საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 528-IVმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 28/05/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/05/2021
სარეგისტრაციო კოდი 010190030.06.001.016074
528-IVმს-Xმპ
28/05/2021
ვებგვერდი, 28/05/2021
010190030.06.001.016074
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

 

 

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 14.12.2018, სარეგისტრაციო კოდი: 010190030.06.001.016054) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 228-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11−15 პუნქტები:

„11. 2024 წლის არჩევნებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრს უფლება აქვს, სხვა პოლიტიკური პარტიის/პოლიტიკური პარტიების ან საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრთან/პარლამენტის წევრებთან ერთად შექმნას ფრაქცია ან გაერთიანდეს სხვა პოლიტიკური პარტიის/პოლიტიკური პარტიების ან საარჩევნო ბლოკის მიერ შექმნილ ფრაქციაში, თუ მან დატოვა საარჩევნო ბლოკში შემავალი შესაბამისი პოლიტიკური პარტიის წევრობა. ამ შემთხვევაში იმავე საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეულ სხვა პარლამენტის წევრებს უფლება აქვთ, რეგლამენტის შესაბამისად შექმნან სხვა ფრაქცია.

12. 2024 წლის არჩევნებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრს უფლება აქვს, სხვა პოლიტიკური პარტიის/პოლიტიკური პარტიების ან საარჩევნო ბლოკის/საარჩევნო ბლოკების წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრთან/პარლამენტის წევრებთან ერთად შექმნას ფრაქცია ან გაერთიანდეს სხვა პოლიტიკური პარტიის/პოლიტიკური პარტიების ან საარჩევნო ბლოკის/საარჩევნო ბლოკების მიერ შექმნილ ფრაქციაში, თუ იგი პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილი იყო, როგორც პარლამენტის წევრობის უპარტიო კანდიდატი. ამ შემთხვევაში იმავე პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეულ სხვა პარლამენტის წევრებს უფლება აქვთ, რეგლამენტის შესაბამისად შექმნან სხვა ფრაქცია.

13. 2024 წლის არჩევნებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრს უფლება აქვს, სხვა პოლიტიკური პარტიის/პოლიტიკური პარტიების ან საარჩევნო ბლოკის/საარჩევნო ბლოკების წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრთან/პარლამენტის წევრებთან ერთად შექმნას ფრაქცია ან გაერთიანდეს სხვა პოლიტიკური პარტიის/პოლიტიკური პარტიების ან საარჩევნო ბლოკის/საარჩევნო ბლოკების მიერ შექმნილ ფრაქციაში, თუ საარჩევნო ბლოკში შემავალმა შესაბამისმა პოლიტიკურმა პარტიამ დატოვა საარჩევნო ბლოკი. ამ შემთხვევაში იმავე საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეულ სხვა პარლამენტის წევრებს უფლება აქვთ, რეგლამენტის შესაბამისად შექმნან სხვა ფრაქცია.

14. 2024 წლის არჩევნებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე, თუ ფრაქცია არ აკმაყოფილებს რეგლამენტის  48-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 49-ე მუხლის პირველი–მე-3 პუნქტებისა და ამ მუხლის პირველი−1პუნქტების მოთხოვნებს, მას რეგისტრაციაზე უარი ეთქმება. ფრაქციას, რომელსაც რეგისტრაციაზე უარი ეთქვა, უფლება აქვს, პარლამენტის ბიუროს შესაბამისი გადაწყვეტილების მართლზომიერების საკითხი დასვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

15. 2024 წლის არჩევნებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე ფრაქციის თავმჯდომარეს შეიძლება ჰყავდეს ფრაქციის ყოველ 10 წევრზე არაუმეტეს ერთი მოადგილისა. თუ ფრაქციის თავმჯდომარეს ერთზე მეტი მოადგილე ჰყავს, ერთ-ერთ მათგანს შეიძლება მიენიჭოს ფრაქციის თავმჯდომარის პირველი მოადგილის სტატუსი.“.

2. რეგლამენტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2281 მუხლი:

„მუხლი 2281. 2024 წლის არჩევნებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის შექმნა, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის უფლებები და საქმიანობის წესი

1. 2024 წლის არჩევნებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ არანაკლებ 4 პარლამენტის წევრს შეუძლია შექმნას საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი (შემდგომ − პოლიტიკური ჯგუფი).

2. პოლიტიკური ჯგუფი იქმნება ფრაქციის შექმნისთვის რეგლამენტით დადგენილი წესით. პოლიტიკური ჯგუფი უქმდება ფრაქციის გაუქმებისთვის რეგლამენტით დადგენილი წესით იმ შემთხვევაში, თუ პოლიტიკური ჯგუფის შემადგენლობაში 4 პარლამენტის წევრზე ნაკლები დარჩა. პარლამენტის წევრის პოლიტიკურ ჯგუფში გაერთიანება და პოლიტიკური ჯგუფის წევრის პოლიტიკური ჯგუფიდან გასვლა ან გარიცხვა ხდება, შესაბამისად, პარლამენტის წევრის ფრაქციაში გაერთიანებისა და ფრაქციის წევრის ფრაქციიდან გასვლისთვის ან გარიცხვისთვის რეგლამენტით დადგენილი წესებით.

3. პოლიტიკური ჯგუფი სარგებლობს იმავე უფლებებით, რომლებიც აქვს ფრაქციას, გარდა საქართველოს კონსტიტუციით ფრაქციისთვის განსაზღვრული უფლებებისა. პოლიტიკური ჯგუფის საქმიანობაზე ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობის ის ნორმები, რომლებითაც წესრიგდება ფრაქციის საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები (მათ შორის, რეგლამენტის 54-ე მუხლი), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნული ნორმები იმავდროულად კონსტიტუციური ნორმებია. პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარეს უფლება აქვს, სათათბირო ხმის უფლებით დაესწროს პარლამენტის ბიუროს სხდომას.

4. პოლიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელია პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარე. პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარე არის პარლამენტის თანამდებობის პირი და სარგებლობს იმავე უფლებებით, რომლებიც აქვს ფრაქციის თავმჯდომარეს (მათ შორის, რეგლამენტის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით), გარდა საქართველოს კონსტიტუციით ფრაქციის თავმჯდომარისთვის განსაზღვრული უფლებებისა. პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარეს უფლება არა აქვს, ეკავოს სხვა საპარლამენტო თანამდებობა. პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარეს უფლება აქვს, არ იყოს პარლამენტის კომიტეტის წევრი. პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარეს არ შეიძლება ჰყავდეს პირველი მოადგილე და მოადგილე.

5. 2024 წლის არჩევნებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრებს უფლება არა აქვთ, შექმნან ერთზე მეტი პოლიტიკური ჯგუფი. ამასთანავე, ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრებს უფლება არა აქვთ, შექმნან პოლიტიკური ჯგუფი, თუ იმავე პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრებს შექმნილი აქვთ ფრაქცია.

6. 2024 წლის არჩევნებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე პარლამენტის წევრი შეიძლება გაერთიანდეს მხოლოდ ერთ პოლიტიკურ ჯგუფში. ამასთანავე, პოლიტიკური ჯგუფის წევრი არ შეიძლება იმავდროულად იყოს ფრაქციის წევრი.

7. 2024 წლის არჩევნებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე, თუ პოლიტიკური ჯგუფი არ აკმაყოფილებს რეგლამენტის 48-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 49-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და ამ  მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების მოთხოვნებს, მას რეგისტრაციაზე უარი ეთქმება. პოლიტიკურ ჯგუფს, რომელსაც რეგისტრაციაზე უარი ეთქვა, უფლება აქვს, პარლამენტის ბიუროს შესაბამისი გადაწყვეტილების მართლზომიერების საკითხი დასვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

8. 2024 წლის არჩევნებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე პარლამენტის წევრი, რომელიც არ არის გაერთიანებული ფრაქციაში ან პოლიტიკურ ჯგუფში, იწოდება უფრაქციო პარლამენტის წევრად.“.

მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეკახაბერ კუჭავა

 

 

თბილისი,

28 მაისი 2021 წ.

N528-IVმს-Xმპ