„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2021 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 დეკემბრის №825 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2021 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 დეკემბრის №825 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 282
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 15/06/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/06/2021
სარეგისტრაციო კოდი 280120000.10.003.022837
282
15/06/2021
ვებგვერდი, 16/06/2021
280120000.10.003.022837
„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2021 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 დეკემბრის №825 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №282

2021 წლის 15 ივნისი

ქ. თბილისი

„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2021 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 დეკემბრის №825 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2021 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 დეკემბრის №825 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2020, 280120000.10.003.022548) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. დადგენილებით დამტკიცებული 1 დანართის („სოციალური რეაბილიტაციის  2021 წლის სახელმწიფო პროგრამის“):

ა) №1.2.2 დანართის („დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის“ საპროთეზო-ორთოპედიული საშუალებებით უზრუნველყოფის კომპონენტის) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 2 096 100 ლარით.“;

ბ)  1.2.3 დანართის („დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის“ სმენის აპარატებით უზრუნველყოფის კომპონენტის) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კომპონენტის ბიუჯეტი განისაზღვრება 466 200 ლარით.“;

გ) 1.4 დანართის („სათემო ორგანიზაციებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის“):

გ.ა) მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად მიმწოდებელთან პირის მოთავსებისა და გაყვანის სხვა საკითხები რეგულირდება „სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან მისი გაყვანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის №52/ნ ბრძანების მოთხოვნათა შესაბამისად.

ამ ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურებით ერთდროულად მოსარგებლე პირთა რაოდენობა, ამ დანართის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების შემთხვევაში, არ უნდა აღემატებოდეს 380-ს (მათ შორის, 150 ხანდაზმული და 230 შშმ პირი), ხოლო „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების შემთხვევაში − 58-ს.“;

გ.ბ) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ქვეპროგრამის ფარგლებში მიწოდებული მომსახურების ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება არამატერიალიზებული ვაუჩერი, რომლის დღიური დაფინანსების ოდენობა ხანდაზმული ბენეფიციარის შემთხვევაში შეადგენს 22  ლარს, შშმ პირის შემთხვევაში – 25 ლარს, ხოლო „შშმ პირთა საოჯახო ტიპის დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობი მომსახურებით უზრუნველყოფის კომპონენტის“ შემთხვევაში – 30 ლარს. ქვეპროგრამის დაფინანსების წესი და პირობები განისაზღვრება „სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსების დაფინანსების (თანადაფინანსების) წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 27 იანვრის №22 დადგენილების შესაბამისად, გარდა ამ დანართის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირებისა, რომელთა „შშმ პირთა საოჯახო ტიპის დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობი მომსახურებით უზრუნველყოფის კომპონენტით“ სარგებლობა ფინანსდება 100%-ით.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული 2 დანართის („ბავშვზე ზრუნვისა და ახალგაზრდების მხარდაჭერის 2021 წლის სახელმწიფო პროგრამის“):

ა) №2.2 დანართის  („ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის ქვეპროგრამის“) მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფს განეკუთვნებიან დაბადებიდან შვიდ წლამდე ასაკის ბავშვები (შვიდი წლის შესრულების თვის ჩათვლით), რომლებსაც აქვთ ბავშვთა პედიატრის/ოჯახის ექიმის, ნევროლოგის ან სხვა ექიმ-სპეციალისტის მიერ გამოვლენილი განვითარების ეტაპების დაყოვნება (მსხვილი და ნატიფი მოტორიკის, კომუნიკაციისა და მეტყველების, სოციალურ-ემოციური და კოგნიტური სფეროების განვითარებისა და ადაპტური ქცევის პრობლემა), შეზღუდული შესაძლებლობა ან ამ მხრივ რისკი, რაც დადასტურებულია ამ პროგრამის №2.14 დანართში მოცემული ICD-10-ის დიაგნოზებით. ერთი თვის განმავლობაში ფინანსდება არაუმეტეს  18 204 ვიზიტისა, ამ დანართის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ლიმიტების შესაბამისად, ბენეფიციარის საცხოვრებელი ადგილისა და ტერიტორიული პრინციპის გათვალისწინებით, თანდართული ცხრილის თანახმად. ამასთან, ბენეფიციარის/კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე, შესაძლებელია, ვაუჩერის ანაზღაურება იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში, სადაც გაიცა ან/და რომელიც მითითებული აქვს მომსახურების მიმწოდებელ ორგანიზაციას რეგისტრაციის დროს და წარმოდგენილი აქვს პროფესიონალის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილიდან ცნობა, რითაც დასტურდება, რომ მას მომსახურების მიწოდება შეუძლია რეგისტრაციის დროს მითითებულ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში ბავშვთან ოჯახში ვიზიტით. ასევე, გეოგრაფიული არეალის მითითების შემთხვევაში, საჭიროა, ორგანიზაციამ მიუთითოს ლიმიტი არამხოლოდ ბენეფიციართა საერთო რაოდენობის შესახებ, არამედ თითოეულ მუნიციპალიტეტში/სოფელში ბენეფიციარების რაოდენობის შესახებ, რომლებსაც ერთდროულად გაუწევენ მომსახურებას.

 

ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული

ერთი თვის განმავლობაში განსაზღვრული ვიზიტების რაოდენობა

ქ. თბილისი

7592

ქ. ქუთაისი

2480

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

800

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი

160

ქობულეთის მუნიციპალიტეტი

600

ქ. ბათუმი

760

მარნეულის მუნიციპალიტეტი

356

ახალციხის მუნიციპალიტეტი

160

გორის მუნიციპალიტეტი

1120

ბორჯომის მუნიციპალიტეტი

320

ქ. რუსთავი

976

ზესტაფონის მუნიციპალიტეტი

480

ოზურგეთის მუნიციპალიტეტი

400

მესტიის მუნიციპალიტეტი

80

თელავის მუნიციპალიტეტი

960

გურჯაანის მუნიციპალიტეტი

80

ახმეტის მუნიციპალიტეტი

80

ყვარლის მუნიციპალიტეტი

80

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი

400

 ამბროლაურის მუნიციპალიტეტი

160

ქ. ფოთი

160

სულ

18 204

.“;

 

ბ) 2.3  დანართის („ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის ქვეპროგრამის“) მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. წლის განმავლობაში ფინანსდება 16 000 კურსი. ამასთან, ერთ ბენეფიციარზე − არაუმეტეს 8 კურსისა. ბენეფიციარს შეუძლია, მიიღოს პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება ერთზე მეტ სერვისის მიმწოდებელ ორგანიზაციაში. სერვისის მიმწოდებლებს შორის ბენეფიციართა რეფერირებისა და ინდივიდუალური რეაბილიტაციის/აბილიტაციის გეგმის ცვლილების წესი მტკიცდება ზრუნვის სააგენტოს ხელმძღვანელის ბრძანებით.“;

გ) 2.5 დანართის („დედათა და ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის“) მე-2 მუხლის „ზ“, „თ“, „ი“, „კ“, „ლ“,  „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) მომსახურების განხორციელებისთვის აუცილებელი სხვა დამატებითი საჭიროებებით უზრუნველყოფას;

თ) ბავშვის/ბავშვების და დედის  მომსახურების ინდივიდუალური გეგმის შემუშავებას თავშესაფარში მოთავსებიდან 30 დღის განმავლობაში  და  პერიოდული გადასინჯვის უზრუნველყოფას არა უმეტეს 6 თვეში ერთხელ (მომსახურების გეგმა ბავშვთან მიმართებით დაფუძნებული უნდა იყოს სოციალური მუშაკის მიერ შემუშავებულ ბავშვის ინდივიდუალური განვითარების გეგმაზე);

ი) მეურვეობა-მზრუნველობის ტერიტორიული ორგანოსთვის ინფორმაციის მიწოდებას იმ შემთხვევების შესახებ, როდესაც ბენეფიციარის ჯანმრთელობის მდგომარეობა და განვითარება იძლევა შესაძლებლობას, მიიღოს განათლება სკოლამდელი აღზრდისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და მიუხედავად ამისა, ბენეფიციარი არ არის ჩართული სასწავლო პროცესში;

კ) დედათა და ბავშვთა თავშესაფრის ფუნქციონირების პროგრამის (კურიკულუმის) წარმოებას;

ლ) კონფლიქტების არაძალადობრივი მეთოდებით მოგვარების უნარ-ჩვევების, პიროვნული განვითარების, გარემოსთან ადაპტაციის, სოციალური ინტეგრაციისა და პროფესიული უნარ-ჩვევების შეძენა-განვითარებას, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბენეფიციარის შემთხვევაში, ინკლუზიურ-პროფესიული განათლების ხელშეწყობას;

მ) ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებით გათვალისწინებული სკრინინგის პროგრამებში ბენეფიციართა ჩართვის ხელშეწყობას;

ნ) ბენეფიციართან მუშაობას თანადგომის ქსელის მოძიებაზე წერილობითი თანხმობის მოპოვების მიზნით და მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს სოციალურ მუშაკთან თანამშრომლობას რეინტეგრაციაზე მუშაობის პროცესში.“;

დ) 2.7 დანართის („მცირე საოჯახო ტიპის სახლებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის“) მე-4 მუხლის:

დ.ა) მე-2  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მცირე საოჯახო ტიპის სახლის მომსახურების დაფინანსების წესი განისაზღვრება „სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსების დაფინანსების (თანადაფინანსების) წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 27 იანვრის №22 დადგენილების შესაბამისად. ამასთან, მცირე საოჯახო ტიპის სახლში ბენეფიციარის მომსახურების დაფინანსების ოდენობა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვებისათვის შეადგენს დღეში 35 ლარს, ხოლო შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის არმქონე ბავშვებისთვის – დღეში 25 ლარს.“;

დ.ბ) მე-4  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვაუჩერის თვეში ასანაზღაურებელი თანხა გაიანგარიშება დღიური დაფინანსების ოდენობის ნამრავლით მომსახურების მიღების თვის კალენდარულ დღეთა რაოდენობაზე (მცირე საოჯახო ტიპის სახლში ბენეფიციარის ჩარიცხვის ან ამორიცხვის თვეს – შესაბამის თვეში ამ ბენეფიციარის მიერ მიღებული მომსახურების დღეების რაოდენობაზე), მიმწოდებელი ვალდებულია, არაუგვიანეს მომსახურების გაწევის მომდევნო თვის 5 რიცხვის ჩათვლით (იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ვადა ემთხვევა არასამუშაო დღეს, არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა), ზრუნვის სააგენტოს წარუდგინოს მიმწოდებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილი, დათარიღებული და ბეჭდით დამოწმებული დოკუმენტი, რომელშიც ასახულია ბენეფიციარის მიერ მომსახურების მიღების თვეში შესაბამისი მომსახურებით სარგებლობის მონაცემები, რომლებიც ექვემდებარება ანაზღაურებას მომსახურების მიწოდების თვის მომდევნო თვის 15 რიცხვის ჩათვლით. ამასთან, მომსახურების თვეში ფუნქციონირებად მცირე საოჯახო ტიპის სახლში შეუვსებელი, ლიმიტით განსაზღვრული ადგილები ანაზღაურდება დღეში 12,5 ლარით, მაგრამ არა უმეტეს ლიმიტით განსაზღვრული ადგილების 50%-ისა. ამასთან, მომსახურების მიმწოდებლის მიერ ამ ვადის დარღვევის შემთხვევაში, ყოველ დაგვიანებულ  სამუშაო დღეზე ასანაზღაურებელი თანხის ოდენობას გამოაკლდება ასანაზღაურებელი თანხის 10%. 5 სამუშაო დღეზე მეტი დღის დაგვიანების შემთხვევაში, წარდგენილი ვაუჩერის ტალონი დაფინანსებას არ ექვემდებარება.“;

ე) 2.8 დანართის („მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის“):

ე.ა) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.  ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფია შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სოციალური მუშაკის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით იდენტიფიცირებული 18 წლამდე ასაკის მიუსაფარი ბავშვები, ასევე ის მიუსაფარი ბავშვები, რომლებიც არიან ამ ქვეპროგრამის ბენეფიციარები, იღებენ ზოგად განათლებას და არიან არასრული საშუალო ან საშუალო განათლების დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები (მე-9 და მე-12 კლასები) სასწავლო წლის დასრულების მომდევნო თვის 1 რიცხვამდე.“;

ე.ბ) მე-5 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) დღის ცენტრის მომსახურების შემთხვევაში, ჩარიცხვის თარიღიდან არაუმეტეს 18 თვე ზედიზედ (2021 წლის 1 იანვრიდან);

ბ) თავშესაფრის შემთხვევაში, ჩარიცხვის თარიღიდან არა უმეტეს 24 თვე ზედიზედ (2021 წლის 1 იანვრიდან);“;

ე.გ) მე-6 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ დანართის მე-2 მუხლით განსაზღვრული ღონისძიებების შესაბამისი მომსახურებისთვის ერთ ბენეფიციარზე გათვალისწინებული დღიური ანაზღაურების ოდენობა შეადგენს:

ა) დღის ცენტრის მომსახურების შემთხვევაში – 10 ლარს;

ბ) თავშესაფრის მომსახურების შემთხვევაში – 25 ლარს;

ბ.ა) თავშესაფარის შემთხვევაში, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის ან განსხვავებული საჭიროების მქონე ბავშვისათვის, რომელიც განსაზღვრულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 27 დეკემბრის №01-72/ნ ბრძანების დანართ №2-ით დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად – 35 ლარს;

გ) ამასთან, მომსახურების თვეში შეუვსებელი, ლიმიტით განსაზღვრული ადგილები დღის ცენტრში ანაზღაურდება დღეში 5 ლარით, თავშესაფარში – დღეში 12,5 ლარით, მაგრამ არაუმეტეს შესაბამისი მომსახურების ლიმიტით განსაზღვრული ადგილების 50%-ისა. ამავდროულად, მიმწოდებლის მიერ მიწოდებული მომსახურებისთვის დღეში ასანაზღაურებელი თანხა არ უნდა აღემატებოდეს ქ. თბილისში მოქმედ თითოეულ თავშესაფარში – არა უმეტეს 15 და დღის ცენტრში – არაუმეტეს 20 ბენეფიციარის მომსახურებისთვის განკუთვნილი თანხის ოდენობას, ქ. ქუთაისში მოქმედ თითოეულ თავშესაფარში – არაუმეტეს 10 და დღის ცენტრში – არაუმეტეს 20 ბენეფიციარის მომსახურებისთვის განკუთვნილი თანხის ოდენობას, ქ. რუსთავში მოქმედ თითოეულ თავშესაფარში – არაუმეტეს 15 და დღის ცენტრში – არაუმეტეს 22 ბენეფიციარის მომსახურებისთვის განკუთვნილი თანხის ოდენობას.“;

ვ) 2.12 დანართის („სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული 18-21 წლამდე ახალგაზრდების მხარდაჭერის ქვეპროგრამის“) მე-3 მუხლის:

ვ.ა)  პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სახელმწიფო ზრუნვის სისტემაში იმყოფებოდა მინიმუმ 2 (ორი) წლის განმავლობაში და მომსახურების დატოვებიდან არ არის გასული 12 თვეზე მეტი;“;

ვ.ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ქვეპროგრამაში ჩარიცხვის/ამორიცხვის/ვადის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს  მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს  რეგიონული საბჭო, სოციალური მუშაკის დასკვნისა და მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციის რეკომენდაციის საფუძველზე.“;

ზ) 2.13 დანართის („სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული 18-21 წლამდე ახალგაზრდების საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის“) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) პროგრამის დანართ 2.12-ით („სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული 18-21 წლამდე ახალგაზრდების მხარდაჭერის ქვეპროგრამა“) მოსარგებლე სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული 18-21 წლამდე ახალგაზრდა, რომელიც აღარ არის პროგრამის დანართ 2.12-ით განსაზღვრული მომსახურების მიმღები, ჯერ არ შესრულებია 21 წელი, იწყებს დამოუკიდებელ ცხოვრებას და გამოხატავს სურვილს, ჩაერთოს სამინისტროს მიერ შეთავაზებულ დასაქმების ხელშეწყობისა და პროფესიული გადამზადების პროგრამებში.‘‘.

მუხლი 2
დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, ხოლო დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი და მე-2 პუნქტი ამოქმედდეს 2021 წლის 1 ივლისიდან.

        

 


პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი