ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ

ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 926-VIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 07/09/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/09/2021
სარეგისტრაციო კოდი 020080020.05.001.020390
926-VIმს-Xმპ
07/09/2021
ვებგვერდი, 08/09/2021
020080020.05.001.020390
ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ჩართულობით საქართველოს პოლიტიკური პარტიების მიერ 2021 წლის 19 აპრილს ხელმოწერილი შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად, რომლის მიზანია, შემცირდეს პოლარიზაცია ქართულ პოლიტიკაში და თავიდან იქნეს აცილებული 2019 წლის 20 ივნისს საქართველოს პარლამენტის სასახლეში შეჭრის მცდელობისა და პოლიციელების მიმართ ძალადობის, აგრეთვე აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებებზე სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მიერ უფლებამოსილების გადამეტებით რეაგირების საკითხის გადაჭარბებული პოლიტიზება, საქართველოს პარლამენტი ერთჯერადი, დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით, ამ კანონის შესაბამისად ადმინისტრაციული სახდელისგან ათავისუფლებს შესაბამის პირებს.

მუხლი 1

1. ადმინისტრაციული სახდელისგან − ჯარიმისგან გათავისუფლდეს ყველა პირი, რომელსაც აღნიშნული სახის ადმინისტრაციული სახდელი 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით 2019 წლის 20-21 ივნისს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაეკისრა.

2. პირისთვის ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციული სახდელის სახით შეფარდებული ჯარიმა, რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის აღსრულებულია, მას არ დაუბრუნდება.

მუხლი 2

1. შესაბამისმა ორგანოებმა და თანამდებობის პირებმა განახორციელონ ამ კანონის აღსასრულებლად საჭირო ყველა ღონისძიება.

2. იმ პირის მიმართვის საფუძველზე, რომელსაც დაკისრებული აქვს ადმინისტრაციული სახდელი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ამ კანონის თანახმად შეწყვიტოს მის წარმოებაში არსებული, ამავე კანონის რეგულირების სფეროსთვის მიკუთვნებული საქმეების აღსრულება.

მუხლი 3

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

7 სექტემბერი 2021 წ.

N926-VIმს-Xმპ