“დებულების “სახელმწიფო ტყისა (ფართობის) და სახელმწიფო ტყის ფონდის მიწების სამეურნეო მიზნით გამოყოფისა და ტყით მოსარგებლისათვის გადაცემის შესახებ” დამტკიცების თაობაზე”

  • Word
“დებულების “სახელმწიფო ტყისა (ფართობის) და სახელმწიფო ტყის ფონდის მიწების სამეურნეო მიზნით გამოყოფისა და ტყით მოსარგებლისათვის გადაცემის შესახებ” დამტკიცების თაობაზე”
დოკუმენტის ნომერი 10/64
დოკუმენტის მიმღები სატყეო მეურნეობის დეპარტამენტი
მიღების თარიღი 29/09/2000
დოკუმენტის ტიპი აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელის ბრძანება და ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 93, 13/10/2000
სარეგისტრაციო კოდი 390.013.004.462
  • Word
10/64
29/09/2000
სსმ, 93, 13/10/2000
390.013.004.462
“დებულების “სახელმწიფო ტყისა (ფართობის) და სახელმწიფო ტყის ფონდის მიწების სამეურნეო მიზნით გამოყოფისა და ტყით მოსარგებლისათვის გადაცემის შესახებ” დამტკიცების თაობაზე”
სატყეო მეურნეობის დეპარტამენტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი  390.013.004.462

საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის

ბრძანება №10/64

2000 წლის 29 სექტემბერი

ქ. თბილისი

დებულების “სახელმწიფო ტყისა (ფართობის) და სახელმწიფო ტყის ფონდის მიწების სამეურნეო მიზნით გამოყოფისა და ტყით მოსარგებლისათვის გადაცემის შესახებ” დამტკიცების თაობაზე

საქართველოს კანონის “საქართველოს ტყის კოდექსის შესახებ” (მიღებულია 1999 წლის 22 ივნისს №2124-II-ს) ოცდამეთხუთმეტე თავის 116-ე მუხლის დ.პ) ქვეპუნქტის მოთხოვნათა შესრულების უზრუნველსაყოფად ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს დაცული ტერიტორიების, ნაკრძალებისა და სამონადირეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტთან შეთანხმებული დებულება “სახელმწიფო ტყისა (ფართობის) და სახელმწიფო ტყის ფონდის მიწების სამეურნეო მიზნით გამოყოფისა და ტყით მოსარგებლისათვის გადაცემის შესახებ”.

2. დაევალოს ტყეთმოწყობისა და ტყითსარგებლობის სამმართველოს (ბატონ ი. ბაბუხადია) უზრუნველყოს აღნიშნული ბრძანების საქართველოს იუსტიციის სამინისტროში რეგისტრაცია და გამოქვეყნება “საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში” დადგენილი წესის შესაბამისად.

გ. ჯაფარიძე

დებულება სახელმწიფო ტყისა (ფართობის) და სახელმწიფო ტყის ფონდის მიწების სამეურნეო მიზნით გამოყოფისა და ტყით მოსარგებლისათვის გადაცემის შესახებ

1. დებულება “სახელმწიფო ტყისა (ფართობის) და სახელმწიფო ტყის ფონდის მიწების სამეურნეო მიზნით გამოყოფისა და ტყით მოსარგებლისათვის გადაცემის შესახებ” ეფუძნება საქართველოს კანონის “საქართველოს ტყის კოდექსის შესახებ” (მიღებულია 1999 წლის 22 ივნისს №2124-II-ს) ოცდამეთხუთმეტე თავის 116-ე მუხლის დ.პ.) ქვეპუნქტს და საქართველოს კანონმდებლობას.

2. სახელმწიფო ტყისა და სახელმწიფო ტყის ფონდის მიწების სამეურნეო მიზნით გამოყოფა გულისხმობს სახელმწიფო ტყის ფართობისა და სახელმწიფო ტყის ფონდის მიწების კონკრეტული ვადით სანერგეების მოწყობის, ტყის კულტურების, ბაღებისა და პლანტაციების გაშენების, სატყეო-სამეურნეო გზების მშენებლობისა და სხვა სამეურნეო მიზნით გამოყოფას.

3. სახელმწიფო ტყისა და სახელმწიფო ტყის ფონდის მიწების სამეურნეო მიზნით გამოყოფა ხდება 20 წლამდე ვადით “საქართველოს სამოქალაქო კოდექსით” და სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი ფორმითა და წესით ტყეთმოწყობისა და სპეციალური გამოკვლევების საფუძველზე, ან არსებული სიტუაციიდან გამომდინარე.

4. ტყეთმოწყობისა და სპეციალური გამოკვლევებით სახელმწიფო ტყისა და სახელმწიფო ტყის ფონდის მიწების სამეურნეო მიზნით გამოყოფა ხდება ტყეთმოწყობითა და შესაბამისი გამოკვლევებით დაგეგმილი მოცულობით, საშუალებებითა და პროცედურით.

5. სახელმწიფო ტყისა და სახელმწიფო ტყის ფონდის მიწების სამეურნეო მიზნით გამოყოფისათვის სპეციალური გამოკვლევების აუცილებლობა შესაძლოა გამოწვეული იქნას:

ა) ეკოლოგიური და გარემოსდაცვითი მოთხოვნებით;

ბ) სოციალური პირობებით;

გ) ეროვნულ-ტრადიციული, კულტურული და რეკრეაციული მიზნებისათვის;

დ) ტყით სარგებლობასთან (გარდა რესურსებით სარგებლობისა) დაკავშირებით;

ე) ტყეთმოწყობით გაუთვალისწინებული აუცილებელი ღონისსძიებების განსახორციელებლად;

ვ) ტყით სარგებლობის ტექნოლოგიური სრულყოფის, ტექნიკური პარამეტრების გაუმჯობესების, დაგეგმვის ოპტიმიზაციისა და სხვა ეკონომიკური ფაქტორებით;

ზ) სტიქიური მოვლენების (ზვავი, მეწყერი, ეროზია, წყალდიდობა, თოვლისგან და ქარისგან ტყის დაზიანება, ხანძარი, მავნებელ–დაავადებათა გავრცელება) შედეგების ლიკვიდაციის მიზნით;

6. სახელმწიფო ტყისა და სახელმწიფო ტყის ფონდის მიწების სამეურნეო მიზნით გამოყოფის თაობაზე ტყეთმოწყობის და სპეციალური გამოკვლევის მასალები უნდა ემყარებოდეს სატყეო დარგისა და გარემოსდაცვით კანონმდებლობას და უნდა შეიცავდეს მონაცემებს:

ა) გამოსაყოფი ტერიტორიის მდებარეობის შესახებ;

ბ) გამოსაყოფი ტერიტორიის ფართობისა და კონფიგურაციის (კონტურის) შესახებ;

გ) გამოსაყოფი ტერიტორიის არსებული და შემდგომი დანიშნულების შესახებ;

დ) გამოსაყოფი ტერიტორიის ექსპლოატაციის აუცილებელი პირობებისა და რეკომენდაციების შესახებ;

ე) სხვა.

7. სახელმწიფო ტყისა და სახელმწიფო ტყის ფონდის მიწების სამეურნეო მიზნით გამოყოფის განხორციელება ხდება თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში სატყეო მეურნეობის ან დაცული ტერიტორიების, ნაკრძალებისა და სამონადირეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის, ან მასთან შეთანხმებით ამ მიწების მართვაზე უშუალოდ პასუხისმგებელი ორგანოს მიერ დამტკიცებული სათანადო პროექტის შესაბამისად, რომელიც ამავე დროს წარმოადგენს ამ ტერიტორიის გამოყოფის მიზანშეწონილობის დამადასტურებელ დოკუმენტს.

8. სახელმწიფო ტყისა და სახელმწიფო ტყის ფონდის მიწების სამეურნეო მიზნით გამოყოფას ახორციელებს სატყეო მეურნეობის მთავარი მეტყევე (მეურენობის ინჟინერი, უბნის უფროსი), რომელმაც უნდა დაადასტუროს დასახულ მიზნებთან პროექტის შესაბამისობა, ხოლო მათი შეუსაბამობის შემთხვევაში შეადგინოს სათანადო მოტივირებული დოკუმენტი.

9. არსებული სიტუაციიდან გამომდინარე ადგილობრივი ტყისა და ადგილობრივი ტყის ფონდის მიწების სამეურნეო მიზნით ფართობს გამოყოფენ ადგილობრივი თვითმმართვე-ლობისა და მმართველობის ორგანოები მათ მიერვე დამტკიცებული სათანადო პროექტის საფუძველზე.

10. სახელმწიფო ტყისა (მ. შ. ადგილობრივი) და სახელმწიფო ტყის ფონდის (მ. შ. ადგილობრივი) მიწების სამეურნეო მიზნით გამოყოფილ ტერიტორიებზე ნებადართული საქმიანობის განხორციელება ხდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

11. სამეურნეო მიზნით გამოყოფილი სახელმწიფო ტყისა (მ. შ. ადგილობრივი) და სახელმწიფო ტყის ფონდის (მ. შ. ადგილობრივი) მიწების სხვა კატეგორიაში გადაყვანა შესაძლოა განხორციელდეს გამოყოფის მიზნებიდან და ვადებიდან გამომდინარე.

12. სახელმწიფო ტყისა (მ. შ. ადგილობრივი) და სახელმწიფო ტყის ფონდის (მ. შ. ადგილობრივი) მიწების სამეურნეო მიზნით გამოყოფის შემთხვევაში სათანადო ცვლილებები უნდა აისახოს ტყის ფონდის აღრიცხვის შესაბამის დოკუმენტაციაში.