშინ ასეთი ანაზღაურება შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე მხარეში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებათა მიუხედავად, ერთი ხელშემკვრელი მხარის რეზიდენტის მიერ მეორე ხელშემკვრელ მხარეში განხორციელებული დაქირავებით მუშაობიდან მიღებული ანაზღაურება იბეგრება მხოლოდ პირველად ხსენებულ მხარეში, თუ:

(a) ანაზღაურების მიმღები იმყოფება მეორე მხარეში პერიოდით, ან პერიოდებით, რომელთა საერთო ხანგრძლივობა არ აღემატება 183 დღეს, ნებისმიერი თორმეტთვიანი პერიოდის განმავლობაში, რომელიც იწყება ან მთავრდება მოცემულ დასაბეგრ პერიოდში ან ფისკალურ წელს; და

(b) ანაზღაურება გაიცემა დამქირავებლის მიერ, ან მისი სახელით, რომელიც არ წარმოადგენს მეორე მხარის რეზიდენტს; და

(c) ანაზღაურების ხარჯის მატარებელი არ არის მუდმივი დაწესებულება, რომელიც დამქირავებელს გააჩნია მეორე მხარეში.

3. ამ მუხლის წინა დებულებების მიუხედავად, საერთაშორისო გადაზიდვებში გამოყენებულ საზღვაო ან საჰაერო ხომალდებზე, რომელთა ექსპლოატაცია ხორციელდება ხელშემკვრელი მხარის საწარმოს მიერ, დაქირავებით მუშაობით მიღებული ანაზღაურება დაიბეგრება მხოლოდ ამ მხარეში.

მუხლი 15

დირექტორთა ჰონორარები

დირექტორთა ჰონორარები და სხვა მსგავსი ანაზღაურება, რომლებსაც იღებს ხელშემკვრელი მხარის რეზიდენტი, როგორც მეორე ხელშემკვრელი მხარის რეზიდენტი კომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრი, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე მხარეში.  

მუხლი 16

ხელოვნების მუშაკები და სპორტსმენები

1. მე-14 მუხლის დებულებების მიუხედავად, შემოსავალი, რომელსაც იღებს ერთი ხელშემკვრელი მხარის რეზიდენტი, როგორც ხელოვნების მუშაკი, კერძოდ, როგორც  თეატრის, კინოს, რადიოს ან ტელევიზიის მსახიობი, ან მუსიკოსი, ან როგორც სპორტსმენი, ამ რეზიდენტის მიერ მეორე ხელშემკვრელ მხარეში განხორციელებული პირადი საქმიანობიდან, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე მხარეში.

2. იმ შემთხვევაში, როდესაც შემოსავალი პირადი საქმიანობიდან, რომელსაც ახორციელებს ხელოვნების მუშაკი ან სპორტსმენი, ერიცხება არა ამ ხელოვნების მუშაკს ან სპორტსმენს არამედ სხვა პირს, მაშინ ეს შემოსავალი, მე-14 მუხლის დებულებების მიუხედავად, შეიძლება დაიბეგროს იმ ხელშემკვრელ მხარეში, რომელშიც ხორციელდება ხელოვნების მუშაკის ან სპორტსმენის საქმიანობა.

3.  ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დებულებების მიუხედავად, ხელოვნების მუშაკის ან სპორტსმენის მიერ მიღებული შემოსავალი თავისუფლდება გადასახადისაგან  იმ ხელშემკვრელ მხარეში, რომელშიც ხორციელდება ამ ხელოვნების მუშაკის ან სპორტსმენის საქმიანობა, თუ ასეთი საქმიანობა მთლიანად ან არსებითად ფინანსდება ერთი ან ორივე მხარის საჯარო სახსრებიდან  და ხორციელდება ხელშემკვრელ მხარეთა შორის გაფორმებული კულტურული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების  ფარგლებში. 

მუხლი 17

პენსიები

წარსულში დაქირავებით მუშაობასთან ან თვითდასაქმებასთან დაკავშირებით ხელშემკვრელ მხარეში წარმოშობილი და მეორე ხელშემკვრელი მხარის რეზიდენტისათვის გადახდილი პენსიები და სხვა მსგავსი ანაზღაურება (ერთჯერადი გადახდების ჩათვლით), და სოციალური დაცვის პენსიები დაიბეგრება მხოლოდ პირველად ხსენებულ მხარეში.

მუხლი 18

საჯარო სამსახური

1. (a) ხელფასი, გასამრჯელო და სხვა მსგავსი ანაზღაურება, რომელსაც ხელშემკვრელი მხარე, მისი პოლიტიკური ქვედანაყოფი ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანო უხდის ფიზიკურ პირს ამ მხარის, მისი პოლიტიკური ქვედანაყოფის, ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოსთვის გაწეული სამსახურისათვის, დაიბეგრება მხოლოდ ამ მხარეში.

(b) ამასთან, ამგვარი ხელფასი, გასამრჯელო და სხვა მსგავსი ანაზღაურება დაიბეგრება მხოლოდ მეორე ხელშემკვრელ მხარეში, თუ სამსახური გაწეულ იქნა ამ მხარეში და ფიზიკური პირი, რომელიც წარმოადგენს ამ მხარის რეზიდენტს:

(i) სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის ჰონგ კონგის შემთხვევაში, აქვს იქ ცხოვრების უფლება და საქართველოს შემთხვევაში, არის ამ მხარის ნაციონალური პირი; ან

(ii)   არ გახდა ამ მხარის რეზიდენტი მხოლოდ სამსახურის გაწევის მიზნით.

2.  მე-14, მე-15, მე-16 და მე-17 მუხლების დებულებები ვრცელდება ხელშემკვრელი მხარის ან მისი პოლიტიკური ქვედანაყოფის ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოს მიერ გაწეული ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში განხორციელებულ მომსახურებასთან დაკავშირებულ ხელფასზე, გასამრჯელოზე, პენსიებზე (ერთჯერადი გადახდების ჩათვლით) და სხვა მსგავს ანაზღაურებაზე.

მუხლი 19

სტუდენტები

1. ანაზღაურება, მიღებული სტუდენტის მიერ, რომელიც არის ან ხელშემკვრელ მხარეში უშუალოდ ჩასვლამდე იყო მეორე ხელშემკვრელი მხარის რეზიდენტი და რომელიც პირველად ხსენებულ მხარეში იმყოფება მხოლოდ განათლების მიღების მიზნით, თუ იგი განკუთვნილია მხოლოდ მისი ცხოვრების ან განათლების მიღებისთვის, არ დაიბეგრება ამ მხარეში, თუ დაფინანსების  წყარო მდებარეობს ამ მხარის ფარგლებს გარეთ.

2. სტუდენტის, რომელიც არის ან ხელშემკვრელ მხარეში უშუალოდ ჩასვლამდე იყო მეორე ხელშემკვრელი მხარის რეზიდენტი, დაქირავებით მუშაობიდან მიღებული ანაზღაურება, რომელსაც იგი იღებს პირველად ხსენებულ მხარეში, პერიოდში ან პერიოდებში, რომელთა საერთო ხანგრძლივობა არ აღემატება ერთ წელს, არ იბეგრება პირველად ხსენებულ მხარეში, იმ პირობით, თუ ამგვარი მუშაობა პირდაპირ უკავშირდება მის სწავლას პირველად ხსენებულ მხარეში. 

მუხლი 20

სხვა შემოსავლები

1. ხელშემკვრელი მხარის რეზიდენტის შემოსავლების სახეები, რომლებიც არ არის განხილული ამ შეთანხმების წინა მუხლებში, მათი წარმოშობის ადგილის მიუხედავად, დაიბეგრება მხოლოდ ამ მხარეში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებები არ გავრცელდება შემოსავლებზე, გარდა მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული  უძრავი ქონებიდან მიღებული შემოსავლებისა, თუ ასეთი შემოსავლების მიმღები წარმოადგენს ერთი ხელშემკვრელი მხარის რეზიდენტს და თავის საქმიანობას ახორციელებს მეორე ხელშემკვრელ მხარეში, იქ განთავსებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით, და უფლება ან ქონება, რომლებთან დაკავშირებითაც ხდება შემოსავლის გადახდა, უშუალოდ არის დაკავშირებული ასეთ მუდმივ დაწესებულებასთან. ასეთ შემთხვევაში გამოიყენება მე-7 მუხლის დებულებები.

მუხლი 21

კაპიტალი

1. კაპიტალი, წარმოდგენილი მე-6 მუხლით განსაზღვრული უძრავი ქონებით, რომელსაც ფლობს ხელშემკვრელი მხარის რეზიდენტი და რომელიც მდებარეობს მეორე ხელშემკვრელ მხარეში, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე მხარეში.

2. კაპიტალი, წარმოდგენილი მოძრავი ქონებით, რომელიც ქმნის ერთი ხელშემკვრელი მხარის საწარმოს მეორე ხელშემკვრელ მხარეში არსებული მუდმივი დაწესებულების კომერციული ქონების ნაწილს, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე მხარეში.

3. კაპიტალი, რომელიც წარმოდგენილია საერთაშორისო გადაზიდვებში ექსპლუატირებული საზღვაო ან საჰაერო ხომალდებით, ან მათ ექსპლოატაციასთან დაკავშირებული მოძრავი ქონებით, დაიბეგრება მხოლოდ იმ ხელშემკვრელ მხარეში, რომელშიც მდებარეობს საწარმოს ეფექტური მართვის ადგილი.

4. ხელშემკვრელი მხარის რეზიდენტის კაპიტალის ყველა სხვა ელემენტი დაიბეგრება მხოლოდ ამ მხარეში.

მუხლი 22

ორმაგი დაბეგვრის გამორიცხვა

1.  სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის ჰონგ კონგის შემთხვევაში, ორმაგი დაბეგვრის გამორიცხვა განხორციელდება შემდეგნაირად:

სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის ჰონგ კონგის კანონების დებულებათა გათვალისწინებით, რომლებიც ეხება სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის ჰონგ კონგის იურისდიქციის ფარგლებს გარეთ გადახდილი გადასახადის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის ჰონგ კონგის გადასახადის ანგარიშში ჩათვლის უფლებას (რამაც არ უნდა იქონიოს გავლენა ამ მუხლის ზოგად პრინციპზე), საქართველოს კანონმდებლობით და ამ შეთანხმების დებულებების შესაბამისად გადახდილი საქართველოს გადასახადი (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს დებულებები იძლევა საქართველოს მიერ დაბეგვრის უფლებას მხოლოდ იმიტომ, რომ შემოსავალი ასევე წარმოადგენს საქართველოს რეზიდენტის მიერ მიღებულ შემოსავალს), იქნება ეს პირდაპირ თუ გამოქვითვით, იმ შემოსავალთან დაკავშირებით, რომელიც მიღებულია სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის ჰონგ კონგის რეზიდენტის მიერ საქართველოში არსებული წყაროებიდან, შეიძლება ჩაითვალოს ამ შემოსავალთან დაკავშირებით გადასახდელ, სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის ჰონგ კონგის გადასახადში იმ პირობით, თუ ამგვარად დაშვებული ჩათვლა არ აღემატება სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის ჰონგ კონგის საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად ამ შემოსავალთან დაკავშირებით გამოანგარიშებულ, სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის ჰონგ კონგის გადასახადს.

2. საქართველოს შემთხვევაში, ორმაგი დაბეგვრის გამორიცხვა განხორციელდება შემდეგნაირად:

როდესაც საქართველოს რეზიდენტი იღებს შემოსავალს ან ფლობს კაპიტალს, რომელიც ამ შეთანხმების დებულებების თანახმად შეიძლება დაიბეგროს სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონ ჰონგ კონგში, საქართველო დაუშვებს:

(a)  ამ რეზიდენტის შემოსავალზე გადასახადიდან იმ თანხის გამოქვითვას, რომელიც სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონ ჰონგ კონგში  შემოსავალზე გადახდილი გადასახადის ტოლია;

(b) ამ რეზიდენტის კაპიტალზე გადასახადიდან იმ თანხის გამოქვითვას, რომელიც სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონ ჰონგ კონგში კაპიტალზე გადახდილი გადასახადის ტოლია.

ასეთი გამოქვითვა არც ერთ შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს გადასახადის იმ თანხებს, რომელიც დარიცხული იქნებოდა ამ შემოსავალსა და კაპიტალზე საქართველოში მოქმედი წესებითა და განაკვეთებით.

თუ ამ შეთანხმების ნებისმიერი დებულების შესაბამისად, საქართველოს რეზიდენტის მიერ მიღებული შემოსავალი ან მის მფლობელობაში არსებული კაპიტალი გადასახადისგან გათავისუფლებულია საქართველოში, ამის მიუხედავად, საქართველოს შეუძლია, ამ რეზიდენტის დარჩენილ შემოსავალსა და კაპიტალზე გადასახადის მოცულობის გაანგარიშების დროს, მხედველობაში მიიღოს დაბეგვრისგან გათავისუფლებული შემოსავალი ან კაპიტალი.

მუხლი 23

დისკრიმინაციის აკრძალვა

1. პირები, რომლებსაც სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის ჰონგ კონგის შემთხვევაში აქვთ იქ ცხოვრების უფლება, ან არიან იქ რეგისტრირებული ან სხვაგვარად დაფუძნებული და  საქართველოს შემთხვევაში, არიან საქართველოს  ნაციონალური პირები, არ დაექვემდებარებიან მეორე მხარეში განსხვავებულ ან უფრო მძიმე პირობებით დაბეგვრას ან ნებისმიერ მასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს, რომლებსაც ექვემდებარებიან ან შეიძლება დაექვემდებარონ პირები, რომლებსაც აქვთ იქ ცხოვრების უფლება ან არიან იქ რეგისტრირებული ან სხვაგვარად დაფუძნებული (როდესაც ეს მეორე მხარე არის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონი ჰონგ კონგი) ან ამ მეორე მხარის ნაციონალური პირები (როდესაც ეს მეორე მხარე არის საქართველო) იმავე გარემოებებში, კერძოდ, მათი რეზიდენტობის თვალსაზრისით. ეს დებულება, ამ შეთანხმების პირველი მუხლის დებულებების მიუხედავად, ვრცელდება აგრეთვე იმ პირებზე, რომლებიც არ არიან ერთ-ერთი ან ორივე ხელშემკვრელი მხარის რეზიდენტები.

2. მოქალაქეობის არმქონე პირები, რომლებიც წარმოადგენენ ხელშემკვრელი მხარის რეზიდენტებს, არც ერთ ხელშემკვრელ მხარეში არ უნდა დაექვემდებარონ განსხვავებულ ან უფრო მძიმე პირობებით დაბეგვრას ან ნებისმიერ მასთან დაკავშირებულ ვალდებულებას, რომლებსაც ექვემდებარებიან ან შეიძლება დაექვემდებარონ პირები, რომლებსაც აქვთ ამ მხარეში ცხოვრების უფლება (როდესაც ეს მხარე არის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონი ჰონგ კონგი) ან ამ მხარის ნაციონალური პირები (როდესაც ეს მხარე არის საქართველო) იმავე გარემოებებში, კერძოდ, მათი ფაქტობრივად ყოფნის ადგილის თვალსაზრისით.

3. ერთი ხელშემკვრელი მხარის საწარმოს მეორე ხელშემკვრელ მხარეში არსებული მუდმივი დაწესებულების დაბეგვრა არ უნდა განხორციელდეს ნაკლებად ხელსაყრელ პირობებში, ვიდრე იმ საწარმოთა დაბეგვრა, რომლებიც ანალოგიურ საქმიანობას ახორციელებენ ამ მეორე მხარეში. ეს დებულება არ უნდა იქნეს გაგებული ისე, თითქოს ხელშემკვრელი მხარე ვალდებულია მეორე ხელშემკვრელი მხარის რეზიდენტები გაათავისუფლოს გადასახადისგან, მიანიჭოს საგადასახადო შეღავათი ან შეუმციროს გადასახადი მათი სამოქალაქო სტატუსის ან ოჯახური მდგომარეობის საფუძველზე, რომლებსაც ის ანიჭებს საკუთარ რეზიდენტებს.

4. იმ შემთხვევების გარდა, რომლებზეც ვრცელდება მე-9 მუხლის პირველი პუნქტის, მე-11 მუხლის მე-7 პუნქტის, ან მე-12 მუხლის მე-6 პუნქტის დებულებები, ხელშემკვრელი მხარის საწარმოს მიერ მეორე ხელშემკვრელი მხარის რეზიდენტისათვის გადახდილი პროცენტი, როიალტი და სხვა გადასახდელები, ამ საწარმოს დასაბეგრი მოგების განსაზღვრის მიზნით ექვემდებარება იგივე პირობით გამოქვითვას, თითქოს პროცენტი, როიალტი და სხვა გადასახდელები გადახდილი იქნა პირველად ხსენებული მხარის რეზიდენტისათვის. ანალოგიურად, ერთი ხელშემკვრელი მხარის საწარმოს ნებისმიერი დავალიანება მეორე ხელშემკვრელი მხარის რეზიდენტის მიმართ, ამ საწარმოს დასაბეგრი კაპიტალის განსაზღვრის მიზნით, ექვემდებარება იგივე პირობებით გამოქვითვას, თითქოს ეს დავალიანება საწარმოს გააჩნია პირველად ხსენებული მხარის რეზიდენტის მიმართ.

5. ხელშემკვრელი მხარის საწარმოები, რომელთა კაპიტალი მთლიანად ან ნაწილობრივ ეკუთვნის ან კონტროლდება მეორე ხელშემკვრელი მხარის ერთი ან რამდენიმე რეზიდენტის მიერ, პირველად ხსენებულ მხარეში არ უნდა დაექვემდებაროს განსხვავებულ ან უფრო მძიმე პირობებით დაბეგვრას ან მასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ვალდებულებას, რომლებსაც  ექვემდებარება ან შეიძლება დაექვემდებაროს პირველად ხსენებული მხარის სხვა მსგავსი საწარმოები.

6. ამ მუხლის დებულებები ვრცელდება მე-2 მუხლით გათვალისწინებულ გადასახადებზე.

მუხლი 24

ურთიერთშეთანხმების პროცედურა

1. თუ პირი თვლის, რომ ერთი ან ორივე ხელშემკვრელი მხარის მოქმედება იწვევს ან გამოიწვევს მის დაბეგვრას ამ შეთანხმების დებულებების შეუსაბამოდ, მას შეუძლია ამ მხარეთა შიდა კანონმდებლობებით გათვალისწინებული ზომებისგან დამოუკიდებლად, თავისი საქმე განსახილველად წარადგინოს ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურ ორგანოში. საქმე წარდგენილ უნდა იქნეს ამ შეთანხმების დებულებათა შეუსაბამოდ დაბეგვრის გამომწვევი მოქმედების შესახებ პირველი შეტყობინებიდან სამი წლის განმავლობაში.

2. თუ კომპეტენტური ორგანო განცხადებას ჩათვლის დასაბუთებულად და არ შეეძლება საკითხის დამაკმაყოფილებლად გადაწყვეტა დამოუკიდებლად, ის უნდა შეეცადოს მეორე ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურ ორგანოსთან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე  გადაწყვიტოს საკითხი ამ შეთანხმების დებულებებთან შეუსაბამო დაბეგვრის თავიდან აცილების მიზნით. ნებისმიერი მიღწეული შეთანხმება ექვემდებარება აღსრულებას ხელშემკვრელ მხარეთა შიდა კანონმდებლობით გათვალისწინებული დროში შეზღუდვების მიუხედავად.

3. ხელშემკვრელ მხარეთა კომპეტენტური ორგანოები ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეეცდებიან გადაჭრან ნებისმიერი სირთულე ან ეჭვი, რომელიც წარმოიშობა ამ შეთანხმების განმარტების ან გამოყენების დროს. ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების მიზნით, მათ აგრეთვე შეუძლიათ ერთმანეთთან კონსულტაციების წარმოება ამ შეთანხმებით გაუთვალისწინებელ შემთხვევებშიც.

4. ხელშემკვრელ მხარეთა კომპეტენტურ ორგანოებს, წინა პუნქტებით გათვალისწინებული შეთანხმების მიღწევის მიზნით, შეუძლიათ  ერთმანეთთან პირდაპირი კონტაქტი იქონიონ, მათ შორის, მათი ან მათი წარმომადგენლების  მონაწილეობით შემდგარი ერთობლივი კომისიის საშუალებით.

მუხლი 25

ინფორმაციის გაცვლა

1. ხელშემკვრელ მხარეთა კომპეტენტურმა ორგანოებმა უნდა გაცვალონ ისეთი სახის ინფორმაცია, რომელიც სავარაუდოდ საჭირო იქნება ამ შეთანხმების დებულებების შესრულების ან შიდა კანონმდებლობის ადმინისტრირების ან გატარების მიზნით, ხელშემკვრელი მხარეების ამ შეთანხმებით გათვალისწინებულ გადასახადებთან მიმართებაში, რომლებით დაბეგვრა არ მოდის წინააღმდეგობაში ამ შეთანხმებასთან. ინფორმაციის გაცვლა არ არის შეზღუდული ამ შეთანხმების პირველი მუხლით.

2. ხელშემკვრელი მხარის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მიღებული ნებისმიერი ინფორმაცია ითვლება საიდუმლოდ, ისევე როგორც ამ მხარის შიდა კანონმდებლობის ფარგლებში მიღებული ინფორმაცია და მათზე წვდომა შეუძლიათ მხოლოდ იმ პირებს ან უწყებებს (სასამართლოებისა და ადმინისტრაციული ორგანოების ჩათვლით), რომელთა კომპეტენციას წარმოადგენს იმ გადასახადების შეფასება ან შეგროვება, იძულებითი წესით ამოღება ან სასამართლო წარმოება ან იმ გადასახადებთან დაკავშირებული სარჩელების განხილვა, რომლებსაც ეხება ამ მუხლის პირველი პუნქტი ან ზემოაღნიშნულის ზედამხედველობა. ეს პირები ან უწყებები ამ ინფორმაციას გამოიყენებენ მხოლოდ ამგვარი მიზნებისათვის. მათ შეუძლიათ ამ ინფორმაციის გამჟღავნება სასამართლოს ღია სხდომაზე ან სამართლებრივი გადაწყვეტილებების მიღების დროს. ინფორმაცია არ შეიძლება გადაეცეს რომელიმე მესამე იურისდიქციას რაიმე მიზნით.

3. ამ მუხლის პირველი და მეორე პუნქტების დებულებები არც ერთ შემთხვევაში არ უნდა იქნეს გაგებული ისე, თითქოს ხელშემკვრელ მხარეს ეკისრება ვალდებულება:

(a) გაატაროს ადმინისტრაციული ღონისძიებები, რომლებიც ეწინააღმდეგება ერთი ან მეორე ხელშემკვრელი მხარის  კანონმდებლობას და ადმინისტრაციულ პრაქტიკას;

(b) მიაწოდოს ინფორმაცია, რომლის მოპოვება არ არის ნებადართული ერთი ან მეორე ხელშემკვრელი მხარის  კანონმდებლობით ან ჩვეულებრივი ადმინისტრაციული პრაქტიკით;

(c)  მიაწოდოს ინფორმაცია, რომელმაც შესაძლოა გაამჟღავნოს  ნებისმიერი  სავაჭრო, სამეწარმეო, სამრეწველო, კომერციული ან პროფესიული საიდუმლოება ან საქმიანი პროცესი ან ისეთი ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებაც ეწინააღმდეგება საზოგადოებრივ წესრიგს (ordre public).

4. თუ ამ მუხლის შესაბამისად ერთი ხელშემკვრელი მხარე მოითხოვს ინფორმაციას, მეორე ხელშემკვრელმა მხარემ უნდა მიიღოს მის ხელთ არსებული ზომები მოთხოვნილი ინფორმაციის მოძიებისათვის, მიუხედავად იმისა, სჭირდება თუ არა მეორე მხარეს ეს ინფორმაცია თავისი საგადასახადო მიზნებისათვის. წინა წინადადებაში ჩამოყალიბებულ ვალდებულებაზე გავრცელდება მე-3 პუნქტის შეზღუდვები, მაგრამ ეს შეზღუდვები არ უნდა იქნეს გაგებული იმგვარად, თითქოს  ხელშემკვრელი მხარე უფლებამოსილია, უარი განაცხადოს ინფორმაციის მიწოდებაზე მხოლოდ იმ მიზეზით, რომ არ არსებობს ამ მხარის საგადასახადო ინტერესი ამ ინფორმაციის მიმართ.  

5. მე-3 პუნქტის დებულებები, არც ერთ შემთხვევაში არ უნდა იქნეს გაგებული ისე, თითქოს ხელშემკვრელი მხარე უფლებამოსილია, უარი განაცხადოს ინფორმაციის მიწოდებაზე მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ინფორმაცია ბანკის, სხვა ფინანსური ინსტიტუტის, ნომინალური მფლობელის, აგენტის ან მინდობილი მესაკუთრის განკარგულებაშია ან დაკავშირებულია პირის საკუთრების უფლების ინტერესებთან.   

მუხლი 26

სამთავრობო მისიების წარმომადგენლები

ეს შეთანხმება გავლენას ვერ მოახდენს სამთავრობო მისიების, მათ შორის საკონსულო დაწესებულებების თანამშრომელთა საგადასახადო პრივილეგიებზე, რომლებიც დადგენილია საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების ან ცალკეული შეთანხმებების დებულებების საფუძველზე.

მუხლი 27

შეღავათებით სარგებლობა

1. ამ შეთანხმების ნებისმიერი სხვა დებულებების მიუხედავად, მის ფარგლებში გათვალისწინებული შეღავათი არ გავრცელდება შემოსავლის  ან კაპიტალის ელემენტზე, თუ ყველა შესაბამისი ფაქტისა და გარემოების გათვალისწინებით, დასაბუთებულად დგინდება, რომ ნებისმიერი სქემის ან ტრანზაქციის, რომლის შედეგად პირდაპირ ან არაპირდაპირ მიიღება ეს შეღავათი, ერთ-ერთი ძირითადი მიზანი იყო ამგვარი შეღავათით სარგებლობა,  გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც დასტურდება, რომ ამგვარ გარემოებებში აღნიშნული შეღავათის მინიჭება შეესაბამება წინამდებარე შეთანხმების შესაბამისი დებულებების არსსა და მიზანს.

2. ეს შეთანხმება ხელს ვერ შეუშლის თითოეული ხელშემკვრელი მხარის უფლებას, რომ გამოიყენოს გადასახადების გადაუხდელობასთან ან გადასახადებისთვის თავის არიდებასთან დაკავშირებული თავისი შიდა კანონმდებლობა და ღონისძიებები, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ისინი აღწერილი როგორც ასეთი. 

მუხლი 28

ძალაში შესვლა

1. წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის მხარეთა მიერ ამ შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდა პროცედურების დასრულების შესახებ, ოფიციალური არხებით, უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღების დღის მომდევნო თვის პირველ დღეს.

2. ეს შეთანხმება იმოქმედებს:

(a) სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონ ჰონგ კონგში,

სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის ჰონგ კონგის გადასახადის მიმართ, დარიცხვის ნებისმიერი წლისთვის, რომელიც იწყება ამ შეთანხმების ძალაში შესვლის წლის მომდევნო კალენდარული წლის პირველ აპრილს ან მას შემდეგ;

(b)  საქართველოში,

(i)  წყაროსთან დაკავებული გადასახადების მიმართ, იმ შემოსავლებზე, რომლებიც მიღებული იქნა ამ შეთანხმების ძალაში შესვლის წლის მომდევნო კალენდარული წლის პირველ იანვარს ან მას შემდეგ;

(ii) შემოსავალებსა და კაპიტალზე დაწესებული სხვა გადასახადების მიმართ ნებისმიერ საგადასახადო წელს, რომელიც იწყება ამ  შეთანხმების ძალაში შესვლის წლის მომდევნო კალენდარული წლის პირველ იანვარს ან მას შემდეგ.

მუხლი 29

მოქმედების შეწყვეტა

ეს შეთანხმება ძალაშია, ვიდრე ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარე არ შეწყვეტს მის მოქმედებას. თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია შეწყვიტოს შეთანხმების მოქმედება მისი ძალაში შესვლის დღიდან ხუთი წლის გასვლის შემდეგ, კალენდარული წლის დასრულებამდე სულ მცირე ექვსი თვით ადრე მეორე ხელშემკვრელი მხარისთვის შეთანხმების შეწყვეტის თაობაზე ოფიციალური არხებით წერილობითი შეტყობინების საშუალებით. ასეთ შემთხვევაში, შეთანხმება წყვეტს მოქმედებას:

(a)  სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონ ჰონგ კონგში,

სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის ჰონგ კონგის გადასახადის მიმართ, დარიცხვის ნებისმიერი წლისთვის, რომელიც იწყება ამ შეტყობინების მიღების წლის მომდევნო კალენდარული წლის პირველ აპრილს ან მას შემდეგ;

(b)  საქართველოში,

(i) წყაროსთან დაკავებული გადასახადების მიმართ, იმ შემოსავლებზე, რომლებიც მიღებულ იქნა შეტყობინების მიღების წლის მომდევნო კალენდარული წლის პირველ იანვარს ან მას შემდეგ;

(ii) შემოსავლებსა და კაპიტალზე დაწესებული სხვა გადასახადების მიმართ, რომლებიც გადასახდელია ნებისმიერი საგადასახადო წლისთვის, რომელიც იწყება შეტყობინების მიღების წლის მომდევნო კალენდარული წლის პირველ იანვარს ან მას შემდეგ.

 

რის დასტურადაც ამ შეთანხმებას ხელი მოაწერეს სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილმა პირებმა.

 

შესრულებულია საქართველოში 20  , რიცხვში და ჰონგ კონგში 20  ,  რიცხვში ორ დედნად, თითოეული ქართულ, ჩინურ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია. ამ შეთანხმების დებულებათა განსხვავებული განმარტების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.

 

 

 

 

 

 

 

 

საქართველოს

სახელით

 

(ხელმოწერილია)

 

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის ჰონგ კონგის

სახელით

(ხელმოწერილია)

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

     

                                      

 

 

საქართველოსა

და

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის

სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონ ჰონგ კონგს შორის

 

შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის და გადასახადების თავიდან არიდების აღკვეთის შესახებ შეთანხმების

ოქმი

 

საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონ ჰონგ კონგს შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის და გადასახადების თავიდან არიდების აღკვეთის შესახებ შეთანხმების („შეთანხმება“) ხელმოწერის დროს ხელშემკვრელი მხარეები შეთანხმდნენ, რომ შემდეგი დებულებები წარმოადგენს შეთანხმების განუყოფელ ნაწილს:

 

1.  ამ შეთანხმებასთან მიმართებაში იგულისხმება, რომ საქართველოს შემთხვევაში ტერმინი „პოლიტიკური ქვედანაყოფები” და ”ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოები’’ ნიშნავს, შესაბამისად, „ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებს” და “ხელისუფლების თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოებს”. 

2.  ამ შეთანხმების მე-19 მუხლთან დაკავშირებით იგულისხმება, რომ ამ მუხლის მე-2 პუნქტი მოქმედებს მხოლოდ მაშინ, როდესაც სტუდენტი ხელშემკვრელ მხარეში დაქირავებით მუშაობს იმ პერიოდში, როდესაც იგი იღებს განათლებას ამ მხარეში.

რის დასტურადაც, ამ ოქმს ხელი მოაწერეს სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილმა პირებმა. 

 

შესრულებულია საქართველოში  20        ,     რიცხვში და ჰონგ კონგში 20     ,  რიცხვში ორ დედნად, თითოეული ქართულ, ჩინურ  და ინგლისურ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია. ამ შეთანხმების დებულებათა განსხვავებული განმარტების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.

 

 

 

 

 

 

 

 

საქართველოს

სახელით

(ხელმოწერილია)

 

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის ჰონგ კონგის

სახელით

(ხელმოწერილია)