საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 705-Vრს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 28/06/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/06/2021
სარეგისტრაციო კოდი 010190030.06.001.016078
705-Vრს-Xმპ
28/06/2021
ვებგვერდი, 29/06/2021
010190030.06.001.016078
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

 

 

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ

 


მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 14.12.2018, სარეგისტრაციო კოდი: 010190030.06.001.016054) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 204-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის:

ა.ა) „ა.დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.დ) ცესკოს 7 წევრის – ისე, რომ 1 ვაკანტურ თანამდებობაზე 2 კანდიდატურა იქნეს წარდგენილი;“;

ა.ბ) „ა.დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა.ე“ ქვეპუნქტი:

„ა.ე) ცესკოს თავმჯდომარის – ისე, რომ 1 ვაკანტურ თანამდებობაზე 2 კანდიდატურა იქნეს წარდგენილი;“;

ბ) მე-3 პუნქტის:

ბ.ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ცესკოს წევრები − პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედით არჩევის შემთხვევაში − 5 წლით, ხოლო სხვა შემთხვევაში − 6 თვით;“;

ბ.ბ) „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი:

„ე1) ცესკოს თავმჯდომარე − პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედით არჩევის შემთხვევაში − 5 წლით, ხოლო სხვა შემთხვევაში − 6 თვით;“;

გ) მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედით, სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედით ან სრული შემადგენლობის უმრავლესობით, რეგლამენტით დადგენილი წესით ირჩევს ცესკოს წევრსა და ცესკოს თავმჯდომარეს;“;

დ) მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) გენერალური აუდიტორის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის, ცესკოს წევრის, ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად ერთი და იმავე კანდიდატურის წარდგენა შეიძლება მხოლოდ ორჯერ;“;

ე) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. პარლამენტი ამ მუხლით გათვალისწინებულ თანამდებობის პირებს ირჩევს, როგორც წესი, შესაბამისი კანდიდატურის წარმოდგენიდან 2 კვირის ვადაში, თუ საქართველოს საკანონმდებლო აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი.“.

2. 205-ე მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. პარლამენტის მიერ ცესკოს წევრის არჩევისას ცესკოს წევრობის კანდიდატთაგან თითოეულ კანდიდატს ცალკე ეყრება კენჭი. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელსაც მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის ორი მესამედის უმრავლესობა. თუ ამ კანდიდატთა რაოდენობა ასარჩევ რაოდენობაზე მეტი აღმოჩნდა, არჩეულად ჩაითვლება მათ შორის უკეთესი შედეგის მქონე კანდიდატი. თუ კანდიდატების მიერ მიღებულ ხმათა თანაბრობის გამო გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, ამ კანდიდატებს დაუყოვნებლივ ეყრებათ კენჭი მათ შორის გამარჯვებულის გამოსავლენად. თუ კენჭისყრის შედეგად არ შეივსო ყველა ვაკანსია, დარჩენილ კანდიდატებს პირველი კენჭისყრიდან არაუადრეს 4 კვირისა კენჭი ხელახლა ეყრებათ. ხელახალი კენჭისყრისას არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელსაც მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის ორი მესამედის უმრავლესობა. თუ ვაკანსია ისევ არ შეივსო, მეორე კენჭისყრიდან არაუადრეს 4 კვირისა იმართება კიდევ ერთი კენჭისყრა. აღნიშნული კენჭისყრისას არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელსაც მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობა. თუ ვაკანსია კვლავ არ შეივსო, მესამე კენჭისყრიდან არაუადრეს 4 კვირისა იმართება კიდევ ერთი კენჭისყრა. აღნიშნული კენჭისყრისას არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელსაც მხარს დაუჭერს  პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა. თუ ვაკანსია ისევ შეუვსებელი დარჩა, საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტს 3 დღის ვადაში, კონკურსში მონაწილე სხვა კანდიდატთაგან თითოეულ დარჩენილ ვაკანსიაზე 2 კანდიდატურას წარუდგენს. თუ ვაკანსია კვლავ შეუვსებელი დარჩა, არაუგვიანეს 3 დღისა დარჩენილ ვაკანსიაზე ცხადდება კონკურსი და კანდიდატურების წარდგენის პროცედურა თავიდან იწყება.

8. ცესკოს თავმჯდომარე აირჩევა ცესკოს წევრის არჩევისთვის რეგლამენტით დადგენილი წესით.“.

3. რეგლამენტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2282 მუხლი:

„მუხლი 2282. 2021 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებამდე ცესკოში წარმოშობილ ვაკანტურ თანამდებობაზე პირის არჩევის დროებითი წესი

1. საქართველოს პრეზიდენტის მიერ ცესკოს წევრობის კანდიდატების საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად პარლამენტისთვის წარდგენის შემთხვევაში მათი წარდგენიდან არაუგვიანეს 7 დღისა პარლამენტი ირჩევს ცესკოს წევრს. ცესკოს წევრის არჩევის პროცედურა წარიმართება ამ მუხლითა და რეგლამენტის სხვა შესაბამისი ნორმებით დადგენილი წესით.

2. პარლამენტის მიერ ცესკოს წევრის არჩევისას ცესკოს წევრობის კანდიდატთაგან თითოეულ კანდიდატს ცალკე ეყრება კენჭი. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელსაც მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის ორი მესამედის უმრავლესობა. თუ ამ კანდიდატთა რაოდენობა ასარჩევ რაოდენობაზე მეტი აღმოჩნდა, არჩეულად ჩაითვლება მათ შორის უკეთესი შედეგის მქონე კანდიდატი. თუ კანდიდატების მიერ მიღებულ ხმათა თანაბრობის გამო გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, ამ კანდიდატებს დაუყოვნებლივ ეყრებათ კენჭი მათ შორის გამარჯვებულის გამოსავლენად. თუ კენჭისყრის შედეგად ცესკოს წევრი ვერ აირჩა, კანდიდატებს კენჭი ხელახლა ეყრებათ. ხელახალი კენჭისყრისას არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელსაც მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის ორი მესამედის უმრავლესობა. თუ პირი ცესკოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე ისევ ვერ აირჩა, იმართება კიდევ ერთი კენჭისყრა. აღნიშნული კენჭისყრისას არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელსაც მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობა. თუ პირი ცესკოს წევრის  ვაკანტურ თანამდებობაზე კვლავ ვერ აირჩა, იმართება კიდევ ერთი კენჭისყრა. აღნიშნული კენჭისყრისას არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელსაც მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა. 1 კალენდარულ კვირაში არ შეიძლება ერთზე მეტი კენჭისყრის ჩატარება. თუ პირი ცესკოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე ისევ ვერ აირჩა, არაუგვიანეს 3 დღისა ცხადდება კონკურსი და კანდიდატურების წარდგენის პროცედურა თავიდან იწყება. ცესკოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად ერთი და იმავე კანდიდატურის წარდგენა შეიძლება მხოლოდ ორჯერ.

3. საქართველოს პრეზიდენტის მიერ ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატების საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად პარლამენტისთვის წარდგენის შემთხვევაში ცესკოს თავმჯდომარე აირჩევა ამ მუხლით გათვალისწინებული ცესკოს წევრის არჩევისთვის რეგლამენტით დადგენილი წესით.

4. თუ ამ მუხლით გათვალისწინებული ცესკოს წევრი, ცესკოს თავმჯდომარე არჩეულია პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის უმრავლესობით, მისი უფლებამოსილების ვადაა 5 წელი, ხოლო სხვა შემთხვევაში − 6 თვე.“.

მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეკახაბერ კუჭავა

 

 

თბილისი,

28 ივნისი 2021 წ.

N705-Vრს-Xმპ