„საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სარკინიგზო გადაზიდვისა და მგზავრთა გადაყვანის შესახებ“ ჩარჩო შეთანხმება

„საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სარკინიგზო გადაზიდვისა და მგზავრთა გადაყვანის შესახებ“ ჩარჩო შეთანხმება
დოკუმენტის ნომერი 18-231
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 19/07/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/07/2021
ძალაში შესვლის თარიღი 21/06/2021
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016639
18-231
19/07/2016
ვებგვერდი, 05/07/2021
480610000.03.030.016639
„საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სარკინიგზო გადაზიდვისა და მგზავრთა გადაყვანის შესახებ“ ჩარჩო შეთანხმება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
 
 

 

საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სარკინიგზო გადაზიდვისა და მგზავრთა გადაყვანის შესახებ ჩარჩო შეთანხმება

ეყრდნობიან რა, თანასწორი თანამშრომლობის, მხარეთა ინტერესთა და პატივისცემის პრინციპებს,

ითვალისწინებენ რა, რეგიონალური თანამშრომლობის მნიშვნელობას,

ითვალისწინებენ რა, სარკინიგზო გადაზიდვისა და მგზავრთა გადაყვანის სფეროში თანამშრომლობის გაუმჯობესების აუცილებლობას,

ეყრდნობიან რა, 2007 წლის 7 თებერვალს ქ. თბილისში ხელმოწერილ „ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო კავშირის შესახებ“ შეთანხმებას,

ტვირთის გადაზიდვისა და მგზავრთა გადაყვანის და სარკინიგზო საზღვრის მომსახურების რეგულირებასთან მიმართებაში,

საქართველოს მთავრობა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობა, შემდგომში წოდებულნი, როგორც „მხარეები“, თანხმდებიან ქვემოთ მოყვანილ საკითხებზე;

მუხლი 1

1.1 წინამდებარე შეთანხმების გამოყენების მიზნებისათვის კომპეტენტური უწყებები შედგებიან:

ქართული მხრიდან  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსაგან

თურქული მხრიდან – ტრანსპორტის, საზღვაო საქმეთა და კომუნიკაციების სამინისტროსაგან

 

1.2 თუ ქვეყნის კომპეტენტური უწყება შეიცვლება, შესაბამისი მხარე აცნობებს მეორე მხარეს აღნიშნული საკითხის თაობაზე. აღნიშნული ხასიათის ცვლილებები არ გამოიწვევს ცვლილებას წინამდებარე შეთანხმების მიმდინარეობის ან აღსრულების მიმართ.

მუხლი 2

წინამდებარე შეთანხმებაში გამოყენებულ ტერმინებს/აბრევიატურებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

 

ლოკომოტივი:

 

 

 

ელექტრომავლები, თბომავლები, ძრავიანი ვაგონი, ორთქმავლები და ძრავამავლები არის მოძრავ შემადგენლობას მიკუთვნებული ძალური გამწევი საშუალება, რომელიც უზრუნველყოფს  სარკინიგზო ლიანდაგზე მატარებლის ან ვაგონების გადაადგილებას.  

მატარებელი:

 

 

ვაგონებისა და სამგზავრო ვაგონების კომპლექტი, რომელიც გადაზიდავს ტვირთს ან მგზავრებს და თავად გადაიზიდება ერთი ან მეტი ლოკომოტივით.

 

სარკინიგზო ოპერატორი:

 

 

სახელმწიფო ან კერძო ორგანიზაცია, რომელსაც აქვს რკინიგზით მგზავრის გადაყვანის და/ან სატვირთო გადაზიდვის ნებართვა.

 

ინფრასტრუქტურის მენეჯერი:

 

 

სახელმწიფო ან კერძო ორგანიზაცია, რომელსაც ევალება სარკინიგზო ქსელის მოვლა-შენარჩუნება, აღდგენა და მართვა.

 

სასაზღვრო გამტარი პუნქტი:

 

რკინიგზის სადგური, სადაც ხორციელდება საზღვრის კვეთის საკონტროლო პროცედურები.

 

გადაცემის/გაცვლის სასაზღვრო სადგური:

 

 

სასაზღვრო გამტარი სადგური, სადაც ხორციელდება მატარებლების, ვაგონების, ბარგისა და ტვირთის გადაცემის და მიღების პროცედურები.

 

საზღვრის კვეთა რკინიგზით:

 

 

მატარებლის შემადგენლობის მიერ სარკინიგზო ხაზის გადაკვეთა, რომელიც მდებარეობს  ორი ქვეყნის სასაზღვრო გამტარ პუნქტებს შორის.

 

ტარიფების დამაკავშირებელი

პუნქტი

 

პუნქტი, სადაც საერთაშორისო სამგზავრო და სატვირთო ტარიფების გამოყენება წყდება და იწყება სხვა ტარიფების გამოყენება, ანუ სახელმწიფო საზღვარი.

 

მოძრავი შემადგენლობა

 

 

 

ვაგონი

 

 

 

ლოკომოტივები, ვაგონები, ძრავიანი სამგზავრო და სატვირთო ვაგონების მოძრავი შემადგენლობის კომპლექტი.

 

სატვირთო ვაგონი, რომელიც განკუთვნილია ტვირთის გადასაზიდად, ხოლო სამგზავრო ვაგონი მგზავრის გადასაყვანად

 

COTIF

 

 

 

 

1980 წლის 9 მაისის კონვენცია „საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვის შესახებ“ მისი 1999 წლის 3 ივნისის ცვლილების ოქმისა და მისი დანართების ჩათვლით.  

 

 

CIM

 

 

ტვირთის საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვის ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ერთიანი ნორმები (CIM _ კონვენციის დანართი B)

 

CIV

 

 

მგზავრთა საერთაშორისო სარკინიგზო გადაყვანის ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ერთიანი ნორმები (CIV _ კონვენციის დანართი A)

 

SMGS

 

 „საერთაშორისო სარკინიგზო სატვირთო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება“

 

SMPS

 

 

CIM/SMGS:„CIM/SMGS-ის ზედნადების სახელმძღვანელო“

 

 „საერთაშორისო სარკინიგზო სამგზავრო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება“

 

CIM/SMGS-ის ზედნადები არის სახელმწიფოთაშორისო მიმოსვლაში CIM-ის და SMGS-ის პირობებით გადაზიდვების ხელშეკრულებების დადების დასტური.

 

მუხლი 3

3.1 საქართველოს მხრიდან კარწახის სადგური და თურქეთის მხრიდან კანბაზის/დემირ იპეკიოლუს სადგური განისაზღვრება როგორც სასაზღვრო გამტარი პუნქტები, ხოლო ახალქალაქის სადგური განისაზღვრება როგორც გადაცემის/გაცვლის სასაზღვრო სადგური.

3.2 სასაზღვრო გამტარი პუნქტებისა და გადაცემის/გაცვლის სასაზღვრო სადგურის გათვალისწინებით, მხარეები მიიღებენ საჭირო ზომებს, რათა რკინიგზის ლიანდაგების სიგანეების განსხვავება არ წარმოადგენდეს პრობლემას როგორც სამგზავრო, ისე სატვირთო ტრანსპორტირებისთვის.

მუხლი 4

საქართველოსა და თურქეთს შორის და პირიქით მოძრავი შემადგენლობის, კონტეინერების, პალეტების, სატვირთო საშუალებების, ბარგის, შეფუთული და სხვა სახის ტვირთის ტრასპორტირების კონტროლი, მიღება და ჩაბარება უნდა განხორციელდეს ნაცვალგების საფუძველზე გადაცემის/გაცვლის სასაზღვრო სადგურზე ღერძზე დატვირთვისა, მოძრავი შემადგენლობის მოდელის თავისებურებისა და ლიანდების სიგანის გათვალისწინებით. ამ მიზნით, მატარებლის საჭირო შემადგენლობა, მოძრავი შემადგენლობის მიმართულებების მანევრირება და შეცვლა შესრულდება ქართული მხარის მიერ, გადაცემის/გაცვლის სასაზღვრო სადგურზე.

მუხლი 5

5.1 თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიიდან საქართველოს  ახალქალაქის გადაცემის/გაცვლის სასაზღვრო სადგურამდე და პირიქით ტვირთებისა და მგზავრების ტრანსპორტირება განხორციელდება COTIF-ის და CIM-ის ზედნადების (CIM/SMGS) ფარგლებში და CIV-ის დებულებების შესაბამისად გამოცემული ბილეთების გამოყენებით.

5.2 საქართველოს ტერიტორიიდან საქართველოს – ახალქალაქის გადაცემის/გაცვლის სასაზღვრო სადგურამდე და პირიქით ტვირთებისა და მგზავრების ტრანსპორტირება განხორციელდება SMGS-ის ზედნადების (CIM/SMGS) შესაბამისად SMGS-ის ფარგლებში და SMPS-ის დებულებების შესაბამისად გაცემული ბილეთების გამოყენებით.

5.3 მეორე მხრივ, პრობლემების თავიდან ასაცილებლად, რომელიც შესაძლოა წარმოიქმნას სამგზავრო და სატვირთო სფეროში განსხვავებული კონვენციების გამოყენების შედეგად,  ორივე ქვეყნის სარკინიგზო ოპერატორების მიერ შეიძლება მომზადდეს „შეთანხმებული ტარიფი“.

5.4 შესაბამისი ქვეყნის ტერიტორიაზე ტრანსპორტირების ტარიფი აითვლება მანძილით სახელმწიფო საზღვრამდე. ტარიფების დამაკავშირებელი პუნქტი არის სახელმწიფო საზღვარი.

 

მუხლი 6

6.1 მატარებელთა მოძრაობის უსაფრთხოება ინფრასტრუქტურის გამართულობის თვალსაზრისით უზრუნველყოფილ უნდა იქნეს შესაბამისი სახელმწიფოს მიერ მის საზღვრებში, ხოლო მოძრავი შემადგენლობის თვალსაზრისით-საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის რკინიგზებს შორის სარკინიგზო მიმოსვლის სატვირთო და სამგზავრო ვაგონების ექსპლუატაციის წესების შესაბამისად.

6.2 მატარებლებმა, ცალკეულმა ლოკომოტივებმა და სხვა სარკინიგზო საშუალებებმა უნდა იმუშავონ საქართველოსა და თურქეთის ინფრასტრუქტურის მენეჯერების მიერ მიღებული და კოორდინირებული გეგმით.

მუხლი 7

საქართველოსა და თურქეთის ინფრასტრუქტურის მენეჯერები, სარკინიგზო ოპერატორები და აგრეთვე ორივე ქვეყნის ინფრასტრუქტურის მენეჯერები, ერთობლივად შეიმუშავებენ და მიიღებენ მატარებლებისა და სხვა სარკინიგზო საშუალებების მოძრაობის, გადაცემის/გაცვლის სასაზღვრო სადგურის საქმიანობასთან დაკავშირებული მომსახურების განხორციელების, გამოთვლისა და ანაზღაურების, კომუნიკაციის, გადაცემის/გაცვლის სასაზღვრო სადგურის პერსონალის დანიშვნისა და განთავსების, სამუშაო ოფისებისა და მათთვის მისაწოდებელი მოწყობილობების ორგანიზების წესებს.

მუხლი 8

ორივე მხარის რკინიგზის თანამშრომლები გადაკვეთავენ საზღვარს სამგზავრო დოკუმენტის (პასპორტი, ID ბარათი) და სარკინიგზო ოპერატორის და ინფრასტრუქტურის მენეჯერის ხელმძღვანელების მიერ მომზადებული  თანამშრომელთა სიის საფუძველზე.

მუხლი 9

სარკინიგზო ოპერატორები და ინფრასტრუქტურის მენეჯერები გაცვლიან ინფორმაციას საჭირო სამართლებრივი რეგულაციების  შესახებ, რომელიც განსაზღვრავს  სახელმწიფო საზღვარსა და გადაცემის/გაცვლის სასაზღვრო სადგურს შორის  მატარებელთა მოძრაობასა და მანევრის ღონისძიებებს. მათ ერთობლივად უნდა მოაწყონ სასწავლო კურსები საჭიროების შემთხვევაში.

მუხლი 10

10.1 სარკინიგზო ოპერატორების თანამშრომლები და ინფრასტრუქტურის მენეჯერები, რომლებიც იხდიან თავიანთ გადასახადებს რკინიგზით საზღვრის კვეთის დროს  და გადაცემის/გაცვლის სასაზღვრო სადგურზე, შეასრულებენ და დაიცავენ იმ ქვეყნის სამართლებრივ დებულებებს, რომელშიც ისინი ასრულებენ თავიანთ  მოვალეობებს და წარმოადგენენ არანაკლებ იმავე დონის სამართლებრივი დაცვის ობიექტებს, როგორც მასპინძელი ქვეყნის ადგილობრივი პერსონალი.

10.2 მეორე მხარის დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, თითოეული მხარე კისრულობს ვალდებულებას, გაიწვიოს თავისი დასაქმებული პირები.

10.3 სარკინიგზო ოპერატორებისა და ინფრასტრუქტურის მენეჯერების მიერ დასაქმებული პირები, რომლებმაც ჩაიდინეს ნებისმიერი სახის კანონდარღვევა, ექვემდებარებიან სამართლებრივ წარმოებას იმ ქვეყნის შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, რომლის ტერიტორიაზეც მოხდა კანონდარღვევა.

მუხლი 11

11.1 სარკინიგზო ინციდენტთან/შემთხვევასთან დაკავშირებული ყველა საკითხი, რომელიც შეიძლება წარმოიშვას რკინიგზით საზღვრის კვეთის დროს, გადაწყდება „სარკინიგზო საზღვრის კვეთის შეთანხმებით“, რომელიც უნდა მომზადდეს ამ შეთანხმების საფუძველზე ინფრასტრუქტურის მენეჯერების მიერ.

11.2 ინციდენტების/უბედური შემთხვევების დროს მეორე ქვეყნის ტერიტორიაზე დახმარების მიწოდების მოთხოვნის შემთხვევაში, მხარეების შესაბამისი უწყებები მიიღებენ საჭირო ზომებს.

მუხლი 12

12.1 თითოეული მხარე ყველა საბაჟო და სასაზღვრო ფორმალობას განახორციელებს თავის ტერიტორიაზე, მისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად. მგზავრთა სარკინიგზო გადაყვანისას ასეთი ფორმალობები შეიძლება განხორციელდეს მატარებლის მოძრაობის განმავლობაში.

12.2 საქართველოსა და თურქეთის სარკინიგზო ოპერატორებისა და ინფრასტრუქტურის მენეჯერებისგან მოპოვებული ოფიციალური დოკუმენტი უნდა იყოს წარმოდგენილი იმ ხელსაწყოებისა და აღჭურვილობისათვის, რომელიც საჭიროა სასაზღვრო გამტარ პუნქტებში მათი სამსახურებრივი მოვალეობების განხორციელებისათვის.

12.3 აკრძალულია ამ მუხლში ჩამოთვლილი ხელსაწყოებითა და აღჭურვილობით ვაჭრობის განხორციელება სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე.

მუხლი 13

13.1 ინფრასტრუქტურის მენეჯერების ან სარკინიგზო ოპერატორების პერსონალი, საზღვრის კვეთისას, შეიძლება დაექვემდებაროს სანიტარულ კონტროლს შესაბამისი ქვეყნის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო ორგანოების მხრიდან, არსებული საერთაშორისო სანიტარული რეგულაციების დებულებათა შესაბამისად. ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო ორგანოებს შეუძლიათ მოითხოვონ ჯანმრთელობის საერთაშორისო რეგულაციების (2005) შესაბამისად გაცემული ვაქცინაციის სერთიფიკატი.

13.2 მგზავრი აგრეთვე შეიძლება დაექვემდებაროს საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის ჯანმრთელობის კონტროლს, ჯანმრთელობის საერთაშორისო რეგულაციების (2005) დებულებათა შესაბამისად.

მუხლი 14

ვეტერინარულ და ფიტო-სანიტარულ კონტროლს თავიანთ ტერიტორიაზე განახორციელებენ შესაბამისი მხარის  კომპეტენტური უწყებები, შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად.

მუხლი 15

საჭიროების შემთხვევაში, ინფრასტრუქტურის მენეჯერების ან სარკინიგზო ოპერატორების თანამშრომლებს, მათი მოვალეობების განხორციელებისას, მეორე მხარის ტერიტორიაზე სახელმწიფო საზღვრის კვეთისას, უფლება აქვთ მიიღონ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება მიმღები ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად. საკუთარი ქვეყნის სამედიცინო ერთეულში პერსონალის გადაყვანას უზრუნველყოფს მისი დამსაქმებელი. თუ პირის მდგომარეობა არ იძლევა აღნიშნულის საშუალებას, საავადმყოფოში ყოფნისა და მკურნალობის ხარჯებს საკუთარ ქვეყანაში მის გადაყვანამდე ანაზღაურებს დამსაქმებელი სარკინიგზო ოპერატორი ან ინფრასტრუქტურის მენეჯერი.

მუხლი 16

16.1 ერთმანეთთან თანამშრომლობის გაღრმავებისა და რკინიგზით საზღვრის კვეთისას პრობლემების აღმოფხვრის მიზნით, ინფრასტრუქტურის მენეჯერებისა და სასაზღვრო კონტროლის სამსახურების მიერ იქმნება სარკინიგზო ტრანსპორტის საზღვრის კვეთის ერთობლივი კომისია ინფრასტრუქტურის მენეჯერების კოორდინაციის ქვეშ.

16.2 კომისია შედგება ორი ქვეყნის ინფრასტრუქტურის მენეჯერების, სასაზღვრო კონტროლის სამსახურების, საბაჟო ორგანოებისა და სხვა შესაბამისი ორგანოების წარმომადგენლებისგან და მოიწვევა ნაცვალგების პრინციპის საფუძველზე. კომისიის კომპეტენციის საკითხები განისაზღვრება მოსამზადებელი პროტოკოლით.

მუხლი 17

წინამდებარე შეთანხმებაში შესატანი ცვლილებებისა და დამატებების შესახებ წინადადებები მოლაპარაკებულ იქნება კომპეტენტურ ორგანოებს შორის პირველი მუხლის შესაბამისად და მომზადდება დოკუმენტის სახით, რომელიც შეადგენს წინამდებარე შეთანხმების განუყოფელ ნაწილს და ძალაში შედის მე-18 მუხლის შესაბამისად.

მუხლი 18 ­

18.1 წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის მისი ძალაში შესვლისთვის საჭირო შიდასახელმწიფოებრივი რეგულაციების მოთხოვნების შესრულების თაობაზე მეორე მხარის უკანასკნელი წერილობითი შეტყობინებიდან 30 (ოცდაათი) დღის შემდეგ.

18.2 წინამდებარე შეთანხმება იდება განუსაზღვრელი ვადით. თითოეული მხარეს შეუძლია შეწყვიტოს ეს შეთანხმება დიპლომატიური არხებით წერილობითი შეტყობინებით და ეს შეწყვეტა ამოქმედდება ასეთი შეტყობინების მიღების თარიღიდან 6 თვის შემდეგ.

18.3 ხელმოწერილია 2016 წლის 19 ივლისს, ქ. ანკარაში ორ იდენტურ დედნად, თითოეული ქართულ, თურქულ და ინგლისურ ენებზე. წინამდებარე შეთანხმების განსხვავებული განმარტების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.

 

საქართველოს მთავრობის

სახელით

დიმიტრი ქუმსიშვილი

ეკონომიკისა და მდგრადი

განვითარების მინისტრი

თურქეთის რესპუბლიკის მთავრობის

სახელით

აჰმეთ არსლანი

ტრანსპორტის, საზღვაო საქმეთა და

კომუნიკაციების მინისტრი