შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ომანის სასულთნოს მთავრობას შორის დიპლომატიური, სპეციალური ან სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთა სავიზო მოთხოვნებისაგან გათავისუფლების შესახებ

შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ომანის სასულთნოს მთავრობას შორის დიპლომატიური, სპეციალური ან სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთა სავიზო მოთხოვნებისაგან გათავისუფლების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 170/2
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 18/02/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/06/2021
ძალაში შესვლის თარიღი 25/04/2021
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016633
170/2
18/02/2021
ვებგვერდი, 02/06/2021
480610000.03.030.016633
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ომანის სასულთნოს მთავრობას შორის დიპლომატიური, სპეციალური ან სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთა სავიზო მოთხოვნებისაგან გათავისუფლების შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 

 

შეთანხმება

საქართველოს მთავრობასა და ომანის სასულთნოს მთავრობას შორის დიპლომატიური, სპეციალური ან სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთა სავიზო მოთხოვნებისაგან გათავისუფლების შესახებ


საქართველოს მთავრობა და ომანის სასულთნოს მთავრობა, შემდგომში „მხარეებად“ წოდებულნ,

სურთ რა ორ ქვეყანას შორის მეგობრული კავშირებისა და თანამშრომლობის გაძლიერება,

აცნობიერებენ რა, თავიანთი ქვეყნის დიპლომატიური, სპეციალური ან სამსახურებრივი პასპორტების მფლობელი მოქალაქეებისათვის მგზავრობის გამარტივების აუცილებლობას,

შეთანხმდნენ შემდეგზე:

 


მუხლი 1

წინამდებარე შეთანხმების დებულებები ვრცელდება თითოეული მხარის მოქალაქეებზე, რომლებიც ფლობენ ნებისმიერ ჩამოთვლილ პასპორტებს:

1. საქართველოს მთავრობის მოქმედი დიპლომატიური ან სამსახურებრივი პასპორტები.

2. ომანის სასულთნოს მთავრობის მოქმედი დიპლომატიური, სპეციალური ან  სამსახურებრივი პასპორტები.

მუხლი 2

თითოეული მხარის სახელმწიფოს მოქალაქეებს, რომლებიც ფლობენ პირველ მუხლში აღნიშნულ ნებისმიერ პასპორტს, შეუძლიათ ვიზის მოთხოვნის გარეშე შევიდნენ, დარჩნენ, დატოვონ და ტრანზიტით გაიარონ მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორია არაუმეტეს  ოთხმოცდაათი (90) დღისა ნებისმიერ ას ოთხმოც (180)-დღიან პერიოდში.

მუხლი 3

თითოეული მხარის სახელმწიფოს მოქალაქეებმა, რომლებიც ფლობენ პირველ მუხლში აღნიშნულ ნებისმიერ პასპორტს, მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე ყოფნის პერიოდში არ უნდა  განახორციელონ რაიმე სახის ანაზღაურებადი საქმიანობა, რომელიც მოითხოვს მუშაობის ნებართვას.

მუხლი 4

თითოეული მხარის სახელმწიფოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ პირველ მუხლში აღნიშნულ ნებისმიერ პასპორტს, მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე ყოფნის პერიოდში ვალდებულნი არიან დაიცვან მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა.

მუხლი 5

თითოეული მხარის სახელმწიფოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ პირველ მუხლში აღნიშნულ ნებისმიერ პასპორტს, შედიან, იმყოფებიან, გადიან და ტრანზიტით გაივლიან მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიას საერთაშორისო მიმოსვლისთვის ნებადართული ნებისმიერი სასაზღვრო გამტარი პუნქტის გავლით, მეორე მხარის რეგულაციების შესაბამისად.

მუხლი 6

1. თითოეული მხარის სახელმწიფოს მოქმედი დიპლომატიური, სპეციალური ან სამსახურებრივი პასპორტების მფლობელ მოქალაქეებს, რომლებიც მივლინებულნი არიან მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე განთავსებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებში, საკონსულო დაწესებულებებსა ან საერთაშორისო ორგანიზაციებში სამუშაოდ, მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე პირველადი შესვლისათვის მოეთხოვებათ ვიზა.

2. ამ მუხლის (1) პუნქტის დებულებები ვრცელდება აღნიშნულ პირთა ოჯახის წევრებზე, ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ქვეშ მყოფ პირებზე, რომლებიც ფლობენ მოქმედ დიპლომატიურ, სპეციალურ ან სამსახურებრივ პასპორტებს.

3. (1) და (2) პუნქტებში მითითებული პირები ვალდებულნი არიან შესვლიდან ოცდაათი (30) დღის განმავლობაში გაიარონ შესაბამისი აკრედიტაცია.

4. თითოეული მხარე ვალდებულია (1) და (2) პუნქტებში მითითებულ პირებზე გასცეს შესაბამისი აკრედიტაცია შესვლის დღიდან ოცდაათი (30) დღის განმავლობაში.

მუხლი 7

წინამდებარე შეთანხმება არ ზღუდავს არცერთი მხარის კომპეტენტური უწყებების  უფლებას უარი უთხრას თავისი სახელმწიფოს ტერიტორიაზე შესვლაზე მეორე მხარის სახელმწიფოს მოქალაქეებს, რომლებიც ფლობენ პირველ მუხლში აღნიშნულ ნებისმიერ პასპორტს, შეამციროს ან შეწყვიტოს მათი ყოფნის ვადა, სადაც განსახილველი მოქალაქეები მიიჩნევიან persona non grata - დ ან სადაც შესაძლოა მათ საფრთხე შეუქმნან სახელმწიფო უსაფრთხოებას, საზოგადოებრივ წესრიგს ან საზოგადოებრივ ჯანდაცვას, ან მათი ყოფნა ამ სახელმწიფოს ტერიტორიაზე არის არალეგალური.

მუხლი 8

1. თითოეული მხარის სახელმწიფოს მოქალაქის მიერ პირველ მუხლში აღნიშნული ნებისმიერი პასპორტის მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე დაკარგვის, მოპარვის, დაზიანების ან ვადის გასვლის შემთხვევაში, პასპორტის მფლობელი პირის დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება უზრუნველყოფს მას დოკუმენტებით, რომლებიც საშუალებას მისცემს დაბრუნდეს მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე, რომლის მოქალაქეც ის არის.

2. აღნიშნულმა დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ ან საკონსულო დაწესებულებამ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს მეორე მხარის კომპეტენტურ ორგანოებს ასეთი შემთხვევების შესახებ, დიპლომატიური არხების საშუალებით.

მუხლი 9

1. მხარეები, დიპლომატიური არხების საშუალებით, გაცვლიან პირველ მუხლში აღნიშნულ პასპორტების  ნიმუშებს, წინამდებარე შეთანხმების ხელმოწერის თარიღიდან ოცდაათი (30) დღის განმავლობაში.

2. (1) პუნქტში აღნიშნულ თითოეული მხარის პასპორტებში ნებისმიერი ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში, მხარემ, რომლის პასპორტებშიც განხორციელდა ცვლილება, უნდა მიაწოდოს მეორე მხარეს შეცვლილი პასპორტების ნიმუშები, დიპლომატიური არხების საშუალებით, ამ ცვლილებების ძალაში შესვლამდე ოცდაათი (30) დღით ადრე.

მუხლი 10

ამ შეთანხმებაში, მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები, რომლებიც გაფორმდება ცალკე დოკუმენტის სახით და ძალაში შევა ამ შეთანხმების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად. აღნიშნული სახით მიღებული დოკუმენტები წარმოადგენენ ამ  შეთანხმების განუყოფელ ნაწილს.

მუხლი 11

წინამდებარე  შეთანხმება  არ ათავისუფლებს მხარეებს ნებისმიერი  ორმხრივი შეთანხმებების საფუძველზე  ნაკისრი ვალდებულებებისგან.

მუხლი 12

1. მხარეებმა  წინამდებარე შეთანხმება უნდა განახორციელონ ორივე ქვეყანაში მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად.

2. იმ შემთხვევაში, თუ მხარეთა შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა აწესებს ამ შეთანხმებაზე უკეთეს პირობებს, გამოიყენება შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის ნორმები.

მუხლი 13

მხარეები გადაწყვეტენ ნებისმიერ დავას, რომელიც წარმოიშობა წინამდებარე შეთანხმების დებულებების განხორციელებასა ან ინტერპრეტაციასთან   დაკავშირებით, კონსულტაციებისა და/ან მოლაპარაკებების გზით, დიპლომატიური არხების მეშვეობით.

მუხლი 14

1. თითოეულ მხარეს შეუძლია დროებით შეაჩეროს წინამდებარე შეთანხმების მოქმედება, მთლიანად ან ნაწილობრივ, სახელმწიფო უსაფრთხოების, საზოგადოებრივი წესრიგის ან საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიზეზების გამო, ან თუ აშკარად ირღვევა შეთანხმებით გათვალისწინებული უფლებები.

2. მხარემ, რომელსაც სურს შეაჩეროს შეთანხმების მოქმედება, უნდა აცნობოს მეორე მხარეს ამ შეჩერებისა და მისი მიზეზების შესახებ წერილობით, დიპლომატიური არხების მეშვეობით, ამ შეჩერების ძალაში შესვლამდე სულ მცირე შვიდი (7) დღით ადრე, და ასევე უნდა აცნობოს მეორე მხარეს ამ შეჩერების დასრულების შესახებ წერილობით, დიპლომატიური არხების მეშვეობით, ამ შეჩერების დასრულებამდე სულ მცირე შვიდი (7) დღით ადრე.

3. წინამდებარე შეთანხმების მოქმედების შეჩერება გავლენას არ ახდენს  მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე მყოფი თითოეული მხარის სახელმწიფოს მოქალაქეების კანონიერ სტატუსზე, რომლებიც ფლობენ პირველ მუხლში აღნიშნულ ნებისმიერ პასპორტს.

მუხლი 15

1. წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის მხარეთა მიერ  შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღებიდან ოცდაათი (30) დღის შემდეგ.

2. წინამდებარე შეთანხმება ძალაშია განუსაზღვრელი ვადით. თითოეულ მხარეს შეუძლია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს შეთანხმების მოქმედება, დიპლომატიური არხების მეშვეობით, მეორე მხარისათვის წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით და წინამდებარე შეთანხმება მოქმედებას შეწყვეტს მეორე მხარის მიერ ასეთი შეტყობინების მიღებიდან ოცდაათი (30) დღის  შემდეგ.

შესრულებულია ქ.მასკატში, 2021 წლის 18 თებერვალს, ორ დედნად, თითოეული ქართულ, არაბულ და ინგლისურ ენებზე, ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია, და შეუსაბამობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.

 

საქართველოს მთავრობის სახელით 

(ხელმოწერილია)   

ომანის სასულთნოს

მთავრობის სახელით

(ხელმოწერილია)