შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და კორეის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ

შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და კორეის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 165/8
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 04/02/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/06/2021
ძალაში შესვლის თარიღი 16/05/2021
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016634
165/8
04/02/2021
ვებგვერდი, 04/06/2021
480610000.03.030.016634
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და კორეის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
 
 

 

შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და კორეის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ

საქართველოს მთავრობა და კორეის რესპუბლიკის მთავრობა (შემდგომში „ხელშემკვრელი მხარეები“)

წარმოადგენენ რა „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ 1944 წლის დეკემბრის მეშვიდე დღეს ქ. ჩიკაგოში ხელმოსაწერად გახსნილი კონვენციის მხარეებს;

სურთ რა გააფორმონ შეთანხმება თავიანთ შესაბამის ტერიტორიებს შორის და მათ საზღვრებს  გარეთ საჰაერო მიმოსვლის დაწესებისა და განხორციელების მიზნით;

აცნობიერებენ რა საჰაერო მიმოსვლის, როგორც ორი ქვეყნის ხალხთა შორის მეგობრობის, ურთიერთგაგებისა და ურთიერთთანამშრომლობის დამყარებისა და ხელშეწყობის საშუალების  მნიშვნელობას; და

სურთ რა, ხელი შეუწყონ საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის შესაძლებლობათა გაფართოებას; 

შეთანხმდნენ შემდეგზე:

 


მუხლი 1

განსაზღვრებები

 

1. წინამდებარე შეთანხმების მიზნებისათვის, თუ კონტექსტი სხვაგვარად არ ითვალისწინებს,

a) ტერმინი „საავიაციო ხელისუფლება“ საქართველოსთან მიმართებაში ნიშნავს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და/ან სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, ხოლო კორეის რესპუბლიკასთან მიმართებაში – მიწის, ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის სამინისტროს; ან ორივე შემთხვევაში, ნებისმიერ პირს ან ორგანოს, რომელიც უფლებამოსილია შეასრულოს ნებისმიერი ფუნქცია, რომელსაც ითვალისწინებს წინამდებარე შეთანხმება;

 

b) ტერმინი „შეთანხმებული მომსახურება“ ნიშნავს წინამდებარე შეთანხმების დანართში განსაზღვრულ მარშრუტებზე რეგულარულად განხორციელებულ საერთაშორისო საჰაერო შეთანხმებულ მომსახურებებს მგზავრების, ბარგის, ტვირთის და ფოსტის ტრანპორტირების მიზნით, ცალ-ცალკე ან ნებისმიერი კომბინაციით;

 

c) ტერმინი „შეთანხმება“ ნიშნავს წინამდებარე შეთანხმებას, წინამდებარე შეთანხმების დანართს, და მათში შეტანილ ნებისმიერ ცვლილებას;

 

d) ტერმინი „კონვენცია“ ნიშნავს „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ 1944 წლის დეკემბრის მეშვიდე დღეს  ქ. ჩიკაგოში ხელმოსაწერად გახსნილ კონვენციას და მოიცავს ამ კონვენციის 94-ე მუხლის შესაბამისად მიღებულ ნებისმიერ დანართს, და დანართებში ამ კონვენციის 90-ე და 94-ე მუხლების შესაბამისად შეტანილ ნებისმიერ ცვლილებას, იმ პირობით, რომ აღნიშნული დანართები ან ცვლილებები ძალაშია ორივე ხელშემკვრელილ მხარისთვის;   

 

e) ტერმინი „საჰაერო მიმოსვლა“ , „ავიასაწარმო“ , „საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა“ და „არაკომერციული მიზნით შეჩერება“ გამოიყენება ჩიკაგოს კონვენციის 96-ე მუხლით განსაზღვრული შესაბამისი მნიშვნელობებით;

 

f) ტერმინი „დანიშნული ავიასაწარმო“ ნიშნავს ავიასაწარმოებს, რომლებიც დანიშნულია და აღჭურვილია შესაბამისი უფლებამოსილებით წინამდებარე შეთანხმების მე-3 მუხლის შესაბამისად;

 

g) ტერმინიტარიფებ“ ნიშნავს მგზავრების, ბარგისა და ტვირთის გადაყვანა-გადაზიდვისთვის დადგენილ ფასებს და ამ ფასების გამოყენების პირობებს, საფოსტო გადაზიდვის საფასურისა და პირობების გარდა;

 

h) ტერმინს „ტერიტორია“ სახელმწიფოსთან მიმართებაში გააჩნია  ჩიკაგოს კონვენციის მე-2 მუხლით განსაზღვრული მნიშვნელობა;

 

i) ტერმინიმომხმარებლის გადასახადი“ ნიშნავს  გადასახადს, რომელიც  კომპეტენტური  ორგანოების  მიერ,  ან მათი  ნებართვით,  უწესდება  ავიასაწარმოებს თავიანთი საჰაერო ხომალდების, მათი ეკიპაჟის, მგზავრების, ბარგისა და ტვირთის აეროპორტის ინფრასტრუქტურით, ქონებით და/ან სანავიგაციო  საშუალებებით, მათ შორის, შესაბამისი  მომსახურებებით ან მოწყობილობებით უზრუნვლყოფისთვის;

 

j) ტერმინი დატვირთვა საჰაერო ხომალდთან მიმართებაში ნიშნავს ამ საჰაერო ხომალდის მარგი ტვირთის წონას მარშრუტზე ან მარშრუტის მონაკვეთზე;

 

k) ტერმინი „დატვირთვა“ შეთანხმებულ მომსახურებასთან მიმართებაში ნიშნავს ამგვარი მომსახურების განხორციელების მიზნით ექსპლუატირებული საჰაერო ხომალდის ტევადობას, რომელიც მრავლდება საჰაერო ხომალდის მიერ მოცემული პერიოდის განმავლობაში მარშრუტზე ან მარშრუტის მონაკვეთზე შესრულებული ფრენების სიხშირეზე;

 

l)  ტერმინი „გადაყვანა-გადაზიდვა“ ნიშნავს მგზავრების, ტვირთისა და ფოსტის გადაყვანა-გადაზიდვას;

 

m) ტერმინი „დადგენილი მარშრუტი“ ნიშნავს მარშრუტებს, რომლებიც მოცემულია წინამდებარე შეთანხმების დანართის „მარშრუტების განრიგში“; და

 

n) ტერმინი „დანართი“ ნიშნავს წინამდებარე შეთანხმების დანართს, ან დანართს შეთანხმების მე-19 მუხლის დებულებების თანახმად  შეტანილი ცვლილებებით. დანართი წარმოადგენს წინამდებარე შეთანხმების განუყოფელ ნაწილს და ყველა მითითება შეთანხმებაზე მოიცავს მითითებას დანართზე, თუ სხვაგვარად არ არის მკაფიოდ მითითებული.

 

მუხლი 2

უფლებათა მინიჭება

  1. თითოეული ხელშემკვრელი მხარე მეორე ხელშემკვრელ მხარეს ანიჭებს წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებულ უფლებებს, რაც მათ მიერ დანიშნულ ავიასაწარმოებს  დანართში მითითებულ მარშრუტებზე (შემდგომში „დადგენილი  მარშრუტები“) შეთანხმებული მომსახურების დაწესებისა და განხორციელების შესაძლებლობას აძლევს.

 

  1. თითოეული ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნული ავიასაწარმოები ისარგებლებენ შემდეგი უფლებებით:

 

  1. განახორციელონ გადაფრენა მეორე ხელშემკვრელი მხარის  ტერიტორიაზე დაფრენის გარეშე;

 

  1.  განახორციელონ დაფრენა მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე არაკომერციული მიზნებით; და

 

  1. განახორციელონ დაფრენა მეორე ხელშემკვრელი მხარის  ტერიტორიაზე, მგზავრების, ბარგის, ტვირთისა და ფოსტის ცალ-ცალკე ან კომბინირებულად ჩასხდომა/ჩატვირთვის და/ან გადმოსხდომა/გადმოტვირთვის მიზნით, შეთანხმებული მომსახურების განხორციელებისას;

 

  1. თითოეული ხელშემკვრელი მხარის ავიასაწარმო(ები),  წინამდებარე შეთანხმების მე-3 მუხლში მითითებული ავიასაწარმოების გარდა, ასევე სარგებლობენ ამ მუხლის მე-2(a) და მე-2(b) ქვეპუნქტებით განსაზღვრული უფლებებით.

 

  1. წინამდებარე მუხლის მე-2 პუნქტი არ უნდა იქნეს გაგებული ისე, თითქოს იგი ერთი ხელშემკვრელი  მხარის დანიშნულ ავიასაწარმოებს ანიჭებდეს პრივილეგიურ უფლებას მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, ანაზღაურების სანაცვლოდ, ბორტზე აიყვანოს მგზავრები და აიტანოს ბარგი, ტვირთი ან ფოსტა მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მდებარე სხვა პუნქტში გადაყვანა-გადაზიდვის მიზნით.

 

  1. თუ შეიარაღებული კონფლიქტების, პოლიტიკური არეულობის ან მოვლენების,  ან განსაკუთრებული და ექსტრემალური  გარემოებების გამო, ერთი ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოები ვერ ახერხებენ ხაზების ექსპლუატაციას  თავიანთი რეგულარული  მარშრუტის გამოყენებით, მეორე ხელშემკვრელი მხარე მაქსიმალურად ეცდება უზრუნველყოს ამგვარი ხაზების უწყვეტი ექსპლუატაცია მარშრუტების დროებით რეორგანიზაციის გზით, ხელშემკვრელ მხარეთა ერთობლივი  გადაწყვეტილების საფუძველზე.

 

მუხლი 3

დანიშვნა და ნებართვის გაცემა

  1. თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს შეთანხმებული მომსახურების განხორციელების მიზნით, უფლება აქვს დანიშნოს ერთი ან რამდენიმე ავიასაწარმო და გააუქმოს ან შეცვალოს ნებისმიერი ამგვარი ავიასაწარმოს დანიშვნა, ან სხვა ავიასაწარმოთი ჩაანაცვლოს მანამდე დანიშნული ავიასაწარმო. ავიასაწარმოს დამნიშვნელი ხელშემკვრელი მხარე მეორე ხელშემკვრელი მხარეს წერილობით აცნობებს დანიშვნებისა და მათი ცვლილებების თაობაზე.
  2. ამგვარი დანიშვნის შესახებ შეტყობინების მიღების შემდეგ,  მეორე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლება დაუყოვნებლივ მიანიჭებენ დანიშნულ ავიასაწარმოებს შესაბამის საექსპლუატაციო ნებართვებს, იმ პირობით თუ:

 

  1. ავიასაწარმოების საკონტროლო პაკეტს ფლობს, და მათ ფაქტიურ კონტროლს ახორციელებს ავიასაწარმოების დამნიშვნელი ხელშემკვრელი მხარე, ამ ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეები, ან ორივე;
  2. ავიასაწარმოების დამნიშვნელი ხელშემკვრელი მხარე ასრულებს წინამდებარე შეთანხმების მე-9 მუხლისა და მე-10 მუხლის დებულებებს; და
  3. დანიშნული ავიასაწარმოები აკმაყოფილებს კანონებითა და რეგულაციებით დადგენილ სხვა პირობებს, რომლებიც, როგორც წესი, გამოიყენება საერთაშორისო ხაზების ექსპლუატაციისას იმ ხელშემკვრელი მხარის მიერ, რომელიც განიხილავს განაცხადს.
  1. ერთი ხელშემკვრელი მხარის საავიციო ორგანოებს შეუძლიათ მოსთხოვონ მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოს იმის დასაბუთება, რომ მას შეუძლია შეასრულოს კანონებითა და რეგულაციებით დადგენილი ის პირობები, რომლებიც, როგორც წესი, სათანადოდ  გამოიყენება საერთაშორისო ავიხაზების ექსპლუატაციისას აღნიშნული ორგანოების მიერ, კონვენციის დებულებათა შესაბამისად.
  2. დანიშვნისა და ნებართვის მიღების შემდეგ, ავიასაწარმოს  ნებისმიერ დროს შეუძლია თითოეული შეთანხმებული მომსახურების განხორციელების დაწყება იმ პირობით, თუ  ეს ავიასაწარმო ასრულებს წინამდებარე შეთანხმების დებულებებს, ისევე როგორც  საექსპლუატაციო ნებართვებთან დაკავშირებულ სახელმწიფო მოთხოვნებს, მათი არსებობის შემთხვევაში.

 

მუხლი 4

საექსპლუატაციო ნებართვის გაუქმება და შეზღუდვა

  1. თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს უფლება გააუქმოს საექსპლუატაციო ნებართვა, ან შეაჩეროს წინამდებარე შეთანხმების მე-2 მუხლით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობა, ან ამგვარი უფლებებით სარგებლობასთან დაკავშირებით დააწესოს პირობები, რომლებსაც ის აუცილებლად ჩათვლის:

 

  1. ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც არ არის დარწმუნებული, რომ ავიასაწარმოს საკონტროლო პაკეტს ფლობს, და მის ფაქტიურ კონტროლს ახორციელებს ავიასაწარმოს დამნიშვნელი ხელშემკვრელი მხარე, ან ამ ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეები; ან

 

  1. იმ შემთხვევაში, როდესაც ავიასაწარმო ვერ ასრულებს მისთვის ამ უფლებების მიმნიჭებელი ხელშემკვრელი მხარის კანონებსა და რეგულაციებს;

 

  1. ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც ავიასაწარმო სხვაგვარად ვერ ასრულებს წინამდებარე შეთანხმების დებულებებს.

 

  1. თუ მყისიერი გაუქმება, შეჩერება, ან პირობების დაწესება ამ მუხლის (1) პუნქტის შესაბამისად აუცილებელი არ არის ხელშემკვრელი მხარის კანონებისა და რეგულაციების შემდგომი დარღვევის თავიდან ასაცილებლად, თითოეული ხელშემკვრელი მხარე ამგვარი უფლებით ისარგებლებს მხოლოდ ხელშემკვრელ მხარეთა შორის კონსულტაციების ჩატარების შემდეგ, როგორც ეს გათვალისწინებულია წინამდებარე შეთანხმების მე-17 მუხლით.

 

მუხლი 5

დატვირთვა

 

  1. ორივე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოები სარგებლობენ დადგენილ მარშრუტებზე შეთანხმებული მომსახურების განხორციელების  სამართლიანი და თანასწორი შესაძლებლობით.   
  2. თითოეული ხელშემკვრელი მხარე, თავისი იურისდიქციის ფარგლებში,  გაატარებს ყველა სათანადო ზომას ყველა სახის დისკრიმინაციული ან არაკეთილსინდისიერი ანტიკონკურენციული პრაქტიკის აღმოსაფხვრელად, რომელიც ნეგატიურ ზემოქმედებას ახდენს მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოების კონკურენტულ პოზიციაზე.
  3. დანიშნული ავიასაწარმოების მიერ განსახორციელებელი შეთანხმებული მომსახურების მთლიანი დატვირთვა უნდა შეთანხმდეს ორივე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებებს შორის, შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით:

 

  1. მოთხოვნა გადაყვანა-გადაზიდვებზე ავიასაწარმოების დამნიშვნელი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე და ტერიტორიიდან;
  2. მოთხოვნა გადაყვანა-გადაზიდვებზე იმ ზონებში, რომლებშიც ხორციელდება  შეთანხმებული მომსახურება, ადგილობრივი და რეგიონული საჰაერო მომსახურებების გათვალისწინებით; და
  3. ავიასაწარმოს საქმიანობასთან დაკავშირებული მოთხოვნები.

 

მუხლი 6

საბაჟო მოსაკრებლები და სხვა გადასახადები   

  1. თითოეული ხელშემკვრელი მხარე, თავისი კანონებისა და რეგულაციების შესაბამისად, მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოებს, ნაცვალგების პრინციპის საფუძველზე, ათავისუფლებს  საიმპორტო შეზღუდვებისგან, საბაჟო გადასახდელისგან,  სააქციზო მოსაკრებლებისგან, შემოწმების საფასურისგან და სხვა სახელმწიფო მოსაკრებლებისა და გადასახდელებისაგან, რომლებითაც იბეგრება საჰაერო ხომალდები, საწვავი, საცხებ-საპოხი მასალები, სახარჯი ტექნიკური მარაგები,   სათადარიგო ნაწილები, მათ შორის ძრავები, საჰაერო ხომალდის ჩვეულებრივი მოწყობილობები, საჰაერო ხომალდის მარაგები და სხვა ისეთი ნივთები, როგორიცაა საკვები, სასმელი, ალკოჰოლური სასმელი, თამბაქო და სხვა პროდუქტები, რომლებიც განკუთვნილია გასაყიდად ან რეისის  განმავლობაში მგზავრთა მოხმარებისთვის და სხვა ნივთები, რომლებიც განკუთვნილია გამოსაყენებლად ან გამოიყენება მხოლოდ მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოების საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციის ან ტექნიკური მომსახურებისათვის, ასევე დაბეჭდილი ავიაბილეთები, საჰაერო ზედნადებები, პერსონალის უნიფორმები  და სარეკლამო მასალები, რომლებსაც არ გააჩნია კომერციული ღირებულება არც ერთი ხელშემკვრელი მხარის კანონებისა და რეგულაციების შესაბამისად.

 

  1. ამ მუხლით გათვალისწინებული გადასახადებისაგან თავისუფლდება ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ის ნივთები, რომლებიც:

 

  1. შეტანილია ერთი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს მიერ, ან მისი სახელით;

 

  1. რჩება ერთი ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს საჰაერო ხომალდის ბორტზე მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე ჩაფრენის მომენტიდან ამ ტერიტორიიდან გაფრენის მომენტამდე  და/ან გამოიყენება აღნიშნულ ტერიტორიაზე განხორციელებული რეისების განმავლობაში; ან

 

  1. ატანილია ერთი ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს საჰაერო ხომალდის ბორტზე მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე და განკუთვნილია გამოყენებისთვის შეთანხმებული მომსახურეის განხორციელების პროცესში; იმისდა მიუხედავად ხორციელდება თუ არა ამგვარი მასალების მთლიანად ან ნაწილობრივ გამოყენება ან მოხმარება იმ  ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, რომელმაც ავიასაწარმოები გაანთავისუფლა გადასახადებისგან, იმ პირობით, რომ ამ მასალებზე საკუთრების უფლების გადაცემა არ მომხდარა ზემოაღნიშნული ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე.

 

 

  1. როგორც საბორტო მოწყობილობა, ასევე მასალები, მარაგი და სურსათი, რომლებიც ჩვეულებრივ რჩება თითოეული ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს მიერ ექსპლუატირებულ საჰაერო ხომალდზე, შეიძლება გადმოიტვირთოს მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მხოლოდ ამ მეორე ხელშემკვრელი მხარის საბაჟო ორგანოების თანხმობით. ასეთ შემთხვევაში, მათზე შეიძლება გავრცელდეს აღნიშნული ორგანოების ზედამხედველობა მანამ, სანამ არ განხორციელდება მათი რე-ექსპორტი ან სხვაგვარად განკარგვა მეორე ხელშემკვრელი მხარის საბაჟო წესების შესაბამისად.

 

მუხლი 7

კანონებისა და რეგულაციების გამოყენება

 

  1. ერთი ხელშემკვრელი მხარის კანონები და რეგულაციები, რომლებიც  არეგულირებს თავის ტერიტორიაზე საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლაში მონაწილე საჰაერო ხომალდის შესვლას, ყოფნას, ან ამ ტერიტორიიდან გამგზავრებას, ან თავისი სახელმწიფო ტერიტორიის ფარგლებში ამ საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციას და ნავიგაციას, ვრცელდება მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოების მიერ ექსპლუატირებულ საჰაერო ხომალდზე, და დაცული უნდა იქნეს პირველი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე აღნიშნული საჰაერო ხომალდის შესვლისას, ყოფნისას და ამ ტერიტორიიდან გამგზავრებისას.
  2. ერთი ხელშემკვრელი მხარის კანონები და რეგულაციები, რომლებიც  არეგულირებს თავის ტერიტორიაზე/ტერიტორიიდან მგზავრების, ბარგის, ეკიპაჟის, ტვირთისა და ფოსტის  შესვლა-შეტანას,  ყოფნა-გაჩერებას, ტრანზიტს ან გამგზავრება-გატანას, როგორიცაა კანონები და რეგულაციები, რომლებიც შეეხება შესვლისა და გასვლის, საბაჟო შემოწმების, საავიაციო უშიშროების, ემიგრაციისა და იმიგრაციის, საპასპორტო, საბაჟო, სავალუტო, ჯანდაცვის, საკარანტინო და სანიტარიულ ღონისძიებებს, დაცული უნდა იქნეს  მგზავრების, ბარგის, ეკიპაჟის, ტვირთისა და ფოსტის გადაყვანა-გადაზიდვისას მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოების მიერ პირველი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე ყოფნისას.

 

  1. თავისი კანონებისა და რეგულაციების გამოყენებისას, არცერთი ხელშემკვრელი მხარე უპირატესობას არ მიანიჭებს თავის საკუთარ ან ნებისმიერ სხვა ავიასაწარმოებს მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოებთან შედარებით, რომლებიც ახორციელებენ  ანალოგიურ საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვებს.
  2. მგზავრები, ბარგი და ტვირთი, რომელთა გადაყვანა-გადაზიდვა ხორციელდება რომელიმე  ხელშემკვრელი მხარის პირდაპირი ტრანზიტით და რომლებიც არ ტოვებენ აეროპორტში ამ მიზნით გამოყოფილ ტერიტორიას, ექვემდებარება მხოლოდ გამარტივებულ შემოწმებას, გარდა იმ შემთხვევებისა როდესაც შემოწმება ტარდება საავიაციო უშიშროების, ნარკოტიკული კონტროლის, არალეგალურად შესვლის აღკვეთის მიზნით ან განსაკუთრებული გარემოებებში. პირდაპრი ტრანზიტის დროს, ამგვარი ბარგი და ტვირთი თავისუფლდება საბაჟო  გადასახდელისგან და სხვა მსგავსი გადასახადებისაგან.

 

მუხლი 8

  სერტიფიკატებისა და ლიცენზიების აღიარება

 

  1. ერთი ხელშემკვრელი მხარის მიერ გაცემული ან ნამდვილად აღიარებული და მოქმედი ფრენის ვარგისობის სერტიფიკატები, საკვალიფიკაციო მოწმობები და ლიცენზიები, შეთანხმებული მომსახურების განხორციელების მიზნით მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ ასევე ნამდვილად იქნება აღიარებული, იმ პირობით თუ ამგვარი სერტიფიკატებისა და ლიცენზიების გაცემისა და ნამდვილობის აღიარების  მოთხოვნები შეესაბამება ან აღემატება კონვენციით დადგენილ მინიმალურ სტანდარტებს.

 

  1. მიუხედავად ზემოთქმულისა, თითოეული ხელშემკვრელი მხარე ინარჩუნებს უფლებას არ აღიაროს თავის ტერიტორიაზე გადაფრენის მიზნით მეორე ხელშემკვრელი მხარის ან ნებისმიერი სხვა სახელმწიფოს მიერ თავის მოქალაქეებისთვის გაცემული ან ნამდვილად აღიარებული საკვალიფიკაციო მოწმობები და ლიცენზიები.

 

 

  1. თუ ერთი ხელშემკვრელი მხარის მიერ გაცემული ან ნამდვილად აღიარებული სერტიფიკატებით ან ლიცენზიებით გათვალისწინებული პრივილეგიები ან პირობები განსხვავდება კონვენციით დადგენილი სტანდარტებისგან, იმის მიუხედავად წარედგინა თუ არა ეს განსხვავება სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას, მეორე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებას შეუძლია, ამ მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად პირველი ხელშემკვრელი მხარისთვის მინიჭებული უფლებების შეუზღუდავად,  მოითხოვოს კონსულტაციების გამართვა მეორე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებასთან წინამდებარე შეთანხმების მე-17 მუხლის შესაბამისად, ზემოაღნიშნულ პრაქტიკაში სიცხადის შეტანის მიზნით.

 

მუხლი 9

უსაფრთხოება

  1. თითოეული ხელშემკვრელი მხარე უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს კონსულტაციიების გამართვა ფრენის უსაფრთხოების იმ სტანდარტების შესახებ, რომლებსაც იყენებს მეორე ხელშემკვრელი მხარე საავიაციო მოწყობილობებთან, საჰაერო ხომალდის ეკიპაჟთან, საჰაერო ხომალდთან და მის ექსპლუატაციასთან დაკავშირებულ ნებისმიერ სფეროში.  კონსულტაციები ჩატარდება ამგვარი მოთხოვნიდან ოცდაათი (30) დღის განმავლობაში. 

 

2. თუ აღნიშნული კონსულტაციების შემდეგ, ერთი ხელშემკვრელი მხარე დაასკვნის, რომ მეორე ხელშემკვრელი მხარე ეფექტიანად ვერ უზრუნველყოფს ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ სფეროებში უსაფრთხოების სტანდარტების შესრულებასა და განხორციელებას, კონვენციით იმ დროისთვის დადგენილი სტანდარტების (ICAO-ს სტანდარტები) შესაბამისად, პირველი ხელშემკვრელი მხარე მეორე ხელშემკვრელ მხარეს აცნობებს ამგვარი დასკვნებისა და იმ ზომების შესახებ, რომელთა გატარებაც აუცილებელია სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) სტანდარტების შესრულების მიზნით. ამის შემდგომ, მეორე ხელშემკვრელი მხარე შეთანხმებულ ვადებში მიიღებს შესაბამის გამასწორებელ ზომებს.

 

3. კონვენციის 33-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების მიუხედავად, შეთანხმებულია, რომ ერთი ხელშემკვრელი მხარის ავიასაწარმოს მიერ, ან მისი სახელით ექსპლუატირებული ნებისმიერი საჰაერო ხომალდი, რომელიც ახორციელებს გადაყვანა-გადაზიდვებს მეორე მხარის ტერიტორიაზე ან ტერიტორიიდან, მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე ყოფნისას,  შეიძლება დაექვემდებაროს მეორე ხელშემკვრელი მხარის უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ შემოწმებას ბორტზე ან საჰაერო ხომალდის ირგვლივ,  საჰაერო ხომალდისა და მისი ეკიპაჟის დოკუმენტაციის ნამდვილობისა და საჰაერო ხომალდისა და მისი მოწყობილობების რეალური მდგომარეობის დადგენის მიზნით  (ამ მუხლში „საჰაერო ხომალდის ბაქანზე შემოწმება“), იმ პირობით, თუ ეს არ გამოიწვევს საჰაერო ხომალდის უმართებულოდ დაყოვნებას.

 

4. თუ საჰაერო ხომალდის ბაქანზე შემოწმება ან ბაქანზე შემოწმებები იწვევს:

 

  1. სერიოზულ ეჭვს, რომ საჰაერო ხომალდი ან საჰაერო ხომალდის ექსპლუატაცია არ შეესაბამება კონვენციით იმ დროისთვის დადგენილ მინიმალურ სტანდარტებს; ან

 

  1. სერიოზულ ეჭვს, რომ კონვენიით იმ დროისთვის დადგენილი უსაფრთხოების სტანდარტების ეფექტიანად შესრულებასა და განხორციელებაში არსებობს ხარვეზები, იმ ხელშემკვრელ მხარეს, რომელიც ახორციელებს შემოწმებას,  შეუძლია დაასკვნას, რომ, კონვენციის 33-ე მუხლის მიზნებისთვის,  მოთხოვნები, რომელთა საფუძველზეც გაიცა ან ნამდვილად გამოცხადდა საჰაერო ხომალდებისა და საფრენი ეკიპაჟის მოწმობები ან ლიცენზიები, ან მოთხოვნები, რომელთა საფუძველზეც ხორციელდება საჰაერო ხომალდის ექსპლუატაცია, არ შეესაბამება, ან არ აღემატება კონვენციით დადგენილ მინიმალურ სტანდარტებს.

 

5. თუ, წინამდებარე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ერთი ხელშემკვრელი მხარის ავიასაწარმოს მიერ ექსპლუატირებული საჰაერო ხომალდის ბაქანზე შემოწმების მიზნით წვდომის უზრუნველყოფაზე უარს განაცხადებს ეს ავიასაწარმო, მეორე ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია ივარაუდოს, რომ არსებობს ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული სერიოზული ეჭვის საფუძველი და გამოიტანოს ამ პუნქტში მითითებული შესაბამისი  დასკვნები.

6. თითოეული ხელშემკვრელი მხარე იტოვებს უფლებას დაუყოვნებლივ შეაჩეროს  მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს ან ავიასაწარმოების საექსპლუატაციო ნებართვა იმ შემთხვევაში, თუ პირველი ხელშემკვრელი მხარე ბაქანზე შემოწმების, ან შემოწმებების, ასევე ბაქანზე შემოწმების მიზნით წვდომაზე  უარის თქმის,  კონსულტაციების შედეგად, ან რაიმე სხვა საფუძვლით დაასკვნის, რომ ავიასაწარმოს ექსპლუატაციის უსაფრთხოებისათვის აუცილებელია გადაუდებელი მოქმედება.

 

  1. ერთი ხელშემკვრელი მხარის მიერ ამ მუხლის მე-2 ან მე-6 პუნქტების შესაბამისად განხორციელებული ნებისმიერი ქმედება შეწყდება, როგორც კი აღარ იარსებებს ამგვარი ქმედების საფუძველი.

 

მუხლი 10

უშიშროება

1. საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული უფლებებისა და ვალდებულებების შესაბამისად, ხელშემკვრელი მხარეები კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ  ერთმანეთის მიმართ ნაკისრი ვალდებულება დაიცვან სამოქალაქო ავიაციის უშიშროება კანონსაწინააღმდეგო ქმედებათაგან,  წარმოადგენს ამ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს.

2. საერთაშორისო სამართლის საფუძველზე მინიჭებული უფლებებისა და ნაკისრი ვალდებულებების ზოგადი ხასიათის შეუზღუდავად, ხელშემკვრელი მხარეები იმოქმედებენ, სახელდობრ: „საჰაერო ხომალდის ბორტზე ჩადენილი დანაშაულის და ზოგიერთ სხვა ქმედებათა შესახებ“ 1963 წლის 14 სექტემბერს ტოკიოში ხელმოწერილი კონვენციის; „საჰაერო ხომალდის უკანონოდ ხელში ჩაგდების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ 1970 წლის 16 დეკემბერს ქ. ჰააგაში ხელმოწერილი კონვენციის, „სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული უკანონო ქმედებების აღკვეთის შესახებ,“ 1971 წლის 23 სექტემბერს ქ. მონრეალში ხელმოწერილი კონვენციის, „სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული უკანონო ქმედებების აღკვეთის შესახებ,“ 1971 წლის 23 სექტემბერს ქ. მონრეალში ხელმოწერილი კონვენციის „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის მომსახურე აეროპორტებში ძალადობის უკანონო ქმედებების აღკვეთის შესახებ“ 1988 წლის 24 თებერვალს ქ. მონრეალში ხელმოწერილი დამატებითი ოქმის, და „პლასტიკური ფეთქებადი ნივთიერებების ნიშანდების შესახებ, მათი გამოვლენის მიზნით“ 1991 წლის 1 მარტს მონრეალში ხელმოწერილი კონვენციის და საავიაციო უშიშროების სფეროში მოქმედი ნებისმიერი შეთანხმების შესაბამისად, რომელიც სავალდებულოა ორივე მხარისთვის.    

3. მოთხოვნის საფუძველზე, ხელშემკვრელი მხარეები ყოველგვარ აუცილებელ დახმარებას აღმოუჩენენ ერთმანეთს, რათა თავიდან იქნეს აცილებული სამოქალაქო საჰაერო ხომალდის უკანონოდ ხელში ჩაგდება და საჰაერო ხომალდის, მისი მგზავრების, ეკიპაჟის, აეროპორტებისა და სააერნაოსნო საშუალებების უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული სხვა  უკანონო ქმედებები და სამოქალაქო ავიაციის უშიშროების წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი სხვა საფრთხე.

4. ორმხრივი ურთიერთობისას, ხელშემკვრელი მხარეები იმოქმედებენ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორანიზაციის მიერ შემუშავებული საავიაციო უშიშროების დებულებების შესაბამისად, რომლებიც განისაზღვრება როგორც კონვენციის დანართები იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც ეს დებულებები ვრცელდება ხელშემკვრელ მხარეებზე.  

5. გარდა ამისა, ხელშემკვრელმა მხარეებმა  უნდა  მოითხოვონ, რომ საჰაერო ხომალდის იმ ექსპლუატანტებმა, რომელთა რეგისტრაციის ადგილი მათ ტერიტორიაზეა, ან საჰაერო ხომალდის იმ ექსპლუატანტებმა, რომელთა ძირითადი საქმიანობის ადგილი ან მუდმივი ადგილსამყოფელი მათ ტერიტორიაზეა და თავიანთ  ტერიტორიაზე განლაგებული აეროპორტების ექსპლუატანტებმა იმოქმედონ საავიაციო უშიშროების იმ დებულებათა შესაბამისად, რომლებიც ვრცელდება ხელშემკვრელ მხარეებზე.

6. თითოეული ხელშემკვრელი მხარე თანახმაა, რომ თავისმა საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტებმა დაიცვან  ამ მუხლის მე-4 პუნქტში მოცემული საავიაციო უშიშროების დებულებები, რომლებსაც მეორე ხელშემკვრელი მხარე იყენებს  ამ მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე შესვლის, ტერიტორიიდან გასვლის, ან ტერიტორიაზე ყოფნისთვის.

7. თითოეული ხელშემკვრელი მხარე თავის  ტერიტორიაზე უზრუნველყოფს   ზომების ეფექტიანად გატარებას, საჰაერო ხომალდის დაცვის, მგზავრების, ეკიპაჟისა და ხელბარგის სკრინინგის, და ბარგის, ტვირთის, საბორტო კვებისა და ბორტზე არსებული მარაგების სათანადოდ შემოწმების მიზნით ჩასხდომა-ჩატვირთვამდე ან ჩასხდომა-ჩატვირთვის დროს. თითოეული ხელშემკვრელი მხარე ასევე თანახმაა დადებითად გადაწყვიტოს მეორე ხელშემკვრელი მხარის ნებისმიერი მოთხოვნა, რომელიც შეეხება კონკრეტულ საფრთხესთან დაკავშირებით გონივრულობის ფარგლებში  უსაფრთხოების სპეციალური  ზომების მიღებას.  

 

8. თუ ადგილი აქვს სამოქალაქო საჰაერო ხომალდის უკანონოდ ხელში ჩაგდების ინციდენტს, ან ამგვარი ინციდენტის საფრთხეს, ან სხვა უკანონო ქმედებებს, რომლებიც მიმართულია ამ საჰაერო ხომალდის, მისი მგზავრებისა და ეკიპაჟის, აეროპორტების ან სანავიგაციო საშუალებათა უსაფრთხოების წინააღმდეგ,  ხელშემკვრელი მხარეები დაეხმარებიან ერთმანეთს კომუნიკაციის გაადვილებისა და სხვა სათანადო ღონისძიებათა განხორციელების გზით, რომელთა მიზანია ამგვარი  ინცინდენტის ან მისი საფრთხის აღკვეთა შეძლებისდაგვარად სწრაფად და სიცოცხლისთვის მინიმალური რისკით.

 

9. თითოეულმა ხელშემკვრელმა მხარემ უნდა მიიღოს მის მიერ პრაქტიკულად მიჩნეული  ზომები, რათა უზრუნველყოს, რომ მის ტერიტორიაზე ხმელეთზე მყოფი მეორე ხელშემკვრელი მხარის ის საჰაერო ხომალდი,  რომლის მიმართაც განხორციელდა უკანონო ხელში ჩაგდების ან უკანონო ხელყოფის სხვა აქტი, დარჩეს მის ტერიტორიაზე,  თუ მისი გაფრენის აუცილებლობა განპირობებული არ არის  მგზავრებისა და ეკიპაჟის წევრთა სიცოცხლის დაცვის უპირატესი ინტერესით.

 

10. როდესაც ერთ ხელშემკვრელ მხარეს სათანადო საფუძველი აქვს ვარაუდისთვის, რომ მეორე ხელშემკვრელმა მხარემ გადაუხვია ამ მუხლის დებულებებს, პირველი ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ორგანოებს შეუძლიათ მოითხოვნონ მეორე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ორგანოებთან დაუყოვნებელი კონსულტაციების  ჩატარება. ამგვარი მოთხოვნიდან თხუთმეტი (15) დღის განმავლობაში დამაკმაყოფილებელი შეთანხმების მიუღწევლობა წარმოადგენს მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ამოქმედების საფუძველს. გადაუდებელ შემთხვევებში, ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დროებითი ზომები მიიღოს თხუთმეტ (15) დღიანი ვადის ამოწურვამდეც. წინამდებარე პუნქტის თანახმად განხორციელებული ნებისმიერი ზომა მოქმედებას შეწყვეტს როგორც კი  მეორე ხელშემკვრელი მხარე შეასრულებს ამ მუხლით გათვალისწინებულ უშიშროების დებულებებს.

 

მუხლი 11

მომხმარებლის გადასახადი

  1. თითოეულმა ხელშემკვრელმა მხარემ ყველა ღონე უნდა იხმაროს იმის უზრუნველსაყოფად, რომ თავისი გადასახადის ამკრეფი კომპეტენტური ორგანოების მიერ მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოებისთვის აეროპორტებით და სხვა საავიაციო საშუალებებით სარგებლობისათვის დაწესებული ან დასაწესებლად ნებადართული მომხმარებლის გადასახადი იყოს სამართლიანი და გონივრული. ეს გადასახადი უნდა ეფუძნებოდეს ეკონომიკურად დასაბუთებულ პრინციპებს და არ უნდა იყოს ამგვარი მომსახურებისათვის სხვა ავიასაწარმოებისთის დაწესებულ გადასახადზე უფრო მაღალი.

 

  1. მომხმარებლის გადასახადთან მიმართებაში, არცერთმა ხელშემკვრელმა მხარემ არ უნდა მიანიჭოს უპირატესობა ანალოგიური საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის განმახორციელებელ საკუთარ ან  ნებისმიერ სხვა ავიასაწარმოებს და არ უნდა დააწესოს, ან არ უნდა დაუშვას  მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოსთვის იმაზე უფრო მაღალი მომხმარებლის გადასახადის დაწესება,  ვიდრე დაწესებულია თავისი საკუთარი ავიასაწარმოებისთვის, რომლებიც ახორციელებენ ანალოგიურ საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვას, ანალოგიური საჰაერო ხომალდისა და მასთან დაკავშირებული საშუალებებისა და მომსახურების გამოყენებით.

 

  1. თითოეულმა ხელშემკვრელმა მხარემ ხელი უნდა შეუწყოს  კონსულტაციების გამართვას თავის გადასახადის ამკრეფ კომპეტენტურ ორგანოებსა  და იმ დანიშნულ ავიასაწარმოებს შორის, რომლებიც სარგებლობენ ამ გადასახადის ამკრეფი ორგანოების მიერ უზრუნველყოფილი მომსახურებებითა და საშუალებებით. მომხმარებლის გადასახადის  ცვლილების შესახებ ნებისმიერი წინადადების შესახებ მომხმარებლებს, შესაბამის ინფორმაციასა და მონაცემებთან ერთად,  უნდა გაეგზავნოს შეტყობინება შეძლებისდაგვარად ადრე, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები ცვლილების ამოქმედებამდე.  თითოეული ხელშემკვრელი მხარე ასევე წაახალისებს მომხმარებლის გადასახადებთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცვლას თავის გადასახადის ამკრეფ კომპეტენტურ ორგანოებსა და ზემოაღნიშნული მომხმარებლებს შორის.

 

მუხლი 12

კომერციული შესაძლებლობები

  1. ერთი ხელშემკვრელი მხარის თითოეულ დანიშნულ  ავიასაწარმოს  უფლება აქვს მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე გახსნას  ოფისები საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ხელშეწყობისა და სამგზავრო დოკუმენტების, ასევე საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის განხორციელებისათვის საჭირო სხვა დამატებითი პროდუქტებისა და საშუალებების გაყიდვის მიზნით.
  2. ერთი ხელშემკვრელი მხარის თითოეულ დანიშნულ ავიასაწარმოს უფლება აქვს მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე შეიყვანოს და შესაბამისი პირობებით უზრუნველყოს საკუთარი ხელმძღვანელი,  კომერციული, ოპერატიული, გაყიდვების, ტექნიკური და სხვა პერსონალი და წარმომადგენლები, რომლებიც მას შესაძლოა დასჭირდეს საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით.
  3. დანიშნულ ავიასაწარმოს, საკუთარი არჩევნისამებრ,  შეუძლია წინამდებარე მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული პერსონალისა და წარმომადგენლების სახით მიავლინოს  ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეობის მქონე თავისივე პერსონალი, ან გამოიყენოს მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მოქმედი ნებისმიერი იმ ავიასაწარმოს, ორგანიზაციის ან კომპანიის   მომსახურება, რომელიც უფლებამოსილია გასწიოს ასეთი მომსახურება მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე.
  4. თითოეული ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოებს უფლება აქვთ  თავად ან, საკუთარი არჩევნისამებრ,  აგენტების მეშვეობით გაყიდონ საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მომსახურება და მასთან დაკავშირებული პროდუქტები და საშუალებები მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე. ამ მიზნით, დანიშნულ ავიასაწარმოებს უფლება აქვთ გამოიყენონ თავიანთი სამგზავრო დოკუმენტაცია. თითოეული ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავისაწარმოებს უფლება აქვთ გაყიდონ, ხოლო ნებისმიერ პირს ექნება უფლება შეისყიდოს ამგვარი გადაყვანა-გადაზიდვები და მასთან დაკავშირებული პროდუქტები და საშუალებები ადგილობრივ ან ნებისმიერ სხვა თავისუფლად კონვერტირებად ვალუტაში.
  5. ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავისაწარმოებს უფლება აქვთ მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე გაწეული ადგილობრივი ხარჯები დაფარონ ადგილობრივი ვალუტით,  ან, თუ ეს შესაბამისობაშია მის კანონებსა და რეგულაციებთან – ნებისმიერი სხვა თავისუფლად კონვერტირებად ვალუტით.
  6. თითოეული ხელშემკვრელი მხარე გამოიყენებს ICAO-ს მიერ შემუშავებულ ქცევის კოდექსს თავისი ტერიტორიის ფარგლებში დაჯავშნის კომპიუტერული სისტემის რეგულირებისა და გამოყენების მიზნით, რაც შესაბამისობაში იქნება დაჯავშნის კომპიუტერული სისტემის გამოყენებასთან დაკავშირებულ სხვა წესებსა და ვალდებულებებთან.
  7. ერთი ხელშემკვრელი მხარის თითოეულ დანიშნულ  ავიასაწარმოს უფლება აქვს, ნაცვალგების პრინციპის საფუძველზე, თავად შეასრულოს სახმელეთო მომსახურება მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე და, საკუთარი არჩევნისამებრ, უზრუნველყოს სახმელეთო მომსახურების მთლიანად ან ნაწილობრივ გაწევა ნებისმიერი აგენტის მიერ, რომელსაც გააჩნია მეორე ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანოების მიერ გაცემული შესაბამისი ნებართვა.
  8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული უფლებების განხორციელება ექვემდებარება მხოლოდ ფიზიკურ ან ოპერაციულ შეზღუდვებს, რაც გამომდინარეობს აეროპორტის უშიშროების ან უსაფრთხოების ინტერესებიდან. ნებისმიერი შეზღუდვა გამოიყენება ერთგვაროვანი წესით, და იმაზე არანაკლებ ხელსაყრელი პირობებით, რომლებიც შეზღუდვების შემოღების დროს ვრცელდება ანალოგიური საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის განმახორციელებელ  ნებისმიერ ავიასაწარმოზე.
  9. ყველა ზემოხსენებული საქმიანობა განხორციელდება მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მოქმედი კანონებისა და რეგულაციების  შესაბამისად.

 

 

 

მუხლი 13

შემოსავლების გადარიცხვა

  1. თითოეული ხელშემკვრელი მხარე მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოებს მიანიჭებს უფლებას თავისუფლად გადარიცხონ, პირველი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მგზავრების, ფოსტისა და ტვირთის გადაყვანა-გადაზიდვის შედეგად მიღებულ შემოსავლებსა და გაწეულ ხარჯებს შორის განსხვავება ნებისმიერ თავისუფლად კონვერტირებად ვალუტაში, მოქმედი კანონმდებლობის, მათ შორის,  თითოეული ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მოქმედი სავალუტო რეგულაციების შესაბამისად, და ზოგადად, თითოეული ხელშემკვრელი მხარის კანონებისა და რეგულაციების გათვალისწინებით.
  2. იმ შემთხვევაში, თუ მხარეებს შორის მოქმედებს შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის  თავიდან აცილების შესახებ სპეციალური შეთანხმება, უპირატესი ძალა მიენიჭება იმ შეთანხმების დებულებებს.

 

მუხლი 14

განრიგების დამტკიცება

თითოეული ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოები თავიანთი ფრენის  განრიგებს დასამტკიცებლად წარუდგენენ მეორე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებას დადგენილ მარშრუტებზე შეთანხმებული მომსახურების განხორციელების დაწყებამდე არ ნაკლებ სამოცი (60) დღით ადრე. ამ განრიგებში შესატანი ნებისმიერი ცვლილება ასევე დასამტკიცებლად  წარედგინება მეორე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებას არანაკლებ  ოცდაათი (30) დღით ადრე. ეს ვადა შეიძლება შემცირდეს აღნიშნული ორგანოების თანხმობით.

 

მუხლი 15

ტარიფები

  1. თითოეული ხელშემკვრელი მხარე უფლებას აძლევს თითოეულ დანიშნულ ავიასაწარმოს თვითონ დააწესოს საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ტარიფები ბაზარზე არსებული კომერციული მოსაზრებებიდან გამომდინარე.
  2. ხელშემკვრელ მხარეთა ჩარევა შემოიფარგლება:

 

  1. გაუმართლებლად დისკრიმინაციული ტარიფებისა და პრაქტიკის თავიდან აცილებით;
  2. მომხმარებელთა დაცვით გაუმართლებლად მაღალი ან შემზღუდველი ეფექტის მქონე ტარიფებისგან, რომელიც გამოწვეულია დომინანტური პოზიციის ბოროტად გამოყენებით; და
  3. ავიასაწარმოების დაცვით ხელოვნურად დაბალი ტარიფებისგან, რომელიც პირდაპირი ან არაპირდაპირი სახელმწიფო სუბსიდიების ან მხარდაჭერის შედეგია.

 

3. თითოეულმა ხელშემკვრელმა მხარემ, არადისკრიმინაციულ საფუძველზე, შეიძლება მოითხოვოს, რომ მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნულმა ავიასაწარმოებმა მის საავიაციო ხელისუფლებას აცნობონ ან წარუდგინონ მის ტერიტორიაზე – ტერიტორიიდან შესვლა-გასვლაზე დასაწესებელი ტარიფები.  ორივე ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოებს შესაძლებელია დაეკისროთ ტარიფების შეტყობინება ან წარდგენა ტარიფების ამოქმედების სავარაუდო თარიღამდე არანაკლებ ოცდაათი (30) დღით ადრე. ცალკეულ შემთხვევებში, შეტყობინება ან წარდგენა შეიძლება ნებადართულ იქნეს დადგენილზე უფრო მოკლე ვადაში.

 

4. თუ წინამდებარე მუხლით სხვაგვარად არ არის გათვალისწინებული, არცერთ ხელშემკვრელ მხარეს არ შეუძლია ცალმხრივად მიიღოს ისეთი ზომა, რომელიც ხელს შეუშლის ხელშემკვრელ მხარეთა ტერიტორიებს შორის საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვაზე, რომელიმე ხელშემკვრელი მხარის ავიასაწარმოს მიერ შეთავაზებული ან დაწესებული  ტარიფის ამოქმედებას ან მოქმედების გაგრძელებას, ან ერთი ხელშემკვრელი მხარის ავიასაწარმოს მიერ მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიასა და ნებისმიერი სხვა ქვეყნის ტერიტორიას შორის საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვაზე შეთავაზებული ან დაწესებული ტარიფის ამოქმედებას ან მოქმედების გაგრძელებას, ასევე, ორივე შემთხვევაში, ტარიფის ამოქმედებას ან მოქმედების გაგრძელებას საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვაზე, რომელშიც მონაწილეობს რამდენიმე ან ერთი ავიასაწარმო.  

 

5. თუ ხელშემკვრელი მხარე მიიჩნევს, რომ ნებისმიერი ამგვარი ტარიფი შეუსაბამობაში მოდის ამ მუხლის მე-2 პუნქტის დებულებებთან, მას შეუძლია მოითხოვოს კონსულტაციების გამართვა და უმოკლეს ვადაში აცნობოს მეორე ხელშემკვრელ მხარეს თავისი უკმაყოფილების მიზეზი. კონსულტაციები უნდა გაიმართოს ასეთი მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს ოცდაათ (30) დღეში და ხელშემკვრელმა მხარეებმა უნდა ითანამშრომლონ აღნიშნული საკითხის კეთილგონივრულად გადაჭრისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდების კუთხით. იმ შემთხვევაში, თუ ხელშემკვრელმა მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას იმ ტარიფზე, რომელთან დაკავშირებითაც გამოითქვა უკმაყოფილება, თითოეული ხელშემკვრელი მხარე ყველა ღონეს იხმარს ამ შეთანხმების ასამოქმედებლად. ასეთი ორმხრივი შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში, ძალაში დარჩება მანამდე არსებული ტარიფი.

 

მუხლი 16

სტატისტიკა  

თითოეული ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლება მეორე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებას, მოთხოვნის საფუძველზე,  მიაწვდის პერიოდულ ან სხვა სახის სტატისტიკურ მონაცემებს, რომლებიც შეიძლება მოთხოვნილ იქნეს გონივრულობის ფარგლებში, საინფორმაციო მიზნებისთვის, პირველი ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოების მიერ ექსპლუატირებული ხაზების დატვირთვის განხილვის მიზნით.

 

მუხლი 17

კონსულტაციები

  1. მჭიდრო თანამშრომლობის სულისკვეთებით, ხელშემკვრელი მხარეები პერიოდულად ერთმანეთს გაუწევენ კონსულტაციებს წინამდებარე შეთანხმების დებულებების განხორციელებისა და მათთან შესაბამისობის სათანადოდ უზრუნველყოფის მიზნით,  ამასთან, თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს კონსულტაციების გამართვა ამ შეთანხმების განმარტებასთან, გამოყენებასთან ან მასში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით.
  2. აღნიშნული კონსულტაციები, რომლებიც შეიძლება გაიმართოს დისკუსიის ან მიმოწერის ფორმით, უნდა დაიწყოს შესაბამისი მოთხოვნის მიღებიდან სამოცი (60) დღის განმავლობაში, თუ ხელშემკვრელი მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან.

 

მუხლი 18

დავების გადაწყვეტა

  1.  წინამდებარე შეთანხმების განმარტებასა და გამოყენებასთან დაკავშირებით ნებისმიერი დავის წარმოშობის შემთხვევაში,  ხელშემკვრელ მხარეები შეეცდებიან დავა გადაწყვიტონ პირველ რიგში მოლაპარაკებათა  გზით.
  2. თუ ხელშემკვრელი მხარეები ვერ გადაჭრიან დავას კონსულტაციების გზით, დავა, რომელიმე ხელშემკვრელი მხარის მოთხოვნის საფუძველზე, განსახილველად გადაეცემა არბიტრაჟს ქვემოთ მოცემული პროცედურების დაცვით:

 

საარბიტრაჟო განხილვას წარმართავს სამი არბიტრისგან შემდგარი ტრიბუნალი, რომელთაგან თითოეული ხელშემკვრელი მხარე დანიშნავს ერთ არბიტრს, ხოლო მესამე არბიტრი დაინიშნება ორი შერჩეული არბიტრის ურთიერთშეთანხმებით, იმ პირობით, რომ მესამე არბიტრი არ უნდა იყოს არც ერთი ხელშემკვრელი მხარის მოქალაქე. თითოეული ხელშემკვრელი მხარე არბიტრს დანიშნავს მეორე ხელშემკვრელი მხარისგან დავის საარბიტრაჟო წესით გადაწყვეტასთან დაკავშირებით დიპლომატიური ნოტის მიღებიდან სამოცი (60) დღის განმავლობაში, ხოლო მესამე არბიტრის კანდიდატურა შეთანხმდება მომდევნო სამოცი (60) დღის განმავლობაში. თუ რომელიმე ხელშემკვრელი მხარე ვერ შესძლებს არბიტრის დანიშვნას სამოცი (60) დღის განმავლობაში, ან თუ მესამე არბიტრის კანდიდატურა ვერ შეთანხმდება ზემოაღნიშნულ ვადაში, თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია არბიტრის ან არბიტრების დანიშვნის მოთხოვნით მიმართოს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საბჭოს პრეზიდენტს. თუ პრეზიდენტი რომელიმე ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეა, დანიშვნას განახორციელებს რანგით ზემდგომი ვიცე-პრეზიდენტი, რომელიც იმავე მიზეზით არ არის დისკვალიფიცერებული.

 

  1. თუ სხვაგვარად არ არის შეთანხმებული, საარბიტრაჟო ტრიბუნალი წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად თავად განსაზღვრავს თავისი იურისდიქციის ფარგლებს და შეიმუშავებს თავის საპროცედურო წესებს. ტრიბუნალის გადაწყვეტილებით ან რომელიმე მხარის მოთხოვნით, გაიმართება კონფერენცია, რომელიც განსაზღვრავს საარბიტრაჟო წესით განსახილველ კონკრეტულ საკითხებს და შეიმუშავებს მათი განხილვის კონკრეტულ პროცედურებს შესაგებლების მიღებისთვის დადგენილი ვადიდან არაუგვიანეს თხუთმეტი (15) დღისა.

 

  1. თუ ხელშემკვრელი მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან, ან საარბიტრაჟო ტრიბუნალი სხვაგვარად არ განსაზღვრავს,  თითოეული ხელშემკვრელი მხარე წარადგენს მემორანდუმს საარბიტრაჟო სასამართლოს სრულად დაკომპლექტებიდან ორმოცდახუთი (45) დღის განმავლობაში. შესაგებლები წარდგენილი უნდა იქნეს სამოცი (60) დღის შემდეგ. ტრიბუნალი საქმის მოსმენას გამართავს ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის მოთხოვნით, ან საკუთარი შეხედულებისამებრ,  შესაგებლების წარდგენის ვადის დადგომიდან თხუთმეტი (15) დღის განმავლობაში.
  2. ტრიბუნალი წერილობით გადაწყვეტილებას მიიღებს საქმის მოსმენის დასრულებიდან –  ან თუ საქმის მოსმენა არ შედგა – ორივე შესაგებლის წარდგენის დღიდან ოცდაათი (30) დღის განმვლობაში. ტრიბუნალის გადაწყვეტილება მიღებულ იქნება ხმათა უმრავლესობით.
  3. ხელშემკვრელ მხარეებს შეუძლიათ გადაწყვეტილების განმარტების შესახებ მოთხოვნები წარადგინონ გადაწყვეტილების მიღებიდან თხუთმეტი (15) დღის განმავლობაში და განმარტება გაცემულ იქნება ამგვარი მოთხოვნის წარდგენიდან თხუთმეტი (15) დღის განმავლობაში.
  4. თითოეული ხელშემკვრელი მხარე უზრუნველყოფს ტრიბუნალის მიერ გამოტანილი ნებისმიერი განჩინების ან  გადაწყვეტილების სრულად შესრულებას.
  5. თითოეული ხელშემკვრელი მხარე თავად დაფარავს მის მიერ დანიშნული  არბიტრის ხარჯებს. ტრიბუნალის სხვა ხარჯები თანაბრად გაიყოფა ხელშემკვრელ მხარეებს შორის, ნებისმიერი იმ ხარჯის ჩათვლით, რომელსაც გასწევს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საბჭოს პრეზიდენტი, ან ვიცე-პრეზიდენტი ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი პროცედურების განხორციელებისას.
  6. ერთი ხელშემკვრელი მხარის მიერ რომელიმე გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მეორე ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია შეუზღუდოს, შეუჩეროს ან გაუუქმოს მას ამ შეთანხმების საფუძველზე მისთვის მინიჭებული ნებისმიერი უფლება ან პრივილეგია.

 

 

მუხლი 19

ცვლილებები

1. ხელშემკვრელი მხარეების ურთიერთშეთანხმებით წინამდებარე შეთანხმებაში შეიძლება შევიდეს ცვლილებები, რომლებიც გაფორმდება ცალკე დოკუმენტის სახით და ძალაში შევა ამ შეთანხმების 22-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად.  აღნიშნული დოკუმენტები წარმოადგენს წინამდებარე შეთანხმების განუყოფელ ნაწილს.

2. თუ ორივე ხელშემკვრელ მხარესთან მიმართებაში ძალაში შევა საჰაერო მიმოსვლის შესახებ ზოგადი ხასიათის მრავალმხრივი კონვეცნია ან შეთანხმება, წინამდებარე შეთახმებაში  შეტანილ იქნება ცვლილებები ამგვარი კონვენციის ან შეთანხმების დებულებებთან მისი შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით.

 

მუხლი 20

რეგისტრაცია

 

წინამდებარე შეთანხმება და მასში შეტანილი ნებისმიერი ცვლილება ძალაში შესვლისთანავე უნდა დარეგისტრირდეს  სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციაში იმ ხელშემკვრელი მხარის მიერ, რომლის ტერიტორიაზეც ხელი მოეწერება შეთანხმებას.

 

 

მუხლი 21

მოქმედების შეწყვეტა

1. თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს ნებისმიერ დროს შეუძლია დიპლომატიური არხების მეშვეობით წერილობით შეატყობინოს მეორე ხელშემკვრელ მხარეს თავისი გადაწყვეტილების შესახებ მოქმედება შუწყვიტოს ამ შეთანხმებას. ამგვარი შეტყობინება ამავდროულად უნდა გაეგზავნოს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო  ორგანიზაციას. ამ შემთხვევაში, შეთანხმება მოქმედებას შეწყვეტს მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ ამ შეტყობინების მიღებიდან თორმეტი (12) თვის შემდეგ, თუ ამ ვადის გასვლამდე აღნიშნული შეტყობინება უკან არ იქნება გამოთხოვილი.

2. იმ შემთხვევაში, თუ მეორე ხელშემკვრელი მხარე არ დაადასტურებს მოქმედების შეწყვეტის შესახებ ზემოხსენებული შეტყობინების მიღებას, შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მისი მიღებიდან თოთხმეტი (14) დღის შემდეგ.

მუხლი 22

ძალაში შესვლა

წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის დიპლომატიური არხების მეშვეობით ბოლო წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან ოცდაათი (30) დღის შემდეგ, რითაც ხელშემკვრელი მხარეები ერთმანეთს ატყობინებენ ამ შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი პროცედურების დასრულების შესახებ.

რის დასტურადაც, ქვემორე ხელისმომწერი, შესაბამის მთავრობათა მიერ სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილი წარმომადგენლები ხელს აწერენ წინამდებარე შეთანხმებას.

 

შესრულებულია ორ დედნად,  ქ. სეული, 2019 წლის თებერვლის მე-4 დღეს,  ქართულ, კორეულ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია. ტექსტების განსხვავებული განმარტებისას, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე. 

 

    საქართველოს

მთავრობის სახელით

(ხელმოწერილია)

 

კორეის რესპუბლიკის

მთავრობის სახელით

(ხელმოწერილია)

 

 

დანართი

მარშრუტების განრიგი

სექცია 1

მარშრუტები, რომლებიც ექვემდებარება ექსპლუატაციას საქართველოს დანიშნული ავიასაწარმოების მიერ.

 

საწყისი პუნქტი

შუალედური პუნქტი

დანიშნულების პუნქტი

პუნქტები საზღვრებს გარეთ

ნებისმირი პუნქტი საქართველოში

ნებისმიერი პუნქტი

ნებისმირი პუნქტი კორეის რესპუბლიკაში

ნებისმიერი პუნქტი

 

 

სექცია 2:

მარშრუტები, რომლებიც ექვემდებარება ექსპლუატაციას კორეის რესპუბლიკის დანიშნული ავიასაწარმოების მიერ.

 

საწყისი პუნქტი

შუალედური პუნქტი

დანიშნულების პუნქტი

პუნქტები საზღვრებს გარეთ

ნებისმირი პუნქტი კორეის რესპუბლიკაში

ნებისმიერი პუნქტი

ნებისმიერი პუნქტი საქართველოში

ნებისმიერი პუნქტი

 

შენიშვნა:

 

1. ორივე ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოებს შეუძლიათ ყველა  ან რომელიმე რეისზე გამოტოვონ ზემოაღნიშნულ ნებისმიერ პუნქტში გაჩერება, თუ მარშრუტზე შეთანხმებული მომსახურების განხორციელება იწყება ავიასაწარმოს დამნიშვნელი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიის საწყის პუნქტებში.

2. ზემოაღნიშნულ მარშრუტებზე ორივე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოების მიერ  მეხუთე ჰაერის თავისუფლების გამოყენების უფლებები უნდა შეთანხმდეს ორივე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებებს შორის.