გადახდისუუნარობის საქმის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ

გადახდისუუნარობის საქმის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/13850-21
დოკუმენტის მიმღები თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 11/06/2021
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/06/2021
სარეგისტრაციო კოდი
2/13850-21
11/06/2021
ვებგვერდი, 25/06/2021
გადახდისუუნარობის საქმის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ
თბილისის საქალაქო სასამართლო

საქმე N2/13850-21

 

 

        

საქართველოს სახელით

გადახდისუუნარობის საქმის წარმოებაში მიღებაზე

უარის თქმის შესახებ

 2021 წლის  11 ივნისი

ქ. თბილისი


 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე    ივერი აბაშიძე

განხილვის ფორმა   ზეპირი მოსმენის გარეშე

განმცხადებელი  შპს „ირაო მაგნატ 28/2“  

წარმომადგენელი  ირაკლი გაფრინდაშვილი

მოთხოვნა   შპს „ირაო მაგნატ 28/2“-ს მიმართ  გაკოტრების რეჟიმის გახსნა

 გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:     

2021 წლის 09 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს „ირაო მაგნატ 28/2“-ის წარმომადგენელმა, რომელმაც მოითხოვა შპს „ირაო მაგნატ 28/2“-ს მიმართ, „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მიხედვით, გაკოტრების რეჟიმის გახსნა.

განმცხადებლის განმარტებით, კომპანია დაკავებული იყო სამშენებლო-დეველოპერული საქმიანობით, რომლის ფარგლებშიც იგი, ამხანაგური ტიპის საზოგადოებაში შენატანის სახით მშენებლობის მომსახურების შეტანით გზით, აშენებდა საცხოვრებელ ფართებს და შემდგომ ფართების რეალიზაციიდან, როგორც ამხანაგობის წევრი იღებდა შესაბამის ეკონომიკურ სარგებელს. თუმცა, ბოლო 8 წელზე მეტია აღარ ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას. წარმომადგენლის განმარტებით, მოვალეს დაკარგული აქვს ბიზნესის მიმართ ინტერესი და სურს გაკოტრება.

კომპანიას დღეის მდგომარეობით, მოვალეს ჰყავს მისთვის ცნობილი ერთადერთი კრედიტორი – სახელმწიფო. ასევე, კომპანიას ჰყავს ერთადერთი დებიტორი  სახელმწიფო, კერძოდ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 23 ივნისის განჩინებით (საქმეზე №ბს-315-313(3კ-16)), ძალაში დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილება, ადმინისტრაციულ საქმეზე №3ბ/1654-15, რომლითაც შემოსავლების სამსახურსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სოლიდარულად დაეკისრათ კომპანიის მიერ სარჩელზე გადახდილი სახ. ბაჟის  5 000 ლარის ანაზღაურება.

განმცხადებლის განმარტებით, მოცემული დროისათვის კომპანიას არ გააჩნია იმ ტიპის ქონება ან ფულადი სახსრები, რომლითაც მოხდება კრედიტორების სრულად დაკმაყოფილება და კანონით დადგენილი საპროცესო ხარჯების დაფარვა.

სასამართლო  გაეცნო  წარმოდგენილ  განცხადებას,  თანდართულ  მასალებს  და  მიაჩნია, რომ შპს „ირაო მაგნატ 28/2“- ის უარი უნდა ეთქვას გაკოტრების რეჟიმის გახსნის შესახებ, განცხადების წარმოებაში მიღებაზე  შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ საზოგადოებას გააჩნია უძრავი ქონება (ს/კ: 01.14.14.003.124.06.057), ავტოსადგომი N57, ფართი: 15.00 მ2), რომელზეც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით რეგისტრირებულია როგორც ყადაღა, ასევე  საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება. სხვა უძრავი ქონება კომპანიის ბალანსზე არ ირიცხება.

კომპანიის ქონების საბალანსო ღირებულება შეადგენს 22,000 ლარს, რასაც 2011 წლიდან 2019 წლამდე დარიცხული აქვს ცვეთას 11,000 ₾-ის ოდენობით, შესაბამისად დღეის მდგომარეობით ამ ქონების ღირებულება (2020-2021 წლებზე დასარიცხი ცვეთის გათვალისწინებით) კიდევ უფრო მცირეა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ-ის - მომსახურების სააგენტოს მიერ 2021 წლის 14 მაისს გაცემული ცნობით N46/6/1/2-02216116 დასტურდება, რომ მოვალის საკუთრებაში რეგისტრირებულია ერთადერთი ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელზეც 2017 წლის 27 ნოემბრიდან რეგისტრირებულია უფლებრივი შეზღუდვა, კერძოდ, შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობა და საგადასახადო ყადაღა. მისი საბალანსო ღირებულებაა 50,970 ლარი, თუმცა დარიცხულია ცვეთა 49517.38 ლარის ოდენობით. ასევე, კომპანიის დანარჩენ აქტივებს: ოფისის აღჭურვილობა, ავეჯი და ინვენტარი, რომელთა ჯამური საბალანსო ღირებულება 5,736.8 ლარია,  დარიცხული აქვს ცვეთა 5,583,09 ლარის დენობით.

კომპანია ასევე არ არის რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის/კომანდიტური საზოგადოების წილობრივ მონაწილედ და/ან სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორად. კომპანიას, საბანკო ანგარიშებზე თანხა არ ერიცხება.

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მიხედვით:

1. მოვალე გადახდისუუნაროა, თუ იგი ვერ ფარავს ვადამოსულ ვალდებულებებს.

2. მოსალოდნელი გადახდისუუნარობა არსებობს, თუ არსებობს გონივრული საფუძველი ვარაუდისთვის, რომ მოვალე გადახდისუუნარო გახდება.

3. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების სასამართლოში შეტანის მიზნებისთვის, საპირისპიროს დამტკიცებამდე ივარაუდება, რომ მოვალე გადახდისუუნაროა, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი გარემოება:

ა) მოვალის მთლიანი ვალდებულებების, მათ შორის, სამომავლო და პირობითი ვალდებულებების, ჯამი მთლიანი აქტივების ჯამს აღემატება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ მოვალე შეძლებს საქმიანობის გაგრძელებას, რის შედეგადაც აღმოიფხვრება ვალდებულებების მეტობა აქტივებთან შედარებით. გადახდისუუნარობის არსებობის დადგენის მიზნებისთვის მოვალის ვალდებულებები მოიცავს სამომავლო და პირობით ვალდებულებებსაც, გარდა მოვალეზე პარტნიორის მიერ გაცემული სესხებისა;

ბ) სავარაუდოა, რომ მოვალე ვადამოსულ ვალდებულებებს შემდგომი 30 დღის განმავლობაში ვერ დაფარავს, რადგან მისი ვადამოსული ვალდებულებების ჯამი მთლიანი ლიკვიდური აქტივების ჯამს არანაკლებ 20 პროცენტით აღემატება (ლიკვიდობის დეფიციტი), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ მოვალე დროის გონივრულად მცირე მონაკვეთში შეძლებს ლიკვიდობის დეფიციტის მთლიანად ან არსებითად მთლიანად აღმოფხვრას;

გ) მოვალე შეყვანილია ან განცხადების შეტანამდე 12 თვის განმავლობაში შეყვანილი იყო მოვალეთა რეესტრში;

დ) მოვალემ შეაჩერა საქმიანობა;

ე) მოვალის მიმართ განცხადების შეტანამდე არანაკლებ 30 დღის განმავლობაში მოქმედებს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიება;

ვ) მოვალის ან მესამე პირის ვალდებულებების შესასრულებლად უზრუნველყოფის ხელშეკრულებით ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლით დაიწყო მოვალის ქონების რეალიზაციის პროცესი, რომლის გაგრძელება საფრთხეს შეუქმნის სხვა კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილებას.

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით:

თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებაში, რომლითაც გაკოტრების რეჟიმის გახსნას მოითხოვს, დაასაბუთებს, რომ გაკოტრების რეჟიმის გახსნის შემთხვევაში იგი თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, აღნიშნული განცხადება, ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის გარდა, უნდა შეიცავდეს:

ა) მითითებას იმის თაობაზე, რომ გაკოტრების რეჟიმის გახსნის შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას;

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობის დამადასტურებელ მტკიცებულებას.

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით:

თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით გაკოტრების რეჟიმის გახსნას მოითხოვს და სასამართლო დაადგენს, რომ გაკოტრების რეჟიმის გახსნის შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, იგი გამოიტანს განჩინებას გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის თაობაზე. ამ განჩინებაში სასამართლო მიუთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება მისი რეგისტრაციის გაუქმებით, თუ აღნიშნული განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი სასამართლოში არ შეიტანს იმავე მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას.

მოცემულ შემთხვევაში, გადახდისუუნარობის (გაკოტრების) წარმოების გახსნის შემთხვევაში ვერ იქნება მიღწეული ზემოაღნიშნული მუხლის ვერც ერთი მიზანი, ვინაიდან განცხადებაში წარმოდგენილი მასალებით განმცხადებლის საბანკო ანგარიშებზე არ ირიცხება თანხა, საზოგადოებას არ გააჩნია შესაბამისი ფასეული უძრავ/მოძრავი ქონება, კერძოდ, მოვალის ქონებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ იქნება მიღწეული გაკოტრების სამართლებრივი მიზანი, ამ შემთხვევაში ვერ დაკმაყოფილდება არა თუ კრედიტორთა მოთხოვნები, არამედ ვერ დაიფარება საპროცესო ხარჯებიც კი.

სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოების წინაპირობები, რის გამოც შეუძლებელია აღნიშნული წინაპირობის განხორციელება.

სასამართლომ იხელმძღვანელა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9, მე-19, 43-ე, 45-ე, 48-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285 მუხლებით და

ა ა დ გ ი ნ ა:

1. უარი ეთქვას შპს „ირაო მაგნატ 28/2“-ის წარმომადგენელს ირაკლი გაფრინდაშვილს გადახდისუუნარობის (გაკოტრების) შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე და აღინიშნოს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა (კრედიტორებმა) იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.

2. განჩინება განთავსდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში (http://www.ecourt.ge/), ასევე „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე;

3. ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორს, რომელიც დაინტერესებულია თავისი მოთხოვნის ამავე კანონის 48-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მოვალის ქონებიდან დაკმაყოფილებით, შეუძლია სასამართლოში ამ კანონით დადგენილი წესით შეიტანოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება. თუ დადგენილ ვადაში კრედიტორის მიერ არ მოხდება განცხადების შეტანა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

4. განჩინებაზე შეუძლია კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში (http://www.ecourt.ge/) მისი გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64).  ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია

მოსამართლე                               ივერი აბაშიძე